განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 09.10.2018
საქმის ნომერი
330210017001901571
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
09.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2ბ/1111-18

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

09 ოქტომბერი,2018 წ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლო

 

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა

 

თავმჯდომარე _ ხათუნა არევაძე

მოსამართლეები _ ანა გოგიშვილი

ეკატერინე ცისკარიძე

 

სხდომის მდივანი _ ანა ჩიკვაიძე

 

აპელანტი - ლ-–----------ი

 

მოწინააღმდეგე მხარე - ლ---–---–-----ი

 

წარმომადგენელი - გ-----------------–-–---–ი

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილება

 

დავის საგანი სარჩელით – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

 

დავის საგანი შეგებებული სარჩელით - გამოსყიდვის უფლებით უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა; სესხისა და იპოთეკის სამართალურთიერთობის დადგენა

 

1. აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე.

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილებით ლ---–---–-----ის სარჩელი დაკმაყოფილდა.

 

ლ-–----------ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი, მდებარე ქ. თბილისი, ლ--------------------------------------------------- და დადგინდა მისი გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაცემა მოსარჩელე ლ---–---–-----ისათვის.

ლ-–----------ის შეგებებული სარჩელი 2016 წლის 12 აგვისტოს გაფორმებული გამოსყიდვის უფლებით უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის, სესხის და იპოთეკის სამართალურთიერთობის დადგენის თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება უდავო ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით მითითებებს არ შეიცავს.

 

დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

2.1. 2016 წლის 12 აგვისტოს სანოტარო ბიუროში ლ-–----------მა, რომელიც ხელშეკრულებაში მოხსენიებულია როგორც ,,გამყიდველი", ლ---–---–-----ს, რომელიც ხელშეკრულებაში მოხსენიებულია როგორც ,,მყიდველი", მიჰყიდა უძრავი ქონება გამოსყიდვის უფლებით, მდებარე მისამართზე ქ-------–------------–---------------------------

 

2.2. ხელშეკრულების თანახმად, გამოსყიდვის ვადის გასვლის შემდეგ გამყიდველი კარგავს გამოსყიდვის უფლებას, ხოლო მყიდველი იძენს შეუზღუდავი საკუთრების უფლებას ნასყიდობის საგანზე, რაზედაც მყიდველი უფლებამოსილია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართოს ცალმხრივად, პირადი განცხადებით შეზღუდვის მოხსნის შესახებ.

 

2.3. მოსარჩელე ლ---–---–-----ი 2016 წლის 16 აგვისტოდან წარმოადგენს მესაკუთრეს უძრავი ქონების, მდებარე ქ--–---------–------------–--------------------------- საკადასტრო კოდი N-----------------

 

2.4. მოპასუხე ლ-–----------ს საცხოვრებელი ბინა უნდა გამოესყიდა 2017 წლის 12 თებერვლამდე; სასამართლოში მის მიერ წარმოდგენილი მასალებით ირკვევა, რომ იგი ცდილობდა თანხის მიღებას ბანკიდან, მაგრამ ვინაიდან ბინა 2016 წლის 16 აგვისტოდან წარმოადგენდა ლ---–---–-----ის საკუთრებას, ვერ შეძლო სესხის აღება; მისი განმარტებით, უნდოდა აღნიშნულ ბინასთან დაკავშირებით შეხვედროდა ლ---–---–-----ს, მაგრამ ვერ მოახერხა და მოსარჩელის მიერ 2017 წლის 13 თებერვლიდან საჯარო რეესტრში ბინა დარეგისტრირდა მის საკუთრებაში.

 

2.5. სასამართლოს სხდომაზე მოწმეების _ თ-------------–---–------------------–---–---------------–--–---–-- განმარტებებით, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხე ლ-–----------ს არ გააჩნდა საკმარისი ფული ბინის გამოსასყიდად, მოსარჩელე მას არ შეხვდა არცერთხელ და შესაბამისად შეიქმნა იმის საფუძველი, რომ ლ---–---–-----მა ბინა საკუთრებაში მიიღო.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

 

ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

ზემოდასახელებული მუხლის ანალიზი ცხადყოფს, რომ კანონით გათვალისწინებულია თითოეული მხარის ვალდებულება მიუთითოს სასარჩელო მოთხოვნა, ფაქტები და წარმოადგინოს დასახელებული ფაქტის დამადასტურებელი კანონით გათვალისწინებული მტკიცებულებები. სწორედ დასახელებული წარმოადგენს სამოქალაქო საპროცესო სამართალში დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპის გამოვლინებას. სამოქალაქო საპროცესო კოდექსით განსაზღვრულია სასამართლოს მიერ მტკიცებულების შეფასების სტანდარტი, რაც ფორმულირებულია დასახელებული კოდექსის 105-ე მუხლში. მტკიცებულებები გამოკვლეულ უნდა იქნას სრული და ობიექტური განხილვის გონივრული განსჯის შედეგად, რა დროსაც სასამართლოს მათი ერთობლიობაში შესწავლისა და ურთიერთშეჯერების შედეგად უყალიბდება შინაგანი რწმენა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობა-არარსებობის თაობაზე.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.6. სასამართლომ მიუთითა, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დამატებითი ოქმის პირველი მუხლის პირველი აბზაცზე, რომლის მიხედვით, ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრების შეუფერხებელი სარგებლობის უფლება. მხოლოდ საზოგადოებრივი საჭიროებისათვის შეიძლება ჩამოერთვას ვინმეს თავისი საკუთრება კანონითა და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით გათვალისწინებულ პირობებში.

