განაჩენი

სისხლის სამართლის 05.11.2018
საქმის ნომერი
330100117002229019
ინსტანცია
თარიღი
05.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 3-----------------

საქმე №1ბ/1172-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

29 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

 

თავმჯდომარე: მანუჩარ კაპანაძე

მოსამართლეები: კახაბერ მაჭავარიანი

ლევან თევზაძე

 

ნინო სოლომნიშვილის მდივნობით,პროკურორ - ა------–----ის,ადვოკატების - გ-------------–-ას, მ--------------–-კის,მსჯავრდებულ - ბ--------------ის მონაწილეობით,ქ. თბილისის პროკურატურის პროკურორ ა------–----ის და მსჯავრდებულ ბ--------------ის ადვოკატ გ-------------–-ას სააპელაციო საჩივრების საფუძველზე, ზეპირი მოსმენით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:

 

ბ----------------------------ის მიმართ, დაბადებული 19---–-–---------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი N-----------, ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული: ქ------–----------------------------------------------–------------------–----------------------------------–----------–------------ დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

 

აღწერილობითი-სამოტივაციო ნაწილი:

 

წარდგენილი ბარლდების მიხედვით:

 

ბ--------------ემ ჩაიდინა ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, არაერთგზის.

 

მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

 

ბ--------------ე 2013 წლის 19 აგვისტოს განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ დამნაშავედ იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის, სასჯელის სახედ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით, საიდანაც 3 (სამი) წელი დაუდგინდა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 3 (სამი) წელი ჩაეთვალა პირობითად, 4 (ოთხი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

2017 წლის 22 ნოემბერს, საღამოს საათებში, ქ.თბილისში, ს-------------------------- ტერიტორიაზე, ბ--------------ე თავს დაესხა სამარშუტო ტაქსის მძღოლს ტ------–-–---–---ს, მისი მართვის ქვეშ მყოფი „ო---–---------ს“ მარკის ავტომანქანაში, სახელმწიფო ნომერით - G-------- და ყელის გამოჭრის მუქარით გამოართვა მას 10 ლარი. ბ--------------ის დანაშაულებრივი ქმედებით დაზარალებულ ტ------–-–---–---ს მიადგა 10 ლარის მატერიალური ზიანი.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 6 აგვისტოს განაჩენით:

 

ბ--------------ის მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე.

 

ბ--------------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 19 აგვისტოს განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ბ--------------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით.

 

ბ--------------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2017 წლის 22 ნოემბრიდან.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენით დაადგინა, რომ:

 

ბ--------------ემ ჩაიდინა ქონების მესაკუთრის ქონებრივი დაზიანება მოტყუებით, თუ არ არის ამ კოდექსის 180-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები, არაერთგზის, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

ბ--------------ე 2013 წლის 19 აგვისტოს განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ დამნაშავედ იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და საბოლოო სასჯელის სახედ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით, საიდანაც 3 (სამი) წელი დაუდგინდა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 3 (სამი) წელი ჩაეთვალა პირობითად, 4 (ოთხი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

მიუხედავად აღნიშნულისა, 2017 წლის 22 ნოემბერს საღამოს საათებში, ბ--------------ემ მოტყუებით, შემდგომი გადახდის პირობით, ქონებრივი დაზიანების მიზნით, „ო---–---------ს“ მარკის სახელმწიფო ნომერის - G-------- სამარშუტო ტაქსით იმგზავრა ქ.თბილისში, ს-------------------------- ტერიტორიამდე, თუმცა მგზავრობის საფასური არ გადაიხადა, რის გამოც, დაზარალებულ ტ------–-–---–---ს მიაყენა მატერიალური ზიანი.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 6 აგვისტოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ქ.თბილისის პროკურატურის პროკურორმა ა------–----ემ და მსჯავრდებულ ბ--------------ის ადვოკატმა გ-------------–-ამ.

 

ბრალდების მხარემ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანა, ბ--------------ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და მისთვის სასჯელის განსაზღვრა აღნიშნული მუხლის სანქციის ფარგლებში.

 

აპელანტის მითითებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი. დაზარალებულმა ტ------–-–---–---მ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ ბრალდებულს მისთვის მგზავრობის საფასური არ გადაუხდია, თუმცა ეს გარემოება არ ყოფილა პოლიციისათვის მიმართვის საფუძელი. მას ძალიან შეეშინა ბ-------------ის მიერ მის მიმართ განხორციელებული ყაჩაღური თავდასხმის, ეგონა, რომ მოკლავდა და არ სურდა მსგავსი რამ სხვასაც გადაეტანა. დაზარალებულმა ყოველგვარი შელამაზების გარეშე აღწერა გარემოებები, იგი იყო გულწრფელი და მისი მიზანი შურისძება არ ყოფილა. ამასთან, დაზარალებულის ჩვენება შესაბამისობაშია პოლიციის თანამშრომლების ა-–-------–------–---–ის და გ----------------–--ის, ასევე მოწმე ზ---------------ის ჩვენებებთან და საქმეზე წარმოდგენილ არაერთ წერილობით მტკიცებულებასთან, რომელთა შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე უტყუარად დგინდება, რომ 2017 წლის 22 ნოემბერს ბ--------------ემ ტ------–-–---–--ის მიმართ განახორციელა ყაჩაღობა.

