განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 340210018002306239
საქმე №2ბ/4708-18
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
1 ნოემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე - ირაკლი ბონდარენკო
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
აპელანტი - ე-–-----------–---–ი
წარმომადგენელი - ნ--–----------–----–---–ი
მოწინააღმდეგე მხარე - ლ---–- ბ-----–---–ი, ც---–- ე-----–---–ი
დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილებით, მოსარჩელეების ლ---–- ბ-----–---–ის და ც---–- ე-----–---–ის სარჩელი მოპასუხეების ი---- ფ-----–---–ის და ე-–-----------–---–ის მიმართ დაკმაყოფილდა; მოპასუხეები ი---- ფ-----–---–ის და ე-–-----------–---–ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი იქნა მოსარჩელეების ლ---–- ბ-----–---–ის და ც---–- ე-----–---–ის საკუთრებაში არსებული, გ---------ის რაიონის სოფელ გ---------ში მდებარე უძრავი ქონება საკადასტრო კოდით №------------ და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში ჩაბარდეთ მოსარჩელეებს.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
პირველი ინსტანციის სასამართლომ განსახილველ საქმეზე დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
დადგენილი უდავო ფაქტობრივი გარემოებები
2.1. ლ---–- ბ-----–---–ი და ც---–- ე-----–---–ი გ---------ის რაიონის სოფელ გ---------ში მდებარე, საჯარო რეესტრში №------------ საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების მესაკუთრეები არიან. მოსარჩელეების საკუთრების უფლება აღრიცხულია საჯარო რეესტრში.
2.2. მოპასუხეები ი---- ფ-----–---–ი და ე-–-----------–---–ი მოსარჩელეების ნების საწინააღმდეგოდ ცხოვრობენ მოსარჩელეების საკუთრებად რეგისტრირებულ უძრავ ქონებაში და მიუხედავად მოთხოვნისა უძრავი ქონების გამოთავისუფლებაზე და მოსარჩელისთვის დაბრუნებაზე უარს აცხადებენ.
2.3. საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოება სადავო არ ყოფილა.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.4.სასამართლო მიუთითებს, საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი ნაწილზე რომლის თანახმად, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება.
სასამართლო მიუთითებს ,,ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის" დამატებითი ოქმის პირველი მუხლზე, რომლის თანახმად, ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრებით შეუფერხებელი სარგებლობის უფლება. მხოლოდ საზოგადოებრივი საჭიროებისათვის შეიძლება ჩამოერთვას ვინმეს თავისი საკუთრება კანონითა და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით გათვალისწინებულ პირობებში.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.
სასამართლო ასევე მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილზე, რომლის დანაწესის მიხედვით, განსაზღვრულია, რომ მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 311-ე მუხლის მოთხოვნიდან გამომდინარე, უძრავ ნივთზე საკუთრების შეძენა ვლინდება საჯარო რეესტრიდან, ხოლო ამავე კოდექსის 312-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით რეესტრის მონაცემების მიმართ არსებობს უტყუარობის და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.
სასამართლო განმარტავს, რომ საკუთრების უფლების დაცვის აღიარებული სანივთო– სამართლებრივი საშუალებები სავინდიკაციო და ნეგატორული სარჩელებია. ვინდიკაციას მაშინ მიმართავენ, როდესაც მესაკუთრეს წართმეული აქვს ნივთზე მფლობელობა. ვინდიკაციის ვითარებაში მესაკუთრეს შერჩენილი აქვს მხოლოდ ნივთზე საკუთრების უფლება, რომელიც თავისთავად არამატერიალური უფლებაა და ვის ხელშიც არ უნდა იყოს საკუთრების ობიექტი, მესაკუთრეს ეს უფლება არ წაერთმევა. ვინდიცირების წესი დამოკიდებულია იმაზე, თუ რა გზითაა მესაკუთრის ხელიდან საკუთრების ობიექტი გამოსული. როდესაც მესაკუთრის ნების გარეშე გამოდის ქონება მისი ხელიდან, ვის ხელშიც არ უნდა აღმოჩნდეს ეს ქონება, მისგან ნივთის გამოთხოვა გარდაუვალია.
უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისათვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე; ბ)მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი; გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება. მხოლოდ მას შემდეგ, რაც დადგინდება სამივე წინაპირობის არსებობა, შესაძლებელი გახდება მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა.
სასამართლო განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილია ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, რომლის თანახმად, გ---------ის რაიონ სოფელ გ---------ში მდებარე, საჯარო რეესტრში №------------ საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონება, მოსარჩელეების ლ---–- ბ-----–---–ის და ც---–- ე-----–---–ის საკუთრებას წარმოადგენს. შესაბამისად, მოსარჩელეები წარმოადგენენ იმ უძრავი ქონების მესაკუთრეებს, რომლის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვას და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში დაბრუნებას ითხოვენ.
