განაჩენი

სისხლის სამართლის 24.12.2018
საქმის ნომერი
330100118002423095
ინსტანცია
თარიღი
24.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №330100118002423095-1ბ/1649-18წ

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

26 დეკემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

მოსამართლე: გოჩა ჯეირანაშვილი

სხდომის სახე:ზეპირი მოსმენის გარეშე

 

მსჯავრდებული: ა---------------------------------------------–-------–-–----- თებერვალს, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, რ----------------–-------------------------–------------------–--------–-------–---–------

 

კვალიფიკაცია:საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილი;

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

მხარეთა პოზიცია:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 08 ნოემბრის განაჩენი, სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ი-----–------------ და ითხოვა ა------------ დამნაშავედ იქნეს ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა;

 

ბრალდების არსი:

 

2018 წლის 16 აპრილს, დაახლოებით 15:00 საათზე ქ.თბილისი, ბ-------------–-----–-------------------------------------------–-, თავის საცხოვრებელ სახლში მყოფ მარიამ რომელაშვილს, ყოფილი მეუღლე ა------------ სატელეფონო საუბრისას დაემუქრა, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, რომ მიდიოდა მასთან სახლში და ყელს გამოჭრიდა, რა დროსაც მარიამ რომელაშვილს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

სასამართლომ დაადგინა:

 

ა------------ უდანაშაულოა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში;

 

მოწმე მ--------------–-–---–-- ჩვენების მიხედვით, ა------------ არის მისი ყოფილი ქმარი და ყავთ საერთო შვილი. დაახლოებით 4 წლის წინ განქორწინდნენ, რის შემდეგაც ქონდათ კონფლიქტი, ძირითადად იმ მიზეზით, რომ მსჯავრდებული არ ასრულებდა მამის ფუნქციას და არ უწევდა მორალურ და მატერიალურ დახმარებას შვილს. სწორედ ამიტომ გადაწყვიტა, რომ არ მიეცა შვილის ნახვის უფლება. იმავდროულად ფიქრობდა, რომ ა------------ ბავშვზე მოახდენდა ცუდ გავლენას, აღნიშნულს აპროტესტებდა ა------------. მათ შორის მცირე სიტყვიერ შეურაცხყოფას ქონდა ადგილი, სერიოზული დაპირისპირება არასდროს ქონდათ. სოციალური ქსელ ,,Facebook-ის“ საშუალებით მას დაეკონტაქტა ა------------ს საცოლე ანი კაკიაშვილი, რა დროსაც მან გადაწყვიტა ამ უკანასკნელისათვის ეცნობებინა მსჯავრდებულის რეალური პიროვნების შესახებ და გაუგზავნა ა------------ს მიერ გაგზავნილი შეტყობინებები, სადაც ეს უკანასკნელი ითხოვდა შერიგებას. დაახლოებით 10-15 წუთში დაურეკა ა------------- უცენზურო სიტყვებით და უთხრა: ,,ახლა მანქანაში ვზივარ, მოვდივარ, ყელი უნდა გამოგჭრა, უნდა მოგკლა“. მსჯავრდებული ამ დრომდე მას არასდროს დამუქრებია, თუმცა ჩათვალა, რომ იყო აფექტურ მდგომარეობაში და მუქარა იყო რეალური, ამიტომ საუბრიდან დაახლოებით 10-20 წუთში დარეკა სსიპ ,,112-ში“. სმს შეტყობინებები პოლიციისთვის არ წარუდგენია, რადგან სანამ პოლიციაში დარეკავდა სოციალურ ქსელში დაბლოკა ა------------ და ანი კაკიაშვილი და წაშალა ყველაფერი. მან დაადასტურა, რომ მოცემულ ფაქტამდე მსჯავრდებული არასდროს დამუქრებია. ამასთან არასდროს დაუნახავს დანა და იარაღი მსჯავრდებულის ხელში, არ უნახავს ა------------ს სხვასთან კონფლიქტი სიმთვრალეში. თავიდან არ უნდოდა პოლიციაში დარეკვა, თუმცა ბავშვის ძიძამ ურჩია თავის დაზღვევის მიზნით. პოლიციაში დარეკვამდე ყოყმანობდა, რადგან ფიქრობდა, რომ ა------------ს მხილების შემთხვევაში, შესაძლებელი იყო მსჯავრდებულის გარემოცვას მასზე შური ეძია.