 

დაცვის მხარემ სააპელაციო საჩივრით ითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 06 აგვისტოს განაჩენის გაუქმება და ბ--------------ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა, შემდეგ გარემოებებზე მითითებით:

 

აპელანტის განმარტებით პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი, ვინაიდან მსჯავრდებულის დამნაშავედ ცნობის შესახებ სასამართლოს დასკვნა არ გამომდინარეობს საქმეზე შეკრებილ და სასამართლოზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობიდან. დაზარალებულის ჩვენებით აშკარად გამოირიცხება ბ--------------ის მიერ ქონებრივი ზიანის მიყენების განძრახვა, რაც ასევე გამორიცხა მსჯავრდებულმა ბ--------------ემ და თავად ბრალდების მხარემაც. თუმცა, მიუხედავად ამისა, სასამართლომ შეჯიბრებითობის პრინციპის საწინააღმდეგოდ, ისე მიიჩნია დაგენილად სსკ-ის 185-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების ჩადენა, რომ დაცვის მხარეს არ ჰქონია შესაძლებლობა, მოეპოვებინა მტკიცებულებები 185-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედებების უარსაყოფად, არ მისცემია შესაძლებლობა ამ მხრივ ჩამოეყალიბებია დაცვის პოზიცია, ამ კუთხით დაესვა კითხვები დასაკითხ პირთათვის. ამასთან, დაცვის მხარის განმარტებით, საქმეში არსებული მტკიცებულებებიც სრულ წინააღმდეგობაში მოდის მოსამართლის პოზიციასთან. განაჩენში სრულიად უსაფუძვლოდ იქნა უარყოფილი ბ--------------ის ჩვენება, რომელიც სრულ თანხვედრაშია დაცვის მხარის მიერ წარდგენილი მოწმეების ჩვენებებთან. განაჩენის გამოტანისას მოსამართლე დაეყრდნო არა სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებებს, არამედ ვარაუდს, თითქოს კობერიძეს უნდა გაეთვალისწინებინა, რომ შეიძლება მეგობარი არ დახვედროდა სახლში და ვერ მოეხერხებინა მგზავრობის საფასურის გადახდა. თუმცა, ეს ვარაუდიც არ მიუთითებს კობერიძის განზრახვაზე - არ გადაეხადა მგზავრობის საფასური. ეს ქმედება მხოლოდ მის დაუდევრობაზე მეტყველებს.

 

დაცვის მხარე ასევე აპელირებს, რომ წინააღმდეგობრივი მტკიცებულებების არსებობისას მოსამართლემ უსაფუძვლოდ უარყო ერთი და გაიზიარა მეორე მტკიცებულება, კერძოდ, არ გაიზიარა ბ--------------ის პოზიცია, რომ ის წინასწარ შეუთანხმდა ტაქსის მძღოლს თანხის ადგილზე მისვლის შემდეგ გადახდაზე და გაიზიარა ტ------–-–---–--ის ჩვენება, რომელიც უარყოფს აღნიშნულ შეთანხმებას. ის გარემოება, რომ ბ--------------ე არ დარჩა სააკაძის ქუჩაზე, მან გააჩერა სხვა ტაქსი და გააგრძელა მგზავრობა, ნათლად მიუთითებს მისი ჩვენების სისწორეზე, რომ მას ნამდვილად არ დახვდა მეგობარი სახლში, რომელსაც მისთვის ტაქსით მგზავრობის საფასური უნდა მიეცა.

 

სასამართლო სხდომაზე პროკურორმა ა------–----ემ მხარი დაუჭირა ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარს და მოითხოვა მისი დაკმაყოფილება.

 

მსჯავრდებულმა ბ--------------ემ და მისმა ადვოკატებმა მოითხოვეს გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

 

სააპელაციო პალატამ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრების მოთხოვნებს, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრების მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პალატა პირველ რიგში აღნიშნავს, რომ იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას ბ--------------ის ქმედების საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დაკვალიფიცირების თაობაზე და მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება; განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს; სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად, კერძოდ:

