განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №330310017001931386 (3ბ/26-18)
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
11 ოქტომბერი, 2018 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე - მერაბ ლომიძე
მოსამართლეები - თეა ძიმისტარაშვილი
მირანდა ერემაძე
სხდომის მდივანი - თეა გობეჯიშვილი
აპელანტი (მოსარჩელე) - სს ,,თ----- ბ---ი“
წარმომადგენელი - შ---–-------------–---–ი
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
წარმომადგენელი - ო-------------–--ე
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე)- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო
წარმომადგენელი - ა--------------ი
დავის საგანი - ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტების აქტების ბათილად ცნობა, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სს ,,თ----- ბ---ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.1. საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2016 წლის 10 სექტემბერს სს ,,პ--------- ბ---სა“ და სს ,,თ----- ბ---ს“ შორის გაფორმდა მოთხოვნის უფლების დათმობის ხელშეკრულება, რომლითაც სს ,,თ----- ბ---ს“ დაეთმო და გადაეცა დავალიანებასთან, სესხის ხელშეკრულებებთან, მორიგების ხელშეკრულებებთან და უზრუნველყოფასთან დაკავშირებული ყველა სამართლებრივი და ბენეფიციური უფლება, საკუთრების უფლება, მოთხოვნა და ინტერესი. იმავე ხელშეკრულების 1.1. მუხლის თანახმად, სესხის, მორიგების და უზრუნველყოფის ხელშეკრულებების უზრუნველყოფის საგანს წარმოადგენდა უძრავი და/ან მოძრავი, ან/და სხვა ქონება, რომელიც დატვირთული იყო გადამცემის სასარგებლოდ, უზრუნველყოფის ხელშეკრულებების შესაბამისად. უზრუნველყოფა გულისხმობდა ყველა იპოთეკას, გირავნობას, თავდებობას და სხვა უზრუნველყოფას წარმოშობილი უზრუნველყოფის ხელშეკრულებების შესაბამისად და მათთან დაკავშირებულ ყველა უფლებას. გადაცემული უფლების მარეგისტრირებელ ორგანოდ საჯარო რეესტრის გარდა მიჩნეულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო.
2.2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ 2016 წლის 28 ნოემბერს გამოსცა M---------------- ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი სს ,,თ----- ბ---ის“ მიერ 2016 წლის 10 ნოემბერს წარდგენილ მოთხოვნის უფლების დათმობის ხელშეკრულების რეგისტრაციასთან დაკავშირებით. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს 2016 წლის 28 ნოემბრის M---------------- ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით სს ,,თ----- ბ---ის“ მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. სს ,,თ----- ბ---ის“ სახელზე განხორციელდა მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების გირავნობის რეგისტრაცია, თუმცა გარკვეული ავტომობილების რეგისტრაცია შეუძლებელი გახდა. განმცხადებელს განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 180-ე მუხლის შესაბამისად ამ აქტის ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში გასაჩივრების წესსა და ვადაზე. ხსენებული აქტი სს ,,თ----- ბ---ს“ ჩაჰბარდა 2016 წლის 29 ნოემბერს.
2.3. სს ,,თ----- ბ---მა“ 2016 წლის 13 დეკემბერს N3------ განცხადებით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს და მოითხოვა 2016 წლის 10 სექტემბრის მოთხოვნის უფლების დათმობის ხელშეკრულების საფუძველზე გადაცემული გირავნობის საგნებზე - მის მიერ მითითებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე გირავნობის უფლების რეგისტრაცია. განცხადების პასუხად, სააგენტოს 2016 წლის 26 დეკემბრის M------- 0------- ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით სს ,,თ----- ბ---ის“ მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. სს ,,თ----- ბ---ის“ სახელზე განხორციელდა მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების გირავნობის რეგისტრაცია, თუმცა გარკვეული ავტომობილების რეგისტრაცია კვლავ შეუძლებელი გახდა. განმცხადებელს განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 180-ე მუხლის შესაბამისად ამ აქტის ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში გასაჩივრების წესსა და ვადაზე.
2.4. 2017 წლის 20 იანვარს (რეგისტრირებული 23.01.2017წ. N1-----) განცხადებით მიმართა სს ,,თ----- ბ---მა“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს და მოითხოვა მის მიერ მითითებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე რეგისტრირებულ გირავნობის უფლებაში ცვლილების შეტანა და სს ,,პ--------- ბ---ის“ ნაცვლად მოგირავნედ სს ,,თ----- ბ---ის“ ასახვა. სააგენტომ წარდგენილი განცხადება მიიჩნია ადმინისტრაციულ საჩივრად და 2017 წლის 25 იანვრის M------- 0------- წერილში მიუთითა, რომ აღნიშნულით გასაჩივრებულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს 2016 წლის 28 ნოემბრის M--------- 0------- და 2016 წლის 26 დეკემბრის M--------- 0------- ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტები. ადმინისტრაციულმა ორგანომ განმარტა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 180-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული საჩივარი წარდგენილი უნდა იყოს გამოქვეყნების ან ოფიციალური წესით გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში, თუ კანონით სხვა რამ არ იყო დადგენილი. ამასთან, სააგენტოს 2016 წლის 28 ნოემბრის M---------------- ადმინისტრაციული - სამართლებრივ აქტზე საჩივარი წარდგენილია გასაჩივრების ვადის დარღვევით - 2017 წლის 23 იანვარს, რის გამოც არსებობდა ხსენებული აქტის ამავე კოდექსის 182-ე მუხლის ,,ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად განუხილველად დატოვების საფუძველი. სს ,,თ----- ბ---ს“ მიეთითა საკითხზე მოსაზრების წარდგენის შესაძლებლობაზე.
2.5. ხსენებული განცხადების პასუხად, 2017 წლის 03 თებერვლის განცხადებაში სს ,,თ----- ბ---მა“ მიუთითა, რომ არ არსებობდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლიდან გამომდინარე ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარის თქმის საფუძველი. მოითხოვა 2017 წლის 23 იანვრის განცხადების განხილვა, კერძოდ, რეგისტრირებულ გირავნობის უფლებაში ცვლილების შეტანა და მის მიერ მითითებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე რეგისტრირებულ გირავნობის უფლებაში ცვლილების შეტანა, სს ,,პ--------- ბ---ის“ ნაცვლად სს ,,თ----- ბ---ის“ ასახვა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ 2017 წლის 08 თებერვლის M------- 0------- ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით სს ,,თ----- ბ---ს“ მიეთითა, რომ 2017 წლის 25 იანვრის M------- 0------- წერილით სააგენტოს 2016 წლის 28 ნოემბრის M---------------- აქტზე ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი ვადის გაშვებასთან დაკავშირებით ეთხოვა მოსაზრების წარდგენა, რაც ვერ უზრუნველყო. ამავე აქტით, 2017 წლის 20 იანვრის (რეგისტრირებული 23.01.2017წ. N1-----) ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარი ეთქვა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 182-ე მუხლის ,,ზ“ ქვეპუნქტის თანახმად.
