განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100118002513310
საქმე №1ბ/ 1374-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
07 დეკემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე მზია ლომთათიძემ
ზაზა ჭანტურიძის მდივნობით
სახელმწიფო ბრალმდებელ - ირ---–----------ას
ადვოკატ - თა------------–--ის
მონაწილეობით,გამართლებულ - მო--------------------–ის დასწრების გარეშე
ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ირ---–----------ას სააპელაციო საჩივრის საფუძველზე ზეპირი მოსმენით განიხილა სისხლის სამართლის საქმე:
მო--------------------–ის მიმართ, ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქის, პასპორტის NH--------, პირადი N0----------, დაბადებულის 1--- წლის 21 მაისს, რეგისტრირებულის მისამართზე: ი----------–-----------------–----------------------------------------------------------------–-------------------------- და ფაქტობრივად მცხოვრების: თ---–-------------–---–------------, დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 19 სექტემბრის განაჩენით მო--------------------–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
მო--------------------–ის ბრალი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა ოჯახში ძალადობა - ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
მო--------------------–ი და მა--------–------------იძე დაახლოებით 6 თვე იმყოფებოდნენ არარეგისტრირებულ ქორწინებაში და ცხოვრობდნენ თბილისში, თ------–---–-----------ში მდებარე ე. წ. ,,ჰ-------–ში’’.
2018 წლის 28 მაისს, დაახლოებით 20:00 საათზე, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიმდებარედ, ავტომანქანით მგზავრობისას, მო--------------------–მა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ხელი გაარტყა სახეში მეუღლეს მა--------–------------იძეს, რის შედეგად ამ უკანასკნელმა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. აღნიშნულის შემდგომ, რათა თავიდან აერიდებინა ცემა, მა--------–------------იძე გადახტა მიმავალი ავტომანქანიდან, რითაც შეძლო მოძალადისგან თავის დაღწევა.
პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:
ბრალდების მხარემ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ დაადასტურა მო--------------------–ის ბრალეულობა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ირ---–----------ამ, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 19 სექტემბრის გამამართლებელი განაჩენის გაუქმება და მო--------------------–ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, შემდეგ გარემოებათა გამო:
აპელანტს მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გამამართლებელი განაჩენი დაუსაბუთებელია, რადგან საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე ბრალდების მხარემ წარადგინა და გამოიკვლია შესაბამისი მტკიცებულებები, რომლებიც ერთობლიობაში, ყოველგვარი გონივრული ეჭვის გამორიცხვით ადასტურებს ჯა---–-----------------ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ამასთან, მოცემული კატეგორიის საქმეებზე, რომელიც ეხება ოჯახის წევრებს შორის მომხდარ კონფლიქტს, ძალადობას და ა. შ. სასამართლოს მიერ არ უნდა იქნას გაზიარებული ოჯახის წევრების მიერ ჩვენების მიცემაზე უარის თქმა, როგორც ბრალდებულის უდანაშაულობის დამადასტურებელი ფაქტი, ვინაიდან, მსგავსი შემთხვევები წარმოადგენს ოჯახის წევრებისათვის ბუნებრივ ქცევას ერთი მხრივ, ხოლო, მეორე მხრივ, ახალისებს ოჯახში მოძალადე პირების მიერ ქმედების განმეორების ჩადენის ალბათობას.
სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე სახელმწიფო ბრალმდებელმა მხარი დაუჭირა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას.
დაცვის მხარემ პირველი ინსტანციის სასამართლოს გამამართლებელი განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვა.
სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
აპელანტის პოზიციას, რომ ბრალდების მხარის მიერ სასამართლოსათვის წარდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება მო--------------------–ის მიერ ოჯახში ძალადობის ჩადენის ფაქტი, პალატა არ იზიარებს და ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებას, რომ მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც საკმარისი იქნებოდა გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის, ვინაიდან სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით არ იქნა დადგენილი ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მო--------------------–იმ მისი ოჯახის წევრის, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მეუღლის - მა--------–------------იძის მიმართ განახორციელა ძალადობა, კერძოდ:
ბრალდების მხარემ თავისის პოზიციის დასასაბუთებლად სასამართლოს წარუდგინა შემდეგი მტკიცებულებები: დაზარალებულ მა--------–------------იძის და მოწმეების: და-----------–--ის და ლე-----------–---–ის ჩვენებები და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები.
დაზარალებულმა მა--------–------------იძემ სასამართლო სხდომაზე უარი განაცხადა მეუღლის - მო--------------------–ის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე. ბრალდებულმა გამოიყენა დუმილის უფლება, საბოლოო სიტყვაში კი გამორიცხა მის მიერ რაიმე სახის ძალადობა.
აპელანტი აღნიშნავს, რომ ოჯახის წევრის მიერ ჩვენების მიცემაზე უარის თქმა არ უნდა იქნეს შეფასებული, როგორც ბრალდებულის უდანაშაულობის დამადასტურებელი ფაქტი.
აღნიშნულს პალატაც იზიარებს და აღნიშნავს, რომ დაზარალებულის მიერ ჩვენების მიცემაზე უარის თქმა, რა თქმა უნდა ცალსახად არ შეიძლება გახდეს გამამართლებელი განაჩენის დადგენის საფუძველი, თუ პირის ბრალეულობა დასტურდება სასამართლოში გამოკვლეული სხვა მტკიცებულებებით, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია, კერძოდ:
პალატა ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენება. ხოლო, საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად მოწმეს აქვს უფლება არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს. მოწმის გამოკითხვის ოქმის/ჩვენების გამოქვეყნების კანონით გათვალისწინებული საფუძველი არ არსებობს, შესაბამისად, პალატა ვერ დაეყრდნობა მოწმის მიერ გამოძიების ეტაპზე დაფიქსირებულ ფაქტობრივ გარემოებებს.
