განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330310017001785186
საქმე №3ბ/2338-18
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
30 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე - ილონა თოდუა
აპელანტი – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია;
მოწინააღმდეგე მხარე - მ---- წ--–----–-----ი;
მოპასუხე -ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტო;
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი აქტის გამოცემა;
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმება გასაჩივრებულ ნაწილში და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
სააპელაციო საჩივრის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მ---- წ--–----–-----ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული საქალაქო სამსახურის 2017 წლის 13 იანვრის N1------ წერილი და ქ. თბილისის მერს დაევალა, განეხილა მ---- წ--–----–-----ის ადმინისტრაციული საჩივარი და საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევისა და შეფასების შედეგად გამოეცა მასზე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას მ---- წ--–----–-----ის სასარგებლოდ დაეკისრა სარჩელისათვის ბაჟის სახით გადახდილი 100 ლარის ანაზღაურება.
2. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
2.1. 2016 წლის 26 ოქტომბერს მ---- წ--–----–-----მა სსიპ ქონების მართვის სააგენტოს N0------- განცხადება წარუდგინა, რომლითაც ქალაქ თბილისში, ნ----–-----ის რაიონში, ს-----------სა და კ-–-------ის ქუჩების გადაკვეთაზე მდებარე 55 კვ.მ უძრავ ქონებაზე საკუთრების მოწმობის გაცემა მოითხოვა. განმცხადებელმა განმარტა, რომ მითითებული ქონება 2003 წელს აუქციონზე შეიძინა და გადაიხადა მისი საფასური 500 ლარის ოდენობით. განცხადება (ს.ფ. 22).
2.2. 2016 წლის 28 ოქტომბრის N0--------- წერილით სსიპ ქონების მართვის სააგენტომ მ---- წ--–----–-----ს განუმარტა, რომ მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, მოკლებული იყო შესაძლებლობას, გაეცა ადრეულ წლებში აუქციონში შეძენილ ქონებაზე საკუთრების მოწმობა. N0--------- წერილი (ს.ფ. 14);
2.3. სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2016 წლის 28 ოქტომბრის N0--------- წერილზე მ---- წ--–----–-----ის წარმომადგენელმა ქალაქ თბილისის მერთან ადმინისტრაციული საჩივარი წარადგინა (საჩივარი ს.ფ. 21).
2.4. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული საქალაქო სამსახურის 2017 წლის 13 იანვრის N1------ წერილით მ---- წ--–----–-----ს განემარტა, რომ სადავო აქტზე საჩივარი იყო სასამართლოს განსჯადი, რის გამოც ქალაქ თბილისის მერია მოკლებული იყო შესაძლებლობა, განეხილა იგი. აღნიშნული წერილით მითითებულ იქნა შემდეგ გარემოებებზე:
- ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 75-ე მუხლის „დ.ა“ პუნქტის მიხედვით, ამ კანონითა და თბილისის საკრებულოს მიერ დადგენილი წესით მუნიციპალიტეტის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ გადაწყვეტილების მიღება მთავრობის უფლებამოსილებას განეკუთვნება. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის „ა“ პუნქტის მიხედვით, განკარგვა არის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზება, სარგებლობის უფლებით გადაცემა, მართვის უფლებით გადაცემა ან სახელმწიფოსთვის, ავტონომიური რესპუბლიკისთვის, შესაბამისი მუნიციპალიტეტის/მუნიციპალიტეტების კერძო სამართლის იურიდიული პირისთვის, თბილისის მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირისთვის ამ კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით საკუთრებაში/სარგებლობაში უსასყიდლოდ გადაცემა;
- ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 116-ე მუხლის მიხედვით, მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისას, მართვის ან სარგებლობის უფლებით
გადაცემისას ან სხვაგვარად განკარგვისას მუნიციპალიტეტს შეუძლია იმოქმედოს თავისი წარმომადგენლის (რწმუნებულის) მეშვეობით. თბილისის ქონების პრივატიზებისას, მართვის ან სარგებლობის უფლებით გადაცემისას ან სხვაგვარად განკარგვისას, აგრეთვე შესაბამის სახელშეკრულებო ვალდებულებათა შესრულების მონიტორინგისას მთავრობას შეუძლია იმოქმედოს თავისი წარმომადგენლის (რწმუნებულის) მეშვეობით ან ამ მიზნით თბილისის მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის მეშვეობით;
- ქალაქ თბილისის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის N19-72 დადგენილებით დამტკიცებული „ქალაქო თბილისის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების წესის“ პირველი მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სახელით ქ.თბილისის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ გადაწყვეტიელბის მიღების უფლებამოსილება სსიპ ქონების მართვის სააგენტოს მიენიჭა;
- იმის გათვალისწინებით, რომ ქონების შემძენს აუქციონზე შეძენილ ქონებაზე საკუთრების უფლება საკუთრების მოწმობის მიღების შემდეგ წარმოეშობა, საკუთრების მოწმობის გაცემაზე უარი წარმოადგენს ქონების განკარგვაზე უარს, ასეთ გადაწყვეტილებას ქონების მართვის სააგენტო მთავრობის სახელით იღებს, მთავრობას კი არ ჰყავს რა ზემდგომი ორგანო, მისი აქტები საჩივრება სასამართლოში (N1------ წერილი ს.ფ. 19-20).