2.6. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 17 თებერვლის M------- 0------- გადაწყვეტილებით ძალაში დარჩა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს 2016 წლის 26 დეკემბრის M------- 0------- ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტი. სააგენტომ განმარტა, რომ მოკლებული იყო შესაძლებლობას დაეკმაყოფილებინა სს ,,თ----- ბ---ის“ მოთხოვნა.
2.7. 2017 წლის 17 მარტს (რეგისტრირებული: 22.03.2017წ. N6-----) სს ,,თ----- ბ---მა“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში წარადგინა ადმინისტრაციული საჩივარი და მოითხოვა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 08 თებერვლის N3----- ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, რეგისტრირებულ გირავნობის უფლებაში ცვლილების რეგისტრაციის შესახებ 2017 წლის 20 იანვრის (რეგისტრირებული 23.01.2017წ. N1-----) განცხადების განსახილველად მიღება.
2.8. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2017 წლის 04 აპრილის N1-- ბრძანებით სს ,,თ----- ბ---ის“ 2017 წლის 22 მარტის N6----- ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ძალაში დარჩა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 08 თებერვლის N3----- ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი. ადმინისტრაციულმა ორგანომ მიიჩნია, რომ სს ,,თ----- ბ---ის“ მიერ 2017 წლის 23 იანვარს წარდგენილი N1----- განცხადება წარმოადგენდა ადმინისტრაციულ საჩივარს, ხოლო სააგენტოს 2016 წლის 28 ნოემბრის N2------ აქტის გასაჩივრებისათვის საჩივრის ავტორს გაშვებული ჰქონდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი ერთთვიანი გასაჩივრების ვადა. შესაბამისად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 182-ე მუხლის ,,ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, არ არსებობდა საჩივრის განხილვის სამართლებრივი საფუძველი.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.9. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” პუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ. აღნიშნული ნორმის დანაწესიდან გამომდინარე, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 08 თებერვლის N3----- წერილი და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2017 წლის 04 აპრილის N1-- ბრძანება წარმოადგენენ ინდივიდუალურ ადმინისტრაციული-სამართლებრივ აქტებს, რომლის კანონშესაბამისობაც სასამართლომ უნდა შეამოწმოს მოცემული სარჩელის ფარგლებში.
2.10. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ გირავნობის ლეგალური ცნება მოცემულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 254-ე მუხლის პირველი ნაწილში, რომლის თანახმად, მოვალის ან მესამე პირის მოძრავი ნივთი ან/და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, რომლის სხვა პირთათვის გადაცემა დასაშვებია, შეიძლება გამოყენებულ იქნეს როგორც ფულადი, ისე არაფულადი მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად, ისე, რომ კრედიტორი (მოგირავნე) იძენს უფლებას, დაიკმაყოფილოს მოთხოვნა დაგირავებული ქონების (გირავნობის საგნის) რეალიზაციით ან მხარეთა შეთანხმებით - მისი საკუთრებაში მიღებით მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში. გარდა ამისა, მოგირვნეს სხვა კრედიტორებთან შედარებით, რომლებიც არ არიან გირავნობით უზრუნველყოფილი, აქვს თავისი მოთხოვნის უპირატესი დაკმაყოფილების უფლება (254. 2 მუხლი). იმავე კოდექსის 254-ე მუხლის მე-41 ნაწილის თანახმად, გირავნობის უფლება შესაძლებელია გავრცელდეს როგორც ნივთზე ან მის ნაწილზე, ნივთთა ერთობლიობაზე ან მათ ნაწილზე ან/და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე, ისე მთელ მოძრავ ქონებაზე. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ გირავნობა არის სანივთო უფლება სხვის ნივთზე. მოძრავი ნივთების რეგისტრაცია გირავნობის ყველაზე გავრცელებული საგანია. ნებისმიერი მოძრავი ნივთი, რომელიც ბრუნვიდან არ არის ამოღებული და რომლის რეალიზაციაც დასაშვებია, შეიძლება გამოყენებული იქნეს გირავნობის საგნად. აღნიშნულიდან გამომდინარე, მექანიკური ავტოსანტრანპორტო საშუალება ასევე მიიჩნევა გირავნობის საგნად. არსებობს გირავნობის რამოდენიმე სახე: სახელშეკრულებო და კანონისმიერი, რეგისტრირებული და მფლობელობითი. რეგისტრირებული გირავნობის ნამდვილობისათვის აუცილებელია გირავნობის უფლების მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაცია. სამოქალაქო კოდექსის 258-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 53-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ სატრანსპორტო საშუალებასა და სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკურ საშუალებაზე რეგისტრირებული გირავნობის წარმოშობისათვის აუცილებელია გარიგების წერილობითი ფორმით დადება და ამ გარიგებით განსაზღვრული გირავნობის უფლების რეგისტრაცია საჯარო სამართლის იურიდიულ პირში - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში. იმავე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ მატერიალური ან ელექტრონული დოკუმენტების საფუძველზე „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 53-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ სატრანსპორტო საშუალებასა და სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკურ საშუალებაზე გირავნობის უფლების რეგისტრაციის წესს განსაზღვრავს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი.
