განაჩენი

სისხლის სამართლის 26.12.2018
საქმის ნომერი
330100118002614297
ინსტანცია
თარიღი
26.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N330100118002614297, №1/ბ-1613-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

26 დეკემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე ნათია ბარბაქაძე

 

სხდომის სახე - ზეპირი მოსმენის გარეშე

 

გამართლებული - გი------ აშ-----ს ძე და-------ი, დაბადებული 199--–-–------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №0----------, მცხოვრები: თბილისი, მი-–-----------------.

 

კვალიფიკაცია:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილი - მუქარა ოჯახის წევრების მიმართ, ესე იგი სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

სასჯელი:

 

გი------ და-------ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

მხარეთა პოზიციები:

 

ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 2 ნოემბრის განაჩენის გაუქმება და გი------ და-------ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით, შემდეგ გარემოებათა გამო:

▪ განაჩენი უკანონო და დაუსაბუთებელია, არ გამომდინარეობს სასამართლოზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობიდან.

▪ მოწმეებმა ბე-----------–-–---–მა და ნა-----------ამ დეტალურად აღწერეს დაზარალებულთა ემოციური მდგომარეობა, ორივე დაზარალებული იყო ძალიან აღელვებული და შეშინებული, რადგან მათ გი------ და-------ის მუქარა სიცოცხლის მოსპობის შესახებ აღიქვეს რეალურად.

▪ დაზარალებულებმა გამოიყენეს კანონით გათვალისწინებული უფლება და ჩვენება არ მისცეს ახლო ნათესავის წინააღმდეგ, თუმცა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი შეფასებითი კატეგორიაა და არ გულისხმობს ყველა შესაძლო ეჭვს მიღმა მტკიცებას ან მტკიცების მათემატიკურ უტყუარობას. გონივრული ეჭვი არის საკმაო ეჭვი, რომელიც ეფუძნება მიზეზს, ლოგიკას, საღ აზრს ან გამოცდილებას. ეს არის ეჭვი, რომელიც ჩვეულებრივ საღად მოაზროვნე ადამიანს გაუჩნდება, მას შემდეგ, რაც ყურადღებით აწონის მტკიცებულებას და არ შეყოყმანდება გადაწყვეტილების მიღებაში. აღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლოს მიერ გი------ და-------ის ქმედებისთვის მიცემული შეფასება არის მცდარი და დაუსაბუთებელი (ვრცლად იხ. სააპელაციო საჩივარი).

 

დაცვის მხარის შესაგებლის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 2 ნოემბრის განაჩენის უცვლელად დატოვება, შემდეგ გარემოებათა გამო:

▪ სასამართლო სხდომაზე დაზარალებულებმა უარი განაცხადეს გი------ და-------ის საწინააღმდეგოდ ჩვენების მიცემაზე, ხოლო მოწმეები ბე-----------–-–---–ი და ნა-----------ა არ შესწრებიან სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტს.

▪ ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, არადამაჯერებელი და ირიბი მტკიცებულებების საფუძველზე პირის დამნაშავედ ცნობა კი, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციით და ადამიანის უფლებათა კონვენციით დადგენილ ნორმებს (იხილეთ სააპელაციო საჩივრის შესაგებელი).

 

სასამართლომ დაადგინა:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 02 ნოემბრის განაჩენით, გი------ და-------ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

 

სასამართლომ, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, დადასტურებულად არ მიიჩნია წარდგენილი ბრალდებით გი------ და-------ის ბრალეულობა. დადგენილებით, პირის ბრალდების შესახებ, გი------ და-------ს ბრალი ედება მასში, რომ მან ჩაიდინა მუქარა ოჯახის წევრების მიმართ, ესე იგი სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2018 წლის 12 ივლისს, საღამოს საათებში, გი------ და-------ი იმყოფებოდა ქ.თბილისი, მი-–------------------ში, რა დროსაც დედას - მა-------–-----ს და ბაბუას - არ----------–-----ს დაემუქრა, რომ მოკლავდა, რა დროსაც დაზარალებულებს გაუჩნდათ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. აღნიშნულამდე გი------ და-------ი სისტემატურად ემუქრებოდა მა-------–-----ს და არ----------–-----ს სიცოცხლის მოსპობით, რის შედეგადაც დაზარალებულებმა განიცადეს მორალური სახის ზიანი.

