განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №3ბ/1468-18 21 ნოემბერი, 2018 წელი
№ 330310016001295433 თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე - თეა ძიმისტარაშვილი
სხდომის მდივანი - ხვთისო აზარაშვილი
აპელანტი (მოსარჩელე) - ქ---------------ე
წარმომადგენელი - ბ------------–---–-
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო
წარმომადგენელი - ც-------------
მესამე პირი - სსიპ ქონების მართვის სააგენტო
წარმომადგენელი - ი----------------–---–-
მესამე პირი - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
1. გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილებით ქ---------------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
2. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.1. 1974 წლის 11 აპრილს ქ. თბილისის პ------–------ის აღმასკომის თავჯდომარეს განცხადებით მიმართა ქ. თბილისში, წ-------–--------------------------------------------ში მცხოვრებმა შ-----–-------------------ემ და განმარტა, რომ 06.01.1972წ. N------ საგარანტიო ხელშეკრულების საფუძველზე, საცხოვრებლად გადადის ო-----------ის რაიონის ა-------–-------ში აშენებულ მ-----------–-----ის საუწყებო სახლში, ასევე ითხოვა მისი კუთვნილი ავტოგარაჟის (მდებარე ქ. თბილისში, დ--------------–-------–-) რ--------–---------------------ეზე (მცხოვრები იგივე მისამართზე, წ-------–--------------------------------) გადაფორმება.
N-- ოქმით (N82.04.08), რომელიც დამტკიცებულ იქნა პ------–------ის რაისაობჭოს აღმასკომის 14.04.1982 წლის N--------- გადაწყვეტილებით, კომისიამ გაითვალისწინა რა მოქალაქე შ---------ის საცხოვრებლად სხვა რაიონში გადასვლის ფაქტი, დაადგინა,რომ მის სახელზე რიცხული ლითონის ავტოგარაჟი, მდებარე ა---–-------–------------------- მიმდებარედ, უნდა გადაუფორმდეს მოქალაქე რ---------ეს.
სამოქალაქო რეესტრის დ------ის სამსახურის მიერ 2006 წლის 30 იანვარს გაცემულ იქნა გარდაცვალების მოწმობა ალN------, რომლითაც დგინდება, რომ 2006 წლის 29 იანვარს გულსისხლძარღვთა მწვავე უკმარისობის დიაგნოზით, 78 წლის ასაკში გარდაიცვალა რ-------------ე (პირადი N 0----------).
2.2. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ამონაწერის თანახმად (განცხადების რეგისტრაცია - N------------; 02.07.2014წ.), უძრავი ნივთის (მდებარე ქ. თბილისში, ა---–-------–----------------------------ში, საკადასტრო კოდი N-----------------------, ბინა N27, ფართი 70,00 კვ.მ.) მესაკუთრეს წარმოადგენს ქ---------------ე. ამონაწერში უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მითითებულია 29.11.2006 წლის კანონისმიერი სამკვიდრო მოწმობა N----- (ნოტარიუსი ლ--------–---–-).
2.3. საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს 2015 წლის 22 დეკემბერს N------------ სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა ქ---------------ემ და მოითხოვა საკუთრების უფლების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე, მდებარე ქ. თბილისში, ა---–-------–----------------ის მიმდებარედ.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილსის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ 2015 წლის 28 დეკემბერს მიღებულ იქნა გადაწყვეტილება N--------------- სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ, თანახმად ,,საჯარო რეესტრის შესახებ'' საქართველოს კანონის 21-ე მუხლის ,,ა'' ქვეპუნქტისა. ადმინისტრაციულმა ორგანომ დაინტერესებულ პირს მოთხოვნის რეგისტრაციის განსახორციელებლად დაავალა საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის დამატებით წარდგენა, რისთვისაც განესაზღრა 30 დღიანი კალენდარული ვადა და ამავდროულად განემარტა გადაწყვეტილების გასაჩივრების წესი და დრო.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილსის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ 2016 წლის 28 იანვარს მიღებულ იქნა გადაწყვეტილება N--------------- სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ, იმ გარემოებაზე მითითებით, რომ სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში დაინტერესებული პირის მიერ არ იქნა წარდგენილი შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტი/ინფორმაცია, ,,საჯარო რეესტრის შესახებ'' საქართველოს კანონის 22-ე მუხლის ,,ბ'' ქვეპუნქტის საფუძველზე. მხარეს განემარტა გადაწყვეტილების გასაჩივრების წესი და დრო.
2.4. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2015 წლის 28 დეკემბრის N--------------- გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების წარმოების შეჩერების შესახებ ქ---------------ის მიერ 2016 წლის 20 იანვრის N------- ადმინისტრაციული საჩივრით გასაჩივრებულ იქნა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში და მოთხოვნილ იქნა წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღება. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 22 თებერვლის N----- გადაწყვეტილებით, ქ---------------ეს უარი ეთქვა 2016 წლის 20 იანვრის N------- ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე და განემარტა გასაჩივრების წესი და დრო.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
სასამართლომ განმარტა შემდეგი:
2.5. საერთაშორისო სამართლის რიგი უმნიშვნელოვანესი წყაროები (ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი, ასევე რეგიონალური მნიშვნელობის - კერძოდ ევროპის საბჭოს ფარგლებში მოქმედი უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი - ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენცია), განსაზღვრავენ რა ადამიანის იმ ძირითად უფლებებს, რომლებიც კაცობრიობის განვითარების დღევანდელ ეტაპზე განუსხვისებელია ყოველი გონიერი არსებისაგან, ადგენენ მათი დაცვის გარანტიებსა და ასეთი დაცვის განხორციელების საზედამხედველო მექანიზმებს, ერთ-ერთ უმთავრეს უფლებად, სწორედ სასამართლოსადმი მიმართვის, ასევე სამართლიანი, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოთი პირის უზრუნველყოფის ვალდებულებას აწესებენ.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. ამ კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მოთხოვნის, ანუ დავის საგნის განსაზღვრა წარმოადგენს უაღრესად მნიშვნელოვან და პრინციპული ხასიათის მოთხოვნას, გამომდინარე იქედანაც, რომ სასამართლო იხილავს სარჩელს და გამოაქვს გადაწყვეტილება სწორედ ამ სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში. დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე, მხოლოდ მოსარჩელეს აქვს უფლება განსაზღვროს სარჩელის საგანი, შეცვალოს, გაზარდოს, შეამციროს იგი და ა.შ.
