განაჩენი

სისხლის სამართლის 09.11.2018
საქმის ნომერი
140100118002245436
ინსტანცია
თარიღი
09.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 140100118002245436

საქმე №1ბ/844-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

9 ნოემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატის მოსამართლე: გერონტი კახეთელიძემ

 

მარიამ ნანეიშვილის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლის: მ-----–-------–---–ის

ადვოკატის: მ------------–-–---–ის

გამართლებულის: შ-------------–---–ის

მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, გორის რაიონული პროკურატურის პროკურორ მ-----–-------–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------) შ-------------–---–ის, დაბადებულის 1----–-–-----------ს, საქართველოს მოქალაქის (პირადი №5----------), ნასამართლობის მქონის, დასაოჯახებელის, საშუალო განათლებით, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების: გ------------------------–-----------ში, მიმართ, დანაშაულები, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ შ-------------–---–მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ორი პირის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2017 წლის 5 დეკემბერს, დაახლოებით 23:30 საათზე, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა შ-------------–---–მა, გ------------------------–-----------ში მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში, მშობლებს - ლ---–---------–---–სა და შ---------------ეს მოსთხოვა ფული, რაზეც მიიღო უარი. აღნიშნულზე გაღიზიანებულმა შ-------------–---–მა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მშობლებს, რის შემდეგაც დედას - ლ---–---------–---–ს შეშის ნაპობი დაარტყა ხელსა და ტანზე. მეუღლეს გამოესარჩლა შ---------------ე, რის შემდეგაც შ-------------–---–მა მასაც შეშის ნაპობი დაარტყა თავისა და მარცხენა მხარის არეში. შ-------------–---–ის ქმედებით ლ---–---------–---–მა და შ---------------ემ განიცადეს ფიზიკური ტკივილი და მიიღეს სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანებები, ჯანმრთელობის მოუშლელად.

 

სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ შ-------------–---–მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2017 წლის 6 დეკემბერს, დაახლოებით 10:50 საათზე, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა შ-------------–---–მა, გ------------------------–-----------ში მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში, მშობლებს - ლ---–---------–---–სა და შ---------------ეს კვლავ მოსთხოვა ფული, რაზეც ისევ მიიღო უარი. უარით განაწყენებულმა შ-------------–---–მა ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მათ, შემდეგ კი დედას - ლ---–---------–---–ს სკამი დაარტყა მარცხენა ხელში, რის შემდეგაც წააქცია იგი ლოგინზე და ორჯერ დაარტყა ფეხი ტანის არეში. შ-------------–---–ის ქმედებით ლ---–---------–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება, ჯანმრთელობის მოუშლელად.

 

გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 16 მაისის განაჩენით:

 

შ-------------–---–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში.

 

გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 16 მაისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა გორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მ-----–-------–---–მა.

 

წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით აპელანტი ითხოვს გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 16 მაისის გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას, მის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას, შ-------------–---–ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ–ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და აღნიშნული მუხლების სანქციის ფარგლებში სამართლიანი სასჯელის დანიშვნას.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა რა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნებს, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ გორის რაიონული პროკურატურის პროკურორ მ-----–-------–---–ის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს პირველი ინსტანციის სასამართლოს გამამართლებელი განაჩენი შ-------------–---–ის მიმართ და მის ნაცვლად დადგეს გამამტყუნებელი განაჩენი შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სსსკ–ის 259–ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. იგი გამოტანილი უნდა იყოს საქართველოს კონსტიტუციის, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. განაჩენი უნდა ემყარებოდეს სასამართლოს განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს, ამასთან, დანიშნული სასჯელი უნდა შესაბამებოდეს მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

 

საქართველოს სსსკ–ის 260–ე მუხლის მიხედვით, განაჩენის დადგენისას სასამართლოს თანმიმდევრობით უნდა გადაწყვიტოს, ჩაიდინა თუ არა ბრალდებულმა სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედება, არის თუა არა ბრალდებულის ქმედება მართლსაწინააღმდეგო, შეერაცხება თუ არა ბრალდებულს ბრალად ჩადენილი ქმედება....

