განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 12.07.2018
საქმის ნომერი
330310017002143176
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
დავები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის თაობაზე
თარიღი
12.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №330310017002143176

საქმე №3ბ/1290-18

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

12 ივლისი, 2018 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე - თამარ ონიანი

მოსამართლეები - მანანა ჩოხელი, გიორგი ტყავაძე

სხდომის მდივანი - ნათია ზანდუკელი

 

აპელანტი (მოპასუხე) - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი

წარმომადგენელი - თ------------

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - დ------------–--ე

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 27 მარტის გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 27 მარტის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

 

1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნები:

 

1.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 27 მარტის გადაწყვეტილებით დ------------–--ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2017 წლის 25 სექტემბრის MES 2------------ გადაწყვეტილება; მოპასუხე სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს დაევალა შპს „ს----------–----------------------------ის“ მიერ დ------------–--ის სახელზე გაცემული ბაკალავრის დიპლომის SRKI N------ (სარეგისტრაციო N-----) ნამდვილობის დადასტურების თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა კანონით დადგენილ ვადაში.

 

1.2. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები

 

1.2.1. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უწყებრივი სალიცენზიო რეესტრის მონაცემების თანახმად, ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 27 აგვისტოს დადგენილებით (სარეგისტრაციო N2/8-174) დარეგისტრირდა შპს „ს----------–---------------“ ფილიალი „ს----------–----------------------------ი“. (ს.ფ 58-59).

 

1.2.2. საქართველოს განათლების სამინისტროს მიერ 2002 წლის 11 ოქტომბერს შპს „ს----------–---------------“ ფილიალ „ს----------–----------------------------ის“ სახელზე გაიცა უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის N--------- ლიცენზია. (ს.ფ 58-59; 66).

 

1.2.3. 2008 წლის 17 ივნისს შპს „ს----------–----------------------------ის“ მიერ დ------------–--ის სახელზე გაიცა SRKI N------ ბაკალავრის დიპლომი (სარეგისტრაციო N-----) მასზედ, რომ შპს „ს----------–----------------------------ის“ სარკინიგზო ტრანსპორტის ფაკულტეტის 17.06.2008 წლის გადაწყვეტილებით დ------------–--ეს, დაბადებულს 1--------- წელს, მიენიჭა საინჟინრო მეცნიერებათა ბაკალავრის აკადემიური ხარისხი. (ს.ფ. 55).

 

1.2.4. 2017 წლის 31 აგვისტოს დ------------–--ემ განცხადებით მიმართა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს, რომლითაც შპს „ს----------–----------------------------ის“ მიერ დ------------–--ის სახელზე გაცემული დიპლომის SRKI N------ (სარეგისტრაციო N-----) ნამდვილობის დადასტურება მოითხოვა. (ს.ფ. 48-59).

 

1.2.5. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა დ------------–--ის 2017 წლის 31 აგვისტოს განცხადების განხილვის ფარგლებში 2017 წლის 1 სექტემბერს MES 8------------ წერილით მიმართა სსიპ „ს----------–-------------------------------ს“, რომლითაც აღნიშნულ უნივერსიტეტს გაეგზავნა შპს „ს----------–----------------------------ის“ მიერ დ------------–--ის სახელზე გაცემული დიპლომის ასლი და ეთხოვა, კორესპონდენციის მიღებიდან 5 დღის ვადაში საგანმანათლებლო დაწესებულებაში დ------------–--ის ჩარიცხვის, კურსიდან კურსზე გადაყვანის, სწავლის დასრულების, აგრეთვე მის მიერ გავლილი საგანმანათლებლო პროგრამის ხანგრძლივობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება. (ს.ფ. 54).

 

1.2.6. სსიპ „ს----------–--------------------------------ის“ 2017 წლის 14 სექტემბრის N70-01-2217/01-38 წერილით ცენტრს ეცნობა, რომ ს----------–--------------------------------ის სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტის სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯის ინფორმაციით, დ------------–--ე 2004 წლის 5 აგვისტოს N161 ბრძანების საფუძველზე ჩაირიცხა ს----------–----------------------------ში. 2008 წლის 23 ივლისის N134 ბრძანების საფუძველზე დ------------–--ემ დაამთავრა აღნიშნული ინსტიტუტი და მის სახელზე გაიცა SRKI N------ (სარეგისტრაციო N-----) დიპლომი. (ს.ფ. 61).

 

1.2.7. სსიპ „განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის“ 2017 წლის 25 სექტემბრის MES 2------------ გადაწყვეტილებით დ------------–--ეს უარი ეთქვა შპს „ს----------–----------------------------ის“ მიერ მის სახელზე გაცემული SRKI N------ (სარეგისტრაციო N-----) დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე. (ს.ფ. 62-65).

 

1.3. დადგენილი ფაქტები პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივად შემდეგნაირად შეაფასა:

 

1.3.1. საქართველოს კონსტიტუციის 35-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ყველას აქვს განათლების მიღებისა და მისი ფორმის არჩევის უფლება. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით კი, სახელმწიფო მხარს უჭერს საგანმანათლებლო დაწესებულებებს კანონით დადგენილი წესით.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს კონსტიტუცია სახელმწიფოს უზენაესი კანონია. ყველა სხვა სამართლებრივი აქტი უნდა შეესაბამებოდეს კონსტიტუციას. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობა შეესაბამება საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებას ან შეთანხმებას, თუ იგი არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, კონსტიტუციურ შეთანხმებას, აქვს უპირატესი იურიდიული ძალა შიდასახელმწიფოებრივი ნორმატიული აქტების მიმართ.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-7 მუხლის თანახმად, სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდულნი არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით.

 

სასამართლომ განმარტა, რომ სახელმწიფო ხელისუფლების განხორციელებისას საჯარო დაწესებულებების მიერ თავისი საქმიანობის წარმოების პროცესში საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით თუ შეთანხმებებით გარანტირებული ადამიანის უფლებებს და თავისუფლებებს აქვს პირდაპირი მოქმედების ძალა, რაც ნიშნავს იმას, რომ საჯარო დაწესებულებამ მისთვის საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელებისას უნდა იხელმძღვანელოს ამა თუ იმ ზემოთ აღნიშნული უფლების (თავისუფლების) ნამდვილი შინაარსით და არ უნდა დაუშვას ამ უფლებით დაცულ სფეროში არამართლზომიერი ჩარევა.

 

სასამართლომ აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კონსტიტუციითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით გარანტირებული განათლების მიღების უფლება არ მოიცავს სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებას, დააფინანსოს უმაღლესი განათლება, გულისხმობს ყოველი პირისათვის, მათ შორის (ზოგად განათლებასთან ერთად), სახელმწიფოს მიერ დადგენილი სტანდარტების შესაბამისი უმაღლესი განათლების შეძენის, მისი ფორმის და პროფესიული მიმართულების არჩევის, შეძენილი უმაღლესი განათლების აღიარებისა და მისი თავისუფალი რეალიზაციის დაუბრკოლებლად, შეუზღუდავად განხორციელების შესაძლებლობის შექმნას, აგრეთვე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების შექმნის და ფუნქციონირების თავისუფლებას, რაც მიესადაგება თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის პრინციპებს.

 

1.3.2. „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, ამ კანონის მიზანია განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობის მექანიზმების სამართლებრივი საფუძვლების განსაზღვრა. ამავე კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობის მიზნით იქმნება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი (შემდგომში – ცენტრი). ამავე კანონის მე-5 მუხლის მიხედვით, ცენტრი საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში: ა) ხელს უწყობს განათლების ხარისხის გაუმჯობესებას, რისთვისაც შეიმუშავებს რეკომენდაციებს; ბ) ახორციელებს საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციას და მათი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციას, გარდა საჯარო სამართლის იურიდიული პირისა – ტექნოლოგიური ინსტიტუტისა (შემდგომ – ტექნოლოგიური ინსტიტუტი); გ) უზრუნველყოფს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებას; დ) ახორციელებს უცხოეთში მიღებული განათლების აღიარებას; ე) აწარმოებს საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრს; ვ) ამოწმებს მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტის − განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის – ენობრივ სისწორეს; ზ) ახორციელებს ცენტრის დებულებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

 

„განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის თანახმად, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისას ცენტრი ადგენს პირის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის სრულად ან ნაწილობრივ გავლის, აგრეთვე მისთვის კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ სათანადო დოკუმენტის გაცემის ფაქტს და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან მათ შესაბამისობას.