საერთაშორისო სამართლის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს წყაროს, რომელიც საქართველოს კონსტიტუციით, "საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ" საქართველოს კანონისა და "ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად საქართველოში პირდაპირი მოქმედებს, ადამიანის უფლებების და ძირითადი თავისუფლებების დაცვის ევროპული კონვენცია წარმოადგენს. კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველ ადამიანს მისი სამოქალაქო უფლებების და მოვალეობების განსაზღვრისას საქმის სამართლიანი და საჯარო განხილვის უფლება აქვს გონივრულ ვადაში დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ, რომელიც შექმნილია კანონის საფუძველზე.
კონვენციის ეს ნორმა რეგლამეტირებულია ასევე საქართველოს კონსტიტუციაში, რომლის 42-ე მუხლი ადგენს, რომ ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. ყოველი პირის უნდა განსაჯოს იმ მხოლოდ სასამართლომ, რომლის იურისდიქციასაც ექვემდებარება მისი საქმე. სარჩელი უნდა წარედგინოს იმ სასამართლოს რომელიც უფლებამოსილია განიხილოს და გადაწყვიტოს საქმე. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლი სამართლიანი სასამართლოს უფლების (fair trial) მარეგულირებელი ცენტრალური ნორმაა, რომელშიც მოცემულია მნიშვნელოვანი სამართლებრივ-სახელმწიფოებრივი საპროცესო გარანტიები. სამართლიანი სასამართლოს უფლება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს საერთო ევროპულ ფუნდამენტურ ელემენტს. იგი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ „ხელისუფლების შტოებს შორის შეკავებისა და გაწონასწორების არქიტექტურის” უმნიშვნელოვანეს ნაწილად განიხილება.
2.6. სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
აღნიშნული ნორმის დეფინიციის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული დოკუმენტის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ იგი ფორმალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით აკმაყოფილებდეს აღნიშნულ იმპერტიული-ნორმატიულ მოთხოვნებს და შეიცავდეს ინდივიდულური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ყველა ელემენტს, კერძოდ: სადავო ურთიერთობის ერთ-ერთი მხარე უნდა იყოს ადმინისტრაციული ორგანო, სადავო სამართლებრივი ურთიერთობა უნდა გამომდინარეობდეს ადმინისტრაციული (საჯარო) სამართლის კანონმდებლობიდან და ადმინისტრაციული ორგანოს ღონისძიება მიმართული უნდა იყოს კონკრეტული შემთხვევის მოწესრიგებისა და არსებული სამართლერივი მდგომარეობის შეცვლისაკენ, ანუ იგი უნდა აწესებდეს, ცვლიდეს, წყვეტდეს ან ადასტურებდეს პირის სამართლებრივ მდგომარეობას.
სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებები ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებია და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მათი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ და ,,საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამის ნორმებთან.
2.7. სასამართლომ მიუთითა, რომ ,,საჯარო რეესტის შესახებ” საქართველოს კანონი განსაზღვრავს საჯარო რეესტრის წარმოების ორგანიზაციულ-სამართლებრივ საფუძვლებს, საჯარო რეესტრის მწარმოებელი ორგანოს – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს (შემდგომ – სააგენტო) უფლება-მოვალეობებს. ამავე საკანონმდებლო აქტის მეორე მუხლის ”თ” ქვეპუნქტის მიხედვით, რეგისტრაცია არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე ამ კანონით განსაზღვრული უფლების, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების, მიწის მიზნობრივი დანიშნულების და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის შეცვლის, ტყის ფონდის საზღვრის დადგენის და მასში ცვლილების, გეოგრაფიული ობიექტების, მათი კომპლექსებისა და ნაწილების ნუმერაციის და მათ შესახებ მონაცემების, ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების სუბიექტისა და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემების, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული სავალდებულო სარეგისტრაციო მონაცემების, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისა და კომანდიტური საზოგადოების პარტნიორთა წილებზე საკუთრების უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებული ვალდებულებების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის შესახებ მონაცემთა აღრიცხვა შესაბამის რეესტრში, რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებით.
სასამართლომ განმარტა, რომ ,,საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. ამავე კანონის მე-9 მუხლის თანახმად, რეგისტრაცია წარმოებს როგორც უშუალოდ სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტების, აგრეთვე ამ დოკუმენტაციის სათანადო წესით შექმნილი ელექტრონული ასლების საფუძველზე. მე-12 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, უძრავ ნივთზე უფლების რეგისტრაციის უზრუნველსაყოფად შეიძლება ამ კანონით დადგენილი წესით ამ უფლების წინასწარი რეგისტრაცია უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში. ხოლო 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ”ა” ქვეპუნქტი ადგენს, რომ მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ, თუ განცხადებას არ ერთვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული დოკუმენტი ან ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად, ან/და არ არის გადახდილი სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასური. ამავე კანონის 22-ე მუხლის შესაბამისად კი, მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ, თუ სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში არ იქნა წარდგენილი სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი ინფორმაცია ან დოკუმენტი.