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა ვერ დაეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის მოტივაციას შ-------------–---–ის საქართველოს სსკ–ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში უდანაშაულოდ ცნობისა და გამართლების თაობაზე. გორის რაიონულმა სასამართლომ აღნიშნულ გადაწყვეტილებას საფუძვლად დაუდო ის გარემოება, რომ ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად აუცილებელი, უტყუარი მტკიცებულებები, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდნენენ შ-------------–---–ის მიერ საქართველოს სსკ–ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენას. კერძოდ, დაზარალებულებმა - შ---------------ემ, ლ---–---------–---–მა და მოწმე ე-–-----------–---–მა ისარგებლეს მათთვის კანონით მინიჭებული უფლებით და სასამართლოში არ მისცეს ჩვენება შ-------------–---–ის წინააღმდეგ, მოწმეების (პოლიციის თანამშრომლების) - ზ----------------ის, ს-----------–---–ის, მ-----–-------ის, გ-----------------–---–ის ჩვენებები მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, ირიბია, თვითონ შ-------------–---–მა სასამართლოში ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა და მხოლოდ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა არ არის საკმარისი პირის დამნაშავედ ცნობისათვის.

 

სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი. საქმეზე შეკრებილი, პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეული მტკიცებულებებით - მოწმეების - ზ----------------ის, ს-----------–---–ის, გ-----------------–---–ის ჩვენებებით, ექსპერტ მ--–----------------ის ჩვენებით, შეტყობინებით შ-------------–---–ის მიერ მშობლებზე განხორციელებული ძალადობის შესახებ, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს №0-------- და №0-------- დასკვნებით - სააპელაციო პალატა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულად მიიჩნევს, რომ შ-------------–---–მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ორი პირის მიმართ, მანვე ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

თავდაპირველად პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ამასთან, მტკიცების ტვირთის ბრალდების მხარეზე დაკისრება როგორც შიდასამართლებრივი, ისე საერთაშორისო სამართლით აღიარებული სტანდარტია. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთ საქმეში განმარტა, რომ ბრალდებამ „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით უნდა დაასაბუთოს პირის ბრალეულობა და ასევე უნდა დააკმაყოფილოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითადი პრინციპი - in dubio pro reo, რაც იმას გულისხმობს, რომ არ შეიძლება სასამართლომ პირი ცნოს დამნაშავედ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი. (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 76-77, აგრეთვე, გადაწყვეტილება საქმეებზე - Lavents v. Latvia, პარ. 125 და Melich and Beck v. Czech Republic, პარ. 49).

 

როგორც ზემოთ აღინიშნა, პირველი ინსტანციის სასამართლომ განაჩენში მიუთითა, რომ იმ პირობებში, როდესაც დაზარალებულებმა არ მისცეს ჩვენება სასამართლოს და არ არიან ქმედების თვითმხილველი სხვა მოწმეები, ირიბი ჩვენებები და სხვა არაპირდაპირი მტკიცებულებები საფუძვლად ვერ დაედება გამამტყუნებელ განაჩენს, რასაც სასამართლო ვერ დაეთანხმება.

 

სააპელაციო პალატა მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, სადაც საკასაციო პალატამ აღნიშნა, რომ ოჯახური დანაშაული, მისი ბუნებიდან გამომდინარე, მოწმეთა სიმრავლით არ გამოირჩევა. დანაშაულის მსხვერპლი შესაძლოა, მისი ოჯახის წევრისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის თავიდან არიდებას ცდილობდეს, რის გამოც მისი ჩვენების უტყუარობა, საქმეში არსებული ყველა ფაქტობრივი გარემოებისა და მტკიცებულების დეტალური ანალიზით უნდა შეფასდეს. (იხ. უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 20 თებერვლის №527აპ-17 განაჩენი).

 

ისეთი ჩვენების მიცემაზე უარის თქმა, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს, წარმოადგენს მოწმის უფლებას. აღნიშნული უფლებით სარგებლობა, რა თქმა უნდა, არ გამორიცხავს დანაშაულის ჩადენის ფაქტს. პალატას მიაჩნია, რომ დაზარალებულის მიერ ჩვენების მიცემაზე უარის თქმის დროს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს დაზარალებულის პოზიციის მიღმა არსებულ მოტივებს (დაზარალებულის მოძალადეზე ფინანსური დამოკიდებულება, ილუზორული მოლოდინი, რომ მოძალადე ქცევას შეიცვლის, მოძალადისგან მომდინარე შურისძიების შიში და სხვ.) რაც, როგორც წესი, განპირობებულია ოჯახური დანაშაულის ხასიათით.