 

საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველ ნაწილის შესაბამისად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.

 

ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, განსაზღვრულია, რომ მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. აღნიშნული მუხლიდან გამომდინარე, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისათვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები:

1. მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე; 2. მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი; 3. მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ განსახილველი სარჩელი იყო ვინდიკაციური, რომლითაც მესაკუთრე ახდენდა სხვისი უკანონო მფლობელობიდან თავისი საკუთრების ვინდიცირებას, მისი გამოთხოვის გზით. სასამართლოს შეფასებით, ესაა სარჩელი, რომელსაც მესაკუთრე მაშინ იყენებს, როცა შელახულია ნივთზე მისი მფლობელობა, სახელდობრ, როდესაც მესაკუთრის ქონება უკანონო მფლობელის ხელთაა. ნივთის ვინდიცირებაც სხვისი უკანონო მფლობელობიდან მის გამოთხოვას გულისხმობს.

 

ვინაიდან სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის მიხედვით, საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდებოდა უძრავ ქონებაზე ჩანაწერის უტყუარობის პრეზუმფცია, სასამართლომ მიიჩნია, რომ არსებობდა ძირითადი სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

2.7. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის პირველი ნაწილით, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი.

 

ამავე კოდექსის 509-ე მუხლის თანახმად, თუ გამყიდველს ნასყიდობის ხელშეკრულებით აქვს გამოსყიდვის უფლება, ამ უფლების განხორციელება დამოკიდებულია გამყიდველის ნებაზე.

 

სამოქალაქო კოდესის 513-ე მუხლის შესაბამისად კი თუ მყიდველმა გამოსყიდვის უფლების განხორციელებამდე გაასხვისა ნაყიდი ნივთი, ასეთი გასხვისება ბათილია.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის მიხედვით, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ.

 

სასამართლომ მიუთითა, რომ განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენდა 2016 წლის 12 აგვისტოს გაფორმებული გამოსყიდვის უფლებით უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა. მითითებული გარიგების ბათილად ცნობის საფუძვლად ლ-–----------მა მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ იგი იყო თვალთმაქცური გარიგება და აღიარებული უნდა ყოფილიყო სასამართლოს მიერ მათ შორის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სამართალურთიერთობა.

 

შეგებებული სარჩელით მოსარჩელე ლ-–----------ი სამართლებრივ საფუძვლად უთითებდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლს, რომლის მიხედვითაც ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყვეს (მოჩვენებითი გარიგება); თუ მოსაჩვენებლად დადებული გარიგებით მხარეებს სურთ სხვა გარიგების დაფარვა, მაშინ გამოიყენება დაფარული გარიგების მიმართ მოქმედი წესები (თვალთმაქცური გარიგება).

 

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ, საქმეზე გამოკვლეული მასალებით, დადგენილად მიიჩნია, რომ მხარეთა შორის დადებული იყო გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობის ხელშეკრულება, რომელშიც მითითებულ იქნა უძრავი ნივთის გამოსყიდვის ვადაზე; უძრავი ქონების გამოსყიდვა გამყიდველის - ლ-–----------ის მიერ დადგენილ ვადაში ვერ განხორციელდა და ბინა საკუთრების უფლებით აღირიცხა ლ---–---–-----ზე; ხელშეკრულება დადებულია ნოტარიუსთან;

 

სასამართლო მიუთითებს, რომ ზემოაღნიშნული გარემოებები გამორიცხავს შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებას.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

 

_ აპელანტის განმარტებით, სასამართლომ არ შეაფასა ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მხარეებს შორის დაიდო თვალთმაქცური გარიგება; კერძოდ, გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებისას მხარეებმა რეალურად დაფარეს სესხისა და იპოთეკის სამართალურთიერთობა, ვინაიდან ლ---–---–-----ს არ სურდა ზედმეტი ხარჯების გაღება; ამგვარი აუცილებლობა დადგებოდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის შემდგომ.

 

_ აპელანტის შეფასებით, სასამართლომ არამართებულად არ გაიზიარა მოწმეთა ჩვენებები და არ შეაფასა საქმის მასალებზე დართული ინფორმაცია - ჩანაწერი, სადაც ლ---–---–-----ი აღიარებს პროცენტის სახით თანხის აღების ფაქტს, ასევე არ გაამახვილა ყურადღება ქონების რეალურ საბაზრო ღირებულებასა და ნასყიდობის ფასს შორის არსებულ მნიშვნელოვან სხვაობაზე, მით უფრო იმ პირობებში, რომ სადავო ხელშეკრულების უკანა ფურცელზე გაკეთებული მინაწერებიდან იკვეთება სესხის თანხის ოდენობაც და პირველი ორი თვის პროცენტის გადახდის ფაქტიც.

 

_ სააპელაციო საჩივარში აპელანტი მიუთითებს, რომ მის მიერ წარდგენილი აუდიტის დასკვნის მიხედვით ნასყიდობის საგნის ფასი შეადგენს 70 000 აშშ დოლარს, თუმცა სადავო გარიგებაში უძრავი ქონების ღირებულება 22 400 აშშ დოლარითაა განსაზღვრული; სასამართლოს არ გამოუკვლევია თუ რამ განაპირობა გარიგებაში უძრავი ქონების ამგვარი დაბალი ღირებულების ასახვა.

