განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330310016001412083
საქმე N3ბ/2310-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
15 ნოემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე - შოთა გეწაძე
სხდომის მდივანი - გიორგი სანიკიძე
აპელანტი (მოსარჩელე) - ჯ--–--- ს-----ე;
აპელანტი (მოპასუხე) – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო;
წარმომადგენლები - მ----–-–--–-–---–ი;
მესამე პირი (ასკ–ს 16.2 მუხლი) - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი;
წარმომადგენელი - ა-------------ი;
დავის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება;
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილება.
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. ბათილად იქნას ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 23 მაისის №------- ბრძანება.
1.2. მოსარჩელე აღდგენილ იქნას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს პირველ განყოფილებაში პ--------–-------------ის თანამდებობაზე;
1.3. მოპასუხეს დაეკისროს მიუღებელი ხელფასის ანაზღაურება, 2016 წლის მაისის თვიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე პერიოდში.
2. მხარეთა პოზიცია:
2.1. მოპასუხის პოზიცია:
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, მხარი დაუჭირა საქმეზე წარმოდგენილ შესაგებელს და განმარტა, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის, მოსარჩელის სამსახურში აღდგენისა და იძულებითი განაცდურის გაცემის სამართლებრივი საფუძველი.
2.2. მესამე პირის პოზიცია:
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენელიც არ დაეთანხმა სარჩელს.
3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნები:
3.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
ჯ--–--- ს-----ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 23 მაისის №------- ბრძანება დისციპლინური წესით დასჯისა და შინაგან საქმეთა საქმინისტროდან დათხოვნის შესახებ. მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა; სარჩელი სხვა მოთხოვნების ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
3.2. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები:
3.2.1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი ჯ--–--- ს-----ის სამსახურის გავლის ნუსხით დგინდება, რომ ჯ--–--- ს-----ე (დაბ. 22.04.1982 წ.) 2008 წლის 10 მაისიდან მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში სხვადასხვა თანამდებობებზე (ს.ფ. 83-97).
3.2.2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის დასკვნის თანახმად - 2016 წლის 10 თებერვალს, შს სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში, შს სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტიდან შევიდა №------ მასალები, შს სამინისტროს მოსამსახურეების - ჯ--–--- ს-----ის და დ----- ჩ--------ის მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ფაქტზე. სამსახურებრივი შემოწმებით დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ: 1) 2015 წლის განმავლობაში, ქ. ბ------ში, პ--------–-------------ების - ჯ--–--- ს-----ის და დ----- ჩ--------ის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გაჩერებული იქნა ავტომანქანა, რომლის მძღოლს არ ჰქონდა მართვის უფლება. მას გაესაუბრა დ----- ჩ--------ე, გამონახეს საერთო ნაცნობი და მძღოლი, რომელიც არ იყო ავტომანქანის მესაკუთრე და რომელსაც დ----- ჩ--------ემ განუმარტა, რომ მსგავსი დარღვევისათვის გათვალისწინებული იყო ჯარიმა - 1 200 ლარის ოდენობით, შესაბამისი რეაგირების გარეშე იქნა გაშვებული. 2) სხვადასხვა დროს, მათ მიერ გაჩერებული იქნა 2 ავტომანქანა, რომელთა მძღოლები ავტომანქანის მართვისას სარგებლობდნენ მობილური კომუნიკაციის საშუალებით და ამავდროულად არ ჰქონდათ უსაფრთხოების ღვედი გამოყენებული. მათ მიმართ უნდა შეედგინათ საჯარიმო ქვითარი უფრო სერიოზული დარღვევისათვის - უსაფრთხოების ღვედის გამოუყენებლობისათვის, თუმცა შეუდგინეს მხოლოდ მობილური კომუნიკაციის საშუალებით სარგებლობისათვის. 3) 2015 წელს, დ----- ჩ--------ეს და ჯ--–--- ს-----ეს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, როდესაც ისინი იმყოფებოდნენ საპატრულო ავტომანქანაში და ეცვათ სამსახურებრივი ფორმა, ერთ-ერთ ბენზინგასამართ სადგურზე მისვლისას, ბენზინგასამართი სადგურის თანამშრომელმა შესთავაზა ყავა, რაზეც მათ უარი უთხრეს, თუმცა თხოვეს ეყიდა მათთვის სიგარეტი, რაც მოქალაქემ შეასრულა. 4) პ--------–-------------მა - ჯ--–--- ს-----ემ საპატრულო ავტომანქანიდან გადმოუსვლელად შენიშვნა მისცა სამართალდამრღვევ მოქალაქეს, ხოლო პ--------–-------------მა - დ----- ჩ--------ემ დამრღვევი მოქალაქე მოიხსენია შეურაცხმყოფელი სიტყვებით. 5) სხვადასხვა დროს, ისინი ოცეულის მეთაურს, რადიოსადგურის მეშვეობით აწვდიდნენ ცრუ ინფორმაციას, თითქოს მათ გადამოწმების მიზნით გაჩერებული ჰყავდათ ავტომანქანები და დაკავებული იყვნენ საქმით, რასაც რეალურად ადგილი არ ჰქონია, უბრალოდ მოძრაობდნენ ან იყვნენ გაჩერებული. 6) დ----- ჩ--------ე, ჯ--–--- ს-----ესთან პირად საუბარში უცენზურო სიტყვებით მოიხსენიებდა ოცეულის მეთაურს და რამდენიმე პ--------–-------------ს.
აღნიშნული ფაქტი დადასტურებულად იქნა ცნობილი შს სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტიდან 2016 წლის 10 თებერვალს შესული სამსახურებრივი ბარათით და თანდართული ვიდეო ჩანაწერებით.
