განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №2ბ/1315-18 2 ნოემბერი, 2018 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე– ნატალია ნაზღაიძე
სხდომის მდივანი – მაკა ბუიღლიშვილი
აპელანტი - თ---------------–--ე
წარმომადგენელი - ზ------------–---–ი
მოწინააღმდეგე მხარე – მ-------------------
წარმომადგენელი - ქ-----------------ე
დავის საგანი – თანხის დაკისრება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 18 იანვრის გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლა და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
სასარჩელო მოთხოვნა:
1. თ---------------–--ისათვის მ-------------------ს სასარგებლოდ 2000 აშშ დოლარის დაკისრება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 18 იანვრის გადაწყვეტილებით მ-------------------ს სარჩელი თ---------------–--ის მიმართ დაკმაყოფილდა. თ---------------–--ეს მ-------------------ს სასარგებლოდ დაეკისრა - 2 000 აშშ დოლარის გადახდა, ეროვნულ ვალუტაში გადახდის დღეს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული კურსის შესაბამისად.
3. აღნიშნული გადაწყვეტილება გაასაჩივრა თ---------------–--ემ და სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლა და ახალი გადაწყვეტილების მიღება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
სააპელაციო საჩივარი ემყარება შემდეგ გარემოებებს:
4.1. აპელანტის მოსაზრებით, სასამართლომ არასწორად დაასკვნა, რომ სადავო ურთიერთობა უსაფუძვლო გამდიდრების ნორმებიდან გამომდინარეობდა. მხარეებს შორის სადავოდ არ არის გამხდარი ბეს ხელშეკრულებისა და დამატებითი შეთანხმების ნამდვილობა. შესაბამისად, დავა სამოქალაქო კოდექსის 421-ე და 423-ე მუხლების სამართლებრივ საფუძველზე უნდა გადაწყვეტილიყო.
4.2. სასამართლომ სათანადო სამართლებრივი შეფასება არ მისცა იმ გარემოებას, რომ მ-------------------ს სს „თ----------ში“ დამტკიცებული ჰქონდა 80 500 აშშ დოლარის ოდენობის საბანკო კრედიტი, რომლის გაცემაც არ განხორციელდა იმის გამო, რომ მ-------------------მ უარი თქვა საქართველოს მოქალაქეობაზე. ამდენად, მ-------------------მ თავად მოახდინა ზემოქმედება პირობის დადგომაზე, რითაც ხელი შეუშალა ნაკისრი ვალდებულების შესრულებას, რის გამოც სამოქალაქო კოდექსის 421-ე თანახმად, ბე უნდა დარჩეს მის მიმღებს.
გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
5. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
6. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის საფუძველზე, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე.
7. განსახილველ შემთხვევაში, პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები. კერძოდ:
ფაქტობრივ/სამართლებრივი დასაბუთება
პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
8.1. მ-------------------სა და თ---------------–--ეს შორის დაიდო ბეს ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, მ-------------------მ თ---------------–--ის კუთვნილი უძრავი ქონების, მდებარე: ქ------–--------–------------------------------–------- ყიდვის მიზნით, გადასცა 2000 აშშ დოლარი. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ქონება მყიდველის სახელზე უნდა აღრიცხულიყო არაუგვიანეს 2015 წლის 20 თებერვლისა.
8.2. მხარეები, დამატებით შეთანხმდნენ მასზე, რომ, იმ შემთხვევაში, თუ სს „თ----------ი“ მყიდველს არ მისცემდა კრედიტს, მ-------------------ს დაუბრუნდებოდა მის მიერ გადახდილი ბე - 2000 აშშ დოლარი.
8.3. დადგენილია, რომ მ-------------------ს სს „თ----------ში“ დამტკიცებული ჰქონდა საბანკო კრედიტი 80 500 აშშ დოლარი, რომლის გაცემაც შემდგომში აღარ განხორციელდა.
8.4. მხარეთა განმარტებით, სს „თ----------ის“ მხრიდან კრედიტის გაცემაზე უარი უკავშირდებოდა მ-------------------ს მიერ საქართველოს მოქალაქეობაზე უარის თქმას (იხ: სარჩელი, ფაქტობრივი გარეომოება 2; ს.ფ. 4)).
8.5. თ---------------–--ის კუთვნილი ბინა, მდებარე, ქ------–-------–-----------------------------–--------1, გასხვისებულ იქნა 2015 წლის 20 თებერვლის შემდეგ.
