განაჩენი

სისხლის სამართლის 21.12.2018
საქმის ნომერი
010141318700060654
ინსტანცია
თარიღი
21.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 010141318700060654 -1ბ/1174-17

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

10 დეკემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თავმჯდომარე: გოჩა ჯეირანაშვილი

მოსამართლეები: მაია თეთრაული

მურმან ისაევი

სხდომის მდივანი: გ------- სვანიძე

სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი: რ---------------

 

დაცვის მხარე:

გამართლებული: გ-------------------------–--–------------–----------------–-------–-–----------- საქართველოს მოქალაქე, პი-------------------- ნასამართლობის არმქონე, უმაღლესი განათლების მქონე, დაოჯახებული, მცხოვრები ქ-------–--–----------–-------------------------–--

 

ადვოკატი: ს--–------------–---–-

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი;

 

დისპოზიცია: განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

მხარეთა პოზიცია:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო,წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის სასამართლოს 2017 წლის 9 ნოემბერის განაჩენი, სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის ვ---------------–--ს რაიონული პროკურატურის პროკურორმა ეკ-------------------- და ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და ახალი გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა გი-----------------ს მიმართ.

 

დაცვის მხარემ ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.

 

პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, გ------------------- ბრალი ედებოდათ მასზედ, რომ რომ მან ჩაიდინა:

 

გი------------------ უკანონოდ შეიძინა და ინახავდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 0,221 გრამ ნარკოტიკულ საშუალება „ბუპრენორფინს“, რაც 2017 წლის 8 ივნისს, წ----------------–--–-------------------------------------- მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარებული მისი ზედაპირული შემოწმებისას იქნა წარმოდგენილი. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის საქართველოს სსკ-ის სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით;

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო,წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის სასამართლომ დაადგინა:

 

გამოკვლეული მტკიცებულებებით ვერ იქნა დადგენილი გი-----------------ს მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

სასამართლო სხდომაზე მოწმე გი---------------–--ლმა განმარტა, რომ მუშაობს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვ---------------–--ს მე-7 განყოფილების უბნის ინსპექტრორად. 2017 წლის 8 ივნისს იმყოფებოდა სამსახურში, როდესაც შევიდა ოპერატიული ინფორმაცია, რომ თბილისში, წ----------------–--–-------------------- მიმდებარე ტერიტორიზე უნდა ყოფილიყო ძებნილი გ--------------–---–ი. დავალების თანახმად, უნდა შეემოწმებინათ აღნიშნული კორპუსის გარე პერიმეტრი. მის ჯგუფში შედიოდნენ ი-------–-–--------------------------------–-–-----–---–-----–----------------–---–------------- (გვარი დაავიწყდა). წყნეთის გზადკეცილზე აწარმოებდნენ შემოვლას, როდესაც დაახლოებით 21:00 საათზე, 7-8 მეტრში შენიშნეს ფეხით მოსიარულე პიროვნება, რომელსაც ეტყობოდა, რომ იმყოფებოდა არაფხიზელ მდგომარეობაში და გადაწყვიტეს მისი შემოწმება. მიმართა, რომ იყვნენ პოლიციის თანმაშრომლები და სურდა მისი გადამოწმება. ამის შემდეგ ის გაიქცა მესამე სადარბაზოსკენ, გაეკიდნენ და დააკავეს. დაკავებულმა პირმა უთხრა, რომ იყო 1--- წელს დაბადებული, გ------------------------------------ დარეკა სამმართველოში და გადაამოწმეს აღნიშნული პიროვნება, დადგინდა, რომ იყო გ------------------. შეადგინა ოქმი, დ------–-–-----–---–-ა ჩაუტარა ზედაპირული შემოწმება. თან უთხრა, რომ თუ ჰქონდა რამე კანონსაწინააღმდეგო წარმოედგინა თავისი ნებით. გი------------------ მარჯვენა ხელის კიდურიდან, წარმოადგინა თეთრ ცელოფანში გახვეული, დაფშვნილი 1 ცალი ტაბლეტი, ფხვნილის სახით, ერთ შეკვრად. თანამშრომელმა პოლიეთილენის პაკეტი ჩადო მეორე პოლიეთილენის პაკეტში, შემაოხვია თეთრი ძაფი და დალუქა 27/11/9 ნომრით. უშუალოდ დაილუქა ე-–----------------–---–-- მიერ. ლუქზე ხელი მოაწერა მასში მონაწილე ყველა პირმა, მათ შორის გი------------------. ხოლო, ოქმს ტ--------- ხელი არ მოაწერა და უთხრა, რომ ყველანაირად ენდობოდა პოლიციის თანამშრომლებს, მაგრამ უნდოდა, რომ სასამართლოზე ჰქონოდა იმის თქმის საშუალება, რომ ნარკოტიკული საშუალება ჩაუდეს. ამის შემდეგ გ------------------ დააკავეს ადმინისტრაციული კოდექსის 45-ე მუხლით. ადმინისტრაციული დაკავების ოქმები ავტომანქანაში ჰქონდა, ხოლო დასალუქი ინვენტარი ჰქონდა ბ-----ს (გავრი არ ახსოვს). გი-----------------ს დაკავების ზუსტი ადგილი 3-------------ის სადარბაზოა, სადაც ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა. 3-------------- ჰქონდა ორი შესასვლელი. აღნიშნულ კორპუსს აქვს 4 სადარბაზო. მოწმეს ეცვა უბნის ინსპექტორის უნიფორმა. მაისურს და კეპს ეწერა „შსს“.

