განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 30.11.2018
საქმის ნომერი
330210018002322682
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
30.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 3-----------------

საქმე №2ბ/3706-18

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

11 სექტემბერი, 2018 წ. ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

მოსამართლე _ მაია სულხანიშვილი

 

განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

 

აპელანტი - გ-------– ხ--------ა

 

მოწინააღმდეგე მხარე - შპს ,,შ----–--------“

წარმომადგენელი – ი-----–-------------

 

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 09 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და 2018 წლის 24 აპრილის განჩინება

 

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

 

1. აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და მისი ძალაში დატოვების შესახებ განჩინების გაუქმება და საქმის დაბრუნება პირველი ინსტანციის სასამართლოში არსებითად განსახილველად

 

2. გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და განჩინების დასკვნებზე მითითება

 

შპს ,,შ----–--------“-ს სასარჩელო მოთხოვნა: ა) გ-------– ხ--------ა (პ/ნ 0----------) გამოსახლებულ იქნას - შპს ,,შ----–--------’’-ს საკუთრებად რეგისტრირებული უძრავი ქონებიდან მდებარე ქ. თბილისი, ი-------–-------------------------------, საკადასტრო კოდი 0---------------------- და ფართი გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცეს შპს ,,შ----–--------’’-ს; ბ) გ-------– ხ--------ა (პ/ნ 0----------) გამოსახლებულ იქნას - შპს ,,შ----–--------’’-ს საკუთრებად რეგისტრირებული უძრავი ქონებიდან მდებარე ქ. თბილისი, ი-------–----------------------, საკადასტრო კოდი 0---------------------- და ფართი გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცეს შპს ,,შ----–--------’’-ს;

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 09 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო, შპს ,,შ----–--------“-ს სარჩელი მოპასუხე გ-------– ხ--------ას მიმართ დაკმაყოფილდა სრულად.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

2.1. შპს ,,შ----–--------“-ს სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია ორი უძრავი ნივთი - ბინა, მდებარე: ქ. თბილისი, ი-------–-------------------------------, საკადასტრო კოდი 0---------------------- და ამავე მისამართზე მდებარე სარდაფი - საკადასტრო კოდი 0----------------------.

 

2.2. გ-------– ხ--------ა ზემოაღნიშნულ უძრავ ნივთებს ფლობს შპს ,,შ----–--------’’-ს ნების საწინააღმდეგოდ და ნებაყოფლობით არ ათავისუფლებს მათ.

 

2.3. გ-------– ხ--------ამ 2018 წლის 02 მარტს წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.

 

2.4. საქმის განხილვის მიზნით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში მოსამზადებელი სხდომა დაინიშნა 2018 წლის 09 მარტს, 13:00 სთ-ზე, რომლის თაობაზეც მოპასუხე გ-------– ხ--------ას ეცნობა 2018 წლის 6 მარტს სატელეფონო შეტყობინებით (ს.ფ. 59).

 

2.5. 2018 წლის 9 მარტის მთავარ სხდომაზე მოპასუხე გ-------– ხ--------ა არ გამოცხადდა.

 

2.6. სხდომაზე გამოცხადებულმა მოსარჩელე მხარის წარმომადგენელმა იშუამდგომლა დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღება და სასარჩელო მოთხოვნათა სრულად დაკმაყოფილება.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.7. სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის შესაბამისად საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლის ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას, მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე ვერ სარგებლობს თავისი საკუთრებით. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია ორი უძრავი ნივთი - ბინა მდებარე ქ. თბილისი, ი-------–-------------------------------, საკადასტრო კოდი 0---------------------- და ამავე მისამართზე მდებარე სარდაფი - საკადასტრო კოდი 0----------------------. გ-------– ხ--------ა აღნიშნულ უძრავ ნივთებს ფლობს შპს ,,შ----–--------’’-ს ნების საწინააღმდეგოდ და ნებაყოფლობით არ ათავისუფლებს მათ.

 

საამართლომ განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე, მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ დამტკიცებულად ჩათვალა სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და 2018 წლის 09 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით შპს ,,შ----–--------“-ს სარჩელი დააკმაყოფილა.

