განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 01.02.2019
საქმის ნომერი
330210015001190234
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
დაზღვევა
თარიღი
01.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210015001190234

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

საქმე №2ბ/4425-18 27 დეკემბერი, 2018 წელი

 

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - თამარ ალანია

 

სხდომის მდივანი – ოთარ ჯუგაშვილი

 

აპელანტი - სს „ს------------------------------ი“

 

წარმომადგენელი - დ-------–------ე, ზ------------–-–---–ი

 

მოწინააღმდეგე მხარე - შპს „პ--------------ი I-“

 

წარმომადგენელი - ზ-----------–---–ი

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 18 მაისის გადაწყვეტილება, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 01 მაისის საოქმო განჩინება

 

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილებისა და განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება.

 

დავის საგანი - სადაზღვევო პრემიის ანაზღაურება

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

 

1. სს „ს------------------------------მა“ მოპასუხე შპს „პ--------------ი I--ის“ წინააღმდეგ სარჩელი აღძრა და მოპასუხისთვის სადაზღვევო პრემიის სახით გადაუხდელი 2700 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის დაკისრება მოითხოვა.

 

2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო

 

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 18 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

 

4. აღნიშნული გადაწყვეტილება სს „ს------------------------------მა“ სააპელაციო წესით გაასაჩივრა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

5. გადამზიდველისა და ექსპედიტორის პასუხისმგებლობის დაზღვევის განაცხადი, გადამზიდველისა და ექსპედიტორის პასუხისმგებლობის დაზღვევის ხელშეკრულება-პოლისი და N1--- ინვოისი ერთი მხრივ, სს „ს-------------------------------ს“ დირექტორის ნ------- გ----------ის და მეორე მხრივ, შპს „პ--------------ი I--ის“ დირექტორის გ-------– კ---------ს მიერ არის ხელმოწერილი (ს.ფ. 15-19, 21-37).

 

6. გადამზიდველისა და ექსპედიტორის პასუხისმგებლობის დაზღვევის ხელშეკრულების თანახმად, სადაზღვევო პერიოდად 2014 წლის 19 დეკემბრიდან 2015 წლის 19 დეკემბრის პერიოდი განისაზღვრა. დამზღვევის მიერ გადასახდელი სადაზღვევო პრემიის ოდენობა 2700 აშშ დოლარის ოდენობით შეთანხმდა, რომელიც შპს „პ--------------ი I--ს“ ხელშეკრულებაში მითითებული გრაფიკის მიხედვით, ოთხ ნაწილად: 19.12.2014-მდე - 675 აშშ დოლარი, 19.03.2015-მდე - 675 აშშ დოლარი, 19.06.2015-მდე 675 აშშ დოლარი და 19.09.2015-მდე - 675 აშშ დოლარი, უნდა გადაეხადა (ს.ფ. 15-19, 21-25, 26-37).

 

7. შპს „პ--------------ი I--ს“ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სადაზღვევო პრემია არ გადაუხდია (ს.ფ. 38, 64).

 

8. 2015 წლის 20 მაისს ს----------------------ამ გაფრთხილების წერილით მიმართა მოპასუხეს და მოსარჩელის მიმართ არსებული დავალიანების გადახდა ორი კვირის ვადაში მოითხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში, სამოქალაქო კოდექსის 817-ე მუხლის თანახმად მზღვეველი იხსნიდა პასუხისმგებლობას აენაზღაურებინა ვადის გასვლის შემდეგ დამდგარი სადაზღვევო შემთხვევა. ასევე იტოვებდა უფლებას თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში მიემართა სასამართლოსათვის (ს.ფ. 38).

 

9. 2015 წლის 02 ივნისს ს----------------------ის 2015 წლის 20 მაისის შეტყობინების პასუხად, შპს „პ--------------ი I--მ“ მოსარჩელისაგან მოქმედი პოლისისა და სადაზღვევო ხელშეკრულების ორი კვირის ვადაში მოწოდება მოითხოვა (ს.ფ. 64).