_ აპელანტი მიუთითებს, რომ მას ლ---–---–-----მა ასესხა 20 000 აშშ დოლარი ექვსი თვის ვადით, თვეში 3% სარგებლის გადახდის პირობით; ამასთან, მან წინასწარ მიიღო ორი თვის სარგებელი, რამაც შეადგინა 1200 აშშ დოლარი და ხელშეკრულება გააფორმა 22 400 აშშ დოლარზე; დასახელებული თანხა მიღებულია 20 000 აშშ დოლარის და დარჩენილი ოთხი თვის სარგებელის _ 2400 აშშ დოლარის ჯამით.

 

_ აპელანტის შეფასებით, სასამართლომ მხოლოდ მიუთითა კანონზე, რომელიც უნდა გამოეყენებინა, თუმცა მოცემული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით არასწორად განმარტა იგი, ასევე სასამართლომ არ გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეისწავლა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა, მოისმინა მხარეთა მოსაზრებები და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ საქმე განიხილა არსებითი ხასიათის საპროცესო დარღვევების გარეშე, ამასთან, არსებითად სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არსებითად სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და მიუთითებს მათზე.

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

4.1. სამოქალაქო საქმეთა პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილად მიჩნეულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

- 2016 წლის 12 აგვისტოს სანოტარო ბიუროში ლ-–----------მა, რომელიც ხელშეკრულებაში მოხსენიებულია, როგორც ,,გამყიდველი", ლ---–---–-----ს, რომელიც ხელშეკრულებაში მოხსენიებულია, როგორც ,,მყიდველი", მიჰყიდა უძრავი ქონება გამოსყიდვის უფლებით, მდებარე: მისამართზე ქ-------–------------–---------------------------

 

- ხელშეკრულების თანახმად, გამოსყიდვის ვადის გასვლის შემდეგ გამყიდველი კარგავს გამოსყიდვის უფლებას, ხოლო მყიდველი იძენს შეუზღუდავი საკუთრების უფლებას ნასყიდობის საგანზე, რაზედაც მყიდველი უფლებამოსილია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართოს ცალმხრივად პირადი განცხადებით შეზღუდვის მოხსნის შესახებ.

 

- მოსარჩელე ლ---–---–-----ი 2016 წლის 16 აგვისტოდან წარმოადგენს მესაკუთრეს უძრავი ქონებისა, რომლის რეკვიზიტებია: ქ--–---------–------------–--------------------------- საკადასტრო კოდი N-----------------

 

- მოპასუხე ლ-–----------ს საცხოვრებელი ბინა უნდა გამოესყიდა 2017 წლის 12 თებერვლამდე; მისივე განმარტებით, ამ მიზნით იგი ცდილობდა ბანკიდან თანხის მიღებას, მაგრამ ვინაიდან ბინა 2016 წლის 16 აგვისტოდან წარმოადგენდა ლ---–---–-----ის საკუთრებას, ვერ შეძლო სესხის აღება (სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ ამ გარემოების დასადასტურებლად მხარის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში წარდგენილი იქნა ს---------------–----------- 2017 წლის 26 აპრილის წერილი (ს.ფ. 65); დასახელებული წერილიდან ირკვევა, რომ 2016 წლის 19 დეკემბერს ბანკს მიმართა ლ-–----------მა და მოითხოვა სალომბარდე სესხი, რომლის უზრუნველსაყოფად წარადგინა უძრავი ქონება საკადასტრო კოდით: N----------------; ამავე წერილში აღნიშნულია, რომ ,,უძრავი ქონების რეალური კვადრატულობის დაურეგისტრირებლობის გამო სესხის მოთხიოვნის პროცედურა გაუქმებულია“); აპელანტის განცხადებით, მას უნდოდა აღნიშნულ ბინასთან დაკავშირებით შეხვედროდა ლ---–---–-----ს, რაც ვერ მოახერხა და მოსარჩელის მიერ 2017 წლის 13 თებერვლიდან საჯარო რეესტრში ბინა დარეგისტრირდა მის საკუთრებაში.

 

- სასამართლოს სხდომაზე მოწმეების თ-------------–---–------------------–---–---------------–--–---–-- განმარტებებით დგინდება, რომ მოპასუხე ლ-–----------ს არ გააჩნდა საკმარისი ფული ბინის გამოსასყიდად.

 

4.2. სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებების მიხედვით, აპელანტის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ 2016 წლის 12 აგვისტოს ხელშეკრულება თვალთმაქცურ გარიგებას წარმოადგენდა, არ დასტურდება.

 

პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო სასამართლომ №ას-863-1174-07 სამოქალაქო საქმეზე 2008 წლის 02 აპრილს მიღებულ განჩინებაში ნათლად განმარტა თვალთმაქცური გარიგების არსი და სამართლებრივი მახასიათებლები; კერძოდ, ზემოაღნიშნულ განჩინებაში საკასაციო პალატამ მიუთითა, რომ საქმეში არსებული მასალებით უნდა დასტურდებოდეს თვალთმაქცური გარიგების დროს გამოვლენილი ნების თავისებურებები, რაც, უპირველეს ყოვლისა, გამოიხატება სხვა გარიგების დაფარვის მიზნის არსებობაში. ეს ის შემთხვევაა, როდესაც მხარეებს სურთ, მიაღწიონ სხვა შედეგს და არა იმ შედეგს, რასაც იძლევა მათ მიერ გარეგნულად გამოხატული ნება. ამდენად, თვალთმაქცური გარიგების დროს უნდა დადასტურებულ იქნეს გარემოებები, რომლებიც მიუთითებენ სხვა გარიგების დადების სურვილზე და ამ დაფარული გარიგებისათვის აუცილებელ ყველა წინაპირობის არსებობაზე. ამ შემთხვევაში გამოიყენება დაფარული გარიგების მიმართ მოქმედი წესები. სამოქალაქო კოდექსის 56ე მუხლის შესაბამისად, ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყვეს (მოჩვენებითი გარიგება). თუ მოსაჩვენებლად დადებული გარიგებით მხარეებს სურთ სხვა გარიგების დაფარვა, მაშინ გამოიყენება დაფარული გარიგების მიმართ მოქმედი წესები (თვალთმაქცური გარიგება). აღნიშნული ნორმის მიხედვით, თვალთმაქცური გარიგების დროს, მართალია, ნების გამოვლენა მიმართულია სამართლებრივი შედეგების დადგომისაკენ, თუმცა არა იმ ხელშეკრულების შესაბამისად, რომელზეც მხარეები თანხმდებიან. ამგვარი გარიგების მიზანს წარმოადგენს იმ გარიგების დაფარვა, რომლის მიღწევის სურვილი მხარეებს რეალურად გააჩნიათ. ამ შემთხვევაში არსებობს ორი გარიგება, ერთი თვალთმაქცური და მეორე – რომელიც მხარეებმა უშუალოდ გაითვალისწინეს. ამდენად, თვალთმაქცური გარიგება ერთგვარად ფარავს ნამდვილ გარიგებას, შესაბამისად, მას არ გააჩნია სამართლებრივი საფუძველი და იგი ბათილია. თუმცა, ამ საფუძვლით გარიგების ბათილობას გარკვეული სპეციფიკურობა ახასიათებს. კანონმდებლის ასეთი დამოკიდებულება განპირობებულია მხარეთა რეალური ნების გათვალისწინებით. ხშირ შემთხვევაში, მხარეები ვერ ერკვევიან, რა შინაარსის ხელშეკრულების გაფორმება სურთ ან კიდევ ვერ ასხვავებენ ერთმანეთისაგან გარიგების სხვადასხვა ტიპებს. სამოქალაქო კოდექსი შესაძლებლობას ანიჭებს ხელშეკრულების სუბიექტებს, გამოასწორონ დაშვებული შეცდომები თვალთმაქცური გარიგების ბათილად ცნობით და მხარეთა შეთანხმების მიმართ გამოიყენონ ის მოთხოვნები, რაც დამახასიათებელია იმ გარიგებისათვის, რომლის მიღწევაც მხარეებს სურდათ.

 

პალატა განმარტავს, რომ ასეთ დროს, ასეთ დროს მტკიცების საგანს შეადგენს იმ ფაქტობრივი შემადგენლობის დადასტურება, რაც თვალთმაქცური გარიგების ყველა წინაპირობას მოიცავს. ამგვარ ვითარებაში, მხარეთა მტკიცებითი ფორმა, როგორც წესი, ორიენტირებულია მხოლოდ მოწმეთა ჩვენებაზე და, მეტი დამაჯერებლობისათვის, მათ მიერ დასახელებულ მოწმეთა თანაფარდობაზე. სასამართლო მიიჩნევს, რომ თუ მოსარჩელის არგუმენტაცია გამყარებულია მოწმეთა ჩვენებებით, ამ მტკიცებულებით უნდა დასტურდებოდეს ყველა იმ გარემოების არსებობა, რომელიც თვალთმაქცური გარიგების შემადგენლობას ქმნის, ხოლო დასკვნა იმის შესახებ ჩაითვალოს თუ არა თვალთმაქცურად გარიგება, უნდა გამოიტანოს სასამართლომ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასების საფუძველზე. ამდენად, მოწმეთა მიერ ხდება არა გარიგების თვალთმაქცურობის დადასტურება ან უარყოფა, არამედ – იმ გარემოებებისა, რომელთა საფუძველზეც სასამართლომ შესაბამისი დასკვნა უნდა გააკეთოს.

 

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ არაერთ საქმეში განმარტა, რომ სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს პრეროგატივაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს, ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა გამორიცხავს მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას (საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საქმეზე: Nას-15-29-1443-2012, 2013 წლის 09 დეკემბერი. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 02 მარტის დიდი პალატის გადაწყვეტილება საქმეზე Nას-664-635-2016).

 

მოცემულ შემთხვევაში, გარიგების თვალთმაქცურობის დასადასტურებლად ლ-–----------ი აპელირებს მოწმეთა ჩვენებაზე, საქმეზე დისკის სახით წარმოდგენილ ჩანაწერსა და სადავო ხელშეკრულების უკანა გვერდზე გაკეთებულ მინაწერებზე.

 