 

2.8. 2018 წლის 10 აპრილს სასამართლოს საჩივრით მიმართა გ-------– ხ--------ამ და მოითხოვა 2018 წლის 9 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება.

 

სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით, და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე. ამავე კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ: ა) გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით; ბ) სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის; გ) გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები; დ) არ არსებობს სარჩელის აღძვრის წინაპირობები. ამდენად, სსსკ-ის 230 მუხლით გათვალისწინებული საფუძვლით დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისათვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოპასუხეს კანონით დადგენილი წესით ჩაბარებული უნდა ჰქონდეს სასამართლო უწყება სასამართლო სხდომის დღის შესახებ და იგი გაფრთხილებული უნდა იყოს სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის შედეგების შესახებ; ბ) სარჩელის მოთხოვნის საფუძვლად მითითებული გარემოებები, იურიდიულად უნდა ამართლებდეს (ასაბუთებდეს) მოთხოვნას; გ) გამოუცხადებელი მხარისათვის ცნობილი უნდა იყოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები და უნდა არსებობდეს სარჩელის აღძვრის წინაპირობები.

 

განსახილველ შემთხვევაში, სასამართლომ შენიშნა, რომ გ-------– ხ--------ა მოითხოვდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებას იმაზე მითითებით, რომ მას სარჩელი არ ჩაბარებია და მის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი არ იყო შესაგებელი შპს ,,შ----–--------’’-ს 2018 წლის 26 თებერვლის სარჩელთან დაკავშირებით, კერძოდ: საჩივრის ავტორი განმარტავდა, რომ შპს ,,შ----–--------’’-მ პირველი სარჩელით მიმართა სასამართლოს 2018 წლის 16 თებერვალს და ამასთან, გ-------– ხ--------ას სარჩელი და თანდართული მასალები გაუგზავნა 17 თებერვალს. სწორედ აღნიშნულ სარჩელზე იქნა წარდგენილი შესაგებელი 2 მარტს და იგი განკუთვნილი არ იყო შპს ,,შ----–--------’’-ს მიერ სასამართლოში 26 თებერვალს წარდგენილი სარჩელისათვის, ხოლო სასამართლოს მიერ ისე მოხდა მთავარი სხდომის დანიშვნა, რომ საქმე არ იყო კანონის შესაბამისად მომზადებული, ვინაიდან საქმეში არ იყო მოპასუხისათვის სარჩელის ჩაბარების დამადასტურებელი მტკიცებულება.

 

სასამართლომ ყურადღებას მიაქცია იმ გარემოებას, რომ 2018 წლის 9 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილება მიღებულ იქნა მოპასუხის სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო. სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ხოლო ჩაბარების განსხვავებულ, გონივრულ წესზე მხარეთა შეთანხმების არსებობის შემთხვევაში − ამ შეთანხმებით გათვალისწინებული წესით. წარმომადგენელი ვალდებულია უწყების ჩაბარების შესახებ აცნობოს მხარეს. სასამართლო უწყებით სასამართლოში იბარებენ აგრეთვე მოწმეებს, ექსპერტებს, სპეციალისტებსა და თარჯიმნებს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად მხარეებს ან მათ წარმომადგენლებს სასამართლო უწყება უნდა ჩაბარდეთ იმ ვარაუდით, რომ მათ ჰქონდეთ სასამართლოში დროულად გამოცხადებისა და საქმის მომზადებისათვის გონივრული ვადა. ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად კი მხარეები, მათი წარმომადგენლები, აგრეთვე მოწმეები, ექსპერტები, სპეციალისტები და თარჯიმნები შეიძლება დაიბარონ ტელეფონით, ფაქსით, სხვა ტექნიკური საშუალებით ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესით. ტექნიკური საშუალებით დაბარებისას მიეთითება ამ კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული საკითხები, ხოლო 73-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში აგრეთვე დგება აქტი, რომელიც ჩაიკერება საქმეში. აქტს ადგენს სასამართლოს შესაბამისი მოხელე.“

 