 

როგორც აღინიშნა, მოწმის (დაზარალებულის) მიერ ახლო ნათესავის საწინააღმდეგო ჩვენების მიცემაზე უარის თქმის უფლება არ გამორიცხავს დანაშაულის არსებობას. შესაბამისად, პალატა იმსჯელებს საქმეში წარმოდგენილ სხვა მტკიცებულებებზე და ამ მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შესაბამისად ბრალდების საფუძვლიანობაზე.

 

საქმეში არსებული შეტყობინების მიხედვით, 112-ის მეშვეობით, 2017 წლის 6 დეკემბერს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გორის რაიონულ სამმართველოში (სამორიგეოში) შევიდა შეტყობინება ოჯახური ძალადობის კონფლიქტზე ლ---–---------–---–ის ტელეფონის ნომრიდან - 5--------, ზარის ინიციატორია თავად ლ---–---------–---–ი, რომელმაც განაცხადა, რომ შვილმა, შ-------------–---–მა ცემა მშობლები, საჭიროა სასწრაფოც და ითხოვდა დახმარებას.

 

სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა, შს სამინისტროს გორის რაიონული სამმართველოს უბნის უფროსმა ინსპექტორ-გამომძიებლმა ზ----------------ემ აჩვენა, რომ 2017 წლის 6 დეკემბერს, დაახლოებით 11 საათზე, შსს-ს გორის რაიონულ სამმართველოში შესული შეტყობინების საფუძველზე, რომ გ------------------------–-----------ში, შ---------------ის ოჯახში იყო კონფლიქტი, კერძოდ, მათი შვილი - შ-------------–---–ი მშობლებს აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას, უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ ს-----------–---–თან ერთად გამოცხადდა შემთხვევის ადგილზე. ნახეს, რომ მთვრალ მდგომარეობაში მყოფი შ-------------–---–ი გამოხატავდა აგრესიას მშობლების - ლ---–---------–---–ისა და შ---------------ის მიმართ, კერძოდ, აგინებდა და ლანძღავდა მათ. შ---------------ისა და ლ---–---------–---–ის განმარტებით, შ-------------–---–ი მათ მთელი ღამის განმავლობაში აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას. ორივე მშობელს აღენიშნებოდათ დაზიანებები, კერძოდ, ლ---–---------–---–ს დაზიანება აღენიშნებოდა მხარზე, შ---------------ეს - თავზე. იგივე ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურა სასამართლოში მიცემულ ჩვენებაში შს სამინისტროს გორის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლმა ს-----------–---–მა და დამატებით აჩვენა, რომ, მართალია, შ-------------–---–ის მიერ მშობლების ცემის ფაქტს არ შესწრებია, თუმცა ნასვამ მდგომარეობაში მყოფი შ-------------–---–ი არა მარტო აგინებდა და ლანძღავდა მშობლებს, არამედ გამოხატავდა მათ მიმართ აგრესიას და იწევდა მათ საცემრად, მაგრამ შ-------------–---–ი შეაკავეს მან (მოწმემ) და ზ----------------ემ. ორივე მშობელს აღენიშნებოდათ დაზიანებები.

 

მოწმეების - ზ----------------ისა და ს-----------–---–ის ჩვენებების შეფასებისას სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშნულ მოწმეთა ჩვენებები პირდაპირია, ვინაიდან, დაზარალებულის შეტყობინების საფუძველზე, შემთხვევის ადგილზე გამოცხადებულებმა, მათ თავიანთი თვალით ნახეს დაზარალებულები - ლ---–---------–---–ი და შ---------------ე, რომლებიც პირდაპირ მიუთითებდნენ მათი შვილის - შ-------------–---–ის მიერ მათზე განხორციელებული ფიზიკური ძალადობის შესახებ, ამასთან, ორივე მათგანს სხეულზე აღენიშნებოდათ დაზიანებები. უფრო მეტიც, მთვრალ მდგომარეობაში მყოფი შ-------------–---–ი, პოლიციელთა თანდასწრებით, ლანძღავდა და აგინებდა დედ-მამას და კვლავ იწევდა მათ საცემრად, თუმცა შ-------------–---–ი პოლიციელებმა შეაკავეს და აღარ მისცეს მშობლების ცემის შესაძლებლობა. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ზემოხსენებულ მოწმეთა ჩვენებები მნიშვნელოვანია, ვინაიდან გადმოსცემენ უშუალოდ ნანახს და დაზარალებულთა მდგომარეობას, რაც, სხვა მტკიცებულებებთან ერთად, აუცილებელია აღნიშნული კატეგორიის საქმეთა განხილვის შემთხვევაში. ამდენად, აღნიშნულ მოწმეთა ჩვენება სავსებით შესაძლებელია ჩაითვალოს პირდაპირ ჩვენებად, რომელიც საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან ერთად გვაძლევს მტკიცებულებათა ისეთ ერთობლიობას, რაც საკმარისად დასაბუთებული და კანონიერი საფუძველია შ-------------–---–ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.