2016 წლის 14 მარტს, სამსახურებრივი შემოწმების პროცესში გამოკითხულმა პ--------–-------------ებმა - ჯ--–--- ს-----ემ და დ----- ჩ--------ემ ახსნა-განმარტებაში დაადასტურეს ზემოაღნიშნული ფაქტები და გარემოებები. დ----- ჩ--------ემ, 2016 წლის 14 მარტის ახსნა-განმარტებაში განმარტა, რომ ვიდეო ჩანაწერებში ასახული მასალა მისი სამხრე კამერიდან იქნა ამოღებული, ამასთან დამატებით განმარტა, რომ: პირველ ფაქტთან დაკავშირებით, მისი მეწყვილისთვის - ჯ--–--- ს-----ისთვის არ უთქვამს, რომ მძღოლი ავტომანქანას მართავდა მართვის უფლების მოწმობის გარეშე და აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღო დამოუკიდებლად. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, ლ. გ--------მ, რომელიც მართვის უფლების გარეშე მართავდა ავტომანქანას, განმარტა, რომ დ----- ჩ--------ემ იგი გაათავისუფლა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან მას შემდეგ, რაც განუმარტა, რომ მუშაობდა პროფილაქტიკაში ხელოსნად; მე-2 ფაქტთან დაკავშირებით, ერთ შემთხვევაში მძღოლის გულწრფელი აღიარების გამო, ხოლო მეორე შემთხვევაში ორსული მძღოლის გამო შეადგინა ჯარიმა მხოლოდ მობილური ტელეფონით სარგებლობისათვის და არა უსაფრთხოების ღვედის გამოუყენებლობისათვის; მე-3 ფაქტთან დაკავშირებით მიუთითა, რომ აღნიშნული შემთხვევა მოხდა „რ------------–ის“ ბენზინგასამართ სადგურზე და მითითებულ პიროვნებასთან აქვს მეგობრული ურთიერთობა, ხოლო რაიმე სახის დაინტერესებას ადგილი არ ჰქონია; მე-5 ფაქტთან დაკავშირებით მიუთითა, რომ ცრუ შეტყობინებები განახორციელა იმ მოტივით, რომ ხელმძღვანელობას სცოდნოდა, რომ იგი მუშაობდა. დ----- ჩ--------ემ ასევე დაადასტურა მე-4 და მე-6 ფაქტები.
ამდენად, გენინსპექციის დასკვნის თანახმად, პოლიციის კაპიტანმა - ჯ--–--- ს-----ემ და პოლიციის ლეიტენანტმა - დ----- ჩ--------ემ ჩაიდინეს შს სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ (სამსახურებრივ მოვალეობათა შეუსრულებლობა), „დ“ (ზნეობრივი და ეთიკური ნორმების წინააღმდეგ, მოსამსახურის ან დაწესებულების დისკრედიტაციისაკენ მიმართული უღირსი საქციელი განურჩევლად იმისა, სამსახურშია ჩადენილი თუ მის გარეთ) და „ვ“ (მოსამსახურისათვის შეუფერებელი ქმედება, რომელიც ლახავს სამინისტროს სისტემის ავტორიტეტს) ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომა.
შსს გენერალური ინსპექციის მიერ, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და ასევე იმის გათვალისწინებით, რომ პ--------–-------------ები - ჯ--–--- ს-----ე და დ----- ჩ--------ე ხასიათდებოდნენ უარყოფითად, მიზანშეწონილად იქნა მიჩნეულ მათ მიმართ გამოყენებულიყო - საქართველოს შს სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების მე-3 მუხლის „ზ“ პუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური სახდელი - სამსახურიდან დათხოვნა (ს.ფ. 45-60; 64-66).
3.2.3. შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს სახაზო-საპატრულო სამმართველოს უფროსის 2016 წლის 19 მაისის სამსახურებრივი დახასიათების თანახმად, საქართველოს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს სახაზო-საპატრულო სამმართველოს I განყოფილების (ბ------ი) პ--------–-------------ი - ჯ--–--- ს-----ე დაიბადა 1982 წელს ქ. ბ------ში, ეროვნებით ქართველი, შინაგან საქმეთა ორგანოებში მუშაობდა 2006 წლიდან, დაკავებულ თანამდებობაზე 2015 წლიდან. ჯ--–--- ს-----ე მასზე დაკისრებულ სამსახურებრივ მოვალეობებს ვერ ასრულებდა ჯეროვნად, მან მუშაობის პერიოდში თავი ვერ გამოიჩინა როგორც პრინციპულმა და შრომისმოყვარე მუშაკმა. მას არა აქვს პასუხისმგებლობის გრძნობა, უხარისხოდ ასრულებს ხელმძღვანელობის დავალებებს და ბრძანებებს. მოქალაქეებთან მიმართებაში არ არის თავაზიანი, ცუდად ფლობს სამსახურებრივი საჭირობიდან გამომდინარე საკანონმდებლო აქტებს, შს სამინისტროს მარეგლამენტირებელ ბრძანებებს, ინსტრუქციებს და დირექტიულ წერილებს. ჯ--–--- ს-----ე ხელმძღვანელობასა და პირად შემადგენლობას შორის სარგებლობს ცუდი ავტორიტეტით (ს.ფ. 61).
3.2.4. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 23 მაისის №------- ბრძანების თანახმად, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №989 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების“ მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ (სამსახურებრივ მოვალეობათა შეუსრულებლობა), „ვ“ (მოსამსახურისათვის შეუფერებელი ქმედება, რომელიც ლახავს სამინისტროს სისტემის ავტორიტეტს) და „დ“ (ზნეობრივი და ეთიკური ნორმების წინააღმდეგ, მოსამსახურის ან დაწესებულების დისკრედიტაციისაკენ მიმართული უღირსი საქციელი განურჩევლად იმისა, სამსახურშია ჩადენილი თუ მის გარეთ) ქვეპუნქტების, ამავე წესდების მე-3 მუხლის „ზ“ პუნქტის (სამსახურიდან დათხოვნა), „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ე“ და „ნ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს სახაზო-საპატრულო სამმართველოს I განყოფილების (ბ------ი) პ--------–-------------ი, პოლიციის კაპიტანი - ჯ--–--- ს-----ე (პ/ნ: 6----------) გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილ იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროდან საქართველოს სამხედრო ძალების რეზერვში. აღნიშნული ბრძანების მიღების საფუძვლად მითითებული იქნა: შსს გენერალური ინსპექციის დასკვნა (ელ. ვერსია №------- – 20.05.2016წ.) (ს.ფ. 14).
