განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 14.06.2018
საქმის ნომერი
330310017001893013
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
დავები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე
თარიღი
14.06.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №330310017001893013

საქმე №3ბ/867-18

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

14 ივნისი, 2018 წელი თბილისი

თბილისის სააპელაციო სასამართლო

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე: თამარ ონიანი

მოსამართლეები: მანანა ჩოხელი

გიორგი ტყავაძე

 

სხდომის მდივანი - ლიანა გელაშვილი

 

აპელანტი (მოპასუხე) - სსიპ შემოსავლების სამსახური

წარმომადგენელი - ლ-–--------–---–ი

 

მოპასუხე - სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვები პუნქტი ,,ნინოწმინდა“

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ე---–-----------

წარმომადგენელი - ნ-----------------ე

 

მესამე პირი - გ---–-----------

წარმომადგენელი - ნ-----------------ე

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ნაწილობრივ ბათილად ცნობა

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილება

 

აპელანტის სსიპ შემოსავლების სამსახურის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

 

1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:

 

1.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

მოსარჩელე ე---–-----------ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტ „ნინოწმინდას“ 2017 წლის 13 თებერვლის №E------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი ე---–-----------ისათვის F----------- მოდელის ავტომობილის (სახელმწიფო სანომრე ნიშნებია Z-- 5--) ჩამორთმევის ნაწილში; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 29 მარტის N8--- ბრძანება იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა ე---–-----------ის საჩივარი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტ „ნინოწმინდას“ 2017 წლის 13 თებერვლის №E------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით ე---–-----------ისათვის F----------- მოდელის ავტომობილის (სახელმწიფო სანომრე ნიშნებია Z-- 5--) ჩამორთმევის ნაწილში. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

 

1.2. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

1.2.1. სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 13 თებერვლის სატრანსპორტო საშუალების შემოწმების ოქმის თანახმად, სატრანსპორტო საშუალების მფლობელ ე---–-----------ის შემოწმების შედეგად გამოვლინდა არადეკლარირებული, კონტრაბანდული უაქციზო სიგარეტი, კერძოდ: სიგარეტი „N--”-43 კოლოფი და სიგარეტი - “V--” – 10 კოლოფი.

 

1.2.2. 2017 წლის 13 თებერვალს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტ „ნინოწმინდას“ უფლებამოსილმა პირებმა შეადგინეს N E------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი ე---–-----------ის მიმართ იმ საფუძვლით, რომ სომხეთის მხრიდან სგპ ნინოწმინდა ტერიტორიაზე შემოვიდა საქართველოში რეგისტრირებული სატვირთო-სამგზავრო ა/მ სახ. ნომრით Z-- 5-- F-----------, რომელსაც მართავდა საქართველოს მოქალაქე ე---–----------- პ/ნ 0----------. ინტერვიურებისას პიროვნებამ განაცხადა, რომ არ ჰქონდა დასადეკლარირებელი არაფერი, მათ შორის, არც სიგარეტი, ხოლო ა/მ დათვალიერებისას სალონში ბარის (ე.წ. ტორპედო) უკანა მხარეს აღმოჩნდა დამალული უაქციზო სიგარეტი, კერძოდ N--- 43 კოლოფი (860 ღერი) და V-- – 10 კოლოფი (200 ღერი). სამართალდამრღვევს ფულად ჯარიმასთან ერთად სანქციის სახით შეეფარდა საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევა. შეფარდებული სანქცია: სსკ მუხ/ნაწ: 1) 289-ე მუხლის მე-14 ნაწ. 1000 ლარი, ფულადი ჯარიმა, საქონლის და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევა.

 

1.2.3. 2017 წლის 16 თებერვალს მოსარჩელე ე---–-----------მა წარადგინა საჩივარი შემოსავლების სამსახურში და 2017 წლის 13 თებერვლის N E------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის გაუქმება, მის მიმართ გაფრთხილების გამოყენება, და ჩამორთმეული ავტომანქანის დაბრუნება მოითხოვა.

 

სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 29 მარტის N8--- ბრძანებით ე---–-----------ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

 

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ადმინისტრაციული ორგანო სანქციის დაკისრებისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში. განიმარტა, რომ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებული ზომები არ იწვევს პირის კანონიერი უფლებების და ინტერესების დაუსაბუთებელ შეზღუდვას, არამედ მთლიანად არის გათვალისწინებული საჯარო და კერძო ინტერესები, რადგან სანქციის გამოყენების არსებით მიზანს სამართალდარღვევის თავიდან აცილება წარმოადგენს. ადმინისტრაციული აქტის გამოცემისას აქტის გამომცემი ორგანო ხელმძღვანელობდა ისეთ საჯარო ინტერესით, რომელიც თავისი მნიშვნელობითა და შედეგიანობით ბევრად აღემატება მოსარჩელის კერძო ინტერესს. მოცემულ შემთხვევაში საჯარო ინტერესი თავისი მნიშვნელობითა და შედეგიანობით ბევრად აღემატება სამართალდარღვევის კერძო ინტერესს, რადგან საბაჟო ვალდებულებების დარღვევისას სახელმწიფო და საზოგადოებრივი აუცილებლობა არაერთ გარემოებას და დასაცავ სიკეთეს მოიცავს. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს არ დაურღვევია ადმინისტრაციული აქტის გამოცემისათვის ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი ნორმები. გამოყენებული სანქციით დაცულია თანაზომიერების პრინციპი, უზრუნველყოფილია იურიდიული თანასწორობა. ჩადენილი ქმედების ხასიათიდან გამომდინარე გამოყენებული სანქცია თანაზომიერია იმ მიზნებთან და ღირებულებებთან, რომლის მიღწევასაც ისახავს საგადასახადო ორგანო.

 

1.2.4. ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექნიკური პასპორტის თანახმად, საქართველოში რეგისტრირებული სატვირთო-სამგზავრო ა/მ სახ. ნომრით Z-- 5-- F----------- რეგისტრირებულია და საკუთრების უფლებით ეკუთვნის მესამე პირს - გ---–-----------ს (მოსარჩელის მამა).

 

1.3. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

1.3.1. პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა საქართველოს კონსტიტუციის 42.1. მუხლზე, რომლის თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს.

 

1.3.2. პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა საქართველოს საგადასახადო კოდექსის პირველ მუხლზე, მეორე მუხლის მეორე ნაწილზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, 49-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 51-ე მუხლის პირველ ნაწილზე.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269.1. მუხლის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ჩაითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით. ამ კოდექსის 270.1. მუხლით, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამ ნორმის მე-2 ნაწილით, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის N290 ბრძანებით დამტკიცდა ინსტრუქცია „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ“ მითითებული ,,ინსტრუქციის" 1.1. მუხლის თანახმად, საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა/საბაჟო ტერიტორიიდან გატანა ხორციელდება საბაჟო გამშვები პუნქტის ან ამ მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრული სხვა ადგილის გავლით. ამავე ნორმის მე-2 ნაწილით, სასაზღვრო კონტროლის ზონები – საბაჟო გამშვები პუნქტებია: ,,ნინოწმინდა". ამავე მუხლის მე-4 პუნქტით, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი, საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით შეიძლება გადაადგილდეს ნებისმიერი სახის საქონელი, რომლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა/საბაჟო ტერიტორიიდან გატანა აკრძალული არ არის.