 

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს №0-------- და №0-------- დასკვნებით, დადგენილია, რომ 2017 წლის 6 დეკემბერს, 16:45 საათზე პირადი შემოწმების მომენტისათვის ლ---–---------–---–ს სხეულზე აღენიშნებოდა დაზიანებები სისხლჩაქცევების სახით, ხოლო 2017 წლის 6 დეკემბერს, 16:30 საათზე პირადი შემოწმების მომენტისათვის შ---------------ეს სხეულზე აღენიშნებოდა დაზიანებები ნაჭდევებისა და სისხლჩაქცევების სახით. ორივე მათგანის დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) მოქმედებით, მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად და არ ეწინააღმდეგებიან წინასწარ მონაცემებში მითითებულ თარიღს. აღნიშნული ექსპერტიზების დასკვნის თანახმად, შ---------------ე უჩივის ტკივილს მარცხენა მხრის მიდამოში, ხოლო ლ---–---------–---–ი - მარჯვენა მტევნის მიდამოში. შესამოწმებელთა გადმოცემით, შ-------------–---–მა ჩაარტყა რამდენჯერმე შეშის ნაპობი ჯერ მუცლის მიდამოში, შემდეგ მარჯვენა მტევნის და მარცხენა წვივის მიდამოში (ლ---–---------–---–ი), ასევე შ-------------–---–მა ჩაარტყა რამდენჯერმე შეშის ნაპობი ჯერ თავში, შემდეგ მარცხენა მხარზე (შ---------------ე). აღნიშნული ექსპერტიზების ჩატარების ფაქტი და შედეგები დაადასტურა სასამართლოში მოწმედ დაკითხულმა ექსპერტმა მ--–----------------მა.

 

ზემოხსენებული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნების შეფასებისას სააპელაციო სასამართლო ყურადღებას მიაპყრობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 20 ივლისის განაჩენს (საქმე №1-------), რომელშიც უზენაესი სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ ნებისმიერი სახის სასამართლო ექსპერტიზის და მათ შორის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, როგორც მტკიცებულება, უნდა შეფასდეს არა მხოლოდ მისი ერთი რომელიმე ნაწილის ან რეკვიზიტის მიხედვით, არამედ მთლიანობაში, მისი კვლევითი ნაწილის ჩათვლით, რადგან მის თითოეულ ნაწილს გააჩნია მტკიცებულებითი მნიშვნელობა. მოცემულ შემთხვევაში, სწორედ ექსპერტიზის დასკვნების კვლევით ნაწილშია მითითებული შ-------------–---–ის მიერ მშობლებზე განხორციელებული ძალადობრივი ქმდებების შესახებ.

 

სააპელაციო პალატას მნიშვნელოვნად და საყურადღებოდ მიაჩნია ის ფაქტობრივი გარემოებაც, რომ საქმეში წარმოდგენილია დაზარალებულების - შ---------------ისა და ლ---–---------–---–ის ნოტარიულად დამოწმებული განცხადებები (უდავო მტკიცებულება), რომელთა მიხედვით, მათ თავიანთ შვილს, შ-------------–---–ს აპატიეს ჩადენილი ქმედებები, ამ უკანასკნელის მიმართ არანაირი პრეტენზია არ გააჩნიათ და არც მომავალში ექნებათ.

