განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 120100118002357236
საქმე №1ბ/1039-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
11 იანვარი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე მზია ლომთათიძემ
ზ---- ჭანტურიძის მდივნობით
სახელმწიფო ბრალმდებელ - კა--------–---–---–ის, ოთ------------ის
ადვოკატ - ავ--------–-----–--–---–ის
მსჯავრდებულ - ზა--------------------ის
მონაწილეობით
მსჯავრდებულ ზა--------------------ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის ავ--------–-----–--–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე ზეპირი მოსმენით განიხილა სისხლის სამართლის საქმე:
ზა--------------------ის მიმართ, დაბადებულის 1--- წლის 15 თებერვალს, პირადი N1----------, საქართველოს მოქალაქის, მცხოვრების მისამართზე: ბ---------ის რაიონი, სოფელი ს-----ე, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 03 ივლისის განაჩენით ზა--------------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით.
ზა--------------------ს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ესე იგი სხეულის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის, ჩადენილი ხულიგნური ქვენა გრძნობით.
კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:
ზა--------------------მა, 2018 წლის 08 თებერვალს, ბ---------ის რაიონის სოფელ ს-----ეში, სი--------------ეს, სრულიად უმიზეზოდ დანა ჩაარტყა გულმკერდის მარცხენა არეში, რითაც მიაყენა სხეულის მძიმე ხარისხს სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანება.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა ზა--------------------მა და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ავ--------–-----–--–---–მა, რომელთაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვეს ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 03 ივლისის განაჩენის გაუქმება და ზა--------------------ის ბრალდების საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-5 ნაწილიდან საქართველოს სსკ-ის 124-ე მუხლზე გადაკვალიფიცირება და სამართლიანი სასჯელის დანიშვნა, შემდეგ გარემოებათა გამო:
აპელანტებს მიაჩნიათ, რომ განაჩენი უკანონო, დაუსაბუთებელი და უსამართლოა, ვინაიდან ბრალდების მხარემ ზა--------------------ს თავიდანვე სსკ-ის 124-ე მუხლის ნაცვლად ბრალი წარუდგინა სსკ-ის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილი, მაგრამ ჯერ კიდევ წინასწარ გამოძიებაში, 2018 წლის 7 მარტს, საქმის სასამართლოში წარმართვის წინა დღეს, ისე, რომ ბრალის კვალიფიკაციის დამძიმებისათვის არც ზეპირი და არც წერილობითი მტკიცებულება არ დაუმატებიათ, უკანონოდ უფრო დაუმძიმა ბრალი სსკ-ის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე გადაკვალიფიცირებით, რითაც დროის უქონლობის გამო დაცვის მხარეს მოუსპო შესაძლებლობა საქმე ზემდგომ პროკურორთან გაესაჩივრებინა. მძიმე ბრალდების ფორმალურად არსებობამ თავიდანვე უკანონოდ განაპირობა ზ. თო---------ის წინასწარ და სასამართლო წარმოების პერიოდში პატიმრობაში ყოფნა, ხოლო სასამართლო განხილვის პროცესში ერთადერთი შერბილებული ნაბიჯი იყო პროკურორის მოქმედება, რომელმაც თავისი ინიციატივით შესთავაზა საპროცესო შეთანხმება ბრალსა და სასჯელზე /თავისუფლების აღკვეთა 5 წლით და დამატებით პირობითი მსჯავრი 3 წელი/. ჩატარებულმა სასამართლომ გამოძიებამ სრულიად დაადასტურა ზა--------------------ის უდანაშაულება სსკ-ის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში და ცალსახად გამოიკვეთა დაზარალებულ სი--------------ისათვის სხეულის დაზიანების გაუფრთხილებლობით მიყენება, მითუმეტეს, რომ დაზარალებულისათვის სხეულის დაზიანების ხარისხი, სიცოცხლისათვის სახიფათო ნიშნით მხოლოდ იმით განისაზღვრა, რომ ჭრილობა გულმკერდის არეში იყო, დაზარალებულ სი--------------ის მკურნალობა, მხოლოდ რამდენიმე დღეს გაგრძელდა, დაზიანებას არ მოჰყოლია მხედველობის, სმენის, მეტყველების დაკარგვა ან დამახინჯება. დაზარალებულს არ დაუკარგავს შრომისუნარიანობა და ხანმოკლე დროში სრულიად გამოჯანმრთელდა.
