განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 10.10.2018
საქმის ნომერი
330210014663471
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ნასყიდობა, გაცვლა, ჩუქება
თარიღი
10.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210014663471

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

10 ოქტომბერი 2018 წელი თბილისი

საქმე №2ბ/2984-17

 

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე : დიანა ბერეკაშვილი

მოსამართლეები: ქეთევან დუგლაძე, ვანო წიკლაური

სხდომის მდივანი: ნათია ხოლოაშვილი

 

აპელანტი (მოსარჩელე) – ვ-–- ხ-------ი

წარმომადგენელი - ნ------------; ე------------------–---–-

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) -- ზ---- ყ------ი

წარმომადგენელი - გ--------–-----–--

 

დავის საგანი -- ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, თანხის დაკისრება, ზიანის ანაზღაურება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებით ახალი გადაწყვეტილების მიღება, რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. 2011 წლის 09 ივნისს ვ-–- ხ-------სა და ზ---- ყ------ს შორის გაფორმდა სანოტარო წესით დამოწმებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით, რომლის თანახმად, ხელშეკრულების საგანია გამყიდველის საკუთრებაში არსებული არასაცხოვრებელი ფართი 90.60 კვ.მ, მდებარე, ქ. თბილისში, პ------–---–----–-- სკოლასა და შ--------ს ქუჩას შორის, (ნაკვეთი 0------), კომერციული საოფისე ფართი №3 (მშენებარე), სადარბაზო 1, დუპლექსი I და II სართული. ნასყიდობის ღირებულება განისაზღვრა 78 000 აშშ დოლარით.

 

2. ნასყიდობის ხელშეკრულების მე-8 მუხლის 8.1. პუნქტის მიხედვით, გამოსყიდვის ბოლო ვადაა 2011 წლის 08 დეკემბერი. გამოსყიდვის უფლების განხორციელება დამოკიდებულია გამყიდველის ნებაზე მითითებული ფასითა და მითითებულ ვადაში. გამოსყიდვის ვადა შეიძლება გაგრძელდეს მხარეთა წერილობითი შეთანხმებით.

 

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 19 ნოემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა ვ-–- ხ-------ის სარჩელი, რომლითაც ის ითხოვდა განსახილველ სარჩელზე სადავო 2011 წლის 09 ივნისის ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ნასყიდობის საგნის საკუთრებაში გადაცემას უძრავი ქონების უკან გამოსყიდვისათვის 78 000 აშშ დოლარის გადახდის გამო.

 

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებით დადგენილია მხარეებს შორის სანოტარო წესის დაცვით 2011 წლის 09 ივნისის ხელშეკრულების დადებისა და მყიდველის ზ---- ყ------ის მიერ ნასყიდობის საგნის ღირებულების 78 000 აშშ დოლარის გადახდის ფაქტები.

 

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 16 აპრილის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ასევე არ დაკმაყოფილდა ვ-–- ხ-------ის სარჩელი, ამავე 2011 წლის 09 ივნისის ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ. ამ შემთხვევაში, მოსარჩელე სადავო გარიგების ბათილად ცნობის საფუძვლად მიუთითებდა გარიგების თვალთმაქცურობაზე. სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად სასამართლომ მიუთითა, იმ გარემოებაზე, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით უკვე განსაზღვრული იყო მხარეთა შორის არსებული სამართლებრივი ურთიერთობა.

 

მოსარჩელის მოთხოვნა

 

6. ვ-–- ხ-------მა სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში ზ---- ყ------ის მიმართ და მოითხოვა 2011 წლის 09 ივნისს ვ-–- ხ-------სა და ზ---- ყ------ს შორის, ქ. თბილისში, პ------–---–----–-- სკოლასა და შ--------ს ქუჩებს შორის №0----- ნაკვეთზე მდებარე კომერციული საოფისე ფართზე 90.60 კვ.მ. გამოსყიდვის უფლებით დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა. მოპასუხე ზ---- ყ------ისათვის მოსარჩელე ვ-–- ხ-------ის სასარგებლოდ 400 000 აშშ დოლარის გადახდის დაკისრება. მოპასუხე ზ---- ყ------ისათვის მოსარჩელე ვ-–- ხ-------ის სასარგებლოდ 2011 წლის 09 ივნისიდან 400 000 აშშ დოლარის გადახდამდე ყოველთვიურად 5000 აშშ დოლარის გადახდის დაკისრება.

 

სარჩელის საფუძვლები:

 

9. მოსარჩელის განმარტებით, 2011 წლის 09 ივნისს დაიდო სანოტარო წესით დამოწმებული ნასყიდობის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით, რომლის თანახმად, ვ-–- ხ-------მა მისი კუთვნილი უძრავი ქონება, მდებარე, ქ. თბილისში, №1---–----–-- სკოლასა და შ--------ს ქუჩებს შორის მდებარე კორპუსში დუპლექსი პირველი და მეორე სართული კომერციული ფართი 90.60 კ.ვმ. საკუთრების უფლებით გადასცა ზ---- ყ------ს. ნასყიდობის ფასი განისაზღვრა 78 000 აშშ დოლარად. ხელშეკრულებაზე არ არის გამყიდველის ვ-–- ხ-------ის ხელმოწერა, მისი სახელით ხელმოწერა შესრულებულია სხვა პირის მიერ. ამასთან, სადავო ხელშეკრულების გაფორმებისას, მას არ შეეძლო შეეგნო თავისი მოქმედების მნიშვნელობა და განეგო იგი. მოსარჩელის განმარტებით მათ ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფულადი თანხა არც ერთი თეთრი არ მიუღიათ, ხოლო უძრავი ქონების საბაზრო ღირებულებაა 400 000 აშშ დოლარი.

