განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №010210016001342245
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №2/ბ-315-18 25 იანვარი, 2019 წელი
ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე (მომხსენებელი) ლაურა მიქავა
მოსამართლეები: თამარ სვანიძე
ირმა პერანიძე
სხდომის მდივანი - - ბექა გიორგაძე
აპელანტი (მოპასუხე) წარმომადგენელი მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) წარმომადგენელი - რა---- აბ-–--- - გუ---- გ---–--ე - მე----- თე----- ქა------- - თე--------- მ----ე
დავის საგანი - თანხის დაკისრება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა: გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მ------ თე----- ქა-------ს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
- მოსარჩელე მ------ თე----- ქა-------ს სარჩელი დაკმაყოფილდა;
- მოპასუხე რა---- აბ-–---ს მოსარჩელის - მ------ თე----- ქა-------ს სასარგებლოდ დაეკისრა 13 000.00 (ცამეტი ათასი) აშშ დოლარის ანაზღაურება;
- მოპასუხე რა---- აბ-–---ს მოსარჩელის - მ------ თე----- ქა-------ს სასარგებლოდ დაეკისრა 921.00 (ცხრაას ოცდაერთი) ლარის ანაზღაურება, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.1. 2015 წლის 22 ოქტომბერს, მოსარჩელე მ------ თე----- ქა-------მ მოპასუხე რა---- აბ-–---ს გადასცა 13 000 აშშ დოლარი;
2.2. 2015 წლის 22 ოქტომბერს რა---- აბ-–---მ, მ------ თე----- ქა-------სა და დამსწრე პირების - ო---- დ-------ისა და რ---- დ-------ის თანდასწრებით, წერილობით (ხელმოწერით) დაადასტურა, რომ 2015 წლის 22 ოქტომბერს, მ------ თე----- ქა-------საგან ისესხა 13 000 აშშ დოლარი, რაც უნდა დაებრუნებინა 2015 წლის 29 ოქტომბერს. წერილობითი დოკუმენტი დადასტურდა რა---- ა--–--ისა და დამსწრე პირების ხელმოწერებით;
2.3. სასამართლომ მტკიცებულებათა არ არსებობის გამო არ გაიზიარა მოპასუხე რა---- ა--–--ის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოება იმასთან დაკაშირებით, რომ 13 000 აშშ დოლარი მან მიიღო არა სესხის, არამედ ერთობლივი საქმიანობის თაობაზე შეთანხმების ფარგლებში;
2.4. სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ მხარეთა შორის არსებობდა შეთანხმება სესხის შესახებ, რომლის ფარგლებში მოსარჩელე მ------ თე----- ქა-------მ მოპასუხე რა---- აბ-–---ს ასესხა 13000 აშშ დოლარი, ხოლო მოპასუხემ იკისრა ვალდებულება მოსარჩელისათვის განსაზღვრულ ვადაში - 2015 წლის 29 ოქტომბრისათვის, დაებრუნებინა ნასესხები თანხა, 13 000 დოლარის ოდენობით;
2.5. სასამართლომ დაადგინა, რომ მოპასუხეს ნაკისრი ვალდებულება მოსარჩელის მიმართ შესრულებული არ აქვს;
2.6. სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. აღნიშნული ნორმის დანაწესი განსაზღვრავს, თუ რომელი გარემოებები უნდა დამტკიცდეს სამოქალაქო საქმის განხილვის და გადაწყვეტის მიზნით (მტკიცების საგანი) და ვინ, ე.ი. რომელმა მხარემ უნდა დაამტკიცოს ეს გარემოებები (მტკიცების ტვირთი), ხოლო მტკიცების საგნის განსაზღვრისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სარჩელს და მოპასუხის შესაგებელს: მტკიცების საგანს შეადგენენ ფაქტები, რომლებზეც მოსარჩელე და მოპასუხე ამყარებენ თავიანთ სასარჩელო მოთხოვნებსა და სარჩელის წინააღმდეგ მიმართულ შესაგებელს. კიდევ უფრო მკაფიოდ ეს პოზიცია გამოკვეთილია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველ ნაწილში, რომლის თანახმად, სამოქალაქო სამართალწარმოება უნდა განხორციელდეს შეჯიბრებითობის საფუძველზე. ამ პრინციპის თანახმად, თითოეული მხარე სარგებლობს თანაბარი შესაძლებლობით, რომ მათ განკარგონ ფაქტიური გარემოებების დადგენის საპროცესო საშუალებები, ამასთან, შეჯიბრებითობა გულისხმობს მხარეთა უფლებას, მიუთითონ ფაქტებზე თავიანთი მოთხოვნების თუ შესაგებლის დასასაბუთებლად და წარმოადგინონ მტკიცებულებები ამ ფაქტების დადასტურება - დამტკიცებისათვის. სამოქალაქო პროცესი აგებულია შეჯიბრებითობის პრინციპზე, რომელიც მხარეებს უფლებებთან ერთად აკისრებს თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელ საპროცესო მოვალეობებს, რომელთა შეუსრულებლობა იწვევს ამავე მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს;
2.7. სასამართლომ აღნიშნა, რომ სამოქალაქო სამართალწარმოებაში თითოეული მხარის უფლებრივ ტვირთს წარმოადგენს იმ ფაქტების მითითება და დამტკიცება, რომლითაც მხარეებს სურთ დაასაბუთონ თავიანთი სასარჩელო მოთხოვნები ან გააქარწყლონ სასარჩელო მოთხოვნათა დასასაბუთებლად მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
2.8. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მიუთითებს, რომ მან მოპასუხეს სესხის სახით, განსაზღვრული ვადით გადასცა 13 000 აშშ დოლარი, რომლის დაბრუნება მოპასუხემ დათქმულ ვადაში არ უზრუნველყო. აღნიშნულის საპირისპიროდ მოპასუხე მიუთითებს, რომ მხარეთა შორის არსებობდა შეთანხმება ერთობლივი საქმიანობის წარმოების შესახებ, რომლის საგანს წარმოადგენდა ძვირფასი ქვების შეძენა/რეალიზაცია. ამ შეთანხმების ფარგლებში მოპასუხემ ძვირფასი ქვების შესაძენად მიიღო 13000 დოლარი, შეიძინა ძვირფასი ქვები და გადასცა ის მოპასუხეს. მოპასუხემ მიიღო ძვირფასი ქვები, თუმცა გარკვეული პერიოდის შემდეგ უკან დაუბრუნა შეცვლილი სახით. დაბრუნებული ქვა არ წარმოადგენდა მოსარჩელისათვის გადაცემული ძვირფასი თვლის შესატყვისი ღირებულების მქონეს, რის გამოც პირიქით მოსარჩელემ მიაყენა ზიანი მოპასუხეს. მოპასუხეს კი რაიმე შეუსრულებელი ვალდებულება მოსარჩელის მიმართ არ გააჩნია;
2.9. მხარეთა მიერ მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით, სასამართლომ აღნიშნა, რომ მტკიცების ტვირთის სწორად განსაზღვრისა და შეჯიბრებითობის პრინციპის გათვალისწინებით, მოსარჩელეს ეკისრება ხელშეკრულებით განსაზღვრული შესრულების მტკიცების ტვირთი, ხოლო მოპასუხეს ეკისრება მოსარჩელის მიერ სასარჩელო მოთხოვნათა დასასაბუთებლად მითითებული ფაქტობრივი გარემოებების გაქარწყლება;