3.3. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
სასამართლომ მიუთითა გენერალური ინსპექციის მიერ გამოვლენილ დარღვევებზე, რაც მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველი გახდა. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა მოსარჩელის მეწყვილის - დ----- ჩ--------ის 2016 წლის 14 მარტის ახსნა-განმარტებაზე, სადაც მან დასკვნაში მითითებულ თითოეულ ფაქტთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა. კერძოდ, პირველ ფაქტთან დაკავშირებით განმარტა, რომ მას ჯ--–--- ს-----ისთვის არ უთქვამს, რომ მძღოლი ავტომანქანას მართავდა მართვის უფლების მოწმობის გარეშე და აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღო დამოუკიდებლად. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, ლ. გ--------მ, რომელიც მართვის უფლების გარეშე მართავდა ავტომანქანას დაადასტურა აღნიშნული ფაქტი და განმარტა, რომ დ----- ჩ--------ემ იგი გაათავისუფლა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან მას შემდეგ, რაც განუმარტა, რომ მუშაობდა პროფილაქტიკაში ხელოსნად; მე-2 ფაქტთან დაკავშირებით, ერთ შემთხვევაში მძღოლის გულწრფელი აღიარების გამო, ხოლო მეორე შემთხვევაში ორსული მძღოლის გამო შეადგინა ჯარიმა მხოლოდ მობილური ტელეფონით სარგებლობისათვის და არა უსაფრთხოების ღვედის გამოუყენებლობისათვის; მე-3 ფაქტთან დაკავშირებით განმარტა, რომ აღნიშნული შემთხვევა მოხდა „რ------------–ის“ ბენზინგასამართ სადგურზე და მითითებულ პიროვნებასთან აქვს მეგობრული ურთიერთობა, ხოლო რაიმე სახის დაინტერესებას ადგილი არ ჰქონია; მე-4 და მე-6 ფაქტი დაადასტურა; მე-5 ფაქტთან დაკავშირებით მიუთითა, რომ ცრუ შეტყობინებები განახორციელა იმ მოტივით, რომ ხელმძღვანელობას სცოდნოდა, რომ იგი მუშაობდა.
ზემოაღნიშნული განმარტებების გათვალისწინებით სასამართლომ მიიჩნია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ დასკვნაში გამიჯნული არ არის მასში მითითებული დარღვევების ჩადენაზე პასუხისმგებელი პირები. კერძოდ, დასკვნაში მოცემულია კონკრეტული დარღვევების თაობაზე, თუ რაში გამოიხატა თითოეული მათგანი, თუმცა აღნიშნულ დარღვევებზე პასუხისმგებლობა თანაბრად იქნა გადანაწილებული დასკვნაში მითითებულ ორივე პირზე და ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ მომხდარა თითოეულ დარღვევაზე ინდივიდუალური პასუხისმგებლობის დაკისრება.
საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ჯ--–--- ს-----ის მიმართ ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული დისციპლინური სახდელის შეფარდებისას სარგებლობდა დისკრეციული უფლებამოსილებით. აღნიშნულთან დაკავშირებით, სასამართლომ განმარტა, რომ სასამართლოს კონსტიტუციურ ვალდებულებას წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული დისკრეციული უფლებამოსილების გაკონტროლება, რომლის დადგენა უპირველესად მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთებიდან ხდება შესაძლებელი.
პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში დაუსაბუთებელია მოსარჩელის მიმართ უფრო მსუბუქი სახდელის გამოყენება რატომ ვერ უზრუნველყოფდა ჩადენილი გადაცდომისათვის სახდელის მიზნის მიღწევის შესაძლებლობას, რადგან სამსახურიდან განთავისუფლება, როგორც უკიდურესი ღონისძიება, უნდა იყოს ადეკვატური და დარღვევის სიმძიმის პროპორციული. მით უფრო იმ პირობებში, როდესაც გენერალური ინსპექციის დასკვნაში არ არის გამიჯნული ჯ--–--- ს-----ისა და მისი მეწყვილის - დ----- ჩ--------ის მიერ ჩადენილი დარღვევები და შესაბამისად არ არის შეფასებული მითითებულ დარღვევებთან დაკავშირებით პასუხისმგებლობის ხარისხი.
4. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა:
გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილება და მოსარჩელეს უარი ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
4.1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
სააპელაციო საჩივრის ავტორს მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არ გამოიკვლია საქმის ფაქტობრივი გარემოებები სრულად და ისე მიიღო გადაწყვეტილება.
