განაჩენი

სისხლის სამართლის 21.12.2018
საქმის ნომერი
120100118002367332
ინსტანცია
თარიღი
21.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 120100118002367332

საქმე №1ბ/1297-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

21 დეკემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე მზია ლომთათიძემ

 

ზაზა ჭანტურიძის მდივნობით

 

სახელმწიფო ბრალმდებელ - ოთ-------------ს

ადვოკატ - იო------------–---–ის

გამართლებულ - ბო-------–------ის

მონაწილეობით

 

ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორ კა--------–---–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე ზეპირი მოსმენით განიხილა სისხლის სამართლის საქმე:

ბო-------–------ის მიმართ, დაბადებულის 1--- წლის 13 აგვისტოს, საქართველოს მოქალაქის, პირადი ნომერი 4----------, დაოჯახებულის, მცხოვრების მისამართზე: ქ------––-----------------------------, დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით.

 

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 13 აგვისტოს განაჩენით ბო-------–------ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ პუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

 

ბო-------–------ეს ბრალი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატიური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ორი პირის მიმართ.

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

ქ. ა---––---–----------------------------ში მცხოვრები ბო-------–------ე წარსულში სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას მეუღლეს თა--------------ეს და შვილს ალ-----–------ეს. 2018 წლის 14 თებერვალს დაახლოებით 00:40 საათზე სახლში დაგვიანებით დაბრუნების გამო შვილს - ალ-----–------ეს დაუწყო სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება და მოსთხოვა მისი შვილის კუთვნილი ავტომანქანის გასაღების გამორთმევა, რაზედაც ალ-----–------ემ განუცხადა უარი, აღნიშნულის გამო განაწყენებულმა ბო-------–------ემ შვილს - ალ-----–------ეს ხელის დარტყმით სახის არეში და ყელში ხელის მოჭერით მიაყენა ძლიერი ფიზიკური ტკივილი, აღნიშნული ფაქტის შემსწრე ალ-----–------ის დედა - თა--------------ე შეეცადა არ მიეცა საშუალება ბო-------–------ისათვის შვილზე ფიზიკური შეურაცხყოფის გაგრძელების, რა დროსაც ბო-------–------ემ მის მეუღლეს თა--------------ეს ერთხელ ძლიერად დაარტყა ხელი და წააქცია, დარტყმის შედეგად თა--------------ემ ასევე განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:

ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა ბო-------–------ის ბრალეულობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორმა კა--------–---–---–მა, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 13 აგვისტოს გამამართლებელი განაჩენის გაუქმება და ბო-------–------ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, შემდეგ გარემოებათა გამო:

აპელანტს მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გამამართლებელი განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი, რადგან სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ბრალდების მხარემ გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურა ბო-------–------ის ბრალეულობა წარდგენილ ბრალდებაში, სასამართლო გამამართლებელი განაჩენის დადგენისას ამახვილებს ყურადღებას იმ გარემოებაზე, რომ სასამართლოში საქმის განხილვისას დაზარალებულებმა: ბრალდებულის შვილმა ალ-----–------ემ, ყოფილმა მეუღლემ თა--------------ემ, მეუღლემ ნი--------–---–მა და ასევე არასრულწლოვანმა შვილმა გი--------–------ემ გამოიყენეს მათთვის კანონით მინიჭებული უფლება და უარი განაცხადეს ჩვენების მიცემაზე, სასამართლოსათვის ჩვენების მიცემაზე ასევე უარი განაცხადა ბრალდებულმა ბო-------–------ემ, რომელმაც გამოიყენა მისთვის კანონით მინიჭებული დუმილის უფლება. ბრალდების მხარემ სასამართლოში ბო-------–------ის დამნაშავედ ცნობისათვის მოწმის სახით დაკითხა საქმის მწარმოებელი გამომძიებლები, სოციალური სამსახურის წარმომადგენელი, რომელთა თუნდაც არაპირდაპირი ჩვენებებით მოსამართლეს უნდა შექმნოდა შინაგანი რწმენა ბო-------–------ის მიერ დანაშაულის ჩადენის, ამასთანავე ყურადსაღებია ყოფილი მეუღლის დაზარალებულ თა--------------ის მიერ გამოძიებისათვის მიცემული ჩვენება, როგორც მისთვის, ასევე შვილის ალ-----–------ის მიმართ ბო-------–------ის მიერ ხელის დარტყმით ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტზე, რასაც გამოძიების ეტაპზე მიცემულ ჩვენებაში ადასტურებს თავად ალ-----–------ეც. ასევე ყურადსაღებია ის გარემოებაც, რომ ბო-------–------ის მხრიდან ძალადობის ფაქტს შეესწრო ნეიტრალური მოწმე ბო-------–------ის შვილის, ალ-----–------ის მეგობარი ნი--------–---–ი, რომელმაც გამოძიებას ძალადობრივი ქმედების ჩადენის ფაქტზე მიაწოდა ამომწურავი ინფორმაცია, ბუნებრივია აღნიშნული მოწმე სასამართლო პროცესზე ვალდებული იყო დაეფიქსირებია მომხდარი ფაქტის შესახებ პოზიცია, იმის გამო რომ ბრალდებულ ბო-------–------ეს თავიდან აერიდებინა მოსალოდნელი პასუხისმგებლობა შვილის მეგობარ ნი--------–---–თან 2018 წლის 19 აპრილს დარეგისტრირდა ქორწინებაში, რითაც მიეცა მოწმეს უფლება არ მიეცა ჩვენება ახლო ნათესავის წინააღმდეგ. აპელანტს მიაჩნია, რომ დაზარალებულების და მოწმეების მიერ ახლო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე უარის თქმა არ ნიშნავს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში დანაშაულის ჩადენის ფაქტს არ ჰქონდა ადგილი, საინტერესოა მოსამართლის ხედვა და შეფასება გამოძიების ეტაპზე მოწმეთა და დაზარალებულთა მიერ მიცემულ ჩვენებებზე, რითაც უდავოდ დასტურდება ბო-------–------ის მიერ ოჯახში ძალადობის ჩადენის ფაქტი, ორი ან მეტი პირის მიმართ.