2.10. მხარეთა პოზიციებისა და მათ მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ დავის არსებითი გადაწყვეტისათვის პირველ რიგში სათანადო შეფასება უნდა მიეცეს მხარეთა შორის წარმოშობილი ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის შინაარსს. განსახილველ შემთხვევაში, სადავო არ არის ის გარემოება, რომ მხარეთა შორის რეალურად არსებობდა გარკვეული გარიგება, რომლის ფარგლებშიც მოსარჩელემ მოპასუხეს გადასცა 13 000 აშშ დოლარი. სადავოა ამ გარიგების შინაარსი, რომლის დადგენა დავის გადაწყვეტისათვის აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს;
2.11. სასამართლომ საქართველოს სსკ-ის 105-ე მუხლზე მითითებით მიიჩნია, რომ მხარეთა შეთანხმების შინაარსი, როგორც მისი სიტყვასიტყვითი განმარტების, ისე, გონივრული განსჯის შედეგად, სესხის ხელშეკრულების დადებაზე მიუთითებდა;
2.12. წერილობითი ფორმით წარმოდგენილ დოკუმენტში - ხელწერილში, მითითებულია, რომ რა---- აბ-–---მ ისესხა თანხა მ------ თე----- კა-------საგან და ეს თანხა უნდა დაუბრუნოს 29.10.15 წელს. რა---- აბ-–--- სადავოდ არ ხდის იმ გარემოებას, რომ ხელწერილში მითითებული თანხა - 13 000 აშშ დოლარი მიიღო სწორედ ხელწერილში მითითებულ თარიღში - 2015 წლის 22 ოქტომბერს, ასევე ადასტურებს, რომ ხელწერილი ნამდვილად ხელმოწერილია მის მიერ, ყოველგვარი იძულებისა თუ ძალდატანების გარეშე. ის ასევე ადასტურებს ხელწერილის შედგენის მომენტში ყველა იმ პირის თანდასწრების ფაქტს, ვინც მის გარდა ადასტურებენ ხელწერილის შინაარსს;
2.13. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის ნორმატიული შინაარსის მხედველობაში მიღებით, სასამართლომ შეაფასა რა წარმოდგენილი წერილობითი დოკუმენტი, მიიჩნია, რომ სახეზე იყო მხარეთა შეთანხმება სესხზე. სასამართლოს მითითებით, საპირისპიროს დადასტურებამდე, ივარაუდება, რომ სესხის გადაცემა, როგორც რეალური ქმედება, განხორციელებულია. სამოქალაქო საპროცესო სამართალში მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტის თანახმად, სესხის ხელშეკრულების დადების ფაქტის მტკიცების ტვირთი გამსესხებელს ეკისრება. წერილობითი ხელშეკრულების არსებობის პირობებში, მტკიცებულების სახით წარდგენილი უნდა იქნეს სესხის ხელშეკრულება, რომელშიც ასახული იქნება თანხის რეალურად გადაცემის ფაქტი. რაც შეეხება ზეპირი ფორმით დადებულ სესხის ხელშეკრულებას, აღნიშნული, ამ ხელშეკრულების რეალური ბუნებიდან გამომდინარე, კონკლუდენტურ მოქმედებაში, სესხის თანხის გადაცემაში გამოიხატება (თანხის გადახდის ქვითარი, ხელწერილი თანხის გადაცემასთან დაკავშირებით და ა.შ.). კონკრეტულ შემთხვევაში, მოსარჩელემ შეძლო მტკიცებულების სახით წერილობითი შეთანხმების წარდგენა, სადაც მითითებულია, რომ მოპასუხემ მიიღო (ისესხა) 13 000 აშშ დოლარი მოსარჩელისგან, 29.10.15 წლამდე. ამდენად, საპირისპიროს დადასტურებამდე, არსებობს სესხის ხელშეკრულების დადების (თანხის გადაცემის) პრეზუმფცია;
2.15. სასამართლომ აღნიშნა, რომ ხელშეკრულება არის მხარეთა მიერ მიღწეული კონსესუსის შედეგი, რომელიც, სამართლებრივი თვალსაზრისით, იწვევს მხარეთა მიმართ უფლებებისა და ვალდებულებების წარმოშობას მათივე ნების საფუძველზე. ხელშეკრულების არსებობისათვის აუცილებელია ორი ან მეტი ნების თანხვედრა, რაც იწვევს მხარეთა საერთო ნების დადგენის აუცილებლობას. ხელშეკრულების განმარტების არსი მხარეთა მიერ გამოვლენილი საერთო ნების ნამდვილი შინაარის, ხელშეკრულების რეალური მიზნის დადგენაში მდგომარეობს. სასამართლო მხარეთა ნამდვილ ნებას ადგენს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ განმარტების პროცესში წარმოიშობა ხელშეკრულების ტექსტში გადმოცემულ დებულებათა შორის წინააღმდეგობა ან შეუსაბამობა. ყველა იმ გარიგებაში, რომლებშიც ნების გამოვლენის ნამდვილობა დამოკიდებულია მეორე მხარის მიერ ამ ნების მიღებაზე, არცთუ იშვიათად იბადება კითხვა, სწორად გაიგო თუ არა მეორე მხარემ ის, რისი თქმაც ნების გამომვლენ პირს სურდა. გარიგებათა აბსოლუტურ უმრავლესობაში ორი მხარე – ნების გამომვლენი და ნების მიმღები – მონაწილეობს, შესაბამისად აშკარაა, თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს გამოვლენილი ნების სწორად გაგებას მეორე მხარის მიერ. მრავალი გარემოებით შეიძლება იყოს გამოწვეული, რომ ის, რაც იგულისხმა ნების გამომვლენმა, სხვაგვარად გაიგო მისმა მიმღებმა. აქედან წარმოიშობა გამოვლენილ ნებათა კონფლიქტი, რომელიც საჭიროებს სწორად გადაწყვეტას. ამ კონფლიქტის გადაწყვეტის სამართლებრივ საშუალებას წარმოადგენს ნების გამოვლენის განმარტება;
2.16. სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლზე, რომლის თანახმადაც, ნების გამოვლენის განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან. ცხადია, რომ ეს „გონივრული განსჯა“ უნდა ემყარებოდეს გარკვეულ კრიტერიუმებს, კერძოდ, ნების გამოვლენის განმარტება უნდა განხორციელდეს ნების მიმღების შემეცნების (გაგების) შესაძლებლობათა გათვალისწინებით. ამგვარი განმარტების დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს ყველა ხელშესახები გარემოება, რომელიც ამ შემთხვევას ახასიათებს. ხელშეკრულების განმარტების საჭიროებას ადგილი აქვს იმ შემთხვევაში, როცა სახეზეა შეთანხმება, რომლის გამონათქვამებიც ბუნდოვანი, ორაზროვანი ან ურთიერთგამომრიცხავია, აგრეთვე როცა მისი გამონათქვამები შესწორებასა და შევსებას მოითხოვენ. ხელშეკრულების განმარტების დროს სასამართლო ორ მნიშვნელოვან საკითხს წყვეტს: სასამართლოს ევალება მხარეთა მიერ ხელშეკრულებაში გაკეთებული გამონათქვამების დაზუსტება, ხოლო მეორეს მხრივ, სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით ხელშეკრულებაში ღიად დარჩენილი ადგილების ე.წ. ხარვეზების შევსებას ახორციელებს;
