განაჩენი

სისხლის სამართლის 01.11.2018
საქმის ნომერი
330100118002302915
ინსტანცია
თარიღი
01.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100118002302915

საქმე №1/ბ-964-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

25 ოქტომბერი 2018 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე მარინა ხოლოაშვილმა

 

ზაზა ჭანტურიძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებელ: ნ--------------–ის,ადვოკატ: მ----------------ს,მსჯავრდებულ: რ-–--------------ის,თარჯიმან: ზ----------------ს

მონაწილეობით,მსჯავრდებულ რ-–--------------ის ინტერესების დამცველი ადვოკატის მ----------------ს სააპელაციო საჩივრის საფუძველზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე რ-–--------------ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–----------------–ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №0----------, ნასამართლობის არმქონის, დაოჯახებულის, საშუალო განათლების მქონის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების: თ---–-----------–------------, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

თბილისის რაიონული სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლოს სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 19 ივნისის განაჩენით რ-–--------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით.

 

რ-–--------------ს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა: ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვანის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.

 

მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

2018 წლის 17 იანვარს, საღამოს საათებში, თბილისში, ბ-----–-------------ში, რ-–--------------მა მეუღლეს - ფ-------------------ს, არასრულწლოვანი შვილის - თანდასწრებით მოქაჩა თმა, ძლიერად დაარტყა სახეში ხელი, წააქცია და ურტყამდა წაქცეულს, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებული რ-–--------------ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა მ----------------მ, რომელმაც მოითხოვა რიშიდ ბ---------ის უდანაშაულოდ ცნობა წარდგენილ ბრალდებაში.

აპელანტი, აღნიშნულის საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებებს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი არ ეფუძნება ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი იმ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც დაადასტურებდა რ-–--------------ის ქმედებაში დანაშაულის ნიშნების არსებობას. ყველა გამოქვეყნებული ჩვენებები არის არა პირდაპირი, რადგან ფაქტის თვითმხილველი სხვა არავინ არ არის და სხვა არ ფლობს ისეთ მნიშვნელოვან ინფორმაციას, რაც შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს დაედოს საფუძვლად. დაზარალებულმა ისარგებლა კანონით მინიჭებული უფლებით, ხოლო მეზობლების ჩვენებები ზოგადი ხასიათისაა, ფაქტის შემსწრე ისინი არ ყოფილან. რაც შეეხება სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას, აღნიშნული დასკვნით არ არის დადასტურებული რ-–--------------ის კავშირი დაზარალებულის დაზიანებასთან. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, ირიბი ჩვენება, ნაკლებად სანდო მტკიცებულებაა.

 

პალატამ განიხილა რა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრების საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მიიჩნია რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

თბილისის რაიონული სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლოს სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 19 ივნისის განაჩენით უტყუარადაა დადგენილი საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებებს მიცემული აქვთ სწორი სამართლებრივი შეფასება. პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას, როგორც ფაქტობრივ გარემოებებთან, ისე სამართლებრივ შეფასებასთან დაკავშირებით, რომ საქმეში გამოკვლეული მტკიცებულებებით დასტურდება რ-–--------------ის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედების ჩადენის ფაქტი.

 

მოწმე ლ------------–---–ის განმარტებით, იგი მუშაობს თბილისის შსს გლდანი- ნაძალადევის სამმართველოს მე-4 განყოფილების გამომძიებლად. 2018 წლის 17 იანვარს იყო სამსახურში, რა დროსაც პოლიციის განყოფილებაში შენიშნა ქალი, რომელსაც თან ჰყავდა მცირეწლოვანი შვილი, იყო განერვიულებული, ნამტირალევი და ითხოვდა დახმარებას. მოგვიანებით გაიგო, რომ ეს ქალი იყო ძალადობის მსხვერპლი. მაშინვე გავიდნენ შემთხვევის ადგილზე დაზარალებულის თანდასწრებით, დაათვალიერეს შემთხვევის ადგილი, რომელიც მდებარეობდა თბილისში, ბარალეთის ქ. N53-ში. შემთხვევის ადგილზე დახვდათ ბრალდებული - რ-–--------------ი, რომელიც იყო აგრესიული, ლანძღავდა და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა მეუღლეს. რ-–--------------ი ადგილზე დააკავეს.