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა ტ------–-–---–---მ განაცხადა, რომ ჰყავს „O----------“-ს მარკის ავტომობილი სახ. ნორით G-------- და მუშაობს ტაქსის მძღოლად. 2017 წლის 22 ნოემბერს, 21:00 საათიდან, 22:00 საათამდე პერიოდში გადაადგილდებოდა თბილისში, სანაპიროზე, რა დროსაც გააჩერა მისთვის უცნობმა პიროვნებამ, შეუთანხმდა მგზავრობის საფასურზე - ხუთ ლარზე და ჩაჯდა ავტომანქანაში. საბჭოს ქუჩაზე ყოფნისას მგზავრს კითხა, თუ საით გაეგრძელებინა გზა, რაზეც მიიღო პასუხი, რომ მიეყვანა ქარვასლასთან მდებარე სკოლასთან. მითითებული ადგილიდან მოძრაობა გააგრძელა დადიანის ქუჩის მიმართულებით, ჭოხონელიძისა და სააკაძის ქუჩის ასახვევთან, ავიდა მარჯვენა მხარეს აღმართზე, შემდეგ შეუხვიეს ხელმარცხნივ და რამდენიმე მეტრში გააჩერებინა ავტომანქანა. მგზავრმა მოსთხოვა ჩაექრო ძრავა, რაზეც დაემორჩილა. სწორედ ამ დროს მგზავრმა მარცხენა ხელით გააკეთა მოძრაობა ზემოდან ქვემოთ, თითქოს ქურთუკის სახელოდან რაღაც ნივთი გამოიღო და მძღოლს მიმართა: „ძებნილი ბიჭი ვარ, ძალიან საშიში პიროვნება ვარ, ახალგაზრდა ბიჭი ხარ და ყელი არ გამომაჭრევინო, რაც გაქვს ფული ამოიღე და მომეციო“. მარცხენა ხელი კისერზე მოჰკიდა, ხოლო მარჯვენა ხელი გულის არეში მოუჭირა. ვინაიდან ყელზე სიცივე იგრძნო, აღიქვა, რომ ყელზე ედო რკინისმაგვარი საგანი, თუმცა რა იყო ეს ნივთი, არ დაუნახავს. საფერფლეში ედო თანხა, 16 ლარი, ხელით ამოიღო ორი ხუთ ლარიანი კუპიურა და გადასცა, რის შემდეგაც მგზავრი გადავიდა ავტომანქანიდან. იყო ძალიან შეშინებული, უნდოდა პოლიციაში დარეკვა, მაგრამ შიშისგან ვერ ლაპარაკობდა, მოატრიალა ავტომანქანა და მანქანიდან გადასულ მგზავრს გაჰყვა უკან - 10-12 მეტრის სიშორით, ისე, რომ ფარები არ ჩაურთავს. მგზავრს არსად არ შეუვლია, ნელი ნაბიჯებით ჩავიდა დადიანის ქუჩაზე მარცხენა მხარეს, გააჩერა ტაქსი - ვერცხლისფერი „O----------------------------“ და ჩაჯდა წინა მარჯვენა მხარეს. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მგზავრი თვალთახედვის არიდან არ დაუკარგავს, ამჯერადაც უკან გაჰყვა ტაქსს. ამ დროს გადაუსწრო საპატრულო პოლიციის ავტომანქანამ, რომელსაც ყურადღების მიქცევის მიზნით დაუწყო ხმოვანი სიგნალების და შუქების ანთება. როდესაც მოახერხა პატრულის თანამშრომლების ყურადღების მიქცევა, გადავიდა ავტომანქანიდან, მიაწოდა ავტომობილის მონაცემები და უთხრა, რომ მასში მჯდომმა პიროვნებამ დააყაჩაღა. ჩაჯდა პატრულის ავტომანქანაში და განახორციელეს დევნა ტაქსის მისამართით, რომელშიც იჯდა ბრალდებული. საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა დაახლოებით 100 მეტრში შეაჩერეს მის მიერ მითითებული ტაქსი. მათ აღნიშნული პიროვნება გადმოიყვანეს ავტომანქანიდან, დაადგინეს ვინაობა და გაირკვა, რომ იყო ბ--------------ე. მან (ტ------–-–---–---მ) სამართალდამცავებს დაუდასტურა, რომ ბ--------------ე იყო ნამდვილად ის პიროვნება, ვინც წაართვა ფული. მას ეცვა ტყავის ქურთუკი, მაისური, ჯინსის შარვალი და სპორტული ტიპის ფეხსაცმელი, თავზე ეხურა ნაჭრის ე.წ. „კ---–---ი“. მოწმემ დამატებით განმარტა, რომ როდესაც მგზავრმა დაადო ხელი, იგრძნო სიცივე, თუმცა ვერ ადასტურებს, თუ რა საგანი ჰქონდა ხელში, არ დაუნახავს. მან აღიქვა, რომ ეს იყო მეტალის საგანი, თუმცა არც ბასრი და არც მჩხვლეტავი პირი არ ჰქონია, ვინაიდან აღნიშნული საგნის შეხების შედეგად არანაირი დაზიანება არ მიუღია. პატრულის ავტომანქანაში ჩაჯდომამდე მგზავრი იყო მისი თვალთახედვის არეში და არ შეუნიშნავს, რომ რაიმე ნივთი ან ფულადი თანხა გადაეგდოს ავტომანქანიდან. ბ--------------ეს მისთვის მგზავრობის საფასური არ გადაუხდია.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ა-–-------–------–---–მა განაცხადა, რომ 2018 წლის 22 ნოემბერს, საღამოს საათებში მეწყვილესთან - გ----------------–--ესთან ერთად ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას ნახალოვკაში. როდესაც მოძრაობდნენ დადიანის და ბენდელიანის ქუჩების კვეთასთან, უკანა მხრიდან მიანათა ციმციმა შუქებმა და ისმოდა ხმოვანი სიგნალის ხმა. ავტომანქანის გაჩერების შემდეგ მიუახლოვდათ პიროვნება - ტ------–-–---–--- და განუმარტათ, რომ დააყაჩაღეს სააკაძის ქუჩაზე, ხოლო ყაჩაღობის ჩამდენი პირი იჯდა მათ წინ მოძრავ ვერცხლისფერი „ოპელ ომეგას“ მარკის ავტომანქანაში. დაზარალებული ჩასვეს ავტომანქანაში და განახორციელეს დევნა ხსენებული ტაქსის მიმართულებით, რომელიც გააჩერეს დაახლოებით 50-60 მეტრში. იარაღმომარჯვებული გადავიდა ავტომანქანიდან, გადმოიყვანეს მასში მჯდომი მგზავრი და დაადგინეს, რომ იყო ბ--------------ე. დაზარალებულმა დაუდასტურა, რომ ეს იყო ნამდვილად ის პიროვნება, ვინც დააყაჩაღა და მის სახეს ვერასოდეს დაივიწყებდა. ამის შემდეგ ბ--------------ეს განუმარტეს უფლებები და დაკავებული იქნა ბრალდებულის სახით. მასვე ჩაუტარდა პირადი ჩხრეკაც, რის შედეგადაც კანონსაწინააღმდეგო ნივთი ან ფულადი თანხა ამოღებული არ ყოფილა. კითხვაზე - ბ--------------ეს ხომ არ გადაუგდია ავტომანქანიდან რაიმე საგანი, ტაქსის მძღოლმა ზ---------------მა უპასუხა, რომ არაფერი არ გადაუგდია. მოწმემ ასევე განმარტა, რომ როგორც დაზარალებულმა ტ------–-–---–---მ მოყვა, თავდამსხმელს თავზე ეხურა შავი ფერის ე.წ. „კ---–---ი“; მან მარცხენა ხელი მოხვია კისერზე, ხოლო მარჯვენა ხელი მიაბჯინა ყელზე და მიმართა სიტყვებით - „თუ არ გინდა ყელი გამოგჭრა, რაც გაქვს ფული მომეციო“. შეშინებულმა ტ------–-–---–---მ გადასცა საფერფლეში არსებული ფულადი თანხა, რის შემდეგაც ბ--------------ე ჩავიდა მისი ავტომანქანიდან.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ზ---------------მა განმარტა, რომ 2017 წლის 22 ნოემბერს, საღამოს საათებში მისი კუთვნილი „O----------------------------------------------“ მოძრაობდა თბილისში, დადიანისა და ბენდელიანის ქუჩების კვეთასთან, სადაც გააჩერა პიროვნებამ, ჩაუჯდა ავტომანქანაში და დაიწყეს მოძრაობა ნაძალადევის მეტროდან ახმეტელის მეტროს მიმართულებით. დაახლოებით კილომეტრნახევარში უკანა მხრიდან მიუახლოვდა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი და მოსთხოვეს მანქანის გაჩერება. სამართალდამცავების დანახვაზე მისმა მგზავრმა გაიხედ-გამოიხედა, შეიშმუშნა და ანერვიულდა. პოლიციელებმა აღნიშნული პიროვნება გადაიყვანეს ავტომანქანიდან. ამ დროს მათთან მივიდა მეორე ტაქსის მძღოლი, რომელმაც საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს დაუდასტურა, რომ სწორედ დაკავებულმა პირმა დააყაჩაღა. შემდეგ შემთხვევის ადგილზე მივიდნენ გამომძიებლები და ექსპერტები, რომელთა მიერ ჩატარებული იქნა მისი კუთვნილი ავტომანქანის დათვალიერება და ამოიღეს ანაბეჭდები. ზ---------------მა დამატებით განმარტა, რომ ბრალდებულს ტანთ ეცვა ქურთუკი, ხოლო თავზე ეფარა ე.წ. „კ---–---ი“. მის ხელში არც მანქანაში ჩაჯდომისას და არც შემდეგ ფულადი თანხა, დანა ან რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნივთი არ დაუნახავს. ავტომანქანაში ყოფნისას მისთვის თანხა არ მიუწოდებია და არც რაიმე მოძრაობა გაუკეთებია, იჯდა თავისთვის გაუნძრევლად. სიცივე იყო და ფანჯრის მინები აწეული ჰქონდათ, რომელიც არცერთ მათგანს არ ჩამოუწევია.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას ექსპერტებმა ა-–-----------------–---–-----–-–---------------–------------------–-–---------–---–-------------------------–---–----------------–-----–-–---–----------------–---------------------------------- დაადასტურეს მათ მიერ და მათი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო და სხვა საპროცესო მოქმედებების ჩატარების კანონიერება და სისწორე.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ა-----–-–---–-----მა განაცხადა, რომ რომ ცხოვრობს თბილისში, ს--------------ში. ბ--------------ე არის მისი ბავშვობის მეგობარი, რომლისგანაც სესხად აიღო 200 (ორასი) ლარი. 2017 წლის 22 ნოემბერს, დილით ბ--------------ე შეხვდა უბანში და სთხოვა თანხის დაბრუნება. შეთანხმდნენ, რომ საღამოს მიცემდა თანხას და შეძლო კიდეც 100 ლარის შეგროვება, თუმცა ვინაიდან ბ--------------ე დროულად არ მივიდა თანხის წასაღებად, თავადაც გადაავიწყდა და სტუმრად წავიდა ბიძაშვილთან. სავარაუდოდ, ბ--------------ე საღამოს მივიდა მის სახლთან, იფიქრა, რომ სახლში არ იმყოფებოდა, რადგან წასვლისას შუქი ჩააქრო, აღარ შეაწუხა მისი ავადმყოფი დედა და გაბრუნდა უკან. მისთვის მეორე დღეს გახდა ცნობილი, რომ ბ--------------ე დაკავებული იყო ტაქსის მძღოლთან მომხდარი შელაპარაკების გამო.