 

დადგენილია, რომ 2017 წლის 31 აგვისტოს დ------------–--ემ განცხადებით მიმართა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს, რომლითაც შპს „ს----------–----------------------------ის“ მიერ დ------------–--ის სახელზე გაცემული დიპლომის SRKI N------ (სარეგისტრაციო N-----) ნამდვილობის დადასტურება მოითხოვა. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2017 წლის 25 სექტემბრის MES 2------------ გადაწყვეტილებით კი დ------------–--ეს უარი ეთქვა დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე.

 

1.3.3. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის პირველი ოქტომბრის №98/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესის“ პირველი მუხლის თანახმად, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესი (შემდგომში – წესი) არეგულირებს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების (გარდა ლეგალიზაციისა და აპოსტილით დამოწმებისა), უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების, ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული პირების მიერ მიღებული უმაღლესი განათლების სახელმწიფო აღიარებისა და ლტოლვილებისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირების – დევნილების, ასევე ლიკვიდირებულ ან საგანმანათლებლო საქმიანობაშეწყვეტილ დაწესებულებაში განათლებამიღებული იმ პირების, რომლებიც ვერ ახერხებენ თავიანთი განათლების ან კვალიფიკაციის დადასტურებას, განათლების აღიარების (შემდგომში – განათლების აღიარება) პირობებსა და პროცედურას.

 

„საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესის“ მე-3 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების ობიექტია უმაღლესი და პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტი – დიპლომი და ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტი (ზოგადი განათლების ატესტატი). აღნიშნული მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების მიზნით, პირის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის გავლისა და პირისათვის კვალიფიკაციის მინიჭების თაობაზე სათანადო დოკუმენტის გაცემის ფაქტს ადასტურებს პირის სახელზე გაცემული ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტი, ხოლო საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის დროს ცენტრი ამოწმებს საგანმანათლებლო დოკუმენტის გაცემის უფლებამოსილებას, სწავლის პერიოდისა და საგანმანათლებლო დოკუმენტის სახელმწიფო აღიარებას და ამ დოკუმენტში ასახული კვალიფიკაციის შესაბამისობას საქართველოში არსებულ კვალიფიკაციებთან. ნამდვილობის დადასტურების დროს ცენტრი ადგენს პირისათვის მინიჭებულ კვალიფიკაციას/პირის მიერ მიღებული განათლების კონკრეტულ კვალიფიკაციასთან გათანაბრების საკითხს. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, ნამდვილობის დადასტურებაზე უარის თქმის საფუძველი არ შეიძლება გახდეს გარემოება, რომლის დროსაც ცენტრი მოკლებულია შესაძლებლობას, დაადგინოს პირის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად მიღებული უმაღლესი განათლების დიპლომის უმაღლესი განათლების შესაბამისი საფეხურის დიპლომთან გათანაბრების საკითხი. ამავე მუხლის მე-7 პუნქტების თანახმად, ამ მუხლით გათვალისწინებული შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოების დასრულების შემდეგ ცენტრი: ა) ადასტურებს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობას; ბ) უარს ამბობს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურებაზე.

 

სასამართლომ მიუთითა, რომ მითითებული ნორმატიული აქტი სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების საკითხის გადაწყვეტას ავალდებულებს საქმის გარემოებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოკვლევის შედეგად, რაც წარმოადგენს დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების წინაპირობას.

 

1.3.4. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ო“ ქვეპუნქტის თანახმად, დიპლომი არის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მინიჭებული კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო ამავე მუხლის „ღ2“ ქვეპუნქტი ადგენს, რომ კვალიფიკაცია არის სწავლის შედეგი, რომელიც მიიღწევა უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის დაძლევით და დასტურდება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული დიპლომით ან სერტიფიკატით.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხე მოსარჩელის სახელზე გაცემული დიპლომის ნამდვილობის დადასტურების დამაბრკოლებელ გარემოებად მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა აკრედიტაციის საბჭოს 2005 წლის 11 მაისის N1-19/314 გადაწყვეტილებით შპს „ს----------–-------------ას“ ფილიალს „ს----------–----------------------------ს“ უარი ეთქვა ინსტიტუციური აკრედიტაციის მინიჭებაზე. ამდენად, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 88-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, შპს „ს----------–-------------ას“ ფილიალის „ს----------–----------------------------ის“ მიერ 2007-2008 სასწავლო წლის დასაწყისის შემდგომ განხორციელებული საგანმანათლებლო საქმიანობის შედეგად გაცემული უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი არ იყო აღიარებული სახელმწიფოს მიერ.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნის გადასაწყვეტად მნიშვნელოვანი მოსარჩელის კანონიერი ნდობის დადგენა იყო მის სახელზე გაცემული დიპლომის მიმართ.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ დიპლომი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად, არ წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, არამედ იგი არის უკვე არსებული ფაქტის (აქტის) სპეციალური დოკუმენტის სახით დაფიქსირება, რეალაქტი, რომელიც მხარისათვის აღმჭურველი ბუნებისაა და რომლითაც დაინტერესებულ მხარეს გარკვეული უფლებამოსილება ენიჭება, მოცემულ შემთხვევაში - პროფესიული საქმიანობის უფლება, მედდის კვალიფიკაციით. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად, აღმჭურველი აქტით მინიჭებული უფლების დაცვის განსაკუთრებულ გარანტიას წარმოადგენს კანონიერი ნდობა.

 

ამასთან, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განმტკიცებული კანონიერი ნდობის ინსტიტუტის მოცემულ შემთხვევაში გამოყენების წინაპირობა არის ის გარემოება, რომ დიპლომი, რომელიც ადასტურებს მოსარჩელის მიერ ს----------–----------------------------ში მიღებული განათლების ფაქტს, სახელმწიფოს მიერ მინიჭებული ლიცენზიის საფუძველზე იქნა გაცემული, რაც სასამართლოს მოსაზრებით, კანონიერი ნდობის კანონით დადგენილი პრინციპის ამოქმედების აუცილებლობას წარმოქმნის.

 