 

10. სს „ს-----------------------------------–ოს“ სახელწოდება შეეცვალა და მის საფირმო სახელწოდებად სს „ს------------------------------ი“ განისაზღვრა (ს.ფ.173).

 

11. სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს ფაქტობრივ გარემოებას მასზედ, რომ მოდავე მხარეთა შორის სადაზღვევო ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებები არ წარმოშობილა.

 

განსახილველი დავისთვის სწორი სამართლებრივი კვალიფიკაციის მინიჭებისა და მართებული სამართლებრივი შედეგის დადგომისთვის უმნიშვნელოვანესია იმ ფაქტის დადგენა თუ მხარეებს ერთმანეთთან რა სამართლებრივი ურთიერთობა აკავშირებდათ. უპირველესად უნდა აღინიშნოს, რომ სასამართლო, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, ადგენს თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა არსებობს მხარეთა შორის და ამ ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების საფუძველზე აკმაყოფილებს ან არ აკმაყოფილებს სარჩელს. მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის შეფასება სასამართლოს კომპეტენციაში შედის და მხარის მიერ არასწორი საფუძვლის მითითება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ერთადერთი საფუძველი არ შეიძლება გახდეს. აღნიშნულს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 178-ე და 185-ე მუხლების შინაარსიც ადასტურებს, რომელთა ანალიზიც ცხადყოფს, რომ საპროცესო კანონმდებლობა მხარეს არ ავალდებულებს მიუთითოს დავის სამართლებრივი საფუძველი. აღნიშნული არ წარმოადგენს ხარვეზის დადგენის საფუძველს, რაც მეტყველებს იმაზე, რომ სამართლებრივი საფუძველი სასამართლომ და არა მხარემ უნდა განსაზღვროს (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილება საქმეზე Nას-690-651-2010).

 

დაზღვევის ხელშეკრულება ორმხრივი, სასყიდლიანი და რეალური ხელშეკრულებაა. ამასთან, დაზღვევის ხელშეკრულება ორმხრივ მავალდებულებელი ხელშეკრულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ დამზღვევი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო შენატანი, ხოლო მზღვეველი მოვალეა აანაზღაუროს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი. დაზღვევის ხელშეკრულების საგანია მზღვეველის მიერ დამზღვევისათვის სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანის ანაზღაურების უზრუნველყოფა, ხოლო ის, თუ რა შეიძლება იყოს დაზღვევის ობიექტი, მოცემულია სამოქალაქო კოდექსის 820-858-ე მუხლებში, კერძოდ, ასეთი შეიძლება იყოს ქონება ან პიროვნება. აქედან გამომდინარე, დაზღვევის ხელშეკრულება შეიძლება განვიხილოთ, როგორც სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა უფლებების დაცვის მნიშვნელოვანი გარანტია.

 