 

ა-----–-–---–-----ის სააკაძის ქუჩაზე ცხოვრების, ასევე მისი და ბ--------------ის მეგობრობის ფაქტი პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაადასტურა მოწმე გ----------------აც.

 

ბ--------------ემ წარდგენილ ბრალდებაში თავი არ ცნო დამნაშავედ და პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ 2017 წლის 22 ნოემბერს შეხვდა მეგობარს - ა-----–-–---–-----ს, რომლისგანაც თანხა ჰქონდა მისაღები. შეთანხმდნენ, რომ ა-----–-–---–-----ი იმავე დღეს - 21:00 საათიდან, 22:00 საათამდე გადასცემდა 100 ლარს. მოწმე დღის განმავლობაში იმყოფებოდა მეგობრებთან, შემდეგ კი გააჩერა ტაქსი და სთხოვა ნახალოვკაში 6 ლარად გაყვანა. ამასთან, წინასწარვე განუმარტა ტაქსის მძღოლს, რომ თანხა თან არ ჰქონდა და ადგილზე მისვლის შემდეგ გადაუხდიდა. მითითებულ მისამართზე მისვლისას მძღოლს ა-----–-–---–-----ის სახლის წინ გააჩერებინა მანქანა, გაიხედა და დაინახა, რომ სახლში სინათლე არ ენთო, მიხვდა, რომ ა-----–-–---–-----ი სახლში არ იყო, რის გამოც ტაქსის მძღოლს შესთავაზა მიეყვანა მუხიანში, თავის საცხოვრებელ სახლში და ერთად გადაუხდიდა ორივე მგზავრობის საფასურს. აღნიშნულზე მძღოლმა უარი უთხრა, რის გამოც წამოვიდა ფეხით და დაახლოებით 20 მეტრში გააჩერა სხვა ტაქსი. მანვე დამატებით განმარტა, რომ შემთხვევის დღეს ეცვა ტყავის ქურთუკი, ჯინსის შარვალი, თბილი ნაქსოვი ქუდი ე.წ. „კ---–---ი“ და სპორტული ფეხსაცმელი. ა-----–-–---–-----ს ტელეფონით არც მისვლამდე და არც მას შემდგომ არ დაკავშირებია, ვინაიდან ანგარიშზე თანხა არ ჰქონდა.