 

მოწმე ნ------------ს ჩვენების მიხედვით იგი არის მ--------------–-–---–-- ჯგუფელი და დაახლოებით 2012-2013 წლებში გაიცნო მსჯავრდებული ა------------, რა დროსაც ეს უკანასკნელი მარიამ რომელაშვილთან უკვე დაშორებული იყო, თუმცა მოდიოდა ბავშვთან. ყოფილ მეუღლეებს ქონდათ ჩვეულებრივი ურთიერთობა, მცირე კონფლიქტი კი მოსდიოდათ ძირითადად იმიტომ, რომ მარიამ რომელაშვილს სურდა ბავშვის გაზრდაზე პასუხისმგებლობა გაენაწილებინა ასიმ ოზერსაც. ერთ დღეს დაუკავშირდა მარიამი და უთხრა, რომ კონფლიქტი მოუვიდა ა------------ს საცოლესთან, რის შემდეგაც ასიმმა დაურეკა მუქარით. რადგან მარიამი ცხოვრობს მარტო, შეეშინდა და თავის დაცვის მიზნით დარეკა საპატრულო პოლიციაში და იმავე დღეს მისცა ჩვენება.

 

მოწმე გ---------–---–-ს ჩვენების მიხედვით, 2018 წლის 16 აპრილს განყოფილებაში შევიდა მ--------------–-–---–-- შეტყობინება, რომ ყოფილი მეუღლე ა------------ ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით. შეტყობინების საფუძველზე დაიწყო გამოძიება ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორე წევრის მიმართ განხორციელებული მუქარის ფაქტზე. გამოკითხვისას მა-------------–-–---–-- დეტალურად აღწერა მომხდარი ფაქტი და თქვა, რომ კონფლიქტი ჰქონდა ყოფილ მეუღლესთან. ამასთან, გამოიკვეთა პიროვნება - ანი კაკიაშვილი, რომელსაც აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით შესაძლოა ჰქონოდა მნიშვნელოვანი ინფორმაცია. სხვა საგამოძიებო მოქმედებებთან ერთად დათვალიერდა ა--------–---–-- სოციალურ ქსელ ,,Facebook-ის“ გვერდი.

 

მოწმე ბე---------------–-–---–ის ჩვენების მიხედვით, 2018 წლის 16 აპრილს გამომძიებელმა გიგა მანოშვილმა დაიწყო გამოძიება ა------------ს მიერ ყოფილი მეუღლის მ--------------–-–---–-- მიმართ მუქარის ფაქტზე, რასთან დაკავშირებითაც გამოკითხა მოწმეები, დაათვალიერა მსჯავრდებულის შეყვარებულ ა--------–---–-- სოციალურ ქსელ ,,Facebook-ის“ გვერდი და ამოღებული იქნა მ--------------–-–---–--ა და ა--------–---–-- მიმოწერები, რაც დაერთო სისხლის სამართლის საქმეს.

 

მოწმე ა--------–---–-- ჩვენების მიხედვით, მან იცოდა, რომ ა------------ ცოლს იყო გაშორებული და ყავდა 5 წლის შვილი, მსჯავრდებულს ყოფილ ოჯახთან ხშირი ურთიერთობა ჰქონდა, თუმცა მას შემდეგ, რაც სოციალურ ქსელში დადეს საერთო ფოტოები, ყოფილმა მეუღლემ ასიმს აუკრძალა ბავშვის ნახვა. იმავე პერიოდში მან სოციალურ ქსელ ,,Facebook-ში“ მიიღო ა------------ს ყოფილი ცოლისგან მ--------------–-–---–--გან ვრცელი შეტყობინებები, რაც შეეხებოდა ყოფილი მეუღლეების ერთად გამგზავრებას გურიაში, სადაც ა------------ მარიამ რომელაშვილს სთხოვდა შერიგებას, რაც მისივე განმარტებით იყო იმის დასტური, რომ მსჯავრდებული ატყუებდა ა--------–---–-- მსჯავრდებულმა აუხსნა, რომ მა-------------–-–---–-- მიწერა სპეციალურად, რომ გაემწარებინა. მიმოწერაში დაფიქსირებულია მათი დიალოგი, სადაც ასევე მითითებულია მარიამის მინაწერი ,,გავანადგურებ“.