პალატას მიაჩნია, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც წარმოდგენილი იქნა ბრალდების მხარის მიერ, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ ადასტურებს გი------ და-------ის ბრალეულობას წარდგენილ ბრალდებაში, რის გამოც სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს გამამართლებელი განაჩენი მის მიმართ.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა და შეფასება:

 

პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს.

 

ამასთან, მტკიცების ტვირთის ბრალდების მხარეზე დაკისრება როგორც შიდასამართლებრივი, ისე საერთაშორისო სამართლით აღიარებული სტანდარტია. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთ საქმეში განაცხადა, რომ სისხლის სამართლის საქმეების შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ბრალდებას ეკისრება და რაიმე ეჭვის არსებობის შემთხვევაში საქმე ბრალდებულის სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. ამასთან, ძალადაკარგულია ამ წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული (2013 წლის 14 ივნისის რედაქცია) მტკიცებულების – ირიბი ჩვენების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას (იხ.: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის #1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე - „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“). საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლი კი ირიბ ჩვენებად მოიაზრებს მოწმის ისეთ ჩვენებას, რომელიც ეფუძნება სხვა პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 მუხლის შენიშვნის თანახმად, ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილ გარემოებას წარმოადგენს, რომ დაზარალებულად ცნობილ პირებს წარმოადგენენ გი------ და-------ის დედა და პაპა.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას დაზარალებულებმა მა--------–-----მა და არ----------–-----მა უარი განაცხადეს ჩვენების მიცემაზე.

სხდომაზე დაკითხვისას, მოწმე ბე-----------–-–---–მა განმარტა, რომ 2018 წლის 13 ივლისს, ოჯახურ კონფლიქტთან დაკავშირებით მიღებული შეტყობინების საფუძველზე, მეწყვილესთან - ნა-----------ასთან ერთად გამოცხადდა თბილისში, მი-–------------------ში. ადგილზე მისვლამდე რამდენიმე წუთით ადრე, მას აცნობეს, რომ ინიციატორი ითხოვდა საშველად მისვლის დაჩქარებას. ამის შემდეგ, იგი თავად დაუკავშირდა ინიციატორს, რომელმაც თხოვა დროულად მისულიყვნენ მისამართზე. მისვლისას ბინაში დახვდნენ აღელვებული ქალბატონი და მოხუცი მამაკაცი, რომლებმაც განუცხადეს, რომ ოჯახის წევრებს შორის მოხდა კონფლიქტი, რა დროსაც მათ სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა გი------ და-------ი. ამ დროს გი------ და-------ი იმყოფებოდა მის ოთახში. მა-------–-----მა ითხოვა სასწრაფო დახმარების გამოძახება, რადგან აწუხებდა წნევა და უთხრა, რომ შვილმა - გი------ და-------მა მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, თუმცა ქალბატონს ვიზუალურად დაზიანება არ აღენიშნებოდა. მშობლისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებას არ ადასტურებდა გი------ და-------ი. დაზარალებულების განმარტებით, მათ გაუჩნდათ მუქარის განხორციელების რეალური შიში, რადგან მათი სიცოცხლის და ჯანმრთელობისთვის გი------ და-------ი წარმოადგენდა რეალურ საფრთხეს. გი------ და-------ი ოჯახის წევრების მიმართ იყო აგრესიული, თუმცა სამართალდამცავთა მიმართ აგრესიას არ გამოხატავდა. მოწმემ ასევე განმარტა, რომ იგი არ შესწრებია გი------ და-------ის მხრიდან დაზარალებულების მიმართ მუქარის ფაქტს.