9. 2017 წლის 9 ივნისს მ-------------------მ სარჩელით მიმართა სასამართლოს და ბეს თანხის ორმაგი ოდენობით (4000 აშშ დოლარი) დაბრუნება მოითხოვა. სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელემ შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა და ბეს სახით, 2000 აშშ დოლარის დაბრუნება მოითხოვა.
10. პალატა აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სადავო ბეს ხელშეკრულება მიჩნეული იქნა ბათილ გარიგებად ფორმადაუცველობის საფუძვლით, ამასთან, ვინაიდან, თანხის გადაცემის ფაქტი მოპასუხეს სადავოდ არ გაუხდია, სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლად სასამართლომ კონდიქციური სამართლის ნორმები მიუთითა, რასაც არ ეთანხმება აპელანტი და მიაჩნია, რომ დავა სამოქალაქო კოდექსის 421-ე და 423-ე მუხლების სამართლებრივ საფუძველზე უნდა გადაწყვეტილიყო.
11. სააპელაციო პალატა ნაწილობრივ იზიარებს სააპელაციო პრეტენზიას და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა სადავო ხელშეკრულების ფორმადაუცველობის საფუძვლით ბათილობის შესახებ, არამართებულია, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 421-ე მუხლის თანახმად, ბედ მიიჩნევა ფულადი თანხა, რომელსაც ხელშეკრულების ერთი მხარე აძლევს მეორე მხარეს და ამით დასტურდება ხელშეკრულების დადების ფაქტი.
პალატა აღნიშნავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 323-ე მუხლის შესაბამისად, ხელშეკრულება, რომლითაც ერთი მხარე იღებს ვალდებულებას, უძრავ ნივთზე საკუთრება გადასცეს სხვას ან შეიძინოს იგი, მოითხოვს წერილობით ფორმას. ამასთან, ხელშეკრულებით შეიძლება წარმოიშვას მომავალი ხელშეკრულების დადების ვალდებულება. ხელშეკრულებისათვის გათვალისწინებული ფორმა ვრცელდება ასევე წინარე ხელშეკრულებაზეც (სამოქალაქო კოდექსის 327.3-ე მუხლი). მითითებული ნორმების საფუძველზე, პალატა განმარტავს, რომ უძრავი ნივთის გასხვისების შესახებ ხელშეკრულება წერილობით ფორმას საჭიროებს, სხვა დათქმა კანონმდებლობით არ არის გათვალისწინებული. შესაბამისად, უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების დასადებად გაფორმებული ბეს ხელშეკრულებაც წერილობითი ფორმის უნდა იყოს, რაც განსახილველ შემთხვევაში სახეზეა. აღნიშნულიდან გამომდინარე, 2015 წლის იანვრის ბეს ხელშეკრულება ნამდვილია ვალდებულებითსამართლებრივი თვალსაზრისით.
12. პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 90-98-ე მუხლებში განმტკიცებულია პირობითი გარიგების ინსტიტუტი, რომელიც გარიგების მონაწილეებს ანიჭებს იმის შესაძლებლობას, რომ გარიგებით განსაზღვრული მიზნის მიღწევა დამოკიდებული გახადონ სამომავლო და უცნობი მოვლენის დადგომაზე. ამ ასპექტით პირობითი გარიგება კერძო ავტონომიის გამოვლენის მნიშვნელოვან ინსტიტუტს წარმოადგენს. სამოქალაქო კოდექსის 90-ე მუხლი შეიცავს პირობითი გარიგების ლეგალურ დეფინიციას, რომლის თანახმად პირობითია გარიგება, თუკი ამ გარიგებით გათვალისწინებული შედეგის დადგომა დამოკიდებულია სამომავლო და უცნობი მოვლენის დადგომაზე.
13. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ე.წ. „დამატებითი შეთანხმება“, რომელიც შემდეგი შინაარსისაა: „იმ შემთხვევაში, თუ სს „თ----------ი“ მყიდველს არ მისცემს კრედიტს, მ-------------------ს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი ბე-2000 აშშ დოლარის ოდენობით“, წარმოადგენს პირობით დადებულ გარიგებას, რომლითაც „ბეს“ ხელშეკრულებით დადასტურებული ნასყიდობის ხელშეკრულების შესრულება მხარეებმა კონკრეტული პირობის დადგომას - სს „თ----------ის“ მიერ მოპასუხეზე კრედიტის გაცემას დაუკავშირეს. დადგენილია, რომ მხარეთა შორის ნასყიდობის სამართლებრივი ურთიერთობები ვერ შედგა ბანკის მიერ კრედიტის გაუცემლობის საფუძვლით. მხარეები სადავოდ არ ხდიან იმ გარემოებას, რომ სს „თ----------ის“ მხრიდან უკვე დამტკიცებული სესხის გაცემაზე უარის თქმა განაპირობებული იყო მოსარჩელის მიერ საქართველოს მოქალაქეობაზე უარის თქმით. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატამ აღნიშნული გარემოების სამართლებრივი შეფასების საფუძველზე, პასუხი უნდა გასცეს კითხვას, წარმოეშვა თუ არა მოსარჩელეს „ბეს“ დაბრუნების მოთხოვნის უფლება იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ხელშეკრულების პირობის დადგომას თავად მოსარჩელის ქმედებამ შეუშალა ხელი.
