განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210018002331125
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე N2ბ/4187-18 27 ნოემბერი, 2018 წელი
თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე - ქეთევან დუგლაძე
მოსამართლეები: დიანა ბერეკაშვილი
ბესარიონ ტაბაღუა
სხდომის მდივანი - ნანა ველიჯანაშვილი
აპელანტი (მოსარჩელე) - მ--–-------------
წარმომადგენელი - ა-----–------–-–---–-
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სს „მ----------------“
წარმომადგენელი - ა--------–---–-
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილება
დავის საგანი - ფულადი ვალდებულების შესრულება
აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილებით, მ--–-------------ს სარჩელი სს „მ----------------ს“ მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე - არ დაკმაყოფილდა. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 15 მარტის სარჩელის უზრუნველყოფის განჩინება, რომლის საფუძველზეც, სს „მ----------------“-ს (ს/კ N2--------) აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებების გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა; უძრავი ქონებების მახასიათებლები: ა) უძრავი ქონება, მდებარე: ქალაქი ლ-------------------–-–-----------, ნაკვეთის წინა ნომერი N5-----------; საკადასტრო კოდი N5-----------; ბ) უძრავი ქონება, მდებარე: ქალაქი ს------------------–----–----–-----------------–----------- კვ.მ; საკადასტრო კოდი N5------------------; გ) უძრავი ქონება, მდებარე: ს-----------------------–----–-------------------------–------, საკადასტრო კოდი N5-----------; დ) უძრავი ქონება, მდებარე: ლ----------------------------–-------------, საკადასტრო კოდი N5-----------; ე) უძრავი ქონება, მდებარე: ქალაქი ს----------------------–---–---–------, საკადასტრო კოდი N5-----------; ვ) უძრავი ქონება, მდებარე: ს---------------------------–--------------, საკადასტრო კოდი N5-----------; ზ) უძრავი ქონება, მდებარე: ლ----------------------------–-------------, საკადასტრო N5-----------; თ) უძრავი ქონება, მდებარე: ქალაქი ლ-------------–-–-----------------; საკადასტრო კოდი N5-----------. მოსარჩელის მოთხოვნა სასამართლოსა და სასამართლოსგარეშე ხარჯების ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
პირველი ინსტანციის სასამართლომ უდავოდ მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2.1. უდავო გარემოებაა, რომ მოპასუხის მიმართ მიმდინარეობს არაერთი სამოქალაქო საქმე.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება
2.2. უდავო გარემოებაა, რომ 2017 წლის აპრილის თვიდან ნოემბრის თვის ჩათლით მოსარჩელეს მოპასუხისგან მიღებული აქვს თამასუქიდან გამომდინარე ყოველთვიური სარგებელი.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
-მხარეთა ახსნა-განმარტება
პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მოცემულ საქმეზე დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2.3. 2017 წლის 16 მარტს, მ--–-------------- და სს „მ----------------“ შორის დაიდო პროცენტიანი მარტივი ,,სოლო“ - თამასუქის შეძენის შესახებ ხელშეკრულება N2---- რომლის თანახმადაც „ი------------“ - ს.ს. „მ-----------------“ მიიღო თანხა 80 000 აშშ დოლარის ოდენობით და იკისრა ვალდებულება 18 თვის შემდეგ ანუ 2018 წლის 16 სექტემბერს გადაეხადა აღნიშნული თანხა. პროცენტიანი მარტივი - „მ–----------------“ ხელშეკრულება იყო პროცენტი - წლიური 15% სარგებლის დარიცხვით, რომელიც სს ,,მ----------------“ მ--–-------------სთვის უნდა გადაეხადა ყოველთვიურად.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2017 წლის 16 მარტის ხელშეკრულება N2--- (ტ.1, ს.ფ. 21-22)
- თამასუქი (ტ.1, ს.ფ. 19)
- სალაროს შემოსავლის ორდერი (ტ.1, ს.ფ. 20)
- თანხის მოძრაობა ანგარიშზე (ტ.1, ს.ფ. 23-25)
- მხარეთა ახსნა-განმარტება
2.4. საქმეში წარმოდგენილი პროცენტიანი მარტივი - მწვანე თამასუქის ხელშეკრულების თანახმად, თამასუქის განაღდება უნდა მოხდეს 2018 წლის 16 სექტემბერს. ხელშეკრულების 3.11. პუნქტის თანახმად, რომელიც იყო მხარეტა შორსი არსებული სპეციალური დათქმა, თამასუქი იყო ბლოკირებული, რომელიც არ ექვემდებარებოდა გასხვისებას, დაბრუნებას/განაღდებას და სხვა ნებისმიერი ოპერაციის განხორციელებას ამ ხელშეკრულების 3.10 პუნქტით განსაზღვრული ვადის ამოწურვამდე.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- თამასუქი (ტ.1, ს.ფ. 19)
- მხარეთა ახსნა-განმარტება
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანამხად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
ვალდებულების შესრულების ცნება გულისხმობს არა მხოლოდ შესრულებისაკენ მიმართულ მოქმედებას, არამედ შესრულების შედეგს. ქმედება შესრულებულად რომ ჩაითვალოს აუცილებელია მოვალემ შესრულება ზუსტად ისე განახორციელოს, როგორც ამაზე მხარეები იყვნენ შეთანხმებულნი.