განსახილველ შემთხვევაში სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს 2015 წლის 22 დეკემბერს N------------ სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა ქ---------------ემ და მოითხოვა საკუთრების უფლების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე მდებარე ქ. თბილისი, ა---–-------–----------------ის მიმდებარედ. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილსის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ 2015 წლის 28 დეკემბერს მიღებულ იქნა გადაწყვეტილება N--------------- სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ, თანახმად ,,საჯარო რეესტრის შესახებ'' საქართველოს კანონის 21-ე მუხლის ,,ა'' ქვეპუნქტისა. ადმინისტრაციულმა ორგანომ დაინტერესებულ პირს მოთხოვნის რეგისტრაციის განსახორციელებლად დაავალა საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის დამატებით წარდგენა, რისთვისაც განესაზღვრა 30 დღიანი კალენდარული ვადა, ხოლო 2016 წლის 28 იანვარს მიღებულ იქნა გადაწყვეტილება N--------------- სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ, იმ გარემოებაზე მითითებით, რომ სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში დაინტერესებულმა პირის მიერ არ იქნა წარდგენილი შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტი/ინფორმაცია, ,,საჯარო რეესტრის შესახებ'' საქართველოს კანონის 22-ე მუხლის ,,ბ'' ქვეპუნქტის საფუძველზე.
სასამართლოს განმარტებით, ადმინისტრაციული წარმოების პროცესში გამოიკვეთა, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტექნიკური აღრიცხვის არქივში, ქ. თბილისში, ა---–-------–------------------------------ის მიმდებარედ ავტოფარეხის არსებობისა და მასზე უფლებრივი მდგომარეობის შესახებ მონაცემები ვერ მოიძებნა (არ იყო დაცული). სარეგისტრაციოდ წარდგენილი უძრავი ნივთი არ წარმოადგენდა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ,,I---------------------------'' საკუთრებაში რეგისტრირებული უძრავი ქონების (საკადასტრო კოდი N-----------------) ნაწილს, ხოლო 01 მაისის რაიოსაბჭოს აღმასკომის N-- ოქმში არ ფიქსირდება ჩანაწერი რ---------ისადმი უძრავი ნივთის საკუთრებაში გადაცემისა და მიწის ნაკვეთის ფართობის შესახებ. აღნიშნული ოქმი და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ,,I---------------------------'' N-- კრების ოქმი ვერ განიხილებოდა რა საკუთრების უფლების დამდგენ დოკუმენტად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებულ იქნა შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, რომელიც თავის მხრივ შემდგომში მოსარჩელე მხარის მიერ სადავოდ იქნა გამხდარი.
სასამართლომ მიუთითა უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების შეძენის კანონით განსაზღვრულ იმპერატიულ წესზე და განმარტა, რომ მართალია, სამოქალაქო კოდექსის ზოგიერთი ნორმის მიხედვით (მაგ. 1513-ე, 1433-ე მუხლები) პირი მესაკუთრედ ითვლება, ერთ შემთხვევაში, სამოქალაქო კოდექსის ამოქმედების, ხოლო, მეორე შემთხვევაში, სამკვიდროს გახსნის მომენტიდან, მაგრამ კანონი ორივე შემთხვევაში იმპერატიულ მოთხოვნას აწესებს სანივთო სამართლებრივი უფლების - საკუთრების უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის თაობაზე. უძრავ ნივთებზე საკუთრების უფლების გაფორმება საბოლოოდ სსკ-ის 183-ე მუხლით გათვალისწინებული წესით ხდება. უძრავი ქონების შეძენის ეს წესი კეთილსინდისიერი შემძენის ინტერესების დაცვის მოწესრიგებას განაპირობებს. სსკ-ის 185-ე მუხლი მიუთითებს: „შემძენის ინტერესებიდან გამომდინარე, გამსხვისებელი ითვლება მესაკუთრედ, თუ იგი ასეთად რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში, გარდა იმ შემთხვევისა, როცა შემძენმა იცოდა, რომ გამსხვისებელი არ იყო მესაკუთრე.“ მოცემული ნორმა მიუთითებს საჯარო რეესტრის სპეციფიკურ დანიშნულებაზე სამოქალაქო ბრუნვის მექანიზმში, რაც განაპირობებს კეთილსინდისიერი შემძენის ასეთ უფლებრივ მდგომარეობას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 19 ივნისის გადაწყვეტილებაში, სამოქალაქო საქმეზე №ას-185-178-2012 განმარტებულია: „უძრავ ნივთზე ნებისმიერი კანონით გათვალისწინებული უფლების შესაძენად (სანივთო გარიგებები და სხვა) საჯარო რეესტრში რეგისტრაცია სავალდებულოა. აღნიშნული განპირობებულია საჯარო რეესტრის დანიშნულებით, რომელიც წარმოადგენს სამოქალაქო ბრუნვის გარანტს და ემსახურება კერძო სამართლის სუბიექტთა ინტერესების დაცვას. ეს დასკვნა ემყარება სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლს, რომლის ძალითაც რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. უძრავი ნივთების ამგვარ მკაცრ სამართლებრივ რეჟიმში მოქცევა კერძო სამართლის სუბიექტთა უფლებების დაცვას და სამოქალაქო ბრუნვის სამართლებრივ უსაფთხოებას ემსახურება. კეთილსინდისიერების ზოგადსამართლებრივი პრინციპიდან გამომდინარე, საკუთრებისა და სხვა სანივთო უფლებების დაცვა უნდა ხორციელდებოდეს ისე, რომ სამოქალაქო ბრუნვის ყველა მონაწილის ინტერესები თანაბრად იყოს დაცული. ეკონომიკური საქმიანობის თავისუფლების კონსტიტუციური პრინციპები და საქონლის თავისუფალი გადაადგილების წესები გულისხმობენ სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობისა და საიმედოობის გარანტიების არსებობას. ასეთი გარანტიების არარსებობის შემთხვევაში კეთილსინდისიერი შემძენი, რომელმაც ხელშეკრულების დადებისას გამოიჩინა გონივრულობა და სიფრთხილე, არის ქონების არამართლზომიერი დაკარგვის რისკის მატარებელი.“ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 16 იანვრის გადაწყვეტილებაში სამოქალაქო საქმეზე №ას-189-182-2013 , განმარტებულია: „საჯარო რეესტრის უმთავრესი დანიშნულებაა სწორად ასახოს რეგისტრაციას დაქვემდებარებული ყოველგვარი უფლება, მათ შორის, საკუთრების უფლება და მათი მდგომარეობა. საჯაროობის პრინციპი კი გულისხმობს იმას, რომ რეგისტრაციის მომენტიდან იძენს ამგვარი უფლება იურიდიულ ძალას მესამე პირებისათვის. კანონმდებლობა უშვებს საჯარო რეესტრის სისწორის პრეზუმფციას, რაც ნიშნავს იმას, რომ მესამე პირებისათვისრეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. ამდენადსაჯარო რეესტრი ერთი მხრივ, სამოქალაქო ბრუნვის გარანტის ფუნქციას ასრულებს, ხოლო, მეორე მხრივ, იგი სრულ კონსესუსშია სამოქალაქო ბრუნვაში დამკვიდრებული ნდობისა და კეთილსინდისიერების პრინციპთან.