2.17. სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილზე, რომლის თანახმადაც, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. საქმის განმხილველი სასამართლო შეზღუდულია მხოლოდ მხარის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებით, რაც შეეხება სამართლის ნორმების გამოყენებას, სასამართლო, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, ადგენს თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა არსებობს მხარეთა შორის და ამ ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების საფუძველზე აკმაყოფილებს ან არ აკმაყოფილებს სარჩელს. მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის შეფასება შედის სასამართლოს კომპეტენციაში, თუმცა საქმეზე გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნეს შეჯიბრებითობის პრინციპის სრულად რეალიზაციის პირობებში. ისეთ პირობებში, როცა მოპასუხე რა---- აბ-–--- წერილობით დოკუმენტზე, ყოველგვარი ძალდატანებისა თუ უკანონო ჩარევის გარეშე, ხელმოწერით ადასტურებს თანხის - 13 000 აშშ დოლარის სესხის სახით მიღების ფაქტს და ამავე გარემოებას, გარდა მოსარჩელისა, ასევე ადასტურებს მოწმის სახით დაკითხული პირი ო---- დ-------ე, რომელიც უშუალოდ ესწრებოდა მხარეთა შეთანხმებას, როცა მხარეთა შორის სადავო არ არის 13 000 აშშ დოლარის გადაცემის ფაქტი, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხემ სათანადო მტკიცებულებების წარმოდგენით ვერ შეძლო მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოებების გაქარწყლება და იმ გარემოების დამტკიცება, რომ 13 000 აშშ დოლარი მიიღო არა სესხის სახით, არამედ ერთობლივი საქმიანობის ფარგლებში, მოსარჩელისათვის ძვირფასი ქვების შესაძენად, რაც განახორციელა კიდეც;
2.18. თავად მოსარჩელე მხარე და მის მიერ წარმოდგენილი მოწმეები არ უარყოფენ მოპასუხისაგან ძვირფასი ქვების მიღების ფაქტს, თუმცა აღნიშნავენ, რომ მას შემდეგ, რაც სესხზე შეთანხმებით გათვალისწინებულ ვადაში მოპასუხემ ვერ შეძლო თანხის დაბრუნება, მოსარჩელემ თანხმობა განაცხადა ვალი აენაზღაურებინა შესატყვისი ღირებულების ძვირფასი ქვებით, რაც ბუნებრივია არ გამორიცხავს მხარეთა შორის სესხის თაობაზე შეთანხმების არსებობის ფაქტს. თუმცა სასესხო ვალდებულების ამგვარი ფორმით შესრულების ფაქტის დადასტურება გამორიცხავს მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას. შესაბამისად, მნიშვნელოვანია დადგინდეს, მოსარჩელემ ვალი 13 000 აშშ დოლარი აინაზღაურა თუ არა შესატყვისი ღირებულების ძვირფასი ქვების მიღებით;
2.19. დადგენილი იქნა ის გარემოება, რომ მოპასუხემ მოსარჩელეს ორჯერ გადასცა ძვირფასი ქვები 13 000 აშშ დოლარის დაფარვის მიზნით, თუმცა მოსარჩელემ პრეტენზიით, რომ ძვირფასი ქვები არ იყო სათანადო ხარისხის ორჯერვე უკან დაუბრუნა მოპასუხეს და მოპასუხემ ძვირფასი ქვები ორჯერვე მიიღო უკან. ამასთან, პირველ შემთხვევაში ყოველგვარი პრეტენზიის გარეშე, ხოლო მეორე შემთხვევასთან დაკავშირებით მიუთითებს, რომ მოსარჩელემ შეცვალა მის მიერ მიღებული ძვირფასი ქვა და ნაცვლად მაღალხარისხიანი ძვირფასი თვლისა, უკან დაუბრუნა უხარისხო ქვები. აღსანიშნავია, რომ მოპასუხის მიერ მითითებული ეს გარემოება (ძვირფასი ქვის შეცვლის შესახებ) გარდა მისივე სიტყვიერი განმარტებისა, სხვა რაიმე მტკიცებულებით არ დასტურდება;
2.20. სასამართლომ აღნიშნა, რომ ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება, თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. წინააღმდეგ შემთხვევაში მხარის მიერ მიცემული ნებისმიერი ახსნა-განმარტების საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოების დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად ჩათვლა ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ პრინციპებს;
2.21. სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის მტკიცება იმის თაობაზე, რომ მოსარჩელემ 13 000 აშშ დოლარი აინაზღაურა შესატყვისი ღირებულების ძვირფასი ქვის მიღებით. სათანადო მტკიცებულებების წარმოდგენით ასევე არ დასტურდება მოსარჩელის მიერ 13 000 აშშ დოლარის სანაცვლოდ მიღებული ძვირფასი ქვის შეცვლისა და მოპასუხისათვის უხარისხო ქვის დაბრუნების ფაქტი;
2.22. სასამართლომ აღნიშნა, რომ ყოველი კონკრეტული სამოქალაქო საქმის გადაწყვეტა სასამართლოში, დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოშობილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი, როგორც ეს ცნობილია, შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. სწორედ მტკიცების ტვირთსა და მის სწორ განაწილებაზეა დამოკიდებული დასაბუთებული და კანონიერი გადაწყვეტილების მიღება. მტკიცების ტვირთი - ესაა სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა არ (ვერ) შეასრულა;
2.23. მოპასუხემ მის მიერ მითითებული გარემოებების დადასტურების მიზნით სასამართლოს მართალია წარმოუდგინა მოწმეები, თუმცა მოწმეთა ჩვენების მიხედვით ისინი მხარეთა შორის შეთანხმების პროცესს არ დასწრებიან. შესაბამისად, საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით სარწმუნო ინფორმაციასაც არ ფლობდნენ. სასამართლოს აზრით, მოპასუხემ მასზე დაკისრებულ მტკიცების ტვირთს ვერ გაართვა თავი და სათანადო მტკიცებულებების წარდგენით ვერ დაადასტურა ერთის მხრივ ის გარემოება, რომ მხარეთა შორის არ არსებობდა სესხის ვალდებულებით სამართლებრივი ურთიერთობა და მეორე მხრივ ის გარემოება, რომ თუნდაც ერთობლივი საქმიანობის ფარგლებში მიღებული 13 000 აშშ დოლარის შესატყვისი ღირებულების ძვირფასი თვლები გადასცა მოსარჩელეს, რის გამოც რაიმე შეუსრულებელი ვალდებულება მის მიმართ აღარ გააჩნია. სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ მხარეთა შორის არსებობდა სესხის ვალდებულებით სამართლებრივი ურთიერთობა, რომლის ფარგლებშიც მოსარჩელემ მოპასუხეს სესხის სახით, 7 დღის ვადით, გადასცა 13 000 აშშ დოლარი, რაც მოპასუხეს ამ დრომდე არ დაუბრუნებია.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.24. სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივ საფუძვლად სასამართლომ გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-317-ე, 327-ე, 623-624, 361-ე, 427-ე მუხლები, საქართველოს კონსტიტუცია და განმარტა, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი ნაწილით ,,ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს”. უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. აღნიშნული გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცავს ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს.