4.3. პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სს კოდექსის 102-ე და 105-ე მუხლებიდან გამომდინარე სადავო გარემოების (2016 წლის 12 აგვისტოს ხელშეკრულების სესხისა და იპოთეკის სამართალურთიერთობის დადგენის) დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად ვერ გაიზიარებს აპელანტის ახსნა-განმარტებას, ვინაიდან, იგი თავად წარმოადგენს პროცესის მონაწილეს და უშუალოდ არის დაინტერესებული საქმის შედეგით. ამიტომ, მარტოოდენ მხარის ახსნა-განმარტება სხვა მტკიცებულებების გარეშე, სადავოდ გამხდარი გარიგების ბათილობის დადასტურებისათვის არ გამოდგება. რაც შეეხება სასამართლოს სხდომაზე დაკითხულ მოწმეთა ჩვენებებს, ისინი არ არიან მხარეთა შორის ხელშეკრულების გაფორმებისას მიმდინარე მოლაპარაკებების უშუალოდ შემსწრენი, მოწმეების ჩვენებიდან ცალსახად შეუძლებელია იმგვარი დასკვნის გაკეთება, რომ მათ იცოდნენ, თუ რა გარიგების დადება სურდა ლ-–----------ს და რეალურად რა გარიგება დაიდო მხარეთა შორის, ამასთან, მათი ჩვენებები არ არის ზუსტი და თანმიმდევრული. პალატა განმარტავს იმასაც, რომ სადავო გარემოების დასადასტურებლად საკმარისი არ არის მხოლოდ მოწმეთა ისეთი ჩვენებები, რომლებიც მიუთითებს მარტოოდენ მათ ვარაუდზე, ფაქტებისა და მოვლენების აღქმაზე. მოწმეთა ჩვენებების გაზიარებისათვის აუცილებელია, რომ ისინი მიუთითებდნენ იმ ფაქტის უშუალოდ ცოდნასა და თვითხილვაზე, რაზეც მხარე ამყარებს თავის მოთხოვნას.

 

პალატა მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში, საქმეზე მოწმის სახით დაკითხული პირები - თ--------------–---–ი, კ----------–--–---–ი, რ------------–---–ი წარმოადგენენ ლ-–----------ის ახლობლებს, რომელთა ჩვენებებიდანაც დგინდება, რომ მათთვის ლ-–----------სა და ლ---–---–-----ს შორის წარმოშობილი სამართალურთიერთობების თაობაზე ცნობილი გახდა თავად აპელანტისგან და როგორც აღინიშნა, ისინი მხარეთა შორის მოლაპარაკებებისა თუ გარიგების დადების პროცესის უშუალო შემსწრეებს არ წარმოადგენენ.

 

ამდენად, პალატა განმარტავს, რომ 2016 წლის 12 აგვისტოს ლ-–----------სა და ლ---–---–-----ს შორის დადებული გარიგების, სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებად მიჩნევის დასადასტურებლად საკმარისი არ არის მხოლოდ მოწმეთა ისეთი ჩვენებები, რომლებიც მიუთითებს მარტოოდენ მათ ვარაუდზე, ფაქტებისა და მოვლენების აღქმაზე. მოწმეთა ჩვენებების გაზიარებისათვის აუცილებელია, რომ ისინი მიუთითებდნენ იმ ფაქტის უშუალოდ ცოდნასა და თვითხილვაზე, რაზეც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნას. მოცემულ შემთხვევაში, კი მოწმეების ჩვენებები დამყარებულია მხოლოდ გადმოცემითი ფაქტების ცოდნაზე, რის გამოც პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორი შეფასება მისცა საქმეზე დაკითხული მოწმეთა ჩვენებებს და მართებულად არ გაიზიარა იგი.

 

4.4. რაც შეეხება შეგებებულ სარჩელზე დისკის სახით დართულ აუდიო ჩანაწერს, რომელზედაც ლ-–----------ი აპელირებს, როგორც სადავო გარიგების სესხისა და იპოთეკის სამართალურთიერთობად მიჩნევის ერთ-ერთ მტკიცებულებაზე, პალატა მოიშველიებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ ერთგვაროვან პრაქტიკას და განმარტავს, რომ პირადი საუბრის ფარული ჩაწერა, ხოლო შემდეგ სასამართლოში მტკიცებულების სახით წარდგენა, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლით გარანტირებულ პირადი ცხოვრებისა და პირადი კომუნიკაციის ხელშეუვალობას, ასევე კონსტიტუციის მე-16 მუხლს, რომელიც პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებას ეხება. საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლით დაცული სამართლებრივი სიკეთე - კომუნიკაციის თავისუფლება, გულისხმობს კომუნიკაციის დაცვას გარეშე პირთა არასასურველი მონაწილეობისაგან. კომუნიკაციის თავისუფლება ინდივიდს აძლევს შესაძლებლობას, თავად განსაზღვროს კომუნიკაციის შინაარსი და პარტნიორი, რაც უზრუნველყოფს ადამიანის იმგვარ თავისუფალ თვითგამოსახვას, რომელიც თავისუფალია გარეშე წამკითხველისა და მარეგისტრირებელი სუბიექტის ჩარევით განპირობებული თავშეკავებისაგან. აზრის თავისუფლების ძირითადი უფლებით დაცულია არა მხოლოდ აზრის გამოხატვა, არამედ მისი ადრესატამდე მისვლაც. შესაბამისად, აზრის თავისუფლება დაცული უნდა იყოს მესამე პირთა მხრიდან მისი შინაარსის გაცნობისაგან. ადამიანის უფლებები ირღვევა, როდესაც ინდივიდი ცხოვრობს იმის შეგრძნებით, რომ მისი ნებისმიერი სიტყვა, რაიმე, თუნდაც, გაუაზრებელი და სპონტანური აზრის გამოხატვა, განვითარების პროცესში არსებული დიალოგისას გამოთქმული წინასწარი პოზიცია, ან რაიმე ფორმულირება, რომლის ნამდვილი შინაარსის გაგება მხოლოდ კონკრეტული სიტუაციის ცოდნის შემთხვევაშია შესაძლებელი, სხვა გარემოებებში და სხვა კონტექსტში შეიძლება იქნას გამოყენებული. ინდივიდმა კერძო საუბრები უნდა აწარმოოს იმის ეჭვისა და შიშის გარეშე, რომ საიდუმლო ჩანაწერს ვინმე მისი ნებართვის გარეშე და ნების საწინააღმდეგოდ გამოიყენებს. კომუნიკაციის ხელშეუხებლობის ძირითადი უფლებით დაცულია კომუნიკაციის მონაწილე ყველა პარტნიორი, როგორ გარე, ასევე შიდა ჩარევისაგან, რაც იმას ნიშნავს, რომ კომუნიკაციის ხელშეუხებლობის ძირითადი უფლებით დაცულია არა მხოლოდ მესამე პირთა მეშვეობით განხორციელებული ჩარევა, არამედ, კომუნიკაციის ერთ-ერთი მონაწილის მხრიდან დანარჩენ მონაწილეთა თანხმობის გარეშე პირადი კომუნიკაციის განსაჯაროვება (სუსგ 2015 წლის 04 მაისის გადაწყვეტილება, საქმე Nას-1155-1101-2014).