 

მოპასუხის შესაგებელი:

 

10. მოპასუხემ წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით არ ცნო სარჩელის მოთხოვნა. მოპასუხემ უარყო ხელშეკრულებაზე ვ-–- ხ-------ის ხელმოწერის არარსებობის ფაქტი და განმარტა, რომ სადავო ნასყიდობის ხელშეკრულება სანოტარო ბიუროში გაფორმდა, ნოტარიუსმა ხელშეკრულებაზე ხელმომწერი პირების ვინაობა დაადგინა პირადობის მოწმობების საფუძველზე, ხელშეკრულებაზე მხარეებმა ხელი მოაწერეს ნოტარიუსის თანდასწრებით. ამასთან, სადავო ნასყიდობის ხელშეკრულებასთან დაკავშირებით, მხარეებს შორის 2012 წლიდან მიმდინარეობდა დავები და ამ სარჩელების განხილვისას მოსარჩელეს სადავოდ არ გაუხდია ხელშეკრულების ნადვილობა. თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილია, არამარტო სადავო ნასყიდობის ხელშეკრულების ნამდვილობა, არამედ ამ ხელშეკრულების საფუძველზე, მყიდველისაგან ნასყიდობის საფასურის მიღების ფაქტიც.

 

10.1. მოპასუხემ სადავოდ გახადა სადავო გარიგების დადებისას გამყიდველის ქმედუუნარობის ფაქტი და განმარტა, რომ 2007 წლიდან ვ-–- ხ-------ის მიერ არაერთი გარიგება დაიდო, 2010 წლის 22 მარტის ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე, ის უძრავი ქონების მესაკუთრე გახდა. 2011 წლის 28 თებერვალს მოსარჩელემ კიდევ ერთი გარიგება დადო, რომლის თანახმად, კონკრეტული პირებისაგან მან სესხის სახით მიიღო თანხა. სადავო ნასყიდობის ხელშეკრულების საგანი სადავო ხელშეკრულების გაფორმების დროისათვის ორი სხვადასხვა სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების უზრუნველსაყოფად დატვირთული იყო იპოთეკით. 2011 წლის 09 ივნისის ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, ვ-–- ხ-------მა შეასრულა 2009 წლის 16 ნოემბრისა და 2011 წლის 28 თებერვლის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულებები და იმავე დღეს მიმართ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა იპოთეკის უფლების რეგისტრაციის შეწყვეტა. 2012 წლის 09 ივლისს მოსარჩელე დებს დავალების ხელშეკრულებას და მინდობილობით წარმომადგენლობის უფლებამოსილებას ანიჭებს ს------ ხ-------ს. 2012 წლის 27 დეკემბერს მხარეებმა ერთობლივი განცხადებით მიმართეს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და 2011 წლის 09 ივნისის ხელშეკრულებით გათვალისწინებული გამოსყიდვის ვადა 2011 წლის 08 დეკემბრიდან გააგრძელეს 2012 წლის 11 მაისამდე. აღნიშნული გარემოებები ადასტურებს, რომ ვ-–- ხ-------ი სადავო გარიგების დადებამდე და მის შემდეგად დებდა სხვადასხვა გარიგებებს, რომლებიც სხვადასხვა ნოტარიუსების მიერ მოწმდებოდა, რომლებსაც მის ქმედუნარიანობაში ეჭვი არ შეუტანიათ.

 

11. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა ვ-–- ხ-------ის სარჩელი.

 

11.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის მიხედვით, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ.

 

ამავე კოდექსის 54-ე მუხლის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს.

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს ვ-–- ხ-------სა და ზ---- ყ------ს შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის საფუძველი.

 

11.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის ”ა” ქვეპუნქტის მიხედვით, პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ: ა. ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში;

 

ამავე კოდექსის 979-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, უკან დაბრუნების მოთხოვნა ვრცელდება შეძენილზე, მიღებულ სარგებელზე, ასევე სხვა ყველაფერზე, რაც მიმღებმა შეიძინა მიღებული საგნის განადგურების, დაზიანების ან ჩამორთმევის სანაცვლო ანაზღაურების სახით. თუ უკან დაბრუნება შეუძლებელია გადაცემული საგნის მდგომარეობის გამო ან, თუ მიმღებს რაიმე მიზეზით არ შეუძლია საგნის უკან დაბრუნება, მაშინ მან უნდა აანაზღაუროს მისი საერთო ღირებულება. ღირებულება განისაზღვრება ანაზღაურების მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროის მიხედვით.