 

სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული იქნა ბრალდების მხარის წერილობითი მტკიცებულებები:

 

2018 წლის 16 აპრილის მ--------------–-–---–-- შეტყობინების თანახმად, ყოფილი მეუღლე ა------------ სიცოცხლის ხელყოფის მუქარით მიდის მის მისამართზე.

 

2018 წლის 16 აპრილის დათვალიერების ოქმის თანახმად დათვალიერდა მ--------------–-–---–-- მობილური ტელეფონი, რომლის შემავალ და გამავალ ზარების ველში 2018 წლის 16 აპრილს 1503 საათზე ფიქსირდება შემავალი ზარი, რომელსაც აწერია სახელი - ,,ოზერი 1“, მის ქვევით კი მითითებულია ტელეფონის ნომერი 599868782, საუბრის ხანგრძლივობით - 56 წამი. ტელეფონში 1505 საათზე ფიქსირდება გამავალი ზარი სსიპ ,,112-ში“, ხოლო 1508 საათზე გამავალი ზარი ,,ოზერი 1-თან“ ნომერზე 599868782, რომელიც მ--------------–-–---–-- განმარტებით ეკუთვნის ასიმ ოზერს.

 

2018 წლის 28 აპრილის დათვალიერების ოქმის თანახმად, დათვალიერდა შსს-ს სსიპ ,,112-ის“ ოპერატიული მართვის სამმართველოს ორი ცალი აუდიო ჩანაწერის ფაილი: მეორე აუდიო ჩანაწერის მოსმენისას გარკვევით ისმის, რომ შსს სსიპ ,,112-ში“ რეკავს ქალბატონი, რომელიც აფისქირებს სახელს და გვარს - მა-------------–-–---–- და ოპერატორს სთხოვს საპატრულო პოლიციის მისვლას ისანში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირი N144-ში მდებარე საერთო საცხოვრებელის პირველი სადარბაზო მე-2 სართული, ბინა N78-ში. ოპერატორს მა-------------–-–---–- პასუხობს, რომ საპატრულო პოლიციას იძახებს, რადგან ყოფილი ქმარი მასთან მიდის და პარალელურად ემუქრება მოკვლით, ასევე განუმარტავს მის სახელს და გვარს პასპორტით - ა------------, ამასთან მა-------------–-–---–- სთხოვს - დაუჩქარონ.

 

2018 წლის 17 აპრილის დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილების თანახმად დაზარალებულად იქნა ცნობილი მა-------------–-–---–-, რომელსაც მიადგა მორალური სახის ზიანი.

 

სასამართლო სხდომაზე ასევე გამოკვლეული იქნა ანი კიკიაშვილის და მ--------------–-–---–-- მიმოწერა სოციალურ ქსელ ,,Facebook-ში“.

 

საპროცესო ნორმათა დაცულობა:

 

სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. გამამართლებელ განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლო განაჩენის დადგენისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციითა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ძირითადი პრინციპებითა და ნორმებით.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის/მსჯავრდებულის სასარგებლოდ.

 

სასამართლო ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას. კერძოდ, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ. ამავე კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის თანახმად, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტია სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს პირის ბრალეულობას.

 

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY განმარტა შემდეგი: წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან.

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილებაში №1/1/548 ,,საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ‘‘ განმარტა, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი თამაშობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს სისხლის სამართლის პროცესში. იგი უზრუნველყოფს უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის დაცვას, არსებითად ამცირებს უსამართლო და დაუსაბუთებელი გამამტყუნებელი განაჩენის საფრთხეს, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ხელს უწყობს შეცდომის დაშვების საფრთხის თავიდან აცილებას. მსჯავრდების შემთხვევაში შეზღუდვას ექვემდებარება პირის თავისუფლება, ასევე, ხდება მისი პიროვნების სტიგმატიზაცია. ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში. ასევე, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება.