 

ამავე განყოფილების ინსპექტორ-გამომძიბელმა გ-------------ემ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ გ------------------- დაუძახა გი---------------–--ლმა, რომ შეჩერებულიყო. მან კი თავი აარიდა და შევიდა სადარბაზოში. დაედევნენ და დააკავეს 3-------------ის მე-3 სადარბაზოში. მე-3 სადარბაზოს აქვს 2 შესასვლელი. ადგილზე 2 ა/მანქანით იყვნენ მისულები, დაახლოებით 21:00 საათზე. სავარაუდოდ ყველას უნიფორმა ეცვა. გ------- ტ--------- მათ უთხრა, რომ მოტოციკლეტით მივიდა და იმიტომაც ეკეთა ხელთათმანი, მაგრამ თვითონ არ უნახავთ. პოლიციის თანამშრომლებს უნიფორმები ეცვათ. დაკავებული პიროვნება გადაამოწმეს და დაგინდა, რომ გ------------------ იყო. გი---------------–--ლმა შეადგინა დაკავების ოქმი. გამართლებულმა თავად წარმოადგინა მარჯვენა ხელის ხელთათმანიდან ნივთიერება, რომელიც იყო ნატეხებისა და ფხვინილის სახით, ერთ პაკეტად. აღნიშნული პაკეტი დალუქეს მე-7 განყოფილების ლუქით, რასაც ხელი მოაწერეს. გი------------------ ხელი არ მოაწერა ადმინისტრაციულ ოქმს, ხოლო პირად საუბრებში განუცხადა, რომ პოლიციის თანმშრომლებისთვის საწინააღმდეგო არაფერი ჰქონდა, საკუთარი თავისთვის უნდა ებრძოლა და იტყოდა, რომ ნარკოტიკული საშუალება ჩაუდეს. ადმინისტრაციული დაკავების ოქმი ჰქონდა გი---------------–--ლს, ლუქი კი- ბ-----ს.

 

მოწმე დ------–-–-----–---–-ა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ მუშაობს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვ---------------–--ს გამომძიებლად. 2017 წლის 8 ივნისს მიიღო დავალება, რომ შეკრებილიყო ჯგუფი, რათა დაეკავებინათ ძებნილი გ--------------–---–ი, რომელიც იმყოფებოდა წყნეთის გზატკეცილის, კ--------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე. გი---------------–--ლმა შეამჩნია პიროვნება, რომელმაც როგორც კი დაინახა უნიფორმაში ჩაცმული პოლიციის თანამშრომლები შევიდა მესამე სადარბაზოში, მაგრამ მომენტალურად შეაჩერეს. უთხრა, რომ გ------------------ იყო. გადაამოწმეს, ეტყობოდა, რომ ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ იყო, მოხდა ადმინისტრაციული წესით მისი დაკავება. კითხეს, კანონსაწინააღმდეგო თუ რამე ჰქონდა წარმოედგინა. მარჯვენა ხელიდან, მუქი ფერის ხელთათმანიდან აბების ნატეხები და ფხვნილი გადასცა, უთხრა, რომ სუბოტექსი იყო, რომელიც დაილუქა მე-7 განყოფილების ლუქით. დაკავების ოქმი შეადგინა გი---------------–--ლმა. გი------------------ ლუქს მოაწერა ხელი, ოქმზე ხელი არ მოუწერია. პირად საუბრებში უთხრა, რომ ვერ აღიარებდა და აპირებდა ბრძოლას თავის გადასარჩენად. დანახვიდან დაკავებამდე პერიოდი შეადგენდა დაახლოებთ წუთ-წუთნახევარს.

 

იგივე ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურეს სასამართლო სხდომაზე მოწმეებმა იო-----–-–-------------–----------------–---–---

 

მოწმე ბ---------------------- სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ მუშაობს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვ---------------–--ს გამომძიებლად. 2017 წლის 8 ივნისს იმყოფებოდა სამსახურში, როდესაც წყნეთის გზადკეცილზე თანამშრომლებთან ერთად წავიდა და დაახლოებით ორ საათში გამოჩნდა გ------------------, რომელიც ჯერ დააკავეს ადმინისტრაციული წესით, ხოლო შემდეგ სისხლის სამართლის წესით. გ------------------ გამოჩნდა მიმდებარედ, სადარბაზოს შესასვლელთან, შედიოდა და ყველამ შენიშნა. გი---------------–--ლმა დაუძახა, გამართლებულმა გამოხედა და აუჩქარა ნაბიჯს. შეყვნენ და როგორც კი შევიდა მე-3 სადარბაზოში დააკავეს. 3-------------- სულ 4 სადარბაზო ჰქონდა. მე-3 სადარბაზოში სამი გზით იყო შესაძლებელი მოხვედრა. ცენტრალური გზიდან შევიდნენ. ბარიერი არის შლაგბაუმი. გ------------------- აშკარად ეტყობოდა, რომ ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ იყო. კონკრეტულად დააკავეს სადარბაზოს შესასვლელში. გი---------------–--ლმა შეადგინა ოქმი. დ------–-–-----–---–-ა ამოიღო ნარკოტიკული საშუალება. გი------------------ თვითონ განმარტა, რომ მისი იყო და პირადი მოხმარებისთვის ჰქონდა. „სუბო არი და ჩემთვის მიდნაო“ უთხრა. ხელთათმანში ჰქონდა ჩადებული და წარმოადგინა თეთრ ცელოფანში გახვეული, როგორც ტაბლეტები დამტვრეული, ზოგი მთელი, ზოგი ნატეხები და ასევე, ფხვნილიც. სულ 1 პაკეტად. ე-–----------------–---–მა დალუქა პარკში ამოღებული ნივთიერება, დალუქვამდე ლუქს ხელი მოაწერა გი------------------, ხოლო ადმინისტრაციული დაკავების ოქმს ხელი არ მოაწერა, და უთხრა, რომ არ მოაწერდა. ადმინისტრაციული დაკავების მერე დააკავეს სისხლის სამართლის წესით, ვინაიდან დანაშაულზე წაასწრეს და არსებობდა მიმალვის საფრთხეც. ჩხრეკის და დაკავების ოქმი მან შეადგინა. დადგენილებაში მიუთითა, რომ პირადი ჩხრეკისას იყო ამოღებული ნარკოტიკული ნივთიერება, რაც შეცდომაა, რადგან გი------------------ ნარკოტიკული საშუალება ადმინისტრაციული დაკავების დროს თავად წარმოადგინა.