 

ამ ,,ინსტრუქციის" 2.1. მუხლით, საქონელი, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანის მომენტიდან, აგრეთვე საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გასატანი საქონელი გაფორმების დასრულების მომენტიდან, ექვემდებარება საბაჟო ზედამხედველობას და, შესაბამისად, 10 სავალდებულოა მისი წარდგენა ამ მუხლით დადგენილი წესით. ეს ვალდებულება არ ვრცელდება მილსადენით ან ელექტროგადამცემი ხაზით, საზღვაო ან საჰაერო სატრანსპორტო საშუალებით საქართველოს ტერიტორიული წყლების ან საჰაერო სივრცის გავლით გადაადგილებულ საქონელზე. ამავე ნორმის მე-2 პუნქტით, საბაჟო გამშვებ პუნქტში საქონლის წარდგენის ვალდებულება აქვს საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის გადამაადგილებელ პირს.

 

ამ ,,ინსტრუქციის" 3.1. მუხლით, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონლის ზოგადი დეკლარირება ხორციელდება საბაჟო გამშვებ პუნქტში, სასაზღვრო კონტროლის განხორციელების დასრულებიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა, ამ ნორმის მე-3 პუნქტით, ზოგადი დეკლარირება ნიშნავს საქონელზე იმ ზოგადი მონაცემების წარდგენას, რომლებიც აუცილებელია საბაჟო ზედამხედველობისა და საბაჟო კონტროლის განხორციელებისათვის, ხოლო მე-4 პუნქტით, ზოგად დეკლარირებას ახორციელებს: ა) საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემომტანი ან საქონლის ტრანსპორტირებაზე პასუხისმგებელი პირი ბ) საქონლის მესაკუთრე ან მისი წარმომადგენელი.

 

1.3.3. სასამართლომ მიუთითა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 29-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, იმ საგნის კონფისკაცია, რომელიც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის იარაღი, უშუალო ობიექტი ან საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი, საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესების დარღვევის საგანი, საქონლის ტრანსპორტირებისა და მიწოდების საშუალება იყო (გარდა ამ კოდექსის 1536 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საგნისა), მდგომარეობს მის სახელმწიფო საკუთრებაში იძულებით, უსასყიდლოდ გადაცემაში. კონფისკაციას ექვემდებარება მხოლოდ დამრღვევის პირად საკუთრებაში არსებული საგანი, თუ საქართველოს საკანონმდებლო აქტებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289.14. მუხლის თანახმად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე ფიზიკური პირის მიერ 3 000 ლარამდე ღირებულების საქონლის გადატანა ან გადმოტანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად – იწვევს ვალდებული პირის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით, ან/და ამ საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევას. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289.14. მუხლის საფუძველზე, სასამართლომ განმარტა, რომ ამ ნორმის შინაარსის თანახმად, პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის მოიცავს სახდელის სამ სახეს- ,,დაჯარიმებას - 1000 ლარის ოდენობით", ,,საქონლის" ან/და ,,სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევას". ამასთანავე, თითოეული სახდელის სახე შეიძლება გამოყენებული იქნეს, როგორც ალტერნატიული ფორმით (მხოლოდ, ,,ჯარიმა" ან მხოლოდ ,,საქონლის ჩამორთმევა" ან მხოლოდ, ,,სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევა"), აგრეთვე - კუმულატიურად. სამივე სახდელის სახის შეფარდებით (დაჯარიმება 1000 ლარის ოდენობით და ამ საქონლის და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევა). ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში პასუხისმგებლობის ზომის დადგენა (სანქციის შეფარდება) ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს (უფლებამოსილი პირის) დისკრეციულ უფლებამოსილებას.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებაზე, რომლის მიხედვითაც დამტკიცდა ,,საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი პირის შერჩევისა და საგადასახადო კონტროლის განხორციელების, მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო -მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესი". მითითებული ,,წესის" 79.1. მუხლის თანახმად, როდესაც სამართალდარღვევისთვის შეფარდებული სანქციის აღსრულების უზრუნველსაყოფად სხვა ღონისძიების გამოყენება შეუძლებელია და არსებობს გარემოებები, რომელთა გამოც უზრუნველყოფის ღონისძიებათა განუხორციელებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის სამართალდარღვევისთვის შეფარდებული სანქციის აღსრულებას, შესაძლებელია დამატებით განხორციელდეს სამართალდამრღვევი პირის კუთვნილი, საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული ნებისმიერი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევა და შესანახად გადაცემა. სასამართლოს მოსაზრებით, მითითებული ნორმის განმარტება შეესაბამება ზემოაღნიშნულ სახდელის ინდივიდუალიზაციის პრინციპს, რომ სანქციის შეფარდება და აღსრულების უზრუნველყოფა მოიცავს მხოლოდ სამართალდამრღვევი პირის კუთვნილი სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევას. საქმის მასალების მიხედვით, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ავტომანქანა F----------- სახ. ნომრით Z-- 5--, წარმოადგენს მოსარჩელე ე---–-----------ის მამის - გ---–-----------ის საკუთრებას. სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289.14. მუხლით გათვალისწინებული საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენისათვის პასუხისმგებლობის ზომის განსაზღვრა და სანქციის შეფარდება წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებას. ამასთანავე, ნორმა არ შეიცავს სპეციალურ დათქმას, რომ სანქციის სახით შეიძლება ჩამორთმეულ იქნეს სამართალდამრღვევის მფლობელობაში და საკუთრებაში არ არსებული სატრანსპორტო საშუალება.

 

სასამართლომ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ სანქცია ავტოსატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის ნაწილში უკავშირდება საკუთრების კონსტიტუციური უფლების შეზღუდვას და მიიჩნია, რომ გამოყენებული სანქცია ყველა შემთხვევაში უნდა პასუხობდეს თანაზომიერების პრინციპს. ჩადენილი სამართალდარღვევისათვის გათვალისწინებული სანქციის გამოყენებისას უზრუნველყოფილი უნდა იყოს იურიდიული თანასწორობა, გამოყენებული სანქცია უნდა ითვალისწინებდეს ჩადენილი ქმედების ხასიათს და იყოს თანაზომიერი იმ მიზნებთან და ღირებულებებთან, რომლის მიღწევასაც ისახავს საბაჟო რეჟიმის უზრუნველმყოფი ნორმა, აღნიშნულის გაუთვალისწინებლობამ შესაძლოა შედეგად გამოიღოს ნორმის თვითნებური გამოყენება და განმარტება. სასამართლომ აღნიშნა, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს გააჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289.14. მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომის (სახდელის) ყველა ღონისძიების ერთდროულად გამოყენების შესაძლებლობა მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ დადგინდება, რომ სატრანსპორტო საშუალება დამრღვევის საკუთრებას წარმოადგენს.

 

1.3.4. სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის ,,ლ" ქვეპუნქტის მიხედვით, დისკრეციული უფლებამოსილება არის უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. ამასთან, ამ კოდექსის მე-6 მუხლი ადგენს, რომ თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია განახორციელოს დისკრეციული უფლებამოსილება მხოლოდ იმ მიზნით, რომლის მისაღწევადაც მინიჭებული აქვს ეს უფლებამოსილება, ხოლო ამავე კოდექსის მე-7 მუხლი განამტკიცებს საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის მნიშვნელობას დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას, ადგენს რა, რომ მისი განხორციელებისას არ შეიძლება გამოიცეს ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტი, თუ პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად აღემატება იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც იგი გამოიცა. დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა.