 

სასამართლო აღნიშნავს, იმისათვის, რომ წარდგენილი ბრალდებით პირის მსჯავრდება მოხდეს, უნდა არსებობდეს შეთანხმებული და უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლითაც დადგინდება ჯერ ფაქტის არსებობა და შემდეგ - ბრალდებულის დანაშაულებრივი კავშირი ფაქტთან და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება ქმედების სამართლებრივი შეფასება.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანაშაულია ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. პალატა აღნიშნავს, რომ ამ დანაშაულისგან დაცვის ობიექტია ადამიანის ფსიქიკური ჯანმრთელობა, უსაფრთხო გარემო და ცხოვრების წესის თავისუფლება. ამ დანაშაულის შემადგენლობისთვის აუცილებელია, ა) პირის, მისი ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავის უკანონო თვალთვალი, ან ბ) არასასურველი კომუნიკაციის დამყარება ტელეფონის, ელექტრონული ან სხვა საშუალებით, ან გ) ნებისმიერი სხვა განზრახი ქმედება, რომელიც სისტემატურად ხორციელდება და იწვევს გ) პირის ფსიქიკური ტანჯვას ან/და დ) პირის ან მისი ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავის მიმართ ძალადობის გამოყენების ან/და ქონების განადგურების საფუძვლიან შიშს და ე) აიძულებს დაზარალებულს მნიშვნელოვნად შეიცვალოს ცხოვრების წესი ან უქმნის ასეთი ცვლილების რეალურ საჭიროებას. ამ დანაშაულის სუბიექტი შეიძლება მოქმედებდეს როგორც პირადად, ასევე მესამე პირის მეშვეობით. ამ დანაშაულისაგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ფსიქიკური ხელშეუხებლობა, მისი სიმშვიდე და მყუდრო გარემოში ცხოვრების უფლება. ობიექტურ მხრივ ეს დანაშაული გამოიხატება მოქმედებაში, შედეგში და მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და შედეგს შორის.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-4 მუხლის თანახმად, არავინ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. იგივე შინაარსს შეიცავს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილი და 33-ე მუხლის 1-ლი ნაწილი, რომელთა თანახმად, ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს - პროკურორს.

 

აღსანიშნავია, ასევე, რომ ბრალდების მტკიცების ტვირთის პროკურორის მოვალეობად გამოცხადება, ისევე, როგორც ეჭვის ბრალდებულის სასარგებლოდ გადაწყვეტა, არის არა მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციითა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით აღიარებული დებულება, არამედ - ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით აღიარებული პრინციპი, რომელსაც განუხრელად იცავს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო (იხ. გადაწყვეტილებები საქმეებზე: Barberа, Messeguй and Jabardo v. Spain; Lavents v. Latvia; Melich and Beck v. the Czech Republic).

 

განსახილველ შემთხვევასთან დაკავშირებით რელევანტური სამართლებრივი ნორმების მოყვანის შემდეგ უნდა მოხდეს მათი მისადაგება იმ მტკიცებულებებთან, რომლებიც პროკურორმა წარმოადგინა ა------------ს მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედების დასადასტურებლად.

 

პალატა აღნიშნავს, რომ სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებისა და ანალიზის საფუძველზე უტყუარად ვერ იქნა დადგენილი ის ფაქტი, რომ 2018 წლის 16 აპრილს, დაახლოებით 15:00 საათზე ქ.თბილისი, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირი, კორპუსი 144, ბინა N78-ში, თავის საცხოვრებელ სახლში მყოფ მარიამ რომელაშვილს, ყოფილი მეუღლე ა------------ სატელეფონო საუბრისას დაემუქრა, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, რომ მიდიოდა მასთან სახლში და ყელს გამოჭრიდა, რა დროსაც მარიამ რომელაშვილს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

კონკრეტულ შემთხვევაში ა------------ს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხის გადაწყვეტისას აუცილებელი იყო ბრალდების მხარეს სასამართლოში წარმოედგინა ურთიერთ შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლებიც პირველ რიგში დაადასტურებდა ფაქტს, რომ ა------------მ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი პირდაპირი მტკიცებულება რომლითაც დადასტურებული იქნებოდა მუქარის ფაქტის არსებობა.