14. სამოქალაქო კოდესის 95-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ პირს, რომელმაც განსაზღვრული პირობით დადო გარიგება, არა აქვს უფლება პირობის დადგომამდე შეასრულოს რაიმე ისეთი მოქმედება, რომელსაც შეუძლია ხელი შეუშალოს მისი ვალდებულების შესრულებას; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ პირობა დგება განსაზღვრულ დროს და პირს უკვე შესრულებული აქვს ასეთი მოქმედება, მაშინ იგი ვალდებულია მეორე მხარეს აუნაზღაუროს ამგვარი მოქმედებით წარმოშობილი ზიანი.
სამოქალაქო კოდექსის 98-ე მუხლის თანახმად, თუ პირობის დადგომა არაკეთილსინდისიერად დააბრკოლა მხარემ, რომლისთვისაც პირობის დადგომა ხელსაყრელი არ არის, პირობა დამდგარად ჩაითვლება;
15. სადავო გარემოების სამოქალაქო კოდექსის 95-ე, 98-ე მუხლების სამართლებრივ ჭრილში შეფასების მიზნით, პალატა ყურადღებას მიაქცევს შემდეგ გარემოებებს:
15.1. მხარეთა განმარტებით, დადგენილია, რომ ბეს ხელშეკრულების გაფორმების მომენტისათვის მოსარჩელე სარგებლობდა ორმაგი მოქალაქეობით (საქართველოს და რუსეთის), თუმცა იგი ერთ-ერთი ქვეყნის მოქალაქეობაზე უარის თქმის აუცილებლობის წინაშე დადგა. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მ------------------- არის პროფესიით ექიმი, მოსკოვში მუშაობს და აღნიშნულის გამო დროის უმეტესი ნაწილის მოსკოვში გატარება უხდება, მან არჩევანი რუსეთის მოქალაქეობაზე გააკეთა და შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეობაზე უარი თქვა.
პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში მოპასუხის აპელირება სამოქალაქო კოდექსის 95-ე მუხლის პირველ ნაწილზე (მოსარჩელემ პირობის დადგომამდე შეასრულა ისეთი მოქმედება, რომელმაც ხელი შეუშალა მისი ვალდებულების შესრულებას) საფუძველს მოკლებულია, ვინაიდან აღნიშნული მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მოქმედება (მოქალაქეობაზე უარის თქმა), რომელმაც ხელი შეუშალა მოსარჩელეს მისი ვალდებულების შესრულებაში (უძრავი ქონების შეძენაში) წარმოადგენს მოთხოვნის საფუძველს იმ შემთხვევაში, თუ ამ მოქმედებით, პირს მიადგა ზიანი. ზიანის არსებობა სარჩელის ფარგლებში სამტკიცებელი გარემოებაა, თ---------------–--ე კი მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე მხარეს წარმოადგენს.
15.2. რაც შეეხება, სამოქალაქო კოდექსის 98-ე მუხლის პიველი ნაწილით გათვალისწინებული წინაპირობების არსებობას, პალატა აღნიშნავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 98-ე მუხლი წარმოადგენს ამავე კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილში განმტკიცებული კეთილსინდისიერების ვალდებულების დარღვევის ერთ კონკრეტულ გამოვლინებას. ნორმის მიზანი არის იმ პირის ინტერესების დაცვა, ვისი უფლებებიც შეილახა იმის გამო, რომ გარიგების მეორე მონაწილემ არაკეთილსინდისიერად შეუშალა ხელი პირობის დადგომას. ამდენად, სამოქალაქო კოდექსის 98-ე მუხლი გამოიყენება მხოლოდ მაშინ, როცა ზემოქმედება არის არაკეთილსინდისიერი. მოსარჩელის ქმედების კეთილსინდისიერების შეფასების მიზნებისთვის, პალატა ყურადღებას მიაქცევს მხარეთა მიერ გაკეთებულ შემდეგ განმარტებებს:
მოსარჩელის განმარტებით, ორივე მხარეს გაცნობიერებული ჰქონდა ის რისკი (შედეგი), რაც საქართველოს მოქალაქეობაზე უარის თქმას შეეძლო გამოეწვია (ბანკის მხრიდან კრედიტის გაცემაზე უარი) და სწორედ, აღნიშნული რისკის გათვალისწინებით გაფორმდა დამატებითი შეთანხმება (პირობითი გარიგება), იმ მიზნით, რომ მოსარჩელეს არ დაეკარგა ბეს თანხა, რომელიც არც თუ მცირე იყო.