 

განსახილველ შემთხვევაში, რადგან სადავო ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილობის გარემოებები არ დგინდება, ნასყიდობის საგნის ღირებულების ანაზღაურების და ზიანის დაკისრების შესახებ მოთხოვნების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

 

12. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ და ითხოვა გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

 

13. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 11 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

 

14. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 11 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ვ-–- ხ-------მა.

 

15. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 2 აგვისტოს განჩინებით გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 11 დეკემბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს. საკასაციო პალატის განმარტებით, საქმის ხელახალი განხილვის დროს, სააპელაციო საჩივრის ფარგლებში უნდა დადგინდეს: 2011 წლის 9 ივნისის ხელშეკრულების დადების დროს, მოსარჩელის მიერ გამოვლენილი ნება იყო თუ არა ნამდვილი, ანუ შეეძლო თუ არა მას, რეალური ვითარება სწორად აღექვა და ეკონტროლებინა საკუთარი ქმედებები, შესაბამისად, ხომ არ არსებობდა სსკ-ის 58-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული გარიგების ბათილობის საფუძველი მისგან გამომდინარე სამართლებრივი შედეგებით. სასამართლომ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად უნდა გამოიკვლიოს საქმის გარემოებები და მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის სწორად განაწილებით უნდა გამოიტანოს შესაბამისი სამართლებრივი დასკვნები.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

16. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილეს ნაწილობრივ, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება და ვ-–- ხ-------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯ. საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30).

 

მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს 2011 წლის 09 ივნისს ვ-–- ხ-------სა და ზ---- ყ------ს შორის, ქ. თბილისში, პ------–---–----–-- სკოლასა და შ--------ს ქუჩებს შორის №0----- ნაკვეთზე მდებარე კომერციული საოფისე ფართზე 90.60 კვ.მ. გამოსყიდვის უფლებით დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა. მოპასუხე ზ---- ყ------ისათვის მოსარჩელე ვ-–- ხ-------ის სასარგებლოდ სადაო უძრავი ქონების ღირებულების 400 000 აშშ დოლარის გადახდის დაკისრება. მოპასუხე ზ---- ყ------ისათვის მოსარჩელე ვ-–- ხ-------ის სასარგებლოდ 2011 წლის 09 ივნისიდან 400 000 აშშ დოლარის გადახდამდე ყოველთვიურად 5000 აშშ დოლარის გადახდის დაკისრება. მოსარჩელის განმარტებით გამყიდველის მიერ გამოხატული ნება იყო ნაკლის მქონე, კერძოდ მას მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ შეეძლო შეეგნო თავისი მოქმედების მნიშვნელობა.

 

პალატა განმარტავს რომ მოსარჩელის მოთხოვნა ეფუძნება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე; 58-ე; 976-ე; 979-ე და 981-ე მუხლებს.

 

17. სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად, გარიგების ნამდვილობის ძირითად საფუძველს წარმოადგენს პირის მიერ ნების გამოვლენა, ამასთან, პირს გააზრებული უნდა ჰქონდეს, თუ რა შედეგი შეიძლება დადგეს მის მიერ ნების გამოვლენის შედეგად, ე.ი მას უნდა ჰქონდეს უნარი, თავისი ნებითა და მოქმედებით სრული მოცულობით შეიძინოს და განახორციელოს სამოქალაქო უფლებები და მოვალეობები. ნების გარეგნული გამოვლენა უნდა შეესაბამებოდეს პირის სურვილს მიაღწიოს, კონკრეტულ სამართლებრივ შედეგს. სამოქალაქო კოდექსის 58–ე მუხლი არეგულირებს გარიგების ბათილობისსაკითხს პირის ქმედუუნარობის ან ფსიქიკური აშლილობის გამო: ბათილია მცირეწლოვანის ან სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ აღიარებული პირის ნების გამოვლენა. ბათილად შეიძლება ჩაითვალოს ნების გამოვლენა ცნობიერების დაკარგვის ან დროებითი ფსიქიკური მოშლილობის დროს. ბათილია ნების გამოვლენა სულით ავადმყოფის მიერ, როცა ეს არ შეესაბამება რეალური ვითარების სწორად აღქმას, თუნდაც ის არ იყოს სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ აღიარებული. (2015 წლის 20 მარტის კანონის ამოქმედებამდე არსებული რედაქციით) ამდენად, კანონი ერთნაირ სამართლებრივ შედეგს, გარიგების ბათილობას უკავშირებს ქმედუუნაროდ ცნობილი და ფსიქიკურად დაავადებული იმ პირის მიერ ნების გამოვლენას, რომელსაც არ შესწევს უნარი რეალურად აღიქვას ვითარება. პალატას მიაჩნია რომ, მოცემული სადავო ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების მომენტისათვის გამყიდველს ვ-–- ხ-------ს არ ჰქონდა რეალური ვითარების სწორად აღქმის უნარი, არ შეეძლო გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი და ეხელმძღვანელა მისთვის, რაც 2011 წლის 09 ივნისის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის საფუძველია. სახელდობრ:

 

2011 წლის 09 ივნისს ვ-–- ხ-------სა და ზ---- ყ------ს შორის გაფორმდა სანოტარო წესით დამოწმებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით, რომლის თანახმად, ხელშეკრულების საგანია გამყიდველის საკუთრებაში არსებული არასაცხოვრებელი ფართი 90.60 კვ.მ, მდებარე, ქ. თბილისში, პ------–---–----–-- სკოლასა და შ--------ს ქუჩას შორის, (ნაკვეთი 0------), კომერციული საოფისე ფართი №3 (მშენებარე), სადარბაზო 1, დუპლექსი I და II სართული. ნასყიდობის ღირებულება განისაზღვრა 78 000 აშშ დოლარით.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2013 წლის 31 დეკემბრის გრაფიკული ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით 2011 წლის 9 ივნისით დათარიღებულ უძრავი ქონების ნასყიდობის 3 ცალ ხელშეკრულებაზე, გრაფებში: „გამყიდველი“ ვ-–- ხ-------ის გვარით არსებული ხელმოწერები შესრულებულია ვ-–- ხ-------ის მიერ. (ტომი I, ს.ფ. 232), ხოლო შპს „ფ----------------------–-------------------------------–----–-------ს“ 2013 წლის 24 მაისის ექსპერტიზის დასკვნის #---ის თანახმად ვ-–- ხ-------ს 2011 წლის 16 ივნისიდან აღენიშნებოდა მოტორული აგზნებები და ვერბალური აგრესიის ეპიზოდები. 07.12.2011 წელს ამბულატორულად მიმართეს შპს „ნ--------------–ს“, ხოლო 12.12.2011 წელს მიენიჭა მკვეთრად გამოხატული შშმ სტატუსი საერთო დაავადებით-უვადოდ. პრევენციის ცენტრის დასკვნის თანახმად დაავადების სპეციფიკიდან და დინამიკიდან გამომდინარე 2011 წლის 9 ივნისს ვ-–- ხ-------ს არ შეეძლო ანგარიში გაეწია და ეხელმძღვანელა თავისი ქმედებებისათვის. (ტომი I, ს.ფ. 169-172). თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 02 აპრილის გადაწყვეტილებით ვ-–- ხ-------ი აღიარებული იქნა ქმედუუნაროდ. (ტომი I, ს.ფ. 26)

 

სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი. აღნიშნული სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი ნაწილდება იმგვარად, რომ მოსარჩელსა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების მტკიცების ტვირთი, რომლის მტკიცება მათთვის უფრო მარტივი და ობიექტურად შესაძლებელია. სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალში მოქმედებს პრინციპი ,,affirmanti, non negate, incumbit probatio’’- ,,მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა იმას, ვინც უარყოფს’’. ამ დებულებიდან გამომდინარე, უნდა განისაზღვროს ვინ რა უნდა ამტკიცოს. ამასთან, მხარეებს შორის მტკიცების ტვირთის განაწილების, თითოეული მხარის მტკიცების საგანში არსებული გარემოებების განსაზღვრისას, გასათვალისიწნებელია სადავო სამართლებრივი ურთიერთობის შინაარსის თავისებურება. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