 

პალატა განმარტავს, რომ მუქარა წარმოადგენს ვერბალური ფორმით გამოხატულ დანაშაულს და დაზარალებულის ან/და ფაქტის შემსწრე პირთა ჩვენებების და სხვა პირდაპირი მტკიცებულებების გარეშე ამ დანაშაულებრივი ფაქტის დადგენის შესაძლებლობა სასამართლოს არ გააჩნია. მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარის პოზიციას ა------------ს ბრალეულობის შესახებ ამგვარი მტკიცებულებები არ ამყარებს, რადგან სხდომაზე არ გამოკვლეულა რაიმე სახის სხვა მტკიცებულება, რაც პირდაპირ დაადასტურებდა აღნიშნული ქმედებების ბრალდებულის მიერ განხორციელებას, გარდა თავად დაზარალებულ მ--------------–-–---–-- ჩვენებისა და შესაბამისად, მის მიერ საპატრულო პოლიციის გამოძახებისას დაფიქსირებული შეტყობინებისა, რომლის თანახმადაც: 2018 წლის 16 აპრილს დაახლოებით 1500 საათზე თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირი, კორპუსი N144, ბინა N78-ში, თავის საცხოვრებელ სახლში ყოფნისას მარიამ რომელაშვილს დაურეკა ყოფილმა მეუღლემ - ა------------- და დაემუქრა სიცოცხლის მოსპობის მუქარით. დაზარალებულს კი გაუჩნდა მუქარის განხორციელების რეალური შიში, მიუხედავად იმისა, რომ ბრალდებული იმ დრომდე არასდროს დამუქრებია და მის ხელში არასდროს უნახავს რაიმე სახის იარაღი. შიშის მიზეზად მა-------------–-–---–-- მიუთითა მხოლოდ მისი ეჭვი იმასთან დაკავშირებით, რომ ა------------ იყო აფექტში.

 

პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ დაზარალებულის ჩვენება და მის მიერ საპატრულო პოლიციის გამოძახებისას დაფიქსირებული შეტყობინება (ინფორმაციის ერთი წყარო) წარმოადგენს ერთადერთ მტკიცებულებას ა------------ს მიერ შესაძლო მუქარის ჩადენის ფაქტზე. ამასთან, საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლი, თავისი შინაარსიდან გამომდინარე, წარმოადგენს სპეციფიურ მუხლს და ქმედების სამართლებრივი შეფასებისათვის, სხვა გარემოებებთან ერთად, უმნიშვნელოვანესია დაზარალებულების ფსიქო-ემოციური მდგომარეობა არსებული, ან მოსალოდნელი საფრთხის რეალურ აღქმასთან დაკავშირებით.

 

პალატა ეთანხმება პირველის ინსტანციის სასამართლოს შეფასებას, რომ დანაშაულის შემადგენლობისათვის გადამწყვეტი არ არის მუქარის რეალურობა, არამედ მსხვერპლში მისი საფუძვლიანი შიშის გამოწვევა. შიშის საფუძვლიანობის დასადგენად, სასამართლომ არ უნდა იხელმძღვანელოს არც მხოლოდ სუბიექტური და არც მხოლოდ ობიექტური კრიტერიუმებით. თუ იხელმძღვანელებს მხოლოდ სუბიექტური კრიტერიუმებით, მაშინ მუქარად უნდა აღვიქვათ მშიშარა ადამიანის მიმართ შემთხვევით წამოცდენილი არასერიოზული მუქარაც. თუ იხელმძღვანელებს მხოლოდ ობიექტური კრიტერიუმებით, მაშინ მუქარად უნდა დაკვალიფიციერდეს ისეთი შემთხვევაც, როცა ჩვეულებრივი ფსიქიკური კონსტიტუციის მქონე ადამიანისათვის ეს მუქარა შიშის მომგვრელია, მაგრამ ამ შემთხვევაში პირს, რომელსაც დაემუქრნენ, საერთოდ არ გასჩენია მუქარის განხორციელების შიში, რაც ასევე არ იქნება გამართლებული.