2017 წლის 16 მარტს, მ--–-------------- და სს „მ----------------“ შორის დაიდო პროცენტიანი მარტივი ,,სოლო“ - თამასუქის შეძენის შესახებ ხელშეკრულება N2---- რომლის თანახმადაც "ი------------" - ს.ს. "მ-----------------" მიიღო თანხა 80 000 აშშ დოლარის ოდენობით და იკისრა ვალდებულება 18 თვის შემდეგ ანუ 2018 წლის 16 სექტემბერს განაღდებულიყო თამასუქი. პროცენტიანი მარტივი - მ–---------------- ხელშეკრულების მიხედვით თამასუქი იყო სარგებლიანი - წლიური 15% სარგებლის დარიცხვით, რომელიც სს ,,მ----------------“ მ--–-------------სთვის უნდა გადაეხადა ყოველთვიურად.
„თამასუქის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მიხედვით, ინდოსამეტი პასუხს აგებს აქცეპტისა და თამასუქის გადახდისათვის, თუ სხვა რამ არ არის დათქმული.
განსახილველ შემთხვევაში მხარეთა შორის არსებული სპეციალური დათქმის მიხედვით, თამასუქი იყო ბლოკირებული და არ ექვემდებარებოდა განაღდებას 2018 წლის 16 სექტემბრამდე.
„თამასუქის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მიხედვით, თამასუქი შეიძლება გაიცეს გადასახდელად შემდეგი ვადების გათვალისწინებით:
ა) წარდგენისთანავე;
ბ) წარდგენიდან განსაზღვრული დროის განმავლობაში;
გ) გაცემიდან განსაზღვრული დროის განმავლობაში;
დ) განსაზღვრულ დღეს.
„თამასუქის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის მიხედვით, თამასუქის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის „ა“ პუნქტით გათვალისწინებული თამასუქი გადახდილი უნდა იქნეს მისი წარდგენისთანავე. თამასუქის გამცემის მიერ ეს ვადა შეიძლება შემცირდეს ან გაიზარდოს. აღნიშნული ვადები შეიძლება შეამციროს ი------------.
ამდენად, საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებითა და თავად მხარეთა ახსნა- განმარტებით დასტურდება, რომ 2017 წლის 16 მარტის თამასუქით განსაზღვრული თანხის - 80 000 აშშ დოლარის განაღდების ვადად მითითებულია 2018 წლის 16 სექტემბერი, რომელიც არ შეცვლილა.
„თამასუქის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მიხედვით, თამასუქის მფლობელს შეუძლია წარუდგინის სარჩელი ი----------- თამასუქის გამცემს და სხვა ვალდებულ პირებს, შემდეგ შემთხვევებში: ა) გადახდის ვადის დადგომისას; ბ) გადაუხდელობისას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 367-ე მუხლის თანახმად, თუ ვალდებულების შესრულებისათვის მოვალის სასარგებლოდ დადგენილია რაიმე ვადა, კრედიტორს შეუძლია დაუყოვნებლივ მოითხოვოს შესრულება, თუკი მოვალე გადახდისუუნარო გახდა, ან შეპირებული უზრუნველყოფა შეამცირა, ანდა იგი საერთოდ ვერ წარმოადგინა.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ მიიჩნია, რომ გამოყენებული არ უნდა იქნეს მითითებული ნორმა მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძვლად, ვინაიდან აღნიშნული დანაწესი არის ზოგადი ხასიათის. კანონმდებლის მიერ კი ცალკე კანონის მიღებით მოხდა თამასუქთან დაკავშირებული მოთხოვნების დარეგულირება, შესაბამისად, სწორედ საქართველოს კანონი „თამასუქის შესახებ“ უნდა მივიჩნიოთ იმ სპეციალურ კანონად, რომელიც დაარეგულირებს თამასუქთან დაკავშირებულ დავებს, ხოლო იმ შემთხვევაში თუკი სპეციალურ კანონსა და ზოგად დანაწესს შორის წარმოიშვება კონკურენცია, სასამართლო სწორედ სპეციალურ კანონს გამოიყენებს.
ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში იმის გარდა, რომ თავად მხარეთა შორის მკაცრად იქნა განსაზღვრული, თუ როდის და როგორ ხდება თამასუქით გათვალისწინებული თანხის დაბრუნება, ზემოაღნიშნული სპეციალური კანონის დანაწესიდან გამომდინარე აღნიშნული საკითხიც ცალსახად და მკაფიოდ არის დარეგულირებული. შესაბამისად, მხარეთა შორის არსებულ ურთიერთობაზე არ უნდა გავრცელდეს სამოქალაქო კოდექსის 367-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევა, მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელე მხარეს არ წარმოუდგენია მოვალის ანუ მოპასუხის გადახდისუუნარობის დამადასტურებელი რაიმე სახის მტკიცებულება. მხოლოდ იმ გარემოებაზე მითითება, რომ იგი აღარ იხდის ყოველთვიურ სარგებელს, აღნიშნული არ ადასტურებს მოპასუხის გადახდისუუნარობას.
რაც შეეხება მოსარჩელის მე-2 სასარჩელო მოთხოვნას, მოპასუხისათვის სარგებლის დაკისრება 2017 წლის 18 დეკემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნული მოთხოვნა არ შეესაბამება „თამასუქის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებს, კერძოდ,მითითებული კანონის 42-ე მუხლის თანახმად, თამასუქის მფლობელს სარჩელის წარდგენისას შეუძლია მოითხოვოს გადახდა:
ა) არააქცეპტებული ან გადაუხდელი თამასუქის თანხისა პროცენტებითურთ, თუ ასეთი გათვალისწინებული იყო;
ბ) პროცენტებისა, ექვსი პროცენტის ოდენობით, რაც გადახდის ვადიდან გამოიანგარიშება;
გ) პროტესტის, შეტყობინების გაგზავნასთან დაკავშირებული და სხვა ხარჯები;
დ) საურავისა, თამასუქის თანხის სამი პროცენტის ოდენობით, რაც გამოიანგარიშება გადახდის ვადიდან.
ამდენად, მოცემულ შემთხვევაში არ არის მითითებული მუხლით გათვალისწინებული გარემოებები, რაც შეიძლება ყოფილიყო მე-2 სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი, კერძოდ, მოცემულ შემთხვევაში თამასუქი იყო აქცეპტირებული და ასევე არ არის ვადამოსული თამასუქი, რომელიც გადახდილი არ არის მოპასუხის მიერ („ა“ ქვეპუნქტი), რაც შეეხება გადახდის ვადიდან დასაანგარიშებელ ექვს პროცენტს („ბ“ ქვეპუნქტი), სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნული სარგებლის დარიცხვა უნდა განხორციელდეს მას შემდეგ, რაც მოპასუხეს მოუვა თამასუქის გადახდის ვადა, თუმცა იგი არ იხდის აღნიშნულ თანხას, რაც შესაძლოა გახდეს პროცენტების დარიცხვის საფუძველი. განსახილველ შემთხვევაში მითითებული მუხლის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები არარელევანტურია მოცემულ დავასთან მიმართებაში, ვინაიდან განსაზღვრულია ხარჯებისა და საურავის დარიცხვის წესი, რაც განსახილველ შემთხვევაში არ არის დავის საგანი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიუხედავად იმისა, რომ მხარეთა შორის განსაზღვრული იყო სარგებელი, სპეციალური კანონის მოთხოვნის შესაბამისად, თამასუქის მფლობელს სარჩელის წარდგენისას შეუძლია მოითხოვოს მხოლოდ 42-ე მუხლით გათვალისწინებული თანხების ანაზღაურება. განსახილველ შემთხვევაში კი მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა არ გამომდინარეობს მითითებული ნორმიდან, რაც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.
3. სააპელაციო საჩივრების საფუძვლები
სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
3.1. აპელანტის განმარტებით, მართალია სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, მაგრამ არასწორად განმარტა იგი. „თამასუქის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, თამასუქი შეიძლება გაიცეს გადასახდელად განსაზღვრულ დღეს. ამავე კანონის 37-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, თამასუქის მფლობელს შეუძლია სარჩელი წარუდგინოს ი-----------, თამასუქის გამცემს და სხვა ვალდებულ პირებს - გადაუსხდლობისას. ამავე მულის „ე“ ქვეპუნქტის მიხედვით, თამასუქის მფლობელს შეუძლია წარადგინოს სარჩელი, როდესაც მოვალის გადახდისუნარიანობა საეჭვოა. გადასახადების შეტანის შეჩერება არ არის სავალდებულო დადასტურდეს სასამართლო წესით.
მოცემულ შემთხვევაში „მ–----------------“ ხელშეკრულების მე-3 მუხლის მე-7 ნაწილის თანამხად, საპროცენტო სარგებლის გაცემა სს „მ----------------ს“ მიერ უნდა განხორციელებულიყო ყოველთვიურად, რაც არ განხორციელებულა 2017 წლის ნოემბრის თვიდან. ამავდროულად უდავო გარემოებას წარმოადგენს ის ფაქტი, რომ მოპასუხე მხარის მიმართ მიმდინარეობს არაერთი სამოქალაქო საქმე, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს მის წინაშე არსებულ ფინანსურ სიძნელეებს.
