განაჩენი

სისხლის სამართლის 21.11.2018
საქმის ნომერი
180100118002555211
ინსტანცია
თარიღი
21.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 180100118002555211

საქმე #1ბ/1356-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

21 ნოემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატის მოსამართლე: გერონტი კახეთელიძემ

 

მცხეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნ-------------–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------), მ--------------–---–ის, დაბადებულის 1980 წლის 16 სექტემბერს, საქართველოს მოქალაქის (პირადი #3----------), დაოჯახებულის, საშუალო განათლების მქონის, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების: მ–------------------------–-----–-------ში, მიმართ, დანაშაულები, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ’’ ქვეპუნქტებით და 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

აღწერილობითი - სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მ--------------–---–მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, დამცირება, რამაც ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.

 

მანვე ჩაიდინა მუქარა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

მ--------------–---–ის მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

 

მცხეთის რაიონის სოფელ ნიჩბისში მცხოვრები მ--------------–---–ი მეუღლის, ლ----------–---–ისა და არასრულწლოვანი ქალიშვილის, თ--------------–---–ის მიმართ წლების განმავლობაში სისტემატურად ახორციელებდა ოჯახში ძალადობას. კერძოდ, მათ უსაფუძვლოდ, სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, აგინებდა, მოიხსენიებდა შეურაცხმყოფელი სიტყვებით და ამცირებდა მათ, რის გამოც ლ-----------–---–ი და თ--------------–---–ი განიცდიდნენ ფსიქოლოგიურ ტანჯვას.

 

2018 წლის 22 აპრილს, დაახლოებით 17 საათზე, მ–------------------------–-----–-------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა მ--------------–---–მა უმიზეზოდ დაუწყო ლანძღვა-გინება მეუღლეს, ლ-----------–---–ს. მ--------------–---–მა ლ-----------–---–ს დასარტყმელად მოუღერა მუშტი, რა დროსაც გასაშველებლად მათ შორის ჩადგა შვილი თ--------------–---–ი. მ---------------–---–მა თ--------------–---–ს ორივე იდაყვი ჩაარტყა ორივე ხელის სახსრებში და იმავდროულად, მას ხელი ჰკრა, რის გამოც თ--------------–---–ი მიეჯახა კარადას, რა დროსაც განიცადა ფიზიკური ტკივილი. შემდეგ მ--------------–---–მა მოიხსნა ქამარი და დაიწყო მეუღლის მიმართულებით ქამრის მოქნევა, თუმცა ქამარი ვერ მოარტყა, რადგან ლ-----------–---–ი მას სხვა ოთახში გაერიდა. მ--------------–---–მა მოძებნა მეუღლე საძინებელ ოთახში, სწვდა მარცხენა ხელში და ცდილობდა მის გათრევას ფანჯრისკენ, თუმცა ლ----------–---–მა ხელი გააშვებინა, რის შემდეგაც მ---------------–---–მა უკნიდან ხელი მოხვია ყელში და ძალის გამოყენებით წაათრია მეზობელი ოთახის ფანჯრისკენ, იმავდროულად, მეუღლეს და შვილს აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და ემუქრებოდა მოკვლით. ვინაიდან მ---------------–---–ი წლების განმავლობაში გამოირჩეოდა აგრესიით მეუღლის მიმართ და ახორციელებდა ძალადობას, ლ----------–---–ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. მ--------------–---–ის მიერ განხორციელებული ზემოაღნიშნული ძალადობრივი ქმედებებით ლ----------–---–მა და არასრულწლოვანმა თ--------------–---–მა განიცადეს ძლიერი ფიზიკური ტკივილი და ფსიქოლოგიური ტანჯვა.

 

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 12 სექტემბრის განაჩენით:

 

მ--------------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ’’ ქვეპუნქტებით (2017 წლის 1 ივნისის რედაქცია) და 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2017 წლის 1 ივნისის რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ’’ ქვეპუნქტებით (2017 წლის 1 ივნისის რედაქცია) - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 4 (ოთხი) თვის ვადით, საიდანაც დანიშნული სასჯელის ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) თვის ვადით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით, განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) თვის ვადით, ჩაეთვალა პირობით მსჯავრად, გამოსაცდელ ვადად კი დაუდგინდა 2 (ორი) წელი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2017 წლის 01 ივნისის რედაქცია) - თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) თვის ვადით, საიდანაც დანიშნული სასჯელის ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) თვის ვადით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით, განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) თვის ვადით, ჩაეთვალა პირობით მსჯავრად, გამოსაცდელ ვადად კი დაუდგინდა 2 (ორი) წელი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის გამოყენებით, მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, მ--------------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 4 (ოთხი) თვის ვადით, საიდანაც დანიშნული სასჯელის ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) თვის ვადით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით, მ--------------–---–ს განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) თვის ვადით, ჩაეთვალა პირობით მსჯავრად, გამოსაცდელ ვადად კი დაუდგინდა 2 (ორი) წელი.

