განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N190100118002576955, №1/ბ-1265-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
26 ნოემბერი, 2018 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე ნათია ბარბაქაძე
მოსამართლეები: ვეფხია ლომიძე
ნინო სანდოძე
სხდომის მდივანი ნანა გიგიტაშვილი
სხდომის სახე - ღია
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ლა–---------–---–ი;
დაცვის მხარე:
მსჯავრდებული - ლე--- და----ის ძე შა------ე, დაბადებული 198--–-–---------–--ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი N3----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: ქ.რუ-------–-------------------------------------------------–-------------------–-------------------------–------------;
ადვოკატი - ლე--- ზა-----ე.
კვალიფიკაცია:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლი - განზრახ მკვლელობა;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილი - სიცოცხლის მოსპობის და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
სასჯელი:
დანაშაულთა ერთობლიობით 9 წლით თავისუფლების აღკვეთა და დამატებითი სასჯელის სახით 5 წლის ვადით იარაღთან დაკავშირებული უფლების შეზღუდვა.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
მხარეთა პოზიციები:
მსჯავრდებულ ლე--- შა------ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატების ლე--- ზა-----ისა და მა--------------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა - რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 05 სექტემბრის განაჩენში ცვლილების შეტანა, გამართლება მუქარის ნაწილში, ხოლო განზრახ მკვლელობის მსჯავრდებასთან მიმართებით სასჯელის მინიმუმის განსაზღვრა, შემდეგ გარემოებათა გამო: მსჯავრდებული აღიარებს და ინანიებს მკვლელობის ჩადენას, თუმცა მუქარის ნაწილში თავს არ ცნობს დამნაშავედ. სასჯელის დანიშვნის დროს გასათვალისწინებელია დანაშაულის ჩადენის წინაპირობები, გარდაცვლილის ქცევა, მსჯავრდებულის დახასიათება, მისი და მისი ოჯახის მძიმე მატერიალური მდგომარეობა, ასევე სააპელაციო სასამართლოში დაზარალებულის უფლებამო--ცვლის მიერ წარმოდგენილი განცხადება ლე--- შა------ის მიმართ პრეტენზიის არქონის შესახებ (ვრცლად იხ. სააპელაციო საჩივარი, სხდომის ოქმი).
ბრალდების მხარის მოთხოვნა სააპელაციო საჩივრის შესაგებლით - რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 05 სექტემბრის განაჩენის უცვლელად დატოვება შემდეგ გარემოებათა გამო: განაჩენი არის კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი (ვრცლად იხ. სააპელაციო საჩივრის შესაგებელი, სხდომის ოქმი).
სასამართლომ დაადგინა:
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 05 სექტემბრის განაჩენით, ლე--- შა------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ მასში, რომ ჩაიდინა განზრახ მკვლელობა, ასევე სიცოცხლის მოსპობის და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 26 ივნისს, შუადღის საათებში, თე-----–------ს რაიონის სოფე-–-----ში ვა–----------ის ოჯახში იმყოფებოდა ლე--- შა------ე, რომელიც ყურადღებას აქცევდა მათი ოჯახის კუთვნილ ფერმას. ლე--- შა------ეს და ვა–----------ეს შორის მოხდა ურთიერთშელაპარაკება, რა დროსაც შურისძიების მოტივით ლე--- შა------ემ საცხოვრებელი სახლიდან გამოიტანა სანადირო თოფი, ჩაუსაფრდა და მოკვლის მიზნით ესროლა ვა–----------ეს, რომელიც ცეცხლსასროლი მრავლობითი ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა.
2018 წლის 26 ივნისს, შუადღის საათებში, თე-----–------ს რაიონის სოფე-–-----ში ვა–----------ის ოჯახში იმყოფებოდა ლე--- შა------ე, რა დროსაც მათ შორის მოხდა ურთიერთშელაპარაკება. ლე--- შა------ემ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა ვა–----------ე. გარდა ამისა, აღნიშნული ქმედების ჩადენისას, ცეცხლსასროლი იარაღით მომარჯვებული ლე--- შა------ე, სიცოცხლის მოსპობით რამდენჯერმე დაემუქრა ვა–----------ის სიდედრს - ლე--–----–------ს, რომელსაც გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 05 სექტემბრის განაჩენით, ლე--- შა------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 521 მუხლის თანახმად დამატებითი სასჯელის სახით 5 წლის ვადით შეეზღუდა იარაღთან დაკავშირებული უფლება.