 

სასამართლომ მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 11 აპრილის (საქმეN¹ბს-1655-1627(კ-11) გადაწყვეტილებაზე, რომლის თანახმადაც: ,,ის გარემოება, რომ საბაჟო ორგანო სანქციის დაკისრებისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით არ გამორიცხავდა ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას, გაეთვალისწინებინა დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენების წესები სახდელის დაკისრებისას, მხედველობაში მიეღო მისი პროპორციულობა და თანაზომიერება, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებანი, სამართალდარღვევის სიმძიმე, სამართალდარღვევის ჩამდენის პიროვნება, რაც საბოლოო ჯამში განაპირობებს გამოყენებული სანქციის ადეკვატურობას. დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში გადაწყვეტილების მიღება ავალდებულებდა ადმინისტრაციულ ორგანოს საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისად რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეერჩია ყველაზე მისაღები. სზაკ-ის 7.1 მუხლის მიხედვით დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას არ დაიშვება აქტის გამოცემა, თუ პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად აღემატება იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც იგი გამოიცა. ამასთანავე , წერილობითი ფორმით გამოცემული აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას (სზაკ-ის 53-ე მუხ.). ნორმაში ალტერნატიული სანქციის არსებობა მიუთითებს უფრო მკაცრი სახის სახდელის გამოყენების შესაძლებლობას იმ შემთხვევაში, უკეთუ ნაკლებად მკაცრი სახის სანქცია ვერ უზრუნველყოფს სახდელის მიზნის მიღწევის შესაძლებლობას. მოცემულ შემთხვევაში არ არის დასაბუთებული თუ რატომ ვერ იქნებოდა მიღწეული მიზანი მოსარჩელისათვის სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის გარეშე სანქციის შეფარდებით."

 

სასამართლომ განმარტა, რომ, საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობიდან გამომდინარე, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 7.2. მუხლის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ ადმინისტრაციული საჩივრის განხილვისას ადმინისტრაციული ორგანო ამოწმებს არა მხოლოდ კანონიერების, არამედ აგრეთვე მიზანშეწონილობის საკითხსაც, შესაბამისად, ქვედა ინსტანციის ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციას შესაძლებელია ჩაენაცვლოს ზემდგომი ორგანოს დისკრეცია. დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენების მართლზომიერების შემოწმებისას ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო თავადაც იყენებს დისკრეციულ უფლებამოსილებას, ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილება არ ნიშნავს თანაზომიერების და კანონიერების პრინციპის უგულებელყოფის შესაძლებლობას. სასამართლომ აღნიშნა, რომ დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენება განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს, რათა ადგილი არ ჰქონდეს პროცედურულ დარღვევებს, კანონის ფარგლების გაცდენას, რასაც შესაძლოა შედეგად მოჰყვეს საკუთრების ხელყოფა, კანონიერების, სუბიექტის უფლებების დარღვევა. მეორეს მხრივ, დისკრეციული სფეროს არსებობას ობიექტური ფაქტორები განაპირობებენ, კანონი სრულად ვერ მოაწესრიგებს ყველა საზოგადოებრივ ურთიერთობას, რომლებიც განსხვავდებიან ფაქტობრივი შემადგენლობით, სამართლებრივი რეგულირების ფორმებითა და მეთოდებით.

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის მითითება მხოლოდ საგადასახადო კოდექსის 289.14. მუხლით გათვალისწინებული სანქციის გამოყენებაში ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებაზე, არ წარმოადგენდა მოსარჩელის მიერ წარდგენილ საჩივარზე უარის თქმის საკმარის საფუძველს, მოსარჩელისათვის სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის ნაწილში. ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან მოსარჩელის მიმართ ჩადენილი საბაჟო სამართალდარვევისათვის სანქციის შეფარდებისას მოსარჩელისათვის სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის ნაწილში დაირღვა საჯარო და კერძო ინტერესთა ბალანსი, არ იქნა განსაზღვრული მოსარჩელის მიმართ სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის გარეშე სხვა სანქციის შეფარდებით რატომ ვერ იქნებოდა მიღწეული სამართალდარღვევის საქმეთა განხილვის მიზანი. კონკრეტული ნორმით დადგენილი სანქციის ალტერნატივის არსებობა, სასამართლოს მითითებით, სწორედ ასეთ დასაბუთებას საჭიროებდა. სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში არადეკლარირებული ქონების ოდენობის (ღირებულების) გათვალისწინებით, ავტოსატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევას ეძლევა სადამსჯელო, რეპრესიული ხასიათი, ეწინააღმდეგება სამართლიანობის მოთხოვნებს . იმის გათვალისწინებით, რომ საჯარიმო სანქცია უკავშირდება საკუთრების კონსტიტუციური უფლების შეზღუდვას, გამოყენებული სანქცია ყველა შემთხვევაში უნდა პასუხობდეს თანაზომიერების პრინციპს.

 

სასამართლო, მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 11 აპრილის (საქმეN¹ბს-1655-1627(კ-11) გადაწყვეტილებაზე, რომლის თანახმადაც: ,,ჩადენილი სამართალდარღვევისათვის გათვალისწინებული სანქციის გამოყენებისას უზრუნველყოფილი უნდა იყოს იურიდიული თანასწორობა, გამოყენებული სანქცია უნდა ითვალისწინებდეს ჩადენილი ქმედების ხასიათს და იყოს თანაზომიერი იმ მიზნებთან და ღირებულებებთან, რომლის მიღწევასაც ისახავს საბაჟო რეჟიმის უზრუნველმყოფი ნორმა, აღნიშნულის გაუთვალისწინებლობამ შესაძლოა შედეგად გამოიღოს ნორმის თვითნებური გამოყენება და განმარტება. ადმინისტრაციულმა ორგანომ სანქციის შეფარდებისას არ იმსჯელა სანქციის სახედ ავტოსატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის გამოყენების მართლზომიერებაზე. საქმის მასალების მიხედვით, სატრანსპორტო საშუალება, რომელსაც მართავდა ზ. ტ-ე, არ წარმოადგენდა სამართალდამრღვევის საკუთრებას, ავტომანქანა ზ. ტ-ეს მხოლოდ მართვის უფლებით ჰქონდა გადაცემული მესაკუთრის მიერ.“

 

1.3.5. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.1. მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ. ზემოაღნიშნული მსჯელობისა და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით სასამართლომ ე---–-----------ის სარჩელი დააკმაყოფილა ნაწილობრივ. ბათილად იქნა ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვები პუნქტი „ნინოწმინდას 2017 წლის 13 თებერვლის N E------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი ე---–-----------ისათვის F----------- მოდელის ავტომობილის (სახელმწიფო სანომრე ნიშნები Z-- 5--) ჩამორთმევის (კონფისკაციის) ნაწილში, აგრეთვე ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახურის დავების დეპარტამენტის უფროსის 2017 წლის 29 მარტის N8--- ბრძანება იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა ე---–-----------ის საჩივარი სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვები პუნქტი „ნინოწმინდას“ 2017 წლის 13 თებერვლის N E------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი ე---–-----------ისათვის F----------- მოდელის ავტომობილის (სახელმწიფო სანომრე ნიშნები Z-- 5--) ჩამორთმევის (კონფისკაციის) ნაწილში, დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

 

2. აპელანტ სსიპ შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

აპელანტმა მიუთითა, რომ 2017 წლის 13 თებერვალს სგპ ,,ნინოწმინდას“ საბაჟო გამშვებ ზონაში შემოვიდა საქართველოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალება Z-- 5-- F-----------, რომელსაც მართავდა საქართველოს მოქალაქე ა---ოიან ეღიშე. ინტერვიუირებისას პიროვნებამ განაცხადა, იმ ნივთების გარდა, რომელიც დაადეკლარირა, არ ჰქონდა დასადეკლარირებელი არაფერი, მათ შორის, არც სიგარეტი, ხოლო ავტომანქანის დათვალიერებისას სალონში ბარის (ე.წ. ტორპედო) უკანა მხარეს აღმოჩნდა დამალული უაქციზო სიგარეტი, კერძოდ N--- 43 კოლოფი (860 ღერი) და „G----’’ (200 ღერი). აღნიშნულზე შედგა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი NE-------, რომლითაც ე---–-----------ს დაეკისრა პასუხისმგებლობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის და სანქციის სახით შეეფარდა ფულადი ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით და საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების (სახ.ნომ. Z-- 5--) ჩამორთმევა.