მოპასუხის განმარტებით, მართალია, „მოსარჩელე იდგა არჩევანის წინაშე და მისი ცხოვრების წესის გათვალისწინებით, პრიორიტეტული იყო, რომ მას უარი ეთქვა საქართველოს მოქალაქეობაზე“, თუმცა რადგან მან ასეთი არჩევანი გააკეთა, ბეს თანხის დაბრუნების უფლება აღარ გააჩნია (იხ: თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 2 ნოემბრის სხდომის ოქმი 14:29-14:30).
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების შეფასების საფუძველზე სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ საქართველოს მოქალაქეობაზე უარის თქმა, განპირობებული იყო აუცილებლობით (რასაც მოპასუხე მხარეც არ უარყოფს), კერძოდ, მას მოსკოვში გასამგზავრებლად და სამსახურებრივი საქმიანობის გასაგრძელებლად ესაჭიროებოდა რუსეთის მოქალაქეობის შენარჩუნება, რის გამოც აუცილებელი იყო საქართველოს მოქალაქეობაზე უარის თქმა. შესაბამისად, აღნიშნული ქმედება ვერ შეფასდება სამოქალაქო კოდექსის 98-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულ ქმედებად, მასში არაკეთილსინდისიერების ნიშნის არარსებობის გამო. ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ არ დგინდება სამოქალაქო კოდექსის 98-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული იურიდიული ფიქციის (პირობის დამდგარად ჩათვლის) დადგომა, რაც მოსარჩელის მიმართ ბეს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების მოთხოვნის წინაპირობა, ხოლო მოსარჩელის მხრიდან მისი ფაქტობრივი შეუსრულებლობის გამო კი, ბეს თანხის მოთხოვნაზე უარის თქმის საფუძველი შეიძლებოდა გამხდარიყო.
16. სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას.
ფიზიკური და იურიდიული პირები იძენენ და ახორციელებენ სამოქალაქო უფლებებს, საკუთარი ნებითა და საკუთარი ინტერესით. ისინი თავისუფალნი არიან უფლებებისა და ვალდებულებების დადგენაში ხელშეკრულების საფუძველზე და განსაზღვრონ ნებისმიერი რამ, რაც არ ეწინააღმდეგება კანონმდებლობის პირობებს, კერძოდ: სამოქალაქო კოდექსი აწესრიგებს თანასწორუფლებიანობაზე დამყარებულ ურთიერთობებს. ფიზიკური და იურიდიული პირები თავიანთ სამოქალაქო უფლებებს ახორციელებენ დამოუკიდებლად, გარდა იმ შემთხვევებისა, თუ კანონით არის განსაზღვრული კონკრეტული შემთხვევა. მხარეებს შეუძლიათ დადონ ნებისმიერი ტიპის შინაარსის და ფორმის ხელშეკრულება, რომელიც გათვალისწინებულია კანონით და რომელიც არ არის გათვალისწინებული კანონით.
მოცემულ შემთხვევაში, მხარეები დამატებით შეთანხმდნენ იმ პირობაზე, რომ თუ სს „თ----------ი“ მყიდველს არ მისცემდა კრედიტს, მ-------------------ს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი ბე-2000 აშშ დოლარის ოდენობით.
სამოქალაქო კოდექსის 316.1 მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც. 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის (ბეს მიმცემის) მხრიდან არ დგინდება: ბეს ხელშეკრულების მიმართ, მასზე დაკისრებული ვალდებულების ბრალეული დარღვევა, ხოლო პირობითი გარიგების მიმართ - პირობის დადგომის არაკეთილსინდისიერად ხელშეშლა, რაც დამატებითი შეთანხმებიდან (პირიბითი გარიგებიდან) გამომდინარე, ბეს თანხის დაბრუნების მოთხოვნის უფლებას წარმოშობს.
შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
17. პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივრებში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა დარჩეს.
საპროცესო ხარჯები
18. აპელანტის მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია წინასწარ.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. თ---------------–--ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 18 იანვრის გადაწყვეტილება;
3. აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩეს ბიუჯეტში.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია;
მოსამართლე: ნატალია ნაზღაიძე