2.11. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის ,,წ“ ქვეპუნქტის თანახმად, მომსახურების სააგენტოს ფუნქციას წარმოადგენს სატრანსპორტო საშუალებასა და სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკურ საშუალებაზე გირავნობის უფლების რეგისტრაცია, გირავნობის მოწმობის გაცემა, ინფორმაციის შეტყობინების ვალდებულების რეგისტრაცია. იმავე კანონის მე-3 მუხლის ჟ1 პუნქტის თანახმად, უფლებრივი შეზღუდვა არის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯარო უფლებამოსილების განმახორციელებელი პირისაგან, აგრეთვე კანონით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილი პირისაგან ელექტრონული ან/და მატერიალური სახით მიღებული შეტყობინების საფუძველზე რეგისტრირებული/აღრიცხული ინფორმაცია ნივთზე ან არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე დადებული ყადაღის, ნივთის ან არამატერიალური ქონებრივი სიკეთის განკარგვის უფლების შეზღუდვის ან სხვა აკრძალვის შესახებ. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 25 ივნისის N892 ბრძანებით დამტკიცებული ,,სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გირავნობის რეგისტრაციის, ნასამართლობის შესახებ ცნობისა და მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემის წესი“ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონის, აგრეთვე საქართველოს სხვა ნორმატიული აქტების შესაბამისად ადგენს სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებებზე გირავნობის (გარდა საგადასახადო გირავნობისა) რეგისტრაციისა და რეგისტრაციის გაუქმების, დაგირავებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების გასხვისებისას მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაციის, ლიზინგის რეგისტრაციისა და რეგისტრაციის გაუქმების, ლიზინგის მოწმობის გაცემის, აგრეთვე ნასამართლობის შესახებ ცნობის, მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა-გადმოკვეთის შესახებ ცნობის, პირის უგზო-უკვლოდ დაკარგვის გამო ძებნის გამოცხადების შესახებ ცნობის, იარაღის სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის, პირის მსჯავრდების შესახებ ცნობის გაცემის და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის „რ1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების გაწევის წესსა და პირობებს. იმავე წესის მე-3 თავში განსაზღვრულია მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე გირავნობის რეგისტრაციის წესი. წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე რეგისტრირებული გირავნობის წარმოშობისათვის აუცილებელია გარიგების წერილობითი ფორმით დადება და ამ გარიგებით განსაზღვრული გირავნობის უფლების რეგისტრაცია სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში. იმავე წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე გირავნობის რეგისტრაციისათვის დაინტერესებული პირის მიერ სააგენტოში წარმოდგენილი უნდა იქნეს: ა) გირავნობის გარიგება, რომელიც აკმაყოფილებს ამ წესის მე-5 მუხლის მოთხოვნებს; ბ) მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე გირავნობის რეგისტრაციისათვის კანონმდებლობით განსაზღვრული საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. იმავე წესის 42 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სააგენტო ახორციელებს მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე გირავნობის უფლების რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების რეგისტრაციას თუ მოგირავნის და დამგირავებლის მიერ გირავნობის გარიგებაში შეტანილი ცვლილება იწვევს ამ წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ რეგისტრირებულ მონაცემებში შესწორების, ცვლილების ან/და დამატების შეტანას. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე გირავნობის უფლების რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების რეგისტრაცია ხორციელდება მატერიალური ან/და ელექტრონული დოკუმენტის საფუძველზე, მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე გირავნობის რეგისტრაციისათვის ამ წესით განსაზღვრული ნორმების შესაბამისად. მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მექანიკურ სატრანსპორტო საშუალების გირავნობის გარიგებაში უნდა აღინიშნოს: ა) გარიგების შედგენის თარიღი და ნომერი; ბ) მონაცემები მოგირავნის, დამგირავებლის, წარმომადგენლის, შესაძლო მოვალე მესამე პირის შესახებ (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, სახელწოდება, საიდენტიფიკაციო ნომერი, ინფორმაცია უფლებამოსილების შესახებ); გ) დაგირავებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სრულყოფილი იდენტიფიცირებისათვის საჭირო მონაცემები; დ) უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ გაცემული დოკუმენტით დადასტურებულ ინფორმაცია გარიგების დადების დროისთვის სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ (გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევებისა); ე) უზრუნველყოფილი ძირითადი მოთხოვნის ზოგადი ან კონკრეტული აღწერა და მაქსიმალური თანხა, რომლის ფარგლებშიც უნდა დაკმაყოფილდეს უზრუნველყოფილი მოთხოვნა. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ სატრანსპორტო საშუალებზე რეგისტრირებული გირავნობის წარმოშობისათვის აუცილებელია გარიგების წერილობითი ფორმით დადება და ამ გარიგებით განსაზღვრული გირავნობის უფლების რეგისტრაცია. ამ უფლების მარეგისტრირებელ ორგანოს კი წარმოადგენს საჯარო სამართლის იურიდიულ პირი - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო. საყურადღებოა ის გარემოება, რომ გირავნობის უფლების რეგისტრაცია, ასევე უკვე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილება წარმოებს საერთო წესით. კერძოდ, მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე გირავნობის რეგისტრაციისათვის, ასევე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების დასარეგისტრირებლად დაინტერესებული პირის ვალდებულებაა სააგენტოში გირავნობის გარიგების წარადგენა. როგორც ირკვევა, სს ,,პ--------- ბ---სა“ და სს ,,თ----- ბ---ს“ შორის გაფორმებული 2016 წლის 10 სექტემბრის მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულების საფუძველზე, სს ,,თ----- ბ---ს“ წარმოეშვა სესხის უზრუნველსაყოფად გამოყენებული ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე გირავნობის უფლება. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ 2016 წლის 28 ნოემბერს გამოსცა M------ 0------- ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, სს ,,თ----- ბ---ის“ მიერ 2016 წლის 10 ნოემბერს წარდგენილ მოთხოვნის უფლების დათმობის ხელშეკრულების რეგისტრაციასთან დაკავშირებით. სააგენტომ მიუთითა, რომ მხოლოდ ხელშეკრულების წარდგენით განმცხადებელმა მოითხოვა გირავნობის უფლების წარმოშობის შესახებ ხელშეკრულების რეგისტრაცია. 28.11.2016წ. აქტით სს ,,თ----- ბ---ის“ მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. განმცხადებელს განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 180-ე მუხლის შესაბამისად, ამ აქტის ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში გასაჩივრების წესსა და ვადაზე. საქმის მასალებით ასევე დადგინდა, რომ 2017 წლის 20 იანვარს (რეგისტრირებული 23.01.2017წ. N1-----) განცხადებით მიმართა სს ,,თ----- ბ---მა“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს და მოითხოვა მის მიერ მითითებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე რეგისტრირებულ გირავნობის უფლებაში ცვლილების შეტანა და სს ,,პ--------- ბ---ის“ ნაცვლად მოგირავნედ სს ,,თ----- ბ---ის“ ასახვა. სააგენტომ წარდგენილი განცხადება მიიჩნია 2016 წლის 28 ნოემბრის M---------------- აქტზე წარდგენილ ადმინისტრაციულ საჩივრად და 2017 წლის 08 თებერვლის M------- 0------- ადმინისტრაციული- სამართლებრივი აქტით სს ,,თ----- ბ---ს“ ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარი ეთქვა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 182-ე მუხლის ,,ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად. მოსარჩელის პოზიციის თანახმად, 2016 წლის 10 ნოემბერს მოთხოვნის უფლების დათმობის ხელშეკრულების წარდგენით იგი მოითხოვდა სს ,,პ--------- ბ---ის“ გირავნობის საგანზე ინფორმაციის გადაცემას, თუმცა მან აღნიშნულის დადასტურება შესაბამისი მტკიცებულების წარდგენით ვერ უზრუნველყო. ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმათა შინაარსიდან გამომდინარე, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ გირავნობის გარიგების მარეგისტრირებელ ორგანოში მხოლოდ წარდგენა საკმარის გარემოებას წარმოადგენს იმისათვის, რომ აღნიშნული მისი რეგისტრაციის მოთხოვნად მიიჩნეს. მოცემულ შემთხვევაში, ადმინისტრაციულმა ორგანომ იმსჯელა/შეაფასა 2016 წლის 10 ნოემბერს წარდგენილ მოთხოვნის უფლების დათმობის ხელშეკრულების რეგისტრაციის საფუძველსა და შესაძლებლობაზე და 2016 წლის 28 ნოემბრის M---------------- ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ხოლო 2017 წლის 23 იანვრის განცხადებით, რომლითაც მოთხოვნილია მის მიერ მითითებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე რეგისტრირებულ გირავნობის უფლებაში ცვლილების შეტანა და სს ,,პ--------- ბ---ის“ ნაცვლად მოგირავნედ სს ,,თ----- ბ---ის“ ასახვა, თავისი შინაარსით წარმოადგენს ზემოხსენებულ აქტზე წარდგენილ ადმინისტრაციულ საჩივარს. საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ სააგენტომ სს ,,თ----- ბ---ის“ 2017 წლის 23 იანვრის განცხადება სწორად ჩათვალა 2016 წლის 28 ნოემბრის M---------------- ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტზე წარდგენილ ადმინისტრაციულ საჩივრად.