2.25. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე ამტკიცებს, რომ მხარეთა შორის არსებობდა სესხის ვალდებულებით სამართლებრივი ურთიერთობა - მან შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე, მოპასუხეს გადასცა სესხის თანხა 13 000 აშშ დოლარი. მოპასუხემ მიიღო სესხის თანხა, თუმცა არ შეასრულა ნაკისრი ვალდებულება და სესხის სახით მიღებული თანხა მოსარჩელეს არ დაუბრუნა. შესაბამისად, მოსარჩელე უფლებამოსილია დარღვეული უფლების აღდგენის მიზნით, სარჩელი აღძრას და მოითხოვოს თანხის დაბრუნება;
2.26. სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესზე და აღნიშნა, რომ ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. იმავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან;
2.27. სასამართლომ განმარტა, რომ დავის გადაწყვეტისათვის, პირველ რიგში სათანადო შეფასება უნდა მიეცეს მხარეთა შორის წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობის შინაარსს. არ არსებობს ანაზღაურების მოთხოვნა, ვალდებულების გარეშე, რაც იმას ნიშნავს, რომ მოთხოვნის უფლების არსებობისათვის საჭიროა მოთხოვნის უფლების მქონე მხარე ვალდებულებით ურთიერთობაში იყოს მოპასუხესთან, ანუ მათ შორის უნდა არსებობდეს სახელშეკრულებო ურთიერთობა, ან მისი მოთხოვნა უნდა გამომდინარეობდეს დელიქტური ვალდებულებიდან, ან უსაფუძვლო გამდიდრების, ან კიდევ, კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. ხელშეკრულება ვალდებულების წარმოშობის ერთერთი საფუძველია. იგი ორი ან მეტი პირის ნების გამოვლენაა მიმართული სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. ხელშეკრულების დადება დამოკიდებულია მხარეთა ნების გამოვლენაზე. წინამდებარე დავა გამომდინარეობს სესხის ხელშეკრულებიდან, ამიტომაც მხარეებს შორის ურთიერთობა ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ვალდებულებით სამართლებრივი ურთიერთობაა. ამასთან, მხარეთა ურთიერთობა უნდა მოწესრიგდეს სასესხო ურთიერთობის მარეგულირებელი ნორმებით, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-624-ე მუხლებით;
2.28. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ. ამავე კოდექსის 623-ე მუხლის მიხედვით, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი;
2.29. კოდექსის 624-ე მუხლის მიხედვით კი, სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც. ზეპირი ხელშეკრულების დროს მისი ნამდვილობა არ შეიძლება დადგინდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით;
2.30. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მხარეთა შორის არსებობდა შეთანხმება სესხზე, რომლის ფარგლებშიც მოპასუხეს გადაეცა 13 000 აშშ დოლარი, კონკრეტულ ვადაში დაბრუნების პირობით (გადაწყვეტილების 3.2.2. პუნქტი);
2.31. სასამართლომ აღნიშნა, რომ ვალდებულების შესრულების მიმართ განსაკუთრებული მოთხოვნებია დადგენილი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რომლის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ზოგადად, ვალდებულების ჯეროვანი შესრულება წარმოადგენს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრინციპს და მას უკავშირდება ვალდებულების შეწყვეტა. სკ-ის 427-ე მუხლის თანახმად, ვალდებულებითი ურთიერთობა წყდება კრედიტორის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულებით;
2.32. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს მიერ დადგენილი იქნა, რომ მოსარჩელემ შეასრულა ნაკისრი ვალდებულება, სესხის სახით 13 000 დოლარი გადასცა მოპასუხეს, რაც მოპასუხემ მიიღო. ასევე დადგენილი იქნა, რომ მოპასუხემ ვერ უზრუნველყო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება. მან დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და სესხის დაფარვის ვადის დასრულების მიუხედავად, სესხად მიღებული თანხა მოსარჩელეს არ დაუბრუნა. შესაბამისად, მოპასუხემ დაარღვია მოსარჩელის კანონიერი უფლება და თავისი მოვალეობა ვალდებულების სრული და ჯეროვანი შესრულებისა. ვალდებულების შესრულებისა და მხარეთა თანასწორობის აღდგენის მიზნით, მოპასუხე ვალდებულია მოსარჩელეს გადაუხადოს სესხად მიღებული თანხა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ სესხის თანხის - 13 000 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში სარჩელი იყო საფუძვლიანი და დააკმაყოფილა სრულად.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები
3.1. აპელანტის განმარტებით სასამართლომ საქმეზე არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები და შესაბამისად არასწორი გადაწყვეტილება მიიღო, კერძოდ არასწორად იქნა დადგენილი, ის ფაქტობრივი გარემოება, თითქოს ადგილი არ ქონდა მხარეებს შორის დაფარულ გარიგებას. რა---- ა--–--ის ჩვენებით დგინდება, რომ მ------ თ------ კა-------ს მიჰყიდა ბრილიანტის თვლები. მოსარჩელეს სურდა შეემოწმებინა ბრილიანტის ხარისხი, ამასთან რა---- აბ-–---ზე გადაცემულ თანხაზე ჭირდებოდა დოკუმენტი, მ------ თ------ კა-------მ აღნიშნული ხელწერილის შესადგენად მიმართა თავის მეგობარს ბ------- ც-–--–--ეს. ამ უკანასკნელმა მ------ი გაუშვა თავის სიძესთან ო---- დ-------ესთან, რომელიც შეუდგენგდა და უთარგმნიდა (თურქულიდან ქართულად) ხელწერილს. ყოველივე აღნიშნულის შემდგომ ო---- დ-------ემ შეადგინა სესხის ხელწერილი, თითქოს რა---- აბ-–---მ ისესხა მ------ თ------ კა-------საგან 13 000 აშშ დოლარი, რომელსაც დაუბრუნებდა 10 დღეში;