3.2. აპელანტის განმარტებით, 2017 წლის ნოემბრიდან სს „მ----------------“ არღვევს ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს, არ იხდის ყოველთვიურ სარგებელს. მიუხედავად იმისა, რომ მხარეთა შორის გაფორმებული თამასუქის მიხედვი მისი განაღდების ვადად განისაზღვრა 2018 წლის 16 სექტემბერი, კანონმდებლობის მიხედვით, არსებობს ინდოსატის დაცვის ბერკეტებიც. კერძოდ, თუკი სახეზეა ფაქტი, როდესაც თამასუქის გამცემი ხდება გადახდისუუნარო ინდოსატს ეძლევა უფლება აღძრას სარჩელი მის წინააღმდეგ „თამასუქის შესახებ“ კანონის 37-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის მიხედვით. აღნიშნული მუხლი სწორედ ე.წ. „ბლოკირებული თამასუქის“ არსებობის დროს უნდა იქნეს გამოყენებული, რადგან სწორედ ამავე მუხლში არის მითითებული, რომ „ე“ და „ვ“ პუნქტების გამოყენება ხდება გადახდის ვადის დადგომამდე, შესაბამისად, სასამართლოს მიერ იმ არგუმენტის გამოყენება, რომ გადახდის ვადა არ არის დამდგარი და სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს არ აშეესაბამება არსებულ სამართლებრივ ნორმებს და წინააღმდეგობაში მოდის კანონთან.
აპელანტის მითითებით, მოცემული საქმის სამართლებრივი და ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია „თამასუქის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლისა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 367-ე მუხლის წინაპირობების არსებობის განხილვა. „თამასუქის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის თანახმად, „თამასუქის მფლობელს შეუძლია წარუდგინოს სარჩელი ი-----------, თამასუქის გამცემს და სხვა ვალდებულ პირებს გადახდის ვადის დადგომამდე...“ განსახილველ შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, რომ გადახდის ვადად განსაზღვრულია სამომავლო თარიღი, აღნიშნული სამართლებრივი ნორმის თანახმად, ვადის დადგომამდეც დასაშვებია სარჩელის აღძვრა თუკი: 2) მოვალის გადახდისუნარიონობა საეჭვოა, მიუხედავად იმისა გაუკეთა თუ არა მან აქცეპტირება თამასუქს“. მოპასუხის გადახდისუუნარობას ასაბუთებს მის მიმართ არაერთი დავის არსებობა, კომპანიაში შექმნილი ფინანსური პრობლემები, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყოველთვიური სარგებლის გადაუხდელობა.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით ახალი გადაწყვეტილების მიღების დასაბუთება
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
იმავე კოდექსის 385-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, თუ ადგილი აქვს ამავე კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს.
იმავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია არ გადააგზავნოს საქმე უკან და თვითონ გადაწყვიტოს იგი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე.
4. ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
_ 2017 წლის 16 მარტის მ--–-------------- და სს „მ----------------“ შორის გაფორმებული თამასუქის შეძენის შესახებ N2--- ხელშეკრულების თანახმად, „ი------------“ - სს „მ-----------------“ მიიღო თანხა 80 000 აშშ დოლარის ოდენობით და იკისრა ვალდებულება 18 თვის შემდეგ - 2018 წლის 16 სექტემბერს გადაეხადა აღნიშნული თანხა; ხელშეკრულებით განისაზღვრა წლიური 15% სარგებელი, რომელიც სს ,,მ----------------“ მ--–-------------სთვის უნდა გადაეხადა ყოველთვიურად. ხელშეკრულების თანახმად, თამასუქის განაღდების თარიღია 2018 წლის 16 სექტემბერი, ამასთან, სპეციალური დათქმის თანახმად (3.11. პუნქტი) თამასუქი არის ბლოკირებული, რომელიც არ ექვემდებარება გასხვისებას, დაბრუნებას/განაღდებას და სხვა ნებისმიერი ოპერაციის განხორციელებას ამ ხელშეკრულებით განსაზღვრული ვადის ამოწურვამდე (იხ.ტ.1, ს.ფ. 19-25);
წარმოდგენილი სარჩელით მ--–------------- ითხოვს როგორც „მ–----------------“ №2--- ხელშეკრულებით გათვალისწინებული 80 000 აშშ დოლარის დაბრუნებას (თამასუქის განაღდებას ) ასევე ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში მიუღებელი სარგებლის ანაზღაურებას ( 2017 წლის 18 დეკემბრი - 2018 წლის 16 სექტემბერი ) და ასევე სარგებლის ანაზღაურებას გადაწყვეტილების აღსრულებამდე მთელ პერიოდზე მიუღებელი შემოსავლის სახით ( ყოველთვიურად 968 აშშ დოლარი);