2.12. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის XIII თავი აწესრიგებს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ზემდგომ ორგანოში გასაჩივრების უფლების რეალიზაციასა და საჩივრის განხილვის გადაწყვეტის საკითხებს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 1--.1 მუხლის შესაბამისად, დაინტერესებულ მხარეს უფლება აქვს გაასაჩივროს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. ამავე კოდექსის მე-2 მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ი“ ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული საჩივარი არის დაინტერესებული მხარის მიერ უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოში ამ კოდექსით დადგენილი წესით წარდგენილი წერილობითი მოთხოვნა დარღვეული უფლების აღდგენის მიზნით იმავე ან ქვემდგომი ორგანოს მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად გამოცხადების, შეცვლის ან ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედების განხორციელებისაგან თავის შეკავების შესახებ, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას. ამავე მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დაინტერესებული მხარე არის ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, ადმინისტრაციული ორგანო, რომლებთან დაკავშირებითაც გამოცემულია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, აგრეთვე რომლის კანონიერ ინტერესზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი ან ადმინისტრაციული ორგანოს ქმედება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 1---ე და 179-ე მუხლების შესაბამისად, ადმინისტრაციული საჩივარზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველს წარმოადგენს წერილობითი ფორმით შედგენილი ადმინისტრაციული საჩივარი. ხსენებული კოდექსის 178.1 მუხლი ადგენს, რომ თუ კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ საჩივარს განიხილავს და გადაწყვეტს ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, თუ იქ არსებობს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი თანამდებობის პირის ან სტრუქტურული ქვედანაყოფის ზემდგომი თანამდებობის პირი. კოდექსის 181-ე მუხლი განსაზღვრავს ადმინისტრაციული საჩივრის შინაარსს. მითითებული მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციულ საჩივარში აღნიშნული უნდა იყოს: ა) ადმინისტრაციული ორგანოს დასახელება, რომელშიც შეიტანება ადმინისტრაციული საჩივარი; ბ) ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენი პირის ვინაობა და მისამართი; გ) იმ ადმინისტრაციული ორგანოს დასახელება, რომლის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მოქმედება საჩივრდება; დ) გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასახელება; ე) მოთხოვნა; ვ) გარემოებანი, რომელთაც ეფუძნება მოთხოვნა; ზ) ადმინისტრაციულ საჩივარზე დართული საბუთების ნუსხა, თუ საჩივარს რაიმე დოკუმენტი დაერთვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენ პირს გადაეცა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ადმინისტრაციულ საჩივარს დაერთვება მისი ასლი. იმავე კოდექსის 180-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული საჩივარი წარდგენილ უნდა იყოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოქვეყნების ან ოფიციალური წესით გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ოფიციალური გაცნობის წესი მოწესრიგებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 58-ე მუხლით, რომლის პირველი ნაწილით დადგენილია, რომ, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, დაინტერესებული მხარისათვის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ოფიციალური გაცნობა ნიშნავს მისთვის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გადაცემას ან ფოსტის მეშვეობით გაგზავნას. იმავე 58-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილია, რომ ფოსტის მეშვეობით გაგზავნილი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტის მიუღებლობის შემთხვევაში პირს უფლება აქვს მისი ასლი მიიღოს ადმინისტრაციულ ორგანოში. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ასლის გაცემისათვის რაიმე გადასახდელი არ გადაიხდევინება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 182-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ზ“ პუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო არ განიხილავს ადმინისტრაციულ საჩივარს, თუ გასულია ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი ვადა. ამრიგად, საქალაქო სასამართლოს მითითებით, ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენა, როგორც უფლების დაცვის საშუალება, წარმოშობს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას დაიწყოს ადმინისტრაციული წარმოება, ვალდებულია სრულფასოვნად გამოიყენოს მისთვის ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილება და გადაწყვეტილება მიიღოს კანონით განსაზღვრული პროცედურის ჩატარების მეშვეობით. ამასთან, ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოს მინიჭებული აქვს უფლება კანონით განსაზღვრულ ვადაში წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის ფარგლებში იმსჯელოს კანონით დადგენილი ადმინისტრაციული წარმოების გზით, შეფასება მისცეს გასაჩივრებული აქტს და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება. როგორც საქმის მასალებით დგინდება, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში 2016 წლის 28 ნოემბრის M---------------- აქტის კანონიერების თაობაზე სს ,,თ----- ბ---მა“ 2017 წლის 20 იანვარს (რეგისტრირებული23.01.2017წ. N1-----) წარადგინა ადმინისტრაციული საჩივარი. სააგენტოს 2016 წლის 08 თებრვლის N3----- აქტით განუხილველად დარჩა საჩივარი იმ საფუძვლით, რომ საჩივრის ავტორს გაშვებული ჰქონდა 2016 წლის 28 ნოემბრის M---------------- წერილის გასაჩივრებისათვის დადგენილი ერთთვიანი ვადა. დადგენილია და მოსარჩელეც სადავოდ არ ხდის იმ გარემოებას, რომ გასაჩვრებული 2016 წლის 28 ნოემბრის M---------------- წერილი სს ,,თ----- ბ---ს“ ჩაჰბარდა 2016 წლის 29 ნოემბერს. ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებიდან გამომდინარე, საქალაქო სასამართლომ გაიზიარა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოების პოზიცია და მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში სს ,,თ----- ბ---ის“ მხრიდან გაშვებულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს 2016 წლის 28 ნოემბრის M---------------- ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი ვადა, შესაბამისად, არსებობდა საჩივრის განუხილველად დატოვების სამართლებრივი საფუძველი. საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ საქმის ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად შესწავლის შემდეგ მიიღო 2017 წლის 08 თებერვლის N3----- ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი 2016 წლის 28 ნოემბრის M---------------- ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტზე წარდგენილი საჩივრის განხილვაზე უარის თქმის შესახებ. ხოლო იმ პირობებში, როდესაც კანონიერად არის მიჩნეული გასაჩივრებული 2017 წლის 08 თებერვლის N3----- ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, შესაბამისად, მის საფუძველზე გამოცემული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2017 წლის 04 აპრილს N1-- ბრძანება ასევე კანონიერია და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.