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
2.5. პირველი ინსტანციის სასამართლომ განმარტა, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტი ეს არის - ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს, ასევე, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ბათილია, თუ ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები, თანახმად ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის „დ“ ქვეპუნქტისა და მე-601 მუხლისა.
პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა, რომ სსიპ ქონების მართვის სააგენტოს წესდების (დებულების) მე-11 მუხლის მიხედვით, სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება საჩივრდება მერთან კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ მიუთითა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, კერძოდ მასზედ, რომ სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2016 წლის 28 ოქტომბრის N0--------- წერილზე წარდგენილ ადმინისტრაციულ საჩივარზე მ---- წ--–--–---–-----ს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიიდან 2017 წლის 13 იანვრის N1------ წერილით ეცნობა, რომ ქ. თბილისის მერია არ იყო უფლებამოსილი, განეხილა ადმინისტრაციული საჩივარი,რადგან დავა იყო სასამართლოს განსჯადი.
პირველი ინსტანციის სასამართლომ განმარტა, რომ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 13 იანვრის N1------ წერილი წარმოადგენდა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს საჩივრის განხილვაზე უარის თქმის შესახებ და მისი კანონიერება უნდა შეფასებულიყო იმ საკითხის გადაწყვეტით, გააჩნდა თუ არა ქალაქ თბილისის მერს ვალდებულება, განეხილა სსიპ ქონების მართვის სააგენტოს მიმართ წარდგენილი საჩივარი.
სასამართლომ განმარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლი, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, დაინტერესებულ მხარეს უფლება აქვს, გაასაჩივროს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. ამავე კოდექსის 178-ე მუხლის მიხედვით, თუ კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ საჩივარს განიხილავს და გადაწყვეტს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, თუ იქ არსებობს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი თანამდებობის პირის ან სტრუქტურული ქვედანაყოფის ზემდგომი თანამდებობის პირი.
ადმინისტრაციული ორგანოს ხელმძღვანელი თანამდებობის პირის მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის თაობაზე წარდგენილ საჩივარს განიხილავს და გადაწყვეტს ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო.
ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 79-ე მუხლის მიხედვით, ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი არის სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისგან განცალკევებული ორგანიზაცია, რომელიც მთავრობის კონტროლით დამოუკიდებლად ახორციელებს სოციალურ, საგანმანათლებლო, კულტურულ, ეკონომიკურ ან/და მთავრობის მიერ განსაზღვრულ სხვა საქმიანობას და მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება საჩივრდება თბილისის მერთან, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
პირველი ინსტანციის სასამართლომ ასევე განმარტა, რომ სსიპ ქონების მართვის სააგენტო არის ქ.თბილისის მთავრობის მიერ შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც როგორც სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისგან განცალკევებული ორგანიზაცია, მთავრობის კონტროლით დამოუკიდებლად ახორციელებს საქმიანობას ქონების პრივატიზაციისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის პროცესის უზრუნველყოფის მიზნით (ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის №19-73 დადგენილებით დამტკიცებული ქონების მართვის სააგენტოს წესდების (დებულების) პირველი მუხლი).