გასაჩივრებული გადაწყვეტილებით, სარჩელზე უარის თქმას საფუძვლად დაედო ის გარემოება, რომ თამასუქი არ ექვემდებარებოდა განაღდებას 2018 წლის 16 სექტემბრამდე და ეს ვადა გადაწყვეტილების გამოტანის დროისათვის დამდგარი არ იყო, გარდა ამისა სასამართლომ აღნიშნა, რომ მოპასუხისათვის სარგებლის დაკისრება 2017 წლის 18 დეკემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, არ შეესაბამებოდა „თამასუქის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებს; სააპელაციო სასამართლო არ იზიარებს მითითებულ პოზიციას და საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზეა, 2017 წლის 16 მარტს, მ--–-------------- და სს „მ----------------“ შორის დადებული პროცენტიანი მარტივი ,,სოლო“ - თამასუქის შეძენის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოპასუხე სს „მ------------------“ ვალდებულება - 80 000 აშშ დოლარის განაღდების თაობაზე, ვინაიდან უდავოდ დადგენილია, რომ „ი-----------“ - სს „მ----------------“ მიღებული აქვს თანხა - 80 000 აშშ დოლარის ოდენობით, რომლის გადახდის ვალდებულება იკისრა 18 თვის შემდეგ ანუ 2018 წლის 16 სექტემბერს. გარდა ამისა, პროცენტიანი მარტივი - მ–---------------- ხელშეკრულების მიხედვით თამასუქი იყო სარგებლიანი - წლიური 15% სარგებლის დარიცხვით, რომელიც სს ,,მ----------------“ მ--–-------------სთვის უნდა გადაეხადა ყოველთვიურად.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესით, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება;საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლი განსაზღვრავს ვალდებულების წარმოშობის საფუძვლებს, რომლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლიდან;საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.
ამდენად, კანონმდებელი განამტკიცებს ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპს და შესაძლებლობას ანიჭებს მხარეებს, თავისი შეხედულებით განსაზღვრონ ხელშეკრულების შინაარსი და მისი შესრულების მექანიზმი. ამასთან, სახელშეკრულებო ბოჭვის პირობებში, ხელშეკრულების თითოეული მხარე ვალდებულია შეასრულოს მის მიერ ნაკისრი ვალდებულებები. სწორედ, აღნიშნულ პრინციპზე მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლი, რომლის თანახმად, ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას. ამ მუხლის მე-2 ნაწილი, განსაზღვრავს ვალდებულების შესრულების ძირითად კრიტერიუმებს, კერძოდ, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას;
„თამასუქის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7, 29-ე, 32-ე, 37-ე, 42-ე მუხლის მიხედვით თამასუქის გამცემი პასუხისმგებელია თამასუქის გადახდისათვის, გადასახდელად განსაზღვრულ დღეს გაცემული თამასუქი გადაიხდება თვის შესაბამის დღეს, ხოლო თამასუქის გაუნაღდებლობის შემთხვევაში თამასუქის მფლობელს შეუძლია წარუდგინოს სარჩელი ი----------- გადახდის ვადის დადგომისას და მოითხოვოს გადაუხდელი თამასუქის თანხა პროცენტებითურთ, თუ ასეთი გათვალისწინებული იყო;
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ 2017 წლის 16 მარტის ხელშეკრულებით, სს „მ----------------“ მ--–-------------სათვის უნდა დაებრუნებინა თანხა 80 000 აშშ დოლარი 2018 წლის 16 სექტემბერს. ასევე, დადგენილია, რომ დღეის მდგომარეობით მოპასუხის მიერ მოსარჩელისათვის თანხა დაბრუნებული არ არის. შესაბამისად, 2018 წლის 17 სექტემბრიდან მ--–--------------- მოთხოვნა, სს „მ----------------ს “ მიმართ - თამასუქის განაღდების თაობაზე, არის ვადამოსული. გარდა აღნიშნულისა, დადგენილია და არ არის სადაო, რომ მოპასუხეს 2017 წლის დეკემბრიდან ხელშეკრულების ვადის ამოწურვამდე 2018 წლის 16 სექტემბრამდე არ გადაუხდია მოსარჩელისთვის ხელშეკრულებით განსაზღვრული წლიური სარგებელი 15%, რაც ყოველთვიურად შეადგენდა 968 აშშ დოლარს, შესაბამისად, სახეზეა სს „მ----------------სათვის“ მ--–-------------ს სასარგებლოდ ხელშეკრულების მოქმედების ვადაში გადასახდელი სარგებლის დაკისრების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
სააპელაციო პალატის შეფასებით ასევე საფუძვლიანია მოსარჩელის მოთხოვნა ხელშეკრულების ვადის ამოწურვიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველთვიურად 968 აშშ დოლარის , როგორც მიუღებელი შემოსავლის ( სარგებლის )ანაზღაურების შესახებ ;
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება.