სასამართლოს განმარტებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი აქტის გაუქმების რამდენიმე შემთხვევას იცნობს, თუმცა, კოდექსის სიტყვა-სიტყვითი განმარტების საფუძველზე, კანონიერი ნდობის პრინციპი ვრცელდება იმ შემთხვევაზე, როდესაც ადმინისტრაციული ორგანო აქტს აუქმებს საკუთარი ინიციატივით. განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანია არა დიპლომის ბათილად ცნობა, არამედ მიღებული განათლების აღიარებაზე უარი, რაც, სასამართლოს რწმენით, განსახილველი საქმის გარემოებებიდან გამომდინარე სამართლებრივი შედეგებით უთანაბრდება აქტის გაუქმებას და ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, ამ დოკუმენტების მიმართ სრული მოცულობით ვრცელდება კანონიერი ნდობის დამცველობითი ფუნქცია. ის გარემოება, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი კანონიერ ნდობას უკავშირებს მხოლოდ აღმჭურველი აქტის არსებობას (როგორც აღინიშნა, დიპლომი აქტი არ არის), ვერ დააბრკოლებს სასამართლოს, რომ კანონი განმარტოს გონივრულად, სამართლიანად, მისი მიზნიდან გამომდინარე და მოსარჩელის განსაკუთრებული დაცვის ღირსი იურიდიული ინტერესის ადექვატურად. სასამართლომ მიიჩნია, რომ კანონიერი ნდობის ობიექტია ძირითადად ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის შედეგები, რომლებიც შეიძლება არსებობდნენ როგორც ადმინისტრაციული აქტის, ასევე მოქმედებების (რეალაქტის) სახით; ანუ, მოცემულ შემთხვევაში დაცვის ობიექტია სახელმწიფოს მიერ განხორციელებული აღმჭურველი ბუნების მოქმედებებიც; დაცვის ღირსია მათი კანონიერების რწმენა, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც საქმე ეხება უფლების მიმნიჭებელ აქტებსა და მოქმედებებს; ამ უფლების მატარებელს, კანონიერი ნდობის პრინციპზე დაყრდნობით, უფლება აქვს წინააღმდეგობა გაუწიოს მათ გაუქმებასა თუ მათი ნამდვილობის, იურიდიული ძალმოსილების არაღიარებას. სასამართლოს ღრმა რწმენით, კანონმდებლის მიზანი კანონიერი ნდობის პრინციპის საკანონმდებლო დონეზე დამკვიდრებისას (საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-9, მე-601 და 61-ე მუხლები), იყო და არის მმართველობითი საქმიანობის შედეგად გარკვეული უფლებით აღჭურვილი პირის დაცვა უფლების მიმნიჭებელი არამარტო კანონსაწინააღმდეგო აქტის, არამედ მოქმედების გაუქმებისაგანაც.

 

სასამართლომ მიუთითა, რომ საქმის მასალების თანახმად, ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული კანონიერი ნდობის გამომრიცხავ გარემოებას, კერძოდ, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიერ სახელმწიფო, საზოგადოებრივი ან სხვა პირის კანონიერი უფლების ან ინტერესების არსებით დარღვევას. ადგილი არ აქვს აგრეთვე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული კანონიერი ნდობის გამომრიცხავ გარემოებას. კერძოდ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია კანონსაწინააღმდეგო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, თუ დაინტერესებულ მხარეს კანონიერი ნდობა აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ, კანონიერი ნდობა არსებობს მაშინ, თუ პირმა აქტის საფუძველზე განახორციელა იურიდიული მნიშვნელობის მოქმედება და სახეზე არ არის კანონიერი ნდობის გამომრიცხავი გარემოება - დაინტერესებული მხარის უკანონო ქმედება.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ ადმინისტრაციული აქტის მიმართ კანონიერი ნდობა გამოირიცხება, თუ ეს აქტი გამოიცა დაინტერესებული პირის მიერ კანონსაწინააღმდეგო ქმედების საფუძველზე, ასეთად შეიძლება მივიჩნიოთ ყალბი დოკუმენტის, არასწორი ინფორმაციის წარდგენა, ზეწოლა, მოტყუება, ქრთამის მიცემა და სხვა, რასაც, განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია, შესაბამისად, ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-9 მუხლის მე-2 ნაწილისა და მე-601 მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებულ კანონიერი ნდობის გამომრიცხავ გარემოებას - დაინტერესებული მხარის უკანონო ქმედებას. მოსარჩელე ენდობოდა შპს „ს----------–----------------------------ის“ მიერ გაცემული დიპლომის სტაბილურობას და მისი ეს ნდობა დაცვის ღირსია სამართლებრივი უსაფრთხოების ფაქტორიდან გამომდინარე, რაც თავის მხრივ, ზღუდავს აქტის ბათილად გამოცხადების შესაძლებლობას, მოცემულ შემთხვევაში კი ზღუდავს მოპასუხეს - არ აღიაროს განათლების მიღების ფაქტი. განსახილველ შემთხვევაში, დაინტერესებული მხარე ენდობოდა სახელმწიფოს მოქმედებას და ამ მოქმედების შედეგების სტაბილურობას.

 

1.3.5. სასამართლომ ასევე მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ მოპასუხის მიერ გასაჩივრებული აქტის გამოცემისას დარღვეულია ბალანსი კერძო და საჯარო ინტერესებს შორის; ეს ბალანსი გაუმართლებლად, დაუსაბუთებლადაა დარღვეული კერძო ინტერესის საზიანოდ და საჯარო ინტერესის სასარგებლოდ. ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა ემსჯელა ბალანსის საჯარო ინტერესის სასარგებლოდ დარღვევის მიზანშეწონილობაზე და სათანადოდ, დამაჯერებლად უნდა დაესაბუთებინა იგი, რაც მას არ განუხორციელებია.

 

სასამართლოს მოსაზრებით, საქმის მასალების საფუძველზე და საქმის სხვა გარემოებების გათვალისწინებით, პირის კერძო ინტერესი - გააჩნდეს უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (დიპლომი), შესაბამისი კვალიფიკაცია, განახორციელოს როგორც საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული განათლების მიღების, ასევე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის დამატებითი ოქმით გარანტირებული განათლების უფლების რეალიზაცია, არის უპირატესი იმ საჯარო ინტერესთან შედარებით, რომელიც საქმის მასალების შესწავლისა და მოპასუხის პოზიციიდან გამომდინარე, გულისხმობს მხოლოდ და მხოლოდ განსახილველი საკითხის მომწესრიგებელი მატერიალური კანონმდებლობის ფორმალურ დაცვას.

 

მოპასუხეს უნდა ემოქმედა არამარტო ეროვნული კანონმდებლობის ვიწრო გაგების, არამედ შესაბამისი საერთაშორისო აქტების, მათი გამოყენების პრაქტიკის საფუძველზეც; სწორედ ზემოაღნიშნული მიდგომისა და სულისკვეთების შესაბამისად მართებდა მას სადავო საკითხზე რეაგირება, რათა გაუმართლებლად არ დარღვეულიყო პირის კანონით დაცული ინტერესები. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იმის გათვალისწინებით, რომ დარღვეულია კანონიერი ნდობის პრინციპი, სასამართლომ აღნიშნა, რომ სადავო აქტის გამოცემისას, არ იქნა დაცული მისი მატერიალური კანონიერება.

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ რამდენადაც კანონმდებლის მიერ დიპლომი მიჩნეულია კვალიფიკაციის განმსაზღვრელ დოკუმენტად, ყოველი კონკრეტული დავის გადაწყვეტის პროცესში ჩნდება სასამართლოს ვალდებულება, ადმინისტრაციული ორგანოს უარი მოსარჩელის მიერ ს----------–----------------------------ში მიღებული უმაღლესი განათლების აღიარებაზე, შეაფასოს რაციონალურად, თანაზომიერებისა და კანონიერი ნდობის პრინციპების გათვალისწინებით.

 

სასამართლომ ასევე მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, სწორედ სასწავლებელი იყო პასუხისმგებელი პირის სასწავლებელში ჩარიცხვაზე იმ პირობებში, თუ ის სრულად აკმაყოფილებდა კანონმდებლობის მოთხოვნებს. განსახილველ შემთხვევაში, დადასტურებულია, დ------------–--ის 2004 წლის 5 აგვისტოს N161 ბრძანების საფუძველზე ს----------–----------------------------ში ჩარიცხვის, მის მიერ სასწავლო გეგმით გათვალისწინებული ყველა გამოცდის ჩაბარებისა და კვალიფიკაციის მინიჭების ფაქტი. გარდა ამისა, არსებობს საფუძველი იმისა, მოსარჩელეს ჰქონოდა კანონიერი ნდობა სახელმწიფოს მიერ ლიცენზირებული სასწავლებლის მიერ გაცემული დიპლომის მიმართ და მისი ეს ნდობა დაცვის ღირსია სამართლებრივი უსაფრთხოების ფაქტორიდან გამომდინარე, რაც თავის მხრივ, ზღუდავს მისი ბათილად გამოცხადების შესაძლებლობას. მოცემულ შემთხვევაში კი ზღუდავს მოპასუხეს - არ აღიაროს მოსარჩელის მიერ ს----------–----------------------------ში მიღებული განათლება და კვალიფიკაცია.