 

გამართლებულ ბო-------–------ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა იო------------–---–მა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის შესაგებელით მხარი არ დაუჭირა საჩივრის მოთხოვნას და ითხოვა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 13 აგვისტოს განაჩენის უცვლელად დატოვება.

 

სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

აპელანტის პოზიციას, რომ ბრალდების მხარის მიერ სასამართლოსათვის წარდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება ბო-------–------ის მიერ ოჯახში ძალადობის ჩადენის ფაქტი, პალატა არ იზიარებს და ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებას, რომ მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც საკმარისი იქნებოდა გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის, ვინაიდან სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით არ იქნა დადგენილი ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ბო-------–------ემ შვილის - ალ-----–------ის და მეუღლის - თა--------------ის მიმართ განახორციელა ძალადობა, კერძოდ:

ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებები დამტკიცდა როგორც სადავო სახის მტკიცებულებები, გარდა ადვოკატის ორდერის და მტკიცებულებების შესახებ გაცვლის ოქმისა.

დაზარალებულებმა: ალ-----–------ემ და თა--------------ემ სასამართლო სხდომაზე უარი განაცხადეს მეუღლის და მამის - ბო-------–------ის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე, ხოლო ბო-------–------ემ თავი არ სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში.

ახლო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე ასევე უარი განაცხადეს გამართლებულ ბო-------–------ის მეუღლემ ნი--------–---–მა, რომელთანაც ქორწინება რეგისტრირებულია 2018 წლის 19 აპრილს და შვილმა - გი--------–------ემ.

 

აპელანტი აღნიშნავს, რომ ოჯახის წევრის მიერ ჩვენების მიცემაზე უარის თქმა გახდა გამამართლებელი განაჩენის დადგენის საფუძველი.

აღნიშნულთან დაკავშირებით, პალატა ითვალისწინებს შემდეგს, დაზარალებულის მიერ ჩვენების მიცემაზე უარის თქმა, რა თქმა უნდა ცალსახად არ შეიძლება გახდეს გამამართლებელი განაჩენის დადგენის საფუძველი, თუ პირის ბრალეულობა დასტურდება სასამართლოში გამოკვლეული სხვა მტკიცებულებებით, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.

ამასთან, პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენება. ხოლო, საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად მოწმეს აქვს უფლება არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს. მოცემულ შემთხვევაში, მოწმის გამოკითხვის ოქმის/ჩვენების გამოქვეყნების კანონით გათვალისწინებული საფუძველი არ არსებობს, შესაბამისად, პალატა ვერ დაეყრდნობა მოწმის მიერ გამოძიების ეტაპზე დაფიქსირებულ ფაქტობრივ გარემოებებს.

აპელანტი ასევე მიუთითებს, რომ ოჯახში ძალადობისათვის დამახასიათებელია მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში დაზარალებულების მხრიდან მოძალადის წინააღმდეგ ჩვენების არმიცემა, რაც გამოწვეულია სხვადასხვა სუბიექტური თუ ობიექტური გარემოებებით.

პალატა იზიარებს აპელანტის პოზიციას, მაგრამ ითვალისწინებს, რომ „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“, სტამბოლის 2011 წლის 11 მაისის ევროპის საბჭოს კონვენციის 55-ე მუხლის პირველ ნაწილის თანახმად, ფიზიკური ძალადობის დანაშაულის გამოძიება ან სისხლისსამართლებრივი დევნა არ უნდა იყოს მთლიანად დამოკიდებული მსხვერპლის მიერ შეტანილ განცხადებაზე ან საჩივარზე და სასამართლო პროცესი უნდა გაგრძელდეს მაშინაც კი, თუ მსხვერპლი გამოიტანს განცხადებას ან საჩივარს. კონვენციის აღნიშნული დათქმის მიხედვით, როცა მსხვერპლი უხეშად ერევა მართლმსაჯულების განხორციელებაში მისი პოზიციით, არ მისცეს ჩვენება ბრალდებულის წინააღმდეგ, ამის საპირწონედ, უნდა არსებობდეს მკაფიო და წონადი მტკიცებულებები ბრალდებულის ბრალეულობის დასადასტურებლად.