ამ კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.
სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება, რომ ჯეროვნად შესრულებულიყო.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე ითხოვს თანხის დროულად გადაუხდელობით გამოწვეულ ზიანს. სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მიუღებელი შემოსავალი თავისი სამართლებრივი ბუნებით ზიანის ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს. ამდენად, მისთვის დამახასიათებელია ყველა ის ელემენტი, რომელიც ზიანიდან წარმოშობილი ვალდებულებებისთვის არის გათვალისწინებული. ზემოთ მოყვანილი ნორმა სწორედ ამ მოსაზრებას განამტკიცებს. ამიტომ მიუღებელი შემოსავალიც, ისევე როგორც ზიანი მკაფიოდ უნდა იყოს განსაზღვრული და დადასტურებული უტყუარი მტკიცებულებებით. მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანი დგება, როდესაც ვალდებულების შესრულებით კრედიტორს გარკვეული შემოსავლის წყარო გაუჩნდებოდა, დამატებით მატერიალურ სიკეთეს შეიძენდა, რაც ვერ განახორციელდა ვალდებულების შეუსრულებლობის გამო. სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. აღნიშნული მუხლი უშუალოდ გამოხატავს მოვალის ინტერესებს და ათავისუფლებს მას ისეთი რისკისაგან, რაც მიუღებელია ქონებრივი პასუხისმგებლობის ჩვეული პრინციპისათვის. ამიტომაც, აღნიშნული მუხლი უპირველესად ადგენს, რომ ანაზღაურდება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო. ეს უკანასკნელი ისეთი ზიანია, რომელიც სავარაუდო იქნებოდა ნებისმიერი გონიერი ადამიანისათვის, კიდევ უფრო ზუსტად, ბრუნვის საშუალო მონაწილისათვის. ამდენად, ზიანის სავარაუდობა ობიექტური მასშტაბით ფასდება და არა კონკრეტული მოვალის სუბიექტური შესაძლებლობებით. მოვალეს არ შეიძლება დაეკისროს ის ანაზღაურება, რისი გათვალისწინებაც მას არ შეეძლო, ზიანი მისთვის გონივრულად უნდა იყოს სავარაუდო. იმის გათვალისწინებით, რომ საბაზრო ეკონომიკის პირობებში ფული განიხილება როგორც ყველაზე ბრუნვაუნარიანი საგანი, მისი ფლობა უპირობოდ იძლევა შემოსავლის მიღების პრეზუმფციას, სადაო შემთხვევაში კი, დადგენილია, რომ 2017 წლის 16 მარტის ხელშეკრულებით მ--–------------- სს „მ----------------სათვი“ გადაცემული ჰქონდა თანხა 80 000 აშშ დოლარის ოდენობით 18 თვის ვადით, შეთანხმებით გათვალისწინებული იყო ასევე სარგებელი (წლიური 15%) შესაბამისად, აღნიშნული იძლევა ვარაუდის საფუძველს იმისათვის, რომ თანხის დროულად დაბრუნების შემთხვევაში, მოსარჩელე კვლავ მიმართავდა ფულად თანხას შემოსავლის მიღებისკენ. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ ვინაიდან მ--–-------------ს კუთვნილი ფულადი სახსრებით სარგებლობს სს „მ----------------“ იგი ვალდებულია აუნაზღაუროს მოსარჩელეს ფულადი სახსრების სარგებლობისთვის მიყენებული ზიანი. დადასტურებულია, რომ ხელშეკრულებით, წლიური სარგებელი განსაზღვრული იყო 15%, ასევე დადგენილია, რომ მოპასუხეს ყოველთვიური სარგებელი, რაც შეადგენს 968 აშშ დოლარს არ გადაუხდია 2017 წლის დეკემბრიდან. შესაბამისად მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ყოველთვიურად 968 აშშ დოლარის გადახდა 2017 წლის დეკემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველ ნაწილის თანახმად სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით მთლიანად ან ნაწილობრივ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილებები: ა) ალიმენტის მიკუთვნების შესახებ; ბ) დასახიჩრებით ან ჯანმრთელობის სხვა დაზიანებით, აგრეთვე მარჩენალის სიკვდილით გამოწვეული ზიანის ასანაზღაურებლად გადასახადების დაკისრების შესახებ; გ) მუშაკისათვის არა უმეტეს 3 თვის ხელფასის მიკუთვნების შესახებ; დ) უკანონოდ დათხოვნილი ან გადაყვანილი მუშაკის სამუშაოზე აღდგენის შესახებ; ე1) უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის შესახებ; ვ) თამასუქისა და ჩეკის თაობაზე გამოტანილი გადაწყვეტილებები; ზ) ყველა სხვა საქმეზე, თუ განსაკუთრებულ გარემოებათა გამო გადაწყვეტილების აღსრულების დაყოვნებამ შეიძლება გადამხდევინებელს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს, ან თუ გადაწყვეტილების აღსრულება შეუძლებელი აღმოჩნდება. მითითებული ნორმა შეიცავს გადაწყვეტილებათა იმ კატეგორიის ჩამონათვალს, რომლებიც შესაძლოა დაუყოვნებლივ აღსრულდეს. განსახილველ შემთხვევაში, სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს თამასუქის ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის დაკისრება. როგორც ზემოთ აღინიშნა, თამასუქისა და ჩეკის თაობაზე გამოტანილი გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება კანონით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევაა და სასამართლოს აქვს შესაძლებლობა მხარეთა თხოვნის შემთხვევაში ის დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს.