 

განსახილველ შემთხვევაში, რამდენადაც საქმე ეხება პირადი შეხვედრისას განხორციელებული საუბრების ფარულ აუდიოჩანაწერს, პალატა განმარტავს, რომ ვინაიდან საუბარი, მეორე მხარის ნებართვის გარეშე, ფარულად არის ჩაწერილი, ამიტომ იგი კანონდარღვევითაა მოპოვებული და ვერ იქნება გაზიარებული. აქვე პალატა მიუთითებს, რომ ევროპული კონვენციის მე-8 მუხლი იცავს ინდივიდის პირადი ცხოვრებას არა მარტო საჯარო ხელისუფლების, არამედ კერძო პირების მხრიდანაც. თუმცა, იმის მიხედვით, პირადი ცხოვრების რომელ სფეროს შეეხება საქმე, დაცულობის ხარისხი განსხვავებულია. განსახილველ შემთხვევაში, სახეზე არ არის ინტიმური სფერო, რომელიც აბსოლუტური დაცვით სარგებლობს. მოცემულ შემთხვევაში საქმე ეხება კერძო საუბარს, რომელიც კერძო სფეროს განეკუთვნება და რომელიც არ სარგებლობს აბსოლუტური პრივილეგიით, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი შეზღუდვა დასაშვებია, ანუ მასში ჩარევა შესაძლებელია საამისო დაცვის ღირსი ინტერესისა და კანონიერი მიზნის არსებობის პირობებში. შესაბამისად, კერძო სფეროში ჩარევის დროს, ჩარევა გამართლებული და დასაბუთებული უნდა იყოს უპირატესი საყოველთაო ინტერესის არსებობით, ანუ ჩარევის მართლზომიერების დადგენის მიზნით, უნდა შეფასდეს, არსებობს თუ არა ისეთი დაცვის ღირსი ინტერესი, რომელიც პირადი ცხოვრებისა და პირადი კომუნიკაციის ხელშეუხებლობის კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებაზე უფრო მაღლა დგას.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო სამართალურთიერთობის ფარგლებში სამოქალაქო-სამართლებრივი გარიგების დადასტურების მიზნით მტკიცებულების შესაქმნელად პირად სფეროში ჩარევა და ამით პირადი ცხოვრებისა და პირადი კომუნიკაციის უფლების შეზღუდვა გამართლებული არ არის. ამგვარი დასკვნა, პირველ რიგში, გამომდინარეობს სახელშეკრულებო თავისუფლების პრინციპიდან, რომელიც, თავის მხრივ, სამოქალაქო უფლება-მოვალეობების მიმართ გარკვეულ პასუხისმგებლობას გულისხმობს. სამოქალაქო უფლება-მოვალეობათა მატარებელი სუბიექტები თავისუფალნი არიან სამოქალაქო ურთიერთობებში, შესაბამისად, ისინი ვალდებულნი არიან, გამოიჩინონ შესაბამისი სამოქალაქო სამართლებრივი წინდახედულობა და მტკიცებულება პირთა თანასწორობაზე დამყარებული ურთიერთობის ფარგლებში მოიპოვონ. მხოლოდ ის ფაქტი, რომ მხარე სათანადოდ არ უზრუნველყოფს სამართალურთიერთობას მტკიცებულებებით, არ გულისხმობს იმას, რომ მას შემდგომ აღნიშნული მტკიცებულების შექნის უფლება მეორე მხარის პირად ცხოვრებაში ჩარევის გზით წარმოეშობა. ამგვარი სახით მოპოვებულ მტკიცებულებათა ლეგიტიმაციის პირობებში ვიღებთ არა სამოქალაქო პასუხისმგებლობაზე დამყარებულ საზოგადოებას, არამედ კონსტიტუციურ ღირებულებათა დაუშვებელ ხელყოფას, რა დროსაც, განსაკუთრებით პირადი ცხოვრებისა და პირადი კომუნიკაციის ხელშეუვალობის უფლება იქნება შეზღუდული, რაც დაუშვებელია. ამგვარი შეზღუდვა (ჩარევა) გამართლებულია მხოლოდ მაშინ, როდესაც პირი თვითდახმარების ან „თვითდახმარებასთან მიახლოვებულ“ ფარგლებში მოქმედებს. მაგალითად, თუ ფარული ჩანაწერი ერთადერთი გზაა საკუთარი უფლების დასაცავად, იმის გამო, რომ სხვაგვარად პირი საკუთარ უფლებას ვერ დაიცავს ან არსებობს რეალური საშიშროება ყველა სხვა მტკიცებულების განადგურების, ასეთ ვითარებაში ფარული ჩანაწერის გზით მტკიცებულების შექმნა დასაშვებია. ამდენად, თუ პირზე ხორციელდება ზეწოლა, მუქარა შანტაჟი, საკუთარი უფლებების დაუშვებელი ხელყოფის თავიდან ასაცილებლად, კონსტიტუციურ ღირებულებათა მრავალმხრივი აწონ-დაწონვის შედეგად, შეიძლება გამართლებულად ჩაითვალოს სხვის პირად სფეროში ჩარევა, თუმცა, აღნიშნული დაუშვებელია მაშინ, როდესაც სხვის პირად სფეროში ჩარევა თვითდახმარებას კი არ ემსახურება, არამედ მეორე მხარისათვის სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას. პირად სფეროში ჩარევა კი საჭირო გახდა მხოლოდ იმიტომ, რომ უფლება-მოვალეობათა კრედიტორმა თავის დროზე არ იზრუნა შესაბამისი მტკიცებულების (ხელშეკრულების, ხელწერილის, და ა. შ.) შექმნაზე. ასეთ ვითარებაში, როდესაც გაუმართლებელია ჩარევა პირად სფეროში, ამგვარი გზით მოპოვებული მტკიცებულება, დაუშვებელი მტკიცებულებაა. მისი დაშვება შესაძლებელია მხოლოდ მეორე მხარის თანხმობით, ამასთან, თანხმობა უნდა ეხებოდეს არა მტკიცებულების ფორმალურ დასაშვებობას, არამედ იმას, რომ მტკიცებულების შინაარსი სასამართლომ გადაწყვეტილებას დაუდოს საფუძვლად. ამგვარი თანხმობის არარსებობის პირობებში, დაუშვებელია ფარულ ჩანაწერს გადაწყვეტილება დაეფუძნოს, მაშინაც კი, თუ ფარული ჩანაწერიდან უტყუარად დასტურდება ის გარემოება, რომლის დადასტურების მიზანსაც ფარული ჩაწერა (კერძო სფეროში ჩარევა) ემსახურებოდა.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი პრაქტიკით, სადავო გარემოების დასადგენად ფარული აუდიო-ჩანაწერი, როგორც კანონის დარღვევით მოპოვებული მტკიცებულება, არ შეიძლება იქნას გამოყენებული. პალატა განმარტავს იმასაც, რომ კანონის დარღვევით მოპოვებულ მტკიცებულებებს სასამართლო დასაშვებ მტკიცებულებათა წრეს ვერ მიაკუთვნებს, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ამაზე მეორე მხარის თანხმობა არსებობს. მეორე მხარეს კი მოცემულ საქმეში არ გამოუხატავს თანხმობა, პროცესუალური მოწინააღმდეგის მიერ წარდგენილი ფარული აუდიოჩანაწერის, როგორც კანონის დარღვევით მოპოვებული მტკიცებულების დაშვების და სასამართლოს მიერ გადაწყვეტილებას საფუძვლად მისი გამოყენების თაობაზე.