მოწმე ი-----–----–----–---–ის განმარტებით, იგი მუშაობს თბილისის შსს გლდანი- ნაძალადევის სამმართველოს მე-4 განყოფილების გამომძიებლად. 2018 წლის 17 იანვარს ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც პოლიციას მიმართა დაზარალებულმა, რომელიც იყო აღელვებული, სახეზე აღენიშნებოდა დაზიანებები და აცხადებდა, რომ მეუღლემ სცემა. მყისიერად გაემართნენ დაზარალებულის ბინაში, დაზარალებულის თანდასწრებით დაათვალიერეს შემთხვევის ადგილი, სადაც დახვდათ ბრალდებული - რ-–--------------ი, რომელიც მეუღლის მიმართ იყო აგრესიული, აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას. პოლიციელები მოუწოდებდნენ ბრალდებულს შეეწყვიტა ლანძღვა-გინება, თუმცა უშედეგოდ. რ-–--------------ი ადგილზე დააკავეს.

 

მოწმე გ----------–---–---–ის განმარტებით, 2018 წლის 17 იანვარს, იგი მუშაობდა თბილისის შსს გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს მე-4 განყოფილებაში გამომძიებლად. რ-–--------------ის სისხლის სამართლის საქმეზე (ოჯახური ძალადობის ფაქტზე), დაზარალებულ ფ-------------------ს თანდასწრებით, დაათვალიერეს შემთხვევის ადგილი, რა დროსაც დაზარალებულმა, საძინებლის ტიპის ოთახში მიუთითა იმ ადგილებზე, სადაც მეუღლე ურტყამდა, ძირს დააგდო და ცემა. დაზარალებულს ცხვირზე აღენიშნებოდა დაზიანება, რომელიც, მისივე განმარტებით, მიაყენა მეუღლემ.

 

მოწმე თ-----------ის განმარტებით, იგი მუშაობს თბილისის შსს გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს მე-4 განყოფილებაში გამომძიებლად. 2018 წლის 17 იანვარს იყო სამსახურში, რა დროსაც პოლიციის განყოფილებაში შევარდა ფ-------------------, მცირეწლოვან შვილთან ერთად, რომელიც ტიროდა და ცხვირზე აღენიშნებოდა დაზიანებები. ფ-------------------ს განმარტებით იგი მეუღლემ სცემა, რის გამოც იძულებული გახდა ბავშვთან ერთად მისულიყო პოლიციაში. მან გამოკითხა დაზარალებული, რომელმაც დეტალურად აღწერა, როგორ მიაყენა მეუღლემ, მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით ფიზიკური შეურაცხყოფა. მისივე განმარტებით, მეუღლის მხრიდან ძალადობას ჰქონდა სისტემატიური ხასიათი. რადგან ფ-------------------ს სახეზე აღენიშნებოდა დაზიანებები, მომდევნო დღეს ჩაუტარდა სამედიცინო ექსპერტიზა. მან ასევე, გამოკითხა ბ-----------ის მეზობლები, რომლებმაც დაადასტურეს, რომ მათი სახლიდან ყოველთვის გამოდიოდა ყვირილის და მტვრევის ხმა. გამოძიების მიერ მოძიებული იქნა დაზარალებულის მიერ პოლიციისთვის შეტყობინებების და პოლიციის რეაგირების ოქმები, რომლის თანახმად ბრალდებული არაერთგზის აყენებდა მეუღლეს შეურაცხყოფას და დაზარალებული ითხოვდა პოლიციის დახმარებას.

 

მოწმე ე-–-------–-–---–ის განმარტებით, იგი ცხოვრობს თბილისში, ბ-----–------------- ში. მის მეზობლად ცხოვრობდა რ-–--------------ი, მეუღლესთან და მცირეწლოვან შვილთან ერთად. მათ აქვთ ზიარი კედელი, რის გამოც კარგად ესმოდა, რა ხდებოდა ბ-----------ის ოჯახში. რ-–--------------ს და მის მეუღლეს ჰქონდათ ცუდი ურთიერთობა და ხშირად ჩხუბობდნენ. მათი ოჯახიდან სისტემატიურად ისმოდა ჩხუბის და ბავშვის ტირილის ხმა. ოჯახური კონფლიქტების გამო, ბ-----------ის ოჯახში მიდიოდნენ პოლიციელები. იგი აფრთხილებდა სამართალდამცავებს, რომ ამ ცოლ-ქმრის ერთად ცხოვრება არ შეიძლებოდა, რადგან საფრთხე იყო რეალური. პოლიციის წასვლის შემდეგ, ფ------------------- ხშირად ტიროდა, თუმცა ვინაიდან მისი ენა არ ესმოდა, კონკრეტულად რას ამბობდა, ვერ იგებდა.

2018 წლის 17 იანვარს საღამოს დაბრუნდა შინ და ნახა პოლიცია, რომელიც ბ-----------ის კართან იდგა. მომდევნო დღეს გაიგო, რომ რ-–--------------ს და მის მეუღლეს შორის ადგილი ჰქონდა მორიგ ოჯახურ კონფლიქტს, რის გამოც რ-–--------------ი დააკავეს.

