განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 160100118002267555
საქმე №1ბ/1378-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
11 იანვარი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე მზია ლომთათიძემ
ზაზა ჭანტურიძის მდივნობით
სახელმწიფო ბრალმდებელ - გი------------–---–ის
ადვოკატ - ირ---–-------ას
გამართლებულ - მუ----------–--------ის
თარჯიმან - ას--------–--------ის
მონაწილეობით
მ--------–ის რაიონული პროკურატურის პროკურორ გი------------–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე ზეპირი მოსმენით განიხილა სისხლის სამართლის საქმე:
მუ----------–---------ის მიმართ, დაბადებულის 1--- წლის 9 მარტს, პირადი ნომერი: 2----------, საქართველოს მოქალაქის, საშუალო განათლებით, დაოჯახებულის, ნასამართლობის მქონის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების მისამართზე: მ--------–ის რაიონი, ს---–-------------------, დანაშაულებისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და ,,ე“ ქვეპუნქტებით.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 26 ივნისის განაჩენით მუ----------–--------ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და ,,ე“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში;
მუ----------–--------ს ბრალი ედებოდა მასზედ, რომ ჩაიდინა:
1) ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა და სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არაერთგზის, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით.
2) ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა და სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვანის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, არაერთგზის, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და ,,ე“ ქვეპუნქტებით.
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
1) მუ----------–--------ი გასამართლებულ იქნა ბოლნისის რაიონული სასამართლოს მიერ 2017 წლის 11 ივლისს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით. იყო რა ნასამართლევი, მუ----------–--------ი სისტემატიურად აყენებდა შეურაცხყოფას მეუღლეს ვუ---–-------–--------ას, რამაც მისი ტანჯვა გამოიწვია. 2017 წლის 14 დეკემბერს დაახლოებით 17:00 საათზე მუ----------–---------ა, ქ. მ--------–ში ს---–--------------------ში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში გაშლილი ხელი რამოდენიმეჯერ დაარტყა მეუღლეს ვუ---–-------–--------ას, რამაც მისი ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.
2) მუ----------–--------ი გასამართლებული იქნა ბოლნისის რაიონული სასამართლოს მიერ 2017 წლის 11 ივლისს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით. იყო რა ნასამართლევი, მუ----------–--------ი სისტემატიურად აყენებდა შეურაცხყოფას მეუღლეს ვუ---–------–--------ას, რამაც მისი ტანჯვა გამოიწვია. 2017 წლის 17 დეკემბერს დაახლოებით 20:00 საათზე, ქ. მ--------–ში ს---–--------------------ში, თავის საცხოვრებელ სახლში არასრულწლოვანი შვილების 2009 წელს დაბადებულ ზა----–-------–--------ას, 2013 წელს დაბადებულ გ---–---------ას და 2015 წელს დაბადებულ რ----–-------ის თანდასწრებით მუ----------–---------მა გაშლილი ხელი რამოდენიმეჯერ დაარტყა თავში მეუღლეს - ვუ---–-------–--------ას, რამაც მისი ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.
პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:
საქმის არსებითი განხილვისას გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ დადგინდა 2017 წლის 14 დეკემბერს, დაახლოებით 17:00 საათზე, ქ. მ--------–ში ს---–--------------------ში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში მუ----------–--------ის მიერ მეუღლის - ვუ---–------–--------ას მიმართ ძალადობა და სისტემატური შეურაცხყოფა, არაერთგზის და 2017 წლის 17 დეკემბერს, დაახლოებით 20:00 საათზე, ქ. მ--------–ში ს---–--------------------ში, თავის საცხოვრებელ სახლში არასრულწლოვანი შვილების 2009 წელს დაბადებულ ზა----–-------–--------ას, 2013 წელს დაბადებულ გუ-–----------ას და 2015 წელს დაბადებულ რ----–-------ის თანდასწრებით მუ----------–--------ის მიერ მეუღლის - ვუ---–------–--------ას მიმართ ძალადობა და სისტემატური შეურაცხყოფა, არაერთგზის.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ--------–ის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გი------------–---–მა, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 26 ივნისის გამამართლებელი განაჩენის გაუქმება და მუ----------–--------ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ და ,,ე’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის, შემდეგ გარემოებათა გამო:
აპელანტს მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გამამართლებელი განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი, რადგან სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ბრალდების მხარემ გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურა მუ----------–--------ის ბრალეულობა წარდგენილ ბრალდებაში, კერძოდ, სასამართლოში მოწმეებმა: ან------–-----------მა და რო-–----------–----ემ დაადასტურეს, მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ მუ----------–---------ა ნამდვილად იძალადა თავისი მეუღლის მიმართ. კერძოდ, გამომძიებელ ან------–-----------ს დაზარალებულმა ვუ---–------–--------ამ გამოკითხვისას უჩვენა, რომ მასზე იძალადა მისმა ქმარმა მუ----------–---------ა. ასევე, გამომძიებელ რო-–---------–----ეს, არასრულწლოვანმა მოწმემ - ზა----–------–--------მა უჩვენა, რომ მისი დედის – ვუ---–------–--------ას მიმართ იძალადა მისმა მამამ - მუ----------–---------ა.