აპელანტის აზრით, სასამართლომ ჯეროვანი შეფასების გარეშე დატოვა, რომ ზ------- და ს------ ძალიან ახლო მეგობრები და თანაშეზრდილი მეზობლები არიან; ერთად მრავალი წელი შრომობენ ტყეში და მძიმე შრომით არჩენენ ოჯახს; მათ შორის არასოდეს ყოფილა შუღლი, დაპირისპირება ან ელემენტარული წყენა, არც 2018 წლის 8 თებერვალს ყოფილა მათ შორის ჩხუბის ან ურთიერთ შეურაცხყოფის მიზეზი, ამიტომ დანაშაულებრივი განზრახვა არ არსებობდა. განაჩენში მოსამართლე საერთოდ არ მსჯელობს ხულიგნური ქვენა გრძნობის შესახებ, არადა სსკ-ის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის უმკაცრესი სასჯელი სწორედ ასეთი განზრახვის მაკვალიფიცირებული ნიშნითაა განპირობებული; განაჩენში ჩამოთვლილია მოწმეების: ლი-–-----------ის; ლე--–---------–--ის; და-------–---ის; ვლ------------------ის; რა--------------ის ჩვენებები, რომლებიც არცერთ სიტყვას არ ამბობენ ჩხუბსა და ხულიგნობის შესახებ. პროკურორმა მხოლოდ საკუთარი სუბიექტური მოსაზრებითი ვარაუდი გამოთქვა, რომ ზა--------------------ი იმიტომაა ხულიგანი, რომ საკუთარი დომინანტური მაღლა დგომის დასამტკიცებლად ქვენაგრძნობი დაჭრა დაზარალებულიო, რასაც ობიექტური ფაქტობრივი მტკიცებულება არ ახლავს; ბრალდებული პირველივე ჩვენებიდან ამტკიცებს, რომ მთვრალმა ვერ მოზომა, იგი ცდილობდა გახუმრებოდა მეგობარს, ამასვე ამტკიცებს თვით დაზარალებული სი--------------ე, რომელმაც სასამართლო პროცესზე ფიცის ქვეშ განმარტა, რომ ზა--------------------მა მას დაზიანება ხუმრობისას გამოჩენილი გაუფრთხილებლობით მიაყენა. დაჭრის ფაქტს ესწრებოდა სი--------------ის ახლო ნათესავი თა--------------ე, რომელმაც ასევე კატეგორიულად დაადასტურა, რომ მძიმე შედეგი ხუმრობისას დანისადმი უხეშად გაუფრთხილებელ მოქმედებას მოჰყვა და თო---------ის მხრიდან ხულიგნობას ადგილი არ ჰქონია, რადგან მთვრალმა დაჭრა სი--------------ე. სასამართლომ ისიც „გამოტოვა“ და არ შეაფასა, რომ თვით დაზარალებულიც ნასვამი იყო და ე. წ. „ბღლარძუნი“ და უხეში ხუმრობა ორ მთვრალ ადამიანს შორის მოხდა, გამოძიებას არ დაუდგენია თითოეულის სიმთვრალის ხარისხი; თვით დაზარალებულის მიერ გამოწვევა მთვრალი ამხანაგისა, რომელსაც უთხრა „რაში გჭირდება ეგ დანა ისედაც არაფერს ჭრისო“. ამასთან, დეტალურად არ იქნა გამოკვლეული, რომ ვერც დაზარალებული იკავებდა თავს მყარად და ამანაც შეუწყო ხელი დანის შეღწევას მის სხეულში. გამოძიებამ არ დაძებნა დანაშაულის იარაღი, რომელსაც ობიექტური ჭეშმარიტების დასადგენად განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.
სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე აპელანტებმა მხარი დაუჭირეს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას.
ბრალდების მხარემ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვა.
სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს:
პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის ,,ზ’’ ქვეპუნქტის თანახმად საქმეს იხილავს სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, მოცემულ შემთხვევაში, აპელანტები სადავოდ არ ხდიან იმ ფაქტს, რომ ზა--------------------მა დანის გამოყენებით დაჭრა სი--------------ე, აპელანტები სადავოდ ხდიან განზრახვას და მიაჩნიათ, რომ ზა--------------------ის ქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს არა საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილით, რაც ითვალისწინებს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას, ჩადენილს ხულიგნური ქვენა გრძნობით, არამედ, საქართველოს სსკ-ის 124-ე მუხლით, რაც ითვალისწინებს ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებას გაუფრთხილებლობით, აპელანტთა მოსაზრებას პალატა ვერ გაიზიარებს, შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული სსკ-ის 124-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისაგან განსხვავდება ბრალის ფორმით. ხულიგნური ქვენაგრძნობით სხეულის დაზიანებას მაშინ აქვს ადგილი როცა დაზარალებულს არანაირი საბაბი არ მიუცია ან დაზარალებულის მხრიდან ადგილი ჰქონდა უმნიშვნელო საბაბს, რაც არ შეიძლება შურისძიების გრძნობის საფუძველი გამხდარიყო. ხოლო, გაუფრთხილებლობით ჩადენილი დანაშაულის დროს პირი არღვევს წინდახედულობის ნორმას, რაც შეიძლება გამოვლინდეს როგორც თვითიმედოვნებით, ასევე დაუდევრობით.
მოცემულ შემთხვევაში, დაცვის მხარის განმარტებით, ზა--------------------მა დანა მოუქნია სი--------------ეს, რადგან სურდა ეჩვენებინა რომ დანა ჭრიდა და ამისთვის მხოლოდ სვიტერის გაჭრას აპირებდა, თუმცა სიმთვრალის გამო ვერ მოზომა და შემთხვევით დაჭრა გულმკერდის არეში. სააპელაციო სასამართლოში მსჯავრდებულმა დამატებით აღნიშნა, მას შემდეგ, რაც სი--------------ემ უთხრა, რომ ტყუილად ეჭირა ხელში დანა, რადგან დანა მაინც არ ჭრიდა, სურდა დანა პერანგის გულის ჯიბეში ჩადებული სიგარეტის კოლოფისათვის დაერტყა, თუმცა სიმთვრალის გამო ვერ მოზომა. დაცვის მხარის მოსაზრებას პალატა არ იზიარებს, ვინაიდან აღნიშნული არ გამომდინარეობს სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებიდან, კერძოდ:
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დაზარალებულმა სი--------------ემ სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ ის და ზ---- თო---------ი ერთად იზრდებოდნენ. მათ კონფლიქტი არასდროს ჰქონიათ. საღამო იყო, როცა სოფლის ,,ბირჟაზე’’ გამოვიდა, ზ----ც მივიდა, რომელიც ნასვამი იყო, ხელში დანა ეჭირა. გვერდიგვერდ იდგნენ, როცა ზ----ს უთხრა - დანა რომ არ გიჭრის რატომ დაგაქვსო, რა დროსაც ზ----მ დანა დაარტყა, ამის შემდეგ რა მოხდა აღარ ახსოვს. იმ ადგილიდან მის სახლამდე 20-25 მეტრია, სახლამდე სანამ მივიდა, გონება დაკარგა. დაზარალებულის განმარტებით ეს შემთხვევა სიმთვრალის გამო მოხდა, რადგან ზ----ს მისთვის არაფერი უთქვამს, არც შეურაცხყოფა მოუყენებია, არც კამათი ყოფილა, იგი დღესაც ვერ ხვდება რა მოხდა. მისი აზრით ზ----ს ან შეშინება უნდოდა ან ხუმრობით დაარტყა.
განსხვავებულად აღწერს მომხდარს ფაქტის თვითმხილველი მოწმე თა--------------ე, რომელმაც სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ ის, სი--------------ე და ზა--------------------ი, რომელსაც ზ----ს ეძახიან, საუბრობდნენ. ამ დროს ზ----მ ს-----ს ფეხი წამოჰკრა, რომელიც წაბორძიკდა და ზ----მ დაიჭირა, თან უთხრა გეხუმრეო, რაზეც ს-----მა უთხრა - ეგ რა ხუმრობააო. ამ დროს, თავად ზ----ს უკან, დაახლოებით ორ მეტრში, იდგა. მოწმის განმარტებით, ფეხის გამოკვრის შემდეგ არც კამათი ყოფილა, არც ჩხუბი, ზ----ს ხელები ჰქონდა ჯიბეში, უცებ ზ----მ ს-----ს ,,მუჭი დაუქნია’’. თა--------------ემ აღნიშნა, რომ მას დანა ამოღების დროს არ დაუნახავს, მერე დაინახა ,,დაქნევის დროს’’, ჯიბის დანა იყო. ამის შემდეგ ს------ სახლში წავიდა. მერე გაიგო რომ ს------ ცუდად იყო და მასთან სასწრაფო იყო მისული.