ლე--- შა------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 თვის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ ლე--- შა------ეს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 წლის ვადით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 521 მუხლის თანახმად დამატებითი სასჯელის სახით 5 წლის ვადით შეეზღუდა იარაღთან დაკავშირებული უფლება.
ლე--- შა------ეს ძირითადი სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო დაკავებიდან - 2018 წლის 27 ივნისიდან.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. ვინაიდან, მოცემულ საქმეზე, განაჩენი გასაჩივრებულია მხოლოდ დაცვის მხარის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით მსჯავრდების ნაწილში, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლთან მიმართებით სასჯელის ნაწილში, რუსთავის საქალაქო სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლოს დასკვნები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით ლე--- შა------ის ბრალეულობასთან დაკავშირებით, მიიჩნევა დადასტურებულად.
ამასთან, პალატას მიაჩნია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, პრეიუდიციად მიღებული მტკიცებულებები ადასტურებენ მსჯავრდებულ ლე--- შა------ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას.
რაც შეეხება სიცოცხლის მოსპობის და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარას, წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, პალატას ასევე მიაჩნია დადასტურებულად, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლი დასჯად ქმედებად აცხადებს სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარას, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
მუქარასთან დაკავშირებით, გამოძიებას ინფორმაცია მიაწოდეს ლე--–----–------მა და მა------–------მა. ლე--–----–------ის გამოკითხვის ოქმის მიხედვით, ჩხუბის დროს, რომელიც მიმდინარეობდა ლე--- შა------ესა და ვა–----------ეს შორის, ნო-- შა------ესთან და მა------–------თან ერთად თავადაც იღებდა მო--წილეობას გაშველებაში, რა დროსაც ძირს დავარდა. წამოდგომისას მან მსჯავრდებულის დედას დაუყვირა, რა დროსაც ლე--- შა------ე მივიდა მასთან, მიმართა მის მიმართ იარაღი და დაუყვირა, დედამის ნუ უყვიროდა, თორემ ტყვიას დააჭედებდა შუბლში. ასევე, როდესაც მსჯავრდებულმა ესროლა გარდაცვლილს, შემდეგ მან ლე--–----–------ს დამცინავად უთხრა, სანამ ის არ მოკვდებოდა იმ სახლში სიმშვიდე არ იქნებოდა და მიმართა მისკენ იარაღი.
ლე--- შა------ის მიერ ლე--–----–------ის მიმართ განხორციელებულ მუქარის ფაქტზე მიუთითა მა------–------მაც. დაცვის მხარის აპელირება იმ გარემოებაზე, რომ მა------–------მა მუქარის თაობაზე განაცხადა მხოლოდ მეორე გამოკითხვის ოქმში, რითაც, ცხადია, რომ ბრალდების მხარემ ხელოვნურად შექმნა დამატებითი მტკიცებულება, ვერ იქნება გაზიარებული.