 

აპელანტმა მიუთითა, რომ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების ფარგლებში ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს არა კონკრეტული ვალდებულების შესრულების მიზნით, არამედ კანონით მინიჭებული თავისუფლების ფარგლებში, მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა იყოს დასაბუთებული და ნაკარნახევი კერძო და საჯარო ინტერესების ურთიერთშეპირისპირების შედეგად მიღებული საუკეთესო შედეგის მქონე გადაწყვეტილების მიღებით. საგადასახადო პასუხისგმებლობის დადგომის დროს გამოყენებული სანქციის მიზანია საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფა და მას გააჩნია როგორც „სადამსჯელო“, ისე „პრევენციული“ დანიშნულება. ამდენად, აპელანტის მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს უნდა ემსჯელა, მიიღწეოდა თუ არა გამოყენებული სანქციით საგადასახადო პასუხისმგებლობის მიზნები და იყო თუ არა ეს მიზნები თანაზომიერი.

 

აპელანტის მითითებით, საგრძნობლად გაიზარდა აქციზურ მარკას დაქვემდებარებულ საქონელთან დაკავშირებული სამართალდარღვევების ჩადენის რიცხვი და შემოსავლების სამსახურის სტატისტიკის თანახმად, სსკ-ის 289 მუხლის მე-14 ნაწილთან დაკავშირებული სამართალდარღვევები (რომლებიც გასაჩივრებული არ არის) 2017 წელს 2016 წელთან შედარებით ორჯერ არის გაზრდილი, ხოლო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1552 მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევები (აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შემოტანა) გაზრდილია, დაახლოებით, 8-ჯერ.

 

აპელანტმა მიუთითა საბაჟო დეპარტამენტის უწინდელ პრაქტიკაზე, რომლის მიხედვითაც, აქციზის გადასახადის გაზრდამდე სამართალდარღვევის შემთხვევაში გამოიყენებოდა ჯარიმა და საქონლის ჩამორთმევა, რამაც ვერ უზრუნველყო პრევენციული ფუნქციის შესრულება და ამდენად, გაზრდილი სამართალდარღვევების ფონზე ადმინისტრაციულმა ორგანომ მოახდინა ყველაზე უფრო მკაცრი სანქციის გამოყენება. განსახილველ შემთხვევაში დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენების მიზანი არის სამართალდარღვევის პრევენცია და თუკი გამოყენებული სანქცია ვერ უზრუნველყოფს აღნიშნულს, უნდა მოხდეს მიღებული ზომების გამკაცრება.

 

აპელანტმა ასევე აღნიშნა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არ გაითვალისწინა დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, სამართალდამრღვევის მიერ შემოტანილი სიგარეტების ოდენობა - 53 კოლოფი სიგარეტი, რაც აქციზის გადასახადისგან გათავისუფლებულ ოდენობაზე 5-ჯერ მეტია. ასევე, სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო ის გარემოება, რომ საქონლის დასამალად ავტომობილში მოწყობილი იყო სამალავი ე.წ. „ტორპედოში“, რაც მიუთითებს იმაზე, რომ არსებობს მაღალი რისკი სამართალდარღვევის ჩასადენად ავტომობილის ხელახლა გამოყენებისათვის.

 

ავტომობილის საკუთრების ფაქტთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახურმა მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 724-ე მუხლზე, რომლის მიხედვითაც, საკუთრების მინდობის ხელშეკრულებით საკუთრების მინდობი გადასცემს ქონებას მინდობილ მესაკუთრეს, რომელიც იღებს და მართავს მას საკუთრების მიმნდობის ინტერესების შესაბამისად. ამავე კოდექსის 725-ე მუხლის შესაბამისად, მინდობილი მესაკუთრე მოვალეა მართოს მინდობილი საკუთრება თავისი სახელით, მაგრამ საკუთრების მიმნდობის რისკითა და ხარჯით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, კი მინდობილი მესაკუთრე მესამე პირებთან ურთიერთობაში სარგებლობს მესაკუთრის უფლებამოსილებით. თუ მინდობილი მესაკუთრე, საკუთრების მიმნდობის ინტერესების საწინააღმდეგოდ, არ იჩენს ისეთ გულისხმიერებას, როგორიც მას საკუთარი საქმეების მიმართ უნდა გამოეჩინა, იგი ვალდებულია აანაზღაუროს ამ მოქმედებით გამოწვეული ზიანი.

 

აპელანტს მიაჩნია, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება იურიდიულად დაუსაბუთებელი და კანონშეუსაბამოა. ამდენად, თბილისის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და ახალი გადაწყვეტილებით არ უნდა დაკმაყოფილდეს სასარჩელო მოთხოვნები.

 

3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

3.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ პუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

4. ფაქტობრივი დასაბუთება

 

სააპელაციო სასამართლო ეთანხმება თბილისის საქალაქო სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც იზიარებს სააპელაციო პალატაც.

 

5. სამართლებრივი დასაბუთება

 

5.1. სააპელაციო სასამართლო იზიარებს და ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით; კერძოდ, პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად შეაფასა საქმესთან დაკავშირებული ყველა ფაქტობრივი გარემოება; თავის მხრივ, აპელანტმა თავის სააპელაციო საჩივარში ვერ გააქარწყლა პირველი ინსტანციის სასამართლოს სამართლებრივი დასკვნები, ვერ მიუთითა და ვერ წარმოადგინა ისეთი არგუმენტები, რომლებზე დაყრდნობითაც შესაძლებელი იქნებოდა საქმეზე დადგენილი ფაქტების სხვაგვარი სამართლებრივი შეფასება.

 

5.2. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილის მიხედვით, საქართველოს საბაჟო საზღვარზე ფიზიკური პირის მიერ 3 000 ლარამდე ღირებულების საქონლის გადატანა ან გადმოტანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად – იწვევს ვალდებული პირის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით, ან/და ამ საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევას.

 

სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილის შინაარსი ცხადყოფს, რომ კონკრეტული სამართალდარღვევისთვის პასუხისმგებლობა მოიცავს სამი სახის ღონისძიების გამოყენების შესაძლებლობას - დაჯარიმებას, საქონლის ჩამორთმევას, სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევას. საგულისხმოა, რომ მოცემული სახდელები შეიძლება იყოს როგორც ალტერნატიული, ისე კუმულატიური, რომლის განსაზღვრაც ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებას განეკუთვნება.

 

სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ აღნიშნული მუხლით საგადასახადო ორგანოს ენიჭება რა დისკრეციული უფლებამოსილება, მან უნდა იმოქმედოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესებით. კერძოდ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დისკრეციული უფლებამოსილება არის უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. ამავე კოდექსის მე-7 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით განსაზღვრულია, რომ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას არ შეიძლება გამოიცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, თუ პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად აღემატება იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც იგი გამოიცა. დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა.