აპელანტი მიუთითებს ჯ--–--- ს-----ის მხრიდან, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ჩადენილ სხვადასხვა სახის გადაცდომაზე, კერძოდ:
1.№1 CD დისკის პირველ ვიდეოჩანაწერში 11:17 წუთზე ჯ--–--- ს-----ე აჩერებს მანქანას თავის საცხოვრებელ ქუჩაზე და ავტომანქანიდან გადმოუსვლელად ესაუბრება ავტომანქანით გაჩერებულ მოქალაქეს, რომელსაც ეუბნება "დალევის აბავში როგორ ხარ" და აგრძელებს მოძრაობას. ჯ--–--- ს-----ის აღნიშნული საუბარი გვაფიქრებინებს, რომ მოქალაქე იყო ნასვამი, რომელიც სარგებლობდა ავტომაქანით და არ მოახდინა მისი გადამოწმება სიმთვრალე-სიფხიზლეზე, ვინაიდან მისი ნაცნობი იყო დატოვა რეაგირების გარეშე აღიშნული ფაქტი;
2. №1 CD დისკის მე-2 ვიდეოჩანაწერში 13:30 წუთზე ჯ--–--- ს-----ე ეუბნება დ----- ჩ--------ეს, რომ შეჩერებულიყვნენ, ვინაიდან წითელზე გაიარა ავტომანქანამ. ჯ--–--- ს-----ე ესაუბრება მძღოლს დარღვევის შესახებ და რეაგირების გარეშე ტოვებს აღნიშნულს;
3. №2 CD დისკის მე-3 ვიდეოჩანაწერში 02:44 წუთზე ჯ--–--- ს-----ე რადიოსადგურს აწვდის ცრუ ინფორმაციას ვითომ ქ. ბ------ში ა---–-----–----ში ავტომანქანა გადაამოწმეს;
4. №2 CD დისკის მე-4 ვიდეოჩანაწერში 06:13 წუთზე დ----- ჩ--------ე ეუბნება ჯ--–--- ს-----ეს რომ სხვა გზით წასულიყვნენ გამოძახების ადგილისკენ და გამოერთვათ შეპირებული სიგარეტი მოქალაქისათვის;
5. №2 CD დისკის მე-4 ვიდეოჩანაწერში 11:14 წთ მოქალაქე "რ------------–ის" ბენზინგასამართ სადგურზე გადასცემს სიგარეტს დ. ჩ--------ეს, რომელსაც შეესწრო ჯ--–--- ს-----ეც;
6. №2 CD დისკში განთავსებულ მე-6 ვიდეოჩანაწერში დ----- ჩ--------ე აჩერებს ავტომანქანას, რომლის მძღოლსაც არ ეკეთა უსაფრთხოების ღვედი და საუბრობდა ტელეფონით, ხოლო მის მიმართ ჯ--–--- ს-----ემ გამოწერა ჯარიმა მხოლოდ ტელეფონზე საუბრისთვის;
7. №2 CD დისკის მე-7 ვიდეოჩანაწერში 05:24 წუთზე, ჯ--–--- ს-----ე ეუბნება თუ სად შეიძლებოდა ემოძრავათ ეკიპაჟის მანქანით და დ. ჩ--------ე პასუხობს, რომ შესულიყვნენ ჩიხში;
8. №2 CD დისკის მე-7 ვიდეოჩანაწერში 10:01 წუთზე ჯ--–--- ს-----ე უსახელებს დ. ჩ--------ეს ქუჩის სახელწოდებას (მ--–---–---–ი), ხოლო დ. ჩ--------ე რადიოსადგურს აწვდის ცრუ ინფორმაციას, ვითომ და მ--–---–---–ის ქუჩაზე ოპელი ჰყავთ შეჩერებული;
9. №2 CD დისკის მე-7 ვიდეოჩანაწერში 11:33 წუთზე, დ. ჩ--------ე ესაუბრება ჯ--–--- ს-----ეს მათ თანამშრომლებზე, რომლებსაც ჯ--–--- ს-----ე მოიხსენიებს შეურაცმყოფელი სიტყვებით;
10. №2 CD დისკის მე-7 ვიდეოჩანაწერში 12:22 წუთზე, დ. ჩ--------ე რადიოსადგურს აწვდის ცრუ ინფორმაციას, ვითომდა მანქანა გააჩერეს, არა და ჯ--–--- ს-----ე დროებით გადავიდა ავტომანქანიდან და ამის მიზეზით მოხდა მათი დროებით გაჩერება;
11. №2 CD დისკის მე-7 ვიდეოჩანაწერში 14:24 წუთზე, ჯ--–--- ს-----ე ესაუბრება დ. ჩ--------ეს მათ თანამშრომელ ვინმე მ------------ზე, რომელსაც მოიხსენიებს შეურაცმყოფელი სიტყვებით;
12. №2 CD დისკის მე-7 ვიდეოჩანაწერში 14:40 წუთიდან ჯ--–--- ს-----ე ესაუბრება დ. ჩ--------ეს მათ თანამშრომელ ვინმე ჯ-----ზე, რომელსაც მოიხსენიებს შეურაცმყოფელი სიტყვებით.;
13. მოსარჩელის მითითება, რომ მან არ იცის დ----- ჩ--------ეს უყიდა თუ არა მოქალაქემ სიგარეტი და არც ყოფილა ამ ფაქტის შემსწრე, არასწორია, ვინაიდან: ჯ--–--- ს-----ე მის ახსნა-განმარტებაში უთითებს, რომ "შეჩერებული ვართ რ------------–ის ბენზინგასამართ სადგურზე მე და დ. ჩ--------ე, რა დროსაც მამაკაცი აძლევს სიგარეტს დ. ჩ--------ეს აღნიშნული მამაკაცი არის დ. ჩ--------ის მეგობარი" აღნიშნულს ადასტურებს ასევე დ. ჩ--------ე თავის ახსნა-განმარტებაში და დასტურდება აგრეთვე №2 CD დისკის მე-4 ვიდეოჩანაწერში 11:14 წთ მოქალაქე "რ------------–ის" ბენზინგასამართ სადგურზე გადასცემს სიგარეტს დ. ჩ--------ეს.
14. №2 CD დისკში გათავსებულ მე-5 ვიდეოჩანაწერში ასევე დაფიქსირებულია მათ ახსნა-განმარტებებშიც 00:00 წთ-დან 00:36 წთ-მდე დაფიქსირებულია, რომ "დ----- ჩ--------ე აჩერებს მერსედესის მარკის ავტომანქანას და ეკითხება ეკეთა თუ არა ღვედი, ასევე ეკითხება სარგებლობდა თუ არა ტელეფონით, რაზეც მძღოლი ეუბნება, რომ არც ღვედი ეკეთა და ტელეფონითაც საუბრობდა, ამის შემდგომ მიდის დ----- ჩ--------ე ჯ--–--- ს-----ესთან ეუბნება, რომ არც ღვედი ეკეთა და ტელეფონითაც სარგებლობდა მარა ტელეფონისთვის გამოუწერე". ასევე, ამავე ვიდეო ჩანაწერში 07:05 წთ-დან ისმის, რომ ჯ--–--- ს-----ე ავტომანქანიდან ამჩნევს მოქალაქეს ღვედი რომ არ უკეთია და რეაგირების გარეშე ტოვებს ამ ფაქტს. ასევე, №2 CD დისკში განთავსებულ მე-6 ვიდეოჩანაწერში დ----- ჩ--------ე აჩერებს ავტომანქანას, რომლის მძღოლსაც არ ეკეთა უსაფრთხოების ღვედი და საუბრობდა ტელეფონით, ხოლო მის მიმართ გამოწერილ იქნა ჯარიმა მხოლოდ ტელეფონზე საუბრისთვის.