 

სასჯელის მოხდის ვადის ათვლა მ--------------–---–ს დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 22 აპრილის 22 საათი და 17 წუთიდან.

 

აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მცხეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნ-------------–---–მა, რომელმაც მოითხოვა მცხეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 12 სექტემბრის განაჩენში ცვლილებების შეტანა სასჯელის გამკაცრების კუთხით. კერძოდ, მ--------------–---–ს სასჯელის სახედ დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით.

 

საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, „სააპელაციო საჩივრის განმხილველი სასამართლო უფლებამოსილია საჩივრის დასაშვებად ცნობიდან ორი კვირის ვადაში, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილოს მხარის საჩივარი ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულთა საქმეებზე, ასევე საჩივარი მხოლოდ სასჯელის შემცირების თაობაზე“.

 

სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა რა სახელმწიფო ბრალმდებელ ნ-------------–---–ის სააპელაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი მსჯავრდებულ მ--------------–---–ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი შემდეგი გარემოებების გათვალისწინებით:

 

სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ მ--------------–---–ის დანაშაულებრივ ქმედებებს მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.

 

საქმეზე შეკრებილი, მხარეთა შეთანხმებით, საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის ,,დ’’ პუნქტის საფუძველზე, პრეიუდიციად მიღებული მტკიცებულებებით, კერძოდ, დაზარალებულების - ლ----------–---–ისა და თ--------------–---–ის გამოკითხვის ოქმებით, სასამართლოში მ--------------–---–ის მიერ დანაშაულების აღიარებით, სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის N--------- და N--------- დასკვნებით, სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- და N--------- დასკვნებით და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით სააპელაციო პალატა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულად მიიჩნევს, რომ მ--------------–---–მა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 1261 -ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ’’ ქვეპუნქტებით (2017 წლის 1 ივნისის რედაქცია) და 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2017 წლის 1 ივნისის რედაქცია)გათვალისწინებული დანაშაულები.

 

სააპელაციო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით მ--------------–---–ის მიმართ დანიშნული სასჯელი არის დაუსაბუთებელი და უსამართლო. აპელანტის მოსაზრებით, საქართველოს სსკ-ის 531 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დამამძიმებელ გარემოებას წარმოადგენს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ, არასრულწლოვნის მიმართ ან მისი თანდასწრებით ჩადენილი დანაშაული და აქედან გამომდინარე თვლის, რომ მსჯავრდებულს უნდა განესაზღვროს უფრო მკაცრი სახის სასჯელი, როგორიც არის თავისუფლების აღკვეთა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით. აგრეთვე, გასათვალისწინებელია ისიც, რომ მსჯავრდებულის მხრიდან მეუღლის და არასრულწლოვანი შვილის მიმართ ფსიქოლოგიური ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება ხორციელდებოდა სისტემატურად, წლების განმავლობაში.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა ვერ დაეთანხმება სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, მითითებული არგუმენტების საფუძველზე, მსჯავრდებულ მ--------------–---–ის მიმართ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით დანიშნული სასჯელის გამკაცრების შესახებ.

 

სააპელაციო საჩივარში პასუხისმგებლობის დამამძიმებლად მითითებულია ის გარემოება, რომ, ვინაიდან დანაშაული ჩადენილია ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ, არასრულწლოვნის მიმართ და მისი თანდასწრებით, აღნიშნული, საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ცალსახად წარმოადგენს პასუხისმგებლობის (სასჯელის) დამამძიმებელ გარემოებას.

 