 

მოწმე თ---------------ის განმარტებით, იგი ცხოვრობს თბილისში, ბ-----–------------- ში. მის მეზობლად ცხოვრობდნენ რაშიდ და ფ------- ბ-----------ი, რომლებსაც ჰქონდათ ცუდი ურთიერთობა. ბ-----------ის ოჯახიდან ხშირად ისმოდა ხმაური და ჩხუბის ხმა, თუმცა კონკრეტულად რაზე ჩხუბობდნენ ვერ იგებდა, რადგან მათი ენა არ ესმოდა. მეუღლეებს შორის არსებული კონფლიქტების გამო, ხშირად იძახებდნენ პოლიციას.

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის (17.01.2018) მიხედვით, 2018 წლის 17 იანვარს 20:05-20:45 საათზე, დაზარალებულ ფ-------------------ს მონაწილეობით, დათვალიერდა შემთხვევის ადგილი, რომელიც მდებარეობდა თბილისში, ბ-----–-------------ში, სადაც, დაზარალებულმა მიუთითა საძინებელ ოთახზე, სადაც მეუღლემ მიაყენა მას ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, დაარტყა მას სახეში და დააგდო იატაკზე. შემთხვევის ადგილზე გამოძახებული ექსპერტების მიერ მოხდა შემთხვევის ადგილის დასურათება.

 

მოწმე გ-----------------–--ის განმარტებით, იგი მუშაობს შსს საექსპერტო- კრიმინალისტიკურ დეპარტამენტში და არის ექსპერტი. 2018 წლის 17 იანვარს იმყოფებოდა თბილისში, ბ-----–-------------ში, სადაც გამომძიებლის განმარტებით ადგილი ჰქონდა ოჯახურ ძალადობას და მონაწილეობდა შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში. დაზარალებული ქალის მითითებით, საძინებლისმაგვარ ოთახში დასურათდა ის ადგილები, სადაც მისივე განმარტებით, მეუღლე აყენებდა მას ფიზიკურ შეურაცხყოფას.

 

ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმის (18.01.2018) მიხედვით, 2018 წლის 18 იანვარს 10:30-10:55 საათზე, დათვალიერდა 2018 წლის 17 იანვარს სისხლის სამართლის N001170118012 საქმეზე შემთხვევის ადგილის დათვალიერების ამსახველი ფოტომასალა.

 

N1918591 შეტყობინების ოქმის (28.09.2014) მიხედვით, 2014 წლის 28 სექტემბერს 16:20 საათზე, თბილისის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს პოლიციის მე-4 განყოფილებაში მიიღეს ფ-------------------ს შეტყობინება, რომლის განცხადებით, მისმა მეუღლემ რ-–--------------მა, რომელიც იყო ნასვამი, მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და იგი ითხოვდა დახმარებას.

 

გასაუბრების ოქმის (02.10.2014) მიხედვით, 2014 წლის 2 ოქტომბერს თბილისის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს პოლიციის მე-4 განყოფილების ინსპექტორ- გამომძიებელი N1918591 შეტყობინების ოქმის საფუძველზე, გადამოწმების მიზნით გაესაუბრა ფ-------------------ს, რომელმაც განმარტა, რომ მიმდინარე წლის 29 სექტემბერს, მისმა მეუღლემ - რ-–--------------მა, რომელიც იყო ნასვამი, მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და მოითხოვა მეუღლის გაფრთხილება.

 

გაფრთხილების ოქმის (02.10.2014) მიხედვით, 2014 წლის 2 ოქტომბერს თბილისის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს პოლიციის მე-4 განყოფილების ინსპექტორ-გამომძიებელმა გააფრთხილა რ-–--------------ი, რომ მის მეუღლეს - ფ-------------------ს არ მიაყენოს სიტყვიერი შეურაცხყიოფა და არ შევიდეს მასთან კონფლიქტში.

 

N1498696 შეტყობინების ოქმის (09.07.2015) მიხედვით, 2015 წლის 9 ივლისს 11:35 საათზე, თბილისის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს პოლიციის მე-4 განყოფილებაში მიიღეს ფ-------------------ს შეტყობინება, რომლის განცხადებით, მეუღლესთან რ-–--------------თან ჰქონდა კონფლიქტი და ითხოვდა დახმარებას.