 

დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას ადმინისტრაციული ორგანო შებოჭილია კანონიერების პრინციპით და უნდა იმოქმედოს დემოკრატიის, სამართლებრივი სახელმწიფოსა და პირის ძირითადი უფლებების დაცვის პრინციპებიდან გამომდინარე. მიუხედავად იმისა, რომ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების ფარგლებში ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს არა კონკრეტული ვალდებულების შესრულების მიზნით, არამედ კანონით მინიჭებული თავისუფლების ფარგლებში, მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა იყოს დასაბუთებული და ნაკარნახევი კერძო და საჯარო ინტერესების ურთიერთშეპირისპირების შედეგად მიღებული საუკეთესო შედეგის მქონე გადაწყვეტილების მიღებით. დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მოქმედებისას, როდესაც ადმინისტრაციულ ორგანოს მინიჭებული აქვს გამოსაყენებელი სანქციის სახისა და ოდენობის არჩევის შესაძლებლობა, რასაც თან სდევს პირის უფლებათა და კანონით დაცულ ინტერესთა შეზღუდვა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გათვალისწინებულ იქნას სანქციის შეფარდების ზოგადი პრინციპები.

 

სააპელაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 28 დეკემბრის N2/7/667 გადაწყვეტილებაზე (სს „ტელენეტი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ), სადაც საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, „ადმინისტრაციული ორგანოსთვის დისკრეციული უფლებამოსილების დელეგირება გულისხმობს მისთვის გარკვეულ საკითხში მოქმედების თავისუფლების მინიჭებას, უფლებამოსილების განსაზღვრას, გარკვეული საკითხის გადაწყვეტის ორი ან მეტი ალტერნატივიდან შეარჩიოს ერთ-ერთი მისი შეხედულებისამებრ. აღსანიშნავია, რომ დისკრეციის ფარგლებში ადმინისტრაციული მოქმედების არსებული შესაძლო ვარიანტები, ზოგადად. ყოველთვის შეესაბამება ლეგალურობის მოთხოვნებს, თუმცა ადმინისტრაციული ორგანოს ამოცანას წარმოადგენს, ყოველ ინდივიდუალურ შემთხვევას შეუსაბამოს ოპტიმალური გადაწყვეტა კეთილსინდისიერად, მიუკერძოებლად, ყოველგვარი დისკრიმინაციისა და თვითნებობის გარეშე. ადმინისტრაციული დისკრეცია, თავისი არსით, გულისხმობს უფლებამოსილებათა დელეგირებას - საკანონმდებლო ორგანო ადმინისტრაციულ ერთეულს, ქცევის წესის მკაცრი განსაზღვრის ნაცვლად, ანიჭებს უფლებამოსილებას, თავად განსაზღვროს ოპტიმალური ქცევა. ერთი შეხედვით, აღნიშნული კოლიზიაში მოდის სახელმწიფოში ხელისუფლების დანაწილების ფუნდამენტურ პრინციპთან, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ პრაქტიკული თვალსაზრისით, წარმოუდგენელია კანონმდებელმა ხელისუფლების სხვა შტოთა კონკრეტული ინსტიტუციების მოქმედების ფარგლები სკრუპულოზური სიზუსტით გაწეროს. ამასთან, ნებისმიერი შემთხვევისა და პრობლემისათვის მოქმედების ინსტრუქციის ზედმიწევნით გაწერა, მისი პრაქტიკული განხორციელების შემთხვევაშიც კი შეზღუდავდა ადმინისტრაციული ორგანოს მოქმედების თავისუფლებას, ადმინისტრაციული პრაქტიკის საკანონმდებლო რეგულირებისთვის მისადაგებას და, შესაბამისად, საჯარო ხელისუფლების განხორციელების ეფექტურობას. ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილების მნიშვნელობის განმარტებისას აუცილებელია, ხაზი გაესვას დაწერილი სამართლისა და მისი პრაქტიკაში აღსრულების ურთიერთკავშირს. ადმინისტრაციულ ორგანოთა საქმიანობის მარეგულირებელი საკანონმდებლო ნორმები ხშირად წარმოდგენილია ზოგადი სახით, რის ინდივიდუალიზაციასა და „ცოცხალ“ სამართლად ქცევას, მასზე დელეგირებული დისკრეციული უფლებამოსილებების მეშვეობით, შემდგომ ახორციელებს ადმინისტრაციული ორგანო. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული დისკრეცია, თავისი არსით, ხელისუფლების განხორციელების პროცესში წარმოადგენს მნიშვნელოვან ინსტრუმენტს არა მარტო აღმასრულებელი ხელისუფლების, არამედ საკანონმდებლო ორგანოს პერსპექტივიდანაც. იგი შინაარსობრივი თვალსაზრისით უზრუნველყოფს ხელისუფლების დანაწილების პრინციპის პრაქტიკულ, ეფექტურ რეალიზებას. ზემოთ მოცემული მსჯელობიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული ორგანოსთვის მოქმედების თავისუფლების გარკვეული ფარგლების მინიჭებას ხშირ შემთხვევაში დიდი მნიშვნელობა აქვს ხელისუფლების ეფექტური განხორციელებისათვის, თუმცა აღნიშნული არ გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანოსათვის დაურეგულირებელი, გაუმართლებლად ფართო და აბსოლუტური დისკრეციული უფლებამოსილების მინიჭების ავტომატურ დასაშვებობას. აღსანიშნავია, რომ, რამდენადაც ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს საჯარო უფლებამოსილების ფარგლებში, მას წვდომა აქვს სახელმწიფოს ხელთ არსებულ ტექნიკურ და ადამიანურ რესურსებზე, აღჭურვილია სამართლებრივ ინსტრუმენტთა ფართო სპექტრით, რომელთაც იყენებს მისი საქმიანობის პროცესში. ამასთან, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში საქმიანობის განხორციელებისას ყოველთვის არსებობს შეცდომის დაშვების, ძალაუფლების ბოროტად გამოყენების, თვითნებური, მიკერძოებული მოქმედების მეტი რისკი. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება და მისთვის პასუხისმგებლობის განსაზღვრა გაცილებით მეტ სირთულესთანაა დაკავშირებული, როდესაც ის საქმიანობას ახორციელებს მოქმედების თავისუფლების პირობებში. აღნიშნულიდან გამომდინარე, ადმინისტრაციულ დისკრეციას, მის პოზიტიურ ასპექტებთან ერთად, ყოველთვის თან ახლავს ძალაუფლების ბოროტად გამოყენების მომეტებული რისკი და აუცილებელია, ადმინისტრაციული ორგანოსთვის დისკრეციის დელეგირება ხდებოდეს მკაცრად განსაზღვრული კრიტერიუმების, პირობების შესაბამისად, რაც მინიჭებულ უფლებამოსილებას მოაქცევს სამართლებრივ ჩარჩოში და უზრუნველყოფს სამართლიანი ბალანსის დაცვას დისკრეციის მიზნებსა და მისი ბოროტად გამოყენების რისკს შორის. ამასთან, განჭვრეტადს გახდის დისკრეციის განხორციელების საფუძველს და წინაპირობებს ნებისმიერი ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილებას დაქვემდებარებული პირისათვის.“

 

სადავო შემთხვევაში საგადასახადო ორგანომ სწორედ დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენებაზე მითითებით საგადასახადო კანონმდებლობით კონკრეტული სამართალდარღვევისთვის გათვალისწინებული სანქციის სამივე სახე ერთდროულად შეუფარდა მოსარჩელეს. ვინაიდან დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენება არ გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანოს მოქმედების სრულ თავისუფლებას, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა შეფასდეს, ერთი მხრივ, ავტოსატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის კანონიერება, მეორე მხრივ კი, დაცულია თუ არა თანაზომიერების პრინციპი.