 

2017 წლის 8 ივნისის ადმინისტრაციული დაკავების ოქმის თანახმად, დაკავებულმა გი------------------ ნებაყოფლობით წარადგინა მოთეთრო ფერის აბების ნატეხები და ფხვიერი მასა და განმარტა, რომ არის ნარკოტიკული საშუალება, რომელიც უნდოდა პირადი მოხმარებისათვის. ოქმით დადგენილია, რომ გი------------------ უარი განცხადა ხელის მოწერაზე.

 

შსს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვ---------------–----------------–--- პოლიციის მე-7 განყოფილების უფროსის დ---------------ს პატაკით დადგენილია, რომ თანამშრომლებთან ერთად იმყოფებოდა თბილისში, წყნეთის გ-------–--–----- საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარედ ძებნილი პირის აღმოჩენის მიზნით. მისამართზე იმყოფებოდა უცნობი მამაკაცი, რომელსაც ვიზუალურად ეტყობოდა, რომ შესაძლებელია ყოფილიყო ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ, როდესაც მიუახლოვდნენ გადამოწმების მიზნით, უცნობი შეეცადა ადგილი დაეტოვებინა და შევიდა მე-3 სადარბაზოში. ადმინისტრაციული წესით დაკავებულმა გი------------------ პირადი გასინჯვისას მარჯვენა ხელზე არსებული შავი ხელთათმანიდან გამოიღო და ნებაყოფლობით წარადგინა გამჭვირვალე პოლიეთილენის პაკეტში მოთავსებული მოთეთრო ფერის აბების ნატეხები და ფხვიერი მასა, რომელზეც განმარტა, რომ იყო ნარკოტიკული საშუალება და უნდოდა პირადი მოხმარებისათვის.

 

2017 წლის 8 ივნისის ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით დადგენილია, რომ გ------------------ დაკავებული იქნა 2017 წლის 8 ივნისს 21:10 საათზე და გაურკვეველი მოტივით უარი განაცხადა ოქმის ხელმოწერაზე.

 

2017 წლის 9 ივნისის საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს ნარკოლოგიური შემოწმების სამსახურის მე-2 განყოფილების მთავარი ექსპერტ - ექიმ-ნარკოლოგ მ-----------–---–-- დასკვნის თანახმად გ------------------ კლინიკურად არ იმყოფება ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ. გამოკვლევის დაწყების დროა 2017 წლის 9 ივნისის 01:51 საათი, ხოლო კლინ. გამოკვლევის დასრულების დროა 2017 წლის 9 ივნისის 02:25 საათი. ბიო მასალა შემოწმდა: ვერ/არ ჩააბარა.

 

საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ნარკოლოგიური საშუალებებისა და ფარმპრეპარატების ექსპერტიზის ქვეგანყოფილების მთავარ ექსპერტ ი------------სა და ექიმ-ქიმიკოს და ინსტრუმენტალური ანალიზის ქვეგანყოფილების მთავარ ექსპერტ პე------–--–--–---ს 2017 წლის 9 ივნისის სასამართლო ქიმიური ექსპერტიზის N1--------------- დასკვნის თანახმად გი-----------------ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული პოლიეთილენის მილღობილთავიან ნაჭერში 1 ცალად გახვეული თეთრი ფერის ტაბლეტების ნატეხები თეთრი ფერის ფხვნილთან ერთდ, საერთო წონით 11,0667 გრამი, წარმოადგენს ქარხნული დამზადების ნიშნების მქონე ბუპრენორფინის შემცველ ტაბლეტების ნატეხს და ფხვნილს, რომელშიც ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინის საერთო რაოდენობაა - 0,221 გრამი.

 

2017 წლის 9 ივლისის ადგილმდებარეობის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ დათვალიერდა თბილისი, წყნეთის გ-------–--–----- კორპუსის ტერიტორია. კორპუსს აქვს 2 შესასვლელი სამანქანო გზიდან ჩრდილოეთით და დასავლეთის მხრიდან, საიდანაც შესაძლებელია ავტოსადგომზე მოხვედრა. შესასვლელის გავლით ვხვდებით კორპუსის პარკირების ადგილზე, სადაც 4 ადგილას განთავსებულია ვიდეო სამეთვალყურეო კამერები. პარკირების ადგილიდან არის 4 სადარბაზო.