სააპელაციო საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ საჯარო სამსახურისა და განსაკუთრებით პოლიციის მიმართ საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბება და დაცვა წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს ლეგიტიმურ საჯარო ინტერესს, რამდენადაც საჯარო სამსახურის და განსაკუთრებით პოლიციის საქმიანობის ეფექტიანობა მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული საზოგადოების ნდობასა და საჯარო სამსახურის ავტორიტეტზე, ეს კი მიიღწევა შესაბამისი საჯარო მოსამსახურეებისა და პოლიციელების სათანადო ქცევითა და საქმიანობით.
5. ჯ--–--- ს-----ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა:
გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილება თანამდებობაზე აღდგენისა და განაცდურის დაკისრების ნაწილში: მოსარჩელე დაუყოვნებლივ აღდგენილ იქნეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს პირველი განყოფილების პ--------–-------------ის თანამდებობაზე. მოპასუხეს დაევალოს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი; მოპასუხეს დაეკისროს მიუღებელი ხელფასის ანაზღაურება 2016 წლის მაისის თვის სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე პერიოდში.
5.1. ჯ--–--- ს-----ის საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
სააპელაციო საჩივრის ავტორი მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ სასამართლოს მიერ მოპასუხე მხარეს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართ₾ებრივი აქტის გამოცემის მიზნით საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა და შეფასება, თუმცა აღნიშნული კუთხით მოპასუხის მიერ რაიმე სახის ღონისძიებები არ განხორციელებულა.
აპელანტი არ ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას მოპასუხისათვის განაცდური ხელფასის დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში და მიუთითებს ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლზე, რომელიც მოხელის თანამდებობაზე აღდგენის შემთხვევაში საჯარო დაწესებულებას აკისრებს განაცდური თანამდებობრივი სარგოს და საკლასო დანამატის ანაზღაურების ვალდებულებას.
6. სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები ნაწილობრივ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების შემადგენლობას, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, როდესაც არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძვლები (სსსკ-ის 394-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევები), სააპელაციო სასამართლოს შეუძლია თვითონ გამოიტანოს გადაწყვეტილება, რა დროსაც სსსკ-ის 386-ე მუხლის მიხედვით გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
6.2. სააპელაციო სასამართლო მიუთითებს პირველი ინსტანციის მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე და სამართლებრივი შეფასების თვალსაზრისით აღნიშნავს შემდეგს:
დავის ძირითადი საგანია ჯ--–--- ს-----ის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების კანონიერება, სამსახურში აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება. სადავო აქტით შეიზღუდა მოსარჩელის - ჯ--–--- ს-----ის შრომითი უფლება. მნიშვნელოვანია დადგინდეს უფლებაში ჩარევას ჰქონდა თუ არა სათანადო გამართლება.
საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლი იცავს შრომის თავისუფლებას. დასახელებული ნორმით დაცულია არამარტო უფლება, პირმა აირჩიოს სამუშაო, არამედ ასევე უფლება, განახორციელოს, შეინარჩუნოს და დათმოს ეს სამუშაო (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება N2/2-389,26.10.2007).
სქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი პუნქტით, საქართველოს ყველა იმ მოქალაქისათვის, რომელიც კანონის მოთხოვნებს აკმაყოფილებს, გარანტირებულია სახელმწიფო სამსახურში ნებისმიერი თანამდებობის დაკავების უფლება, ხოლო საჯარო სამსახურში მიღების პირობები განსაზღვრულია კანონით, რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე საჯარო სამსახურში მიღებისას, თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში თუ საჯარო სამსახურიდან გათავისუფლების დროს, დაცულია რაიმე სახის არამართლზომიერი, კანონსაწინააღმდეგო ჩარევისაგან.
ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 21-ე და 23-ე მუხლების მიხედვით, ყოველ ადამიანს აქვს უფლება უშუალოდ მონაწილეობდეს თავისი ქვეყნის მართვა-გამგეობაში და თანაბარ საფუძველზე შევიდეს თავისი ქვეყნის სახელმწიფო სამსახურში, აგრეთვე, ყველას აქვს შრომის სამართლიანი პირობებისა და უმუშევრობისაგან დაცვის უფლება, რაც გულისხმობს სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებას, მათ შორის არ დაუშვას პირის შრომითი პირობების იმგვარად დადგენა, რომელიც სახელმწიფო სამსახურში პირის შრომის უფლებას არამართლზომიერად შეზღუდავს.
პალატა განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო აქტებით გარანტირებული შრომის უფლება, მათ შორის გულისხმობს სახელმწიფოს ვალდებულებას, სათანადო, კანონიერი საფუძვლების გარეშე არ დაუშვას დასაქმებულთა მიმართ ისეთი ზომების გამოყენება, რაც სახელმწიფო სამსახურში პირის შრომის უფლებას არამართლზომიერად შეზღუდავს და ასევე, ხელი არ შეუშალოს პირს საკუთარი პიროვნების განვითარებაში. ამასთან, პალატა აღნიშნავს, რომ შრომის გარანტირებული უფლება არ არის აბსოლუტური და აღნიშნული უფლებით დაცული სფერო შესაძლებელია დაექვემდებაროს შეზღუდვას კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ლეგიტიმური მიზნითა და თანაზომიერების პრინციპის დაცვით. საქართველოს კანონმდებლობა შრომითი უფლების შეზღუდვის მკაცრად განსაზღვრულ შემთხვევებს ადგენს და შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოს მხოლოდ შესაბამის ფარგლებში, თავისი უფლებამოსილების კანონიერად, კეთილსინდისიერად განხორციელების გზით ანიჭებს ამ უფლების შეზღუდვის შესაძლებლობას. ამდენად, პალატამ, მოცემულ შემთხვევაში უნდა იმსჯელოს მოსარჩელე ჯ--–--- ს-----ის სამსახურიდან გათავისუფლებას ჰქონდა თუ არა კანონისმიერი საფუძვლები. სადავო აქტის კანონიერებისათვის უფლებაში ჩარევა უნდა იყოს გამართლებული.