3.2. მხარეები შეთანხმდნენ, რომ თუ ქა------- მოიწონებდა და დაიტოვებდა ქვებს, ხელწერილი განადგურდებდა. ქა-------მ და ო---- დ-------ემ იმიტომ შეადგინეს აღნიშნული ფორმით ხელწერილი, რომ ქა-------ს გარანტია ჰქონდა თანხის დაბრუნების, თუ მას ბრილიანტის ქვები არ მოეწონებოდა. მოსარჩელეს არ მოეწონა ბრილიანტების ხარისხი და რამდენიმე დღეში დააბრუნა უკან, რის შემდგომაც რა---- აბ-–---მ შეთავაზა სხვა ბრილიანტის ქვა, რომელიც შემოწმდა რა---- ა--–--ის სამუშაო კაბინეტში, ამ ფაქტს ესწრებოდა მოწმე ე-–----- ა----–--ე და თარჯიმანი გუ---- ფ----------ე. ამის შემდგომ, რამდენიმე დღეში, რა---- აბ-–---ს დაუკავშირდა როგორც მ------ თ------ კა-------, ასევე ბ------- ც-–--–--ე და განუცხადეს, რომ ბრილიანტის ქვა იყო ყალბი, რის გამოც თანხის დაბრუნება მოთხოვა. რა---- აბ-–---მ უთხრა რომ დაებრუნებინათ უკან ბრილიანტი და შემოწმებული ყოფილიყო ერთობლივად კიდევ ერთხელ ბრილიანტის ხარისხი. მ------ თ------ კა-------მ ბ------- ც-–--–--ესთან დატოვა ბრილიანტის ქვა და როდესაც შესამოწმებელი იქნა სპეციალური აპარატის მეშვეობით, აღმოშნდა, რომ ქვა იყო სხვა და მოხდა მისი შეცვლა კა-------ს, ან სხვა პირის მიერ, რასაც ცხადია ვერ დაიბრუნებდა, შესაბამისად არც თანხა დაუბრუნა უკან კა-------ს. რა---- აბ-–---ს ნამდვილი ბრილიანტი ქონდა გადაცემული კ--------თვის, რასაც ადასტურებენ მოწმეები, კერძოდ ე-–----- და ვ--------ია ბ---------ო. ამ უკანაკსნელს ეკუთვნოდა სწორედაც ბრილიანტის ბეჭედი, საიდანაც ამოღებული იქნა ქვა გასაყიდად და რომლის დამადასტურებელი მტკიცებულებაც მოწმემ სასამართლოს წარუდგინა;
3.2. სასამართლომ არასწორად დაადგინა ის ფაქტობრივი გარემოება, თითქოს რა---- აბ-–---მ მ------ თ------ კა-------ს ვალის გაქვითვის სანაცვლოდ შეთავაზა ბრილიანტები და რეალურად მხარეებს შორის დადებული იყო სესხის ხელშეკრულება. მოწმე ო---- დ-------ე აცხადებს, რომ მას სთხოვა კა-------მ და რა---- აბ-–---მ შეედგინა სესხის ხელშეკრულება, მაგრამ მასთან მისვლამდე თუ რა მოლაპარაკება იყო მხარეებს შორის არ იცის. ამავდროულად ადასტურებს, რომ მხარეებს შორის იყო დავა ბრილიანტის შეცვლასთან დაკავშირებით;
3.3. აპელანტის მითითებით, სასამართლომ არასწორად დაადგინა ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ბ------- ც-–--–--ის ჩვენებით დგინდებოდა, მხარეებს შორის სესხის არსებობა. ბ------- ც-–--–--ე თავის ჩვენებაში აცხადებდა, რომ მხარეებს შორის იყო მხოლოდ ერთობლივი საქმიანობიდან გამომდინარე ურთიერთობა. გადაცემული თანხის თაობაზე იცის მხოლოდ ის, რომ მხარეებს ჰქონდათ მოლაპარაკება ბრილიანტების ყიდვა - გაყიდვასთან დაკავშირებით. ბ------- ც-–--–--ე აცხადებს, რომ სესხად აღებული თანხა უნდა მოხმარებოდა რა---- ა--–--ის მფლობელობაში არსებული სარდაფის სარემონტო სამუშაოებს, რათა ორივე მხარეს ეწარმოებინათ ბრილიანტის ბიზნესი და სესხად აღებულ თანხას გაქვითავდნენ ერთობლივი საქმიანობიდან გამომდინარე;
3.4. აპელანტმა აღნიშნა, რომ მან თაღლითობის ჩადენის ფაქტთან დაკავშირებით მიმართა საქართველოს შსს ბ-------- საქალაქო სამმართველოს, სადაც აღიძრა სს საქმე და მიმდინარეობს გამოძიება;
3.5. აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებითა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მ------ თ------ კა-------ს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა ითხოვა;
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით;
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას;
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. აღნიშნული მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუქნტის თანახმად, განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით;
პალატა თვლის, რომ განსახილველ საქმეზე, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ სწორად იქნა დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, ამასთან სწორი სამართლებრივი შეფასება მიეცა მათ, რის გამოც არ არსებობს ამ გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლები;
ფაქტობრივი დასაბუთება:
4.1. დადგენილია, რომ 2015 წლის 22 ოქტომბერს რა---- აბ-–---სა და მ------ თე----- ქ-------ს შორის, დამსწრე პირების - ო---- დ-------ისა და რ---- დ-------ის თანდასწრებით შეადგა წერილობითი შეთანხმება მ------ თე----- ქა-------საგან სესხის სახით 13.000 აშშ დოლარის მიღების შესახებ, რაც რა---- აბ-–---ს უნდა დაებრუნებინა 2015 წლის 29 ოქტომბერს. მითიტებული წერილობითი დოკუმენტი (შეთანხმება) დადასტურდა რა---- ა--–--ისა და თე----- კა-------ს მიერ, ასევე დამსწრე პირების ო---- დ-------ისა და რ---- დ-------ის ხელმოწერებით (ს.ფ. 16);
4.2. უდავოა, რომ მ------ თე----- ქა------- არის ეროვნებით თურქი, ქართული ენის არ მცოდნე, ასევე დადგენილია, რომ თურქულ ენას არ ფლობს ხელშეკრულების მონაწილე რა---- აბ-–---;
4.3. უდავოა, რომ მხარეები მითითებული ხელწერილის გაფორმებისას ერთმანეთთან ურთიერთობდნენ ო---- დ-------ის დახმარებით, რომელიც თარგმნიდა თუქულიდან ქართულ ენაზე თე----- ქა-------ს პოზიციას და პირიქით;
4.4. დადგენილია, რომ მითითებული ხელწერილი შეადგინა ო---- დ-------ემ;
4.5. პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა ო---- დ-------ე, რომელმაც განმარტა, რომ „ იცნობს კა-------ს, რომელმაც სთხოვა დახმარება და თანხის სესხების თაობაზე ნოტარიუსთან გაყოლა. თუმცა რა---- ბ-–---მ დაიგვიანა და მოვიდა ისეთ დროს, როცა სანოტარო ბიურო უკვე აღარ მუშაობდა, ამიტომ მას მთხოვეს თურქულიდან ეთარგმნა და ეს თარგმანი დაეწერა ფურცელზე; კა-------მ რა----ს მის თვალწინ მისცა თანხა 13.000 აშშ დოლარის ოდენობით, უთხრეს, რომ ეს იყო სესხის თანხა, რომელიც 10 დღეში უნდა დაებრუნებია რა----ის. ხელწერილი დაწერა ორივეს კარნახით. აბ-–---მ იკისრა ვალდებულება თანხის დაბრუნებისა 10 დღეში. ასეთი იყო ორივე მხარის ნება. ქონდათ სამომავლო გეგმები, აპირებდნენ ქვის მცირე საამქროს გაკეთებას, თუმცა ეს იყო სამომავლო გეგმა, ცხადია ცეხს 10 დღეში ვერ გააკეთებდა რა---- აბ-–---. 10 დღეში, თანხა ვერ დააბრუნა რა---- აბ-–---მ და თ------ს მიუტანა რაღაც ქვები, რომლებიც არ იყო იმ ღირებულების რასაც რა----ი მიუთითებდა, ამიტომ თ------მა ქვები უკან დაუბრუნა რა----ის“;
4.6. მოწმე ბ------- ც-–--–--ემ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ ის არ დასწრებია მხარეთა მოლაპარაკებას, მოგვიანებით გაიგო, რომ თანხა უსესხებია თე-----ს რა----ისათვის, რაზეც შეადგინეს ხელწერილი. იცის, რომ თანხის გადახდის სანაცვლოდ რა----ს მიჰქონდა თვლები, რომლებიც არ იყო სათანადო ხარისხის და ღირებულების და თე-----ი უკან უბრუნებდა;
4.7. პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით ასევე დაკითხული იქნენ მოპასუხე მხარის მიერ მოწვეული მოწმეები, თუმცა მოწმეთა ჩვენების მიხედვით ისინი მხარეთა შორის შეთანხმების პროცესს არ დასწრებიან. შესაბამისად, საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით სარწმუნო ინფორმაციასაც არ ფლობდნენ, მათი ჩვენება შესაძლოა შეფასდეს ირიბ მტკიცებულებად;