 

1.3.6. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას. ამავე კოდექსის 33-ე მუხლი ადგენს, რომ თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ დ------------–--ის სარჩელი საფუძვლიანია, ადგილი აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება არ შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან. ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2017 წლის 25 სექტემბრის MES 2------------ გადაწყვეტილება დ------------–--ის სახელზე გაცემული დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე უარის თქმის შესახებ და უნდა დაევალოს მოპასუხე სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი შპს ს----------–----------------------------ის მიერ დ------------–--ის სახელზე გაცემული ბაკალავრის დიპლომის SRKI N------ (სარეგისტრაციო N-----) ნამდვილობის დადასტურების თაობაზე.

 

2. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

 

სააპელაციო საჩივრის მიხედვით, პირველი ინსტანციის სასამართლომ ჯეროვნად არ შეაფასა ის კონკრეტული ფაქტობრივი გარემოება, რომ საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა აკრედიტაციის საბჭოს 2005 წლის 11 მაისის №1-19/314 გადაწყვეტილებით შპს „ს----------–---------------“ ფილიალს „ს----------–----------------------------ს“ უარი ეთქვა ინსტიტუციური აკრედიტაციის მინიჭებაზე. ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 88-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად კი, აღნიშნული დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამები, კანონმდებლობით ჩარიცხული სტუდენტებისათვის ჩაითვალა აკრედიტებულად მხოლოდ 2007-2008 სასწავლო წლის დაწყებამდე. აპელანტის მოსაზრებით, ვინაიდან შპს „ს----------–---------------“ ფილიალი „ს----------–----------------------------ი“ ინსტიტუციური აკრედიტაციის მქონედ ითვლებოდა მხოლოდ 2007-2008 სასწავლო წლის დაწყებამდე, მოსარჩელის მიერ კი სწავლა დასრულებულია და კვალიფიკაცია მინიჭებულია ამ პერიოდის შემდგომ, სასამართლოს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად არ უნდა ჩაეთვალა დ------------–--ისთვის ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მინიჭება, რადგან განათლება ნაწილობრივ მიღებულის და კვალიფიკაცია მინიჭებულია არაღიარებულ რეჟიმში.

 

აპელანტი, ,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 63-ე მუხლის პირველი პუნქტისა და 88-ე მუხლის 11 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის პირველის ოქტომბრის №98/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესის“ მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი შეესაბამება კანონმდებლობას.

 

აპელანტი თვლის, რომ სასამართლომ უდავო ფაქტობრივ გარემოებად არასწორად მიიჩნია ს----------–--------------------------------ის 2017 წლის 14 სექტემბრის წერილში მითითებული შინაარსიდან გამომდინარე გარემოებები. კერძოდ, აპელანტი მიუთითებს, რომ 2005 წლიდან სავალდებულო ინსტიტუციის სახით შემოღებული ინსტიტუციური აკრედიტაციის ქონა (მინიმუმ აკრედიტებულად მიჩნევა საგამონაკლისო შემთხვევისას) წარმოადგენდა ერთადერთ გზას სახელმწიფოს მხრიდან აღიარებული საგანმანათლებლო საქმინობის განხორციელებისათვის, რაც დღევანდელი მოცემულობით გახდებოდა პირის კუთვნილი საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურების საფუძველი.

 

აპელანტი აღნიშნავს, რომ სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, რითიც დაირღვა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლითა და ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებული სამართლიანი სასამართლოს უფლება.

 

სააპელაციო საჩივრის მიხედვით, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, საქართველოს კონსტიტუციის 35-ე მუხლის პირველი და მეოთხე პუნქტები. აპელანტის მოსაზრებით, სასამართლო უსაფუძვლოდ აპელირებს ცენტრის მიერ საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული განათლების მიღებისა და მისი ფორმის არჩევის უფლების დარღვევასთან დაკავშირებით. სასამართლო ვერ ასაბუთებს, თუ რაში გამოიხატა ცენტრის მხრიდან კონსტიტუციის დებულებების დარღვევა, როდესაც სწორედ აღნიშნული კონსტიტუციური დანაწესის პრაქტიკულ რეალიზებას ემსახურება ცენტრის თითოეული ქმედება, კერძოდ, ცენტრის მიზანია, ყველას ჰქონდეს თანაბარ პირობებში განათლების მიღების უფლება, საბოლოოდ კი, ხარისხიანი განათლებით უზრუნველყოფილი იქნეს ქართული საგანმანათლებლო სისტემის ჰარმონიზაცია საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში. ცენტრი, სწორედ ის ადმინისტრაციული ორგანოა, რომელსაც საკანონმდებლო დონეზე ევალება განათლების ხარისხის გაუმჯობესება, რაც ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გულისხმობს სფეროს მომწესრიგებელი კანონმდებლობის სრულყოფილ და ჯეროვან დაცვას. აპელანტი აღნიშნავს, რომ ცენტრს არავისთვის აუკრძალავს განათლების სასურველი ფორმით სასურველ დაწესებულებაში მიღება, თუმცა რამდენად მოხდება ამ განათლების სახელმწიფო დონეზე აღიარება დამოკიდებულია კონკრეტულ საკანონმდებლო დანაწესებზე, რისი დაცვის უპირველესი ვალდებულბაც სწორედ სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს აკისრია. სწორედ ამიტომ, ცენტრმა თავის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში მოახდინა იმ ფაქტების კონსტატაცია, რომლებიც დასტურდებოდა სხვადასხვა სახის მტკიცებულებებით და ამ ფაქტობრივი გარემოებების ურთიერთშეჯერების შედეგად მივიდა კონკრეტულ სამართლებრივ შედეგამდე.

 

აპელანტი ასევე მიიჩნევს, რომ სასამართლომ მხოლოდ ფორმალურად მიუთითა საქართველოს კონსტიტუციის მე-6 და მე-7 მუხლებზე. სააპელაციო საჩივრის მიხედვით, განათლების სფეროში არსებული ყველა საერთაშორისო სამართლებრივი ნორმა განამტკიცებს განათლებას, როგორც ადამიანის ძირითად უფლებას, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან უნდა იყოს დაცული, განხორცილებული და პატივცემული. ამავდროულად, სახელმწიფო შიდა ნორმატიული აქტებით უზრუნველყოფს დაკისრებული ვალდებულების შესრულებას. შესაბამისად, აპელანტი მიიჩნევს, რომ ცენტრის მიერ გადაწყვეტილება გამოცემულია ეროვნული და საერთაშორისო აქტების გათვალისწინებით, მათი მოთხოვნების დაცვითა და შეჯერებით. აპელანტი თვლის, რომ ზემოხსენებულ ჩარჩო ნორმებზე აპელირებით, სასამართლო განათლების უფლების ხელშეშლასა და დაბრკოლებაში საქართველოს განათლების და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №98/ნ ბრძანებით დამტკიცებულ ,,საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესს" მოიაზრებს, ამგვარი განმარტება კი ზიანს მიაყენებს ქვეყანაში არსებულ განათლების სისტემას.

 

სააპელაციო საჩივრის თანახმად, სასამართლო უთითებს ,,განათლების ხარისხის განვითარების შესახებ'' საქართველოს კანონის რეგულაციებზე, თუმცა მათთან განსახილველ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების მისადაგებას არ ახდენს. ამავდროულად, სასამართლო არასწორად განმარტავს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №98/ნ ბრძანებით დამტკიცებული წესის რიგ დებულებებს. აპელანტი თვლის, რომ სწორედ აღნიშნული წესის შესაბამისად გამოიცა 2017 წლის 25 სექტემბრის N1------ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. კერძოდ, სადავო ინსტიტუტის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო საქმიანობა მოწინააღმდეგე მხარის სწავლების ბოლო ერთი წლის განმავლობაში და კვალიფიკაციის მინიჭების დროსაც (2007-2008 სასწავლო წელი) არ იყო სახელმწიფოს მხრიდან აღიარებული, მიუხედავად ამისა, სასამართლო სრულიად უსაფუძვლოდ არ იზიარებს ცენტრის არგუმენტაციას იმასთან დაკავშირებით, რომ გასაჩივრებული აქტი გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.