2.8. სასამართლომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის საფუძველზე განმარტა, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების, ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები, ხოლო, ამავე ნორმის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევით, რომლის არარსებობის შემთხვევაში, მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის, თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. ხსენებული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
სასამართლოს განმარტებით, იმისათვის, რომ შესრულდეს კანონის მოთხოვნა და ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყოს კანონშესაბამისი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მეტად მნიშვნელოვანი და სავალდებულო წინაპირობაა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა, გაანალიზება, შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება ამ გარემოებათა კომპლექსური შეფასების შედეგად, იმისათვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან რაიმე შეცდომა და ამის საფუძველზე დაუსაბუთებელი დასკვნის გაკეთება.
2.9. სასამართლომ მიუთითა, რომ მოსარჩელის მოთხოვნას ასევე წარმოადგენს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 22.02.2016 წ. N----- გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, რომლითაც ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა. სასამართლოს მოსაზრებით, მოთხოვნის ამ ნაწილში სარჩელი ასევე საფუძვლიანია, კერძოდ:
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ბათილად ცნობს მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო საჩივრის ან სარჩელის შემთხვევაში – ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო. ამავე კოდექსის 185-ე მუხლის თანახმად, თუ ამ თავით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიყენება მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესები.
სასამართლომ მიუთითა, რომ საკასაციო სასამართლომ თავის გადაწყვეტილებებში არაერთგზის განმარტა ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის გამოცემის წესების დაცვისა და საქმის ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევისა და აქტის დასაბუთების ვალდებულება, ხოლო ასეთის შეუსრულებლობის შემთხვევაში აქტის სამართლებრივი შედეგების შესახებ, კერძოდ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის ,,კ“ ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული წარმოება არის ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების, გამოცემისა და აღსრულების, ადმინისტრაციული საჩივრის გადაწყვეტის აგრეთვე ადმინისტრაციული ხელშეკრულების მომზადების, დადების ან გაუქმების მიზნით. ადმინისტრაციული წარმოება წარმოადგენს პროცედურას - წესების ერთობლიობას, თუ რა უფლება-მოვალეობებით სარგებლობენ მისი მონაწილენი. ადმინისტრაციულ წარმოებაში პირის მონაწილეობა უზრუნველყოფს არა მხოლოდ დაინტერესებული პირის მოლოდინს, რომ მის მიმართ გამოიცეს კანონიერი და დასაბუთებული აქტი, არამედ მის უფლებასაც, რომ აქტიური მონაწილეობა მიიღოს მისი მომზადების სტადიებზე, რათა ობიექტური ზეგავლენა მოახდინოს იმ სამართლებრივ შედეგზე, რომელიც შესაძლოა მის მიმართ დადგეს. ადმინისტრაციული წარმოების სრულყოფილი ჩატარება ანუ მხოლოდ სათანადო პროცედურის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღება დიდწილად განაპირობებს მის კანონიერებას, დასაბუთებულობასა და მიზანშეწონილობას. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ეს უმნიშვნელოვანესი იმპერატიული ხასიათის დანაწესი ემსახურება საჯარო მმართველობის კანონიერების პრინციპს, რამდენადაც ყოველი მმართველობითი გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს განსახილველი საკითხის გარემოებებისა და ფაქტების ობიექტურ შესწავლა-გამოკვლევას, რომლის შეფასებიდან უნდა გამომდინარეობდეს საკითხის გადასაწყვეტად ჩამოყალიბებული დასკვნა (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 23 სექტემბრის გადაწყვეტილება საქმეზე N ბს-246-243 (კ-14)).
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის შედეგად გამოაქვს ერთ-ერთი შემდეგი გადაწყვეტილება: ა) ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ; ბ) ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე; გ) ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად კი ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით ამოწმებს ადმინისტრაციული ორგანო. ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია შეამოწმოს, აკმაყოფილებს თუ არა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონის იმ მოთხოვნას, რომელიც ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენ პირს ანიჭებს რაიმე უფლებას ან უპირატესობას.