პალატა აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების მიზნებისათვის პროპორციულად, სამოქალაქო სამართლებრივ ურთიერთობაში არსებული თანაბარზომიერების ფარგლებში უნდა შეფასდეს დასაცავი სიკეთისა და შეზღუდული უფლების ფარგლები, მნიშვნელოვანია, რომ დასაცავი სიკეთე თავისი არსით, დანიშნულებით მნიშვნელოვნად უნდა აღემატებოდეს უფლების შეზღუდვის ფარგლებს, ამასთან, უფლების შეზღუდვამ გამოუსწორებელი ზარალი არ უნდა მიაყენოს მხარეს და დაუშვებლად არ უნდა ხელყოს მისი უფლებები.
სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას უკავშირებს მის კანონიერ ძალაში შესვლის მომენტს, თუმცა კანონმდებლობა გამონაკლისს უშვებს, რა დროსაც შესაძლებელია გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება. ასეთ დროს გადაწყვეტილება აღსასრულებლად მიეცემა მიღებისთანავე, დაუყოვნებლივ, მის კანონიერ ძალაში შესვლამდე, რაც დასაშვებია კანონით პირდაპირ განსაზღვრულ შემთხვევებში ან ისეთი გარემოებების სარწმუნოდ დადასტურებისას, რომელთა დადგომა მომავალში გადაწყვეტილების აღსრულებას შეუძლებელს გახდის ან გადამხდევინებელს სერიოზულ ზიანს მიაყენებს.
განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ პუნქტის საფუძველზე წინამდებარე გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 270-ე მუხლის მიხედვით, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების შესახებ სასამართლოს განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა, რომელიც არ შეაჩერებს ამ განჩინების შესრულებას.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სააპელაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმების შედეგად ასკვნის, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება, მ--–-------------ს სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
6. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 15 მარტის განჩინებით გამოყენებული იქნა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება და სს „მ----------------“ აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა:
უძრავი ქონებების მახასიათებლები:
ა) უძრავი ქონება, მდებარე: ქალაქი ლ-------------------–-–-----------, ნაკვეთის წინა ნომერი N5-----------; საკადასტრო კოდი N5-----------;
ბ) უძრავი ქონება, მდებარე: ქალაქი ს------------------–----–----–-----------------–----------- კვ.მ; საკადასტრო კოდი N5------------------;
გ) უძრავი ქონება, მდებარე: ს-----------------------–----–-------------------------–------, საკადასტრო კოდი N5-----------;
დ) უძრავი ქონება, მდებარე: ლ----------------------------–-------------, საკადასტრო კოდი N5-----------;
ე) უძრავი ქონება, მდებარე: ქალაქი ს----------------------–---–---–------, საკადასტრო კოდი N5-----------;
ვ) უძრავი ქონება, მდებარე: ს---------------------------–--------------, საკადასტრო კოდი N5-----------;
ზ) უძრავი ქონება, მდებარე: ლ----------------------------–-------------, საკადასტრო N5-----------;
თ) უძრავი ქონება, მდებარე: ქალაქი ლ-------------–-–-----------------; საკადასტრო კოდი N5-----------; ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს მიღებული იქნა გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ და არ არსებობს სსსკ-ის 199 1 მუხლის გამოყენების წინაპირობები თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 15 მარტის განჩინებით გამოყენებული იქნა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება უნდა დარჩეს ძალაში;
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც;განსახილველ შემთხვევაში, მ--–-------------ს მიერ სარჩელზე, სარჩელის უზრუნველყოფის განცხადებაზე და სააპელაციო საჩივარზე სახ. ბაჟის სახით ჯამში გადახდილია 300 ლარი (იხ. ტ.1, ს.ფ. 43-44; 119-120; 71-72;, ტ.2.), რომელიც უნდა დაეკისროს მოპასუხეს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.