სასამართლომ შენიშნა, რომ განხილულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი იყო აქტი ტელეფონით სასამართლოში დაბარების შესახებ, რომლითაც დგინდება, რომ 2018 წლის 6 მარტს გ-------– ხ--------ა პირადად იქნა გაფრთხილებული 9 მარტის სასამართლო სხდომის დღის შესახებ და მასვე განემარტა სასამართლოში გამოუცხადებლობის შედეგები. სასამართლომ ყურადღებას მიაქცია იმ გარემოებასაც, რომ გ-------– ხ--------ას მხრიდან პრეტენზია სასამართლო სხდომაზე სათანადო წესით მოწვევის თაობაზე გაცხადებული არ ყოფილა და იგი საჩივარს ასაბუთებდა მის მიერ შესაგებლის წარმოუდგენლობის მოტივით. აღნიშნულთან დაკავშირებით, სასამართლომ განმარტა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას 2018 წლის 26 თებერვალს სარჩელით მიმართა შპს ,,შ----–--------’’-მ მოპასუხე გ-------– ხ--------ას მიმართ. საქმეს მიენიჭა ნომერი 3-----------------. მოსარჩელემ მოითხოვა: ა) გ-------– ხ--------ა (პ/ნ 0----------) გამოსახლებულ იქნას - შპს ,,შ----–--------’’-ს საკუთრებად რეგისტრირებული უძრავი ქონებიდან მდებარე ქ. თბილისი, ი-------–-------------------------------, საკადასტრო კოდი 0---------------------- და ფართი გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცეს შპს ,,შ----–--------’’-ს; ბ) გ-------– ხ--------ა (პ/ნ 0----------) გამოსახლებულ იქნას - შპს ,,შ----–--------’’-ს საკუთრებად რეგისტრირებული უძრავი ქონებიდან მდებარე ქ. თბილისი, ი-------–-------------------------------, საკადასტრო კოდი 0---------------------- და ფართი გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცეს შპს ,,შ----–--------’’-ს; 2018 წლის 2 მარტს გ-------– ხ--------ამ სასამართლოში წარმოადგინა შესაგებელი და მიუთითა, რომ იგი იყო საქმის, რომლის ნომერია 1----------. ანუ გ-------– ხ--------ას მიერ თავად იქნა მითითებული იმ საქმის ნომერი, რომელზედაც მან წარმოადგინა შესაგებელი. ამასთან შესაგებელში მიუთითა, რომ იგი არ ეთანხმებოდა სასარჩელო მოთხოვნებს ვინაიდან მას გაფრთხილებული ჰყავდა მოსარჩელე, რომ იპოთეკარი მ-----–-------------–--- თაღლითურად იყო დაუფლებული მოპასუხის ქონებას და მ-----–-------------–-------- შეძენილ ნივთზე ის ვერ იქნებოდა კეთილსინდისიერი შემძენი.

 

სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს სსკ-ის 240-ე მუხლის თანახმად საჩივარი განიხილება სასამართლო სხდომაზე. მხარეთა გამოუცხადებლობა არ აბრკოლებს საჩივრის განხილვას. თუ საჩივრის განხილვის შედეგად აღმოჩნდება, რომ გამოტანილი დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს სასამართლო განჩინებით აუქმებს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას, რის შემდეგაც იწყება სარჩელის განხილვა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის დეფინიციით თუ საჩივრის განხილვის შედეგად აღმოჩნდება, რომ ამ კოდექსის 230-ე მუხლის შესაბამისად გამოტანილი დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს იმ საფუძვლით, რომ სხდომაზე გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით, სასამართლო განჩინებით აუქმებს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას. ამავე კოდექსის 215-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად ამ კანონის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებულ უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.

 

განხილულ შემთხვევაში, სასამართლოს შეფასებით, გ-------– ხ--------ა სასამართლო სხდომაზე მოწვეული იყო კანონის დადგენილი წესით, თუმცა იგი სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა და არც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზების შესახებ უცნობებია სასამართლოსათვის. ასეთი საპატიო მიზეზების შესახებ არც გ-------– ხ--------ას საჩივარში იყო აღნიშნული და არც საჩივრის განხილვისას სასამართლო სხდომაზე მიუთითებია მას რაიმე. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა გარემოებანი, რაც თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი გახდებოდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს 2018 წლის 24 აპრილის განჩინებით საჩივრის ავტორს უარი ეთქვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 09 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, მისი უსაფუძვლობის გამო.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