2.13. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მეორე ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ასევე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები; მოპასუხე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი შესაგებელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. სასამართლომ განმარტა, რომ კანონის მითითებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, იმ ვითარებაშიც კი, როდესაც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ სარჩელის წარდგენისას მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, მოსარჩელე არ თავისუფლდება ვალდებულებისაგან, კონკრეტული მტკიცებულების მითითებისა და წარდგენის გზით დაადასტუროს ის გარემოებები, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას, ანუ დაასაბუთოს თავისი სარჩელი. სასამართლომ მიიჩნია, რომ კონკრეტულ შემთხვევაში მოსარჩელემ ვერ შეძლო წარმოედგინა მისი სასარჩელო მოთხოვნის დამადასტურებელი მტკიცებულება. შესაბამისად, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით გათვალისწინებული კანონის დარღვევას, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემულია კანონის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს მათი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი. შესაბამისად, გასაჩივრებულ ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტების კანონიერად მიჩნევიდან გამომდინარე, ასევე არ არსებობს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მოპასუხისათვის ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების სამართლებრივი საფუძველი. ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ სს ,,თ----- ბ---ის“ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
3. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები
3.1. აპელანტი განმარტავს, რომ სს ,,თ----- ბ---ის“ მიერ გასაჩვრებულ გადაწყვეტილებაში სასამართლომ არ გამოიკვლია ის ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც სწორი გადაწყვეტილების გამოტანისათვის აუცილებელი იყო. აპელანტის მითითებით, სს „თ----- ბ---ის“ სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენდა: 1. სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 8 თებერვლის N------0------- ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ 2017 წლის 4 აპრილს გაცემული N1-- ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა; 2. შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დავალება განიხილოს მოსარჩელის მიერ 2017 წლის 20 იანვრის განცხადება არსებითად.
3.2. აპელანტის მითითებით, სასამართლო თავის გადაწყვეტილებაში ეყრდნობა სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს 2016 წლის 28 ნოემბრის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და სს „თ----- ბ---ის“ 2017 წლის 20 იანვრის განცხადებას თვლის ადმინისტრაციულ საჩივრად. სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო 2016 წლის 28 ნოემბრის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში საკუთარ გადაწყვეტილებას ასაბუთებს შემდეგი ტექსტით: „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გირავნობის რეგისტრაციის, ნასამართლობის შესახებ ცნობისა და მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდოგმარეობის შესახებ ცნობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტიდან გამომდინარე, სააგენტოს უფლება აქვს უარი განაცხადოს გირავნობის რეგისტრაციაზე, თუ რეგისტრაციის მომენტისათვის დასაგირავებელ ობიექტზე აღრიცხულია უფლებრივი შეზღუდვა.“
3.3. აპელანტის მითითებით, სასამართლომ არ გაითვალისწინა ის ფაქტობრივი გარემოება, რომ 2017 წლის 20 იანვრის განცხადებით სს „თ----- ბ---ი“ ითხოვდა რეგისტრირებულ გირავნობის უფლებაში ცვლილების შეტანას და არა ახალი გირავნობის უფლების რეგისტრაციას. აღნიშნული ვერანაირად ვერ ჩაითვლება სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს 2016 წლის 28 ნოემბრის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტზე ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენად, მითუმეტეს სს „თ----- ბ---ის“ 2017 წლის 20 იანვრის წერილი დასახელებით, აგებულებით და შინაარსით წარმოადგენდა სტანდარტულ განცხადებას რეგისტრირებულ გირავნობის უფლებაში ცვლილების განხორციელების შესახებ.
3.4. აპელანტის მითითებით, სასამართლომ არასწორად მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 181-ე მუხლზე, ვინაიდან სს „თ----- ბ---ის“ მიერ წარდგენილი განცხადება აგებულებით და შინაარსობრივად არ წარმოადგენდა ამ მუხლის საფუძველზე შედგენილ საჩივარს და მისი საჩივრად მიჩნევა ზემოხსენებულ მუხლზე დაყრდნობით სს „თ----- ბ---ის“ მხრიდან გაზიარებული ვერ იქნება.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, შეამოწმა გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი, რის შედეგადაც მიღებული იქნა სამართლებრივად დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება. აღნიშნული გარემოება კი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების საფუძველზე გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველს წარმოადგენს.
ფაქტობრივი დასაბუთება
4.1. საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2016 წლის 10 სექტემბერს სს ,,პ--------- ბ---სა“ და სს ,,თ----- ბ---ს“ შორის გაფორმდა მოთხოვნის უფლების დათმობის ხელშეკრულება, რომლითაც სს ,,თ----- ბ---ს“ დაეთმო და გადაეცა დავალიანებასთან, სესხის ხელშეკრულებებთან, მორიგების ხელშეკრულებებთან და უზრუნველყოფასთან დაკავშირებული ყველა სამართლებრივი და ბენეფიციური უფლება, საკუთრების უფლება, მოთხოვნა და ინტერესი. იმავე ხელშეკრულების 1.1. მუხლის თანახმად, სესხის, მორიგების და უზრუნველყოფის ხელშეკრულებების უზრუნველყოფის საგანს წარმოადგენდა უძრავი და/ან მოძრავი, ან/და სხვა ქონება, რომელიც დატვირთული იყო გადამცემის სასარგებლოდ, უზრუნველყოფის ხელშეკრულებების შესაბამისად. უზრუნველყოფა გულისხმობდა ყველა იპოთეკას, გირავნობას, თავდებობას და სხვა უზრუნველყოფას წარმოშობილი უზრუნველყოფის ხელშეკრულებების შესაბამისად და მათთან დაკავშირებულ ყველა უფლებას. გადაცემული უფლების მარეგისტრირებელ ორგანოდ საჯარო რეესტრის გარდა მიჩნეულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო.
