განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 240210118002354165
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №2/ბ-872-2018 6 ნოემბერი, 2018 წელი
ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე სიმონ ჩხაიძე
სხდომის მდივანი - ეკატერინე ქორიძე
აპელანტი - ა-–------ კ----–-–---–ი
წარმომადგენელი - ი-------------ე
მოწინააღმდეგე მხარე - მ--- ჯ----ი
წარმომადგენელი - ხ----------------ი
დავის საგანი - ქონების საკუთრებაში აღრიცხვა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - სენაკის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 18 მაისის გადაწყვეტილება
1. აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მ--- ჯ----ის სარჩელი დაკმაყოფილდა. მარტვილის რაიონ სოფელ ბ----ში, ქუჩა 16, N- - ში მდებარე სასაოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (2862,00 კვ.მ. ს/კ №4-----------), თანამესაკუთრეთა გრაფაში, თანამესაკუთრედ აღირიცხოს ა-–------ კ----–-–---–ი. რაიონულმა სასამართლომ დაადგინა: დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.1. სენაკის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 16 დეკემბრის გადაწყვეტილებით საქმეზე მოსარჩელე მ--- ჯ----ი, მოპასუხე - ა-–------ კ----–-–---–ი, დავის საგანი - ალიმენტის დაკისრებაა, მ--- ჯ----ის სარჩელი დაკმაყოფილდა მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა: ყოველთვიურად 200 ლარის გადახდა არაასრუწლოვანი შვილის მარიამ კ----–-–---–ის სასარგებლოდ. დავალიანების დაფარვის მიზნით, 2012 წლის10 ოქტომბერს გაცემული სააღსრულებლო ფურცლის საფუძველზე დაიწყო სააღსრულებლო წარმოება. 2.2. საქართველოს იუსტიციის სამინისტრის აღსრულების ეროვნული ბიუროს სამეგრელოსა და ზემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს 15.03.2018 წლის წერილის თანახმად, მ--- ჯ----ის წარმომადგენელს მ---------–--ს ეცნობა, რომ მოვალე ა-–------ კ----–-–---–ს გააჩნია დავალიანება 7545,40 ლარი და ელექტრონული მოძიების მიხედვით ა-–------ კ----–-–---–ი სოციალურად დაუცველკთა ერთიან ბაზაში არ ფიქსირედება. 2.3. მარტვილის რაიონ სოფელ ბ----ში ქუჩა 16, N- - ში სასაოფლო -სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (2862,00 კვ.მ. ს/კ №4-----------), 1986-1990, 1998-2002, 2002- 2009 წლების მონაცემებით კომლის შემადგენლობაში ირიცხება ა-–------ კ----–-–---–ი. 2.4. მარტვილის რაიონ სოფელ ბ----ში ქუჩა 16, N- - ში მდებარე სასოფლო -სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი ო----- კ----–-–---–ს, ც------ კ----–-–---–ს, ე-----ი კ----–-–---–ს და ა-–------ კ----–-–---–ს ეკუთვნით თანასაკუთრების უფლებით. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.5. სამოქალაქო კოდექსის 311-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საჯარო რეესტრი არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათ, ყადაღისა და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის წარმოშობის, მათში ცვლილებების და მათი შეწყვეტის, ასევე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების წარმოშობის და მასში ცვლილების შესახებ მონაცემთა ერთობლიობა. სამოქალაქო კოდექსის ზ/აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, საჯარო რეესტრში ფიქსირდება ნებისმიერი უფლება, რაც ამა თუ იმ ნივთის მიმართ არსებობს სამართლებრივად. სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფლების ბოროტად გამოყენებად ჩაითვლება საკუთრებით ისეთი სარგებლობა, რომლითაც მხოლოდ სხვებს ადგებათ ზიანი ისე, რომ არ არის გამოკვეთილი მესაკუთრის ინტერესის უპირატესობა, და მისი მოქმედების აუცილებლობა გაუმართლებელია. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხე თავისი საკუთრების უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაციას არ ახორციელებს მის მიერ ვალდებულებისგან თავის არიდების მიზნით. შესაბამისად, აღნიშნული წარმოადგენს საფუძველს, სასამართლომ დააკმაყოფილოს სარჩელი და დაადგინოს მოპასუხის საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო მონაცემთა ერთიან ბაზაში.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები გადაწყვეტილება გაასაჩივრა ა-–------ კ----–-–---–მა: ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები 3.1. ა-–------ კ----–-–---–ი დაკისრებულ საალიმენტო თანხას იხდის შეძლებისდაგვარად, ამავე დროს მხარეს შესთავაზა სადაო ქონების ღირებულების თანხა, რომელიც აუდიტს შეფასებული აქვს, რაც ნიშნავს იმას, რომ თუ მას გააჩნია იურიდიული ინტერესი თანხის მიღების სადაო ქონებიდან, აპელანტი მას აძლევდა სადაო წილის თანხას. 