სამოქალაქო კოდექსის 799-858-ე მუხლებით დაზღვევის ხელშეკრულების მომწესრიგებელი სპეციალური ნორმებია განმტკიცებული. სამართლის თეორიაში რეალურ ხელშეკრულებათა რიგს განეკუთვნება ისეთი ხელშეკრულებები, რომელთა ნამდვილობისთვის მხარეთა მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი, გამოხატული ნება, არ კმარა და კონკრეტული სამართლებრივი მნიშვნელობის მქონე მოქმედებების განხორციელებაა საჭირო. სააპელაციო სასამართლო ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებას, რომ მიუხედავად ჩამოყალიბებული სასამართლო პრაქტიკისა (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 21 თებერვლის განჩინება საქმეზე Nას-85-81-2013, ასევე 2012 წლის 17 თებერვლის გადაწყვეტილება საქმეზე Nას-663-624-2011), სამეცნიერო წრეებში დაზღვევის ხელშეკრულების ბუნებასთან მიმართებით ხშირად ისმება კითხვები, რომელსაც სამოქალაქო კოდექსის 806-ე, 815-ე და 816-ე მუხლებს შორის გარკვეული დისონანსი იწვევს. 806-ე მუხლით დაზღვევის ხელშეკრულების დაწყების დრო დაკავშირებულია ხელშეკრულების დადების დღის ოცდაოთხ საათთან, მაშინ, როდესაც 815-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დამზღვევი მხოლოდ მას შემდეგაა მოვალე გადაიხადოს სადაზღვევო შესატანი, რაც მზღვეველი დაზღვევის დამადასტურებელ საბუთს გადასცემს, ამასთანავე, 816-ე მუხლის მიხედვით, პირველი ან ერთჯერადი შესატანის დროულად გადახდამდე მზღვეველი თავისუფალია თავისი მოვალეობისგან. ხსენებული ნორმების ერთობლივი ანალიზის შედეგად ისმება ლოგიკური კითხვა, დაზღვევის ხელშეკრულება ითვლება თუ არა დადებულად იმ პირობებში, როდესაც დაზღვეულს დაზღვევის დამადასტურებელი საბუთი არ მიუღია ან/და პირველადი შენატანი არ გადაუხდია, ვინაიდან ცალსახაა, რომ პირველადი სადაზღვევო შენატანის გადაუხდელობა მზღვეველს უმთავრესი ვალდებულებისგან - სადაზღვევო ანაზღაურებისგან ათავისუფლებს. ამ მიმართებით უმნიშვნელოვანესია აღინიშნოს, რომ თითოეული ციტირებული ნორმა სპეციალურ ნორმას და ამასთანავე, არა უფლებისდამდგენ არამედ, იმპერატიულ ნორმებს წარმოადგენს. შესაბამისად, მათი კონკურენციის პირობებში, რომელიმე მათგანს კი არ უნდა მიენიჭოს უპირატესობა, არამედ ნორმათა ერთობლივი ანალიზის შედეგად, კანონმდებლის მიზნების გათვალისწინებით, მათი გამოყენების ფარგლები უნდა დადგინდეს. იმ შემთხვევაშიც, კი თუ თავისუფალი ნების გამოვლენის პირობებში, მხარეები ხელშეკრულებით შეთანხმდებიან, რომ დამზღვევს სადაზღვევო შესატანის გადახდის ვალდებულება სადაზღვევო დოკუმენტაციის გადაცემის მიუხედავად გააჩნია ან/და პირველი სადაზღვევო შენატანის შეუტანლობის შემთხვევაშიც ს----------------------ა ვალდებულია სადაზღვევო ანაზღაურება განახორციელოს, სადავოობის შემთხვევაში, აღნიშნული შეთანხმება იქნება ბათილი, რადგან სამოქალაქო კოდექსის სპეციალური და იმპერატიული ნორმებით მსგავსი შემთხვევები სხვაგვარადაა დარეგულირებული.

 

815-ე და 816-ე მუხლების მსგავსი სახით რეგლამენტირება დაკავშირებულია ისეთი სამართლებრივი სიკეთეების დაცვასთან როგორიცაა მომხმარებლის ინტერესი, სადაზღვევო ბაზრის სტაბილურობა და ა.შ. კერძოდ, საქართველოში სადაზღვევო საქმიანობა ლიცენზირებულ საქმიანობათა წრეს განეკუთვნება, რომელზეც სახელმწიფო კონტროლი ხორციელდება, აღნიშნული თავისთავად ნიშნავს იმას, რომ სადაზღვევო ურთიერთობებში, კომპანიას მომხმარებლების მიმართ იმაზე მეტი ვალდებულებები გააჩნია ვიდრე სხვა სტანდარტული მომხსახურების გამწევ საწარმოებს. მაშინ, როდესაც სამოქალაქო კოდექსის არაერთი მუხლი (მაგ: 808-ე, 809-ე, 810-ე და ა.შ.) იცავს კომპანიებს არაკეთილსინდისიერი მომხმარებლისგან 815-ე მუხლის პირველი ნაწილი, დაზღვეული პირის დაცვით მექანიზმს წარმოადგენს. მას მიუხედავად ხელშეკრულების გაფორმებისა, სადაზღვევო შენატანის განხორციელება მხოლოდ მაშინ ევალება, როდესაც კომპანია სადაზღვევო დოკუმენტაციას გადასცემს. სადაზღვევო დოკუმენტაციაში იგულისხმება მხარეებს შორის გაფორმებული, ინფორმაციული თუ იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტი, რომელთა შორის უმთავრესია სადაზღვევო პოლისი. აღნიშნული დანაწესით მომხმარებელს უფლება აქვს შეამოწმოს სადაზღვევო აგენტთან შეთანხმებული პირობების პოლისთან სრული შესაბამისობა, ამ მომენტიდან მას სადაზღვევო შენატანის გადახდის ვალდებულება წარმოეშვება.