4.8. სააპელაციო სასამართლოს მიერ შინაგან საქმეთა სამინისტროს ბ-------- საქალაქო სამმართველოდან გამოთხოვილი იქნა სისხლის სამართლის საქმის მასალების ასლები, რომლითაც დგინდება, რომ ბ-------- საქალაქო სამმართველოს განცხადებით მიმართა რა---- აბ-–---მ და სსკ-ის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ პუნქტის თანახმად გამოძიების დაწყება ითხოვა თე----- ქა-------ს მიმართ;
4.9. მითითებულ საქმეში განთავსებულია არაერთი მოწმის ჩვენება. მოწმე ო---- დ-------ის ჩვენებით: ,,13.000 აშშ დოლარი მ------ თე----- კა-------ს მიერ რა---- აბ-–---ზე გადაცემული იქნა ბრლიანტის ქვების შესაძენად, როგორც მოგვიანებით მისთვის გახდა ცნობილი რა---- აბ-–---მ თე----- კა-------ს გადასცა აღნიშნული თანხის ღირებულების ქვები, მაგრამ ბოლოს ურთიერთშეთანხმების საფუძველზე ქვები უკან დაუბრუნა რა---- აბ-–---ს“;
4.10. ბ------- ც-–--–--ის მიერ სისხლის სამართლის საქმეში მიცემული ჩვენება შემდეგი შინაარსისაა: „თე----- კა-------მ უთხრა, რომ რა---- ა--–--ისათვის ნასესხები ქონდა 13000 აშშ დოლარი ერთობლივი საქმიანობის დაწყებაზე, მაგრამ აღნიშნული საქმიანობის დაწყება აღარ მოხდა და საბოლოოდ თე----- კა-------მ უჩივლა სასამართლოში. თე----- კა-------მ თუ როდის ასესხა რა---- აბ-–---ს 13000 აშშ დოლარი არ იცის და აღნიშნულ ფაქტს არ ესწრებოდა’’;
4.11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ მნიშვნელოვანი განმარტება გააკეთა სისხლის სამართლის საქმეზე დაკითხულ მოწმეთა ჩვენებების სამოქალაქო საქმეზე მტკიცებულებად მიჩნევის საკითხზე (საქმე №ას-788- 748-2013). საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ სისხლის სამართლის საქმიდან გამოთხოვილი მასალები უნდა შეფასდეს, როგორც წერილობითი მტკიცებულებები, ამ შემთხვევაშიც, უპირველეს ყოვლისა, უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ ეს ჩვენებები წარმოადგენენ იმ პირთა ახსნა-განმარტებებს, რომლებიც კონკრეტულ სამოქალაქო საქმეში წარმოადგენენ პროცესის მონაწილეებს. ამ შემთხვევაში შესაძლებელია, სისხლის სამართლის საქმის მასალებში მოცემული მოწმეთა ჩვენებები შეფასდეს როგორც წერილობითი მტკიცებულებები, მაგრამ პროცესუალურ-სამართლებრივ წესებთან ერთად სასამართლომ აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს მტკიცებულების მატერიალურ სამართლებრივი მხარე, რაც საბოლოოდ, გავლენას ახდენს მტკიცებულებათა კვლევა-შეფასების ეტაპზე. სასამართლომ უპირველეს ყოვლისა სამართლებრივად უნდა შეაფასოს მოსარჩელეების მიერ მითითებული მოთხოვნის საფუძვლები (კერძოდ, თუ რომელი მატერიალურსამართლებრივი ნორმიდან გამომდინარეობს მოსარჩელეების მოთხოვნა მათ მიერ მითითებული საფუძვლების გათვალისწინებით). შესაბამისად, სასამართლოს მიერ შესაფასებელი მტკიცებულება უნდა შეიცავდეს იმ მატერიალურ-სამართლებრივი ხასიათის ინფორმაციას, რომელიც სადავო ურთიერთობის მომწესრიგებელი მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის ფაქტობრივი სიტუაციის ნორმატიული აღწერილობით არის მოცემული;
4.12. როგორც აღინიშნა, საქმეში ასევე განთავსებულია არაპირდაპირი მკიცებულებები, მოწმეთა ჩვენებები, რომლებიც არ არიან მხარეთა სამართალურთიერთობის უშუალო მოწმეები. აღნიშნულ მტკიცებულებებთან დაკავშირებით პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 102-ე და 104-ე მუხლების თანახმად, მხარემ თავისი მოთხოვნის დასადასტურებლად, შესაძლოა წარმოადგინოს, როგორც პირდაპირი, ისე არაპირდაპირი მტკიცებულება. შესაბამისად, გადაწყვეტილების დასაბუთების დროსაც არის შესაძლებელი ორივე სახის მტკიცებულებაზე მითითება, თუმცა, გადაწყვეტილება მხოლოდ არაპირდაპირ მტკიცებულებას არ უნდა ემყარებოდეს. მტკიცებულებები, რომლებიც კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებაზე არაპირდაპირი ვარაუდისა თუ დასკვნის შესაძლებლობას იძლევა, შესაძლებელია, მხედველობაში იქნეს მიღებული, მხოლოდ პირდაპირ მტკიცებულებასთან ერთად და მისი კიდევ უფრო სარწმუნოობის განსამტკიცებლად, ან პირიქით, მტკიცებულების სარწმუნოობაში ეჭვის შესატანად. არაპირდაპირი მტკიცებულება, მნიშვნელოვანია მაშინაც, როდესაც სახეზეა პირდაპირ მტკიცებულებათა არასაკმარისობა და გარკვეულწილად, არაპირდაპირი მტკიცებულებით ხდება ამ ხარვეზის შევსება;
4.13. საბოლოოდ სააპელაციო პალატა აფასებს, რა სისხლის სამართლის საქმეზე მოწმეთა ჩვენებებს, როგორც წერილობით მტკიცებულებას, ასევე საქმეშე შეკრებილ სხვა მტკიცებულებებს, დადგენილად მიიჩნევს, რომ 2015 წლის 22 ოქტომბერს, მოსარჩელე მ------ თე----- ქა-------მ მოპასუხე რა---- აბ-–---ს სესხის სახით გადასცა 13.000 აშშ დოლარი, რომელიც ამ უკანასკნელს უნდა დაებრუნებია 10 დღის ვადაში;
4.14. დადგენილია, რომ მითითებული თანხა რა---- აბ-–---ს მოსარჩელისათვის დაბრუნებული არ აქვს;
4.15. რაც შეეხება იმ გარემოებას, რომ მიღებული თანხები არ იყო სესხი, არამედ იყო მომავალში ერთობლივი საქმიანობის განხორციელების პირობით გადაცემული თანხა - ამ გარემოებას პალატა ვერ ჩათვლის დადასტურებულად საქმეში საკმარისი და სათანადო მტკიცებულებათა არარსებობის გამო;
4.16. სააპელაციო პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებას მტკიცების ტვირთის გადანაწილებასთან დაკავშირებით და განმარტავს, რომ მხარეთა შორის სესხის თაობაზე გარიგების დადების მტკიცების ტვირთი აკისრია მოსარჩელე მხარეს, რისი დამტკიცება და დადასტურებაც მან შეძლო საქმეზე წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებებით; ხელშეკრულებითა და მოწმის ჩვენებით; ხოლო იმ გარემოების დადასტურება, რომ მხარეთა შორის რეალურად არსებობდა ერთობლივი საქმიანობის შესახებ სამართლებრივი ურთიერთობა - მოპასუხე მხარემ სათანადო მტკიცებულებების წარმოდგენით ვერ დაადასტურა;
4.17. პალატა აღნიშნავს, რომ მოთხოვნის საფუძვლის (საფუძვლების) ძიებისას, სასამართლოსათვის ამოსავალია ის კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნას. სწორედ მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები და გარემოებები განსაზღვრავენ მისი მოთხოვნის შინაარსს. სასამართლომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, უნდა გაარკვიოს, თუ საიდან გამომდინარეობს მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი, კერძოდ, სახელშეკრულებო შეთანხმებებიდან თუ სხვა ვალდებულებითი ურთიერთობებიდან;