 

3.1. საჩივრის ავტორის განმარტებით, მართალია იგი გაფრთხილებულ იქნა სასამართლო სხდომის თარიღის შესახებ, თუმცა მისი მხრიდან სხდომაზე გამოუცხადებლობა განპირობებული იყო რიგი ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ, იგი სასამართლო სხდომის დროის თაობაზე არასწორად იქნა ინფორმირებული, ნაცვლად პირველი საათისა, ეცნობა სამი საათი, რა დროსაც გამოცხადდა სასამართლოში, თუმცა სხდომა უკვე ჩატარებული იყო, ხოლო დაუსწრებელი გადაწყვეტილება - გამოტანილი, მით უფრო იმ პირობებში, რომ სარჩელი გ-------– ხ--------ას ჩაბარდა 2018 წლის 10 მარტს.

 

3.2. აპელანტის განმარტებით, შპს ,,შ----–--------“-ს სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად არ ამართლებდა 2018 წლის 09 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილებაის გამოტანას, ვინაიდან მოსარჩელე არაკეთილსინდისიერი შემძენი და მესაკუთრეა და მისთვის ცნობილი იყო იმის თაობაზე, თუ როგორ ჩამოერთვა გ-------– ხ--------ას ბინა და როგორ იბრძოდა იგი საკუთრების უფლების დასაცავად.

 

4. გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების და განჩინების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

4.1. პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ მოპასუხე გ-------– ხ--------ას სასამართლო უწყება 2018 წლის 09 მარტის სხდომის თაობაზე ჩაბარდა საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესის შესაბამისად.

 

პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ხოლო ჩაბარების განსხვავებულ, გონივრულ წესზე მხარეთა შეთანხმების არსებობის შემთხვევაში − ამ შეთანხმებით გათვალისწინებული წესით. წარმომადგენელი ვალდებულია უწყების ჩაბარების შესახებ აცნობოს მხარეს. სასამართლო უწყებით სასამართლოში იბარებენ აგრეთვე მოწმეებს, ექსპერტებს, სპეციალისტებსა და თარჯიმნებს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად მხარეებს ან მათ წარმომადგენლებს სასამართლო უწყება უნდა ჩაბარდეთ იმ ვარაუდით, რომ მათ ჰქონდეთ სასამართლოში დროულად გამოცხადებისა და საქმის მომზადებისათვის გონივრული ვადა. ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად კი მხარეები, მათი წარმომადგენლები, აგრეთვე მოწმეები, ექსპერტები, სპეციალისტები და თარჯიმნები შეიძლება დაიბარონ ტელეფონით, ფაქსით, სხვა ტექნიკური საშუალებით ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესით. ტექნიკური საშუალებით დაბარებისას ეთითება ამ კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული საკითხები, ხოლო 73-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში აგრეთვე დგება აქტი, რომელიც ჩაიკერება საქმეში. აქტს ადგენს სასამართლოს შესაბამისი მოხელე.

 

პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ: ა) გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო ამ კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით; ბ) სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის; გ) გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები; დ) არ არსებობს სარჩელის აღძვრის წინაპირობები. ხოლო, იმ გარემოებათა ჩამონათვალს, რომლებიც შეიძლება მიჩნეულ იქნეს სასამართლო პროცესზე მხარის გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად, განსაზღვრავს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მესამე ნაწილი, რომელიც ადგენს, რომ ასეთ მიზეზად შეიძლება ჩაითვალოს მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარმოდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. მითითებული მუხლებიდან გამომდინარე, გამოუცხადებელ მხარეს შუძლია გააქარწყლოს ვარაუდი, რომელიც საფუძვლად უდევს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას, მოითხოვოს მისი გაუქმება და საქმის განხილვის განახლება, თუ დაამტკიცებს, რომ არ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობები.