 

რეაგირების ოქმის (10.07.2015) მიხედვით, 2015 წლის 10 ივლისს თბილისის გლდანი- ნაძალადევის სამმართველოს პოლიციის მე-4 განყოფილების ინსპექტორ-გამომძიებელი N1498696 შეტყობინების ოქმის საფუძველზე, თბილისში, ბ-----–-------------ში გაესაუბრა ფ-------------------ს, რომელმაც განმარტა, რომ ქმართან რ-–--------------თან ჰქონდა კონფლიქტი ოჯახური პრობლემებიდან გამომდინარე, რის გამოც სურდა მასთან გაშორება.

 

მოწმე გ-----------------–---–ის განმარტებით, იგი მუშაობს თბილისის შსს გლდანი- ნაძალადევის სამმართველოს მე-4 განყოფილებაში გამომძიებლად. რ-–--------------ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით, გამომძიებლის - თ-----------ის დავალებით, მან მოიძია დაზარალებულ ფ-------------------ს შეტყობინებები პოლიციას მეუღლეებს შორის ოჯახური კონფლიქტის თაობაზე და პოლიციის რეაგირების ოქმები, რაც დაერთო რ-–--------------ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეს.

 

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტის N000645918 დასკვნით (01.02.2018), 18.01.2018 წელს ფ-------------------ს პირადი შემოწმებისას (ტანსაცმლით დაუფარავ მიდამოებში) აღენიშნებოდა დაზიანება ცხვირის მიდამოში ნაჭდევის სახით. დაზიანება განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით, დაზიანების განვითარება არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებებში მითითებულ თარიღს - 2018 წლის 17 იანვარს. ასევე პირადი შემოწმების მონაცემების თანახმად: - შემოწმების მომენტში ფ------------------- უჩიოდა ტკივილს სახისა და ცხვირის მიდამოში, ცხვირის ზურგზე ცენტრალურად აღენიშნებოდა დასწვრივად მდებარე, კანის დონიდან დაბლა მდებარე მოწითალო ფერის, მშრალზედაპირიანი უსწორო ფორმის ნაჭდევი.

 

ზემოაღნიშნული ექსპერტის დასკვნა დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა გ---–--------------–---–მა და დამატებით განმარტა, რომ ფ-------------------მ სამედიცინო შემოწმებისას ექსპერტს განუმარტა, რომ 2018 წლის 17 იანვარს, მისმა მეუღლემ - რ-–---------------მა მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ ჩაარტყა ხელი სახეში, დააგდო იატაკზე და ათრია თმით.

 

დაბადების მოწმობა N01166114423-ის მიხედვით (29.12.2016), რ-–--------------ის და ფ-------------------ს ვაჟი - მ------- ბ---------ი დაბადებულია 2016 წლის 24 დეკემბერს.

 

დაზარალებულმა ფ-------------------მ, რომელიც, ამავდროულად არის ბრალდებულის მეუღლე (სისხლის სამართლის კანონის მიზნებისთვის მეუღლე ითვლება ახლო ნათესავად), უარი განაცხადა სასამართლოში ჩვენების მიცემაზე.

 

რ-–---------------მა გამოიყენა მისთვის კანონით მინიჭებული დუმილის უფლება.

 

ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ფონზე დაცვის მხარის პოზიციას, რომ არ არსებობს ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს რ-–--------------ის ბრალეულობას წარდგენილ ბრალდებაში და ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი იმ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც დაადასტურებდა მის ქმედებაში დანაშაულის ნიშნების არსებობას, სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს, ვინაიდან საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დასტურდება და საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარეობს, რომ რ-–--------------მა, 2018 წლის 17 იანვარს, საღამოს საათებში, თბილისში, ბ-----–-------------ში, მეუღლეს - ფ-------------------ს, არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით მოქაჩა თმა, ძილიერად დაარტყა სახეში ხელი, წააქცია და ურტყამდა წაქცეულს, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

 