 

2017 წლის 27 ნოემბრის N--------------------------------------------------------------------------------------------------ის და ავტომანქანა „O----------“ სახ. N G---------ის წინა მარჯვენა სავარძლის საზურგე ადგილებიდან დაქტილოფირებით ამოღებულ ბოჭკოს მიკრონაწილაკებს შორის ბ--------------ის პულოვერის, ტყავის ქურთუკის, კაპიუშონის და ნაქსოვი კიდეს ქსოვილის შემადგენლობაში შემავალი ბოჭკოს მსგავსი მიკრონაწილაკები არ აღმოჩნდა. ავტომანქანა „O----------------------------ის და ავტომანქანა „O----------“ სახ. N G---------ის წინა მარჯვენა სავარძლის დასაჯდომი ადგილებიდან დაქტილოფირებით ამოღებულ ბოჭკოს მიკრონაწილაკებს შორის არსებული მუქი ფერის ბამბის და ლურჯი ფერის ბამბის ბოჭკოს მიკრონაწილაკები კონკრეტულად დატოვებულია თუ არა ბ--------------ის ჯინსის შარვლის ქსოვილიდან, დადგენა შეუძლებელია, ვინაიდან ჯინსის შარვლის ნაწარმი ფართოდ არის გავრცელებული, სერიული წარმოებისაა და ქსოვილში შემავალი ბოჭკოები ხასიათდებიან ერთგვაროვანი გვარეობითი ნიშნებით. დასკვნის სისწორე პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაადასტურა ექსპერტმა თეა მიქაძემ.

 

2017 წლის 04 დეკემბრის N--------- ოდოროლოგიური ექსპერტიზის თანახმად, სისხლის სამართლის N0----------- საქმეზე, მოქალაქე ტ------–-–---–---ზე განხორციელებული ყაჩაღური თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით, ოდოროლოგიურ ექსპერტიზაზე წარდგენილი ავტომანქანა „ოპელ-ვექტრა“ სახ. NG-------- და ავტომანქანა „ოპელ ომეგა“ სახ. N----------ის სავარძლიდან ამოღებული სუნის კვალის ნიმუშები იდენტურია 0--------- წელს დაბადებულ, ბრალდებულ ბ--------------ესგან (პ/ნ 0----------) ამოღებული სუნის კვალის ნიმუშის. დასკვნის სისწორე პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაადასტურა ექსპერტმა ბ-----------------მ.

 

2017 წლის 20 დეკემბრის ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის N0-------- დასკვნის თანახმად, პაკეტში, წარწერით: „...... ანაწმენდები 4 (ოთხი) ც ბიო ჩხირზე (სველი და მშრალი)... დადიანის N263-ის მიმდ ა/მანქანა სახ. ნომერი X-------“-ის დათვალიერება ყაჩაღობის ფაქტზე...“, მოთავსებულ ანაწმენდებზე არსებული ბიომასალის (ობ. N------------------–---–------------–----------------------–----------–--------------------------------------–--–-------–-------------------------------------––---------------------------------------–---–----------------–----------–------რთ) ცალ ბამბისთავიან ბიოლოგიურ ჩხირზე არსებული ბ----------------------------ის დაბ. 03.12.1979 წ.-ის გენეტიკური თანამონაწილეობა არ ვლინდება. ამავე პაკეტში მოთავსებულ ანაწმენდებზე (ობ. N2; კონვერტები, წარწერებით: „...წინა მარჯვენა კარის საკეტის შიდა სახელურიდან...“) და პაკეტში, წარწერით: „ანაწმენდები 2 ც ბიოლოგიურ ჩხირზე (სველი და მშრალი) ...დადიანის N263-ის მიმდებარედ ავტომანქანა სახ. NX-------“-ის დათვალიერება ყაჩაღობის ფაქტზე...“, მოთავსებულ ანაწმენდებზე (ობ. N3; კონვერტები, წარწერებით: „...წინა მარჯვენა კარის საკეტის გარეთა სახელურიდან“) არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილები შერეულია და ლოკუსეში გამოვლენილ ალელთა სიჭარბის გამო, იდენტიფიკაციისათვის არაინფორმატიულია; პაკეტში, წარწერით: :...ანაწმენდები 3 ცალ მშრალ და 3 ცალ დანამულ ჩხირზე ამოღებული ავტომანქანა ოპელი სახ. NG---------დან...“, მოთავსებულ ანაწმენდებზე არსებული ბიომასალის (ობ. N4-6 გენეტიკური პროფილები შერეულია: ობ. N6-ის (კონვერტები, წარწერებით: „ავტომანქანის წინა მარჯვენა კარის შიდა ბერკეტიდან“) გენეტიკური პროფილის მაჟორული (ძირითადი) წილი ეკუთვნის ბ--------------ეს (ობ N7); ობ. N4-ის კონვერტები, წარწერებით: „...ავტომანქანის წინა მარჯვენა კარის გარე სახელურიდან“) გენეტიკურ პროფილში ბ--------------ის (ობ. N7) გენეტიკური თანამონაწილეობა არ ვლინდება: ობ. N5-ის (კონვერტები, წარწერებით: „...წინა მარჯვენა კარის შიდა სახელურიდან“) გენეტიკური პროფილი ლოკუსებში გამოვლენილ ალელთა სიჭარბის გამო, იდენტიფიკაციისთვის არაინფორმატიულია. დასკვნის სისწორე პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაადასტურა ექსპერტმა ი------------ემ.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა: მოწმე გ----------------–--ის დაკითხვის ოქმი; ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმი; ტ------–-–---–--ის ავტომანქანის დათვალიერების ოქმი; ნიმუშის აღების ოქმები; 2013 წლის 19 აგვისტოს განაჩენი ბ--------------ის მიმართ; ზ---------------ის ავტომანქანის დათვალიერების ოქმი, რომლებიც მხარეების მიერ მიჩნეული იქნა უდავო მტკიცებულებებად.