4.2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ 2016 წლის 28 ნოემბერს გამოსცა M---------------- ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი სს ,,თ----- ბ---ის“ მიერ 2016 წლის 10 ნოემბერს წარდგენილ მოთხოვნის უფლების დათმობის ხელშეკრულების რეგისტრაციასთან დაკავშირებით. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს 2016 წლის 28 ნოემბრის M---------------- ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით სს ,,თ----- ბ---ის“ მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. სს ,,თ----- ბ---ის“ სახელზე განხორციელდა მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების გირავნობის რეგისტრაცია, თუმცა გარკვეული ავტომობილების რეგისტრაცია შეუძლებელი გახდა. განმცხადებელს განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 180-ე მუხლის შესაბამისად ამ აქტის ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში გასაჩივრების წესსა და ვადაზე. ხსენებული აქტი სს ,,თ----- ბ---ს“ ჩაჰბარდა 2016 წლის 29 ნოემბერს.
4.3. სს ,,თ----- ბ---მა“ 2016 წლის 13 დეკემბერს N3------ განცხადებით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს და მოითხოვა 2016 წლის 10 სექტემბრის მოთხოვნის უფლების დათმობის ხელშეკრულების საფუძველზე გადაცემული გირავნობის საგნებზე - მის მიერ მითითებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე გირავნობის უფლების რეგისტრაცია. განცხადების პასუხად, სააგენტოს 2016 წლის 26 დეკემბრის M------- 0------- ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით სს ,,თ----- ბ---ის“ მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. სს ,,თ----- ბ---ის“ სახელზე განხორციელდა მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების გირავნობის რეგისტრაცია, თუმცა გარკვეული ავტომობილების რეგისტრაცია კვლავ შეუძლებელი გახდა. განმცხადებელს განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 180-ე მუხლის შესაბამისად ამ აქტის ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში გასაჩივრების წესსა და ვადაზე.
4.4. 2017 წლის 20 იანვარს (რეგისტრირებული 23.01.2017წ. N1-----) განცხადებით მიმართა სს ,,თ----- ბ---მა“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს და მოითხოვა მის მიერ მითითებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე რეგისტრირებულ გირავნობის უფლებაში ცვლილების შეტანა და სს ,,პ--------- ბ---ის“ ნაცვლად მოგირავნედ სს ,,თ----- ბ---ის“ ასახვა. სააგენტომ წარდგენილი განცხადება მიიჩნია ადმინისტრაციულ საჩივრად და 2017 წლის 25 იანვრის M------- 0------- წერილში მიუთითა, რომ აღნიშნულით გასაჩივრებულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს 2016 წლის 28 ნოემბრის M--------- 0------- და 2016 წლის 26 დეკემბრის M--------- 0------- ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტები. ადმინისტრაციულმა ორგანომ განმარტა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 180-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული საჩივარი წარდგენილი უნდა იყოს გამოქვეყნების ან ოფიციალური წესით გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში, თუ კანონით სხვა რამ არ იყო დადგენილი. ამასთან, სააგენტოს 2016 წლის 28 ნოემბრის M---------------- ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტზე საჩივარი წარდგენილია გასაჩივრების ვადის დარღვევით - 2017 წლის 23 იანვარს, რის გამოც არსებობდა ხსენებული აქტის ამავე კოდექსის 182-ე მუხლის ,,ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად განუხილველად დატოვების საფუძველი. სს ,,თ----- ბ---ს“ მიეთითა საკითხზე მოსაზრების წარდგენის შესაძლებლობაზე.
4.5. ხსენებული განცხადების პასუხად, 2017 წლის 03 თებერვლის განცხადებაში სს ,,თ----- ბ---მა“ მიუთითა, რომ არ არსებობდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლიდან გამომდინარე ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარის თქმის საფუძველი. მოითხოვა 2017 წლის 23 იანვრის განცხადების განხილვა, კერძოდ, რეგისტრირებულ გირავნობის უფლებაში ცვლილების შეტანა და მის მიერ მითითებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე რეგისტრირებულ გირავნობის უფლებაში ცვლილების შეტანა, სს ,,პ--------- ბ---ის“ ნაცვლად სს ,,თ----- ბ---ის“ ასახვა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ 2017 წლის 08 თებერვლის M------- 0------- ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით სს ,,თ----- ბ---ს“ მიეთითა, რომ 2017 წლის 25 იანვრის M------- 0------- წერილით სააგენტოს 2016 წლის 28 ნოემბრის M---------------- აქტზე ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი ვადის გაშვებასთან დაკავშირებით ეთხოვა მოსაზრების წარდგენა, რაც ვერ უზრუნველყო. ამავე აქტით, 2017 წლის 20 იანვრის (რეგისტრირებული 23.01.2017წ. N1-----) ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარი ეთქვა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 182-ე მუხლის ,,ზ“ ქვეპუნქტის თანახმად.
4.6. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 17 თებერვლის M------- 0------- გადაწყვეტილებით ძალაში დარჩა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს 2016 წლის 26 დეკემბრის M------- 0------- ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტი. სააგენტომ განმარტა, რომ მოკლებული იყო შესაძლებლობას დაეკმაყოფილებინა სს ,,თ----- ბ---ის“ მოთხოვნა.
4.7. 2017 წლის 17 მარტს (რეგისტრირებული: 22.03.2017წ. N6-----) სს ,,თ----- ბ---მა“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში წარადგინა ადმინისტრაციული საჩივარი და მოითხოვა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 08 თებერვლის N3----- ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, რეგისტრირებულ გირავნობის უფლებაში ცვლილების რეგისტრაციის შესახებ 2017 წლის 20 იანვრის (რეგისტრირებული 23.01.2017წ. N1-----) განცხადების განსახილველად მიღება.
4.8. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2017 წლის 04 აპრილის N1-- ბრძანებით სს ,,თ----- ბ---ის“ 2017 წლის 22 მარტის N6----- ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ძალაში დარჩა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 08 თებერვლის N3----- ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. ადმინისტრაციულმა ორგანომ მიიჩნია, რომ სს ,,თ----- ბ---ის“ მიერ 2017 წლის 23 იანვარს წარდგენილი N1----- განცხადება წარმოადგენდა ადმინისტრაციულ საჩივარს, ხოლო სააგენტოს 2016 წლის 28 ნოემბრის N2------ აქტის გასაჩივრებისათვის საჩივრის ავტორს გაშვებული ჰქონდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი ერთთვიანი გასაჩივრების ვადა. შესაბამისად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 182-ე მუხლის ,,ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, არ არსებობდა საჩივრის განხილვის სამართლებრივი საფუძველი.
სამართლებრივი დასაბუთება
4.9. სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, „ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე, ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება“. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემულია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით, რის გამოც არსებობს მათი ბათილად ცნობის საფუძველი.
4.10. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ. ამდენად, სასამართლო უფლებამოსილია ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მხოლოდ მაშინ, თუ: 1. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და 2. ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას. განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები კანონს ეწინააღმდეგებიან, ასევე, ისინი პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებენ აპელანტის უფლებებს და კანონიერ ინტერესებს, რის გამოც არსებობს სარჩელის დაკმაყოფილებისა და მათი ბათილად ცნობის საფუძველი.