სააპელაციო პალატა, პირველი ინსტანციის მსგავსად, აღნიშნავს, რომ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტის N000645918 დასკვნით (დაადასტურა ექსპერტმა გ---–--------------–---–მა), უტყუარად არის დადგენილი, რომ 2018 წლის 18 იანვარს, ფ------- ბ---------ას აღენიშნებოდა დაზიანება ცხვირის მიდამოში ნაჭდევის სახით, რომელიც განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით (რაც შესაძლებელია იყოს ადამიანის ხელიც) და მიეკუთვნებოდა სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, რომლის განვითარება არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებებში მითითებულ თარიღს - 2018 წლის 17 იანვარს. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით (17.01.2018), რომლის მიხედვით, დაზარალებულ ფ-------------------ს მონაწილეობით, დათვალიერდა შემთხვევის ადგილი, უტყუარად არის დადასტურებული, რომ საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისას მასში მონაწილე დაზარალებულმა ფ-------------------მ თავად დეტალურად მიუთითა საძინებელ ოთახზე, სადაც მეუღლემ - რ-–--------------მა მიაყენა მას ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, დაარტყა მას სახეში და დააგდო იატაკზე. სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ ფ-------------------ს გარეშე პირის დახმარებით წაეკითხა და თარჯიმნის მეშვეობით, მისთვის გასაგებ აზერბაიჯანულ ენაზე, ეთარგმნა შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, რომლის სისწორე დადასტურებულია თავად დაზარალებულის ხელმოწერით. სასამართლოსთვის, ასევე მნიშვნელოვანია ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმი (18.01.2018), რომლის მიხედვით, გამოკვლეული იქნა შემთხვევის ადგილის დათვალიერების ამსახველი ფოტომასალა, სადაც (ს.ფ. 22-ზე ზედა ჰორიზონტალურ ხაზზე მესამე და შუა ჰორიზონტალურ ხაზზე პირველ ფოტოსურათზე) ნათლად ჩანს დაზარალებული ფ-------------------, რომელიც ხელის მოქმედებით (თითის გაშვერით) უთითებს იმ ადგილებს, სადაც მისი მეუღლის მხრიდან განხორციელდა მასზე ფიზიკური ძალადობა. ამასთან, საყურადღებოა ის გარემოება, რომ შემთხვევის ადგილის დათვალიერება განხორციელდა დანაშაულის ჩადენიდან მალევე, რა დროსაც საგამოძიებო მოქმედების მონაწილეებს დანაშაულის ადგილზე კვლავ დახვდათ რ-–--------------ი, რომელიც იყო აგრესიული და მიუხედავად შემთხვევის ადგილზე არაერთი სამართალდამცავის ყოფნისა, კვლავ განაგრძობდა დაზარალებულის ლანძღვა- გინებას. ამასთან, დანაშაულის ადგილას სხვა პირის ყოფნა, გარდა რ-–---------------ისა, ვისაც შეეძლო ფ-------------------სთვის დაზიანებები მიეყენებინა, სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, არ დადგენილა.

 

გარდა ზემოაღნიშნული პირდაპირი მტკიცებულებებისა, სასამართლო, გამამტყუნებელი განაჩენისათვის აუცილებელი, მტკიცებულებათა ერთობლიობის ჭრილში, ასევე ითვალისწინებს მოწმეების (გამომძიებლების) - ლ--------------–---–ის, ი-----–----–----–---–ის, გ----------–---–---–ის და თ-----------ის ჩვენებებს, რომლებმაც ნახეს დაზარალებული ფ------------------- ინციდენტიდან მყისიერად, როდესაც ამ უკანასკნელს ჯერ კიდევ თვალნათლივ ეტყობოდა სახეზე ძალადობის კვალი (ცხვირზე აღენიშნებოდა დაზიანება), იყო აღელვებული, ტიროდა და დახმარებას ითხოვდა პოლიციისგან, შესაბამისად აღნიშნული გარემოებანი და პოლიციელთა ჩვენებები ასევე მიჩნეულ უნდა იქნეს როგორც პირდაპირი ხასიათის მტკიცებულებანი, რომლებსაც სასამართლო აფასებს როგორც ზედმიწევნით მყარს და სანდოს. საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ მოწმეებმა (გამომძიებლებმა) ლ-------------–---–მა, ი-----–----–----–---–მა, გიორგი ელიკაშვილმა, ასევე საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე ექსპერტმა გ-----------------–--ემ, ცალსახად დაადასტურეს, რომ შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას დაზარალებული ფ------------------- დეტალურად უთითებდა იმ ადგილებს, სადაც მასზე ფიზიკურად იძალადა მეუღლემ - რ-–--------------მა. სასამართლო, ასევე მიმოიხილავს მოწმის სახით დაკითხული ექსპერტის გ---–--------------–---–ის ჩვეენებას, რომელმაც სასამართლოს დაუდასტურა ის გარემოება, რომ სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარებისას - ფ------- ბ---------ამ პირადად განუმარტა მას, რომ დაზიანებები მას მეუღლემ - რ-–----------------მა მიაყენა, ასევე ექსპერტის პირადი შემოწმების მონაცემების თანახმად: - შემოწმების მომენტში ფ------------------- უჩიოდა ტკივილს სახისა და ცხვირის მიდამოში. სასამართლოსთვის საინტერესოა დაზარალებულის მოქმედებები გამოძიების საწყის ეტაპზე, როდესაც ფ------------------- თავად მივიდა პოლიციის განყოფილებაში, განაცხადა მის წინააღმდეგ მეუღლის მხრიდან განხორციელებული ძალადობის ფაქტზე, ასევე შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას თავად მიუთითა ის ადგილები, სადაც მასზე ძალადობდა რ-–--------------ი, რაც ცალსახად მიუთითებს გამოძიების საწყის ეტაპზე დაზარალებულის მტკიცე სურვილზე ეთანამშრომლა და დახმარებოდა გამოძიებას, ასევე დახმარება მიეღო თავად სამართალდამცავებისაგან, რაც სრულიად განსხვავდება მისი შემდგომი საქციელისგან, როდესაც დაზარალებულმა სასამართლოს არ მისცა ჩვენება. სასამართლოს მიაჩნია, რომ ფ-------------------ს ქმედებები ნამდვილად ჰგავს ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა კლასიკურ საქციელს, რომლებიც ძალადობის შემდგომ მუდმივ შიშსა და დაძაბულობაში განაგრძობენ ცხოვრებას. ამასთან, ფ-------------------ს შიში, არის არა ვირტუალური და გამოგონილი, არამედ სავსებით რეალურია, ვინაიდან რაშიდ და ფ------- ბ-----------ის მეზობლების - ე-–-------–-–---–ის და თ---------------ის ჩვენებებით, პოლიციისთვის შეტყობინებების და პოლიციის რეაგირების ოქმების საფუძველზე, სასამართლოს მეტად დამაჯერებლად მიაჩნია ის გარემოება, რომ ფ------------------- იყო სწორედ ოჯახური ძალადობის მსხვერპლი. ამდენად, სასამართლო ფაქტად იღებს იმ გარემოებას, რომ დაზარალებული, რომელიც არის ძალადობის მსხვერპლი, უკიდურესად შეშინებულია და მოძალადისგან მომავალი საფრთხის განეირტალებას (თვითგადარჩენას), მის მიმართ ლმობიერი პოზიციის დაკავებაში ხედავს, რამაც განაპირობა სწორედ მსხვერპლის პირვანდელი მტკიცე ნების - ხელი შეეწყო მართლმსაჯულების განხორციელებისთვის, რადიკალურად შეცვლა და სასამართლოში ჩვენების მიცემაზე უარის თქმა.