სააპელაციო სასამართლო დაკმაყოფილებული სასარჩელო მოთხოვნის გათვალისწინებით მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისათვის მინდობილობის გაფირმების ხარჯის - 12 ლარის, ასევე დოკუმენტების მოძიებისათვის (საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში უძრავი ქონების შესახებ მიღებული ცნობების, განახლებული ამონაწერებისა და ყადაღის რეგისტრაციისთვის გადახდილი მთლიანი ხარჯი) გაღებული ხარჯის - 324 ლარის დაკისრების შესახებ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს, სს „მ----------------“ მ--–-------------ს სასარგებლოდ სასამართლოსგარეშე ხარჯის ასანაზღაურებლად უნდა დაეკისროს 336 ლარის გადახდა;
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის ბოლო წინადადების თანახმად, იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
მითითებული ნორმა განსაზღვრავს მხარის მიერ წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების იმ ოდენობის მაქსიმუმს, რომელიც შეიძლება დაეკისროს მეორე მხარეს. ამ მაქსიმუმის ფარგლებში სასამართლოს შეუძლია, თავისი შეხედულებით, გონივრულ ფარგლებში განსაზღვროს წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობა, რომელიც მეორე მხარეს უნდა დაეკისროს. ასეთი წესი ქმნის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობის ხელოვნურად გაზრდის დაბრკოლებას, რაც იცავს იმ მხარის ინტერესებს, რომელსაც ამ ხარჯის ანაზღაურება უნდა დაეკისროს. სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული საქმის მოცულობა, მისი ფაქტობრივ-სამართლებრივი სირთულე, აგრეთვე, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობა, მათი შემოსავალი და სხვა ისეთი გარემოებები, რომლებიც განაპირობებს წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობის გონივრულ ფარგლებს. ბუნებრივია, სამართალწარმოება დაკავშირებულია გარკვეულ ხარჯებთან და იგი იმ მხარეს, რომლის წინააღმდეგაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, წარმოეშობა სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც მის სასარგებლოდ დაკმაყოფილდა (მოსარჩელე) ან მის მიმართ არ დაკმაყოფილდა (მოპასუხე), მაგრამ არა შეუზღუდავად. როგორც აღინიშნა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების მაქსიმუმის ფარგლებში (დავის საგნის ღირებულების 4%), სასამართლომ ადვოკატის დახმარებისათვის საფასური უნდა განსაზღვროს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის მოცულობის, დავის ფაქტობრივ-სამართლებრივი სირთულისა და სხვა ფაქტორების თანაზომიერი და გონივრული, არა უმეტეს დავის საგნის ღირებულების 4%-ის ფარგლებში.
კონკრეტულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილია 2018 წლის 29 იანვრის ხელშეკრულება იურიდიული მომსახურების შესახებ, რომლითაც ადვოკატის ჰონორარის თანხა განსაზღვრულია და გადახდილია პირველი ინსტანციის სასამართლოში 1500 (ათას ხუთასი) ლარით, ხოლო სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში 1000 (ათასი) ლარით (იხ. ტ.1, ს.ფ. 121-123)
სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ზემოთ მოხმობილი ნორმის საფუძველზე, კერძოდ, დავის ფაქტობრივ-სამართლებრივი სირთულისა და სხვა ფაქტორების თანაზომიერი და გონივრული შეფასების შედეგად, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს, საადვოკატო მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის - 2500 (ორი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით გადახდა.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. მ--–-------------ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება;
3. მ--–-------------ს სარჩელი დაკმაყოფილდეს;
4. სს „მ----------------“ მ--–-------------ს სასარგებლოდ დაეკისროს 80 000 აშშ დოლარის გადახდა, ასევე, 2017 წლის 18 დეკემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველთვიურად 968 აშშ დოლარის გადახდა;
5. სს „მ----------------“ მ--–-------------ს სასარგებლოდ დაეკისროს სასამართლო და სასამართლოს გარეშე ხარჯის ანაზღაურება 3 136 ლარის ოდენობით.
6. წინამდებარე გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად;
7. გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის ნაწილში დაიშვება კერძო საჩივრის წარდგენა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან 12 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით (ქ. თბილისი, გრ.რობაქიძის 7ა).
8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში (თბილისი, ძმ. ზუბალაშვილების ქ. N32) დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის გადაცემის მომენტიდან 21 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. N7ა);
9. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი), თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
თავმჯდომარე ქეთევან დუგლაძე
მოსამართლეები: დიანა ბერეკაშვილი
ბესარიონ ტაბაღუა