 

ამდენად, სააპეალაციო პალატა კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ ,,ფარული ჩანაწერის მტკიცებულების სახით დაშვების ლეგიტიმურ საფუძველს, რომელიც მეორე მხარის თანხმობას არ ითვალისწინებს, მხოლოდ ის გარემოება შეიძლება წარმოადგენდეს, თუ ჩანაწერი თვითდახმარების ფარგლებში შექმნილი მტკიცებულებაა. ამასთან, ეს გარემოება იმდენად პატივსადები უნდა იყოს, რომ კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებაზე (პირადი ცხოვრებისა და პირადი კომუნიკაციის ხელშეუვალობა) უფრო მაღლა უნდა იდგეს“ (სუსგ. 2017 წლის 20 ოქტომბრის განჩინება, Nას-842-786-2017), აღნიშნული მსჯელობა გამომდინარეობს როგორც ეროვნული სასამართლო პრაქტიკიდან, ასევე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის №1165 რეზოლუციიდან, სადაც განმარტებულია, რომ „ევროპული კონვენციის მე-8 მუხლმა უნდა დაიცვას ინდივიდის პირადი ცხოვრება არა მარტო საჯარო ხელისუფლების, არამედ კერძო პირების მხრიდანაც“ (სუსგ. განჩინებები საქმეზე N: ას-1155-1101-2014, ას-1337-1375-2014, ას-1054-994-2015; ას-290-276-2016,ას-238-226-2016,ას-896-862-2016).

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს ლ-–----------ის მიერ საქმეზე დისკის სახით დართულ ფარულ აუდიო ჩანაწერს, როგორც 2016 წლის 12 აგვისტოს ხელშეკრულების სესხისა და იპოთეკის სამართალურთიერთობად აღიარებისთვის შესაბამის და სათანადო მტკიცებულებას.