 

ფ-------------------ზე განხორციელებული ძალადობის შესაფასებლად, სასამართლო დაეყრდნო როგორც ობიექტურ, ასევე სუბიექტურ კრიტერიუმებს. კერძოდ, ობიექტური კრიტერიუმის შეფასებისას, სასამართლომ მხედველობაში მიიღო დაზარალებულის სახეზე (კერძოდ ცხვირზე) არსებული დაზიანება, რაც უტყუარად არის დადასტურებული მოგვიანებით ჩატარებული სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით და მოწმეების ი-----–----–----–---–ის, გ----------–---–---–ის, თ-----------ის ჩვენებებით, რომლის თანახმად დაზარალებულს პოლიციაში მისვლისას თვალნათლივ ეტყობოდა სახეზე დაზიანება. რაც შეეხება სუბიექტურ კრიტერიუმებს, სასამართლომ ყურადღება მიაქცია მოწმეების ლ------------–---–ის, ი-----–----–----–---–ის, გ----------–---–---–ის, თ-----------ის ჩვენებებს, რითაც დადასტურებულია, რომ დაზარალებული ფ------- ბ---------ა პოლიციაში მისვლისას იყო აღელვებული და ტიროდა. ამდენად, დაზიანების ლოკალიზაციის და მსხვერპლის დანაშაულის შემდგომი მდგომარეობის გათვალისწინებით, სასამართლოს ცალსახად დადასტურებულად მიაჩნია, რომ ფ-------------------სთვის მიყენებულმა დაზიანებამ გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი, რაც ასევე დასტურდება ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული პირადი შემოწმების მონაცემებით, რა დროსაც შემოწმების მომენტშიც კი ფ------------------- უჩიოდა ტკივილს სახისა და ცხვირის მიდამოში.