 

აპელანტი მიუთითებს, რომ 2005 წელს, ,,უმაღლესი განათლების შესახებ'' საქართველოს კანონის ამოქმედებით, განათლების სისტემაში განხორციელდა რიგი ძირეული ცვლილებები, დაწესდა სტუდენტის სტატუსის მოპოვება მხოლოდ ერთიანი ეროვნული გამოცდების მეშვეობით, ამასთან, შემოღებულ იქნა აკრედიტაცია, რომელსაც მოჰყვებოდა პროგრამული აკრედიტაცია. შესაბამისად, 2005 წლიდან ყველა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას ევალებოდა, მიემართა უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოსთვის, რათა მინიჭებოდა ინსტიტუციური აკრედიტაცია, ან სულ მცირე, მაძიებლად მაინც დარეგისტრირებულიყო, რა დროსაც მიმდინარე და მომდევნო სასწავლო წელი ჩაითვლებოდა სახელმწიფოს მხრიდან აღიარებულად. აღნიშნული წესი ეხებოდა კანონმდებლობით ჩარიცხულ სტუდენტებს, რათა მათ უფლებებზე უარყოფითი გავლენა არ მოეხდინა დაწესებულების საგანმანათლებლო სტატუსს (აკრედიტაციის არქონას) და მისცემოდათ გონივრული ვადა, რათა სახელმწიფოს მხრიდან აღიარებულ, სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში გაეგრძელებინათ სწავლა. აპელანტი აღნიშნავს, დ------------–--ე თავის დროზე იყო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით ჩარიცხული, შესაბამისად, ზემოხსენებული რეგულაცია სრულყოფილად ვრცელდებოდა მასზეც, როგორც კანონმდებლობით ჩარიცხულ სტუდენტზე და მის მიერ შპს „ს----------–---------------'' ფილიალ „ს----------–----------------------------ში“ მიღებული განათლება აღიარებულად ჩაითვალა 2007-2008 სასწავლო წლის დაწყებამდე. ამ პერიოდის შემდგომ კი უკვე სახელმწიფოს მხრიდან არაღიარებულ რეჟიმში დაიწყო ინსტიტუტმა საქმიანობა. ამასთან, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის (განსახილველ პერიოდში მოქმედი რედაქცია) 63-ე მუხლის პირველი პუნქტიდან გამომდინარე, სახელმწიფო ცნობდა მხოლოდ აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების და ამ კანონის 661 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ახალდაფუძნებული ლიცენზირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემულ დიპლომს. 2008 წელს კი, როდესაც დ------------–--ეს მიენიჭა კვალიფიკაცია და მასზე გაიცა დიპლომი, შპს „ს----------–---------------'' ფილიალის „ს----------–----------------------------ის“ მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო საქმიანობა არ იყო სახელმწიფოს მხრიდან აღიარებული. შესაბამისად, მოწინააღმდეგე მხარის სახელზე 2008 წელს გაცემული უმაღლესი განათლების S--------- დიპლომიც არ არის აღიარებული სახელმწიფოს მიერ.

 

აპელანტი მიიჩნევს, რომ სასამართლომ არასწორად განმარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილებით გარანტირებული კანონიერი ნდობის პრინციპის არსი და მისი მნიშვნელობა. აპელანტი აღნიშნავს, რომ დიპლომი არ წარმოადგენს კანონმდებლობით განსაზღვრულ, ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის იმ სამართლებრივ ფორმას, რომელთან მიმართებითაც, ფორმალურად მაინც, შესაძლებელია კანონიერი ნდობის საკითხზე მსჯელობა, კერძოდ, დიპლომს არ გააჩნია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბუნება. ამავდროულად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი იმპერატიულად ადგენს, რომ კანონიერი ნდობის საკითხი მიემართება მხოლოდ აღმჭურველ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ზემოაღნიშნული ნორმები ვრცელდება სწორედ იმ შემთხვევაზე, როდესაც ადმინისტრაციული ორგანო (ცენტრი) ბათილად ცნობს თავის მიერ გამოცემულ აღმჭურველ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურებაზე უარის თქმის შესახებ აქტი კი არ წარმოადგენს აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებას. გარდა ამისა, აპელანტის განმარტებით, დაინტერესებულ მხარის კანონიერი ნდობა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ ვერ იარსებებს, იმ შემთხვევაში, როდესაც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არსებითად არღვევს სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან სხვა პირის კანონიერ უფლებებს ან ინტერესებს, რომელთა დარღვევაზე მეტყველებს ინსტიტუციური აკრედიტაციის გარეშე უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების ფაქტი. ინსტიტუციურ აკრედიტაციას დაქვემდებარებული იურიდიული პირის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო საქმიანობისადმი სახელმწიფოს, საზოგადოებასა და მესამე პირებს გააჩნდა მომეტებული ინტერესი, ვინაიდან ინსტიტუციური აკრედიტაციის გავლის გარეშე განხორციელებული საგანმანათლებლო მომსახურების შედეგად გაცემულ უმაღლესი განათლების დიპლომს არ ცნობდა სახელმწიფო და მსგავს დიპლომს სახელმწიფო არ უკავშირებდა იმ სამართლებრივ შედეგებს, რომლებიც გამომდინარეობდა სახელმწიფოს მხრიდან აღიარებული უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტებიდან - დიპლომებიდან. ამასთანავე, კანონიერი ნდობა წარმოადგენს მატერიალურ-სამართლებრივ ინსტიტუტს. იგი ადმინისტრაციული ორგანოსათვის განკუთვნილი ინსტრუმენტია. მხოლოდ ადმინისტრაციული ორგანოა უფლებამოსილი თავისი მმართველობითი ღონისძიების განხორციელების დროს უზრუნველყოს კანონიერი ნდობისა და კანონიერების პრინციპების შეპირისპირება და მისი უფლებამოსილების ფარგლებში შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს Nბს-143-137(კ-10) განჩინებაზე მითითებით აპელანტი აღნიშნავს, რომ დიპლომის მიმართ კანონიერი ნდობის გავრცელების პირობებშიც კი, კანონიერების პრინციპს უნდა მიენიჭოს უპირატესობა კანონიერი ნდობის პრინციპთან მიმართებით. კანონიერი ნდობის დამცველობითი ფუნქციის გამოყენება არ უნდა უქმნიდეს საფრთხეს განათლების სისტემის სამართლებრივად გამართულ ფუნქციონირებას.

 

აპელანტი მიიჩნევს, რომ სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა. კერძოდ, საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით დადგენილი შინაარსი. სააპელაციო საჩივრის თანახმად, საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით განმტკიცებული ყველა ადამიანის კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპიდან გამომდინარე, აკრედიტაციასთან დაკავშირებული კანონმდებლობის მოთხოვნების შეუსრულებლობის პირობებში განხორციელებული საქმიანობის შედეგად პირისათვის კვალიფიკაციის მინიჭება და დიპლომის გაცემა არღვევს სხვა პირთა (ანალოგიური სპეციალობის საგანმანათლებლო პროგრამის კურსდამთავრებული ის პირები, რომლებმაც სწავლა დაასრულეს იმავე ან ანალოგიურ საგანმანათლებლო დაწესებულებაში საგანმანათლებლო პროგრამის სახელმწიფოს მხრიდან აღიარების რეჟიმში და მოიპოვეს სახელმწიფოს მიერ აღიარებული უმაღლესი განათლების დიპლომის მიღების უფლება ან ანალოგიური სპეციალობის საგანმანათლებლო პროგრამის ამავე ან სხვა საგანმანათლებლო დაწესებულების ის სტუდენტები, რომელთაც არ მიეცათ სახელმწიფოს მხრიდან აღიარებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა ან რომლებმაც ვერ მოიპოვეს სახელმწიფოს მხრიდან აღიარებული უმაღლესი განათლების დიპლომის მიღების უფლება) უფლებებს, რა დროსაც ვერ ხორციელდება ყველასათვის თანაბარი უფლების რეალიზაცია.