დადგენილია, რომ ჯ--–--- ს-----ეს დაკავებული ჰქონდა შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს სახაზო-საპატრულო სამმართველოს I განყოფილების (ბ------ი) პ--------–-------------ის თანამდებობა. გათავისუფლების ფაქტობრივი საფუძველი გახდა შსს გენერალური ინსპექციის დასკვნაში ასახული მოსარჩელის მიერ ჩადენილი გადაცდომები, ხოლო სამართლებრივი საფუძველი - „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების“ მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ (სამსახურებრივ მოვალეობათა შეუსრულებლობა), „ვ“ (მოსამსახურისათვის შეუფერებელი ქმედება, რომელიც ლახავს სამინისტროს სისტემის ავტორიტეტს) და „დ“ (ზნეობრივი და ეთიკური ნორმების წინააღმდეგ, მოსამსახურის ან დაწესებულების დისკრედიტაციისაკენ მიმართული უღირსი საქციელი განურჩევლად იმისა, სამსახურშია ჩადენილი თუ მის გარეთ) ქვეპუნქტები.
სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ ჯ--–--- ს-----ის მიერ სამსახურებრივ მოვალეობათა შეუსრულებლობის, მოსამსახურისათვის შეუფერებელი ქმედებისა და მისივე მხრიდან სამსახურის დისკრედიტაციის მტკიცების მიზნით მნიშვნელოვანია გამოვლენილ იქნეს კონკრეტული ფაქტები, რომლებიც დააკმაყოფილებს აღნიშნულ კვალიფიკაციას. ამასთან, გამოვლენილი ფაქტობრივი გარემოებები უნდა დასტურდებოდეს უტყუარი მტკიცებულებებით.
დადგენილია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს დენერალური ინსპექციამ გამოავლინა და გათავისუფლების საფუძვლად მიუთითა კონკრეტული ქმდებები ჩადენილი მეწყვილე პ--------–-------------თა - ჯ--–--- ს-----ისა და დ----- ჩ--------ის მიერ. კერძოდ: 1) 2015 წლის განმავლობაში, ქ. ბ------ში, პ--------–-------------ების - ჯ--–--- ს-----ის და დ----- ჩ--------ის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გაჩერებული იქნა ავტომანქანა, რომლის მძღოლს არ ჰქონდა მართვის უფლება. მას გაესაუბრა დ----- ჩ--------ე, გამონახეს საერთო ნაცნობი და მძღოლი, რომელიც არ იყო ავტომანქანის მესაკუთრე და რომელსაც დ----- ჩ--------ემ განუმარტა, რომ მსგავსი დარღვევისათვის გათვალისწინებული იყო ჯარიმა - 1 200 ლარის ოდენობით, შესაბამისი რეაგირების გარეშე იქნა გაშვებული. 2) სხვადასხვა დროს, მათ მიერ გაჩერებული იქნა 2 ავტომანქანა, რომელთა მძღოლები ავტომანქანის მართვისას სარგებლობდნენ მობილური კომუნიკაციის საშუალებით და ამავდროულად არ ჰქონდათ უსაფრთხოების ღვედი გამოყენებული. მათ მიმართ უნდა შეედგინათ საჯარიმო ქვითარი უფრო სერიოზული დარღვევისათვის - უსაფრთხოების ღვედის გამოუყენებლობისათვის, თუმცა შეუდგინეს მხოლოდ მობილური კომუნიკაციის საშუალებით სარგებლობისათვის. 3) 2015 წელს, დ----- ჩ--------ეს და ჯ--–--- ს-----ეს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, როდესაც ისინი იმყოფებოდნენ საპატრულო ავტომანქანაში და ეცვათ სამსახურებრივი ფორმა, ერთ-ერთ ბენზინგასამართ სადგურზე მისვლისას, ბენზინგასამართი სადგურის თანამშრომელმა შესთავაზა ყავა, რაზეც მათ უარი უთხრეს, თუმცა თხოვეს ეყიდა მათთვის სიგარეტი, რაც მოქალაქემ შეასრულა. 4) პ--------–-------------მა - ჯ--–--- ს-----ემ საპატრულო ავტომანქანიდან გადმოუსვლელად შენიშვნა მისცა სამართალდამრღვევ მოქალაქეს, ხოლო პ--------–-------------მა - დ----- ჩ--------ემ დამრღვევი მოქალაქე მოიხსენია შეურაცხმყოფელი სიტყვებით. 5) სხვადასხვა დროს, ისინი ოცეულის მეთაურს, რადიოსადგურის მეშვეობით აწვდიდნენ ცრუ ინფორმაციას, თითქოს მათ გადამოწმების მიზნით გაჩერებული ჰყავდათ ავტომანქანები და დაკავებული იყვნენ საქმით, რასაც რეალურად ადგილი არ ჰქონია, უბრალოდ მოძრაობდნენ ან იყვნენ გაჩერებული. 6) დ----- ჩ--------ე, ჯ--–--- ს-----ესთან პირად საუბარში უცენზურო სიტყვებით მოიხსენიებდა ოცეულის მეთაურს და რამდენიმე პ--------–-------------ს.
სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ გენერალური ინსპექციის მიერ გამოვლენილი ქმედებები დასტურდება როგორც საქმეში წარმოდგენილი პ--------–-------------თა კუთვნილი სამხრე კამერების ჩანაწერებით, ასევე ჯ--–--- ს-----ისა და დ----- ჩ--------ის ახსნა-განმარტებებით. ჩადენილი გადაცდომები პ--------–-------------ებმა სადავოდ არ გახადეს და დაეთანხმნენ მას, თუმცა რიგ შემთხვევებზე ჯ--–--- ს-----ე აცხადებს, რომ მისთვის უცნობი იყო დ----- ჩ--------ის მიერ გამოვლენილი სამართალდარღვევა და მისი რეაგირების გარეშე დატოვება. სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს მოსარჩელის აღნიშნულ განმარტებას, მიაჩნია იგი პასუხისმგებლობისგან თავის არიდების მცდელობად და განმარტავს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება მოსარჩელის მონაწილეობა გამოვლენილ სამართალდარღვევათა მიმართ კანონით გათვალისწინებული ღონისძიების გამოუყენებლობაში. საგულისხმოა ამგვარ ქმედებათა სისტემატური ხასიათი. ფაქტობრივად, მოსარჩელე, რომელიც თავი სამსახურებრივი მოვალეობიდან გამომდინარე წარმოადგენდა სამართადამცავ ორგანოს, კონკრეტულ პირებს აძლევდა შესაძლებლობას დაერღვიათ კანონის იმპერატიული მოთხოვნები. აღნიშნული ქმედებით მოსარჩელე თავად ხდებოდა სამართალდამრღვევი, ვინაიდან არ ასრულებდა მასზე კანონით დაკისრებულ მოვალეობას. პალატა ყურადღებას მიაქცევს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სააპელაციო საჩვარს, სადაც დეტალურად არის მითითებული მოსარჩელის მიერ ჩადენილი არაერთი გადაცდომის ამსახველი ვიდეოჩანაწერის მონაცემები. აღნიშნულ პირობებში პალატისთვის ცხადი ხდება, რომ პ--------–-------------ის ჯ--–--- ს-----ის მიერ ნამდვილად იქნა ჩადენილი ის კონკრეტული გადაცდომები, რაც საფუძვლად დაედო მის გათავისუფლებას.