რაც შეეხება სასამართლოს მიერ ირიბი მტკიცებულებების გამოყენების შესაძლებლობის საკითხს, საკონსტიტუციო სასამართლო 2015 წლის 22 იანვრის N1/1/548 გადაწყვეტილებაში მიუთითებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო არ გამორიცხავს, გამონაკლის შემთხვევებში, ირიბი ჩვენების გამოყენების მართლზომიერებას. ასეთი გამონაკლისის დაშვება შესაძლოა გამართლებული იყოს, თუ არსებობს ობიექტური მიზეზი, რის გამოც შეუძლებელია იმ პირის დაკითხვა, რომლის სიტყვებსაც ემყარება ირიბი ჩვენება და როდესაც ეს აუცილებელია მართლმსაჯულების ინტერესებიდან გამომდინარე. მაგალითად, სასამართლომ შესაძლებელია განიხილოს ირიბი ჩვენების დაშვების შესაძლებლობა, როდესაც მოწმე ან დაზარალებული დაშინებულია ან არსებობს მისი როგორც მოწმის უსაფრთხოების უზრუნველყოფის აუცილებლობა. ბრალდებულის კანონსაწინააღმდეგო ქმედებამ – მოწმის დაშინებამ არ უნდა შეაფერხოს მართლმსაჯულების განხორციელება და სწორედ ამიტომ, გამონაკლის შემთხვევებში, სასამართლო უფლებამოსილი უნდა იყოს, შეაფასოს ირიბი ჩვენების დასაშვებობისა და მისი გამოყენების აუცილებლობა. აუცილებლობა შეიძლება წარმოიშვას სხვა შემთხვევაშიც, როდესაც ინფორმაციის ავტორი თავად ვერ ახერხებს ან არ სურს ჩვენების მიცემა და ამისთვის მნიშვნელოვანი მიზეზი არსებობს. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო (ალ-ხავაჯა და ტაჰერი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ) თავის გადაწყვეტილებებში ასევე უშვებს ირიბი ჩვენების გამოყენების შესაძლებლობას იმ პირობით, თუ იარსებებს სათანადო გამაწონასწორებელი ფაქტორები. მოცემულ შემთხვევაში დაცვის მხარეს შეეძლო გამოეკვლია და ჯვარედინად დაეკითხა თუნდაც ირიბი მოწმეები, მაგრამ მან ნაწილობრივ ისარგებლა აღნიშნული უფლებით და მოწმეთა ნაწილი დაიკითხა, ხოლო მოწმეთა ნაწილის დაკითხვის ოქმები სანდოდ მიიჩნია დაკითხვის გარეშე. ასევე, დამაბალანსებელ ფაქტორად უნდა ჩაითვალოს ის გარემოებაც, რომ დაზარალებულის და მოწმეების მიერ ჩვენების მიცემაზე უარის თქმა სწორედ ბრალდებულის დაცვის და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან მისი გადარჩენის ინტერესს ემსახურებოდა.
სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე სახელმწიფო ბრალმდებელმა მხარი დაუჭირა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას.
დაცვის მხარემ პირველი ინსტანციის სასამართლოს გამამართლებელი განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვა.
სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
აპელანტის პოზიციას, რომ ბრალდების მხარის მიერ სასამართლოსათვის წარდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება მუ----------–--------ის მიერ ოჯახში ძალადობის ორი ეპიზოდის ჩადენის ფაქტი, პალატა არ იზიარებს და ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებას, რომ მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც საკმარისი იქნებოდა გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის, ვინაიდან სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით არ იქნა დადგენილი ის ფაქტობრივი გარემოებები, რომ მუ----------–---------ა მეუღლის - ვუ---–------–--------ას მიმართ განახორციელა ძალადობა და სისტემატური შეურაცხყოფა, კერძოდ:
ბრალდების მხარემ თავისი პოზიციის დასასაბუთებლად სასამართლოს წარუდგინა შემდეგი მტკიცებულებები: დაზარალებულ ვუ---–------–--------ას გამოკითხვის ოქმი, მოწმეების: ზა----–-------–--------ას და ელ--------–--------ის გამოკითხვის ოქმები და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა.
დაზარალებულმა ვუ---–------–--------მა და მოწმე ზა----–-------–--------ამ, სასამართლო სხდომაზე უარი განაცხადეს მეუღლის და მამის - მუ----------–--------ის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე, ხოლო მუ----------–---------ა თავი არ სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში.
აპელანტი აღნიშნავს, რომ ოჯახის წევრის მიერ ჩვენების მიცემაზე უარის თქმა გახდა გამამართლებელი განაჩენის დადგენის საფუძველი.
აღნიშნულთან დაკავშირებით, პალატა ითვალისწინებს შემდეგს, დაზარალებულის მიერ ჩვენების მიცემაზე უარის თქმა, რა თქმა უნდა ცალსახად არ შეიძლება გახდეს გამამართლებელი განაჩენის დადგენის საფუძველი, თუ პირის ბრალეულობა დასტურდება სასამართლოში გამოკვლეული სხვა მტკიცებულებებით, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.
ამასთან, პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენება. ხოლო, საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად მოწმეს აქვს უფლება არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს. მოცემულ შემთხვევაში მოწმის გამოკითხვის ოქმის/ჩვენების გამოქვეყნების კანონით გათვალისწინებული საფუძველი არ არსებობს, შესაბამისად, პალატა ვერ დაეყრდნობა მოწმის მიერ გამოძიების ეტაპზე დაფიქსირებულ ფაქტობრივ გარემოებებს.
აპელანტი ასევე მიუთითებს, რომ ოჯახში ძალადობისათვის დამახასიათებელია მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში დაზარალებულების მხრიდან მოძალადის წინააღმდეგ ჩვენების არმიცემა, რაც გამოწვეულია სხვადასხვა სუბიექტური თუ ობიექტური გარემოებებით.
პალატა იზიარებს აპელანტის პოზიციას, მაგრამ ითვალისწინებს, რომ „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“, სტამბოლის 2011 წლის 11 მაისის ევროპის საბჭოს კონვენციის 55-ე მუხლის პირველ ნაწილის თანახმად, ფიზიკური ძალადობის დანაშაულის გამოძიება ან სისხლისსამართლებრივი დევნა არ უნდა იყოს მთლიანად დამოკიდებული მსხვერპლის მიერ შეტანილ განცხადებაზე ან საჩივარზე და სასამართლო პროცესი უნდა გაგრძელდეს მაშინაც კი, თუ მსხვერპლი გამოიტანს განცხადებას ან საჩივარს. კონვენციის აღნიშნული დათქმის მიხედვით, როცა მსხვერპლი უხეშად ერევა მართლმსაჯულების განხორციელებაში მისი პოზიციით, არ მისცეს ჩვენება ბრალდებულის წინააღმდეგ, ამის საპირწონედ, უნდა არსებობდეს მკაფიო და წონადი მტკიცებულებები ბრალდებულის ბრალეულობის დასადასტურებლად.
რაც შეეხება ბრალდების მოწმეების: პოლიციის თანამშრომლების: რო-–----------–----ის და ან------–-----------ის მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემულ ჩვენებებს, ისინი არ არიან ფაქტის უშუალო შემსწრენი, მათ მიერ მოწოდებული ინფორმაცია დაზარალებულების და სხვა პირთა მონათხრობს ეფუძნება და ძალადობის ფაქტების მიმართ წარმოადგენენ ირიბ ჩვენებებს.