პირველი ინსტანციის სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენის უფლებამოსილება ნიშნავს სამართლის ნორმით დაცული ინტერესის - დარღვეული მატერიალური უფლების აღდგენის შესაძლებლობას. ადმინისტრაციული სამართლის პრინციპები, პროცედურები დიდწილად სწორედ პირის სამოქალაქო უფლებების დაცვის მიზანს ემსახურება, ხოლო ამ უფლებების დაცვის სამართლებრივ საშუალებებს პროცედურული უფლებების რეალიზაცია (განცხადება, ადმინისტრაციული საჩივარი, შუამდგომლობა და სხვა) წარმოადგენს, რომლის განუხორციელებლობა სამოქალაქო უფლების დაცვის შესაძლებლობის მოსპობას უტოლდება.
პირველი ინსტანციი სასამართლომ განმარტა, რომ სამართლებრივი სახელმწიფოს ფუნქციონირების პრინციპი გულისხმობს პროცედურული უფლებების შეუფერხებლად და დაუბრკოლებლად განხორციელებას, წინააღმდეგ შემთხვევაში, საფრთხე ექმნება მატერიალური უფლებების ჯეროვან რეალიზაციასა და დაცვას.
ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, რომელიც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობების მონაწილეთა პროცედურული უფლება-მოვალეობების საზოგადო წესებს დეტალურად განსაზღვრავს, მიზნად ისახავს ადმინისტრაციულ ორგანოთა მიერ ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების, საჯარო ინტერესებისა და კანონის უზენაესობის დაცვის უზრუნველყოფას. აღნიშნული კოდექსის მე-12 მუხლით გარანტირებულია: 1. ნებისმიერი პირის უფლება მიმართოს ადმინისტრაციულ ორგანოს ამ უკანასკნელის უფლებამოსილებას მიკუთვნებული იმ საკითხის გადასაწყვეტად, რომელიც უშუალოდ და პირდაპირ ეხება პირის უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს, და 2. ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება, განიხილოს მის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხზე შეტანილი განცხადება და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება. ამდენად, პირის უფლების დადგენა მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას, განახორციელოს რეალიზებული საპროცესო უფლების კანონით რეგლამენტირებული, ადეკვატური პროცედურული ხასიათის მოქმედება.
პირველი ინსტანციი სასამართლომ განმარტა, რომ მითითებული ნორმებიდან გამომდინარე, ქალაქ თბილისის მერი ვალდებული იყო, განეხილა მ---- წ--–----–-----ის საჩივარი და საქმის გარემოებების ყოველმხრივ გამოკვლევის შედეგად ემსჯელა მის საფუძვლიანობაზე. ამდენად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 13 იანვრის N1------ წერილი ეწინააღმდეგებოდა კანონმდებლობას, რის გამოც ბათილად უნდა ყოფილიყო ცნობილი და ქალაქ თბილისის მერს უნდა დავალებოდა, არსებითად განეხილა საქმე მ---- წ--–----–-----ის მოთხოვნის შესაბამისად. ამასთან პირველი ინსტანციის სასამართლომ განმარტა, რომ ქალაქ თბილისის მერის მიერ ადმინისტრაციული საჩივრის არსებითად განხილვის საჭიროებიდან გამომდინარე, სასამართლო მოკლებული იყო შესაძლებლობას, ემსჯელა სსიპ ქონების მართვის სააგენტოს აქტის ბათილად ცნობისა და დასახელებული სააგენტოსათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების საფუძვლებზე, რადგან ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-5 ნაწილის დანაწესის მიხედვით, მხოლოდ ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენის უფლების რეალიზება განაპირობებს სასამართლოს კომპეტენციას.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
3.1. სააპელაციო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილება არ არის საკმარისად დასაბუთებელი, შეუძლებელია მისი სამართლებრივი საფუძვლის შემოწმება. სასამართლოს მიერ არასწორად იქნა განმარტებული კანონი, არ გამოიყენა ის კანონი რომელიც უნდა გამოეყენებინა და მიიღო დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება. ამასთან მიიჩნევს, რომ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის სამართლებრივი შეფასება არ ესადაგება საქმეში არსებულ ფაქტობრივ მონაცემებს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:
4.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
4.2.საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
4.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებასა და დასკვნებს, საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
5. ფაქტობრივი დასაბუთება
5.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ეთანხმება და სრულად იზიარებს თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს განსახილველ საკითხთან დაკავშირებით.