 

ანალოგიური ჩვენება მისცა პატრულ-ინსპექტორმა ნა-----------ამ და დამატებით განმარტა, რომ ადგილზე მისვლისას მათ დაზარალებულმა ქალბატონმა განუმარტა, რომ გი------ და-------მა მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, ხელი ჰკრა და მიაჯახა კარს, რა დროსაც ეტკინა ხელის კიდური, თუმცა ადგილზე მისულ სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლებს არ უთხრა, რომ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა შვილმა. მოწმემ ასევე განმარტა, რომ გი------ და-------ი გასაუბრების დროს იყო არაადეკვატური, დადიოდა ოთახში და ვერ ჩერდებოდა ერთ ადგილზე, აგრესიას გამოხატავდა დედის მიმართ და იწევდა მისკენ, რა დროსაც მოუწოდეს სიმშვიდისაკენ და ისიც დაემორჩილა მათ მოთხოვნას. გი------ და-------ის მხრიდან დაზარალებულების მიმართ განხორციელებულ მუქარის ფაქტს არ შესწრებია.

პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას მხარეები ბრალდების მხარის სხვა მტკიცებულებებზე შეთანხმდნენ, როგორც უდავო მტკიცებულებებზე და ისინი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე.

 

პალატამ საქმეში არსებული ყველა სადავო და უდავო მტკიცებულება შეაფასა საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და მიაჩნია, რომ მოცემულ საქმეზე ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა ერთმანეთთან შეთანხმებულ, უტყუარ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა გი------ და-------ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას.

 

მტკიცებულებების შეფასებამდე, პალატას მიზანშეწონილად მიაჩნია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობის განმარტება, რის გარეშეც წარმოუდგენელია სრულყოფილი და ცხადი გადაწყვეტილების მიღება.

 

კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით დასჯადია ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების ან ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. ამ დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის (ოჯახის წევრის) ფსიქიკური ხელშეუხებლობა, მისი სიმშვიდე და მყუდრო გარემოში ცხოვრების უფლება. დანაშაული გამოიხატება სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების ან ქონების განადგურების მუქარაში. შესაბამისად, იმისათვის, რომ მუქარა, ჩაითვალოს სისხლის სამართლის კოდექსით დასჯად ქმედებად, აუცილებელია სუბიექტის ქმედებამ დაზარალებულს გაუჩინოს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. ქმედების აღნიშნული მუხლით დაკვალიფიცირებისთვის აუცილებელია დადგინდეს, რომ მუქარა წარმოითქვა ისეთი ფორმით, ისეთ ვითარებაში და ისეთი პირის მიერ, რომ მუქარის მსხვერპლს გაუჩნდა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში. შიშის ფაქტორის შეფასებისას აუცილებელია გათვალისწინებული იყოს როგორც სუბიექტური, ისე ობიექტური კრიტერიუმები. მიუხედავად შედეგისა, განახორციელებს თუ არა მუქარას პირი ან აპირებს თუ არა მის განხორციელებას, დაზარალებულის მიერ მუქარის რეალურად აღქმა უკვე იძლევა ამ დანაშაულის შემადგენლობას.

უდავო მტკიცებულებებით - ელექტრონული შეტყობინებებით დადგენილია, რომ 2018 წლის 12 ივლისს ოჯახური ძალადობის, შვილთან კონფლიქტის ფაქტთან დაკავშირებით დაფიქსირდა გამოძახება ქ.თბილისში, მი-–---------------ში, ხოლო 2018 წლის 13 ივლისის შეტყობინებით, მა-------–-----ს შვილმა, გი------ და-------მა, მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, თუმცა სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას დაზარალებულებმა ისარგებლეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით მინიჭებული უფლებით და სასამართლოს არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელდა მათ ახლო ნათესავს.

 

ისეთი ჩვენების მიცემაზე უარის თქმა, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს, წარმოადგენს მოწმის უფლებას. აღნიშნული უფლებით სარგებლობა, რა თქმა უნდა, არ გამორიცხავს დანაშაულის ჩადენის ფაქტს. შესაბამისად, პალატა იმსჯელებს საქმეში წარმოდგენილ სხვა მტკიცებულებებზე და ამ მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შესაბამისად ბრალდების საფუძვლიანობაზე.