 

მოწმეებმა ნა------------–---–--------------------------- სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ მუშაობენ შსს-ს საექსპერტო კრიმინალისტიკურ განყოფილებაში ექსპერტებად. 2017 წლის 9 ივლისს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვ---------------–--ს მე-7 განყოფილების შეტყობინების შესაბამისად, 2017 წლის 8 ივნისს მომხდარ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის გამო წყნეთის გზატკეცილის N---ში მონაწილეობა მიიღეს ადგილმდებარეობის დათვალიერებაში. ადგილზე დახვდათ გამომძიებელი ბ----- ქურასბედიანი. მათ მიერ გადაღებული იქნა ფოტოები და დაფიქსირდა მიმდებარე ტერიტორიაზე დამონტაჟებული კამერების ადგილმდებარეობა.

 

დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილმა მოწმე ლ-–-----------–--ემ განმარტა, რომ არის სს „საქართველოს ბანკის“ სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი. სს „საქართველოს ბანკში“ შევიდა მოსამართლის ბრძანება, ადვოკატ ლ----–---–---ის მომართვით, მოთხოვნილი იყო წყნეთის გზატკეცილზე მდებარე სს „საქართველოს ბანკის“ საკრედიტო ოფისის გარე ხედვის კამერების ვიდეოჩანაწერი, კონკრეტულ მონაკვეთში. ვიდეო ჩანაწერი არის საკრედიტო ოფისის გარე ხედვის კამერები, რომლებიც საკრედიტო ოფისის მთლიან პერიმეტრს აკონტროლებს, უყურებს კორპუსის მთლიან პერიმეტრს. აღნიშნული ვიდეო კამერებინ ინფორმაციას აფიქსირებს და იწერს ლაივ რეჟიმში, რაც შეეხება წუნს, ზოგადად შეიძლება ჰქონდეს ტექნიკას რაიმე წუნი, მონტაჟი, დამახინჯება ინფორმაციის, წაშლა, ჩამოჭრა ან დამატება გამორიცხულია. აღნიშნული კამერები, ასევე სს „საქართველოს ბანკის“ სხვა კამერებიც არის სენსორული მართვის, რაც გულისხმობს, რომ იღებენ მხოლოდ აქტიურ მოძრაობას. დროის ცდომილება ზოგადად აქვს კამერებს.

 

დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილმა მოწმე გ--------------–---–მა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ გ-------------------თან აქვს მეგობრული ურთიერთობა. 2017 წლის 8 ივნისს იმყოფებოდა მეგობარ გ----------–--–---–-- სახლში, წყნეთის გ-------–--–------ში, მესამე სადარბაზოში. დაახლოებით 19:15 საათზე ესაუბრა გ------------------- და შეთანხმდნენ, რომ ეს უკანასკნელიც მივიდოდა. დაახლოებით 10 წუთში გაისმა კარზე კაკუნი, შევიდნენ პოლიციის თანამშრომლები და დააკავეს. მათ დაურეკეს ბინის მეპატრონე გ------- ბ-–--–---–ს და თხოვეს მისულიყო. პარალელურად ჩხრეკდნენ სახლს. დაკავებიდან დაახლოებით 30-40 წუთში, კარებზე დააკაკუნა და შეაღო გი------------------, კარი იყო მიხურული, პოლიციელები გადიოდნენ და შედიოდნენ სახლში. ორი პოლიციელი მივიდა გ-------------------თან და ცდილობდნენ სახლში არ შეეშვათ. ეს უკანასკნელი კითხულობდა თუ რა ხდებოდა და ითხოვდა შეშვებას. გ--------------–---–მა უთხრა, რომ დააკავეს და სახლს ჩხრეკდნენ. პოლიციელები აგრესიულად იქცეოდნენ, მათ (4-5 პოლიციელმა) გ------------------ დააწვინეს ძირს, დაადეს ხელბორკილი და დააკავეს წინააღმდეგობის გაწევის გამო, ის სახლში არ შეუყვანიათ და დააკავეს სადარბაზოში. ქვემოდან დაახლოებით 3 თანამშრომელი ავიდა და წაიყვანეს. სახლი არის სტუდიოს ტიპის, რის გამოც მისაღები ოთახიდან სადაც იმ დროისთვის იჯდა გ--------------–---–ი ხედავდა სადარბაზოში მიმდინარე მოვლენებს. შემდეგ შეიტანეს ნივთები - ხელთათმანები, მოტოციკლის ჩაფხუტი, რაც თავზე ეხურა გ-------------------. შემდეგ როდესაც განყოფილებაში გადაიყვანეს ნახა გ------------------, რომელმაც უთხრა, რომ ადმინისტრაციულ ჯარიმას უწერდნენ. გ------------------- სთხოვდნენ რაღაცაზე ხელის მოწერას. კორპუსის მე-3 სადარბაზოში შესაძლებელია მოხვდე 2 გზით, კერძოდ 1 ავტო სადგომიდან მე-2 გარეთა მხრიდან, არის ასევე, სადგომიდან გამოსასვლელი, საიდანაც არ შედიან, თუმცა ეს შესაძლებელია.

 