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2015 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილებაში Nბს-180-177(კ-15) განმარტა, რომ ,,ადმინისტრაციული საჩივარი არის დაინტერესებული მხარის მიერ უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოში კანონმდებლობით დადგენილი წესით წარდგენილი წერილობითი მოთხოვნა დარღვეული უფლების აღდგენის მიზნით იმავე ან ქვემდგომი ორგანოს მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად გამოცხადების, შეცვლის ან ახალი ადნიმისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედების განხორციელებისაგან თავის შეკავების შესახებ, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულ საჩივარს აქვს ორი ძირითადი ფუნქცია: 1. ადმინისტრაციული საჩივარი, როგორც უფლების დაცვის საშუალება; 2. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ თვითკონტროლის განხორციელების შესაძლებლობა. ადმინისტრაციული საჩივარი, როგორც უფლების დაცვის საშუალება მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ ადმინისტრაციულ საჩივარს გააჩნია უპირატესობა, კერძოდ, ადმინისტრაციულ საჩივარზე ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში მოწმდება გადაწყვეტილების მიზანშეწონილობა და კანონიერება, მაშინ როდესაც სასამართლო იფარგლება აქტის მხოლოდ კანონიერების შემოწმებით. ადმინისტრაციულ საჩივარს, როგორც უფლების დაცვის საშუალების სრული მასშტაბით გამოყენებას, მხარისთვის განსაკუთრებული ინტერესი გააჩნია. ადმინისტრაციული წარმოება ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით გულისხმობს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების გადამოწმებას, რომელიც თავის თავში მოიცავს აქტის, როგორც ფორმალური, ისე მატერიალური კანონიერების გადამოწმებას''.
სასამართლომ მიუთითა, რომ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, როგორც საჩივრის განმხილველ ორგანოს, ადმინისტრაციული საჩივრის საფუძველზე წარმოეშვა მიღებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერებისა და მიზანშეწონილობის გადამოწმების ვალდებულება, რომლის შესაბამისად იქნა გამოკვლეულ საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და აღნიშნულის საფუძველზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
2.10. სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერსს ან უკანონოდ ზღუდავს მას.
სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ადგილი არა აქვს მითითებული ნორმის მოთხოვნათა დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მათი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებულ სამართლებრივ ნორმებთან, სადავო აქტები მიღებულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის საფუძველზე, დაცულია ადმინისტრაციული აქტის მომზადებისა და გამოცემისთვის კანონმდებლობით დადგენილი წესი, რის გამოც სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
2.11. მოსარჩელის მოთხოვნაზე - დაევალოს მოპასუხე მხარეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, სასამართლომ განმარტა, რომ იმ პირობებში როდესაც არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის მოთხოვნა შეცილებითი სარჩელის - ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობასთან დაკავშირებით, მავალდებულებელი სარჩელის (ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა) დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლებიც არ არსებობს, რამეთუ ეს მოთხოვნები ურთიერთკავშირსია ერთმანეთთან, კუმულაციურია და პირველის დაკმაყოფილებაზე უარი გამორცხავს მეორე მოთხოვნის დაკმაყოფილების საშუალებასაც.
3. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები
აპელანტის განმარტებით, საქალაქო სასამართლოს არ უმსჯელია და არ დაუდგენია ის ფაქტი, რომ რ-------------ე ფაქტობრივად 1974 წლიდან ფლობდა იმ ავტოფარეხს, რომელიც მას აღმასკომის გადაწყვეტილებით გადაეცა შ-----–ი ა--------აგან, სასამართლოს არ უმსჯელია იმ ფაქტზე, რომ რ-------------ე (რომლის მემკვიდრეც არის მოსარჩელე ქ---------------ე) 1982 წლიდან იხდიდა ავტოფარეხის გადასახადს და მიწის რენტას, სასამართლომ არ იმსჯელა, არსებობდა თუ არა მოცემულ შემთხვევაში საკუთრების უფლების აღიარების საკმარისი საფუძველი და დაადგინა მხოლოდ ის, რომ საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი მოსარჩელეს არ წარუდგენია საჯარო რეესტრისათვის, რაც საერთოდ არც ყოფილა დავის საგანი, მოსარჩელე დავობდა იმაზე, რომ საჯარო რეესტრმა მას არ უღიარა საკუთრება მართლზომიერ სარგებლობაში არსებულ უძრავ ქონებაზე.
აპელანტის მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სსკ-ის 394-ე მუხლის „ე“ და „ე1“ პუნქტებით გათვალისწინებული აბსოლუტური საფუძვლები, დავა შეეხებოდა მოსარჩელის მოთხოვნას საჯარო რეესტრისადმი, დარეგისტრირებულიყო მის საკუთრებაში ავტოფარეხი, რომელიც მამკვიდრებელს მართლზომიერ სარგებლობაში ჰქონდა გადაცემული აღმასკომის გადაწყვეტილებით და რომლის მართლზომიერების დასადგენადაც მხარეს გააჩნდა მიწის გადასახადის, ასევე დაზღვევის გადახდის ქვითრები, შესაბამისად, მოსარჩელე საჯარო რეესტრისაგან მოითხოვდა მართლზომიერ სარგებლობაში არსებულ უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების აღიარებას, რაზეც მას ეთქვა უარი. აპელანტის განმარტებით, სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღე ისე, რომ შეუძლებელია მისი მიღების მიზეზისა და საფუძვლის დადგენა, სასამართლო საერთოდ არ ასაბუთებს, მოსარჩელეს ჰქონდა თუ არა მართლზომიერ სარგებლობაში არსებულ უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების აღიარების საფუძველი, შესაბამისად, შეუძლებელია რაიმე პოზიციის დაფიქსირება სასამართლოს მსჯელობის სისწორესთან დაკავშირებით, სასამართლომ არ გამოარკვია, რას ეხებოდა დავა, არ მიუთითა არავითარ სამართლებრივ საფუძველზე.
აპელანტის განმარტებით, სახეზეა ასევე გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სსკ-ის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული საფუძვლები, სასამართლომ ა) არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა; ბ) გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, სარჩელში, მოთხოვნების სამართლებრივ საფუძვლებში მითითებული იყო „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონი, საიდანაც სასამართლოს უნდა გამოეყენებინა მე-2 მუხლის „ა“, „დ“ პუნქტები, 41 და მე-5 მუხლები. გარდა ამისა, აპელანტის განმარტებით, სასამართლომ არ იმსჯელა და საერთოდ არ დაადგინა ფაქტები, რაც საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის იყო, შესაბამისად, არც დასაბუთებაში მიუთითებია ასეთ ფაქტებზე, მაშინ, როდესაც ეს ფაქტები განსაზღვრავდა მოსარჩელის უფლებას - საჯარო რეესტრს ეღიარებინა მის საკუთრებად მართლზომიერ მფლობელობაში არსებული უძრავი ნივთი.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების დასაბუთება
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დარღვეულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მოთხოვნები, ამასთან გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ პუნქტის მიხედვით გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია.
სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების შემადგენლობას, შესაბამისად, სახეზეა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, როდესაც არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძვლები (სსკ-ის 394-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევები), სააპელაციო სასამართლოს შეუძლია თვითონ გამოიტანოს გადაწყვეტილება, რა დროსაც სსკ-ის 386-ე მუხლის მიხედვით გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
4.1. 1974 წლის 11 აპრილს ქ. თბილისის პ------–------ის აღმასკომის თავჯდომარეს განცხადებით მიმართა ქ. თბილისში, წ-------–--------------------------------------------ში მცხოვრებმა შ-----–-------------------ემ. განმცხადებელმა მიუთითა, რომ 06.01.1972წ. N------ საგარანტიო ხელშეკრულების საფუძველზე, საცხოვრებლად გადადის ო-----------ის რაიონის ა-------–-------ში აშენებულ მ-----------–-----ის საუწყებო სახლში და ითხოვს მისი კუთვნილი ავტოფარეხის (მდებარე ქ. თბილისში, დ--------------–-------–-) რ--------–---------------------ეზე გადაფორმებას.
4.2. პ------–------ის რაისაობჭოს აღმასკომის სხდომაზე 14.04.1982წ. N--------- გადაწყვეტილებით დამტკიცებული N-- ოქმით (82.04.08) დგინდება, რომ კომისიამ მოისმინა რ---------ის (მცხ. თბილისში, ა--–-------–-------------ში) განცხადება, მოქ. შ---------ის სახელზე რიცხული ავტოგარაჟის მის სახელზე გადაფორმების შესახებ. კომისიამ მიიჩნია, რომ გათვალისწინებულ უნდა იქნეს მოქალაქე შ---------ის საცხოვრებლად სხვა თბილისის სხვა რაიონში გადასვლის ფაქტი და შ---------ის სახელზე რიცხული ლითონის ავტოგარაჟი, მდებარე ა---–-------–-------------------------------- მიმდებარედ, უნდა გადაუფორმდეს მოქალაქე რ---------ეს.
4.3. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს დ------ის სამსახურის მიერ 2006 წლის 30 იანვარს გაცემული ალN------ გარდაცვალების მოწმობით დგინდება, რომ 2006 წლის 29 იანვარს გარდაიცვალა რ-------------ე (პირადი N 0----------).
4.4. საქმეში არსებული, 08.07.2014წ. მომზადებული საჯარო რეესტრიდან ამონაწერით (განცხადების რეგისტრაციის ნომერი: 8----------- თარიღი: 02.07.2014წ.) დგინდება, რომ თბილისში, ა-----–-------–----------------------------–- მდებარე 70 კვ.მ. ფართის N27 ბინის (მიწის ნაკვეთის საკადასტრო კოდი 0----------------------) მესაკუთრედ, 29.11.2006წ. კანონისმიერი სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე, რეგისტრირებულია ქ---------------ე.
4.5. საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს 2015 წლის 22 დეკემბერს N------------ სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა ქ---------------ემ და მოითხოვა თბილისში, ა-----–-------–---------------ის მიმდებარედ არსებულ უძრავ ნივთზე - ავტოფარეხზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია. განცხადებას ერთვოდა მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი; ავტოფარეხის შიდა აზომვითი ნახაზი; სანოტარო წესით დამოწმებული ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „I---------------------------“ N-- კრების ოქმი; ამონაწერი 0---------------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ ნივთთან დაკავშირებით; სანოტარო წესით დამოწმებული ლ---------ის, ს---------ას და გ----–--–---–ის განცხადება თბილისში, ა-----–-------–---------------ის მიმდებარედ არსებული ავტოფარეხის რ-------------ისადმი კუთვნილების დადასტურების შესახებ; რ-------------ის გარდაცვალების დამადასტურებელი მოწმობის ასლი; ქვითრების, პ------–------ის რაისაბჭოს აღმასკომის N-- 08.04.1982წ. სხდომის ოქმის, სადაზღვევო მოწმობისა და შ----–--------ის 1974 წლის 11 აპრილის განცხადების ნოტარიულად დამოწმებული ასლები.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილსის სარეგისტრაციო სამსახურის 2015 წლის 28 დეკემბრის N--------------- გადაწყვეტილებით, ,,საჯარო რეესტრის შესახებ'' კანონის 21-ე მუხლის ,,ა'' ქვეპუნქტის საფუძველზე, განცხადებაზე შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება. დაინტერესებულ პირს რეგისტრაციის განსახორციელებლად დაევალა საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა და განესაზღვრა ვადა შესაბამისი დოკუმენტის წარსადგენად.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილსის სარეგისტრაციო სამსახურის 2016 წლის 28 იანვრის N--------------- გადაწყვეტილებით, ,,საჯარო რეესტრის შესახებ'' საქართველოს კანონის 22-ე მუხლის ,,ბ'' ქვეპუნქტზე მითითებით, ქ---------------ის განცხადებაზე სარეგისტრაციო წარმოება შეწყდა, ვინაიდან სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში დაინტერესებულმა პირმა არ წარადგინა შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტი/ინფორმაცია.