აღნიშნულთან დაკავშირებით, პალატა იზიარებს რუსთავის საქალაქო სასამართლოს არგუმენტებს, რაც შესაბამისობაშია მტკიცებულებებთან. თავდაპირველად აღსანიშნავია, რომ დაცვის მხარემ, ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული მტკიცებულებები მიიჩნია უდავოდ, ანუ მათი გამოკვლევა სასამართლო სხდომაზე არ მომხდარა და მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები მიღებული იქნა პრეიუდიციად, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე. ასევე აღსანიშნავია, რომ გამოძიება მოცემულ საქმეზე დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით, ვა–----------ის მკვლელობის ფაქტზე. მა------–------ი მოწმის სახით პირველად გამოიკითხა 2018 წლის 26 ივნისს, 18:50 საათიდან 21:00 საათამდე პერიოდში, გამომძიებელ მე--------------–---–ის მიერ, უშუალოდ ვა–----------ის მკვლელობის გარემოებებთან დაკავშირებით და არსებითი ყურადღება არ გამახვილებულა ლე--- შა------ის მიერ ჩადენილ სხვა დანაშაულის შემცველ ქმედებებზე. დაზარალებული ლე--–----–------ი პირველად მოწმის სახით გამოიკითხა 2018 წლის 26 ივნისს, 23:00 საათიდან 27 ივნისის 01:25 საათამდე პერიოდში გამომძიებელ იგ---------–--ის მიერ, რა დროსაც ლე--–----–------მა, გარდა ვა–----------ის განზრახ მკვლელობის დეტალების აღწერისა, მიუთითა ლე--- შა------ის მხრიდან უშუალოდ მის მიმართ განხორციელებული დანაშაულის შესახებ. ლე--–----–------ის გამოკითხვის შემდეგ მოხდა მა------–------ის დამატებით გამოკითხვა, სადაც მა------–------ს მიეცა შესაძლებლობა დაეზუსტებინა დამატებითი გარემოებები, მათ შორის ლე--- შა------ის მოქმედებები, რომელიც, გარდა ვა–----------ის განზრახ მკვლელობისა, შეიცავდა ლე--–----–------ის მიმართ სიცოცხლის მოსპობის არაერთგზის მუქარას. სასამართლომ ბუნებრივად და სარწმუნოდ მიიჩნია მა------–------ის მიერ მეორე გამოკითხვის ოქმში დაფიქსირებული დამატებითი გარემოებები მუქარის ფაქტთან დაკავშირებით. აღნიშნული მსჯელობა პალატას მიაჩნია დასაბუთებულად. საგულისხმოა, რომ მა------–------ს არ შეუცვლია გამოკითხვის ოქმში მითითებული გარემოებები და მეორე გამოკითხვის დროს დაამატა ფაქტები, რომლის შესახებაც მისთვის პირველი გამოკითხვის დროს არ უკითხავთ და გარდა ამისა, შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე (ცეცხლსასროლი ჭრილობებით გარდაიცვალა მისი მეუღლე) შეუძლებელი იყო მოწმეს დეტალური სიზუსტით გადმოეცა განვითარებული მოვლენები. გარდა ამისა, კიდევ ერთხელ უნდა აღინიშნოს, რომ მხარეებმა მტკიცებულებები, მათ შორის მა------–------ის გამოკითხვის ოქმები, მიიჩნიეს უდავოდ. რასაკვირველია, მტკიცებულებათა უდავოდ ცნობა უპირობოდ არ გულისხმობს მტკიცებულებაში მითითებული გარემოების დადგენილად მიჩნევას, თუმცა, მოცემულ შემთხვევაში, დაზარალებულის ჩვენებასთან ერთად ქმნის მტკიცებულებათა საკმარის ერთობლიობას გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ფსიქიკური ხელშეუხებლობა, მისი სიმშვიდე და მყუდრო გარემოში ცხოვრების უფლება, რაც შესაძლოა, დაირღვეს მაშინ, როცა პირი ადამიანს ემუქრება ძალადობითი ქმედების ჩადენით და მუქარა ისეთი ფორმით არის გამოხატული, რომ მუქარის ადრესატს უჩნდება საფუძვლიანი შიში. ობიექტური მხრივ, აღნიშნული დანაშაული წარმოადგენს მატერიალურ დანაშაულს, ვინაიდან აუცილებელია გამოკვეთილი იყოს მოქმედება (მუქარა) და მისგან გამოწვეული შედეგი (შიში). ამასთან, შიში უნდა იყოს საფუძვლიანი, რაც იმას ნიშნავს, რომ ქმედების აღნიშნული მუხლით დაკვალიფიცირებისთვის აუცილებელია დადგინდეს, რომ მუქარა წარმოითქვა ისეთი ფორმით, ისეთ ვითარებაში და ისეთი პირის მიერ, რომ მუქარის მსხვერპლს გაუჩნდა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში. შიშის ფაქტორის შეფასებისას აუცილებელია გათვალისწინებული იყოს როგორც სუბიექტური, ისე ობიექტური კრიტერიუმები. მიუხედავად შედეგისა, განახორციელებს თუ არა მუქარას პირი ან აპირებს თუ არა მის განხორციელებას, დაზარალებულის მიერ მუქარის რეალურად აღქმა უკვე იძლევა ამ დანაშაულის შემადგენლობას.