სამართლებრივი დასაბუთება
6.1. სააპელაციო პალატა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (Hirvisaari v. Finland, §32) გადაწყვეტილებაზე დაყრდნობით, განმარტავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას; გარდა ამისა, აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე.
სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გამოასწოროს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დაუსაბუთებლობა (Hirvisaari v. Finland) და, პირიქით, ძალიან მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ - ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება, არ აღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou (No. 2), §§38-42).
6.2. სააპელაციო პალატა ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, კერძოდ, პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად შეაფასა საქმესთან დაკავშირებული ყველა ფაქტობრივი გარემოება. პალატა მიუთითებს მათზე და დამატებით აღნიშნავს:
სადავო აქტის მიღების პერიოდში მოქმედი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 12 აგვისტოს №21-88 დადგენილების თანახმად, „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქონების მართვის სააგენტოს წესდების (დებულების) დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის №19-73 დადგენილებაში შეტანილი იქნა ცვლილება და მე-11 მუხლი (სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრება) ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: ,,სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება საჩივრდება მერთან, კანონმდებლობით დადგენილი წესით“ (დღეის მდგომარეობით მოქმედია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 თებერვლის №13-42 დადგენილება, თუმცა სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების წესს ცვლილება არ შეხებია და საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება საჩივრდება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან, კანონმდებლობით დადგენილი წესით).
დადგენილია, რომ სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2016 წლის 28 ოქტომბრის N0--------- წერილზე წარდგენილ ადმინისტრაციულ საჩივარზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 13 იანვრის N1------ წერილით მ---- წ--–----–-----ს განემარტა, რომ ქ. თბილისი მერია არ იყო უფლებამოსილი, განეხილა ადმინისტრაციული საჩივარი, არამედ, დავა იყო სასამართლოს განსჯადი, რაც ზემოაღნიშნული ნორმის დეფინიციიდან გამომდინარე სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია.
პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლომ განმარტებას, რომ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 13 იანვრის N1------ წერილი წარმოადგენს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს საჩივრის განხილვაზე უარის თქმის შესახებ და მისი კანონიერება უნდა შეფასდეს იმ საკითხის გადაწყვეტით, გააჩნდა თუ არა ქალაქ თბილისის მერს ვალდებულება, განეხილა სსიპ ქონების მართვის სააგენტოს მიმართ წარდგენილი საჩივარი.
პალატა განმარტავს, რომ დაინტერესებულ მხარეს უფლება აქვს, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, გაასაჩივროს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. ამავე კოდექსის 178-ე მუხლის მიხედვით, თუ კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ საჩივარს განიხილავს და გადაწყვეტს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, თუ იქ არსებობს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი თანამდებობის პირის ან სტრუქტურული ქვედანაყოფის ზემდგომი თანამდებობის პირი. ამასთან, ადმინისტრაციული ორგანოს ხელმძღვანელი თანამდებობის პირის მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის თაობაზე წარდგენილ საჩივარს განიხილავს და გადაწყვეტს ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო.
ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 79-ე მუხლის მიხედვით, ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი არის სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისგან განცალკევებული ორგანიზაცია, რომელიც მთავრობის კონტროლით დამოუკიდებლად ახორციელებს სოციალურ, საგანმანათლებლო, კულტურულ, ეკონომიკურ ან/და მთავრობის მიერ განსაზღვრულ სხვა საქმიანობას და მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება საჩივრდება თბილისის მერთან, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მართებულია პირველ ინსტანციის სასამართლოს განმარტება იმის თაობაზეც, რომ სსიპ ქონების მართვის სააგენტო არის ქ.თბილისის მთავრობის მიერ შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც, როგორც სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისგან განცალკევებული ორგანიზაცია, მთავრობის კონტროლით დამოუკიდებლად ახორციელებს საქმიანობას ქონების პრივატიზაციისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის პროცესის უზრუნველყოფის მიზნით.
პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტებას, რომ ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენის უფლებამოსილება ნიშნავს სამართლის ნორმით დაცული ინტერესის - დარღვეული მატერიალური უფლების აღდგენის შესაძლებლობას. მართებულია დასკვნა იმის თაობაზე, რომ ადმინისტრაციული სამართლის პრინციპები, პროცედურები დიდწილად სწორედ პირის სამოქალაქო უფლებების დაცვის მიზანს ემსახურება, ხოლო ამ უფლებების დაცვის სამართლებრივ საშუალებებს პროცედურული უფლებების რეალიზაცია (განცხადება, ადმინისტრაციული საჩივარი, შუამდგომლობა და სხვა) წარმოადგენს, რომლის განუხორციელებლობა სამოქალაქო უფლების დაცვის შესაძლებლობის მოსპობას უტოლდება.
პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტებას სამართლებრივი სახელმწიფოს ფუნქციონირების პრინციპთან დაკავშირებით, რომელიც თავისი არსით გულისხმობს პროცედურული უფლებების შეუფერხებლად და დაუბრკოლებლად განხორციელებას, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, საფრთხე ექმნება მატერიალური უფლებების ჯეროვან რეალიზაციასა და დაცვას.
სზაკ-ის მე-12 მუხლით ნებისმიერი პირისათვის გარანტირებულია ადმინისტრაციულ ორგანოსთვის მიმართვის უფლება, ამ უკანასკნელის უფლებამოსილებას მიკუთვნებული იმ საკითხის გადასაწყვეტად, რომელიც უშუალოდ და პირდაპირ ეხება პირის უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს, ხოლო ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებაა, განიხილოს მის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხზე შეტანილი განცხადება და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება. დასკვნის სახით უნდა აღინიშნოს, რომ პირის უფლების დადგენა მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას, განახორციელოს რეალიზებული საპროცესო უფლების კანონით რეგლამენტირებული, ადეკვატური პროცედურული ხასიათის მოქმედება.
პალატა სრულად იზიარებს მსჯელობას, რომ ქალაქ თბილისის მერი ვალდებული იყო, განეხილა მ---- წ--–----–-----ის საჩივარი და საქმის გარემოებების ყოველმხრივ გამოკვლევის შედეგად ემსჯელა მის საფუძვლიანობაზე. ცალსახაა, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 13 იანვრის N1------ წერილი ეწინააღმდეგებოდა კანონმდებლობას, რის გამოც იგი ბათილად უნდა ყოფილიყო ცნობილი და ქალაქ თბილისის მერს უნდა დავალებოდა, არსებითად განეხილა საქმე მ---- წ--–----–-----ის მოთხოვნის შესაბამისად. ამასთან მართებულია პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა, რომ ქალაქ თბილისის მერის მიერ ადმინისტრაციული საჩივრის არსებითად განხილვის საჭიროებიდან გამომდინარე, სასამართლო მოკლებული იყო შესაძლებლობას, ემსჯელა სსიპ ქონების მართვის სააგენტოს აქტის ბათილად ცნობისა და დასახელებული სააგენტოსათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების საფუძვლებზე, რადგან ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-5 ნაწილის დანაწესის მიხედვით, მხოლოდ ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენის უფლების რეალიზება განაპირობებს სასამართლოს კომპეტენციას.
7. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
7.1. ზემოაღნიშნული გარემოებების ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის განმარტებას, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილება არ არის საკმარისად დასაბუთებელი, და შეუძლებელია მისი სამართლებრივი საფუძვლის შემოწმება. პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივრით ვერ იქნა გაბათილებული თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა კოლეგიის დასკვნები სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. პირველი ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა სადავო საკითხი, რის გამოც არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები. შესაბამისად, უცვლელად უნდა დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა კოლეგიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
8. საპროცესო ხარჯები
8.1. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის, პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის თანახმად, აპელანტი - ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია განთავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდის მოვალეობისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
თბილისის სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-34 მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით
სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილება;
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში.
მოსამართლე ილონა თოდუა