4.6. სარეგისტრაციო წარმოების წარმოების შეჩერების შესახებ 2015 წლის 28 დეკემბრის N--------------- გადაწყვეტილება ქ---------------ემ 2016 წლის 20 იანვრის N------- ადმინისტრაციული საჩივრით გაასაჩივრა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 22 თებერვლის N----- გადაწყვეტილებით, ქ---------------ის ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა. სააგენტომ მიიჩნია, რომ სარეგისტრაციოდ წარდგენილი უძრავი ნივთი არ წარმოადგენს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „I---------------------------“ საკუთრებად რეგისტრირებული უძრავი ქონების (ს/კ 0---------------) ნაწილს, ამასთანავე, პ------–------ის რაისაბჭოს აღმასკომის N-- სხდომის ოქმში არ ფიქსირდება ჩანაწერი რ---------ისადმი უძრავი ნივთის საკუთრებაში გადაცემისა და მიწის ნაკვეთის ფართის შესახებ, შესაბამისად, აღნიშნული სხდომის ოქმი და ამხანაგობის N-- კრების ოქმი საკუთრების უფლების დამდგენ დოკუმენტებად ვერ განიხილებოდა.
სამართლებრივი დასაბუთება
4.7. უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძვლებს ადგენს „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონი, რომლითაც სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძვლად მიჩნეულია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება (8.1 მუხლი), ამასთანავე კანონი სავალდებულოდ მიიჩნევს რეგისტრაციის მოთხოვნის შესახებ განცხადებასთნ ერთად, ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაციისა და ინფორმაციის წარდგენას. მითითებული კანონის 21.1 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ, თუ განცხადებას არ ერთვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული დოკუმენტი ან ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად, ხოლო 22-ე მუხლის „ბ“ პუნქტის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ, თუ სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში არ იქნა წარმოდგენილი სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი ინფორმაცია ან დოკუმენტი.
დადგენილია, რომ 2015 წლის 22 დეკემბერს ქ---------------ემ განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს. განცხადებაში მითითებულია, რომ ქ---------------ემ მოითხოვა თბილისში, ა-----–-------–---------------ის მიმდებარედ არსებულ უძრავ ნივთზე - ავტოფარეხზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 28 დეკემბრის N--------------- გადაწყვეტილებით განცხადებაზე შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება, იმ საფუძვლით, რომ დაინტერესებულ პირს წარდგენილი არ ჰქონდა საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი, განცხადებაზე თანდართული ამხანაგობის კრების ოქმი და პ------–------ის რაისაბჭოს აღმასკომის N-- სხდომის ოქმი არ იქნა მიჩნეული ამგვარ დოკუმენტებად. 2016 წლის 28 იანვრის N--------------- გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება შეწყდა, ვინაიდან სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში დაინტერესებულმა პირმა არ წარადგინა შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტი/ინფორმაცია.
აქვე, პალატა ყურადღებას გაამახვილებს საჯარო რეესტრის შემდეგ უფლებამოსილებებზე; 1. საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტების წარდგენის შემთხვევაში, საჯარო რეესტრი ახდენს საკუთრების უფლების რეგისტრაცია-ფიქსაციას; 2. მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენის შემთხვევაში, საჯარო რეესტრი ახდენს საკუთრების უფლების აღიარება-რეგისტრაციას. ამ ბოლო შემთხვევაში, ადმინისტრაციული ორგანოს სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” კანონი, რომლის მიზანია მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფო საკუთრების მიწაზე ფიზიკური, კერძო სამართლის იურიდიული პირების ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნების საკუთრების უფლების აღიარებით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ფონდის ათვისება და მიწის ბაზრის განვითარების ხელშეწყობა. აღნიშნული კანონის მეორე მუხლის „ა“ პუნქტის თანახმად, მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწა განმარტებულია, როგორც სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან მის გარეშე, რომელზედაც (მიწის ნაკვეთზე ან შენობა-ნაგებობაზე) ფიზიკურ ან კერძო სამართლის იურიდიულ პირს ან კანონით გათვალისწინებულ სხვა ორგანიზაციულ წარმონაქმნს მართლზომიერი მფლობელობის უფლება წარმოეშვა ამ კანონის ამოქმედებამდე, ასევე ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში აღრიცხული, 1994 წლამდე თვითნებურად დაკავებული მიწა. ამავე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დაინტერესებული პირი არის ფიზიკური პირი, ასევე მისი სავარაუდო მემკვიდრე ან უფლებამონაცვლე, რომელიც მართლზომიერად ფლობს (სარგებლობს) ან რომელმაც თვითნებურად დაიკავა სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული).
მითითებული კანონის 41.1 მუხლის თანახმად, მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უფლებამოსილია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, ხოლო 41.2 მუხლის თანახმად, მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარება ხორციელდება უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში მართლზომიერი მფლობელის (მოსარგებლის) საკუთრების უფლების რეგისტრაციით. ამავე კანონის მე-5 მუხლი ადგენს მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების წესს, კერძოდ, 5.1 მუხლის თანახმად, მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის განხილვის საფუძველია დაინტერესებული პირის მიერ წერილობითი განცხადების წარდგენა სააგენტოში, ხოლო 5.2 მუხლის შესაბამისად, მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის დასადასტურებლად დაინტერესებულმა პირმა უნდა წარადგინოს: ა) მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტი; ბ) მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი; გ) საკუთრების უფლების აღიარების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი; დ) დაინტერესებული პირის საიდენტიფიკაციო დოკუმენტები; ე) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დოკუმენტაცია.