 

პალატა ყურადღებას გაამახვილებს მასზედ, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექნიკური პასპორტის თანახმად, სატვირთო-სამგზავრო ავტოსატრანსპორტო საშუალება (სახ. ნომრით Z-- 5-- F-----------) რეგისტრირებულია და საკუთრების უფლებით ეკუთვნის მესამე პირს - გ---–-----------ს (მოსარჩელის მამა). შესაბამისად, მოსარჩელის მიერ ჩადენილი სამართალდარღვევისთვის სანქციის შეფარდებით მოხდა მესამე პირის საკუთრების ობიექტის ჩამორთმევა.

 

სააპელაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის მიხედვით, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით. ამავე კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. იმავე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილია, რომ საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საგადასახადო კანონმდებლობის სწავლების, საურავის, ფულადი ჯარიმის, საქართველოს ეკონომიკური საზღვრის გადაკვეთის უფლების შეზღუდვის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

 

ზემოაღნიშნული ნორმების ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ პასუხისმგებლობა ეკისრება სამართალდარღვევის ჩამდენ პირს, შესაბამისად, განსაზღვრულია სახდელის ინდივიდუალობის პრინციპი - პასუხისმგებლობის არარსებობა სამართალდარღვევის გარეშე. ადმინისტრაციული სახდელი წარმოადგენს პასუხისმგებლობის ზომას, რომელიც გამოიყენება ადმინისტრაციული სამართალდამრღვევის მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენის აღსაზრდელად კანონების დაცვის, საერთო ცხოვრების წესების პატივისცემის სულისკვეთებით, აგრეთვე როგორც თვით სამართალდამრღვევის, ისე სხვა პირთა მიერ ახალი სამართალდარღვევების ჩადენის აცილების მიზნით.

 

აღნიშნულ პრინციპს განამტკიცებს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 29-ე მუხლიც, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ საგნის კონფისკაცია, რომელიც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის იარაღი, უშუალო ობიექტი ან საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი, საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესების დარღვევის საგანი, საქონლის ტრანსპორტირებისა და მიწოდების საშუალება იყო (გარდა ამ კოდექსის 1536 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საგნისა), მდგომარეობს მის სახელმწიფო საკუთრებაში იძულებით, უსასყიდლოდ გადაცემაში. კონფისკაციას ექვემდებარება მხოლოდ დამრღვევის პირად საკუთრებაში არსებული საგანი, თუ საქართველოს საკანონმდებლო აქტებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილში არ არის მითითება მასზედ, რომ შეიძლება ჩამორთმეულ იქნეს სამართალდამრღვევის მფლობელობაში არსებული სატრანსპორტო საშუალება. ამდენად, სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევა წარმოადგენს საგადასახადო სანქციის ერთ-ერთ სახეს და იგი, ისევე როგორც სხვა საგადასახადო სანქციები, უნდა შეეფარდოს (შეიძლება, რომ შეეფარდოს) მხოლოდ და მხოლოდ იმ პირს, რომელმაც ჩაიდინა გადაცდომა - საგადასახადო სამართალდარღვევა, ანუ მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.

 

საგადასახადო სანქციის სახე - სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევა გულისხმობს საგადასახადო სამართალდამრღვევის კუთვნილი ნივთის მისი (დამრღვევის) საკუთრებიდან არანებაყოფლობით, მაგრამ ლეგალურად გამოსვლას და სახელმწიფოსთვის საკუთრებაში გადაცემას. სხვისი საკუთრების უფლების ობიექტის ჩამორთმევით გამოყენებული სანქცია ეწინააღმდეგება პასუხისმგებლობის ინდივიდუალურობის პრინციპს და იწვევს მესამე პირის საკუთრების ხელყოფას. შედეგად, რადგან კონფისკაციას დაქვემდებარებული ნივთი - ავტოსატრანსპორტო საშუალება არ წარმოადგენდა დამრღვევის - ე---–-----------ის საკუთრებას, მას არ განუცდია მატერიალური პასუხისმგებლობის მთელი ის სიმძიმე, რაც შეიძლება თან ახლდეს ორი ან ორზე მეტი სანქციის ერთობლიობას - შეუძლებელია პირს ჩამოართვა ის, რაც მას არ ეკუთვნის.

 

სააპელაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 7 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე (საქმე ბს-222-219(კ-14), სადაც „საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საგადასახადო პასუხისმგებლობა იურიდიული პასუხისმგებლობის ერთ-ერთი სახეა. იურიდიული პასუხისმგებლობა გულისხმობს სამართალდამრღვევის მიმართ სახელმწიფო იძულების ზომების გამოყენებას მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენისათვის. საკუთარი ქმედებისათვის ადამიანი პასუხს აგებს კანონისა და სასამართლოს წინაშე. იურიდიული პასუხისმგებლობა სოციალური პასუხისმგებლობის ერთ-ერთი ფორმაა. იგი ყოველთვის წარსულს (მოქმედება ან უმოქმედობა) აფასებს და დადგება სამართლებრივი მოთხოვნების დარღვევისათვის. იურიდიული პასუხისმგებლობა სამართლის ნორმების დარღვევის გარდაუვალი შედეგია. იურიდიული პასუხისმგებლობა განუყოფლად არის დაკავშირებული სახელმწიფოსთან, სამართლის ნორმებთან, ფიზიკური პირებისა და მათი გაერთიანებების ვალდებულებასთან და მართლსაწინააღმდეგო ქცევასთან. პასუხისმგებლობის გამოყენებისათვის უნდა არსებობდეს წინაპირობები: პირის ბრალეულობა, მისი ქცევის მართლწინააღმდეგობა, მიყენებული ზიანი, მიზეზობრივი კავშირი მის ქცევასა და დამდგარ მართლსაწინააღმდეგო შედეგს შორის.“ „საგადასახადო პასუხისმგებლობას, იურიდიული ფუნქციის გარდა, სოციალური ფუნქციაც გააჩნია. საგადასახადო პასუხისმგებლობის სოციალური ფუნქცია საგადასახადო სამართალდარღვევის თავიდან აცილების ზოგადი და კერძო პრევენციით ხორციელდება.“ „საგადასახადო პასუხისმგებლობა, იურიდიული პასუხისმგებლობის სხვა სახეების მსგავსად, კანონიერების, სამართლიანობის, პასუხისმგებლობის გარდაუვალობის და ა.შ. პრინციპებს ეფუძნება, ანუ პრინციპთა ერთიან სისტემას, რომლებიც ასახავენ მის შინაარსს, არსს, ფუნქციებსა და რეალიზაციის ფორმებს. საგადასახადო პასუხისმგებლობის პრინციპები ასახავენ მის ობიექტურ არსს, მიზნებს, ბუნებას და დანიშნულებას. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ პასუხისმგებლობის ზომების განსაზღვრის დროს კანონმდებელი შეზღუდულია სამართლიანობის, პროპორციულობის და სამართლის სხვა კონსტიტუციური და ზოგადი პრინციპების მოთხოვნებით. საგადასახადო პასუხისმგებლობის ზომების გამოყენებისას სახელმწიფოსათვის მნიშვნელოვანი და არსებითია არა მხოლოდ საგადასახადო სამართალდამრღვევის დასჯა, არამედ საჯარო ქონებრივი ინტერესების აღდგენა და წარმოშობილი ზიანის კომპენსაცია. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საგადასახადო სამართალდარღვევისათვის გათვალისწინებული საგადასახადო სანქცია უნდა შეესაბამებოდეს ჩადენილი ქმედების სიმძიმეს და მიყენებული ზიანის მოცულობას. კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი სამართალდარღვევის ადეკვატური უნდა იყოს.“

 

სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობისა ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელის მიმართ გამოიყენება საგადასახადო პასუხისმგებლობა. ამასთან, საგადასახადო პასუხისმგებლობის მიზანია საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფა, გააჩნია როგორც „სადამსჯელო“, ისე პრევენციული დანიშნულება და მისი გამოყენება უნდა მოხდეს ზემოაღნიშნული პრინციპების დაცვით. მნიშვნელოვანია, რომ საგადასახადო პასუხისმგებლობა იყოს ლეგიტიმური მიზნის შესაბამისი და პროპორციული, მას არ უნდა გააჩნდეს მხოლოდ „სადამსჯელო“ ხასიათი და უნდა ემსახურებოდეს სახელმწიფოსთვის მიყენებული ზიანის კომპენსირებას, სამომავლოდ სამართალდარღვევის ჩადენის აცილებას, გათვალისწინებულ უნდა იქნას სამართალდარღვევის შინაარსი, გამოწვეული ზიანი და სამართალდამრღვევი სუბიექტის პიროვნება. მხოლოდ აღნიშნულის საფუძველზე არის შესაბამისი კანონშესაბამისი და სამართლებრივი გადაწყვეტილების მიღება. იმ პირის საკუთრების უფლების ობიექტის ჩამორთმევით, რომელსაც საგადასახადო სამართალდარღვევა არ ჩაუდენია, საგადასახადო პასუხისმგებლობის მიზნები ვერ იქნება მიღწეული. ამასთანავე, მოცემული გამოიწვევს საკუთრების უფლებაში გაუმართლებელ ჩარევას.

 

სააპელაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის მიხედვით, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება. „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის“ დამატებითი ოქმის პირველი მუხლის შესაბამისად, ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრების შეუფერხებელი სარგებლობის უფლება. მხოლოდ საზოგადოებრივი საჭიროებისათვის შეიძლება ჩამოერთვას ვინმეს თავისი საკუთრება კანონითა და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით გათვალისწინებულ პირობებში. „საქართველოს კონსტიტუციისა და საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებიდან და ნორმებიდან გამომდინარე, საკუთრების უფლება წარუვალი და უზენაესი ადამიანური ღირებულებაა, საყოველთაოდ აღიარებული ძირითადი უფლება, დემოკრატიული საზოგადოების, სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფოს ქვაკუთხედია“. (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 1997 წლის 21 ივლისის №1/51 გადაწყვეტილება). საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 2 ივლისის №1/2/384 გადაწყვეტილებაში კი აღნიშნულია, რომ ადამიანის ღირსება და მისი პიროვნული თავისუფლება, ძირითად, ბუნებით უფლებებში გამოიხატება. ეს უფლებები იმით გამოირჩევიან, რომ წარმოადგენენ ადამიანის თანდაყოლილ და არა ნაწარმოებ უფლებებს. ადამიანი იბადება ამ უფლებებით, რაც საფუძველშივე ავალდებულებს სახელმწიფოს, ადეკვატურად უზრუნველყოს ყოველი ადამიანის პიროვნული თავისუფლების სრული თვითრეალიზაციის შესაძლებლობა. იმავდროულად, ეს გარემოება მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს სახელმწიფოს უფრო მეტ სიფრთხილეს და ზომიერებას უფლებაში შესაძლო ჩარევისა და რეგულირების ფარგლების დადგენისას. საკუთრების უფლებაც ბუნებითი უფლებაა, რომლის გარეშე შეუძლებელია დემოკრატიული საზოგადოების არსებობა. საკუთრების უფლება ადამიანის არა მარტო არსებობის ელემენტარული საფუძველია, არამედ უზრუნველყოფს მის თავისუფლებას, მისი უნარისა და შესაძლებლობების ადეკვატურ რეალიზაციას, ცხოვრების საკუთარი პასუხისმგებლობით წარმართვას. ყოველივე ეს კანონზომიერად განაპირობებს ინდივიდის კერძო ინიციატივებს ეკონომიკურ სფეროში, რაც ხელს უწყობს ეკონომიკური ურთიერთობების, თავისუფალი მეწარმეობის, საბაზრო ეკონომიკის განვითარებას, ნორმალურ, სტაბილურ სამოქალაქო ბრუნვას.“

 

აღნიშნული მიუთითებს საკუთრების უფლების მნიშვნელობაზე, მისი დაცვის მყარი გარანტიების არსებობის აუცილებლობაზე, რომლის გარეშეც შეუძლებელია დემოკრატიული სახელმწიფოს შენება, ცხოვრების ღირსეული პირობების შექმნა, ეკონომიკური ურთიერთობების, თავისუფალი მეწარმეობის, საბაზრო ეკონომიკის განვითარება. ამდენად, სანქციის სახედ ქონების ჩამორთმევის გამოყენებისას, ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა გამოიჩინოს განსაკუთრებული სიფრთხილე, გამოიკვლიოს საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და მათი ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიიღოს გადაწყვეტილება.

 

გარდა ზემოაღნიშნულისა, სააპელაციო პალატა გაეცნო რა საქმის მასალებს და მოისმინა რა აპელანტის ზეპირი ახსნა-განმარტებანი, ჩამოუყალიბდა შეხედულება მასზედ, რომ აპელანტი გ---–-----------ის კუთვნილ ავტოსატრანსპორტო საშუალებას განიხილავს მომავალში, მსგავსი შინაარსის სამართალდარღვევების ჩადენისთვის ხელსაყრელ იარაღად და რომ ამ ავტოსატრანსპორტო საშუალების გ---–-----------ის საკუთრებაში დატოვების შემთხვევაში ყოველთვის იარსებებს ასეთი გადაცდომების ჩადენის საშიშროება; დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილების ერთ-ერთ არგუმენტად კი ამ სახის სამართალდარღვევათა მატებასა და მის წინააღმდეგ ბრძოლის გამკაცრებაზე მიუთითებენ.

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოქმედი საგადასახადო კოდექსი (საგადასახადო სამართალდარღვევების ამომწურავი ჩამონათვალი) არ იცნობს ისეთი დეფინიციის მქონე საგადასახადო სამართალდარღვევას, რომლის თანახმადაც სამართალდარღვევის ჩადენის შესაძლო საშუალების (მაგალითად სამალავის მქონე ავტომობილი) როგორც სამოქალაქო ბრუნვიდან ამოღებული ან ბრუნვაშეზღუდული ნივთის (ავტოსატრანსპორტო საშუალება - სატვირთო-სამგზავრო ავტომობილი არ არის ამოღებული სამოქალაქო ბრუნვიდან, არ არის ბრუნვაშეზღუდული ნივთი), ასეთი ნივთის საკუთრების უფლებით ფლობა განიხილებოდეს საგადასახადო სამართალდარღვევად და იწვევდეს მესაკუთრისთვის კონკრეტული სახის საგადასახადო სანქციის (სანქციების) შეფარდებას, პასუხისმგებლობის დაკისრებას; პრაქტიკულად, გ---–-----------ის წინააღმდეგ საგადასახადო სანქციის - ავტომობილის კონფისკაციის გამოყენება, არაპირდაპირ, მოტივირებული არის სწორედ იმით, რომ გ---–-----------ი საკუთრების უფლებით ფლობს სამართალდარღვევის ჩადენის საშუალებას (სამალავის მქონე ავტობუსს), რაც არასწორია, რადგან მოქმედი საგადასახადო კოდექსი არ იცნობს ასეთი სახის და შინაარსის სამართალდარღვევის, კოდექსი არ ადგენს ამ სახის გადაცდომისთვის პასუხისმგებლობის ზომას - სანქციას.