 

ამდენად, საკითხის გადაწყვეტისას, სასამართლო ხელმძღვანელობს როგორც სუბიექტური, ასევე ობიექტური კრიტერიუმებით. ეს იმას ნიშნავს, რომ მუქარის საფუძვლიანობის შეფასებისას, სასამართლომ უნდა წარმოიდგინოს ჩვეულებრივი ფსიქიკის ადამიანი და განსაზღვროს, ჩათვლიდა, თუ არა ასეთი ადამიანი ამ მუქარას (ასეთის არსებობის შემთხვევაში) რეალურად. ამ დროს მხედველობაში აუცილებლად მიიღება დამმუქრებლის პიროვნება (აგრესიული, კონფლიქტური, ნასამართლევი, სხვადასხვა მძიმე, განზრახი დანაშაულებისათვის, შემაკავებელი ორდერის, ოჯახური ძალადობის, სერიოზული კონფლიქტის, ან მგავსი ფაქტის წარსულში არსებობა) ურთიერთდამოკიდებულება დამნაშავესა და მსხვერპლს შორის, მუქარის გამოხატვის ხერხი, მისი არაერთგზისობა, ან არაერთჯერადობა, პირის შეიარაღება მუქარის წარმოთქმისას და ა. შ.

 

მოცემულ შემთხვევაში კი დაზარალებულის განმარტებით, მას წარსულში არასდროს ქონდა მსგავსი დაძაბული ურთიერთობა, ან კონფლიქტი ბრალდებულთან (თუ არ ჩავთვლით ცოლ-ქმარს შორის მცირე შელაპარაკებას, ან შეურაცხყოფას), არ უნახავს მისი კონფლიქტი (მათ შორის არაფხიზელ მდგომარეობაში) სხვა პირთან, რაიმე სახის იარაღი მის ხელში, შესაბამისად სასამართლოს მიაჩნია, რომ დაზარალებულის მიერ ფაქტი და ფაქტისადმი მისი დამოკიდებულება მოცემულ შემთხვევაში გადმოცემულია გაზვიადებულად და მისი წინარე მოქმედებები (მიმოწერა ანი კაკიაშვილთან, ასიმ ოზერთან) მეტწილად მაპროვოცირებელი იყო მოვლენათა შესაძლო ამგვარი განვითარებისათვის. მხედველობაშია მისაღები ის გარემოებაც, რომ დაზარალებულმა, პოლიციაში გარკვეული პერიოდის შემდეგ დარეკა და ისიც მას შემდეგ, რაც ბავშვის ძიძამ ურჩია.

 

ამასთან დაკავშირებით კი პალატა განმარტავს, რომ შესაძლო დანაშაულის არსებობის შემთხვევაშიც, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არასაკმარისია პირის დამნაშავედ ცნობისათვის, ვინაიდან, არა უბრალოდ მხოლოდ მტკიცებულებათა ,,ფორმალური ერთობლიობა’’, არამედ საკმარისი, დამაჯერებელი, სარწმუნო, ურთიერთშეთანხმებული და უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობაა აუცილებელი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით პირის დამნაშავედ ცნობისა და გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.

 

მოცემულ შემთხვევაში დაზარალებულის მიმართ განხორციელებული შესაძლო მუქარის შესახებ სასამართლო სხდომაზე განმარტა მხოლოდ დაზარალებულმა და მისმა მეგობარმა - ნ------------მ, თუმცა დადგენილია, რომ ამ უკანასკნელმა აღნიშნულის შესახებ იცოდა სწორედ დაზარალებულისაგან და თავად ფაქტს - მ--------------–-–---–-- მიმართ სიცოცხლის მოსპობის შესახებ მუქარას, არ შესწრებია. ასეთი ჩვენება კი წარმოადგენს ირიბ ჩვენებას. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო კი ირიბ ჩვენებას მართალია დასაშვებ მტკიცებულებად მიიჩნევს, თუმცა პრაქტიკის მიხედვით არ შეიძლება განაჩენი დაეფუძნოს მხოლოდ ირიბ ჩვენებას.

 

პალატა აღნიშნავს, რომ ნ------------ მხოლოდ ირიბად მიუთითებს მსჯავრდებულის ბრალეულობაზე წარდგენილ ბრალდებაში. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლი განსაზღვრავს ირიბი ჩვენების დეფინაციას, აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ირიბია მოწმის ის ჩვენება, რომელიც ეფუძნება სხვა პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ირიბი ჩვენება დასაშვები მტკიცებულებაა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ირიბი ჩვენების მიმცემი პირი მიუთითებს ინფორმაციის წყაროს, რომლის იდენტიფიცირება და რეალურად არსებობის შემოწმება შესაძლებელია. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის დროს ირიბი ჩვენება დასაშვები მტკიცებულებაა, თუ იგი დასტურდება სხვა მტკიცებულებით, რომელიც არ არის ირიბი ჩვენება.’’