სააპელაციო პალატა განმარტავს, ის გარემოებები, რომ მოცემულ საქმეზე დანაშაული ჩადენილია ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ და არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, აღნიშნული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლით (ოჯახში ძალადობა მაკვალიფიცირებელ გარემოებებში) გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობის აუცილებელი ნიშნებია, რომლის გარეშეც აღნიშნული კვალიფიკაციით გათვალისწინებული დანაშაული სახეზე არ გვექნება, ამიტომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის (მაკვალიფიცირებელ გარემოებებში) შემთხვევაში სამართლებრივად არასწორია სასჯელის დანიშვნისას მითითება საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის (სასჯელის დამამძიმებელი გარემოებები) მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, დანაშაულის ჩადენა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ, არასრულწლოვნის მიმართ და მისი თანდასწრებით, არის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისათვის. ამ ლოგიკით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისას ყველა შემთხვევაში დამნაშავეს უნდა დაენიშნოს სანქციით გათვალისწინებული სასჯელის ყველაზე მკაცრი სახე და ზომა, რაც სამართლებრივად არასწორია და ეწინააღმდეგება სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპს. გარდა ამისა, აღნიშნულ გარემოებას სასჯელის განსაზღვრისას სააპელაციო პალატა მხედველობაში არ მიიღებს, ვინაიდან საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსის კერძო ნაწილის მუხლი ან მუხლის ნაწილი დანაშაულის შემადგენლობის ნიშნად ითვალისწინებს შემამსუბუქებელ ან დამამძიმებელ გარემოებას, იგივე გარემოება სასჯელის დანიშვნის დროს მხედველობაში არ მიიღება. ამდენად, აღნიშნული არგუმენტი არ შეიძლება გამოყენებულ იქნას მსჯავრდებულისათვის უფრო მკაცრი სასჯელის დასანიშნად.

 

სააპელაციო პალატა ასევე ვერ დაეთანხმება სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის მოსაზრებას სასჯელის ნაწილში პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის დაუსაბუთებლობასთან დაკავშირებით. როგორც სააპელაციო საჩივრის მოთხოვნიდან ირკვევა, მოცემულ შემთხვევაში სახელმწიფო ბრალდებას რეალურად პრეტენზია გააჩნია მსჯავრდებულ მ--------------–---–ის მიმართ დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით და ითხოვს მის გამკაცრებას (იხ. სააპელაციო საჩივარი), რაც, საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის თანახმად, დაკავშირებულია განაჩენის სამართლიანობასთან და არა განაჩენის დასაბუთებულობასთან. განაჩენის დასაბუთებულობა ფასდება იმ კრიტერიუმების მიხედვით, რომლებიც მოცემულია საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-3 ნაწილში. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეზე მ--------------–---–ის მიმართ გამოტანილი, მცხეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 12 სექტემბრის განაჩენი არის დასაბუთებული და კანონიერი, ვინაიდან იგი ემყარება მოცემულ საქმეზე შეკრებილ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას და განაჩენი გამოტანილია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით. ამდენად, სააპელაციო პალატისათვის გაუგებარია პროკურორის პრეტენზია განაჩენის დასაბუთებულობასთან დაკავშირებით.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სახელმწიფო ბრალმდებელს წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარში არ მიუთითებია თუნდაც ერთი სამართლებრივი არგუმენტი, რომელიც პალატას შესაძლებლობას მისცემდა ემსჯელა და გამოეყენებინა მსჯავრდებულ მ--------------–---–ისათვის დანიშნული სასჯელის გამკაცრების საფუძვლად. ამასთან, ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია წაპასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოების დამადასტურებელი რაიმე ახალი მტკიცებულება, რაც სასამართლოს შესაძლებლობას მისცემდა ემსჯელა მისთვის დანიშნული სასჯელის დამძიმებაზე.

 

პალატა განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული დანაშაული და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალურობით ხასიათდება და კონკრეტული დანაშაულისათვის გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში დანიშნული სასჯელის ან მისი ნაწილის პირობით ჩათვლა იმთავითვე არ გულისხმობს მის უსამართლობას. შესაბამისად, ამ გარემოებების გათვალისწინებით, დანიშნული სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილ დანაშაულთან. მოცემულ საქმეზე სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, მსჯავრდებულის პიროვნების, შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით, მსჯავრდებულს დაუნიშნა სამართლიანი სასჯელი.

 