მოწმე გ----------–--–---–-- სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ გ------------------ ახლო მეგობარია. 2017 წლის 8 ივნისს დაახლოებით 19:00 საათამდე ესაუბრა მას, რომ უნდოდა მასთან მისვლას. გ------------------- უთხრა, რომ გ--------------–---–ი იმყოფებოდა მასთან სახლში და მისულიყო მოწმის მისვლამდე. დაახლოებით 20:00 საათამდე დაურეკეს და უთხრეს, რომ ვ---------------–--ს პოლიციიდან იმყოფებოდნენ მის სახლში და მისულიყო. მოწმემ ჯერ დაურეკა გ--------------–---–ს, თუმცა არ უპასუხა, ამიტომ დაურეკა გ------------------- და უთხრა მალე მისულიყო, რადგან თავად დიღმის ტერიტორიიდან მიდიოდა და აგვიანდებოდა. დაახლოებით 20:00 საათზე მივიდა სახლში, ეზოში პოლიციის ფორმაში ჩასული ადამიანები არ დაუნახავს, ავტოფარეხიდან მის სადარბაზოსთან დაინახა გი-----------------ს მოტოციკლეტი. სახლში შესვლისას დაინახა ბორკილებდადებული გ--------------–---–ი, მის კითხვაზე ამ უკანასკნელმა უთხრა, რომ გ------------------ დააკავეს და წაიყვანეს. სახლის გაჩხრეკის შემდეგ თავად მოწმეც წაიყვანეს განყოფილებაში და დააკავეს, რადგან ჩხრეკის შედეგად ამოიღეს მცენარე - მარიხუანა. პოლიციაში დაინახა გ------------------, ხოლო გ--------------–---–ი ყავდათ ცალკე ოთახში. გ------------------- სთხოვდნენ საბუთებზე ხელის მოწერას, რაზეც ის უარს ამბობდა და იძახდა, რომ მისი არ იყო. საბოლოოდ ხელი მოაწერა მისი ნივთების ჩამონათვალს, ნივთები დაილუქა.

 

გი------------------ არ აღიარა ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა და მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ გ--------------–---–თან და გ------- ბ-–--–---–თან მეგობრობს. 2017 წლის 8 ივნისს დაახლოებით 19:00 საათზე ესაუბრა გ------- ბ-–--–---–ს და გადაწყვიტა მასთან მისვლა. რადგან გ------- ბ-–--–---–ი 19:00 საათზე ამთავრებდა სამსახურს, შეყოვნდა და 5-10 წუთში დაიძრა მისი სახლის მიმართულებით. მან დაურეკა ასევე გ--------------–---–ს და გადაამოწმა იმყოფებოდა თუ არა გ----------–--–---–-- საცხოვრებელ სახლში, როგორც ეს გ--------------–---–მა უთხრა. გზაში ყოფნისას დაურეკა გ----------–--–---–-- და უთხრა, რომ სახლში პოლიცია იყო და კითხა რამდენ ხანში შეძლებდა მისვლას. დაახლოებით 20:00 საათზე მივიდა კორპუსთან, მე-3 სადარბაზოსთან ჩაუხვია ავტოსადგომისკენ, დაინახა ,,შკოდის“ და ,,ტოიოტას“ ფირმის დაბურული შუშებით ავტომობილები, ფორმაში ჩაცმული თანამშრომლები არ დაუნახავს. ლიფტით ავიდა მე-6 სართულზე, სახლიდან გამოდიოდა რამდენიმე ადამიანის საუბრის ხმა, მიხურული კარების შეღებისას მისაღებში დაინახა დივანი, რომელზეც იჯდა გ--------------–---–ი და პოლიციის თანამშრომლები. კარების შეღებისთანავე მას შესასვლელში მყოფმა პოლიციის თანამშრომლებმა ჰკითხეს ვინ იყო და არ მისცეს საშუალება ბოლომდე შეეღო კარი და შესულიყო. სახლში იმყოფებოდა ბევრი პოლიციის თანამშრომელი, მათ შორის ფორმა არავის ეცვა. მან აუხსნა, რომ იყო ოჯახის ახლობელი და პატრონიც მალე მივიდოდა. დაახლოებით ხუთმა პოლიციის თანამშრომელმა ძირს დააგდეს და დაიჭირეს, მას ჩაფხუტი ეხურა, რომელსაც ხსნიდნენ შესაკრავის გახსნის გარეშე, რის გამოც ცდილობდა ხელის გათავისუფლებას. შემდეგ ქვემოდან შეემატათ სხვა პოლიციის თანამშრომლები, სამმა პოლიციელმა ჩასვა ავტომანქანაში და წაიყვანეს გაგარინის მე-7 განყოფილებაში, სადაც მიიყვანეს გ------- ბ-–--–---–იც, ხოლო გ--------------–---–ი ყავდათ სხვა ოთახში. უთრეს, რომ წინააღმდეგობის გამო დაკავებული იყო, თუმცა დოკუმენტი, რომელზეც ხელი უნდა მოეწერა, ეწერა, რომ ამოღებული იყო ნივთიერება, რის გამოც არ მოაწერა ხელი. ეუბნებოდნენ, რომ მოეწერა, რომ ეს იყო რასაც ედავებოდნენ და მას შეეძლო თავის სიმართლე დაედასტურებინა. ხელი მოაწერა მხოლოდ მისი ნივთების - ჩაფხუტის, ტელეფონის და სხვა პირადი ნივთების ჩამონათვალზე. ოქმი შედგა განყოფილებაში. მოწმემ დაადასტურა, რომ ჩაფხუტი და ხელთათმანი გახადეს სადარბაზოში დაკავებისას.

 

სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული იქნა დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულება, კერძოდ სს ,,საქართველოს ბანკიდან“ მიწოდებული სათვალთვალო კამერების ჩანაწერები და ფოტოსურათები. ასევე შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, კერძოდ 2017 წლის 15 ივნისის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, თბილისში, წყნეთის გ-------–--–------ე კორპუსის პირველი სართულის გარე პერიმეტრზე განთავსებულია 4 ცალი ვიდეო კამერა, რომლებიც უყურებენ N3 სადარბაზოს მიმდებარე ტერიტორიას, ხოლო კორპუსის პირველ სართულზე განთავსებულია სს ,,საქართველოს ბანკის“ ოფისი.