სასამართლო მოიხმობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლს და განმარტავს, რომ მტკიცებულებათა შეფასებას სასამართლო ახდენს ორი თვალსაზრისით, მათი სარწმუნოობის და არასარწმუნოობის თვალსაზრისით და იმის მიხედვით, თუ საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე რომელ ფაქტს ადასტურებს ეს მტკიცებულება. მტკიცებულებათა შეფასება მოსამართლის შინაგანი რწმენით არ ნიშნავს სრულიად უანგარიშგებო დასკვნების გაკეთების უფლებას. სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში უნდა მიუთითოს მოსაზრებაზე, რის გამოც მან ზოგიერთი მტკიცებულება ცნო უტყუარად, ხოლო სხვები სარწმუნოდ. მტკიცებულებათა შეფასება ხორციელდება შემდეგი პრინციპების დაცვით: 1. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით; 2. მტკიცებულებები ფასდება ყოველმხრივ, სრულად (სრული მოცულობით) და მიუკერძოებლად (ობიექტურად); 3. მტკიცებულებათა შეფასებაში სასამართლო თავისუფლება, მისი დამოუკიდებლობა ფაქტისა და უფლების შესახებ საკითხის გადაწყვეტაში უზრუნველყოფილია შემდეგი პრინციპით: არავითარ მტკიცებულებას სასამართლოსათვის არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ნებისმიერი მტკიცებულება სასამართლომ შეიძლება უარყოს და ან პირიქით, მიიღოს, თუ მტკიცებულების ობიექტური შინაარსი შეესაბამება საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. საპროცესო კანონმდებლობით თითოეულ მხარეს ევალება წარადგინოს საკუთარი პოზიციის გასამყარებლად ისეთი მტკიცებულებები, რომელიც მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტის შესატყვისად, აძლევს შესაძლებლობას, კონკრეტული გარემოება თუ ფაქტი დაადასტუროს. სასამართლო მტკიცებულებებს ერთობლივად აანალიზებს და მათი ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიდის დასკვნამდე მხარის მოსაზრების დასამტკიცებლად თითოეული მტკიცებულების ვარგისიანობისა და სამართლებრვი წონადობის თაობაზე. პალატა განმარტებით მტკიცებულებათა შეფასების დროს მხარეებს უფლება აქვთ, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მტკიცებულებების სარწმუნოობა. მათი უტყუარობისა თუ სიყალბის შესახებ მოსაზრებები შეიძლება გამოთქვან არა მარტო მხარეებმა, არამედ მესამე პირებმა, აგრეთვე, სპეციალისტებმა და ექსპერტებმა, თუ ისინი მონაწილეობენ პროცესში. საბოლოოდ კი, წარმოდგენილ მტკიცებულებებს აფასებს სასამართლო. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 162-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე ექსპერტის დასკვნა სპეციალური ცოდნით აღჭურვილი პირის მიერ მოკვლეული საკითხის ირგვლივ გაკეთებული შეფასებაა. ექსპერტის დასკვნის შეფასებისას (იმდენად, რამდენადაც დასკვნა სპეციალური ცოდნით აღჭურვილი პირის კომპეტენციას ეფუძნება), ყურადღება უნდა მიექცეს რამდენიმე გარემოებას, მათ შორის: გამოსაკვლევად მიწოდებულ მასალას, მის კვლევით ნაწილს, რადგან სწორედ კვლევითი ნაწილის შედეგი აისახება საბოლოო დასკვნაში“... იხ. საქმე #ას459 -438-15, 07.10.2015 წელი) შპს „ფ----------------------–-------------------------------–----–-------ს“ 2013 წლის 24 მაისის ექსპერტიზის დასკვნის #---ის თანახმად ვ-–- ხ-------ს 2011 წლის 16 ივნისიდან აღენიშნებოდა მოტორული აგზნებები და ვერბალური აგრესიის ეპიზოდები, იგი დაავადებულია ქრონიკული ფსიქიური დაავადებით Ds: ინტოქსიკაციის დროს განვითარებული დემენცია F-02.8. დაავადების სპეციფიკიდან და დინამიკიდან გამომდინარე 2011 წლის 9 ივნისს ვ-–- ხ-------ს არ შეეძლო ანგარიში გაეწია და ეხელმძღვანელა თავისი ქმედებებისათვის.

 

აღნიშნულის შესაბამისად, პალატა მიიჩნევს, რომ სახეზეა სსკ-ის 58-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული გარიგების ბათილობის წინაპირობები.

 

18. პალატას მიაჩნია რომ მიუხედავად სადაგო გარიგების ბათილობისა არ არსებობისა სარჩელის დაკმაყოფილების მატრიალურ-სამართლებრივი წინაპირობები, რადგან, მოსარჩელის ინტერესს, ანუ გარიგების ბათილობიდან გამომდინარე აღიარებითი სარჩელის ნამდვილი იურიდიულ ინტერესს, მოპასუხისათვის, 400 000 აშშ დოლარისა და 2011 წლის 9 ივნისიდან 400 000 აშშ დოლარის გადახდამდე, ყოველთვიურად 5000 აშშ დოლარის დაკისრება წარმოადგენს, რომლის მატერიალურ-სამართლებრივი საფუძვლებია სსკ-ის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი, 979-ე მუხლის მეორე, მესამე და მეოთხე ნაწილი და 981-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილები.

 

პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის წარმომადგენლის განმარტებას იმის თაობაზე, რომ მათ ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფულადი თანხა არც ერთი თეთრი არ მიუღიათ, ხოლო უძრავი ქონების საბაზრო ღირებულებაა 400 000 აშშ დოლარი.

 