 

პირველადი ან/და ერთჯერადი სადაზღვევო შენატანის გადაუხდელობა და შემდგომი შესატანის გადაუხდელობა/დაგვიანებით გადახდა სამოქალაქო კოდექსის სხვადასხვა მუხლებითაა რეგლამენტირებული, რაც თავისთავად ცხადყოფს კანონმდებლის ნებას, ერთმანეთისგან გაემიჯნა ეს ორი მოვლენა და სხვადასხვა სამართლებრივი შედეგები დაეკავშირებინა. როგორც შინაარსობრივი ასევე, სიტყვა-სიტყვითი განმარტების შედეგად მივდივართ დასკვნამდე, რომ 816-ე მუხლი გამოყენებულ უნდა იქნეს 815-ე და 806-ე მუხლებთან ერთობლიობაში, მათი შეუსრულებლობის შემთხვევაში კი ხელშეკრულება დადებულად არ უნდა ჩაითვალოს. ხოლო, 817-ე და 818-ე მუხლების გამოყენება უნდა მოხდეს არა პირველადი/ერთჯერადი, არამედ შემდგომი გადახდის ვალდებულების დარღვევის დროს, ვინაიდან 818-ე მუხლის თანახმად, თუ დამზღვევმა თავის დროზე არ შეიტანა სადაზღვევო შენატანი, მზღვეველს შეუძლია ერთი თვით ადრე გააფრთხილოს დამზღვევი ხელშეკრულების მოშლის თაობაზე და ამ ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ მოშალოს იგი. ცალსახაა, რომ ამ დანაწესით კანონმდებელი არ გულისხმობდა 816-ე მუხლით გათვალისწინებული ერთჯერად ან/და პირველად სადაზღვევო შენატანს, ვინაიდან როგორც წესი, სადაზღვევო ანაზღაურების ვალდებულება ხელშეკრულების პირველივე თვეს წარმოიშვება რაც პირველი შესატანის გადაუხდელობის შემთხვევაში, ს----------------------ის მიერ დაზღვეული პირის ერთი თვით ადრე გაფრთხილების შესაძლებლობას გამორიცხავს.

 

აქვე, სააპელაციო სასამართლო საკითხის სრულად ამოწურვის მიზნებისთვის მნიშვნელოვნად მიიჩნევს აღნიშნოს, რომ ზემოთგანვითარებული მსჯელობა არამც და არამც არ იწვევს 817-ე და 818-ე მუხლების იდენტურ დებულებებად ქცევას, ვინაიდან 817-ე მუხლი აწესრიგებს იმ შემთხვევას, როდესაც სადაზღვევო შენატანის დროულად გადაუხდელობის გამო ორკვირიანი ვადის დაწესების შემდეგ, სადაზღვევო შემთხვევის დადგომის პირობებში, მზღვეველი თავისი ვალდებულებისგან თავისუფალია ყოველგვარი ზედმეტი ფორმალური ქმედებების განხორციელების გარეშე თუმცა, სადაზღვევო შემთხვევის დადგომის შემთხვევაშიც კი, შემდგომი გადახდის განხორციელების შემდგომ სადაზღვევო ხელშეკრულების მოქმედება გრძელდება, ანუ 817-ე მუხლს შესაძლებელია გარკვეული სუსპენზიური ეფექტი ჰქონდეს, მაშინ როდესაც 818-ე მუხლით განმტკიცებულია ხელშეკრულების მოშლის წესი (ხელშეკრულების მოქმედება სრულდება), რისი დაცვაც ს----------------------ას სამოქალაქო კოდექსის იმ ნორმების გამოყენების შესაძლებლობას მისცემს რაც ხელშეკრულების მოშლის ინსტიტუტთანაა დაკავშირებული.