 

აპელანტის განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში ცენტრი მოკლებული იყო შესაძლებლობას, ემსჯელა დისკრეციულ უფლებამოსილებაზე, მას ფაქტობრივად არ ჰქონდა შესაძლებლობა საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის გათვალისწინებით რამოდენიმე გადაწყვეტილებიდან შეერჩია ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. ნორმატიული აქტი ცალსახად უთითებს, რომ თუ განათლება მიღებული და კვალიფიკაცია მინიჭებულია აკრედიტაციის არქონის პერიოდში, შესაბამისად, სახელმწიფოს მხრიდან არაღიარებულ რეჟიმში, ცენტრს გააჩნია ერთადერთი სახის გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილება - არ დაადასტუროს წარდგენილი საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობა.

 

3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

3.1. ფაქტობრივი დასაბუთება

 

სააპელაციო პალატა სრულად ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, კერძოდ, პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად და ყოველმხრივ გამოიკვლია და დაადგინა დავასთან დაკავშირებული ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაზეც მიუთითებს სააპელაციო სასამართლოც.

 

3.2. სამართლებრივი დასაბუთება

 

სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს პირდაპირ და უშუალო ინტერესს დემოკრატიული საზოგადოების, ეკონომიკური თავისუფლების, სოციალური და სამართლებრივი სახელწიფოს შექმნა წარმოადგენს, რაც, რა თქმა უნდა, ადეკვატური განათლების სისტემის გარეშე წარმოუდგენელია. განათლების უფლების რეალიზება პირის ინდივიდუალურ ინტერესს, ამავდროულად, მნიშვნელოვან საზოგადოებრივ ღირებულებას წარმოადგენს.

 

განათლების უფლებით სრულყოფილ რეალიზაციაზეა დამოკიდებული ადამიანის პიროვნული თავისუფლება, იმდენად, რამდენადაც შესაბამისი განათლების გარეშე ადამიანი რთულად თუ შეძლებს საკუთარი პიროვნების თავისუფალ განვითარებას. აქედან გამომდინარე, სახელმწიფოსთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს განათლებული საზოგადოების ჩამოყალიბებას. საზოგადოებაში საღი აზრის დემოკრატიული და სამართლებრივი სახელწიფოს ჩამოყალიბების უმნიშვნელოვანესი საფუძველია. ადამიანის უფლებების დაცვის საუკეთესო გარანტიას განათლებული საზოგადოება წარმოადგენს, რომელმაც იცის თავისი უფლებები და მოვალეობები. მნიშვნელოვანია აღნიშნოს, რომ განათლების უფლებით სარგებლობა მხოლოდ ამა თუ იმ პირისათვის ინფორმაციისა და ცოდნის მოგროვებას როდი ნიშნავს, მისი მიზანია, ასევე, საზოგადოებისათვის სარგებლის მოტანა. ამასთანავე, განათლების უფლების სოციალური ფუნქცია, სწორედ, თითოეული პირის საზოგადოების სრულფასოვან წევრად ჩამოყალიბებას გულისხმობს. განათლება ხელს უწყობს ინდივიდს, საკუთარი ადგილი დაიმკვიდროს საზოგადოებაში, დამოუკიდებლად გაუძღვეს და მოაწყოს საკუთარი ცხოვრება, ჰქონდეს სასურველი სამუშაო ადგილი, შექმნას მატერიალურად უზრუნველყოფილი ოჯახი, თუკი ამის სურვილი ექნება და ა.შ. (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 12 სექტემბრის №2/3/540 გადაწყვეტილება საქმეზე „რუსეთის მოქალაქეები – ოგანეს დარბინიანი, რუდოლფ დარბინიანი, სუსანნა ჟამკოციანი და სომხეთის მოქალაქეები – მილენა ბარსეღიანი და ლენა ბარსეღიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-24).

 

სააპელაციო სასამართლო მიუთითებს ,,ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ" საერთაშორისო პაქტის მე-13 მუხლზე, რომლის მიხედვითაც, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ თითოეული ადამიანის განათლების უფლებას. ისინი თანახმა არიან, რომ განათლება მიზნად უნდა ისახავდეს ადამიანის პიროვნებისა და მისი ღირსების შეგნების სრულ განვითარებას და უნდა განამტკიცებდეს ადამიანის უფლებისა და ძირითადი თავისუფლებების პატივისცემას. შემდეგ, ისინი თანახმა არიან, რომ განათლებამ ყველას უნდა მისცეს შესაძლებლობა იყოს თავისუფალი საზოგადოების მონაწილე, ხელს უწყობდეს ყველა ერისა და ყველა რასობრივი, ეთნიკური და რელიგიური ჯგუფების ურთიერთგაგებას, შემწყნარებლობასა და მეგობრობას და ეხმარებოდეს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მუშაობას მშვიდობის შენარჩუნებისათვის.

 

სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განათლების მიღების კონსტიტუციით გარანტირებული უფლება გულისხმობს სახელმწიფოს მიერ დადგენილი სტანდარტების შესაბამისი უმაღლესი განათლების შეძენის, მისი ფორმის და პროფესიული მიმართულების არჩევის, შეძენილი უმაღლესი განათლების აღიარებისა და მისი თავისუფალი რეალიზაციის დაუბრკოლებლად, შეუზღუდავად განხორციელების შესაძლებლობის შექმნას.

 

,,განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მიზანს განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობის მექანიზმების სამართლებრივი საფუძვლების განსაზღვრა წარმოადგენს, რომლის მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ადგენს, რომ განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობის მიზნით იქმნება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, რომელიც ამავე კანონის მე-5 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, უზრუნველყოფს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებას.

 

მითითებული საკანონმდებლო აქტით საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების უფლებამოსილება მიენიჭა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრს, ამავე კანონის 25-ე მუხლით კი განისაზღვრა ამ საჯარო უფლებამოსილების განხორციელების ფარგლები, კერძოდ, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისას ცენტრი ადგენს პირის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის სრულად ან ნაწილობრივ გავლის, აგრეთვე მისთვის კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ სათანადო დოკუმენტის გაცემის ფაქტს და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან მათ შესაბამისობას.

 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ 2010 წლის 1 ოქტომბრის №98/ნ ბრძანებით დამტკიცებულ იქნა ,,საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესი”, რომლის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესი (შემდგომში – წესი) არეგულირებს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების (გარდა ლეგალიზაციისა და აპოსტილით დამოწმებისა), უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების, ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული პირების მიერ მიღებული უმაღლესი განათლების სახელმწიფო აღიარებისა და ლტოლვილებისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირების – დევნილების, ასევე ლიკვიდირებულ ან საგანმანათლებლო საქმიანობაშეწყვეტილ დაწესებულებაში განათლებამიღებული იმ პირების, რომლებიც ვერ ახერხებენ თავიანთი განათლების ან კვალიფიკაციის დადასტურებას, განათლების აღიარების (შემდგომში – განათლების აღიარება) პირობებსა და პროცედურას.