პალატა მოიხმობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლს, რომლის თანახმად, მხარეები თავისუფლდებიან მტკიცებულებათა წარმოდგენისაგან ისეთი ფაქტების დასადასტურებლად, რომლებსაც თუმცა ემყარება მათი მოთხოვნები, თუ შესაგებელი, მაგრამ დამტკიცებას არ საჭიროებენ. ესენია: ა) ფაქტები, რომლებსაც სასამართლო საყოველთაოდ ცნობილად მიიჩნევს; ბ) ფაქტები, რომლებიც დადგენილია ერთ სამოქალაქო საქმეზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, თუ სხვა სამოქალაქო საქმეების განხილვისას იგივე მხარეები მონაწილეობენ; ამავე კოდექსის 266-ე მუხლის თანახმად გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ მხარეებს, აგრეთვე მათ უფლებამონაცვლეებს არ შეუძლიათ ხელახლა განაცხადონ სასამართლოში იგივე სასარჩელო მოთხოვნები იმავე საფუძველზე, აგრეთვე სადავო გახადონ სხვა პროცესში გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები და სამართლებრივი ურთიერთობანი. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 19 ნოემბრის გადაწვეტილება და ამავე სასამართლოს 2013 წლის 16 აპრილის გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში და ამ გადაწყვეტილების სუბიექტები მოცემულ საქმის მხარეებად გვევლინებიან პალატა მიიჩნევს, რომ ამ გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები მოცემულ დავაზე პრეიუდიციულ, წინასწარ დადგენილი ძალის მქონე ფაქტებად უნდა იქნას მიჩნეული. გადაწყვეტილების კანონიერ ძალას გააჩნია კანონით განსაზღვრული სუბიექტური და ობიექტური ფარგლები, რომელიც აზუსტებს გადაწყვეტილების მოქმედების საზღვრებს. გადაწყვეტილების კანონიერი ძალა ვრცელდება საქმის განხილვაში მონაწილე პირთა წრეზე (სუბიექტური ფარგლები) და გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილზე (ობიექტური ფარგლები). (იხ. სუსგ # ას 341-326-16, 21,10.16, ას-710-2011 -09, 07.09.2009წ.) წინასწარ დადგენილი ძალის მქონე ფაქტებად კანონმდებელი განიხილავს კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებით დადგენილ ფაქტებს და მხარეს მათ დასადასტურებლად მტკიცებულებათა წარდგენის ვალდებულებისაგან ათავისუფლებს იმ შემთხვევაში, თუ სამოქალაქო საქმის განხილვისას იგივე მხარეები მონაწილეობენ, ანუ პრეიუდიციული ძალის მქონედ ფაქტობრივი გარემოების მიჩნევისათვის, სავალდებულოა არსებობდეს სამოქალაქო საქმეზე მიღებული, კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება და ამ გადაწყვეტილების სუბიექტები სხვა სამოქალაქო საქმის მხარეებად უნდა გვევლინებოდნენ. თავად პრეიუდიციულ ფაქტებში იგულისხმება ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რომლებითაც განსაზღვრულია მხარეთა მატერიალურსამართლებრივი ურთიერთობით გათვალისწინებული უფლებები და ვალდებულებები, რაც საფუძვლად დაედო გადაწყვეტილების გამოტანას. პრეიუდიციულობის შემოწმების დროს მნიშვნელობა ენიჭება როგორც იმ პროცესუალურსამართლებრივ კრიტერიუმებს, რომლითაც განისაზღვრება კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ფორმალური მოთხოვნები, ასევე, ამ გადაწყვეტილებით დადგენილ ფაქტობრივი გარემოების შინაარსს“ (იხ. სუსგ ას- 824-790-16, 23.12.16)

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 19 ნოემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა ვ-–- ხ-------ის სარჩელი, რომლითაც ის ითხოვდა განსახილველ სარჩელზე სადავო 2011 წლის 09 ივნისის ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ნასყიდობის საგნის საკუთრებაში გადაცემას უძრავი ქონების უკან გამოსყიდვისათვის 78 000 აშშ დოლარის გადახდის გამო. მოსარჩელე ამ საქმეზე განმარტავდა რომ, მან 78 000 აშშ დოლარი გადასცა მოპასუხეს უძრავი ქონების გამოსყიდვის მიზნით. თბილისის საქალაქო სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებით დადგენილია მხარეებს შორის სანოტარო წესის დაცვით 2011 წლის 09 ივნისის ხელშეკრულების დადებისა და მყიდველის ზ---- ყ------ის მიერ ნასყიდობის საგნის ღირებულების 78 000 აშშ დოლარის გადახდის ფაქტები. (იხ. ს,ფ, 69 ტომი 1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 19 ნოემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების 3.1.3. პუქნტი)

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 16 აპრილის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ასევე არ დაკმაყოფილდა ვ-–- ხ-------ის სარჩელი, ამავე 2011 წლის 09 ივნისის ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ. ამ შემთხვევაში, მოსარჩელე სადავო გარიგების ბათილად ცნობის საფუძვლად მიუთითებდა გარიგების თვალთმაქცურობაზე. გადაწყვეტიელებით ფაქტებში, რომლებსაც მხარეები სადავოდ არ ხდიდნენ მითითებულია მყიდველის ზ---- ყ------ის მიერ ნასყიდობის საგნის ღირებულების 78 000 აშშ დოლარის გადახდის ფაქტი. (იხ ს.ფ.79 ტომი 1 თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 16 აპრილის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება)

 

ამდენად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებებით დადგენილია ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რომლებითაც განსაზღვრულია მხარეთა მატერიალურსამართლებრივი ურთიერთობით გათვალისწინებული უფლებები და ვალდებულებები, (ნასყიდობის ხელშეკრულების დადება, აქედან გამომდინარე მხარეთა შორის მატერიალურ-სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობა და მყიდველის მიერ მისი შესრულება, ნასყიდობის საფასურის გადახდა) მოცემულ დავაზე ისინი წარმოადგენენ პრეიუდიციულ ფაქტებს, შესაბამისად პალატას დადგენილად მიაჩნია რომ 2011 წლის 09 ივნისის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, მოპასუხე ზ---- ყ------ის მიერ მოსარჩელე ვ-–- ხ-------ისათვის სრულად გადახდილია ნასყიდობის საგნის ღირებულება - 78 000 აშშ დოლარი.