აქვე, მოცემულ ეტაპზე სააპელაციო პალატამ უნდა იმსჯელოს რამდენად თანაზომიერად იქნა შერჩეული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა - სამსახურიდან გათავისუფლება, ჩადენილ დარღვევებთან მიმართებით.
სააპელაციო პალატა მიუთითებს ,,პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლზე, რომლის თანახმად, საქართველოს პოლიცია არის სამინისტროს სისტემაში შემავალი, აღმასრულებელი ხელისუფლების განმახორციელებელი სამართალდამცავი დაწესებულებების სისტემა, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილებების ფარგლებში ახორციელებს პრევენციულ და სამართალდარღვევაზე რეაგირების ღონისძიებებს საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დასაცავად. მოცემული კანონის მე-8 მუხლით გათვალისწინებულია პოლიციელის საქმიანობის ძირითადი სახელმძღვანელო პრინციპები, კერძოდ პირველი პუნქტის თანახმად, პოლიციელი თავის საქმიანობაში განუხრელად იცავს ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვისა და პატივისცემის, კანონიერების, დისკრიმინაციის დაუშვებლობის, თანაზომიერების, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების, პოლიტიკური ნეიტრალობისა და პოლიციის საქმიანობის გამჭვირვალობის პრინციპებს. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, პოლიციელის მიერ საპოლიციო ღონისძიების პოლიციის საქმიანობის ძირითადი სახელმძღვანელო პრინციპების დარღვევით განხორციელება იწვევს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ პასუხისმგებლობას.
სააპელაციო პალატას ზემოაღნიშნულ სამართლებრივ ნორმათა შინაარსის გათვალისწინებით მიაჩნია, რომ სამართლებრივი სახელმწიფოს ფორმირების ერთ-ერთ მნიშვნელოვან საფუძველს წარმოადგენს კანონის აღსრულების მიზნით მოქმედი სამართალდამცავი ორგანო, რომელიც გვევლინება, როგორც საზოგადოების უსაფრთხოების გარანტად, რა მიზნითაც ზედამხედველობას ახორციელებს მართლწესრიგის დაცვაზე. კანონით რეგულირებული წესების უგულებელყოფის შემთხვევაში, სამართალდამცავი ორგანოს ვალდებულებაა მყისიერი რეაგირება, რაც განპირობებულია კვლავ საზოგადოების უსაფრთხოების დასაცავად. ძალოვანი სტრუქტურების მთავარი მიზანი მიუღწეველი აღმოჩნდება, თუკი კანონით დადგენილ წესრიგს თავად უწყების რიგითი წარმომადგენელი უგულებელყოფს, რომელიც საზოგადოებაში წარმოადგენს სამართალდამცავ ორგანოთა სახეს. პ--------–-------------თა პოზიტიურ ვალდებულებას წარმოადგენს კონტროლი განახორციელონ პირებზე, რათა არ მოხდეს კანონით დადგენილი წესის დარღვევა, ამასთან, მათ ნეგატიურ ვალდებულებას განეკუთვნება თავად არ ხელყონ კანონით დაცული სიკეთე, თავიანთი ქმედებით არ მოახდინონ სამართალდამცავი ორგანოს დისკრედიტაცია და არ მოგვევლინონ სამართალდამრღვევ პირებად.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საჯარო სამსახურში შრომითი უფლების დაცვის კუთხით საქართველოს უზენაეს სასამართლოს არაერთი განმარტება აქვს გაკეთებული, რომელიც ადგენს აღნიშნული უფლებით დაცულ ფარგლებს. კერძოდ, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ,,საჯარო სამსახურის ძირითადი ფუნქცია საზოგადოების, მისი თითოეული წევრის კანონით დაცული ინტერესების მომსახურებაა, რისი გაუთვითცნობიერებლობა, ვალდებულებათა ჯეროვანი შეუსრულებლობა უშუალოდ აისახება სამართლებრივი სახელმწიფოს არსებობაზე. საჯარო სამსახური თითოეული საჯარო მოსამსახურის შეგნებაში უნდა განიხილებოდეს, როგორც საპატიო მისია - ემსახურო, პირადი წვლილი შეიტანო სახელმწიფოს განვითარებაში. 1979 წლის 17 დეკემბრის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ანსამბლეის მიერ მიღებულ იქნა მართლწესრიგის დამცველ თანამდებობის პირთა ქცევის კოდექსი, რომლის 1-ლი მუხლის თანახმად, მართლწესრიგის დამცველ თანამდებობის პირნი მუდმივად ასრულებენ კანონით მათზე დაკისრებულ მოვალეობებს, ემსახურებიან საზოგადოებას და იცავენ ყველა პირს მართლსაწინააღმდეგო აქტებისაგან პასუხისმგებლობის იმ მაღალი ხარისხის შესაბამისად, მათი პროფესია რომ მოითხოვს. მე-2 მუხლის თანახმად, თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულების დროს სამართალდამცავმა პირებმა პატივი უნდა სცენ ადამიანის ღირსებას და დაიცვან მათი უფლებები. მე-8 მუხლის თანახმად კი, მართლწესრიგის დამცველმა თანამდებობის პირებმა პატივი უნდა სცენ კანონსა და ამ კოდექსს. ამასთანავე, თავიანთი შესაძლებლობების ფარგლებში მაქსიმალურად უნდა აღკვეთონ და მკაცრად აღუდგნენ წინ შესაბამის დარღვევებს. ... პოლიციელის მიმართ მოქმედებს მაღალი სადისციპლინო-საშემსრულებლო მოთხოვნები, რაც საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოს თანამშრომლებს ქცევის კიდევ უფრო მაღალ სტანდარტს უწესებს და მკვეთრად გამიჯნავს საჯარო სამსახურის სხვა მოხელეებისაგან“ (სუსგ 20/04/2017 №ბს-644-637(კ-16)).