 

პალატა აღნიშნავს, რომ ირიბი ჩვენების შემთხვევაში მოწმე სასამართლოს აწვდის ინფორმაციას ბრალდებულის მიერ დანაშაულებრივი ქმედების განხორციელების ან სხვა გარემოებების შესახებ, რომელთა თვითმხილველი თავად არ ყოფილა, ხოლო საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, ირიბი ჩვენება, ზოგადად, ნაკლებად სანდო მტკიცებულებაა, მისი გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს და, ამდენად, შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით.

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1548 გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს იმავე კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული მტკიცებულების - ირიბი ჩვენების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას. თუმცა იმავე გადაწყვეტილების თანახმად - ,,საკონსტიტუციო სასამართლო არ გამორიცხავს, გამონაკლის შემთხვევებში, ირიბი ჩვენების გამოყენების მართლზომიერებას. ასეთი გამონაკლისის დაშვება შესაძლოა გამართლებული იყოს, თუ არსებობს ობიექტური მიზეზი, რის გამოც შეუძლებელია იმ პირის დაკითხვა, რომლის სიტყვებსაც ემყარება ირიბი ჩვენება და, როდესაც ეს აუცილებელია მართლმსაჯულების ინტერესებიდან გამომდინარე.პირის მსჯავრდება დაუშვებელია და გამამტყუნებელი განაჩენი არ შეიძლება გამოტანილ იქნეს მხოლოდ ირიბი ჩვენებებისა ან/და სხვა არაპირდაპირი მტკიცებულებების საფუძველზე.

 

ირიბი მტკიცებულების გამოყენებასთან დაკავშირებით ევროპული სასამართლო აღნიშნავს, რომ თითოეულ შემთხვევაში დგას საკითხი, არსებობდა თუ არა საკმარისი საპირწონე ფაქტორები, მათ შორის ღონისძიებები, რომელიც ასეთი მოწმის ჩვენების სანდოობის სამართლიანი და სათანადო შეფასების საშუალებას იძლევა. მსჯავრდება შეიძლება დაფუძნებული იყოს ამგვარ მტკიცებულებაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის საქმისთვის მისი მნიშვნელობიდან გამომდინარე საკმარისად სანდოა (იხილეთ Al-Khawaja and Tahery v. the United Kingdom [GC], cited above, § 147).

 

სხვა საქმეზე სასამართლო განმარტავს, რომ ირიბი მოწმის ჩვენება არ უნდა იყოს არც ერთადერთი და არც გადამწყვეტი მსჯავრდებისათვის, 2015 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილებაში საქმე - ჭაჭაშვილი გერმანიის წინააღმდეგ (SCHATSCHASCHWILI v. GERMANY) სასამართლო მიიჩნევს, რომ დაუსწრებელი მოწმეების მტკიცებულება არ უნდა იყოს ,,გადამწყვეტი” და არ უნდა განაპირობებდეს განმცხადებლის მსჯავრდებას. იმავე გადაწყვეტილებით ეროვნული სასამართლო ვალდებული იყო განსაკუთრებული სიფრთხილე გამოეჩინა მოწმეთა სანდოობის შეფასებისას, ვინაიდან არც დაცვის მხარეს და არც სასამართლოს შეეძლო მოწმეთათვის სასამართლო სხდომაზე დაესვათ კითხვები და დაკვირვებოდნენ მათ ქცევას.

 

სასამართლო აღნიშნავს - რომ ,,ერთადერთი” მტკიცებულება გაგებულ უნდა იქნას, როგორც ბრალდებულის წინააღმდეგ არსებული მხოლოდ ერთი მტკიცებულება (იხილეთ ალ-ხავაია და ტაჰერი (Al-Khawaja and Tahery), ციტირება მაღლა, § 131). ,,გადამწყვეტი” მტკიცებულება ვიწროდ უნდა განიმარტოს, რადგანაც ამგვარი მასშტაბისა და მნიშვნელოვნების მტკიცებულება მაღალი ალბათობით საქმის შედეგის განმაპირობებელია. როდესაც მოწმის გადაუმოწმებელი მტკიცებულება გამყარებულია ბრალდების სხვა მტკიცებულებით, იმის შეფასება გადამწყვეტი იყო თუ არა ის, დამოკიდებული იქნება მხარდამჭერი მტკიცებულების ძალაზე.