 

2017 წლის 9 ივლისის სს ,,საქართველოს ბანკიდან“ გამოთხოვილი ვიდეო-ჩანაწერების დათვალიერების ოქმის თანახმად დათვალიერდა სს ,,საქართველოს ბანკიდან“ გამოთხოვილი დისკი, სადაც ასახულია თბილისში, წყნეთის გ-------–--–------ში განთავსებული საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარე ტერიტორია 2017 წლის 8 ივნისის მდგომარეობით, დროის მონაკვეთი - 20:30-21:50 საათის შუალედი. კადრში ჩანს კორპუსის მე-3 სადარბაზოს მიმდებარე ტერიტორია, ვიდეო ჩანაწერის მიმდინარეობისას შეინიშნება სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულ პირთა მშვიდი გადაადგილება, ასევე ავტომანქანებისა და ველოსიპედით მოძრავ ბავშვთა მოძრაობა.

 

საპროცესო ნორმათა დაცულობა.

 

სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. გამამართლებელ განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლო განაჩენის დადგენისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციითა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღრული ძირითადი პრინციპებითა და ნორმებით.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის/მსჯავრდებულის სასარგებლოდ.

 

სასამართლო ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას. კერძოდ, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ. ამავე კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის თანახმად, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტია - სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს პირის ბრალეულობას.

 

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY განმარტა შემდეგი: წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან.

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილებაში №1/1/548 - ,,საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ‘‘ განმარტა, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი თამაშობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს სისხლის სამართლის პროცესში. იგი უზრუნველყოფს უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის დაცვას, არსებითად ამცირებს უსამართლო და დაუსაბუთებელი გამამტყუნებელი განაჩენის საფრთხეს, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ხელს უწყობს შეცდომის დაშვების საფრთხის თავიდან აცილებას. მსჯავრდების შემთხვევაში შეზღუდვას ექვემდებარება პირის თავისუფლება, ასევე, ხდება მისი პიროვნების სტიგმატიზაცია. ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში. ასევე, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება.

 

სასამართლო აღნიშნავს, იმისათვის, რომ წარდგენილი ბრალდებით პირის მსჯავრდება მოხდეს, უნდა არსებობდეს შეთანხმებული და უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლითაც დადგინდება ჯერ ფაქტის არსებობა და შემდეგ - ბრალდებულის დანაშაულებრივი კავშირი ფაქტთან და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება ქმედების სამართლებრივი შეფასება.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-4 მუხლის თანახმად, არავინ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. იგივე შინაარსს შეიცავს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილი და 33-ე მუხლის 1-ლი ნაწილი, რომელთა თანახმად, ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს - პროკურორს.

 

აღსანიშნავია, ასევე, რომ ბრალდების მტკიცების ტვირთის პროკურორის მოვალეობად გამოცხადება, ისევე, როგორც ეჭვის ბრალდებულის სასარგებლოდ გადაწყვეტა, არის არა მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციითა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით აღიარებული დებულება, არამედ - ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით აღიარებული პრინციპი, რომელსაც განუხრელად იცავს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო (იხ. გადაწყვეტილებები საქმეებზე: Barberа, Messeguй and Jabardo v. Spain; Lavents v. Latvia; Melich and Beck v. the Czech Republic).

 

განსახილველ შემთხვევასთან დაკავშირებით რელევანტური სამართლებრივი ნორმების მოყვანის შემდეგ უნდა მოხდეს მათი მისადაგება იმ მტკიცებულებებთან, რომლებიც პროკურორმა წარმოადგინა გი-----------------ს მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედებების დასადასტურებლად.

 

პალატა აღნიშნავს, რომ სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებისა და ანალიზის საფუძველზე უტყუარად ვერ იქნა დადგენილი გი-----------------ს მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკუილი საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა.

 

სააპელაციო საჩივარში ბრალდების მხარის მოსაზრებით პირველი ინსტანციის სასამართლომ ყურადღება არ გაამახვილა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ ექვსი პოლიციის თანამშრომელის ჩვენებაზე და მხოლოდ დაცვის მხარის მიერ წარმდგენილი მოწმეთა ჩვენებები გაითვალისწინა, მაშინ როდესაც მთავარი მოწმე არის კანონთან კონფლიქტში მყოფი.

 

პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ გაითვალისწინა როგორც ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მოწმეთა ჩვენებები ასევე, დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულები და სწორედ მათი შეფასების საფუძველზე გამოიტანა გადაწყვეტილება. არასწორია ბრალდების მხარის მიერ ყურადღების გამახვილება იმ მოწმეზე რომელიც არის კანონთან კონფლიქტში მყოფი, ვინაიდან საქართველოს სსკ-ის 115-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ნასამართლობის შესახებ შეკითხვა მოწმეს შეიძლება დაესვას, თუ ის საჭიროა მოწმის სანდოობის დადგენისათვის. შესაბამისად თუკი არ არსებობს მოწმის სანდოოობის დადგენის აუცილებლობა მის ნასამართლობაზე საკითხი არ უნდს დაისვას, ვინაიდან მოწმე იკითხება საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით და არა მოწმის კანონთან მიმართებაში კონფლიქტის საკითხზე. შესაბამისად, იმის გამო, რომ მოწმე არის ბრალდებული სხვა სისხლის სამართლის საქმეზე არანაირი კავშირი არ აქვს მოცემულ საქმეზე და მხოლოდ ამ მიზნით არ შეიძლება უარვყოთ მოწმის ჩვენება, მით უმეტეს, რომ ბრალდების მხარე თავად ხშირად წარუდგენს სასამართლოს სხვა საქმეზე დაკავებულ პირებს მოწმის სახით.