როგორც ზემოთ განიმარტა, მუქარის შემადგენლობისთვის აუცილებელი არაა იმის დადასტურება, რომ პირი აპირებდა მუქარის რეალიზებას. მოცემულ შემთხვევაში, გასათვალისწინებელია, რომ შელაპარაკება მიმდინარეობდა ლე--- შა------ესა და ვა–----------ეს შორის. ამასთან, ლე--- შა------ე იმყოფებოდა ცეცხლსასროლი იარაღით, რაც განამტკიცებს დაზარალებულის მითითებას მუქარის რეალურად აღქმასთან დაკავშირებით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ ლე--- შა------ის ქმედებით განხორციელდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შემადგენლობა - სიცოცხლის მოსპობის და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
სასჯელის დასაბუთება:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლი სასამართლოს ავალდებულებს სასჯელის დანიშვნის დროს მხედველობაში მიიღოს სხვადასხვა გარემოებები, მათ შორის დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით მისი მისწრაფება აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, რომლის სანქციის ფარგლებშიც დანიშნული აქვს საბოლოო სასჯელი ლე--- შა------ეს, სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით შვიდიდან თხუთმეტ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
პალატა ითვალისწინებს ლე--- შა------ის შემამსუბუქებელ გარემოებებს, მსჯავრდებულმა აღიარა დანაშაული, უდავოდ გახადა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რითაც სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას შეუწყო ხელი, ასევე აქვს მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა და დაზარალებულის უფლებამო--ცვლეს მის მიმართ რაიმე სახის პრეტენზია არ გააჩნია. მიუხედავად არაერთი შემამსუბუქებელი გარემოებისა, პალატას მიზანშეწონილად არ მიაჩნია ლე--- შა------ისთვის სასჯელის შემსუბუქება დანაშაულის მოტივის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათის და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხის და მართლსაწინააღმდეგო შედეგის გათვალისწინებით.
თავდაპირველად უნდა აღინიშნოს, რომ სიცოცხლის უფლება არის ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპულ კონვენციაში განსაზღვრულ უფლებათა და თავისუფლებათაგან ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ფუნდამენტური ღირებულება დემოკრატიული საზოგადოებისათვის, რომელიც აბსოლუტური ხასიათისაა და მისგან გადახვევა დაუშვებელია. კონვენციის მე-2 მუხლი სახელმწიფოებს აკისრებს პოზიტიურ ვალდებულებას, რაც გულისხმობს სიცოცხლის დაცვას და ავალდებულებს ხელისუფლების ორგანოების წარმომადგენლებს წარმართონ ადეკვატური და ჯეროვანი გამოძიება ფატალური შემთხვევების არსებობისას. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განაცხადა, რომ კონკრეტული სახელმწიფოს ხელისუფლების ორგანოების პოზიტიური ვალდებულება - დაიცვან სიცოცხლე, რა თქმა უნდა, იმას კი არ გულისხმობს, რომ სახელმწიფომ ყველა ადამიანი უზრუნველყოს პირადი მცველით, არამედ გულისხმობს ხელისუფლების ორგანოების ვალდებულებას, აღძრან სამართალწარმოება, ჯეროვნად გამოიძიონ კონკრეტული შემთხვევები და მოიძიონ პირი, რომელმაც ჩაიდინა მკვლელობა, რათა წარუდგინონ იგი მართლმსაჯულებას. ევროპული კონვენციის მე-2 მუხლით გათვალისწინებული ვალდებულება ქმედითი გამოძიების ჩატარებაზე გარდა გამოძიების ეტაპისა, მოიცავს სასამართლო განხილვის სტადიასაც, კერძოდ, მთლიანად სამართალწარმოების შედეგად უნდა შესრულდეს კანონის მეშვეობით სიცოცხლის უფლების დაცვის პოზიტიური ვალდებულება, ხოლო ეროვნულმა სასამართლომ არ უნდა დაუშვას, რომ სიცოცხლის მოსპობა დაუსჯელი დარჩეს (B. v. Croatia).