საქმის განხილვის შედეგად აგრეთვე დადგინდა, რომ მოპასუხეები, მოსარჩელეების ნების საწინააღმდეგოდ მოსარჩელეების კუთვნილ უძრავ ქონებაში ცხოვრობენ და მის გამოთავისუფლებაზე უარს აცხადებენ, თუმცა მოპასუხე მხარეს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება და არც სხვა ისეთ გარემოებაზე მიუთითებიათ, რომლითაც მათი მხრიდან უძრავი ქონებით მართლზომიერად სარგებლობის ფაქტი დადასტურდებოდა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელეების მოთხოვნა დასაბუთებულია და ამდენად, არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების, როგორც ფაქტობრივი, ასევე სამართლებრივი საფუძვლები.
3. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
3.1. აპელანტის მითითებით, მართალია, უძრავ ნივთზე რეგისტრირებულია მოსარჩელეების საკუთრების უფლება, თუმცა აღნიშნული რეგისტრაცია განხორციელდა თაღლითობისთვის გასამართლებული პირების ნ----- ყ--–-----–---–ის და ლ-------------–---–ის დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად. მათ შეცდომაში შეიყვანეს ე-–--- და ი---- ფ-----–---–ი და 14000 აშშ დოლარის ვალის გადახდის უზრუნველყოფის მიზნით იპოთეკით დატვირთეს მოპასუხეების კუთვნილი უძრავი ქონება, რომელიც ვალდებულების შეუსრულებლობის გამო გადავიდა იპოთეკარების საკუთრებაში. ამის გარდა, სადავო უძრავ ქონებას ფლობენ სხვა პირებიც - აპელანტის ოჯახის წევრები, რომელთა მიმართებაში პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უმსჯელია და გადაწყვეტილება მათი მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის შესახებ არ მიუღია. აპელანტი მოითხოვს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება გაუქმდეს, ლ---–- ბ-----–---–ის და ც---–- ე-----–---–ის სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.
სააპელაციო პალატა აქვე ყურადღებას მიაქცევს იმ პროცესუალურ საფუძვლებზე, რომელთა გათვალისწინებითაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი განხილული იქნა ზეპირი მოსმენის გარეშე, ერთპიროვნულად. კერძოდ, განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო პალატამ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-14 მუხლის „ა“ პუნქტის, 25-ე მუხლის მე-3 ნაწილის და ამავე კოდექსის 3761-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო საჩივარი განიხილა ზეპირი მოსმენის გარეშე, ერთპიროვნულად.
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
4.1. სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
4.2. საჯარო რეესტრის ამონაწერით დადგენილია, რომ გ---------ის რაიონი, სოფელ გ---------ში მდებარე უძრავი ქონების (ს/კ-------------) მესაკუთრეებს წარმოადგენენ ლ---–- ბ-----–---–ი (პირადი ნომერი 0----------) და ც---–- ე-----–---–ი (პირადი ნომერი 0----------). უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს წარმოადგენს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 04.01.2018 წლის განკარგულება №----------------- და 12.01.2018 წლის უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება. (ტ.1.ს.ფ. 18).
4.3. დადგენილია, რომ მოსარჩელეების საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას მოპასუხეები სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობენ.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 183-ე და 311-ე მუხლების დანაწესზე და განმარტავს, რომ უძრავ ნივთზე საკუთრების შეძენა ვლინდება საჯარო რეესტრიდან, ხოლო ამავე კოდექსის 312-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეესტრის მონაცემების მიმართ არსებობს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.
სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო სამართლის მიზნებისათვის, კანონმდებლობა ადგენს დასაშვები მტკიცებულებების ნუსხას. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. დასახელებული ნორმა წარმოადგენს მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების ზოგად, პროცესუალურ სტანდარტს და ადგენს ვალდებულ პირს, რომელმაც მტკიცების საგანში შემავალი ფაქტი სათანადო გარემოებებზე მითითებითა და დასაშვები მტკიცებულებების წარდგენით უნდა დაადასტუროს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერ ან სხვაგვარი, კერძოდ სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. აღნიშნული მუხლის მოთხოვნიდან გამომდინარე, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისათვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე, მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 168-ე მუხლის მიხედვით მესაკუთრის პრეტენზიის გამო ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას.
4.5. განსახილველ შემთხვევაში, საჯარო რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, გ---------ის რაიონი, სოფელ გ---------ში მდებარე უძრავი ქონების (ს/კ-------------) მესაკუთრეებს წარმოადგენენ ლ---–- ბ-----–---–ი (პირადი ნომერი 0----------) და ც---–- ე-----–---–ი (პირადი ნომერი 0----------). უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს წარმოადგენს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 04.01.2018 წლის განკარგულება №----------------- და 12.01.2018 წლის უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება. (ტ.1.ს.ფ. 18)
პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო სამართლის მიზნებისათვის, კანონმდებლობა ადგენს დასაშვები მტკიცებულებების ნუსხას. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. დასახელებული ნორმა წარმოადგენს მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების ზოგად, პროცესუალურ სტანდარტს და ადგენს ვალდებულ პირს, რომელმაც მტკიცების საგანში შემავალი ფაქტი სათანადო გარემოებებზე მითითებითა და დასაშვები მტკიცებულებების წარდგენით უნდა დაადასტუროს.
მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან მოსარჩელეები მიუთითებენ მოპასუხეების მხრიდან სადავო უძრავი ქონებით უკანონო სარგებლობაზე და ხელშეშლაზე, მოპასუხეების მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა ისეთი მტკიცებულებების წარმოდგენა, რაც გააქარწყლებდა სარჩელში მითითებულ გარემოებებს. საჯარო რეესტრის ჩანაწერის საფუძველზე დადგენილია, რომ მოსარჩელეები არიან მესაკუთრეები, ხოლო მოპასუხეებს არ წარმოუდგენიათ იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომ სადავო უძრავ ნივთს ფლობენ კანონიერად. მხარეთა შორის არ არსებობს რაიმე სახელშეკრულებო ურთიერთობა, რითაც მოსარჩელეები (მესაკუთრეები) შეიძლება შეზღუდულიყო მოპასუხეებთან მიმართებაში. ამასთან, არ არსებობს არც კანონისმიერი საფუძველი უფლებრივი შებოჭვისთვის. შესაბამისად, მოსარჩელეები უფლებამოსილი არიან სრულყოფილად განახორციელონ მათ საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე კანონით გარანტირებული უფლებები. აღნიშნული გარემოებები კი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის შესახებ სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველია.
სასამართლო განმარტავს, რომ აპელანტის მითითება მასზედ, რომ სადავო უძრავი ქონების მოსარჩელეების სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრაცია განხორციელდა თაღლითობისთვის გასამართლებული პირების ნ----- ყ--–-----–---–ის და ლ-------------–---–ის დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად, მათ შეცდომაში შეიყვანეს ე-–--- და ი---- ფ-----–---–ი და 14000 აშშ დოლარის ვალის გადახდის უზრუნველყოფის მიზნით იპოთეკით დატვირთეს მოპასუხეების კუთვნილი უძრავი ქონება, რომელიც ვალდებულების შეუსრულებლობის გამო გადავიდა იპოთეკარების საკუთრებაში, აგრეთვე, სადავო უძრავ ქონებას ფლობენ სხვა პირებიც - აპელანტის ოჯახის წევრები, რომელთა მიმართებაში პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უმსჯელია და გადაწყვეტილება მათი მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის შესახებ არ მიუღია, ვერ ჩაითვლება უძრავი ნივთის ფლობის მართლზომიერების დამადასტურებელ გარემოებად, აგრეთვე მესაკუთრეების მხრიდან მათი კუთვნილი უძრავი ნივთის არამართლზომიერი მფლობელისაგან გამოთხოვის დამაბრკოლებელ წინაპირობას არ წარმოადგენს. აღნიშნულის გათვალისწინებით, არგუმენტი მასზედ, რომ აპელანტი მართლზომიერად ფლობს მოსარჩელეების საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მხედველობაში ვერ მიიღება. აღნიშნულთან მიმართებით სასამართლო ყურადღებას ამახვილებს გარემოებაზე, რომლის მიხედვით დგინდება, რომ 04.01.2018 წელს A---------------- განკარგულების და 12.01.2018 წლის უძრავი ნივთის ნასყიდობის შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე სადავო უძრავი ქონება მდებარე გ---------ის რაიონი, სოფელი გ---------ი მოსარჩელეებმა აუქციონის წესით შეიძინეს. საყურადღებოა, რომ აუქციონის შედეგები და საფუძველი მოპასუხეებს სადავოდ არ გაუხდიათ. აგრეთვე მათ არ წარმოუდგენიათ შესაგებელში და სააპელაციო საჩივარში მოყვანილი გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
5.1. პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, ამდენად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და მიაჩნია, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.
6. საპროცესო ხარჯები
6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, ხოლო მოპასუხე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება მოსარჩელეს, რომელიც არ არის განთავისუფლებული სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასარჩელო მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომლის დაკმაყოფილებაზედაც მას უარი ეთქვა. მოცემულ შემთხვევაში, აპელანტი საქართველო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის მეორე ნაწილის და ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მეხუთე მუხლის პირველი პუნქტის მ) ქვეპუნქტის შესაბამისად გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ე-–-----------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. მოცემულ საქმეზე უცვლელად დარჩეს გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილება.
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში (ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქუჩა N32) მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზ. N7ა) საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით.
4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა აუდრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ირაკლი ბონდარენკო