 

მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 5 მარტის განჩინებით დაინიშნა მთავარი სხდომა, რის შესახებაც მოპასუხე გ-------– ხ--------ას პირადად ეცნობა 2018 წლის 6 მარტს სატელეფონო შეტყობინებით. ამავე შეტყობინებით დგინდება ისიც, რომ გ-------– ხ--------ას სხდომის დრო ეცნობა სწორად, კერძოდ - 13:00 საათი, ამავდროულად, ყურადსაღებია ის გარემოებაც, რომ აპელანტი სხდომის დროის თაობაზე პრეტენზიას არც 2018 წლის 09 მარტის დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე წარდგენილ საჩივარში აყენებდა და აღნიშნულზე არც საჩივრის განხილვის მიზნით 2018 წლის 24 აპრილს გამართულ სასამართლო სხდომაზე გაუმახვილებია ყურადღება, შესაბამისად, გ-------– ხ--------ას აპელირებას, სასამართლოს მოხელის მიერ სხდომის დროის არასწორად შეტყობინების თაობაზე, პალატა ვერ გაიზიარებს. ამდენად, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაასკვნა, რომ მოპასუხისათვის სასამართლო შეტყობინების ჩაბარება მოხდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა სრული დაცვით.

 

ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით საჩივრის ავტორმა ვერ დაადასტურა ის გარემოება, რომ მას უწყება არ ჩაბარებია ან/და ჩაბარდა არასწორი ინფორმაციის მიწოდებით, აპელანტის მიერ ვერ იქნა დასაბუთებული ვერც გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის მომენტისათვის სააპელაციო სასამართლოში დანიშნულ სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის მიმართ საპატიო მიზეზის არსებობა. ამდენად, პალატა თვლის, რომ ინსტანციის სასამართლომ მართებულად არ გააუქმა დაუსწრებელი გადაწყვეტილება და დატოვა იგი ძალაში.

4.2. გარდა ამისა, პალატა ვერ გაიზაირებს იმ მოსაზრებასაც, რომ შესაგებელი არასწორად დაერთო მითითებულ საქმეს და იგი წარმოადგენს სხვა საქმეზე დასართავ შესაგებელს, რადგან მოპასუხის შესაგებელში მითითებული გარემოებები შინაარსობრივად სწორედ მიესადაგება მოსარჩელის მიერ სარჩელში მითითებულ გარემოებებს. ამასთან, თვით მოპასუხის მიერ სასამართლოში შემოტანილ შესაგებელში მითითებულია საქმის ნომერი (იხილეთ შესაგებელზე მითითებული საქმის ნომერი 1---------- ს.ფ.47), რომელიც იდენტურია საქმის განაწილების დამადასტურებელი დოკუმენტში მითითებული საქმის ნომრისა 3------ 1---------- -ს.ფ 1)

4.3. სასამართლო ვერ განიხილავს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად იმ არგუმენტს, რომ მოსარჩელე არაკეთილსინდისიერი შემძენია. აღნიშნული გარემოება განსახილველი საქმის მასალებით დადგენილი არ არის. დღეისათვის მოსარჩელე მითითებული ფართების მესაკუთრეა და იგი უფლებამოსილია ისარგებლოს მის საკუთრებაში არსებული ქონებით. აღნიშნული არგუმენტი შეიძლება გამოყენებული იქნეს სრულიად სხვა დავის განხილვის დროს. მოცემული დავაში კი მას არ შეიძლება რაიმე მნიშვნელობა მიენიჭოს, მითუმეტეს, რომ აღნიშნული გარემოება მოცემული დავის ფარგლებში დადასტურებული არ არის.

 

სააპელაციო პალატა იზიარებს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსაზრებას, რომ დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-172 მუხლებით და მართებულად დააკმაყოფილა შპს ,,შ----–--------“-ს სარჩელი. ამდენად, საქმეში არსებული მტკიცებულებების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასების შედეგად, პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 09 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების სამართლებრივი წანამძღვრები.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, ვინაიდან საქმის მასალებით არ დგინდება მოპასუხე მხარის პროცესზე გამოუცხადებლობის საპატიო გარემოების არსებობის ფაქტი, ამასთან, სარჩელის საფუძველი იურიდიულად ამართლებს სარჩელის მოთხოვნას.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. გ-------– ხ--------ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 09 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2018 წლის 24 აპრილის განჩინება.

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს 21 დღის ვადაში განჩინების ასლის მხარისათვის გადაცემის მომენტიდან საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების 32), თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (თბილისი, გრიგოლ რობაქიძის 7ა) საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით.

 

მოსამართლე მაია სულხანიშვილი