 

სააპელაციო სასამართლო დამატებით ყურადღებას გაამახვილებს საგადასახადო სანქციის თანაზომიერებაზეც, კერძოდ, „თანაზომიერების პრინციპი ადამიანის უფლებათა შეზღუდვის მართლზომიერების შეფასების კონსტიტუციური კრიტერიუმია. ზუსტად ამიტომ მას კონსტიტუციური კონტროლისთვის არსებითი მნიშვნელობა აქვს.“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2006 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილება N1/3/393,397). საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო 2007 წლის 2 ივლისის N1/2/384 გადაწყვეტილებაში აღნიშნავს, რომ „თანაზომიერების შეფასებისას გადამწყვეტია მიზანსა და საშუალებას შორის პროპორციულობის საკითხის გარკვევა. ზუსტად ეს უზრუნველყოფს გონივრულ ბალანსს კერძო და საჯარო ინტერესებს შორის, როდესაც არც ერთი მათგანის დაცვა არ ხდება მეორის არაპროპორციულად შეზღუდვის ხარჯზე.“

 

სააპელაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 11 აპრილის ბს-1655-1627(კ-11) გადაწყვეტილებაზე, სადაც განმარტებულია, რომ „ის გარემოება, რომ საბაჟო ორგანო სანქციის დაკისრებისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით არ გამორიცხავდა ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას გაეთვალისწინებინა დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენების წესები სახდელის დაკისრებისას, მხედველობაში მიეღო მისი პროპორციულობა და თანაზომიერება, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებანი, სამართალდარღვევის სიმძიმე, სამართალდარღვევის ჩამდენის პიროვნება, რაც საბოლოო ჯამში განაპირობებს გამოყენებული სანქციის ადეკვატურობას. დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში გადაწყვეტილების მიღება ავალდებულებდა ადმინისტრაციულ ორგანოს საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისად რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეერჩია ყველაზე მისაღები. სზაკ-ის 7.1 მუხლის მიხედვით დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას არ დაიშვება აქტის გამოცემა, თუ პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად აღემატება იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც იგი გამოიცა. ამასთანავე, წერილობითი ფორმით გამოცემული აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას (სზაკ-ის 53-ე მუხ.). ნორმაში ალტერნატიული სანქციის არსებობა მიუთითებს უფრო მკაცრი სახის სახდელის გამოყენების შესაძლებლობას იმ შემთხვევაში, უკეთუ ნაკლებად მკაცრი სახის სანქცია ვერ უზრუნველყოფს სახდელის მიზნის მიღწევის შესაძლებლობას. მოცემულ შემთხვევაში არ არის დასაბუთებული თუ რატომ ვერ იქნებოდა მიღწეული მიზანი მოსარჩელისათვის სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის გარეშე სანქციის შეფარდებით.“ „კანონმდებლობა სასამართლოს, როგორც ნორმის შემფარდებელ ორგანოს, ანიჭებს უფლებამოსილებას თავად აირჩიოს სამართლებრივი შედეგი ჩადენილი სამართალდარღვევისათვის. სასამართლო ხელისუფლება ამოწმებს აღმასრულებელი ხელისუფლების, ადმინისტრაციული ორგანოების ნორმაშეფარდებითი საქმიანობის კანონიერებას და იგი არ არის შეზღუდული ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციით. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული აქტის გამოცემის შედეგად პირის კანონით დაცულ უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად არ უნდა აღემატებოდეს იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც იგი გამოიცა, დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ უნდა გამოიწვიონ პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა.“ „იმის გათვალისწინებით, რომ საჯარიმო სანქცია უკავშირდება საკუთრების კონსტიტუციური უფლების შეზღუდვას, გამოყენებული სანქცია ყველა შემთხვევაში უნდა პასუხობდეს თანაზომიერების პრინციპს. ჩადენილი სამართალდარღვევისათვის გათვალისწინებული სანქციის გამოყენებისას უზრუნველყოფილი უნდა იყოს იურიდიული თანასწორობა, გამოყენებული სანქცია უნდა ითვალისწინებდეს ჩადენილი ქმედების ხასიათს და იყოს თანაზომიერი იმ მიზნებთან და ღირებულებებთან, რომლის მიღწევასაც ისახავს საბაჟო რეჟიმის უზრუნველმყოფი ნორმა, აღნიშნულის გაუთვალისწინებლობამ შესაძლოა შედეგად გამოიღოს ნორმის თვითნებური გამოყენება და განმარტება.“

 

სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან მოსარჩელის მიმართ ჩადენილი საბაჟო სამართალდარღვევისათვის სანქციის შეფარდებისას დაირღვა საჯარო და კერძო ინტერესთა ბალანსი, რამეთუ მოსარჩელის მიმართ სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის გარეშეც, სხვა სანქციის შეფარდებით, სამართალდარღვევის საქმეთა განხილვის მიზანი მიიღწეოდა. კონკრეტული ნორმით დადგენილი სანქციის ალტერნატივის არსებობა კი განპირობებულია სამართალდარღვევის შინაარსისა და სამართალდამრღვევის სუბიექტის მაქსიმალური გათვალისწინებითა და მასთან გამოყენებული სანქციის შესაბამისობის დაცვით.

 

სასამართლო ვერ გაიზიარებს აპელანტის პოზიციას სადავო სამართალდარღვევის შემთხვევების გამოვლენის მონაცემების მკვეთრი ზრდის გამო ყველაზე მკაცრი სანქციის გამოყენების აუცილებლობის შესახებ და განმარტავს, რომ, მართალია, სახელმწიფო შეიმუშავებს სამართალდარღვევებთან ბრძოლის კონკრეტულ პოლიტიკას, რაც მათ შორის, მკაცრი სანქციების შემოღებითაც შეიძლება გამოიხატოს, თუმცა სამართალდარღვევის ჩამდენის მიმართ სახელმწიფოს პასუხი, პირველ რიგში, მოტივირებული უნდა იყოს თავად ჩამდენი პირის მიმართ თანაზომიერი იძულების ღონისძიების გამოყენების გზით მისი ქცევის კორექტირების აუცილებლობით. ბუნებრივია, რომ ზოგადი პრევენციის მიზანს აქვს საზოგადოებაში მაგალითის დატვირთვა ამგვარი ქმედების შემცირებისათვის. თუმცა არ შეიძლება პირის სანქცირების მიზანი იყოს მხოლოდ და მხოლოდ სხვა პირების „დაშინება“, გაფრთხილება და ამ გზით სხვების მიერ იგივე ქმედების ჩადენის რისკების მინიმალიზება. სახდელის ზოგადი ნეგატიური პრევენციის ფუნქცია, ცხადია, მნიშვნელოვანია და ის მუშაობს, მაგრამ მისი მიზნობრივი ქმედითობა მიღწევადია მხოლოდ მაშინ, თუ კონკრეტული ქმედებისთვის დაკისრებულ სახდელს აქვს ობიექტური საფუძველი, უზრუნველყოს სპეციალური პრევენციის ფუნქცია. ამ ფუნქციებთან თავსებადობის გარეშე, მხოლოდ ზოგადი პრევენციის მიზანზე ორიენტირებით სახდელის გამოყენება მას არაპროპორციულ სახდელად აქცევს.

 

5.3. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ სადავო ნაწილში ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები კანონს ეწინააღმდეგება, პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მოსარჩელის უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს, რის გამოც პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ სადავო საკითხი გადაწყვეტილია მართებულად.

 

6. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

6.1. ზემოაღნიშნული გარემოებების ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას. პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად გადაწყვიტა სადავო საკითხი, რის გამოც არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

5.1. აპელანტი, „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ პუნქტის თანახმად, განთავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისგან.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. სსიპ შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილება;

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში.

 

თავმჯდომარე: თამარ ონიანი

 

მოსამართლეები: მანანა ჩოხელი

 

გიორგი ტყავაძე