4.11. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 33-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში არსებობს სარჩელის დაკმაყოფილებისა და მოპასუხისათვის განცხადების არსებითად განხილვის დავალდებულების საფუძველი.
4.12. განსახილველ შემთხვევაში სადავოა საკითხი იმის შესახებ, მოსარჩელე სს ,,თ----- ბ---ის“ მიერ 2017 წლის 20 იანვარს (რეგისტრირებული 23.01.2017წ. N1-----) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში წარდგენილი განცხადება, რომლითაც ის ითხოვდა მის მიერ მითითებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე რეგისტრირებულ გირავნობის უფლებაში ცვლილების შეტანას და სს ,,პ--------- ბ---ის“ ნაცვლად მოგირავნედ სს ,,თ----- ბ---ის“ ასახვას, წარმოადგენდა განცხადებას, რომელზეც არსებითად უნდა ემსჯელა ადმინისტრაციულ ორგანოს თუ იგი წარმოადგენდა ადმინისტრაციულ საჩივარს, რომელიც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 180-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოში წარდგენილი უნდა ყოფილიყო გამოქვეყნების ან ოფიციალური წესით გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში, თუ კანონით სხვა რამ არ იყო დადგენილი. სააგენტომ წარდგენილი განცხადება მიიჩნია ადმინისტრაციულ საჩივრად და 2017 წლის 25 იანვრის M------- 0------- წერილში მიუთითა, რომ აღნიშნულით გასაჩივრებულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს 2016 წლის 28 ნოემბრის M---------------- და 2016 წლის 26 დეკემბრის M------- 0------- ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები. ადმინისტრაციულმა ორგანომ განმარტა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 180-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული საჩივარი წარდგენილი უნდა იყოს გამოქვეყნების ან ოფიციალური წესით გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში, თუ კანონით სხვა რამ არ იყო დადგენილი. ამასთან, ადმინისტრაციულმა ორგანომ მიიჩნია, რომ სააგენტოს 2016 წლის 28 ნოემბრის M---------------- ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტზე საჩივარი წარდგენილია გასაჩივრების ვადის დარღვევით - 2017 წლის 23 იანვარს, რის გამოც, სააგენტოს მოსაზრებით, არსებობდა ხსენებული აქტის ამავე კოდექსის 182-ე მუხლის ,,ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად განუხილველად დატოვების საფუძველი. საქმის მასალების შესწავლის საფუძველზე სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ სს ,,თ----- ბ---ის“ მიერ 2017 წლის 20 იანვარს (რეგისტრირებული 23.01.2017წ. N1-----) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში წარდგენილი განცხადება, რომლითაც ის ითხოვდა მის მიერ მითითებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე რეგისტრირებულ გირავნობის უფლებაში ცვლილების შეტანას და სს ,,პ--------- ბ---ის“ ნაცვლად მოგირავნედ სს ,,თ----- ბ---ის“ ასახვას, წარმოადგენდა განცხადებას, რომელზეც არსებითად უნდა ემსჯელა ადმინისტრაციულ ორგანოს და არა ადმინისტრაციულ საჩივარს, რომელიც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 180-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოში წარდგენილი უნდა ყოფილიყო გამოქვეყნების ან ოფიციალური წესით გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში.
4.13. სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,თ’’ თქვეპუნქტის თანახმად, განცხადება არის უფლების მოპოვებაზე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემით დაინტერესებული მხარის მიერ ამ კოდექსით დადგენილი წესით შეტანილი წერილობითი მოთხოვნა. ხოლო, იმავე ნორმის ,,ი’’ ქვეპუნქტის მიხედვით, ადმინისტრაციული საჩივარი არის დაინტერესებული მხარის მიერ უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოში ამ კოდექსით დადგენილი წესით წარდგენილი წერილობითი მოთხოვნა დარღვეული უფლების აღდგენის მიზნით იმავე ან ქვემდგომი ორგანოს მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად გამოცხადების, შეცვლის ან ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედების განხორციელებისაგან თავის შეკავების შესახებ, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას. ამდენად, საქართველოს კანონმდებლობა ცალსახად მიჯნავს ერთმანეთისაგან ადმინისტრაციული განცხადებისა და ადმინისტრაციული საჩივრის ცნებებს. კერძოდ, წერილობითი განცხადების შეტანის შემთხვევაში დაინტერესებული პირი ითხოვს უფლების მოპოვების მიზნით ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას. ხოლო, ადმინისტრაციული საჩივრით დაინტერესებული პირი ითხოვს დარღვეული უფლების აღდგენის მიზნით იმავე ან ქვემდგომი ორგანოს მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად გამოცხადებას, შეცვლას ან ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას ან ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ისეთი მოქმედების განხორციელებას ან ისეთი მოქმედების განხორციელებისაგან თავის შეკავებას, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას. იმავე ნორმის ,,ბ’’ ქვეპუნქტი კი ადგენს, რომ დაინტერესებული მხარე არის ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, ადმინისტრაციული ორგანო, რომლებთან დაკავშირებითაც გამოცემულია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, აგრეთვე რომლის კანონიერ ინტერესზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან ადმინისტრაციული ორგანოს ქმედება. სააპელაციო პალატა ასევე განმარტავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 72-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ კანონი არ ითვალისწინებს სხვა სახის ადმინისტრაციული წარმოების გამოყენებას, ადმინისტრაციული ორგანო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ამზადებს მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით. იმავე კოდექსის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის მიხედვით, ადმინისტრაციული წარმოების დაწყების ერთ-ერთი საფუძველია დაინტერესებული პირის განცხადება. იმავე კოდექსის 77-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი, განცხადება შეტანილი უნდა იქნეს იმ ადმინისტრაციულ ორგანოში, რომელიც უფლებამოსილია გადაწყვიტოს განცხადებაში დასმული საკითხი და გამოსცეს შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. იმავე კოდექსის 78-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, განცხადება უნდა იყოს წერილობითი ფორმით და შეიცავდეს: ა) იმ ადმინისტრაციული ორგანოს დასახელებას, რომელსაც მიმართავს განმცხადებელი; ბ) განმცხადებლის ვინაობასა და მისამართს; გ) მოთხოვნას; დ) განცხადების წარდგენის თარიღსა და განმცხადებლის ხელმოწერას; ე) განცხადებაზე დართული საბუთების ნუსხას, მათი არსებობის შემთხვევაში. რაც შეეხება ადმინისტრაციულ საჩივარს, ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებულ საკითხებს აწესრიგებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-13 თავი. კერძოდ, მითითებული კოდექსის 1---ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დაინტერესებულ მხარეს უფლება აქვს გაასაჩივროს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. ამდენად, ადმინისტრაციული საჩივრით დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა აქვს გაასაჩივროს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. იმავე კოდექსის 178-ე მუხლის თანახმად: 1. თუ კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ საჩივარს განიხილავს და გადაწყვეტს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, თუ იქ არსებობს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი თანამდებობის პირის ან სტრუქტურული ქვედანაყოფის ზემდგომი თანამდებობის პირი. 2. ადმინისტრაციული ორგანოს ხელმძღვანელი თანამდებობის პირის მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის თაობაზე წარდგენილ საჩივარს განიხილავს და გადაწყვეტს ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო; 3. პირს შეუძლია თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით. იმავე კოდექსის 180-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციული საჩივარი წარდგენილ უნდა იქნეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოქვეყნების ან ოფიციალური წესით გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი. იმავე კოდექსის 181-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ საჩივარში აღნიშნული უნდა იყოს: ა) ადმინისტრაციული ორგანოს დასახელება, რომელშიც შეიტანება ადმინისტრაციული საჩივარი; ბ) ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენი პირის ვინაობა და მისამართი; გ) იმ ადმინისტრაციული ორგანოს დასახელება, რომლის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მოქმედება საჩივრდება; დ) გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასახელება; ე) მოთხოვნა; ვ) გარემოებანი, რომელთაც ეფუძნება მოთხოვნა; ზ) ადმინისტრაციულ საჩივარზე დართული საბუთების ნუსხა, თუ საჩივარს რაიმე დოკუმენტი დაერთვის. იმავე კოდექსის 182-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ზ’’ ქვეპუნქტის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო არ განიხილავს ადმინისტრაციულ საჩივარს, თუ გასულია ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი ვადა.