ასევე ირიბია მოწმე ელ--------–--------ის ჩვენება, რომელმაც განმარტა, რომ ვუ---–------–--------ა არის მისი შვილი, ხოლო მუ----------–--------ი მისი სიძე. ელ--------–--------ის განმარტებით მას შვილისაგან გაგონილი ჰქონდა ოჯახში არსებული კონფლიქტის თაობაზე, თუმცა დაადასტურა, რომ თავად არ შესწრებია არც 2017 წლის 14 დეკემბერს და არც 2017 წლის 17 დეკემბერს შვილის ოჯახში განვითარებულ მოვლენებს.
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნის თანახმად დადგენილია, რომ პირადი გასინჯვის მონაცემებით (18.12.2017 წ.) ვუ---–------–--------ას სხეულზე გარეგნულად ფიზიკური დაზიანების რაიმე ნიშნები არ აღენიშნება. აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნა არ შეიცავს ინფორმაციას 2018 წლის 14 და 17 დეკემბერს მუ----------–--------ის მიერ ვუ---–------–--------ას მიმართ განხორციელებული შესაძლო ძალადობის და სისტემატური შეურაცხყოფის შესახებ.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის დროს ირიბი ჩვენება დასაშვები მტკიცებულებაა, თუ იგი დასტურდება სხვა ისეთი მტკიცებულებით, რომელიც არ არის ირიბი ჩვენება.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილების თანახმად, მოწმის ირიბი ჩვენება ვერ აკმაყოფილებს უტყუარობის კონსტიტუციურ-სამართლებრივ სტანდარტს, რის გამოც ასეთი ჩვენება საფუძვლად არ უნდა დაედოს გამამტყუნებელ განაჩენს.
აღნიშნულ საქმეზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ ირიბი ჩვენება, ზოგადად, ნაკლებად სანდო მტკიცებულებაა, მისი გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს და, ამდენად, შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით. შესაბამისად, სასამართლომ დაადგინა, რომ სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც შესაძლებელს ხდის ირიბი ჩვენებების საფუძველზე მიღებულ იქნეს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება არ პასუხობს საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილ მტკიცებულებათა უტყუარობის მოთხოვნებს და შესაბამისად, არაკონსტიტუციურია.
პალატა ასევე ითვალისწინებს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის დაცვით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად აუცილებელია, სულ ცოტა ორი პირდაპირი, კანონიერი გზით მოპოვებული და უტყუარი მტკიცებულების ერთობლიობის არსებობა, რაც ობიექტურ დამკვირვებელს უქმნის საფუძვლიან, დამაჯერებელ რწმენას მათი სანდოობის თაობაზე და აქედან გამომდინარე, თვით სასამართლო გადაწყვეტილების სამართლიანობაზეც, იმისგან დამოუკიდებლად - მათთან ერთად მოიპოვება თუ არა ირიბი ჩვენებების სახით სხვა მტკიცებულებებიც /იხ. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება N561აპ-15 საქმეზე/.
მოცემულ შემთხვევაში კი ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარდგენილი ორი პირდაპირი მტკიცებულება.
რაც შეეხება საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ უნდა აღინიშნოს, რომ არცერთი მათგანი საქმისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციას მუ----------–--------ის ბრალეულობასთან დაკავშირებით არ შეიცავენ.
ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში არ ყოფილა წარდგენილი გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც დაადასტურებდა მუ----------–--------ის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების და გამამართლებელი განაჩენის გაუქმების საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორ გი------------–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 26 ივნისის განაჩენი დარჩეს უცვლელად.
მუ----------–--------ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში;
მუ----------–--------ი ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და ,,ე“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში;
მუ----------–--------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია. გირაოს სახით ზა-------------ას (პ/ნ0----------) მიერ გადახდილი 3000 (სამი ათასი) ლარი დაუბრუნდეს მის შემტანს განაჩენის აღსრულებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში.
მუ----------–--------ს უფლება აქვს აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გამოტანისთანავე შევიდეს კანონიერ ძალაში.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე მ. ლომთათიძე