განაჩენი

სისხლის სამართლის 17.12.2018
საქმის ნომერი
330100118002579264
ინსტანცია
თარიღი
17.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100118002579264

საქმე №1ბ/1562-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

17 დეკემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე მზია ლომთათიძემ

 

ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ თი-----------------–-ას სააპელაციო საჩივრის საფუძველზე ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:

ნო------------ს მიმართ, დაბადებულის 1--- წლის 28 აგვისტოს, საქართველოს მოქალაქის, პირადი №6----------, ნასამართლობის არ მქონის, რეგისტრირებულის მისამართზე: ქ. ს----------------------------–----------, ფაქტობრივად მცხოვრების: ქ. თ---–---------------–----------------ში, დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 29 ოქტომბრის განაჩენით ნო------------ უდანაშაულოდ იქნა ცნობილი და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

 

ნო------------ს ბრალი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა ოჯახში ძალადობა - ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

2018 წლის 03 ივლისს, დაახლოებით 10 საათსა 30 წუთზე, ქ. თ---–--–------------------–-------------–-----------ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში ნო------------მ ოჯახური ძალადობა განახორციელა დის - თა-----------ს მიმართ, კერძოდ, მარჯვენა ხელის გაშლილი მტევანი რამდენიმეჯერ დაარტყა სახეში, რა დროსაც თა-----------მ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. ნო------------ს ქმედებით თა-----------ს მიადგა ფიზიკური და მორალური ზიანი.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:

ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა ნო------------ს ბრალეულობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორმა თი-----------------–-ამ, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 29 ოქტომბრის გამამართლებელი განაჩენის გაუქმება და ნო------------ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, შემდეგ გარემოებათა გამო:

აპელანტს მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გამამართლებელი განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი, რადგან ნო------------ს მიერ ბრალად წარდგენილი დანაშაულის ჩადენა დასტურდება ერთმანეთთან შეთანხმებული, რელევანტური და უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობით, კერძოდ, საქმის არსებითი განხილვის დროს უდაოდ მიჩნეული მოწმის ჩვენებით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმში არსებული ინფორმაციით, რომლებიც სრულ თანხვედრაშია გამოკითხვის დროს მიწოდებულ ინფორმაციასთან და საქმის მასალებთან, ასევე საქმეზე მოწმის სახით გამოკითხული პირების ჩვენებებთან. აპელანტი მიუთითებს, რომ, საქმის არსებით განხილვაზე, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული უფლება გამოიყენა და მოწმის სახით დაკითხვაზე უარი განაცხადა ბრალდებულის დამ, დაზარალებულმა თა-----------მ, რაც საფუძველი გახდა მოცემულ საქმეზე გამამართებელი განაჩენის გამოტანის. სასამართლომ არ გაითვალისწინა მოწმე ნო--------------–---–ის ჩვენება, რომელმაც აღწერა 2018 წლის 13 ივლისს განვითარებული მოვლენები. კ----ების სახლიდან თა-----------ს ყვირილის ხმაზე ეზოში გამოსულს, ეზოში დახვდა ნამტირალევი თა-----------, რომელმაც უთხრა, რომ ცემა ძმამ ნო------------მ, სთხოვა ტელეფონი და მისი ტელეფონიდან შეატყობინა პოლიციას ძმის მხრიდან განხორციელებული ძალადობის თაობაზე. აპელანტს მიაჩნია, რომ მოსამართლემ არ გაითვალისწინა საქმეში არსებული წერილობითი მტკიცებულებები, დანაშაულის ბუნება, კერძოდ ის გარემობა, რომ ოჯახური დანაშაული, ეს იქნება ოჯახში ძალადობა თუ მუქარა, როგორც წესით ფარულად მიმდინარეობს და უკიდურეს შემთხვევაში მიმართავს დაზარალებული პოლიციას. ასევე არ გაითვალისწინა საქმეში არსებული შემაკავებელი ორდერი და ბრალდებული გაამართლა წარდგენილ ბრალდებაში.

 

გამართლებულ ნო------------ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ზა--–----------ამ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის შესაგებელით მხარი არ დაუჭირა საჩივრის მოთხოვნას და ითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 29 ოქტომბრის განაჩენის უცვლელად დატოვება.

სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

აპელანტის პოზიციას, რომ ბრალდების მხარის მიერ სასამართლოსათვის წარდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება ნო------------ს მიერ ოჯახში ძალადობის ჩადენის ფაქტი, პალატა არ იზიარებს და ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებას, რომ მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც საკმარისი იქნებოდა გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის, ვინაიდან სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით არ იქნა დადგენილი ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ნო------------მ მისი დის - თა-----------ს მიმართ განახორციელა ძალადობა, კერძოდ:

პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითად განხილვის სხდომაზე დაცვის მხარემ, ბრალდების მხარის მტკიცებულებათა ნაწილი უდავოდ გახადა. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის თანახმად აღნიშნული მტკიცებულებები წარმოადგენენ უდავო მტკიცებულებებს და შესაბამისად მათი გამოკვლევა არ მომხდარა.

ამასთან, პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად გამოკვლევის გარეშე მიღებული მტკიცებულებების შეფასება მოხდა საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. უდავოდ ცნობილი მტკიცებულებების ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა უნდა ადასტურებდეს პირის მიერ ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენას, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.

 

დაზარალებულმა თა-----------მ სასამართლო სხდომაზე უარი განაცხადა ძმის - ნო------------ს წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე, ხოლო, ნო------------მ თავი არ სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში.

აპელანტი აღნიშნავს, რომ ოჯახის წევრის მიერ ჩვენების მიცემაზე უარის თქმა გახდა გამამართლებელი განაჩენის დადგენის საფუძველი.

აღნიშნულთან დაკავშირებით, პალატა ითვალისწინებს შემდეგს, დაზარალებულის მიერ ჩვენების მიცემაზე უარის თქმა, რა თქმა უნდა ცალსახად არ შეიძლება გახდეს გამამართლებელი განაჩენის დადგენის საფუძველი, თუ პირის ბრალეულობა დასტურდება სასამართლოში გამოკვლეული სხვა მტკიცებულებებით, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.

ამასთან, პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენება. ხოლო, საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად მოწმეს აქვს უფლება არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს. მოწმის გამოკითხვის ოქმის/ჩვენების გამოქვეყნების კანონით გათვალისწინებული საფუძველი არ არსებობს, შესაბამისად, პალატა ვერ დაეყრდნობა მოწმის მიერ გამოძიების ეტაპზე დაფიქსირებულ ფაქტობრივ გარემოებებს.

აპელანტი ასევე მიუთითებს, რომ ოჯახში ძალადობისათვის დამახასიათებელია მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში დაზარალებულების მხრიდან მოძალადის წინააღმდეგ ჩვენების არმიცემა, რაც გამოწვეულია სხვადასხვა სუბიექტური თუ ობიექტური გარემოებებით.

პალატა იზიარებს აპელანტის პოზიციას, მაგრამ ითვალისწინებს, რომ „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“, სტამბოლის 2011 წლის 11 მაისის ევროპის საბჭოს კონვენციის 55-ე მუხლის პირველ ნაწილის თანახმად, ფიზიკური ძალადობის დანაშაულის გამოძიება ან სისხლისსამართლებრივი დევნა არ უნდა იყოს მთლიანად დამოკიდებული მსხვერპლის მიერ შეტანილ განცხადებაზე ან საჩივარზე და სასამართლო პროცესი უნდა გაგრძელდეს მაშინაც კი, თუ მსხვერპლი გამოიტანს განცხადებას ან საჩივარს. კონვენციის აღნიშნული დათქმის მიხედვით, როცა მსხვერპლი უხეშად ერევა მართლმსაჯულების განხორციელებაში მისი პოზიციით, არ მისცეს ჩვენება ბრალდებულის წინააღმდეგ, ამის საპირწონედ, უნდა არსებობდეს მკაფიო და წონადი მტკიცებულებები ბრალდებულის ბრალეულობის დასადასტურებლად.

 

რაც შეეხება ბრალდების მოწმეების: ნო--------------–---–ის და საპატრულო სამსახურის თანამშრომლების: ნო-----------–--ას და გი--------------–-–---–ის გამოკითხვის ოქმებს, ისინი არ არიან ფაქტის უშუალო შემსწრენი, მათ მიერ მოწოდებული ინფორმაცია დაზარალებულის მონათხრობს ეფუძნება და ძალადობის ფაქტების მიმართ წარმოადგენენ ირიბ ჩვენებებს. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ მოწმე ი------- კ----ას ჩვენებით, რომელიც არის თა-----------ს და ნო------------ს დედა, დადგენილია, რომ კონფლიქტი დაიწყო მასსა და თა-----------ს შორის, რა დროსაც ნო------------ ჩადგა მათ შორის და დაუჭირა ხელი თა-----------ს, რათა ამ უკანასკნელს არ მიეყენებინა ფიზიკური შეურაცხყოფა დედისთვის - ი------- კ----ასათვის.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის დროს ირიბი ჩვენება დასაშვები მტკიცებულებაა, თუ იგი დასტურდება სხვა ისეთი მტკიცებულებით, რომელიც არ არის ირიბი ჩვენება.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილების თანახმად, მოწმის ირიბი ჩვენება ვერ აკმაყოფილებს უტყუარობის კონსტიტუციურ-სამართლებრივ სტანდარტს, რის გამოც ასეთი ჩვენება საფუძვლად არ უნდა დაედოს გამამტყუნებელ განაჩენს.