 

ზემოაღნიშნული ნორმის სამართლებრივი ანალიზი ცხადყოფს, რომ დაზღვევის ხელშეკრულება ე.წ. რეალურ ხელშეკრულებათა კატეგორიას განეკუთვნება. მხარეთა უფლება–მოვალეობები წარმოიშობა და ხელშეკრულება დადებულად ითვლება მხოლოდ მზღვეველის მიერ გაცემული დაზღვევის დამადასტურებელი საბუთის საფუძველზე სადაზღვევო შენატანის გადახდის შემდეგ. აღნიშნულ მოსაზრებას ამყარებს 806-ე მუხლის დანაწესიც, რომლის თანახმად, დაზღვევის ხელშეკრულება მისი დადების დღის ოცდაოთხ საათზე იწყება, სასამართლოს აზრით, კანონმდებელმა ხელშეკრულების ხელმოწერისა (ნების გამოვლენის) და მისი ძალაში შესვლის (დაწყების) დრო ერთმანეთს სწორედ იმიტომ არ დაუკავშირა, რომ 815-ე და 816-ე მუხლებით რეგლამენტირებული ვალდებულებების შესრლების შესაძლებლობა დაეტოვებინა, რაც მის კონსესუალურ ხასიათს ცალსახად გამორიცხავს (კონსესუალური ხელშეკრულება მხარეთა მიერ ნების გამოვლენისთანავე ან/და ხელმოწერისთანავე დადებულად ითვლება). ამდენად, დაზღვევის სამართლებრივი ურთიერთობის დაწყება დაკავშირებულია არა მარტო დაზღვევის ხელშეკრულების დადებასთან, არამედ სადაზღვევო პრემიის გადახდასთანაც. ის გარემოება, რომ მზღვეველის მოვალეობა წარმოიშობა არა მხარეთა შეთანხმების, არამედ პრემიის გადახდის მომენტიდან, დაზღვევის მნიშვნელოვან თავისებურებას წარმოადგენს და აქცევს მას რეალურ ხელშეკრულებად.

 

12. მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა ვითარება რა დროსაც, ს----------------------ა დაზღვეულ პირს ედავება და მისგან სადაზღვევო ხელშეკრულებით გათვალისწინებული სრული თანხის ანაზღაურებას მოითხოვს. შესაგებლით დაზღვეულმა პირმა განაცხადა, რომ მისთვის სადაზღვევო დოკუმნეტაცია არ გადაუციათ. სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ მართალია მხოლოდ ზეპირსიტყვიერი შედავება მასზედ, რომ ს----------------------ას დოკუმენტაცია და პოლისი არ გადაუცია მას მტკიცების ტვირთისგან არ ათავისუფლებს, მეტიც იმ პირობებში, როდესაც საქმეში არსებობს სადაზღვევო ხელშეკრულების ასლი, რომელიც ორივე მოდავე მხარის უფლებამოსილი პირის მიერაა ხელმოწერილი და ხელმოწერების არსებობა არცერთ ეტაპზე სადავო არ გამხდარა, ქმნის პრეზუმფციას, რომ ხელმოწერის დროს დაზღვეულ პირს შესაბამისი დოკუმენტაცია გადაეცა. თუმცა, აღნიშნული პრეზუმფცია ქარწყლდება შემდგომში განვითარებული მოვლენებით, კერძოდ: პირველ ინსტანციაში დაკითხულმა მოწმემ, პირმა რომელიც სადაზღვევო ხელშეკრულების პირობებზე შეთანხმებას აწარმოებდა მოპასუხესთან, ცალსახად და არაორაზროვნად ვერ დაადასტურა თუ ვის, რა პირობებში და როდის გადასცა სადაზღვევო დოკუმენტაცია, მათ შორის პოლისი. ამასთანავე, მოდავე მხარეთა შორის პირველივე კომუნიკაციის დროს, მოპასუხე მხარე მიუთითებდა, რომ კომპანიის მიერ მას არ გადასცემია შესაბამისი დოკუმენტაცია რის გამოც იგი სადაზღვევო შესატანის გადახდას არ ახდენდა, და მოითხოვდა შესაბამისი დოკუმენტაციის გადაცემას, მოპასუხე მხარის სასარგებლოდ მოქმედებს ასევე ის გარემოება, რომ სასამართლო წარმოების დროსაც მოსარჩელე მხარემ სადაზღვევო დოკუმენტების დედნები ვერ წარმოადგინა. შესაბამისად, პირის სამოქალაქო პასუხისმგებლობა და რისკი, იცოდეს რას აწერს ხელს და ხელმოწერის შემდგომ დაუყოვნებლივ მიიღოს ხელმოწერილი დოკუმენტაციის ასლი/თანაბარმნიშვნელოვანი დედანი, გადაწონილია იმ ფაქტობრივი გარემოებებით, რომლებიც მოცემული დავის გადაწყვეტისთვის უმნიშვნელოვანესია. დასკვნის სახით, სასამართლო მიუთითებს, რომ დაზღვეული პირის მიერ ჯერ კიდევ, 2015 წლის აპრილში მოხდა სადაზღვევო დოკუმენტაციის გადაცემის მოთხოვნა რასაც შედეგი არ მოჰყოლია, 2015 წლის მაისში ს----------------------ამ კვლავ მოითხოვა სადაზღვევო თანხის გადახდა თუმცა, ამჯერადაც 06 მაისს, მოპასუხის მიერ ეცნობა, რომ ელოდებოდნენ შესაბამისი დოკუმენტაციის გადაცემას, აღნიშნული დოკუმენტაციის მოპასუხის ელ. ფოსტის მისამართზე გადაგზავნა მხოლოდ 2015 წლის 08 ივნისს განხორციელდა. სააპელაციო სასამართლოსთვის, დაზღვევის ხელშეკრულების სპეციფიურობისა და იმ მაღალი რისკის გათვალისწინებით რაც ამ ხელშეკრულების თანმდევია, გაუგებარია რატომ დასჭირდა ამდენი დრო სადაზღვევო დოკუმენტაციის გაგზავნას და რატომ გაიგზავნა არა დოკუმენტის დედნების დასკანერებული ვერსია არამედ, მისი ასლები.

 

13. გარდა ზემოაღნიშნულისა, სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსი კერძო სამართლის სუბიექტებს ავალდებულებს, რომ იმოქმედონ კეთილსინდისიერების ფარგლებში. სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობანი. პალატა მიუთითებს, რომ ნებისმიერი სახის გარიგების სადავოობისას სასამართლო მხარეთა მართლზომიერი და კეთილსინდისიერი ქცევის სტანდარტს ამოწმებს. გარიგების მონაწილეთა ქცევის კეთილსინდისიერების პრინციპის დაცვას სამი ფუნქცია გააჩნია: 1) ყველა ხელშეკრულება უნდა განიმარტოს კეთილსინდისიერების პრინციპიდან გამომდინარე; 2) კეთილსინდისიერების პრინციპს აქვს ხარვეზის (სამართლის ნორმის ხარვეზის) შემავსებელი ფუნქცია, ასევე ხელშეკრულების პირობათა (რომლებიც მხარეთა მიერ ან/და კანონით არ იყო გათვალისწინებული) დამატების ფუნქცია; 3) გამაუქმებელი, შემზღუდავი და „მაკორექტირებელი“ ფუნქცია.

 

კეთილსინდისიერების პრინციპის ძირითადი ფუნქცია სამართლიანი შედეგების დადგომა და ამავე დროს, აშკარად უსამართლო შედეგის თავიდან აცილებაა, რაც პირდაპირ უკავშირდება სამოქალაქო ურთიერთობათა სტაბილურობასა და სიმყარეს. კანონმდებელი სადაზღვევო ურთიერთობაში მზღვეველს, როგორც დაზღვევის ხელშეკრულების ძლიერ მხარეს ანიჭებს აქტიურ როლს, რაც მისთვის გარკვეული უფლებების განსაზღვრაში გამოიხატება. შესაბამისად, ს----------------------ამ კანონმდებლის მიერ მისთვის მინიჭებული უფლებები კეთილსინდისიერად უნდა გამოიყენოს და სადაზღვევო ურთიერთობის ფარგლებში დამზღვევისათვის უარესი პირობები არ უნდა შექმნას.