 

მოცემულ შემთხვევაში სასამართლო სხდომაზე დაკითხული ნ------------ს ხელთ არსებული ინფორმაციის წყარო იყო თავად დაზარალებული, დაზარალებულის ჩვენება კი წარმოადგენს ერთადერთ მტკიცებულებას განსახილველ საქმეზე, ხოლო მეორეს მხრივ მის მიერ აღწერილი ფაქტები და ფაქტისადმი მისი დამოკიდებულება, პალატის შეფასებით, არადამაჯერებელია და გადმოცემულია გაზვიადებულად.

 

სასამართლო უთითებს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთ საქმეზე მიუთითა, რომ მნიშვნელოვანია ეროვნულმა სასამართლომ სათანადოდ შეაფასოს მტკიცებულებები და მსჯავრდებისას დაუსაბუთებლად არ დაეყრდნონ იმ მტკიცებულებებს, რომლის კანონიერებასა და სანდოობასაც დაცვის მხარე ეჭვქვეშ აყენებდა. ევროსასამართლო უთითებს, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში დაირღვევა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებული სამართლიანი სასამართლო განხილვის სტანდარტები (განაცხადები No 12315/04 და 17605/04, 2010 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილება, პუნქტები: 57-72).

 

შესაბამისად, პალატა მივიდა დასკვნამდე, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების ერთობლივი შეფასებით, მსჯავრდებულ ა------------ს მხრიდან გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, უტყუარად არ დასტურდება ოჯახის წევრის ყოფილი მეუღლის მ--------------–-–---–-- მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარის განხორციელების ფაქტი, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, განაჩენი კანონიერია, თუ გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციისა და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით. იმავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, განაჩენი დასაბუთებულია, თუ ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს. ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

 

სასამართლო განმარტავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი გულისხმობს მინიმუმ ორი მტკიცებულების არსებობას, რომლებიც ობიექტურ, ნეიტრალურ და გონივრულად მოაზროვნე პირს დაარწმუნებს მსჯავრდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში. მტკიცებულებათა დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს მსჯავრდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენაში. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ. მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერ აკმაყოფილებს კანონით დადგენილ, ზემოაღნიშნულ სტანდარტს.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ 2018 წლის 08 ნოემბრის განაჩენი ა------------ს მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული. შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.

 

ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხის გადაწყვეტა:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, შსს სსიპ 112-ის ოპერატიული მართვის სამმართველოდან გადმოგზავნილი აუდიო ჩანაწერები 01 დისკზე, რომელიც თან ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმესთან ერთად საქმის შენახვის ვადით.

 

ა------------ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული SAMSUNG J5“-ის მოდელის ტელეფონი, რომელიც ინახება შსს ისანი-სამგორის სამმართველოს მე-3 განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მის მიერ საამისოდ უფლებამოსილ პირს.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ირაკლი ქარდავას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 08 ნოემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი.

 

3. ა------------ (-------------- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდეს.

 

4. ა------------ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების სახე გირაო გაუქმებულია;

 

5. ა------------ს სახელზე გირაოს შემტან პირს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა.

 

6. განემარტოს გამართლებულს, რომ უფლება აქვს, მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

 

7. საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულება - შსს სსიპ 112-ის ოპერატიული მართვის სამმართველოდან გადმოგზავნილი აუდიო ჩანაწერები 01 დისკზე, რომელიც თან ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმესთან ერთად საქმის შენახვის ვადით.

 

ა------------ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული SAMSUNG J5“-ის მოდელის ტელეფონი, რომელიც ინახება შსს ისანი-სამგორის სამმართველოს მე-3 განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მის მიერ საამისოდ უფლებამოსილ პირს.

 

8. განაჩენი კანონიერ ძალაშია და ექვემდებარება აღსრულებას გამოტანისთანავე.

 

9. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: გოჩა ჯეირანაშვილი