4.5. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით განმტკიცებული შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარეობს მხარის თავისუფლება მისი მოთხოვნის დამადასტურებელი მტკიცებულებების წარდგენაში; კერძოდ, მხარე აღჭურვილია უფლებით, თავადვე განსაზღვროს, თუ რა ფაქტებითა და მტკიცებულებებით დაადასტუროს მისი მოთხოვნა, მან საკუთარი შეხედულებით, დამოუკიდებლად უნდა განსაზღვროს და გადაწყვიტოს, თუ რა ფაქტობრივი საფუძვლის მითითებით გაამყაროს მისი მოთხოვნის მართებულობა. ამ მხრივ მხარეს აქვს აბსოლუტური შესაძლებლობა, მიუთითოს ნებისმიერ ფაქტსა თუ მოვლენაზე, რაც მისი აზრით ადასტურებს მისი მოთხოვნის კანონიერებას. საქმის განხილვასა და მტკიცებულებათა გამოკვლევასთან მიმართებაში სასამართლოს აქვს შესაძლებლობა, განსაზღვროს მტკიცებულებათა შესაბამისობა-განკუთვნებადობის საკითხი, როგორც პროცესუალური, ისე მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით და სწორედ ამ საკითხის გადაწყვეტით უნდა გამოარკვიოს, თუ რამდენად მართებულად და დასაბუთებულად აყენებს მხარე ამა თუ იმ მოთხოვნას. აღნიშნული კვლევისას სასამართლო უმთავრესად ხელმძღვანელობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XIII თავით, რომლის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილით რეგლამენტირებულია ნუსხა, თუ რაზე დაყრდნობითაა შესაძლებელი საქმის სადავო გარემოებების დადასტურება, ესენია: თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენება, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებები და ექსპერტთა დასკვნები, ხოლო ნორმის მე-3 ნაწილით კანონმდებელმა განსაზღვრა მტკიცებულებათა სათანადოობის გამოკვლევის წესი და დაადგინა, რომ საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის დანაწესი ორიენტირებულია მატერიალური თვალსაზრისით მტკიცებულებათა სათანადოობის დადგენაზე. მართლმსაჯულების მიზანი მტკიცებულებათა ერთობლივი ანალიზის, მათი ობიექტური და სრულყოფილი შესწავლის შედეგად დავის სწორად გადაწყვეტაა იმგვარად, რომ დადგენილი გარემოება არ ემყარებოდეს მხოლოდ ვარაუდს, არამედ განპირობებული იყოს საქმის მასალების ერთობლივი ანალიზით (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლი).

მოცემულ შემთხვევაში, ლ-–----------ის აპელირებას მასზედ, რომ უძრავი ქონება გაცილებით მაღალი საბაზრო ღირებულებისაა, ვიდრე ეს სადავო ხელშეკრულებით იქნა გათვალისწინებული, ხოლო მასში დაფიქსირებული თანხა სწორედ რომ სესხის თანხას წარმოადგენდა, პალატა ვერ გაიზიარებს, რამდენადაც, ხელშეკრულების საგანსა და მის ღირებულებას შორის განსხვავება გარიგების მოჩვენებითად ცნობის ერთადერთ საფუძველს არ შეიძლება წარმოადგენდეს, თუმცა, სხვა სიმპტომატურ ნიშნებთან ერთად, გარიგების საგანსა და მის ღირებულებას შორის არსებითი სხვაობა მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული, რაც მოცემულ შემთხვევაზე ვერ გავრცელდება, ვინაიდან, აპელანტი ვერ ასაბუთებს და ადასტურებს გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობის სამართალურთიერთობის ნაცვლად სესხისა და იპოთეკის სამართალურთიერთობის წარმოშობას, მით უფრო იმ პირობებში, რომ სხდომაზე მისვე განმარტებით, წაიკითხა და განემარტა ხელშეკრულების შინაარსი და დათანხმდა მას, იცოდა და გააზრებული ჰქონდა, თუ კონკრეტულად რა სახის სამართალურთიერთობაში შედიოდა ლ---–---–-----თან და რა არსებით პირობებზე თანხმდებოდა მხარეს. პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის მოსაზრებას ვერც მასზედ, რომ სესხისა და იპოთეკის სამართალურთიერთობის არსებობას ადასტურებს სადავო ხელშეკრულების უკანა გვერდზე გაკეთებული ჩანაწერი, რამდენადაც ხსენებული მინაწერიდან არ დგინდება სესხის თანხის ოდენობა და პირველი ორი თვის პროცენტის გადახდის ფაქტი, როგორც ამას ლ-–----------ი ამტკიცებს, მეტიც - არ დგინდება არც ზოგადად სესხის სამართალურთიერთობის ფარგლებში მხარეთა მოლაპარაკების შედეგად შეთანხმებული არსებითი პირობები, სესხის თანხა, ვადა, გადახდის წესი, პროცენტის ოდენობა და ა.შ., ამდენად, სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები, გარდა აპელანტის ზეპირსიტყვიერი ახსნა-განმარტებისა, ვერ იქნა დადასტურებული რაიმე სახის მტკიცებულებით, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის დანაწესის შესაბამისად, გამორიცხავს აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების დადგენის სამართლებრივ საფუძველს.

ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით კი, პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სადავო გარემოებების დადგენის თვალსაზრისით საქმის მასალები და მათ შორის, მოწმეთა ჩვენებები ერთობლიობაში მართებულად და სწორად შეაფასა, სააპელაციო საჩივრის პრეტენზიები პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერებას და საფუძვლიანობას დასაბუთებულ წინააღმდეგობას ვერ უწევს; შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და შესაბამისად, მიიჩნევს, რომ არ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლები.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ლ-–----------ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილება.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის სახით წინასწარ იქნა გადახდილი 1942 ლარი, თუმცა, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს განჩინებით პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება უცვლელად იქნა დატოვებული, არ არსებობს წანამძღვრები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მიხედვით მხარეთა შორის სასამართლო ხარჯების განაწილებისათვის.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ლ-–----------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილება.

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, განჩინების მეოთხე პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;

 

4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

თავმჯდომარე ხათუნა არევაძე

 

მოსამართლეები ანა გოგიშვილი

 

ეკატერინე ცისკარიძე