 

მოცემულ შემთხვევაში დაზარალებულების მიმართ განხორციელებული მუქარის შესახებ სასამართლო სხდომაზე ჩვენება მისცეს მხოლოდ ბე-----------–-–---–მა და ნა-----------ამ, თუმცა დადგენილია, რომ მათ აღნიშნულის შესახებ იცოდნენ დაზარალებულებისაგან და თავად ფაქტს - მა-------–-----ის და არ----------–-----ის მიმართ სიცოცხლის მოსპობის შესახებ მუქარას არ შესწრებიან. რაიმე პირდაპირი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა გი------ და-------ის მიერ მა-------–-----ის და არ----------–-----ის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარის განხორციელებას, სასამართლო სხდომაზე არ გამოკვლეულა.

პალატა აღნიშნავს, რომ ზოგადად, ოჯახურ დანაშაულთა უმრავლესობა, როგორც წესი, არ გამოირჩევა მოწმეთა სიმრავლით, შესაბამისად, განსაკუთრებული ყურადღება ექცევა დაზარალებულის ჩვენებას, მის თანმიმდევრულობასა და შესაბამისობას საქმეზე დადგენილ სხვა ფაქტობრივ გარემოებებთან. ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში, დაზარალებულებმა მა-------–-----მა და არ----------–-----მა საქმის არსებითი განხილვისას ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადეს, სასამართლო მოკლებული იყო შესაძლებლობას გამოეყენებინა გამოძიების ეტაპზე შედგენილი მათი გამოკითხვის ოქმები. რაც შეეხება დანარჩენ მტკიცებულებებს, რომლებზეც ბრალდების მხარე აპელირებს, მართალია, ადასტურებენ დაზარალებულების მიერ მიწოდებულ ინფორმაციას, მათზე განხორციელებული მუქარის ფაქტთან დაკავშირებით, თუმცა არც ერთი მოწმე თავად არ შესწრებია მუქარის ფაქტს. გარდა ამისა, მუქარის შემადგენლობისათვის აუცილებელია არა მარტო მუქარის განხორციელების, არამედ საფუძვლიანი შიშის გამოწვევის დადასტურებაც. წარმოდგენილი მტკიცებულებების და დაზარალებულების მიერ ჩვენების მიცემაზე უარის თქმის პირობებში კი პალატა მოკლებულია შესაძლებლობას შეაფასოს პირის მიერ განცდილი შიშის საფუძვლიანობაც.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ განაჩენის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ძირითადი პრინციპებით და ნორმებით.

 

საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-12 ნაწილის თანახმად, არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.

 

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ ბრალდებამ „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით უნდა დაასაბუთოს პირის ბრალეულობა და ასევე უნდა დააკმაყოფილოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითადი პრინციპი - in dubio pro reo, რაც იმას გულისხმობს, რომ არ შეიძლება სასამართლომ პირი ცნოს დამნაშავედ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი (მაგალითისთვის იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: ბარბერა, მესეგე და ხაბარდო ესპანეთის წინააღმდეგ (Barbera, Messegue and Jabardo v. Spain) პარ. 77; ლავენცი ლატვიის წინააღმდეგ (Lavents v. Latvia) პარ. 125 და მელიჩი და ბექი ჩეხეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ (Melich and Beck v. Czech Republic) პარ. 49).

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი. ამავე კოდექსის მე-5 მუხლის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.

 

პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც სასამართლოს მისცემდა საშუალებას გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაედგინა, რომ გი------ და-------მა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, რის გამოც თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 02 ნოემბრის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით,-

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორის ნათია ქართველიშვილის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 02 ნოემბრის განაჩენი.

 

გი------ და-------ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

 

ცნობად იქნეს მიღებული, რომ გაუქმებულია გი------ და-------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა და გათავისუფლებულია სხდომის დარბაზიდან 2018 წლის 2 ნოემბერს.

 

განემარტოს გამართლებულს, რომ მას უფლება აქვს მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გამოტანისთანავე შევიდეს კანონიერ ძალაში.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ნათია ბარბაქაძე