 

განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს კიდეც რომ გაეზიარებინა აპელანტის მოსაზრება ხელშეკრულების დადებასთან მიმართებით, სარჩელის წარმატების პერსპექტივა მაინც კითხვის ნიშნის ქვეშ იდგებოდა, ვინაიდან საქმის მასალებით დასტურდება, რომ ხელშეკრულებაზე ხელმოწერის შემდეგ (2014 წლის 19 დეკემბერი) მხარეთა შორის არანაირი კომუნიკაცია არ შემდგარა, ს----------------------ამ 2015 წლის 20 მაისს მოპასუხეს გაუგზავნა წერილი, სადაც სადაზღვევო შესატანის გადახდას სთხოვდა და მისი შეუსრულებლობის შემთხვევაში შესაბამისი ზომების მიღების თაობაზე აფრთხილებდა. პირველმა ინსტანციის სასამართლომ აღნიშნა და სააპელაციო სასამართლო სრულად იზიარებს მსჯელობას მასზედ, რომ ხელშეკრულების ვადა განსაზღვრული იყო ერთი წლით 2015 წლის 19 დეკემბრამდე. ამასთანავე, მიუხედავად იმისა რომ კონტრაჰენტის ინფორმირებიდან უმოკლეს დროში, შპს „პ--------------ი I--ის“ წერილითა და ელექტრონული მიმოწერით ს----------------------ისათვის ცხადი გახდა, რომ დამზღვევი არ აპირებდა სადაზღვევო პრემიის ანაზღაურებას, მეტიც, გამოთქვამდა მზაობას 2015 წლის პირველი ივლისიდან - 2016 წლის პირველ ივლისამდე სადაზღვევო პერიოდით ახალი ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე. შესაბამისად, ს----------------------ა, რომლის მიმართაც ხელშეკრულების გაფორმებისთანავე დაირღვა სადაზღვევო პრემიის გადახდის პირველივე ვალდებულება, დაელოდა სადაზღვევო ხელშეკრულების მოქმედების ვადის ამოწურვას და მხოლოდ ამ ვადის სრულად ამოწურვამდე რამდენიმე დღით ადრე (სარჩელი აღძრულია 2015 წლის 16 დეკემბერს) მოითხოვა საკუთარი დარღვეული უფლების სასამართლო წესით დაცვა მან არ გამოიყენა მისთვის სამოქალაქო კოდექსით მინიჭებული ხელშეკრულების მოშლის შესაძლებლობა, რაც, რა თქმა უნდა კეთილსინდისიერი მეწარმისთვის დამახასიათებელ ქმედებად ვერ იქნება მიჩნეული, რადგან სადაზღვევო შესატანის შეთანხმებულ ვადაში გადაუხდელობისას ხელშეკრულება გონივრულ ვადაში უნდა მოიშალოს.

 

14. სააპელაციო საჩივრით აპელანტის მიერ გასაჩივრებულია ასევე, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 01 მაისით დათარიღებული საქმის მასალებიდან სს „ს------------------------------ის“ გადაზიდვის ხელშეკრულებისა და თანდართული ნოტარიულად დამოწმებული თარგმანის ამოღების შესახებ საოქმო განჩინება. სააპელაციო სასამართლო გაეცნო გასაჩივრებულ განჩინებას და მიიჩნევს, რომ მისი გაუქმების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები არ არსებობს შემდეგი დასაბუთების გამო: სადავო მტკიცებულება საქმის მასალებიდან ორი გარემოების გამო ამოირიცხა პირველი და უმთავრესი იგი არ იყო სრული სახით წარდგენილი და მეორე, იგი წარმოადგენდა დოკუმენტის ასლს. აპელანტმა მხარემ ვერც საქალაქო და ვერც სააპელაციო სასამართლოში ვერ წარმოადგინა კვალიფიციური შედავება დოკუმენტის სისრულესთან დაკავშირებით. საპროცესო სამართალში მოქმედი შეჯიბრებითობის პრინციპის გათვალისწინებით თითოეული დოკუმენტი საქმეში წარმოდგენილი უნდა იყოს იმგვარად, რომ მოწინააღმდეგე მხარემ ალტერნატიული მტკიცებულებებით შეძლოს მისი მნიშვნელობის გაბათილება, რაც რა თქმა უნდა, დანაწევრებული დოკუმენტის წარდგენის შემთხვევაში შეუძლებელია. ასევე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 135-ე მუხლის თანახმად, დოკუმენტის ასლისთვის მტკიცებულებითი ძალის მინიჭება სასამართლოს პრეროგატივაა, იმ პირობებში, როდესაც დოკუმენტის სისრულე დადასტურებული არ არის სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ მართებულად იხელმძღვანელა საპროცესო კოდექსის 135-ე და სწორად ამორიცხა იგი საქმიდან.