3.2. სასამართლოს არ უნდა გამოეყენებინა კანონი, ძველი სამოქალაქო კოდექსი, რომელიც გამოიყენა და საფუძვლად დაუდო გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების მიზნით, არასწორად განმარტა კანონი და არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების დასაბუთება პალატამ დაადგინა, რომ დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს: ფაქტობრივი დასაბუთება 4.1. დადგენილია, რომ მ--- ჯ----მა სარჩელი აღძრა ალბერ კ----–-–---–ის წინააღმდეგ და #4----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების თანამესაკუთრედ რეგისტრაცია მოითხოვა. 4.2. საჯარო რეესტრის მონაცემებით სადავო უძრავი ქონების თანამესაკუთრეები არიან ც------ კ----–-–---–ი, ო----- კ----–-–---–ი და ე----- კ----–-–---–ი. 4.3. ც------ კ----–-–---–ი, ო----- კ----–-–---–ი და ე----- კ----–-–---–ი საქმის განხილვაში არ მონაწილეობდნენ. 4.4. სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე აპელანტმა მოთხოვნა დააზუსტა და რაიონულ სასამართლოში საქმის განსახილველად დაბრუნება მოითხოვა. სამართლებრივი დასაბუთება 4.5. პალატას მიაჩნია, რომ მ--- ჯ----მა სარჩელი არასათანადო მოპასუხის მიმართ აღძრა. 4.5.1. პალატის აზრით, არასათანადო მოპასუხე არის, არა მარტო, ის ვინც საერთოდ პასუხისმგებლი არ არის, არამედ ისიც, ვინც სხვათა გარეშე არ არის პასუხისმგებელი სარჩელზე. 4.6. როგორც აღინიშნა, მ--- ჯ----მა ც------ კ----–-–---–ის, ო----- კ----–-–---–ისა და ე----- კ----–-–---–ის სახელზე რეგისტრურებული ქონების თანამესაკუთრედ ა-–------ კ----–-–---–ის აღიარება და საჯარო რეესტრის მონაცემებში შესაბამისი ცვლილებების შეტანა მოითხოვა. 4.6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის 1 ნაწილის თანახმად, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე. ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. 4.6.2. ამის შესაბამისად, საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე ივარაუდება, რომ სადავო უძრავი ქონება, მხოლოდ, ც------ კ----–-–---–ს, ო----- კ----–-–---–სა და ე----- კ----–-–---–ს ეკუთვნის. 4.6.3. ეს კი ნიშნავს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა მიმართული არის, არა მარტო, ა-–------ კ----–-–---–ის, არამედ საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მესაკუთრეების წინააღმდეგ. 4.6.4. ამის შესაბამისად, მ--- ჯ----ის სარჩელზე ა-–------ კ----–-–---–თან ერთად სავალდებულო მოპასუხეები ც------ კ----–-–---–ი, ო----- კ----–-–---–ი და ე----- კ----–-–---–იც არიან. 4.7. სწორედ ამ მიზეზით მიიჩნია სააპელაციო სასამართლომ, რომ მ--- ჯ----ს სარჩელი არასაკმარისი, ე.ი. არასათანადო მოპასუხის მიმართ ჰქონდა წარდგენილი და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 85-ე მუხლისა და 203-ე მუხლის 1 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მას საქმეში თანამოპასუხეების ჩართვა შესთავაზა. 4.7.5. სასამართლოს შეთავაზებას მ--- ჯ----ი დაეთანმა. 4.8. ამრიგად, სასამართლომ საქმე სათანადო მოპასუხეთა მონაწილეობით უნდა განიხილოს. 4.9. ამის მიუხედავად, პალატის აზრით, საქმის სააპელაციო სასამართლოში წარმოების ეტაპზე პროცესში ახალი, დამოუკიდებელი მხარის ჩართვა მის პროცესუალურ უფლებებზე ნეგატიურად აისახება - საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 380-382-ე მუხლებიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე ზემოხსენებულ უფლებათა რეალიზაცია, მნიშვნელოვნად, შეზღუდულია. ეს კი სამართალწარმოების შეჯიბრებითობისა და მხარეთა თანასწორუფლებიანობის პრინციპებს დაარღვევს. 4.10. ამის გამო, გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმე რაიონულ სასამართლოს ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს. გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს რაიონულ სასამართლოს.
6. საპროცესო ხარჯები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, საპროცესო ხარჯის განაწილების საკითხი უნდა გადაწყდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანის დროს.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ა-–------ კ----–-–---–ის დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს სენაკის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 18 მაისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს სენაკის რაიონულ სასამართლოს;
3. საპროცესო ხარჯის განაწილების საკითხი გადაწყდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანის დროს;
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, განჩინების მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით;
5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე სიმონ ჩხაიძე