აღნიშნულ საქმეზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ ირიბი ჩვენება, ზოგადად, ნაკლებად სანდო მტკიცებულებაა, მისი გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს და, ამდენად, შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით. შესაბამისად, სასამართლომ დაადგინა, რომ სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც შესაძლებელს ხდის ირიბი ჩვენებების საფუძველზე მიღებულ იქნეს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება არ პასუხობს საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილ მტკიცებულებათა უტყუარობის მოთხოვნებს და, შესაბამისად, არაკონსტიტუციურია.

 

პალატა ასევე ითვალისწინებს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის დაცვით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად აუცილებელია, სულ ცოტა, ორი პირდაპირი, კანონიერი გზით მოპოვებული და უტყუარი მტკიცებულების ერთობლიობის არსებობა, რაც ობიექტურ დამკვირვებელს უქმნის საფუძვლიან, დამაჯერებელ რწმენას მათი სანდოობის თაობაზე და, აქედან გამომდინარე, თვით სასამართლო გადაწყვეტილების სამართლიანობაზეც, იმისგან დამოუკიდებლად - მათთან ერთად მოიპოვება თუ არა ირიბი ჩვენებების სახით სხვა მტკიცებულებებიც /იხ. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება N561აპ-15 საქმეზე/.

მოცემულ შემთხვევაში კი ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარდგენილი ორი პირდაპირი მტკიცებულება.

პალატა აღნიშნავს, რომ მართალია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა წარმოადგენს პირდაპირ მტკიცებულებას, თუმცა არ შეიცავს ინფორმაციას 2018 წლის 03 ივლისს ნო------------ს მიერ თა-----------ს მიმართ განხორციელებული შესაძლო ძალადობის შესახებ, კერძოდ: სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 12 აგვისტოს N0-------- ექსპერტიზის დასკვნის თანახმად დადგენილია, რომ თა-----------ს პირადი შემოწმებისას /ტანსაცმლის დაუფარავ მიდამოებში/ აღენიშნებოდა დაზიანებები ნაჭდევების და სისხლნაჟღენთების სახით; დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად და ცალ-ცალკე და ერთად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებებში მითითებულ თარიღს.

პალატა არ იზიარებს აპელანტის პოზიციას, რომ შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმში დაზარალებულის მიერ მითითებულ ინფორმაცია პირდაპირი მტკიცებულებაა, ვინაიდან დაზარალებულმა თა-----------მ სასამართლო სხდომაზე უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე ძმის წინააღმდეგ, ხოლო თუ მოწმემ გამოძიებაში მიცემული ინფორმაცია არ დაადასტურა სასამართლო სხდომაზე, ვერცერთი მტკიცებულება, იქნება ეს გამოკითხვის ოქმი, დაზარალებულის შეტყობინება ან შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმში ასახული დაზარალებულის ინფორმაცია, ვერ გამოდგება რაიმე ფაქტის დასადასტურებლად, ვერ იქნება პირდაპირი ხასიათის მტკიცებულება.

რაც შეეხება საქმეში არსებულ სხვა უდავო მტკიცებულებებს, უნდა აღინიშნოს, რომ არცერთი მათგანი საქმისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციას ნო------------ს ბრალეულობასთან დაკავშირებით არ შეიცავს.

ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში არ ყოფილა წარდგენილი გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც დაადასტურებდა ნო------------ს მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტს.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების და გამამართლებელი განაჩენის გაუქმების საფუძველი.

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ თი-----------------–-ას სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და საქმის არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 29 ოქტომბრის განაჩენი დარჩეს უცვლელად.

ნ-------- კ----ა უდანაშაულოდ იქნეს ცნობილი და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

 

ნო------------ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია.

 

გამართლებულს უფლება აქვს მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გამოტანისთანავე შევიდეს კანონიერ ძალაში.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე მ. ლომთათიძე