4.18. სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ ყოველი კონკრეტული სამოქალაქო საქმის გადაწყვეტა სასამართლოში, დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოშობილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი, როგორც ეს ცნობილია, შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. სწორედ მტკიცების ტვირთსა და მის სწორ განაწილებაზეა დამოკიდებული დასაბუთებული და კანონიერი გადაწყვეტილების მიღება;
4.19. სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვეციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება უმეტესწილად დამოკიდებულია და გულისხმობს სასამართლოს მიერ დასაბუთებული, მტკიცებულებათა შეჯერების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების მიღებას. მტკიცების ტვირთის როლი განსაკუთრებით ვლინდება სამოქალაქო სამართალწარმოებაში, სადაც მხარეთა ნების ავტონომიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. შესაძლებელია მხარის მოთხოვნა საფუძვლიანი იყოს, მაგრამ შეუძლებელია მხარემ მიიღოს თავისი სასარგებლო გადაწყვეტილება, თუ ვერ დაამტკიცებს თავის სასარგებლო გარემოებებს საპროცესო სამართლით დადგენილი წესით. ამიტომაც, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება მოდავე მხარეებს შორის;
4.20. სსსკ-ის მე-3 მუხლის მიხედვით მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული შესაგებლენი, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები;
4.21. მტკიცების ტვირთზე მითითებას აკეთებს სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვითაც თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება;
4.22. მტკიცების ტვირთი - ესაა სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი - ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. მტკიცების ტვირთი დამოკიდებულია არა მხარის როლზე პროცესში, არამედ მოთხოვნის საფუძველზე. ის ვინც ითხოვს ვალდებულების შესრულებას, უნდა დაამტკიცოს მოთხოვნის საფუძვლის არსებობა არა მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი ითხოვს თავისი მოთხოვნის შესრულებას, ან აღიარებას, არამედ მაშინაც, როდესაც იგი თავს იცავს მოწინააღმდეგე მხარის ნეგატიური აღიარებითი სარჩელისაგან (მოთხოვნისაგან);
4.23. მტკიცების ტვირთისაგან უნდა გავმიჯნოთ ფაქტების მითითების ტვირთი, როგორც მხარის ფაკულტატური მოვალეობა. მხარეები სსსკ-ის მე-4 მუხლის თანახმად სრულიად თავისუფალნი არიან მიუთითონ ნებისმიერ ფაქტზე. ეს მათი უფლებაა, მაგრამ მათ მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება, ე.ი. იმის დადგენა და გარკვევა, თუ რამდენად ასაბუთებენ ეს ფაქტები იურიდიულად მხარეთა მოთხოვნებს და შესაგებელს - ეს უკვე სასამართლის პრეროგატივაა. ამასთან, საკმარისი არ არის, რომ მხარემ ზოგადად გამოთქვას მოსაზრება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებაზე, მაგალითად, განაცხადოს, რომ იგი მთლიანად უარყოფს მეორე მხარის მიერ მოხსენებულ საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. მხარის მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები კონკრეტულად და დეტალურად უნდა ჩამოყალიბდეს და ეხებოდეს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებას. მხარეთა მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებები უნდა იყოს დასაბუთებული და ეხებოდეს იმ გარემოებებს, რომლებსაც უშუალო კავშირი აქვს დავასთან;
4.24. სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ კრიტერიუმი, რომლითაც უნდა იხელმძღვანელოს სასამართლომ იმისათვის, რომ სწორად განსაზღვროს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტებიდან, თუ რომელი ამართლებს სამართლებრივად მხარეთა მოთხოვნებს (შესაგებელს) და რომელი არა, ესაა სარჩელის საგანი – მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსი, მოპასუხის შესაგებელი და შესაბამისი მატერიალურ სამართლებრივი ნორმა;
4.25. სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ მტკიცების საგანში შემავალი გარემოებებიდან ერთი ნაწილი უნდა დაამტკიცოს მოსარჩელემ, მეორე ნაწილი კი - მოპასუხემ. ამასთან ერთად, დამტკიცების ტვირთის განაწილების საფუძველზე, მოსარჩელე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოპასუხემ უნდა დაამტკიცოს და პირიქით, მოპასუხე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების ინსტიტუტი მიუთითებს არა მარტო იმაზე, თუ რომელმა მხარემ რა ფაქტები უნდა დაადგინოს, არამედ იმაზეც, თუ რომელი ფაქტების დადგენის მოვალეობისაგან თავისუფლდება ესა თუ ის მხარე. შესაბამისად, მოსარჩელემ, როგორც წესი, უნდა დაამტკიცოს ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის წარმოშობის საფუძველს, ხოლო მოპასუხემ კი - ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს (იხ. ჰაინ ბიოლინგი, ლადო ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, თბ., 2003, გვ.64);
4.26. პალატა განმარტავს, რომ განსახილველი კატეგორიის დავაში, მოსარჩელეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების ტვირთი, რომელიც იქნებოდა რელევანტური, ვარგისი და უტყუარი კონკრეტული ფაქტის დასადასტურებლად. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელეს უნდა მიეთითებინა და დაემტკიცებინა, რომ განსახილველი დავა მომდინარეობდა ერთობლივი საქმიანობიდან გამომდინარე მხარეთა შორის არსებული ურთიერთობიდან, რომლის ფარგლებშიც მოხდა სწორედ არარსებული შეთანხმების დადება;
4.27. სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებებით დადასტურებული ფაქტების გაბათილება ვერ მოხდება, მოპასუხე მხარის მხოლოდ ზეპირი ახსნა-განმარტების საფუძველზე, ხოლო სხვა სახის სანდო, უტყუარი და რელევანტური მტკივცებულება კი მოპასუხე მხარეს სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია, რის გამოც სააპელაციო პალატა საფუძვლიანად მიიჩნევს მოთხოვნას გასესხებული თანხების უკან დაბრუნების შესახებ.