 

სააპელაციო პალატა ეთანხმება აგრეთვე პირველი ინსტანციის სასამართლოს არგუმენტაციას, რომ დადასტურებულია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ რ-–--------------მა ფ-------------------ს წინააღმდეგ დანაშაული ჩაიდინა მათივე არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, შემდეგ გარემოებათა გამო: დაბადების მოწმობა N01166114423-ის მიხედვით (29.12.2016), უტყუარად არის დადასტურებული ის ფაქტობრივი გარემოება, რომ რ-–--------------ის და ფ-------------------ს ვაჟი - მ------- ბ---------ი დაბადებულია 2016 წლის 24 დეკემბერს. ამდენად, დანაშაულის ჩადენის დროს - 2018 წლის 17 იანვარს იგი იყო 1 წლის (მცირეწლოვანი) და ასევე დადასტურებულია, რომ იგი ცხოვრობდა მშობლებთან ერთად. მოწმეების (გამომძიებლები) ლ------------–---–ის, თ-----------ის ჩვენებებით უტყუარად არის დადასტურებული ის ფაქტობრივი გარემოება, რომ დანაშაულის ჩადენისთანავე, როდესაც დაზარალებულმა ფ-------------------მ მყისიერად მიმართა პოლიციას, მას თან ჰყავდა მცირეწლოვანი შვილი. გასათვალისწინებელია, რომ მ------- ბ---------ი, დანაშაულის ჩადენის დროს, იყო 1 წლის, როდესაც ბავშვი, არ არის დამოუკიდებელი (უჭირს სიარული, ლაპარაკი) და მეტწილად დამოკიდებულია დედაზე, რომელთან ერთადაც ატარებს ძირითად დროს. ამდენად, სასამართლოს უტყუარად დადასტურებულად მიაჩნია ის გარემოება, რომ დედის მიმართ განხორციელებულ ძალადობას ესწრებოდა რაშიდ და ფ------- ბ-----------ის მცირეწლოვანი შვილი - მ------- ბ---------ი. ამასთან, სასამართლოსთვის საყურადღებოა ბ-----------ის მეზობლის - ე-–-------–-–---–ის ჩვენების ის ნაწილი, როდესაც მოწმემ დაადასტურა, რომ რ-–--------------ი დიდად არც ერიდებოდა მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით მეუღლეზე ძალადობას, ვინაიდან მათი ოჯახიდან ხშირად ისმოდა ჩხუბის და ბავშვის ტირილის ხმა.

 

სააპელაციო პალატა, პირველი ინსტანციის მსგავსად, ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის ვერსიას, რომ ბრალდება ემყარება მხოლოდ ირიბ ჩვენებებს, ყველა ჩვენება არის არა პირდაპირი, რადგან ფაქტის თვითმხილველი სხვა არავინ არ არის და სხვა არ ფლობს ისეთ მნიშვნელოვან ინფორმაციას, რაც შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს დაედოს საფუძვლად, რადგან დაზარალებულმა ისარგებლა კანონით მინიჭებული უფლებით, ხოლო მეზობლების ჩვენებები ზოგადი ხასიათისაა, ვინაიდან სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ გამომძიებლების - ლ------------–---–ის, ი-----–----–----–---–ის, გ----------–---–---–ის და თ-----------ის ჩვენებები არ უნდა იქნეს განხილული როგორც ირიბი ხასიათის მტკიცებულება, რადგან ეს მოწმეები ადასტურებენ, რომ დაზარალებული მათგან ითხოვდა დახმარებას, იყო აღელვებული, ტიროდა, სახეზე ეტყობოდა სიწითლეები, ამავდროულად ისინი მყისიერად გავიდნენ დაზარალებულთან ერთად შემთხვევის ადგილზე, სადაც დახვდა მოძალადე რომელიც კვლავ განაგრძობდა ფ-------------------ს შეურაცხყოფას. ასევე ბ-----------ის მეზობლების - ე-–-------–-–---–ის და თ---------------ის ჩვენებებზე დაყრდნობით (სადაც მიუთითებენ მათი მეზობლების - ბ-----------ის მხრიდან არაერთ კონფლიქტს და ბევრჯერ უნახავთ ფ------------------- ატირებული) სასამართლოს არ დაუდგენია ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები. კერძოდ, 2018 წლის 17 იანვარს, ფ-------------------ზე განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტი, სასამართლომ უტყუარად დაადგინა ასევე შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, სადაც დაზარალებული პირდაპირ უთითებდა სად (საძინებელ ოთახში) და როგორ (დაარტყა სახეში და დააგდო იატაკზე) იძალადა მასზე რ-–--------------მა და სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, რომელიც სრულ თანხვედრაშია შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმში დაზარალებულის მიერ მითითებულ ინფორმაციასთან და უტყუარად ადგენს, რომ ფ-------------------მ მასზე განხორციელებული ძალადობის შედეგად მიიღო სხეულის დაზიანება. რაც შეეხება შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმში დაზარალებულის მიერ მითითებული ინფორმაციის რ-–--------------ის საწინააღმდეგოდ გამოყენებას, სასამართლო აღნიშნავს, რომ დაზარალებულს, რომელიც იმავდროულად იყო რ-–--------------ის მეუღლე და ითვლებოდა მის ახლო ნათესავად, ჰქონდა უფლება არ მიეცა ჩვენება მის წინააღმდეგ, თუმცა დაზარალებულის მიერ ამ უფლებით სარგებლობა, ხელს ვერ შეუშლის, მის მიერ საგამოძიებო მოქმედების ოქმში მითითებული ინფორმაციის ბრალდებულის საწინააღმდეგოდ გამოყენებას, ვინაიდან თვითინკრიმინაციისაგან დაცვის პრივილეგიით სარგებლობს მხოლოდ ბრალდებული და არა პროცესის ნებისმიერი სხვა მონაწილე, მაგალითად - დაზარალებული. სასამართლო აქვე მიუთითებს ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს 2011 წლის 11 მაისის კონვენციაზე (სტამბულის კონვენცია), რომლის 55-ე მუხლის მიხედვით, მხარეები უზრუნველყფენ, რომ ამ კონვენციის 35-ე, 36-ე, 37-ე, 38-ე და 39-ე მუხლების შესაბამისად დადგენილი დანაშაულის გამოძიება ან სისხლისსამართლებრივი დევნა არ იყოს მთლიანად დამოკიდებული მსხვერპლის მიერ შეტანილ განცხადებაზე ან საჩივარზე, თუ დანაშაული მთლიანად ან ნაწილობრივ მხარის ტერიტორიაზე იყო ჩადენილი და რომ სასამართლო პროცესი გაგრძელდეს მაშინაც კი, თუ მსხვერპლი გამოიტანს განცხადებას ან საჩივარს.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლით დადგენილი სტანდარტის შესაბამისად, სასამართლომ, მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში, კრიტიკულად შეისწავლა იმ პოლიციელთა ჩვენებები, რომლებიც დეტალურად აღწერდნენ ფ-------------------ს პოლიციის განყოფილებაში გამოცხადების ფაქტს, მის დაზიანებებს, იმას, თუ რას აცხადებდა დაზარალებული, ასევე შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას მის მოქმედებებს და განმარტებებს და მიაჩნია, რომ სასამართლოსთვის მნიშვნელოვან დეტალებთან დაკავშირებით მოწმეები იძლევიან თანმიმდევრულ ჩვენებებს, რომელთა შორის არსებული უმნიშვნელო განსხვავებები, ვერ დაუკარგავს მათ სანდოობას.