 

რაც შეეხება ბრალდების მოწმეების: პოლიციის თანამშრომლების: ალ--------------–-–---–ის, თა----------–---ის და თო-----------–---–ის სასამართლო სხდომაზე მიცემულ ჩვენებებს, ისინი არ არიან ფაქტის უშუალო შემსწრენი, მათ მიერ მოწოდებული ინფორმაცია დაზარალებულების და სხვა პირთა მონათხრობს ეფუძნება და ძალადობის ფაქტების მიმართ წარმოადგენენ ირიბ ჩვენებებს, ხოლო მოწმე (საპროცესო წარმომადგენლის) ელ-----------–-–---–ის განმარტებით იგი ესწრებოდა არასრულწლოვან გი--------–------ის დაკითხვას, რა დროსაც ძალადობას ადგილი არ ჰქონია და ბავშვი საუბრობდა ძალდატანების გარეშე.

 

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 14 თებერვლის N1--------- და N1--------- ექსპერტიზის დასკვნების თანახმად დადგენილია, რომ ალ-----–------ისა და თა--------------ის სხეულზე გარეგნული დათვალიერებით დაზიანების რაიმე ობიექტური ნიშნები არ აღინიშნება. აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნები არ შეიცავენ ინფორმაციას 2018 წლის 14 თებერვალს ბო-------–------ის მიერ ალ-----–------ისა და თა--------------ის მიმართ განხორციელებული შესაძლო ძალადობის შესახებ.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის დროს ირიბი ჩვენება დასაშვები მტკიცებულებაა, თუ იგი დასტურდება სხვა ისეთი მტკიცებულებით, რომელიც არ არის ირიბი ჩვენება.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილების თანახმად, მოწმის ირიბი ჩვენება ვერ აკმაყოფილებს უტყუარობის კონსტიტუციურ-სამართლებრივ სტანდარტს, რის გამოც ასეთი ჩვენება საფუძვლად არ უნდა დაედოს გამამტყუნებელ განაჩენს.

აღნიშნულ საქმეზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ ირიბი ჩვენება, ზოგადად, ნაკლებად სანდო მტკიცებულებაა, მისი გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს და, ამდენად, შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით. შესაბამისად, სასამართლომ დაადგინა, რომ სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც შესაძლებელს ხდის ირიბი ჩვენებების საფუძველზე მიღებულ იქნეს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება არ პასუხობს საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილ მტკიცებულებათა უტყუარობის მოთხოვნებს და შესაბამისად, არაკონსტიტუციურია.

 

პალატა ასევე ითვალისწინებს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის დაცვით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად აუცილებელია, სულ ცოტა ორი პირდაპირი, კანონიერი გზით მოპოვებული და უტყუარი მტკიცებულების ერთობლიობის არსებობა, რაც ობიექტურ დამკვირვებელს უქმნის საფუძვლიან, დამაჯერებელ რწმენას მათი სანდოობის თაობაზე და აქედან გამომდინარე, თვით სასამართლო გადაწყვეტილების სამართლიანობაზეც, იმისგან დამოუკიდებლად - მათთან ერთად მოიპოვება თუ არა ირიბი ჩვენებების სახით სხვა მტკიცებულებებიც /იხ. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება N561აპ-15 საქმეზე/.

მოცემულ შემთხვევაში კი ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარდგენილი ორი პირდაპირი მტკიცებულება.

რაც შეეხება საქმეში არსებულ სხვა უდავო მტკიცებულებებს, უნდა აღინიშნოს, რომ არცერთი მათგანი საქმისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციას ბო-------–------ის ბრალეულობასთან დაკავშირებით არ შეიცავს.

ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში არ ყოფილა წარდგენილი გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც დაადასტურებდა ბო-------–------ის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტს.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების და გამამართლებელი განაჩენის გაუქმების საფუძველი.

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორ კა--------–---–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 13 აგვისტოს განაჩენი დარჩეს უცვლელად.

ბო-------–------ე (პ/№-4----------) ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ პუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

ბო-------–------ე (პ/№-4----------) მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია.

გირაოს შემტანს თა--------------ეს (პ/ნ 4----------) განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში დაუბრუნდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის, აღსრულების ეროვნული ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე: სს „საქართველოს ბანკი“ ბანკის კოდი BAGAGE22; მიმღები ანგარიშის ნომერ GE27BG000000099999999-ზე 2018 წლის 16 თებერვალს შეტანილი თანხა 6 000 ლარი.

 

განემარტოს ბო-------–------ეს რომ მას აქვს უფლება მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გამოტანისთანავე შევიდეს კანონიერ ძალაში.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე მ. ლომთათიძე