 

ამდენად, ზემოაღნიშნული ჩვენებებისა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების შეფასების საფუძველზე, სასამართლომ უნდა უზრუნველყოს მოცემულ საქმეზე სამართლებრივად სწორი და კანონიერი გადაწყვეტილების მიღება. პალატა აღნიშნავს, რომ საქმის კანონიერი გადაწყვეტა ემყარება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, რომელთა გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე ხდება საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა. ფაქტობრივი გარემოებების სწორ დადგენაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ ქმედებისათვის სწორი იურიდიული კვალიფიკაციის მიცემა. აღნიშნულიდან გამომდინარე, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სასამართლოს მიერ საქმეზე ფაქტების კვალიფიციურ დადგენას, საქმეში დაცული მტკიცებულებების, მოწმეთა ჩვენებების სწორ შეფასებას.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულებები უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით; ხოლო მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

პალატა განმარტავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი გულისხმობს ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც ნეიტრალურ და გონივრულად მოაზროვნე პირს დაარწმუნებდა ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში; ამასთან, მტკიცებულებათა დამაჯერებლობის ხარისხი უნდა იყოს საკმაოდ მაღალი და ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს. სასამართლო აქვე ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.

 

პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს არგუმენტაციას და განმარტავს, რომ საქმეზე გამოკვლეული და გამოკველვის გარეშე უდავოდ მიჩნეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით უტყუარად ვერ იქნა დადგენილი ბ--------------ის მიერ ტ------–-–---–---ზე, მისი მოძრავი ქონების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით თავდახსმის ფაქტი, რაც განხორციელდა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით. მოცემულ შემთხვევაში პალატა განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს დაზარალებულის ჩვენებას, მის თანმიმდევრულობასა და შესაბამისობას საქმეზე დადგენილ სხვა ფაქტობრივ გარემოებებთან და განმარტავს, რომ ტ------–-–---–--ის ჩვენება არ არის დამაჯერებელობას მოკლებული, არსებითი ხასიათის წინააღმდეგობები, რაც მის მიერ სასამართლოსათვის მიწოდებულ ინფორმაციაში ეჭვის შეტანი საფუძველს შექმნიდა, არ გამოვლენილა; თუმცა ცალკე აღებული, მხოლოდ დაზარალებულის ჩვენებით შეუძლებელია უტყუარად დადგინდეს მსჯავრდებულის მიერ ყაჩაღობის ჩადენის ფაქტი. როგორც ზემოთ აღინიშნა, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. ხოლო ბ--------------ის მიერ ტ------–-–---–--ის კუთვნილი ფულადი თანხის დაუფლების ფაქტთან დაკავშირებით, ამ უკანასკნელის ჩვენება საქმეზე წარმოდგენილ სხვა მტკიცებულებებთან კავშირში, არ ქმნის შეთანხმებულ და დამაჯერებელ ერთობლიობას წარდგენილ ბრალდებაში პირის დამნაშავედ ცნობისათვის. ამასთან, ხაზი უნდა გაესვას დაზარალებულის პოზიციას მსჯავრდებულის ხელში ცივი იარაღის დანახვასთან დაკავშირებით. ტ------–-–---–---მ ნათლად მიუთითა, რომ როდესაც თავდამსხმელმა დაადო ხელი, იგრძნო სიცივე, თუმცა არ დაუნახავს, თუ რა საგანი ჰქონდა მას ხელში, არც მისი ბასრი და არც მჩხვლეტავი პირი უგრძვნია. ამდენად, დაზარალებულის ჩვენებიდან უტყუარად ვერ დგინდება მსჯავრდებულს ეკავა თუ არა ხელში დანა ან სხვა სახის იარაღი და ნამდვილად დაადო თუ არა ის კისრის არეში დაზარალებულს.

 

რაც შეეხება სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენილ სხვა მტკიცებულებებს: ბრალდების მხარე აპელირებას ახდენს პოლიციის თანამშრომლების, ექსპერტების, მოწმე ზ---------------ის ჩვენებებზე, საგამოძებო მოქმედებების ოქმებსა და ექსპერტიზის დასკვნებზე, როგორც ბ--------------ის მიერ ყაჩაღობის ჩადენის დამადასტურებელ მტკიცებულებებზე, რასაც სააპეალციო პალატა ვერ დაეთანხმება. აღნიშნული მტკიცებულებებით დასტურდება მხოლოდ ბ--------------ის მიერ ტ------–-–---–--ის ავტომანქანით მგზავრობის ფაქტი, ხოლო იმ საკითხის შეფასებისათვის, რომ სიცოცხლისა და ჯანმრთელობსიათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით ბ--------------ე დაეუფლა ტ------–-–---–--ის კუთვნილ 10 ლარს, ისინი პირდაპირი მტკიცებულების სტანდარს ვერ აკმაყოფილებენ და არ იძლევიან წარდგენილ ბრალდებაში პირის დამნაშავედ ცნობისათვის საკმარის ინფორმაციას.

 

ბ--------------ის პირადი ჩხრეკისას რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნივთი, მათ შორის ცივი ან ცეცხლსასროლი იარაღი, ასევე ფულადი თანხა არ ყოფილა ამოღებული. მოწმე ტ------–-–---–---მ დეტალურად აღწერა მსჯავრედებულის გაადაადგილება მისი ავტომობილიდან გადასვლის შემდეგ, ზ---------------ის ავტომობილში ჩაჯდომამდე; მიუთითა, რომ იგი მხედველობის არიდან არ დაუკარგავს და არც ის დაუნახავს, რომ მას რაიმე გადაეგდოს. ასევე, ბ--------------ის მიერ კანონსაწინააღმდეგო ნივთის ან ფულადი თანხის ხელში ჭერის ან გადაგდების ფაქტს უარყოფს მოწმე ზ---------------იც. სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენილი სხვა არცერთი მტკიცებულებიდან არ დგინდება, რომ 2017 წლის 22 ნოემბერს ბ--------------ე თავს დაესხა ტ------–-–---–---ს და ყელის გამოჭრის მუქარით გამოართვა 10 ლარი. ყოველივე აღნიშნულის ანალიზის საფუძველზე პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა სასამართლოში გამოკვლეულ მტკიცებულებებს. იმ ვითარებაში, როდესაც დაზარალებულის ჩვენების გარდა სახეზე არ არის სხვა სახის პირდაპირი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა ბ--------------ის მიერ სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალდობის გამოყენების მუქარით ტ------–-–---–---ზე თავდასხმის ფაქტს, მხოლოდ დაზარალებულის ჩვენების საფუძველზე ვერ მოხდება ბ--------------ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