პალატა ვერ გაზიარებს დაცვის მხარის განმარტებას, რომ ზა--------------------ს სურდა დანა პერანგის გულის ჯიბეში ჩადებული სიგარეტის კოლოფისათვის დაერტყა, ან სვიტერი გაეჭრა, ვინაიდან აღნიშნული არ დასტურდება სასამართლოში დაკითხულ მოწმეთა ჩვენებებით. გასათვალისწინებელია, რომ ამ კუთხით დაცვის მხარეს შეკითხვაც კი არ აქვს დასმული დაზარალებულთან ან შემთხვევის ადგილზე მყოფ ერთადერთ თვითმხილველ მოწმესთან, რომლის განმარტებით, დანის დარტყმა მოჰყვა სი--------------ის სიტყვებს - ეგ რა ხუმრობააო. მოწმე საერთოდ არ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ ზ----ს და ს-----ს შორის საუბარი იყო დანის თაობაზე. ის ფაქტი, რომ დაზარალებულს გულის ჯიბეში სიგარეტის კოლოფი ედო, არ დასტურდება, არც ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით და დასკვნაზე დართული ფოტოცხრილით, ვინაიდან არც სვიტერს და არც მოშავო ფერის მაისურს არ აქვს ჯიბე, სადაც შესაძლებელი იქნებოდა სიგარეტის კოლოფის მოთავსება. ასევე გასათვალისწინებელია მიყენებული ჭრილობის ზომა და არხის მდებარეობა, კერძოდ, ჭრილობა არის ნაკვეთი, ზომით 2,5 X 0,5 სმ, ჭრილობის არხი კი მიემართება ზემოდან ქვემოთ, მარცხნიდან, მარჯვნივ.
სააპელაციო საჩივარში აპელანტები აღნიშნავენ, რომ სასამართლომ არ გაარკვია რამდენი ალკოჰოლური სასმელი დალიეს ვ----–----------ის ოჯახში ზა--------------------მა და რა--------------ემ, რამდენად აკონტროლებდნენ ისინი თავიანთ საქციელს, რაზე საუბრობდნენ; ხომ არ იყო გზაში მომხდარი ფაქტი გაგრძელება წინა სხვა ურთიერთობისა. ასევე არ იქნა გათვალისწინებული, რომ დაზარალებულიც იყო ნასვამი, არც ის იკავებდა თავს მყარად და ამანაც შეუწყო ხელი დანის შეღწევას მის სხეულში.
დაცვის მხარის მოსაზრებას პალატა არ იზიარებს და აღნიშნავს, რომ სასამართლო პროცესი მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე, მხარეები თავად წარადგენენ და იკვლევენ თავისი პოზიციის დასასაბუთებელ მტკიცებულებებს, მოცემულ შემთხვევაში კი დაცვის მხარე თავად არ დაინტერესებულა აღნიშნული საკითხების გამორკვევით, არ წარუდგენია მტკიცებულებები, უფრო მეტიც, ამ კუთხით კითხვაც კი არ აქვს დასმული მოწმეებთან.
შესაბამისად, პალატა არ იზიარებს დაცვის მხარის მოსაზრებას, რომ ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ზა--------------------მა დანაშაული ჩაიდინა გაუფრთხილებლობით და დადგენილად მიიჩნევს, რომ მან დაზარალებულს სრულიად უმიზეზოდ დანა ჩაარტყა გულმკერდის მარცხენა არეში.
რაც შეეხება დანიშნულ სასჯელს, პალატას მიაჩნია, რომ სასამართლომ სასჯელის განსაზღვრის დროს გაითვალისწინა მსჯავრდებულის პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები და დანიშნული სასჯელის შეცვლის საფუძველი არ არსებობს.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ ზა--------------------ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის ავ--------–-----–--–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 03 ივლისის განაჩენი დარჩეს უცვლელად.
ზა--------------------ი (პ/ნ 1----------) ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით.
ზა--------------------ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია. ზა--------------------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან 2018 წლის 11 თებერვლიდან.
სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებები: სი--------------ის სისხლის ნიმუში, რომელიც ერთვის საქმეს განადგურდეს კანონით დადგენილი წესით; სი--------------ის ტანსაცმელი, რომელიც ინახება შსს ბ---------ის რაიონულ სამმართველოში დაუბრუნდეს სი--------------ეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გამოტანისთანავე შევიდეს კანონიერ ძალაში.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე მ. ლომთათიძე