4.8. სააპელაციო პალატა საქმის მასალებით და აპელანტის განმარტებით დადგენილად მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, მხარის რეალურ ინტერესს წარმოადგენს მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე და მასზე განთავსებულ ნაგებობაზე საკუთრების უფლების აღიარება, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” კანონიდან გამომდინარე, სწორედ აღნიშნული კანონით გათვალისწინებული საფუძვლებით სურს მხარეს უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მოპოვება და მიიჩნევს, რომ უძრავ ნივთზე მისი მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტებია ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „I---------------------------“ N-- კრების ოქმი, პ------–------ის რაისაბჭოს აღმასკომის N-- 08.04.1982წ. სხდომის ოქმი, შ---------ის 1974 წლის 11 აპრილის განცხადების ნოტარიულად დამოწმებული ასლები, ასევე მიწის ნაკვეთის სარგებლობის გადასახადის გადახდის დამადასტურებელი ქვითრები. ამასთან, სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს მოწინააღმდეგე მხარის სააპელაციო პალატის სხდომაზე გაკეთებულ განმარტებას იმ გარემოებასთან დაკავშირებით, რომ საჯარო რეესტრმა, რომც განიხილოს აპელანტის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია მართლზომიერი მფლობელობის დამდგენ დოკუმენტად, აღნიშნული არ არის საკმარისი, ვინაიდან ამ დოკუმენტებით არ ირკვევა, ავტოფარეხისათვის გამოყოფილი მიწის ნაკვეთის ოდენობა (მითითება პ------–------ის რაისაობჭოს აღმასკომის 14.04.1982 წლის N--------- გადაწყვეტილებაზე).
პალატა მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასების და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი.
4.9. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, მიუხედავად იმისა, რომ ქ---------------ის მიერ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში 2015 წლის 22 დეკემბერს წარდგენილი განცხადება შეიცავდა მოთხოვნას საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ, წარდგენილი დოკუმენტაციის შინაარსი და მხარის რეალური ინტერესი არ გამორიცხავდა მარეგისტრირებელი ორგანოს შესაძლებლობას, ქ---------------ის განცხადება მიეჩნია მართლზომიერი მფლობელობიდან გამომდინარე უფლების რეგისტრაციის მოთხოვნად, ამდენად, პალატა მიიიჩნევს, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2015 წლის 28 დეკემბრის N--------------- და 2016 წლის 28 იანვრის N--------------- გადაწყვეტილებები გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სათანადოდ გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, ამასთან სათანადოდ უნდა შეაფასოს უძრავ ნივთზე მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებლად წარდგენილი დოკუმენტები: ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „I---------------------------“ N-- კრების ოქმი, პ------–------ის რაისაბჭოს აღმასკომის N-- 08.04.1982წ. სხდომის ოქმი, შ---------ის 1974 წლის 11 აპრილის განცხადების ნოტარიულად დამოწმებული ასლები, ასევე მიწის ნაკვეთის სარგებლობის გადასახადის გადახდის დამადასტურებელი ქვითრები. რაც შეეხება ავტოფარეხისათვის გამოყოფილი მიწის ნაკვეთის ოდენობას, ადმინისტრაციულმა ორგანომ სათანადოდ უნდა გამოიკვლიოს სარეგისტრაციო განაცხადს დართული დოკუმენტები, შეადგინოს ადგილის დათვალიერების ოქმი და გამოიკვლიოს ქალაქის აღმასკომების მიერ ავტოფარეხისათვის გამოყოფილი მიწის სტანდარტული ფართის არსებობის შესახებ ინფორმაცია, რის საფუძველზეც უნდა გამოსცეს დასაბუთებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი სადავო საკითხთან მიმართებაში. შესაბამისად, სადავო შემთხვევაში, არსებობს მითითებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა ცნობისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის, გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების საფუძველი.
4.10. მოსარჩელის მოთხოვნას ასევე წარმოადგენს ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 22 თებერვლის N----- გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ იმ პირობებში, როდესაც სასამართლომ სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნო საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2015 წლის 28 დეკემბრის N--------------- და 2016 წლის 28 იანვრის N--------------- გადაწყვეტილებები, მოსარჩელისათვის ინტერესის მქონე საკითხის გადაწყვეტა, ასევე ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენის შესაძლებლობის გამოყენება დამოკიდებულია სადავო საკითხზე მოპასუხის მიერ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოცემული ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შინაარსზე. ამდენად, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 22 თებერვლის N----- გადაწყვეტილება ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.
4.11. რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნას, მოპასუხისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების თაობაზე, სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2015 წლის 28 დეკემბრის N--------------- და 2016 წლის 28 იანვრის N--------------- გადაწყვეტილებების სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნობის პირობებში, არ არსებობს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი, ვინაიდან, მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დამოკიდებულია მოპასუხის მიერ სადავო საკითხის ხელახლა შეფასებაზე.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს რომ ქ---------------ის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება; ქ---------------ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; ბათილად უნდა იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 22 თებერვლის N----- გადაწყვეტილება, ქ---------------ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის შესახებ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2015 წლის 28 დეკემბრის N--------------- გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ, ასევე სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ 2016 წლის 28 იანვრის N--------------- გადაწყვეტილება და უნდა დაევალოს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. დანარჩენ ნაწილში ქ---------------ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
6. საპროცესო ხარჯები
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 10.2 მუხლის თანახმად, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც. ამასთანავე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1 მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. საქმის მასალებით დადასტურებულია, რომ მოსარჩელე ქ---------------ის მიერ სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით, ხოლო სააპელაციო საჩივარზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 150 ლარის ოდენობით. შესაბამისად, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს უნდა დაეკისროს 250 (ორას ორმოცდაათი) ლარის გადახდა ქ---------------ის სასარგებლოდ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 389-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით
სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
გადაწყვიტა:
1. ქ---------------ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. ქ---------------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
4. ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 22 თებერვლის N----- გადაწყვეტილება, ქ---------------ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის შესახებ;
5. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2015 წლის 28 დეკემბრის N--------------- გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ, ასევე სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ 2016 წლის 28 იანვრის N--------------- გადაწყვეტილება და დაევალოს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა;
6. დანარჩენ ნაწილში ქ---------------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
7. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ქ---------------ის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 250 ლარის (ორას ორმოცდაათი) ლარის ანაზღაურება;
8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს კასაციის წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა).
მოსამართლე თეა ძიმისტარაშვილი