სამართლებრივი დასაბუთება:
4.28. სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესზე და აღნიშნავს, რომ ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. იმავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან;
4.29. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ;
4.30. ამავე კოდექსის 623-ე მუხლის მიხედვით, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. ამავე კოდექსის 624-ე მუხლის მიხედვით კი, სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც. ზეპირი ხელშეკრულების დროს მისი ნამდვილობა არ შეიძლება დადგინდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით;
4.31. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად: ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ზოგადად, ვალდებულების ჯეროვანი შესრულება წარმოადგენს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრინციპს და მას უკავშირდება ვალდებულების შეწყვეტა;
4.32. სკ-ის 427-ე მუხლის თანახმად, ვალდებულებითი ურთიერთობა წყდება კრედიტორის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულებით;
4.33. მართალია, სესხის ხელშეკრულების დადებისას, კანონი არ ითვალისწინებს წერილობითი დოკუმენტის შექმნის აუცილებლობას ნასესხები თანხის დაბრუნების შესახებ, მაგრამ სადავოობის შემთხვევაში, ვინაიდან სახეზეა ფულადი ვალდებულების შესრულება, სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი. შესაბამისად, მხარეთა შორის არსებული ვალდებულებითი ურთიერთობა წყდება კრედიტორის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულებით (სამოქალაქო კოდექსის 427-ე მუხლი), ამიტომ მოვალეა ვალდებული ადასტუროს შესრულება;
4.34. სამოქალაქო კოდექსის 430-ე მუხლის თანახმად კრედიტორის მიერ შედგენილი დოკუმენტი შესრულების თაობაზე უნდა შეიცავდეს მონაცემებს ვალის მოცულობისა და სახეობის შესახებ;
4.35. სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლი ადგენს ვალდებულების შესრულების მიღების წესს. ზემოაღნიშნული მუხლის 1-ლი ნაწილით კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი. მითითებული ნორმის ანალიზი ცხადყოფს, რომ კრედიტორი ყოველთვის ვალდებულია, გასცეს მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტი, თუ ამას მოვალე მოითხოვს. კანონში კრედიტორის მიმართ არსებობს მეტად ცალსახა დამოკიდებულება – იგი ავალდებულებს კრედიტორს, მოვალის მოთხოვნის შემთხვევაში გასცეს ასეთი დოკუმენტი. ამავდროულად, კანონი ასეთივე მომთხოვნი არ არის მოვალის მიმართ. მას შეუძლია, არ გამოითხოვოს ასეთი საბუთი კრედიტორისაგან. ბუნებრივია, კანონმდებლის ასეთი დამოკიდებულება განპირობებულია ვალდებულებიდან გამომდინარე მხარეთა მდგომარეობით. ნორმაში მითითებული დოკუმენტის ფლობა აუცილებლობას წარმოადგენს მოვალისათვის, რადგან მან მხოლოდ ამ დოკუმენტით შეიძლება დაადასტუროს ვალდებულების შესრულება, რასაც ვერ ვიტყვით კრედიტორზე. მას არანაირი საჭიროება არ აქვს, ფლობდეს ამ დოკუმენტს არც სამართლებრივი და არც ფაქტობრივი თვალსაზრისით. კანონი მოვალეს აღჭურავს მთელი რიგი უფლებებით, რათა შესძლოს ვალდებულების შესრულების და კრედიტორის მიერ ამ შესრულების მიღების ფაქტის დადასტურება. ამ უფლების გამოუყენებლობა კი, წარმოადგენს მის რისკს და შეუძლებელს ხდის ზემომითითებული გარემოების დადასტურებას;
4.36. ვალდებულების შესრულების თაობაზე დავისას, მტკიცების ტვირთი ეკისრება მოვალეს;
4.37. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ მოსარჩელემ შეასრულა ნაკისრი ვალდებულება, სესხის სახით 13.000 დოლარი გადასცა მოპასუხეს, რაც მოპასუხემ მიიღო. ასევე დადგენილია, რომ მოპასუხემ ვერ უზრუნველყო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება. მან დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და სესხის დაფარვის ვადის დასრულების მიუხედავად, სესხად მიღებული თანხა მოსარჩელეს არ დაუბრუნა. შესაბამისად, მოპასუხემ დაარღვია მოსარჩელის კანონიერი უფლება და თავისი მოვალეობა ვალდებულების სრული და ჯეროვანი შესრულებისა. რის გამოც მოპასუხე ვალდებულია მოსარჩელეს გადაუხადოს სესხად მიღებული თანხა;
4.38. ყოველივე ზემოთ აღნიშნულის გამო, გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის საფუძვლები არ არსებობს და იგი უცვლელი უნდა დარჩეს.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა დარჩეს უცვლელი.
6. საპროცესო ხარჯები
სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. რა---- ა--–--ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ძალაში დარჩეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება;
3. აპელანტის მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში საკასაციო წესით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;
5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
თავმჯდომარე: ლაურა მიქავა
მოსამართლეები: ირმა პერანიძე
თამარ სვანიძე