დაცვის მხარე უთითებს ლე--- შა------ის პიროვნების დადებით მახასიათებლებზე, რაც გათვალისწინებული აქვს რუსთავის საქალაქო სასამართლოს, რადგან დაუნიშნა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა. ამასთან, აღნიშნული მახასიათებლები და ვა–----------ის ქმედებები ვერ გახდება სასჯელის კიდევ უფრო შემცირების საფუძველი, რადგან სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებთან დაკავშირებით, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს სამართლიანი და ადეკვატური სასჯელების გამოყენებას. მოცემულ შემთხვევაში, მხედველობაშია მისაღები დანაშაულის ჩადენის ხერხი და ფაქტობრივი გარემოებები, რამაც გამოიწვია მძიმე შედეგი - ადამიანის სიცოცხლის მოსპობის სახით. მტკიცებულებებით, რასაც დაეთანხმა დაცვის მხარე, დადასტურებულია, რომ სიტყვიერ შეურაცხყოფას შედეგად მოჰყვა ლე--- შა------ის მიერ იარაღის გამოტანა და სიტყვიერი დაპირისპირება გადაიზარდა ფიზიკურ დაპირისპირებაში. მიუხედავად იმ გარემოებისა, რომ მოხდა მათი გაშველება, ლე--- შა------ე გაემართა მეზობლის მიწის ნაკვეთის მიმართულებით. რამდენიმე წუთში კი, მაშინ, როდესაც დაპირისპირება მხარეებს შორის აღარ მიმდინარეობდა, ჩასაფრებულმა ლე--- შა------ემ დამიზნებით ესროლა ვა–----------ეს. შედეგი - სიკვდილის სახით დადგა სწორედ ცეცხლნასროლი ჭრილობების გამო ფილტვის და ღვიძლის დაზიანებების შედეგად.
ის გარემოება, რომ საჩივრის სააპელაციო სასამართლოში განხილვის ეტაპისთვის დაზარალებულის უფლებამო--ცვლეს პრეტენზია არ გააჩნია ლე--- შა------ის მიმართ, არ წარმოადგენს სასჯელის კიდევ უფრო შემცირების საფუძველს. როგორც ზემოთ აღინიშნა, ლე--- შა------ეს დანიშნული აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით გათვალისწინებული სანქციის მინიმუმთან მიახლოებული სასჯელი, რაც სავსებით სამართლიანია და შეესაბამება როგორც მსჯავრდებულის პიროვნებას, ისე ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. რაც შეეხება მუქარისთვის დანიშნულ სასჯელს - 7 თვით თავისუფლების აღკვეთას, ასევე დანიშნულია შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებათა გათვალისწინებით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ რუთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 05 სექტემბრის განაჩენი ლე--- შა------ის მიმართ არის დასაბუთებული, კანონიერი და სამართლიანი. მსჯავრდებულისათვის შეფარდებული სასჯელის სახე და ზომა არის მის მიერ ჩადენილი ქმედების პროპორციული და პალატის მოსაზრებით, სასჯელის შემცირება ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების მიღწევას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით,-
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ლე--- შა------ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატების სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელად დარჩეს რუთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 05 სექტემბრის განაჩენი.