 

გი-----------------ს ბრალეულობის დასადასტურებლად ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი იქნა მხოლოდ ექვსი პოლიციის თანამშრომლის ჩვენება. გარდა აღნიშნულისა, საქმეში არ მოიპოვება რაიმე სხვა პირდაპირი მტკიცებულება, არათუ მათი ერთობლიობა, რომლებიც მიუთითებდა, რომ გი------------------ უკანონოდ შეიძინა და შეინახა განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 0,221 გრამ ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინი.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ამბობს, რომ პოლიციის თანამშრომლების ჩვენებებს მცირე მტკიცებითი ძალა აქვს, თუ ისინი არ არის გამყარებული სხვა მტკიცებულებებით ((Ochelkov v. Russia), განაცხადი no. 17828/05, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2013 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილების პუნქტი 90).

 

ბრალდების მხარე ყურადღებას ამახვილებს გი-----------------ს დაკავების ადგილზე და აცხადებს, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენილი იქნა პოლიციის თანამშრომლები, რომელბმაც დაადასტურეს, რომ გ------------------ დააკავეს 3-------------ის მე-3 სადარბაზოსთან. პალატა აღნიშნულთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ მართალია პოლიციის თანამშრომლები ადასტურებენ, რომ მათ შენიშნეს გ------------------ 3-------------თან, სთხოვეს შეჩერებულიყო, ის არ დაემორჩილა და შევიდა მე-3 სადარბაზოში, სადაც მოხდა კიდეც მისი დაკავება. აღნიშნულის საპირწონედ დაცვის მხარემ წარმოადგინა მოწმე გ--------------–---–ი, რომელმაც დაადასტურა, რომ გ------------------, მე-6 სართულზე მდებარე ბინის კარების შეღებისას დააკავეს. ხოლო, შემთხვევის ადგილას მოგვიანებით მისულმა მოწმე გ----------–--–---–-- თავის მხრივ დაადასტურა, რომ როდესაც დაურეკეს და სთხოვეს სახლში მისვლა პოლიციის თანამშრომლებმა, დაურეკა გ------------------- და სთხოვა მალე მისულიყო სახლში, ვინაიდან იქ იყვნენ პოლიციელები და აპირებდნენ ბინის ჩხრეკას. აღნიშნული მტკიცებულებებიდან გამომდინარე ლოგიკასაა მოკლებული ის ფაქტი, რომ ყოველივე ამის შემდეგ ნარკოტიკული საშულებით მისულიყო გ------------------ აღნიშნულ ბინაში. მით უმეტეს, როდესაც პოლიციის თანამშრომლები აცხადებენ, რომ მათ შენიშნეს პიროვნება (გ------------------), რომელსაც ეტყობოდა, რომ იმყოფებოდა ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ, როდესაც 2017 წლის 9 ივნისის საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს ნარკოლოგიური შემოწმების სამსახურის მე-2 განყოფილების მთავარი ექსპერტ - ექიმ-ნარკოლოგის დასკვნის თანახმად 2017 წლის 9 ივნისის 02:25 საათზე (კლინ. გამოკვლევის დასრულების დრო) გ------------------ კლინიკურად არ იმყოფება ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ, მაშინ როცა ის დაკავებული იქნა 2017 წლის 8 ივნისს 21:10 საათზე. შესაბამისად, სასამართლო ვერ გაიზიარებს პოლიციის თანამშრომელთა იმ ჩვენებას, რომლის მიხედვითაც მათ მიერ გი-----------------ს დაკავების საფუძვლად დაუდეს ის რომ, გამართლებულს ეტყობოდა ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედება და მით უმეტეს პოლიციელთა ჩვენების მიხედვით გი------------------ მათ განუცხადა, რომ იმყოფებოდა ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ, მაშინ როდესაც დაკავებიდან რამდენიმე საათში (5 სააათსა და 15 წუთში) შემოწმებულ იქნა და ექსპერტიზის დასკვნის თანახმად არ იმყოფებოდა ნარკოტიკული საშალების ზემოქმედების ქვეშ. ასევე, მეტად საეჭვოა პოლიციელთა ჩვენების ის ნაწილი, როდესაც აცხადებენ, რომ გი------------------ ხელთათმანიდან ამოიღო ნარკოტიკული საშუალება და გადასცა მათ, ხოლო ყოველივე ამის (აღიარებისა და ნარკოტიკული საშუალების) გადაცემის შემდგომ გი------------------ არ მოაწერა ხელი ოქმს და პოლიციის თანამშრომლებს პირად საუბარში განუცხადა, რომ ხელს არ მოაწერდა ოქმს, ვინაიდან სასამართლოში იტყოდა, რომ აღნიშნული ნივთიერება მას ჩაუდეს. გარდა ამისა, ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია სასამართლოსთვის ბიოლოგიური (გენეტიკური) და დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნები, რომელიც დაადასტურებდა, ნარკოტიკული საშუალების კუთვნილებას. ხოლო, ყოველგვარი ეჭვი რომელიც ვერ დასტურდება უნდა გადაწყდეს ბრალდებულის/მსჯავრდებულის სასარგებლოდ.

 

ბრალდების მხარის მიერ ასევე სასამართლოში გარდა პოლიციის თანამშრომელთა ჩვენებებისა არ იქნა წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა გი-----------------ს დაკავების ფაქტს მე-3 სადარბაზოს შესასვლელში.