ამდენად, საქართველოს უზენასი სასამართლო, კანონმდებლობის საფუძველზე, პოლიციელს უწესებს ქცევის მაღალ სტანდარტს, რაც დარღვევის შემთხვევაში მათ პასუხისმგებლობაზეც აისახება. პალატა ყურადღებას მიაქცევს ყოველი პოლიციელის სახელმძღვანელო სამართლებრივ აქტს - საქართველოს პოლიციის ეთიკის კოდექსს, სადაც განსაზღვრულია პოლიციელის საქმიანობის პრინციპები. კერძოდ, პოლიციელი ყოველდღიურ საქმიანობაში განუხრელად უნდა იცავდეს ეთიკის კოდექსით დადგენილ კანონიერების, ჰუმანურობის, კეთილსინდისიერების, ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების პატივისცემის, სამართლიანობისა და მიუკერძოებლობის პრინციპებს; პოლიციელი, რომელიც იცავს და იყენებს კანონს, პირველ რიგში, თავად ემორჩილება და პატივს სცემს მას; პოლიციელი საკუთარი მოქმედების დაგეგმვისა და დაწყების წინ ყოველთვის უნდა დარწმუნდეს მის კანონიერებაში.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე ჯ--–--- ს-----ე, წარმოადგენდა რა პ--------–-------------ს, ეკისრებოდა მაღალი პასუხისმგებლობა თითოეული გამოვლენილი სამართლადარღვის რეაგირებაზე. სამართალდარღვევაზე რეაგირება თავის მხრივ განაპირობებს მომავალში მათ პრევენციას, უზრუნველყოფს წესრიგის დაცვას და საზოგადოებრივ უსაფრთხოებას, სამართალდარღვევის იგნორირება კი ახალისებს ამგვარ ქმედებათა განმეორებით ჩადენას. ვინაიდან ჯ--–--- ს-----ის მხრიდან, მის მეწყვილესთან ერთად, სისტემატურად ხდებოდა გამოვლენილი სამართალდარღვევის უგულებელყოფა, იგი ახორციელებდა ამგვარი მართლსაწინააღმდეგო ქმედების წახალისებას, რაც ერთის მხრივ საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივ უსაფრთხოებას, ხოლო მეორეს მხრივ წინააღმდეგობაში მოდის პოლიციელის საქმიანობის პრინციპებთან.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ ჯ--–--- ს-----ის მიერ ჩადენილი სამსახურებრივი გადაცდომები ქმნიდა ყველზე უფრო მკაცრი დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენების წინაპირობას, რაც მის მიმართ გამოცემული სადავო აქტის კანონიერების წინაპირობას წარმოადგენს. განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჯეროვნად შეისწავლა და გამოიკვლია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და მიიღო კანონშესაბამისი და დასაბუთებული გადაწყვეტილეება. ამდენად, არ არსებობს სადავო აქტის ბათილად ცნობის საფუძველი, რაც თავის მხრივ მოსარჩელის დანარჩენ სასარჩელო მოთხოვნებზე უარის თქმის საფუძველსაც წარმოადგენს, ვინაიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ძალაში დატოვება გამორიცხავს ადმინისტრაციულ ორგანოს ვალდებულებას თანამდებობაზე აღდგინოს გათავისუფლებული პირი და გასცეს იძულებით განაცდური.
ყოველივე ზემოაღნიშნული თავისთავად გამორიცხავს ჯ--–--- ს-----ის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების შესაძლებლობას; აქვე გასათვალისწინებელია ისიც, რომ მოსარჩელე პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას ასაჩივრებს მხოლოდ სამსახურში აღდგენისა და განაცდურის ნაწილში და არა აქტის არსებითად ბათილად ცნობის თვალსაზრისით, რაც მისი სააპელაციო საჩივრის შესაძლო დაკმაყოფილების პირობებში თეორიულადაც გამორიცხავს მისი სარჩელის დაკმაყოფილებას, ვინაიდან სამსახურში აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება დამოკიდებულია მხოლოდ აქტის არსებითად ბათილად ცნობაზე, რაც აპელანტს არ მოუთხოვია.
ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი არ დაკმაყფილდება.
7. საპროცესო ხარჯები:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე და ამ კოდექსის VII3 თავით გათვალისწინებულ საქმეებზე. ვინაიდან, განსახილველი დავა გამომდინარეობს შრომით-სამართლებრივი ურთიერთობიდან, მხარეები სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლებულნი არიან.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, როდესაც ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისაგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს აანაზღაურებს სახელმწიფო.
განსახილველ საქმეზე მოსარჩელის მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილია 100 ლარი, რაც უკან უნდა დაუბრუნდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-12, 32-ე, 34-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 389-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ჯ--–--- ს-----ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
3. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
4. ჯ--–--- ს-----ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
5. აპელანტები განთავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;
6. ჯ--–--- ს-----ეს დაუბრუნდეს 2016 წლის 27 ივნისს, სს ბანკ რესპუბლიკაში მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 100 (ასი) ლარი (საკრედიტო საგადახდო დავალება #544, ხაზინის ერთიანი ანგარიშის რეკვიზიტები: ბანკის დასახელება - ქ. თბილისი, სს ბანკი „რესპუბლიკა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი 300773150);
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა);
მოსამართლე:
შოთა გეწაძე -