 

მოცემულ შემთხვევაში, პალატა ასევე ვერ დაეთანხმება დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას ბ--------------ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენასთან დაკავშირებით და განმარტავს, რომ სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილი და გამოკვლეული მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება მსჯავრდებულ ბ--------------ის მიერ იმ ქმედების ჩადენა, რისთვისაც იგი დამნაშავედ ცნო პირველი ინსტანციის სასამართლომ; სახეზეა ყველა ის ნიშანი, რაც ახასიათებს აღნიშნულ დანაშაულს და რაც აუცილებელია მითითებული ბრალდებით პირის მსჯავრდებისათვის.

 

პალატა პირველ რიგში ყურადღებას გაამახვილებს დაცვის მხარის მიერ სადავოდ გამხდარი ქმედების გადაკვალიფიცირების საკითხზე და მიუთითებს, რომ აღნიშნულს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ერთის მხრივ იმიტომ, რომ პირს იმაზე მეტ დანაშაულში არ დაედოს მსჯავრი, რაც არ ჩაუდენია და, მეორე მხრივ, საერთოდ არ გამოირიცხოს პირს ბრალეულობა დანაშაულში. გადაკვალიფიცირება დასაშვებია მხოლოდ იმავე ხარისხის, ან მსუბუქ ბრალდებაზე.

 

სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზეც, რომელიც, გარკვეული პირობების დაცვის შემთხვევაში, კვალიფიკაციის ნაწილში ცვლილების შეტანას არ მიიჩნევს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა კონვენციის მე-6 მუხლის (სამართლიანი განხილვის უფლება) საწინააღმდეგოდ. კერძოდ, ევროპული სასამართლოს აზრით, იმის შეფასებისას სამართალწარმოება მთლიანობაში იყო თუ არა სამართლიანი, დანაშაულის კვალიფიკაციის შეცვლა არ არღვევს დაცვის მხარის უფლებებს, თუკი საქმის ზემდგომი ინსტანციაში განხილვისას მას მიეცემა თავის დაცვის საკმარისი საშუალებები. პირველ რიგში, ამისათვის მას უნდა მიეცეს საქმის გასაჩივრების უფლება და ახალი კვალიფიკაციის კანონიერებისა და დასაბუთებულობის შემოწმების საშუალება. გარდა ამისა, ევროპული სასამართლო დიდ ყურადღებას აქცევს იმ გარემოებას, თუ რამდენად შეიცვალა დანაშაულის მაფუძნებელი ნიშნები.

 

საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად დაგდენილი ფაქტია, რომ 2017 წლის 22 ნოემბერს, საღამოს საათებში, ბ--------------ემ იმგზავრა ტ------–-–---–--ის კუთვნილიც „ო---–---------ს“ მარკის სახელმწიფო ნომერის - G-------- ტაქსით ქ.თბილისში, ს-------------------------- ტერიტორიამდე, თუმცა მძღოლისათვის მგზავრობის საფასური არ გადაუხდია. აღნიშნული დაადასტურა თავად მსჯავრდებულმაც, რომლის განმარტებითაც, ტ------–-–---–--ის ტაქსში ჩაჯდომისას მას ფულადი თანხა თან არ ჰქონდა.

 

დაცვის მხარემ ბ--------------ის უდანაშაულობის დასადასტურებლად წარმოადგინა თავისი ვერსია, თუმცა ვერსია არგუმენტად რომ იქცეს, იგი გამყარებული უნდა იყოს კონკრეტული, ურთიერთდაკავშირებული და სარწმუნო მტკიცებულებებით. პალატისათვის დამაჯერებლობას მოკლებულია დაცვის მხარის მიერ განვითარებული მსჯელობა, რომ თითქოს სააკაძის ქუჩაზე მცხოვრებ მეგობარს - ა-----–-–---–-----ს მსჯავრდებულისათვის უნდა მიეცა ვალის ნაწილი - 100 ლარი, საიდანაც იგი გადაიხდიდა ტაქსით მგზავრობის საფასურს. პალატა მიიჩნევს, რომ ბ--------------ის და მისი მეგობერების ჩვენებების გაზიარების საფუძველი არ არსებობს, ვინაიდან მათ მიერ გაჟღერებული გარემოებები აშკარად არასარწმუნოა და არ დასტურდება საქმეში წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულებით. ამ ნაწილში პალატა სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას და თვლის, რომ აღნიშნულ პირთა ჩვენებები ემსახურება მხოლოდ მსჯავრდებულისათვის მოსალოდნელი პასუხისმგებლობისაგან თავის არიდების მცდელობას. მიუხედავად იმისა, რომ ბ--------------ე არ იყო დარწმუნებული, დახვდებოდა თუ არა სახლში მეგობარი ა-----–-–---–-----ი და ნამდვილად მიიღებდა თუ არა მისგან თანხას, იგი ჩაჯდა ტ------–-–---–--ის ტაქსში, არ შეუთანხმდა, რომ თან არ ჰქონდა მგზავრობის საფასური და არც იმის შესახებ უნთვამს მძღოლისთვის, რომ მგზავრობის საფასურს გადაიხდიდა დანიშნულების ადგილზე მისვლისა და თანხის მეგობრისათვის გამორთმევის შემდეგ. ასევე, მიუხედავად არაერთი საშუალებისა, ბ--------------ეს არ უცდია წინასწარ დაკავშირებოდა ა-----–-–---–-----ს და მიეღო მისგან დანაპირები 100 ლარი, როგორც ამას თავად მსჯავრდებული აღნიშნავს.