 

ამავე წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტი განსაზღვრავს, რომ საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების ობიექტია უმაღლესი და პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტი – დიპლომი და ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტი (ზოგადი განათლების ატესტატი);

 

იმავე მუხლის მე-3 პუნქტი კი მიუთითებს, რომ საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების მიზნით, პირის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის გავლისა და პირისათვის კვალიფიკაციის მინიჭების თაობაზე სათანადო დოკუმენტის გაცემის ფაქტს ადასტურებს პირის სახელზე გაცემული ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტი, ხოლო საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის დროს ცენტრი ამოწმებს საგანმანათლებლო დოკუმენტის გაცემის უფლებამოსილებას, სწავლის პერიოდისა და საგანმანათლებლო დოკუმენტის სახელმწიფო აღიარებას და ამ დოკუმენტში ასახული კვალიფიკაციის შესაბამისობას საქართველოში არსებულ კვალიფიკაციებთან. ნამდვილობის დადასტურების დროს ცენტრი ადგენს პირისათვის მინიჭებულ კვალიფიკაციას/პირის მიერ მიღებული განათლების კონკრეტულ კვალიფიკაციასთან გათანაბრების საკითხს.

 

ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ ბრძანების იმავე მუხლის მე-4 პუნქტი განსხვავებულ წესს ადგენს 2005 წლიდან უმაღლეს დაწესებულებაში ჩარიცხული პირების მიერ მიღებული უმაღლესი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურებისთვის, რაც, ცხადია, უკავშირდება ამ პერიოდიდან განათლების მარეგულირებელი ახალი წესრიგის შემოღებას, კერძოდ, მე-4 პუნქტი მიუთითებს, რომ 2005 წლიდან უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული პირების მიერ მიღებული უმაღლესი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის - დიპლომის ნამდვილობის დადასტურებისას ცენტრი დამატებით ამოწმებს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პირის კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩარიცხვის ფაქტსა და საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის მონაცემებით გადამოწმებად სხვა ინფორმაციას.

 

იმავე წესის მე-3 მუხლის მე-5 პუნქტი კი ადგენს, რომ ნამდვილობის დადასტურებაზე უარის თქმის საფუძველი არ შეიძლება გახდეს გარემოება, რომლის დროსაც ცენტრი მოკლებულია შესაძლებლობას, დაადგინოს პირის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად მიღებული უმაღლესი განათლების დიპლომის უმაღლესი განათლების შესაბამისი საფეხურის დიპლომთან გათანაბრების საკითხი.

 

მაშასადამე, დიპლომის ნამდვილობის საკითხის გადაწყვეტისთვის ცენტრმა უნდა შეამოწმოს, არსებობს თუ არა პირის სახელზე გაცემული დიპლომი, რაც თავისთავად ადასტურებს პირის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის გავლისა და პირისათვის კვალიფიკაციის მინიჭების თაობაზე სათანადო დოკუმენტის გაცემის ფაქტს, შეამოწმოს საგანმანათლებლო დოკუმენტის გაცემის უფლებამოსილება, საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით შეამოწმოს სწავლის პერიოდის, საგანმანათლებლო დოკუმენტის სახელმწიფო აღიარება და ამ დოკუმენტში ასახული კვალიფიკაციის შესაბამისობა საქართველოში არსებულ კვალიფიკაციებთან, დაადგინოს პირისათვის მინიჭებული კვალიფიკაციის პირის მიერ მიღებული განათლების კონკრეტულ კვალიფიკაციასთან გათანაბრების საკითხი. მითითებული ნორმა განსაზღვრავს უფლებამოსილების კონკრეტულ ფარგლებს, თუ რა საკითხები უნდა გამოიკვლიოს და დაადგინოს ცენტრმა დიპლომის ნამდვილობის საკითხის გადაწყვეტისას.

 

,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონი განმარტავს და მიუთითებს, რა წესით გაცემულ საგანმანათლებლო პროგრამის გავლის დამადასტურებელ დოკუმენტს მიიჩნევს სახელმწიფო აღიარებულად. კანონის მე-2 მუხლის ,,ო” ქვეპუნქტის მიხედვით, დიპლომი არის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მინიჭებული კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი, აგრეთვე საქართველოს ან/და უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ ერთობლივად მინიჭებული კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი; ამავე მუხლის ,,ღ2” ქვეპუნქტის შესაბამისად, კვალიფიკაცია არის სწავლის შედეგი, რომელიც მიიღწევა უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის დაძლევით და დასტურდება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული დიპლომით ან სერტიფიკატით, აგრეთვე სწავლის შედეგი, რომელიც მიიღწევა ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის დაძლევით და დასტურდება საქართველოს ან/და უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ ერთობლივად გაცემული დიპლომით/დიპლომებით ან სერტიფიკატით.

 

საგულისხმოა, რომ ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის გარდამავალ დებულებებით, კერძოდ, 88-ე მუხლის 11 პუნქტით განისაზღვრა, რომ ლიცენზირებული ან კანონით ლიცენზირებულად ჩათვლილი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ 2005–2006 სასწავლო წლის დაწყებამდე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული, საგანმანათლებლო პროგრამის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი აღიარებულია სახელმწიფოს მიერ, ამ დაწესებულების აკრედიტაციის მიუხედავად. ამავე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად კი, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა აკრედიტაციის საბჭოს დებულებისა და პერსონალური შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 20 ივლისის №418 ბრძანებულების შესაბამისად აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები ჩაითვალონ ამ კანონის შესაბამისი ინსტიტუციური აკრედიტაციის მქონედ 2007−2008 სასწავლო წლის დაწყებამდე. სახელმწიფოს მიერ აღიარებულად ჩაითვალოს იმ დაწესებულების სტუდენტებზე 2007−2008 სასწავლო წლის დაწყებამდე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული, საგანმანათლებლო პროგრამის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელთაც ზემოაღნიშნული ბრძანებულების შესაბამისად უარი ეთქვათ აკრედიტაციის მინიჭებაზე.

 

დადგენილია, რომ 2017 წლის 31 აგვისტოს დ------------–--ემ განცხადებით მიმართა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს, რომლითაც მოითხოვა შპს „ს----------–----------------------------ის“ მიერ მის სახელზე გაცემული დიპლომის SRKI N------ (სარეგისტრაციო N-----) ნამდვილობის დადასტურება, სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2017 წლის 25 სექტემბრის MES 2------------ გადაწყვეტილებით კი დ------------–--ეს უარი ეთქვა დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე. ამასთანავე, დადგენილია, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უწყებრივი სალიცენზიო რეესტრის მონაცემების თანახმად, ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 27 აგვისტოს დადგენილებით (სარეგისტრაციო N2/8-174) რეგისტრირებულ იქნა შპს „ს----------–-------------ას“ ფილიალი „ს----------–----------------------------ი“. საქართველოს განათლების სამინისტროს მიერ კი 2002 წლის 11 ოქტომბერს შპს „ს----------–-------------ას“ ფილიალი „ს----------–----------------------------ის“ სახელზე გაიცა უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის N--------- ლიცენზია.

 

ამდენად, სააპელაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელემ სწავლა დაიწყო სწორედ ლიცენზირებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში, რომელიც იმ პერიოდისთვის აკმაყოფილებდა კანონმდებლობის ყველა მოთხოვნას, თუმცაღა მოსარჩელის მიერ სწავლის დამთავრებისას სასწავლო დაწესებულება არ იყო აკრედიტირებული, რასაც 2005 წლიდან მოქმედი კანონმდებლობა მოითხოვდა. სასწავლო დაწესებულების აკრედიტაცია სასწავლო დაწესებულების მიერ შესაბამისი განცხადების და მოთხოვნის წარდგენას უკავშირდება, რაზეც, ერთი მხრივ, სტუდენტი გავლენას ვერ მოახდენს, მეორე მხრივ კი, სტუდენტისთვის, შესაძლებელია, არც იყოს ცნობილი, რომ მის მიერ სწავლის დაწყების შემდეგ ამოქმედებული კანონმდებლობით სასწავლებელი სწავლის დაწყებისა და სწავლის დასრულების პერიოდში სხვადასხვა სამართლებრივ მდგომარეობაში აღმოჩნდა. მითითებული ფაქტობრივი გარემოება კი აპელანტს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით არ შეუფასებია.