სააპელაციო პალატა აცხადებს, რომ საქართველოს სსკ–ის 50–ე მუხლის მე–5 ნაწილის თანახმად: ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას სასამართლო უფლებამოსილია განაჩენით დაადგინოს სასჯელის ნაწილის მოხდა, ხოლო დანარჩენი ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლა, თუ ბრალდებული (მსჯავრდებული) აღიარებს დანაშაულს (თუ პირს არ წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე), ასახელებს დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილეებს და თანამშრომლობს გამოძიებასთან. პალატა აცხადებს, რომ აღნიშნული რეგულაციის შემოღებით, კანონმდებელი დამნაშავე პირთა გარკვეულ კატეგორიას აძლევს იმის საშუალებას და შანსს, რომ თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ნაწილი მოიხადონ ამ ფორმით, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში საზოგადოებისგან იზოლაციის გარეშე, რაც სრულად შეესაბამება ზოგადად სასჯელის მიზნების განხორციელებას. მოცემულ შემთხვევაში პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენს მ--------------–---–ის მიმართ თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლის შესახებ. მ--------------–---–მა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას თავი ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში, აღიარა და გულწრფელად მოინანია ჩადენილი დანაშაულები, რაც პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებად უნდა ჩაითვალოს. მას დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილეები არ ჰყოლია და საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებში მონაწილეობის მიღებით ითანამშრომლა გამოძიებასთან. ასევე სააპელაციო პალატა აცხადებს, რომ დანაშაულის გულწრფელი აღიარება და მონანიება დამნაშავე პირის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი სუბიექტური მიდგომაა, განცდაა ჩადენილი დანაშაულის გამო. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ დანაშაულის გულწრფელი აღიარება და მონანიება გათვალისწინებული უნდა იყოს მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში სისხლისსამართლებრივი ზემოქმედების ღონისძიებების და ცხადია, სასჯელის დანიშვნის, საკითხების გადაწყვეტისას.

 

პალატა აღნიშნავს, რომ სასჯელის მიზნების რეალურად შესრულება უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას. ასევე გასათვალისწინებელია ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნის შესრულების საჭიროება სასჯელის პროპორციული და ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით. აღსანიშნავია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლი სასამართლოს ავალდებულებს სასჯელის დანიშვნის დროს მხედველობაში მიიღოს სხვადასხვა გარემოებები, მათ შორის დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის მისწრაფება, შეურიგდეს დაზარალებულს. მოცემულ შემთხვევაში, გარდა დანაშაულის აღიარებისა და გულწრფელი მონანიებისა, სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ მთელ რიგ გარემოებებს, რომ მ--------------–---–ი არის ოთხი შვილის მამა და ოჯახის ერთადერთი მარჩენალი, მისი ოჯახი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაშია დარეგისტრირებული, მეზობლების მხრიდან მ--------------–---–ი ხასიათდება დადებითად, საქმეში წარმოდგენილია დაზარალებულების ნოტარიულად დამოწმებული ხელწერილები, რომელთა თანახმად, დაზარალებულები შერიგებული არიან მ--------------–---–თან და მის მიმართ არანაირი პრეტენზია არ გააჩნიათ. აგრეთვე, მ--------------–---–მა სადავოდ არ გახადა ბრალდების მხარის მიერ საქმეზე შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო საქმეზე სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მსჯავრდებულ მ--------------–---–ისთვის დანაშაულთა ერთობლიობით დანიშნულ სასჯელს სამართლიანად მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულისათვის სასჯელის დანიშვნის დროს სრულად გაითვალისწინა მისი პიროვნული მახასიათებლები, ჩადენილი დანაშაულების სიმძიმე, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები და ისე დაუნიშნა სასჯელი, რაც პალატის დასკვნით, სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას. პალატა მიიჩნევს, რომ მცხეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 12 სექტემბრის განაჩენი მსჯავრდებულ მ--------------–---–ის მიმართ, არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანაშაულთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი. შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი მ--------------–---–ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მცხეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნ-------------–---–ის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ითქვას უარი;

 

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 12 სექტემბრის განაჩენი მ--------------–---–ის მიმართ, დარჩეს უცვლელი;

 

მ--------------–---–ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ’’ ქვეპუნქტებით (2017 წლის 1 ივნისის რედაქცია) და 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2017 წლის 1 ივნისის რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ’’ ქვეპუნქტებით (2017 წლის 1 ივნისის რედაქცია) - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 4 (ოთხი) თვის ვადით, საიდანაც დანიშნული სასჯელის ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) თვის ვადით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით, განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) თვის ვადით, ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2017 წლის 1 ივნისის რედაქცია) - თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) თვის ვადით, საიდანაც დანიშნული სასჯელის ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) თვის ვადით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით, განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) თვის ვადით, ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, მ--------------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 4 (ოთხი) თვის ვადით, საიდანაც დანიშნული სასჯელის ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) თვის ვადით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით, განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) თვის ვადით, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალოს პირობით, 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით;

 

სასჯელის მოხდის ვადის ათვლა მ--------------–---–ს დაეწყოს დაკავებიდან - 2018 წლის 22 აპრილიდან;

 

პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ პირობით მსჯავრდებულ მ--------------–---–ის ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება დაევალოს პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ ბიუროს - მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;

 

ცნობად იქნას მიღებული, რომ მ--------------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა, გაუქმებულია;

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოტანისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისში, ძმ. ზუბალაშვილების ქ.№32ა), მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე გ. კახეთელიძე