 

სასამართლო ასევე ყურადღებას გაამახვილებს დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილ სს „საქართველოს ბანკიდან“ ამოღებულ ვიდეო ჩანაწერზე, რომელიც უყურებს 3-------------ის მე-3 სადარბაზოს. ჩანაწერში ასევე ნათლად ჩანს, რომ გადაადგილდებიან სამოქალაქო ტანისამოსით მოქალაქეები, რაც ასევე კიდევ ერთხელ აყენებს ეჭვქვეშ პოლიციის თანამშრომელთა ჩვენებებს, რომ ისინი იმყოფებოდნენ პოლიციის უნიფორმით.

 

იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდებულის დაკავების ოქმის თანახმად გ------------------ დაკავებული იქნა 2017 წლის 8 ივნისის 21:10 საათზე, დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილ ვიდეო ჩანაწერი რომელიც მოიცავს 2017 წლის 8 ივნისის - 20:30-21:50 საათის მონაკვეთს და კამერა აფიქსირებს იმ ადგილს სადაც პოლიციელთა განმარტებით დააკავეს გ------------------, ცხადია კადრში უნდა ფიქსირდებოდეს დაკავების პროცესი, დროის მცირედი ცდომილების დაშვების გათვალისწინებით, ამ პირობებში კი იბადება ეჭვი ბრალდებულის დაკავების კონკრეტულ ადგილთან და შესაბამისად თანმდევ შედეგებთან დაკავშირებით. აქვე, აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ პოლიციელთა განმარტებით ისინი 2-3 საათით ადრე მივიდნენ კორპუსთან და ტრიალებდნენ მე-3 სადარბაზოსთან, რადგან ინფორმაციის თანახმად ძებნილი სწორედ იქ იმყოფებოდა, რაც ასევე არ ფიქსირდება.

 

ამდენად, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად ვერ იქნა დადასტურებული გი-----------------ს მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკუილი საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, განაჩენი კანონიერია, თუ გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციისა და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით. იმავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, განაჩენი დასაბუთებულია, თუ ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს. ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

 

სასამართლო სხდომაზე, მხარეთა მონაწილეობით, გამოკვლეული მტკიცებულებების სისხლის სამართლის საქმესთან რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის შეფასების საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ გ------------------ უდანაშაულოდ უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში, ვინაიდან ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი აშკარა, დამაჯერებელი და ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა გი-----------------ს მიმართ წარდგენილ ზემოაღნიშნულ ბრალდებებს.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 9 ნოემბერის განაჩენი, გი-----------------ს მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული. შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის მოთხოვნები არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.

 

ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხის გადაწყვეტა:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ა‘‘ ქვეპუნქტის თანახმად, თუ დანაშაულის იარაღს ან საგანს ღირებულება არა აქვს, იგი ნადგურდება, ხოლო თუ მას აქვს რაიმე ღირებულება, ხდება მისი საპროცესო კონფისკაცია. ამავე მუხლის ,,გ‘‘ ქვეპუნქტის მიხედვით, სხვა ნივთი, რომელსაც ღირებულება არა აქვს, დაინტერესებული პირის ან ადმინისტრაციული ორგანოს შუამდგომლობით მას გადაეცემა, ხოლო თუ ასეთი პირი ან ორგანო არ აღმოჩნდა – ნადგურდება. ამავე მუხლის ,,ე‘‘ ქვეპუნქტის თანახმად, დაზარალებულის, გამართლებულის ან სხვა პირის კუთვნილი ყველა ნივთი და დოკუმენტი, ბრალდებულისა და იმ პირის გარდა, რომელსაც მათზე ქონებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება, უბრუნდება მესაკუთრეს ან მფლობელს.

 

ზემოაღნიშნული მუხლის შესაბამისად, ნივთიერი მტკიცებულებების სახით არსებული ადგილმდებარეობის დათვალიერების ფოტოების ამსახველი 1 ცალი დისკი, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ შენახულ იქნას საქმის შენახვის ვადით, კვლევის შედეგად დარჩენილი აბის ნატეხები ფხვნილთან ერთად, რომელიც ინახება შსს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვ---------------–----------------–--- მე-7 განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს, ხოლო 2 ცალი ხელთათმანი, შავი ფერის საათი, 2 ცალი გასაღები საკიდთან ერთად, რომელიც ასევე ინახება შსს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვ---------------–-- სამმართველოს მე-7 განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს;

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ქ. თბილისის ვ---------------–--ს რაიონული პროკურატურის პროკურორის ე--------------------ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის სასამართლოს 2017 წლის 9 ნოემბერის განაჩენი დარჩეს უცვლელი.

 

გ------------------ უდანაშაულოდ იქნეს ცნობილი საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს;

 

გი-----------------ს მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია;

 

გამართლებულს განემარტოს, რომ უფლება აქვს, აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი;

 

ნივთიერი მტკიცებულებები: ადგილმდებარეობის დათვალიერების ფოტოების ამსახველი 1 ცალი დისკი, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ შენახულ იქნას საქმის შენახვის ვადით, კვლევის შედეგად დარჩენილი აბის ნატეხები ფხვნილთან ერთად, რომელიც ინახება შსს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვ---------------–----------------–--- მე-7 განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს, ხოლო 2 ცალი ხელთათმანი, შავი ფერის საათი, 2 ცალი გასაღები საკიდთან ერთად, რომელიც ასევე ინახება შსს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვ---------------–-- სამმართველოს მე-7 განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს;

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდეს გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე: გ. ჯეირანაშვილი

 

მოსამართლეები: მ. თეთრაული

 

მ. ისაევი