 

რაც შეეხება სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას და დაცვის მხარის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებულ მოსაზრებას, რომ აღნიშნული დასკვნით არ არის დადასტურებული რ-–--------------ის კავშირი დაზარალებულის დაზიანებასთან, სააპელაციო პალატა ეთანხმება აგრეთვე პირველი ინსტანციის სასამართლოს არგუმენტაციას და ცალსახად აღნიშნავს, რომ განსახილველ სისხლის სამართლის საქმეში არსებობს რ-–--------------ის მამხილებელი უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობა, გარდა სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნისა, რითაც უტყუარად დადასტურდა ფ-------------------ს სხეულზე არსებული დაზიანებები (ფიზიკური ძალადობის კვალი). ბრალდების მხარემ სასამართლოს წარუდგინა შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, სადაც დაზარალებული ზედმიწევნით უთითებდა, თუ ვინ და რა ვითარებაში მიაყენა მას ექსპერტიზის დასკვნით დადგენილი დაზიანება.

 

ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მსჯავრდებულ რ-–--------------ის მიერ განხორციელებულ ქმედებას. საქმეში არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული, ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება მსჯავრდებულ რ-–--------------ის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (ოჯახში ძალადობა, ჩადენილი არასრულწლოვანის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.

 

გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY, განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული”.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.

 

აღნიშნულის გათვალისწინებით პალატა მიიჩნევს, მსჯავრდებულ რ-–--------------ის ინტერესების დამცველი ადვოკატის მ----------------ს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის რაიონული სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლოს სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 19 ივნისის განაჩენი რ-–--------------ის მიმართ.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მსჯავრდებულ რ-–--------------ის ინტერესების დამცველი ადვოკატის მ----------------ს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;

 

თბილისის რაიონული სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლოს სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 19 ივნისის განაჩენი დარჩეს უცვლელი;

 

რ-–--------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით.

 

მსჯავრდებულ რ-–---------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა, გაუქმებულია.

 

მსჯავრდებულ რ-–--------------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავებიდან - 2018 წლის 17 იანვრიდან.

 

საქმეზე დართული საგნები და ნივთები:

დათვალიერების ამსახველი ფოტოსურათებით ერთ დისკად, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და მიექცევა აღსასრულებლად გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მ. ხოლოაშვილი