 

პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის მოთხოვნას იმის თაობაზე, რომ 400 000 აშშ დოლარი წარმოადგენს უძრავი ქონების ღირებულებას, რადგან აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეში არ მოიპოვება.

 

19. პალატა მოიხმობს სამოქალქო კოდექსის 976-ე მუხლი პირველი ნაწილის ’’ა’’ პუნქტის თანახმად, პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ: ა. ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში. შესრულების კონდიქციიდან გამომდინარე ვალდებულებისას, მოვალის პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების ან გამდიდრების კრედიტორის უფლების გამომრიცხავ გარემოებად კანონის არც ერთი დანაწესი ამ ურთიერთობის სუბიექტთა დამოკიდებულებას არ ადგენს, უფრო კონკრეტულად, კონდიქციური ვალდებულების არსებობისას, მხედველობაში არ მიიღება არც კონტრაჰენტის კეთილსინდისიერება და არც ბრალეულობა. ამ ვალდებულების მიზანი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე გადანაცვლებულ მატერიალურ/არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეთა იმ მდგომაროებაში აღდგენაა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო კონდიქციური ვალდებულების მახასიათებელი წინაპირობები. ქონებრივი წონასწორობის აღდგენის მიზნით, კანონი განსაზღვრავს უსაფუძვლოდ გადაცემულის დაბრუნებას, რათა ხელი შეეწყოს სტაბილურ სამოქალაქო ბრუნვას და არ მოხდეს ბრუნვის მონაწილე რომელიმე მხარის იმგვარ მდგომარეობაში აღმოჩენა, რომელსაც სამართლებრივი წინაპირობები გამდიდრების ეტაპზე არ გააჩნია. ( იხ. სუსგ საქმე ას-565-540-2016)

 

შესრულების კონდიქცია გულისხმობს ვითომ კრედიტორის ქონების შეგნებულ და მიზანმიმართულ გაზრდას, რომელსაც არ გააჩნია სამართლებრივი (სახელშეკრულებო ან კანონისმიერი) საფუძველი, ან ამგვარი საფუძველი ნორმაში მითითებულ გარემოებათაგან ერთ-ერთის არსებობის გამო, არ წარმოშობილა ან შეწყდა (გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლით). შესრულების კონდიქციისას, ისევე, როგორც უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტისათვის მახასიათებელი მოთხოვნა უსაფუძვლოდ მიღებულის უკან დაბრუნებაა, კანონისმიერი ამ ვალდებულების მთავარი მიზანი იმ ქონებრივი ბალანსის აღდგენაა, რომელიც იარსებებდა, რომ არა ვითომ კრედიტორის გამდიდრება. კონდიქციური ვალდებულების მტკიცების საგანში შემავალი გარემოებებია: მოპასუხის გამდიდრება; ამის შესაბამისად, მოსარჩელის ქონებრივი დანაკლისი; მატერიალურ/არამატერიალურ სიკეთეთა ამ გადანაცვლების უსაფუძვლობა/გაუმართლებლობა. მითითებულთაგან ერთ-ერთი ელემენტის არარსებობა, მოთხოვნის დაკმაყოფილებას გამორიცხავს, ამასთანავე, როგორც მატერიალური (სკ-ის 976-ე მუხლი), ისე საპროცესო (სსსკ-ის 102-ე მუხლი) ნორმის თანახმად, მტკიცების საგანში შემავალი გარემოებების დადასტურების ტვირთი ეკისრება მოსარჩელეს (იხ. საკასაციო პალატის მიერ 2016 წლის 22 აპრილს მიღებული განჩინება #ას-344-329-2016).

 

პალატა განმარტავს რომ მოცემულ დავაზე არ დასტურდება მყიდველის, მოპასუხის გამდიდრების ფაქტი, რაც მოსარჩელის მოთხოვნის წარმოშობის საფუძვლად და წინაპირობად მიიჩნევა.

 

შესრულების კონდიქციიდან გამომდინარე, კრედიტორის მოთხოვნა უსაფუძვლოდ გადაცემულის უკან დაბრუნება რომ იყოს, უპირველესად, უნდა შემოწმდეს რამდენადაა შესაძლებელია ამ ნივთის დაბრუნება (სკ-ის 976.1 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი და 979.1 მუხლი) და მისი ღირებულების ანაზღაურებაზე მსჯელობა მხოლოდ მას შემდეგაა დასაშვები, თუ დამტკიცდება, რომ უკან დაბრუნება შეუძლებელია გადაცემული საგნის მდგომარეობის ან სხვა მიზეზის გამო (სკ-ის 979.2 მუხლი), ამდენად, შეიძლება ითქვას, რომ სამოქალაქო კოდექსის 979-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს კონდიქციური ვალდებულების ფარგლებს, ხოლო მე-2 ნაწილით რეგულირებულია უსაფუძვლოდ გადაცემული ქონების კომპენსაციის გადახდის ვალდებულება თუკი თავად გადაცემული სიკეთის დაბრუნების შეუძლებლობაა სახეზე, ასეთ შემთხვევაში, კომპენსაციის ოდენობა განისაზღვრება ანაზღაურების მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროის მიხედვით. (იხ. სუსგ საქმე ას-710-680-2016)