 

სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ რამდენადაც კანონმდებლის მიერ დიპლომი მიჩნეულია კვალიფიკაციის განმსაზღვრელ დოკუმენტად, ყოველი კონკრეტული დავის გადაწყვეტის პროცესში სასამართლო ვალდებულია, ადმინისტრაციული ორგანოს უარი დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე შეაფასოს თანაზომიერებისა და კანონიერი ნდობის პრინციპების გათვალისწინებით.

 

თანაზომიერების პრინციპის შესაბამისად, „უფლების მზღუდავი საკანონმდებლო რეგულირება უნდა წარმოადგენდეს ღირებული საჯარო (ლეგიტიმური) მიზნის მიღწევის გამოსადეგ და აუცილებელ საშუალებას. ამავე დროს, უფლების შეზღუდვის ინტენსივობა მისაღწევი საჯარო მიზნის პროპორციული, მისი თანაზომიერი უნდა იყოს. დაუშვებელია ლეგიტიმური მიზნის მიღწევა განხორციელდეს ადამიანის უფლების მომეტებული შეზღუდვის ხარჯზე” (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის N3/1/512 გადაწყვეტილება საქმეზე “დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II-60). ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ, თანაზომიერების პრინციპზე დაყრდნობით, უნდა შეაფასოს, თუ რამდენად არის დაცული პროპორციულობა კერძო პირთა და საჯარო ლეგიტიმურ მიზნებს შორის.

 

ამასთან, სააპელაციო სასამართლო სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს პოზიციას კანონიერი ნდობის პრინციპზე მითითების თვალსაზრისით და განმარტავს, რომ არ შეიძლება, მოქალაქეს მოეთხოვოს იმაზე მეტი პასუხისმგებლობა, ვიდრე ასეთი გათვალისწინებულია კანონით. დაუშვებელია პირისთვის განმსაზღვრელ უფლებაზე ისეთი სახის საკანონმდებლო რეგულაციის გავრცელება, რომელიც ქმედების განხორციელების დროს არ იყო კანონით გათვალისწინებული და გონივრული განსჯის შედეგად განჭვრეტადი მაშინ, როდესაც არის დაცული პროპორციულობა კერძო პირთა და საჯარო ლეგიტიმურ მიზნებს შორის.

 

სააპელაციო პალატა მართებულად მიიჩნევს საქალაქო სასამართლოს მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ მოცემული დავის გადაწყვეტისთვის მნიშვნელოვანია დადგინდეს, გააჩნდა თუ არა მოსარჩელეს კანონიერი ნდობა მის სახელზე გაცემული დიპლომის მიმართ, რაც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის მე-5 ნაწილის შინაარსის გათვალისინებით, არსებობს იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესებულმა მხარემ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე განახორციელა იურიდიული მნიშვნელობის მოქმედება. მართალია, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი კანონიერ ნდობას უკავშირებს მხოლოდ აღმჭურველი აქტის არსებობას, თუმცა მოსარჩელის განსაკუთრებული დაცვის ღირსი იურიდიული ინტერესის ადეკვატურად განმარტების შედეგად სასამართლომ სწორედ აღნიშნა, რომ კანონიერი ნდობის ობიექტია ძირითადად ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის შედეგები, რომელიც შეიძლება არსებობდეს როგორც ადმინისტრაციული აქტის, ასევე მოქმედებების (რეალაქტის) სახით. დაცვის ობიექტია სახელმწიფოს მიერ განხორციელებული აღმჭურველი ბუნების მოქმედებებიც, დაცვის ღირსია მათი კანონიერების რწმენა, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც საქმე უფლების მიმნიჭებელ აქტებსა და მოქმედებებს ეხება. კანონიერი ნდობის პრინციპზე დაყრდნობით ამ უფლების მატარებელს უფლება აქვს, წინააღმდეგობა გაუწიოს მათ გაუქმებასა თუ მათი ნამდვილობის, იურიდიული ძალმოსილების არაღიარებას. მართებულია საქალაქო სასამართლოს მოსაზრება, რომ კანონმდებლის მიზანი კანონიერი ნდობის პრინციპის საკანონმდებლო დონეზე დამკვიდრებისას (სზაკ-ის მე-9, 601 და 61-ე მუხლები) არის მმართველობითი საქმიანობის შედეგად გარკვეული უფლებით აღჭურვილი პირის დაცვა უფლების მიმნიჭებელი არამარტო კანონსაწინააღმდეგო აქტის, არამედ მოქმედების გაუქმებისაგანაც.

 

სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ არის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული კანონიერი ნდობის გამომრიცხავი გარემოება, რაც გულისხმობს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით სახელმწიფო, საზოგადოებრივი ან სხვა პირის კანონიერი უფლების ან ინტერესების არსებით დარღვევას. ამასთანავე, მართებულია საქალაქო სასამართლოს მოსაზრება, რომ ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-9 მუხლის მე-2 ნაწილით და 601 მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებულ კანონიერი ნდობის გამომრიცხავ გარემოებას - დაინტერესებული მხარის უკანონო ქმედებას, მოსარჩელე ენდობოდა მის მიმართ გაცემული დიპლომის სტაბილურობას და მისი ეს ნდობა დაცვის ღირსია სამართლებრივი უსაფრთხოების ფაქტორიდან გამომდინარე, რაც, თავის მხრივ, ზღუდავს აქტის ბათილად გამოცხადების შესაძლებლობას, მოცემულ შემთხვევაში ზღუდავს მოპასუხეს, არ დაადასტუროს დიპლომის ნამდვილობა. დაინტერესებული მხარე ენდობოდა სახელმწიფოს მოქმედების, ამ მოქმედების შედეგების სტაბილურობას და გამოიყენა ეს ნდობა - დ------------–--ემ მასზე გაცემული დიპლომის საფუძველზე განახორციელა მთელი რიგი იურიდიული მნიშვნელობის მოქმედებები, ამასთანავე, იგი ახორციელებს პროფესიულ საქმიანობას. პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორედ მიუთითა, რომ აღნიშნული სამართლებრივი შედეგების შენარჩუნება ემსახურება ადმინისტრაციული სამართლის უმნიშვნელოვანესი პრინციპის - კანონიერი ნდობის უზრუნველყოფას, რაც თავის მხრივ, განაპირობებს მმართველობის ავტორიტეტს, სამართლებრივი სტაბილურობის და უსაფრთხოების განმტკიცებას. კანონიერი ნდობის პრინციპის დარღვევა უნდა იყოს განსაკუთრებულად დასაბუთებული და უკიდურესად აუცილებელი, რაც განსახილველი საქმის მასალებიდან არ იკვეთება.

 

საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის კერძო ინტერესი - გააჩნდეს უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (დიპლომი), შესაბამისი კვალიფიკაცია, შეძლოს პროფესიით მუშაობა, განახორციელოს როგორც საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული განათლების მიღების, ისე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის დამატებითი ოქმით გარანტირებული განათლების უფლების რეალიზაცია არის უპირატესი იმ საჯარო ინტერესთან შედარებით, რომელიც გულისხმობს მხოლოდ განსახილველი საკითხის მომწესრიგებელი მატერიალური კანონმდებლობის ფორმალურ დაცვას.

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

ზემოაღნიშნული გარემოებების ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივრებით ვერ იქნა გაბათილებული თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა კოლეგიის დასკვნები სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად გადაწყვიტა სადავო საკითხი, რის გამოც არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები. შესაბამისად, უცვლელად უნდა დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა კოლეგიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება.

 

5. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, აპელანტის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 150 (ას ორმოცდაათი) ლარი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 390-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით

 

სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 27 მარტის გადაწყვეტილება;

 

3. აპელანტის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 150 (ას ორმოცდაათი) ლარი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში.

 

თავმჯდომარე: თამარ ონიანი

 

მოსამართლეები: მანანა ჩოხელი

 

გიორგი ტყავაძე