რაც შეეხება სასამართლო სხდომაზე დაკითხულ ბრალდების მოწმეებს: და-----------–--ეს და ლე-----------–---–ს, ისინი არ არიან ფაქტის უშუალო შემსწრენი, არიან პოლიციის თანამშრომლები, მათ მიერ მიცემული ჩვენებები ძალადობის ფაქტის თაობაზე ეფუძნება დაზარალებულის მონათხრობს და წარმოადგენენ ირიბ ჩვენებებს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის დროს ირიბი ჩვენება დასაშვები მტკიცებულებაა, თუ იგი დასტურდება სხვა ისეთი მტკიცებულებით, რომელიც არ არის ირიბი ჩვენება.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილების თანახმად, მოწმის ირიბი ჩვენება ვერ აკმაყოფილებს უტყუარობის კონსტიტუციურ-სამართლებრივ სტანდარტს, რის გამოც ასეთი ჩვენება საფუძვლად არ უნდა დაედოს გამამტყუნებელ განაჩენს.
აღნიშნულ საქმეზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ ირიბი ჩვენება, ზოგადად, ნაკლებად სანდო მტკიცებულებაა, მისი გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს და, ამდენად, შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით. შესაბამისად, სასამართლომ დაადგინა, რომ სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც შესაძლებელს ხდის ირიბი ჩვენებების საფუძველზე მიღებულ იქნეს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება არ პასუხობს საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილ მტკიცებულებათა უტყუარობის მოთხოვნებს და, შესაბამისად, არაკონსტიტუციურია.
აპელანტი ასევე მიუთითებს, რომ ოჯახში ძალადობისათვის დამახასიათებელია მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში დაზარალებულების მხრიდან მოძალადის წინააღმდეგ ჩვენების არმიცემა, რაც გამოწვეულია სხვადასხვა სუბიექტური თუ ობიექტური გარემოებებით.
პალატა იზიარებს აპელანტის პოზიციას, მაგრამ ითვალისწინებს, რომ „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“, სტამბოლის 2011 წლის 11 მაისის ევროპის საბჭოს კონვენციის 55-ე მუხლის პირველ ნაწილის თანახმად, ფიზიკური ძალადობის დანაშაულის გამოძიება ან სისხლისსამართლებრივი დევნა არ უნდა იყოს მთლიანად დამოკიდებული მსხვერპლის მიერ შეტანილ განცხადებაზე ან საჩივარზე და სასამართლო პროცესი უნდა გაგრძელდეს მაშინაც კი, თუ მსხვერპლი გამოიტანს განცხადებას ან საჩივარს. კონვენციის აღნიშნული დათქმის მიხედვით, როცა მსხვერპლი უხეშად ერევა მართლმსაჯულების განხორციელებაში მისი პოზიციით, არ მისცეს ჩვენება ბრალდებულის წინააღმდეგ, ამის საპირწონედ, უნდა არსებობდეს მკაფიო და წონადი მტკიცებულებები ბრალდებულის ბრალეულობის დასადასტურებლად.
პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის განაჩენის მოსაზრებას, რომ განსახილველ შემთხვევაში, დაზარალებულის ქცევიდან გამომდინარე, /მან სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარებაზე და შემაკავებელი ორდერის გამოცემაზე უარის თქვა/, გამოძიებისათვის თავიდანვე განჭვრეტადი უნდა გამხდარიყო, რომ დაზარალებული არ გეგმავდა სამომავლოდ გამოძიებასთან თანამშრომლობას. ამასთან, საქმის მასალებით დგინდება, რომ მეუღლეებს შორის ინციდენტის გარკვეულ ეპიზოდს ესწრებოდა მა--------–------------იძისა და მო--------------------–ის მენეჯერი სახელად ,,ჰა---ი“, რომლის გამოკითხვა გამოძიების ეტაპზე არ მომხდარა.
პალატა ასევე ითვალისწინებს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის დაცვით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად აუცილებელია, სულ ცოტა, ორი პირდაპირი, კანონიერი გზით მოპოვებული და უტყუარი მტკიცებულების ერთობლიობის არსებობა, რაც ობიექტურ დამკვირვებელს უქმნის საფუძვლიან, დამაჯერებელ რწმენას მათი სანდოობის თაობაზე და, აქედან გამომდინარე, თვით სასამართლო გადაწყვეტილების სამართლიანობაზეც, იმისგან დამოუკიდებლად - მათთან ერთად მოიპოვება თუ არა ირიბი ჩვენებების სახით სხვა მტკიცებულებებიც /იხ. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება N561აპ-15 საქმეზე/.
ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში არ ყოფილა წარდგენილი გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც დაადასტურებდა მო--------------------–ის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტს.
საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების და გამამართლებელი განაჩენის გაუქმების საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ირ---–----------ას სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და საქმის არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 19 სექტემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელად.
მო--------------------–ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 31 მაისის განჩინებით მო--------------------–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმებული. მო--------------------–ი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სხდომის დარბაზიდან.
მო--------------------–ს უფლება აქვს აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გამოტანისთანავე შევიდეს კანონიერ ძალაში.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე მ. ლომთათიძე