 

უნდა აღინიშნოს, რომ სააპელაციო პალატა შ-------------–---–ის ბრალეულობის დამადასტურებელ ზემოხსენებულ მტკიცებულებებს განიხილავს და აფასებს არა ცალ–ცალკე, განყენებულად, არამედ ერთობლიობაში, ზემოხსენებული მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ავსებენ და ადასტურებენ ერთი–მეორეს, ხოლო მათი ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადგენს და ადასტურებს შ-------------–---–ის მიერ ბრალად შერაცხული კვალიფიკაციით დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენას.

 

ამრიგად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას საქმეში არსებული, ზემოხსენებული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადგენილად და დადასტურებულად მიაჩნია შ-------------–---–ის მიერ საქართველოს სსკ–ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენის ფაქტი.

 

რაც შეეხება სასჯელს, საქართველოს სსკ–ის 53–ე მუხლის მე–3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს. სასჯელის დანიშვნისას სააპელაციო პალატა შ-------------–---–ის პასუხისმგებლობის დამამძიმებლად მიიჩნევს დანაშაულების ჩადენას მთვრალ მდგომარეობაში, აგრეთვე, იმ გარემოებას, რომ მოცემული დანაშაულები მას ჩადენილი აქვს პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის პერიოდში. რაც შეეხება პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებს, სააპელაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს პალატის სხდომაზე დადგენილ შემდეგ გარემოებებზე: შ-------------–---–ი მარტო ცხოვრობს ასაკოვან მშობლებთან და არის მათი მარჩენალი, მომხდარი ფაქტის გარდა მისი მხრიდან მშობლების მიმართ რაიმე სახის ძალადობრივ ქმედებას ადგილი აღარ ჰქონია, ორივე დაზარალებული შერიგებულია შ-------------–---–თან, არ გააჩნიათ მის მიმართ არანაირი პრეტენზია. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ შ-------------–---–თან მიმართებით საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევა შესაძლებელი იქნება სასჯელის სახედ საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის დანიშვნით, რაც იქნება შემაკავებელი ახალი დანაშაულის თავიდან ასაცილებლად და დამნაშავის რესოციალიზაციისთვის, რათა მსჯავრდებულმა გააცნობიეროს ჩადენილი ქმედებები, გამოიტანოს სათანადო დასკვნები და მოახდინოს საკუთარი თავის რეაბილიტაცია. ამასთან, მას საბოლოო სასჯელი უნდა დაენიშნოს განაჩენთა ერთობლიობით.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს, გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 16 მაისის გამამართლებელი განაჩენი შ-------------–---–ის მიმართ უნდა გაუქმდეს და მის ნაცვლად დადგეს გამამტყუნებელი განაჩენი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, -

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

გორის რაიონული პროკურატურის პროკურორ მ-----–-------–---–ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

 

გაუქმდეს გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 16 მაისის გამამართლებელი განაჩენი შ-------------–---–ის მიმართ და მის ნაცვლად დადგეს გამამტყუნებელი განაჩენი;

 

შ-------------–---–ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ასორმოცდაათი) საათის ვადით;

 

შ-------------–---–ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 400 (ოთხასი) საათის ვადით;

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას დანიშნული სასჯელები შეიკრიბოს სრულად და შ-------------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 550 (ხუთას ორმოცდაათი) საათის ვადით;

 

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს ხაშურის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 23 აგვისტოს განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი - 2 (ორი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა;

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატოს წინა - ხაშურის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 23 აგვისტოს განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - 5 (ხუთი) თვის და 10 (ათი) დღის ვადით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, შ-------------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 550 (ხუთას ორმოცდაათი) საათის ვადით და თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) თვის და 10 (ათი) დღის ვადით;

 

შ-------------–---–ს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის პერიოდი - 2017 წლის 6 დეკემბრიდან 2018 წლის 16 მაისის ჩათვლით (5 თვე და 10 დღე) და მხედველობაში იქნას მიღებული, რომ მსჯავრდებულ შ-------------–---–ს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი მოხდილი აქვას;

 

ცნობად იქნას მიღებული, რომ შ-------------–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა, გაუქმებულია;

 

ნივთიერი მტკიცებულება:

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ:

 

სკამი - დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს;

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისში, ძმ. ზუბალაშვილების ქ.№32ა), მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: გ. კახეთელიძე