 

პალატა კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ სრულად იზიარებს დაზარალებულ ტ------–-–---–--ის ჩვენებას, როგორც სარწმუნოს და დამაჯერებელს. მათ შორის იმ გარემოებებთან დაკავშირებით, როდესაც დაზარალებულმა განაცხადა, რომ ბ--------------ეს მისთვის მგზავრობის საფასური არ გადაუხია და არც წინასწარ შეთანხმებულან, რომ მას თანხა თან არ ჰქონდა. ამასთან, ბ--------------ის მიერ ტ------–-–---–--ის მოტყუებით ქონებრივი დაზიანების ფაქტთან დაკავშირებით, ამ უკანასკნელის ჩვენება საქმეზე წარმოდგენილ სხვა მტკიცებულებებთან კავშირში, ქმნის შეთანხმებულ და დამაჯერებელ ერთობლიობას პირის დამნაშავედ ცნობისათვის. ხოლო, ბ--------------ის მიერ ყაჩაღობის ჩადენის ფაქტის დასადასტურებლად ბრალდების მხარემ ვერ უზრუნველყო პირდაპირი ხასიათის გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ მტკიცებულებათა წარმოდგენა. აღნიშნულ ბრალდებასთან დაკავშირებით სახეზეა მხოლოდ დაზარალებულის ჩვენებიდან გამომდინარე შექმნილი ეჭვი, რომელიც უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.

 

რაც შეეხება ბ--------------ის მიერ ქმედების ჩადენას არაერთგზის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-15 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, არაერთგზისი დანაშაული ნიშნავს წინათ ნასამართლევი პირის მიერ ამ კოდექსის იმავე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის სხვადასხვა მუხლით გათვალისწინებული ორი ან მეტი დანაშაული მხოლოდ მაშინ ჩაითვლება არაერთგზის დანაშაულად, თუ ამის შესახებ მითითებულია ამ კოდექსის შესაბამის მუხლში. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად კი, დანაშაული არაერთგზის ჩადენილად არ ჩაითვლება, თუ კანონით დადგენილი წესით პირი წინათ ჩადენილი დანაშაულისთვის გათავისუფლებული იყო სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან, ანდა თუ მას წინათ ჩადენილი დანაშაულისთვის ნასამართლობა მოხსნილი ან გაქარწყლებული ჰქონდა.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 19 აგვისტოს განაჩენით: ბ--------------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2 ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოო ბ--------------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 6 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 3 (სამი) წელი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალა პირობითად, 4 (ოთხი) წლის გამოსაცდელი ვადით. ბ--------------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2013 წლის 18 ივნისიდან და სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლდა კალენდარულად - 2016 წლის 17 ივნისს, სასჯელის ვადის გასვლის გამო. დანაშაულის ჩადენის მომენტისათვის ბ--------------ეს ნასამართლობა მოხსნილი ან გაქარწყლებული არ ჰქონია და სახეზეა მის მიერ ქმედების ჩადენა არაერთგზის.

 

ამდენად, სააპელაციო სასამართლოს პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას, რომლის მიხედვითაც ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი იქნა მხოლოდ იმ პირდაპირი ხასიათის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც უტყუარად, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებენ, რომ ბ--------------ემ ჩაიდინა ქონების მესაკუთრის ქონებრივი დაზიანება მოტყუებით, თუ არ არის ამ კოდექსის 180-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები, არაერთგზის, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით. შესაბამისად, სახეზეა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლით დადგენილი დანაწესი - პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

რაც შეეხება მსჯავრდებულ ბ--------------ის მიმართ დანიშნულ სასჯელს, პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები და განაჩენთა ერთობლიობით განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი, რისი შეცვლის საფუძველიც არ არსებობს.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 6 აგვისტოს განაჩენი ბ--------------ის მიმართ, როგორც კანონიერი, სამართლიანი და დასაბუთებული, უნდა დარჩეს უცვლელი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

პროკურორ ანა კვიჟნაძის სააპელაციო საჩივარის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

მსჯავრდებულ ბ--------------ის და მისი ადვოკატის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;

 

უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 6 აგვისტოს განაჩენი;

 

ბ--------------ის მიმართ წარდგენილი ბრალდება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე.

 

ბ--------------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 19 აგვისტოს განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძვლეზე, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ბ--------------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით.

 

ბ--------------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2017 წლის 22 ნოემბრიდან.

 

ბ--------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.

 

ნივთიერი მტკიცებულებები:

 

ქიმიური ექსპერტიზის შესრულების შემდგომ გადაგზავნილი 3 (სამი) პაკეტი, რომლებშიც მოთავსებულია ბ--------------ის ტანსაცმელი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ დაუბრუნდეს ბ--------------ეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს, ხოლო ავტომანქანებიდან ამოღებული მიკრონაწილაკები, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ განადგურდეს.

 

ოდოროლოგიური ექსპერტიზის შესრულების შემდგომ გადაგზავნილი 3 (სამი) პაკეტი, რომელშიც მოთავსებულია ავტომანქანიდან ამოღებული სუნის ნიმუშები და ბ--------------ისგან აღებული სუნის ნიმუში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ განადგურდეს.

 

ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის შესრულების შემდგომ გადმოგზავნილი 4 (ოთხი) პაკეტი, რომლებშიც მოთავსებულია ბ--------------ის ნერწყვის ნიმუში და ავტომანქანებიდან აღებული ანაწმენდები, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ განადგურდეს.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

თავმჯდომარე: მ. კაპანაძე

 

მოსამართლეები: კ. მაჭავარიანი

 

ლ. თევზაძე