4.14. განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით დგინდება, რომ 2017 წლის 20 იანვარს (რეგისტრირებული 23.01.2017წ. N1-----) სს ,,თ----- ბ---მა“ განცხადებით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს და მოითხოვა მის მიერ მითითებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე რეგისტრირებულ გირავნობის უფლებაში ცვლილების შეტანა და სს ,,პ--------- ბ---ის“ ნაცვლად მოგირავნედ სს ,,თ----- ბ---ის“ ასახვა. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, ზემოაღნიშნული განცხადება არც თავისი ფორმით და არც შინაარსით არ წარმოადგენს ადმინისტრაციულ საჩივარს, არამედ იგი წარმოადგენს განცხადებას, რომელიც წარდგენილია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისად. კერძოდ, განმცხადებელი სს ,,თ----- ბ---ი“ უშუალოდ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოსაგან - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსაგან (და არა მისი ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოსაგან ან ზემდგომი თანამდებობის პირისაგან) ითხოვდა მხოლოდ მის მიერ მითითებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე რეგისტრირებულ გირავნობის უფლებაში ცვლილების შეტანას და სს ,,პ--------- ბ---ის“ ნაცვლად მოგირავნედ სს ,,თ----- ბ---ის“ ასახვას და არა რომელიმე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობას. განცხადებაში არსად არ ჩანს, რომ მოსარჩელე ამ განცხადებით ასაჩივრებდა და სადავოდ ხდიდა ადმინისტრაციულ ორგანოს მიერ გამოცემულ რომელიმე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტს ან ქმედებას, არამედ მოსარჩელე ითხოვდა მხოლოდ უფლების მოპოვების მიზნით ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას, რომლითაც მოხდებოდა მის მიერ მითითებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე რეგისტრირებულ გირავნობის უფლებაში ცვლილების შეტანა და სს ,,პ--------- ბ---ის“ ნაცვლად მოგირავნედ სს ,,თ----- ბ---ის“ ასახვა. აქედან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანოებმა და საქალაქო სასამართლომაც არასწორად მიიჩნიეს წარდგენილი განცხადება ადმინისტრაციულ საჩივრად და არასწორად ჩათვალეს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 180-ე და 182-ე მუხლების საფუძველზე, გასაჩივრების ვადის დარღვევის გამო, არსებობდა მისი განუხილველად დატოვების საფუძველი. შესაბამისად, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელი (სააპელაციო საჩივარი) უნდა დაკმაყოფილდეს, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები და მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს უნდა დაევალოს განიხილოს მოსარჩელის მიერ წარდგენილი 2017 წლის 20 იანვრის (რეგისტრირებული 23.01.2017წ. N1-----) განცხადება არსებითად.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ სს ,,თ----- ბ---ის“ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს; მოცემულ საქმეზე უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება; სს ,,თ----- ბ---ის“ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს; ბათილად უნდა იქნეს ცნობილი შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 08 თებერვლის N3----- ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2017 წლის 04 აპრილის N1-- ბრძანება და დაევალოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს განიხილოს მოსარჩელის მიერ წარდგენილი 2017 წლის 20 იანვრის (რეგისტრირებული 23.01.2017წ. N1-----) განცხადება არსებითად.
6. საპროცესო ხარჯები
სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე-55-ე მუხლების შესაბამისად, მოპასუხეებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს სს ,,თ----- ბ---ის“ სასარგებლოდ თანაბარწილად უნდა დაეკისროთ მის მიერ სარჩელზე გადახდილი ბაჟის 100 ლარის და სააპელაციო საჩივარზე გადახდილი ბაჟის 150 ლარის, საერთო ჯამში 250 ლარის გადახდის ვალდებულება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
თბილისის სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სს ,,თ----- ბ---ის“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. მოცემულ საქმეზე გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. სს ,,თ----- ბ---ის“ სარჩელი დაკმაყოფილდეს;
4. ბათილად იქნეს ცნობილი შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 08 თებერვლის N3----- ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2017 წლის 04 აპრილის N1-- ბრძანება და დაევალოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს განიხილოს მოსარჩელის მიერ წარდგენილი 2017 წლის 20 იანვრის (რეგისტრირებული 23.01.2017წ. N1-----) განცხადება არსებითად;
5. მოპასუხეებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს სს ,,თ----- ბ---ის“ სასარგებლოდ თანაბარწილად დაეკისროთ მის მიერ სარჩელზე გადახდილი ბაჟის 100 ლარის და სააპელაციო საჩივარზე გადახდილი ბაჟის 150 ლარის, საერთო ჯამში 250 ლარის გადახდის ვალდებულება;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მხარეებისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების კანონით დადგენილი წესით ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი ძმ. ზუბალაშვილების ქუჩა №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის (მდებარე: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის 7ა) მეშვეობით.
თავმჯდომარე მერაბ ლომიძე
მოსამართლეები თეა ძიმისტარაშვილი
მირანდა ერემაძე