განაჩენი

სისხლის სამართლის 06.12.2018
საქმის ნომერი
330100118002484887
ინსტანცია
თარიღი
06.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100118002484887

საქმე №1ბ/1472-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

06 დეკემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე მზია ლომთათიძემ

 

ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლუ-----------–--ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:

ზა--------------–---–ის მიმართ, დაბადებულის 1--- წლის 16 ოქტომბერს, საქართველოს მოქალაქის, პირადი №0----------, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების: ქ. თ---–--------------------------------------------------------------ში, დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

 

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 10 ოქტომბრის განაჩენით ზა--------------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1 (ერთი) წელი.

 

ზა--------------–---–ს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, კერძოდ, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე, და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.

 

კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:

 

2018 წლის 23 აპრილს, თბილისში მ--------------------------------------------------------ში ზა--------------–---–მა არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით მეუღლეს - მა-------–-–---–ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რითაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ლუ-----------–--ემ და ითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 10 ოქტომბრის განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის ნაწილში და ზა--------------–---–ისათვის უფრო მკაცრი სასჯელის - მაქსიმალურ ზღვართან მიახლოებული თავისუფლების აღკვეთის დანიშვნა, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

აპელანტს მიაჩნია, რომ ზა--------------–---–ისათვის დანიშნული სასჯელი არის უსამართლო, რადგან პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას სრულად არ გაითვალისწინა ზა--------------–---–ის ქმედებების ხასიათი, ქმედების განხორციელების მოტივი, ოჯახში ძალადობის გავრცელების მასშტაბი და მსხვერპლთა ხელახალი ვიქტიმიზაციის მომეტებული საფრთხე. პირობითი სასჯელი არათუ მსჯავრდებულის რესოციალიზაცია-რეაბილიტაციას უზრუნველყოფს, არამედ პირს შესაძლოა კვლავ მართლსაწინააღმდეგო ქმედების განხორციელებისკენ უბიძგოს. მოცემულ შემთხვევაში სახელმწიფოს პრინციპული დამოკიდებულება ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია, დამნაშავეებისა და პოტენციური დამნაშავეების შემდგომი ქცევის კანონის ფარგლებში მოქცევის უზრუნველსაყოფად. აღსანიშნავია, რომ „ქალთა წინააღმდეგ ბრძოლისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ - სტამბულის კონვენციის ქვაკუთხედს წარმოადგენს - ძალადობის პრევენცია, მსხვერპლთა დაცვა და მოძალადეებზე სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება და უწყებათაშორისი კოორდინირებული მოქმედება. კონვენცია ავალდებულებს სახელმწიფოებს გაატარონ ქმედითი ღონისძიებები, რათა საზოგადოების ყველა წევრს, განსაკუთრებით მამაკაცებსა და ბიჭებს შეაცვლევინონ მათი დამოკიდებულება ძალადობის მიმართ, რათა „სათანადო ცვლილებები გამოიწვიონ თითოეული ადამიანის გულსა და გონებაში“. საქართველოს სსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი, ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. აპელანტს მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნული სასჯელის განსაზღვრით დარღვეულის სამართლიანობის პრინციპი, ვინაიდან აღნიშნულით ვერ მიიღწევა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნები. დანიშნული სასჯელის პირობითად ჩათვლით, იმ პირობებში, როდესაც პირის მიერ ჩადენილია განზრახი, ძალადობრივი ხასიათის დანაშაულის მსხვერპლის მიმართ საგამოძიებო ორგანოსთვის მიმართვის შედეგად გამოწვეული დასჯის სურვილით, არათუ ვერ უზრუნველჰყოფს სასჯელის მიზნების მიღწევას, არამედ „წამახალისებელიც“ კი იქნება მსჯავრდებულისთვის ახალი დანაშაულებრივი ქმედების ჩადენისთვის.

მსჯავრდებულ ზა--------------–---–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა: და----------------ემ და ნა------------–---–მა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის შესაგებელით მხარი არ დაუჭირეს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას და ითხოვეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 10 ოქტომბრის განჩენის ძალაში დატოვება.

 

სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებანი და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. საქმის ფაქტობრივ გარემოებებსა და კვალიფიკაციას არც აპელანტი ხდის სადავოდ. მსჯავრდებულის მიერ ოჯახური ძალადობის ჩადენის ფაქტი, გარდა მისი აღიარებისა, დადასტურებულია სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული დაზარალებულ მა-------–-–---–ის ჩვენებით, მოწმეების: გი-----------–-----ის და კა-------------ის ჩვენებებით, ასევე უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით, ესენია: მოწმეების: ირ-----------ის, თი---------–-–---–ის, გი-----------------ის, ვა---–---------–---–ის და გი------------–-–---–ის გამოკითხვის ოქმები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა და საქმეში არსებულ სხვა უდავო მტკიცებულებათა ერთობლიობა.

რაც შეეხება პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის დამძიმების თაობაზე, პალატა არ ეთანხმება და განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

პალატა აღნიშნავს, რომ დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასთან და ჩადენილ ქმედებასთან. სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში. ამასთან, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული, რომ სასამართლომ სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დანიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

მოცემულ შემთხვევაში პალატა ითვალისწინებს, რომ ზა--------------–---–ს პასუხიმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია, ხოლო მისი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, დაზარალებულს მის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია. პალატას მიიჩნია, რომ პირობითი სასჯელი საკმარისი იქნება ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციისათვის და სასჯელის გამკაცრება არ არის აუცილებელი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლუ-----------–--ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 10 ოქტომბრის განაჩენი დარჩეს უცვლელად.

 

ზა--------------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1 (ერთი) წელი.

 

მსჯავრდებულ ზა--------------–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2018 წლის 23 აპრილიდან - 2018 წლის 27 აპრილის ჩათვლით.

 

მსჯავრდებულ ზა--------------–---–ს საქართველოს სსკ-ის 65-66-ე მუხლების საფუძველზე, დაევალოს პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ამასთან, მის ყოფაქცევაზე კონტროლისა და დახმარების განხორციელება დაევალოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

ნივთიერი მტკიცებულება: მყარი დისკი, დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს მისი შენახვის ვადით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გამოტანისთანავე შევიდეს კანონიერ ძალაში.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე მ. ლომთათიძე