 

სამოქალაქო კოდექსის 979-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად არ არსებობს ანაზღაურების მოვალეობა, თუ მიმღები საგნის მოხმარების, სხვისთვის გადაცემის, დაღუპვის, გაუარესების ან სხვა საფუძვლების გამო არც საგნით და არც მისი ღირებულებით არ გამდიდრებულა, ამავე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად თუ ორმხრივი ხელშეკრულების მხარეებმა ხელშეკრულების ბათილობის გამო უკან უნდა დააბრუნონ ის, რაც მათ ამ ხელშეკრულებით მიიღეს, მაგრამ ერთ-ერთ მხარეს არ შეუძლია დაბრუნება ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული საფუძვლების გამო, მაშინ მას არ ეკისრება უკან დაბრუნების მოვალეობა, თუ ეს გამომდინარეობს სამართლის იმ ნორმის არსიდან,რომლის საფუძველზედაც ხელშეკრულება ბათილად იქნა ცნობილი. მოცემულ შემთხვევაში არ დასტურდება მიმღების გამდიდრება მისი ღირებულების გამო, რადგან, არ დასტურდება ქონების ღირებულების (400 000 დოლარის) ფაქტობრივი გარემოება, ხოლო 78 000 აშშ დოლარის ნასყიდობის საფასურის გადახდის ვალდებულება სრულად შესრულებულია მყიდველი მიერ.

 

პალატა განმარტავს რომ, ქონებრივი წონასწორობის აღდგენისათვის საკმარისია არაა მხოლოდ შედეგის – სხვისი ქონების შეძენის, ,,მოხვეჭის,, ფაქტის არსებობა. ისეთ პირობებში, როდესაც მიღებულ ქონებაზე სამართლებრივი ხარვეზის შესახებ პირს წინასწარ გააჩნია ინფორმაცია, ან ეს ხარვეზი მიმღებისთვის ცნობილი არ არის მისივე უხეში გაუფრთხილებლობის გამო, შესაძლებელია, დადგეს ამ უკანასკნელის მიმართ ზიანის ანაზღაურების საკითხი. აღნიშნულ მსჯელობას განაპირობებს სამოქალაქო კოდექსის 981-ე მუხლის 1-ლი ნაწილი, რომლის მიხედვითაც, თუ მიმღებმა მიღებისას იცოდა, ან უხეში გაუფრთხილებლობის გამო მისთვის უცნობი იყო სამართლებრივი საფუძვლის ხარვეზის არსებობა და ამის შესახებ მოგვიანებით შეიტყობს, ან გადაცემის თაობაზე მოთხოვნა მიღებულია სასამართლო წარმოებაში, მაშინ მიმღებს ეკისრება პასუხისმგებლობა ხარვეზის თაობაზე ცნობების მიღების ან სასამართლო წარმოებაში გადაცემის დროიდან – 979-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 980-ე მუხლის, ასევე ქვემოთ მოყვანილი წესების საფუძველზე. მოხმობილი ნორმა განსაზღვრავს ზიანის ანაზღაურების შემდეგ წინაპირობებს: ქონების მიმღებმა პირმა წინასწარ ან მისივე უხეში გაუფრთხილებლობით უნდა იცოდეს უფლების ხარვეზის არსებობა გადაცემულ ქონებაზე. მხოლოდ ამ გარემოებათა შემთხვევაში დგება მიმღების ქონებრივი პასუხისმგებლობის საკითხი, ანუ ქონების გადასვლა არაუფლებამოსილი მიმღების ხელში განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით უნდა ხდებოდეს. შედეგად, ასეთ შემთხვევაში უფლების აღდგენის გზას წარმოადგენს გამათანაბრებელი სამართლიანობის პრინციპი – ის, რაც სამართლებრივი საფუძვლის გარეშეა შეძენილი, უნდა დაბრუნდეს. (ას-3-3-2013) მოცემულ შემთხვევაში არ დგინდება, ასევე რომ მოპასუხისათვის წინასწარ და მისი უხეში გაუფრთხილებლობის გარეშე უცნობი იყო სადავო ქონებაზე სამართლებრივი ხარვეზის არსებობა, ,რაც გამორიცხავს მისთვის თანხის დაკისრების ვალდებულებას.

 

საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებისა და მატერიალურ-სამართლებრივი წინაპირობების შესაბამისად პალატა მიიჩნევს რომ სახეზეა სააპელაციო საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების საფუძვლები, კერძოდ: უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილება და ვ-–- ხ-------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

 

20. საპროცესო ხარჯები

 

აპელანტი ვ-–- ხ-------ი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „მ“ ქვეპუნქტის თანახმად.

 

სარეზოლუციო ნაწილი

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. ვ-–- ხ-------ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

 

3. ვ-–- ხ-------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-5, მე-6 პუნქტებით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

6. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

თავმჯდომარე დიანა ბერეკაშვილი

 

მოსამართლეები ქეთევან დუგლაძე

 

ვანო წიკლაური