ლე--- შა------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 09 (ცხრა) წლის ვადით;
მასვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 521 მუხლის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახით 05 (ხუთი) წლის ვადით შეეზღუდოს იარაღთან დაკავშირებული უფლება;
ლე--- შა------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 07 (შვიდი) თვის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ლე--- შა------ეს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 09 (ცხრა) წლის ვადით და დამატებითი სასჯელის სახით 05 (ხუთი) წლის ვადით შეეზღუდოს იარაღთან დაკავშირებული უფლება.
ლე--- შა------ეს ძირითადი სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავებიდან - 2018 წლის 27 ივნისიდან.
ნივთიერი მტკიცებულება:
§ ლე--- შა------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული თოფი, ორი ვაზნა, შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული თოფი, ერთი ცალი გაუსროლელი გილზა, ადგილმდებარეობის დათვალიერებისას ამოღებული ერთი ცალი გილზა, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გადაეცეს საქართველოს შსს შეიარაღების შესაბამის სამსახურს.
§ მა------–------ის სახლის ჩხრეკისას ამოღებული მაკაროვის სისტემის პისტოლეტი მჭიდით და ორი ვაზნით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ვა–----------ის დანაშთ ქონებაზე კანონიერი მემკვიდრის დადგენამდე დროებით შესანახად გადაეცეს საქართველოს შსს შეიარაღების შესაბამის სამსახურს.
§ ლე--- შა------ისგან ამოღებული ტანსაცმელი - ჟაკეტი, შორტები, რეზინის ჩექმები, ვა–----------ის ტანსაცმელი - შორტები, ტრუსი, წყვილი წინდა, წყვილი ფეხსაცმელი, ნო-- შა------ის ტანსაცმელი - შარვალი, ჯემპრი, წყვილი ფეხსაცმელი, ლე--–----–------ის ტანსაცმელი - პერანგი, შარვალი, წყვილი ფეხსაცმელი, მა------–------ის ტანსაცმელი - ჟაკეტი, შარვალი, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული მობილური ტელეფონები ,,iphone“ და ,,Samsung“, წყვილი ჩუსტი, სათვალის ბუდე და სათვალის ორი შუშა, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეთ მათ კანონიერ მფლობელებს.
§ ვა–----------ის გვამიდან ამოღებული სამი ცალი მეტალის დეფორმირებული საგანი; შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ღია ფერის ჭურჭლის ნატეხები, ორი ცალი ცარიელი გილზა, თოფის განმუხტვისას გამოყენებული ხელთათმანები, ფანერა, მუყაოს ქაღალდი, ქაღალდის ფრაგმენტები წარწერით 1, 2, ცამეტი ცალი ბიოლოგიური ჩხირის ანაწმენდი მუქი ფერის ლაქებით; ნო-- შა------ის თმის ნიმუში, ხელების ანაწმენდის ნიმუში, ხელის ფრჩხილების ნიმუში, ნერწყვის ნიმუში; ლე--–----–------ის თმის ნიმუში, ხელების ანაწმენდის ნიმუში, ხელის ფრჩხილების ნიმუში, ნერწყვის ნიმუში; მა------–------ის ხელის ფრჩხილების ნიმუში, თმის ნიმუში, ხელების ანაწმენდის ნიმუში, ნერწყვის ნიმუში; ვა–----------ის გვამის სახისა და ხელის ანაწმენდის ნიმუში, ხელის ფრჩხილების ნიმუში, ხელის კვლების ნიმუში, სისხლის ნიმუში, თმის ნიმუში; ლე--- შა------ის თმის ნიმუში, ხელების ანაწმენდების ნიმუში, ხელის ფრჩხილების ნიმუში, ნერწყვის ნიმუში, ხელის კვლების ნიმუში, სისხლის ნიმუში და სუნის ნიმუში საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.
§ შემთხვევის ადგილის დათვალიერების ამსახველი ფოტომასალა ერთ ცალ DVD დისკზე და ადგილმდებარეობის დათვალიერების ამსახველი ფოტომასალა ერთ ცალ DVD დისკზე, რომლებიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნას საქმის შენახვის ვადით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
თავმჯდომარე ნათია ბარბაქაძე
მოსამართლეები: ვეფხია ლომიძე
ნინო სანდოძე