 

15. კერძო სამართალში მტკიცების ტვირთის ობიექტური და სამართლიანი გადანაწილების სტანდარტი არსებობს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს ამყარებს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

დასახელებული ნორმის თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებულნი არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით, მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა დაადასტურონ. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომლებიც მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციალურ წესს ადგენს, მოსარჩელეს სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება ევალება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, ისეთი მტკიცებულებები წარადგინოს, რომლებიც მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს გააქარწყლებს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლი ადგენს სასამართლოს მხრიდან მხარეთა მიერ მითითებული გარემოებების შეფასების სტანდარტს. სასამართლოსთვის არავითარ მტკიცებულებას წინასწარ დადგენილი ძალა არა აქვს. სასამართლო მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით აფასებს, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, გადაწყვეტილებაში უნდა აისახოს.

 

განსახილველ შემთხვევაში, მტკიცების ტვირთის ობიექტური განაწილების პრინციპიდან გამომდინარე, მოსარჩელეს რეალური ხელშეკრულების დადებისა და კეთილსინდისიერი მეწარმისთვის დამახასიათებელი ქცევის სტანდარტის მოქმედება უნდა დაედასტურებინა, რაც მოცემულ შემთხვევაში ვერ განხორციელდა. სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ არცერთი საერთაშორისო სამართლებრივი ინსტრუმენტი, თუნდაც ევროპის საბჭოს დონეზე მოქმედი დირექტივა ან რეგულაცია, რომელიც საქართველოს მიერ გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულებიდან გამომდინარე გასათვალისწინებლად სავალდებულო იქნებოდა, დაზღვევის სამართლის სფეროში არ არსებობს. რაც შეეხება ევროპის კავშირის ქვეყნების კონსესუსის შედეგად შექმნილ „სადაზღვევო სახელშეკრულებო სამართლის პრინციპებს“ სასამართლო მიუთითებს, რომ იგი სარეკომენდაციო ხასიათისაა და ევროკავშირშიც კი მრავალი ქვეყანა აღნიშნულ პრინციპებს არ იზიარებს (მაგალითად ლატვია), შესაბამისად, იგი საერო სასამართლოების მიერ ირიბი შემეცნების წყაროდაც კი ვერ იქნება გამოყენებული, ვინაიდან სამოქალაქო კოდექსით განმტკიცებულ დებულებებს არ შეესაბამება.

 

მხარეთა შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპის გათვალისწინებით, სასამართლო შეზღუდულია მხარეთა მიერ მითითებული ფაქტებითა და მათ მიერ მითითებული მტკიცებულებებით. შესაბამისად, სასამართლო ასკვნის, რომ ასეთ პირობებში, სასამართლო გადაწყვეტილებას იღებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, მტკიცების ნაკლი კი სამართალწარმოებაში მხარისათვის არასასურველ შედეგს იწვევს. განსახილველ შემთხვევაში, თბილისის საქალაქო სასამართლოში დაკითხული მოწმის ჩვენებით სადაზღვევო პოლისის მოპასუხე მხარისთვის გადაცემის ფაქტი იმპერატიულად და არაორაზროვნად ვერ დადასტურდა, მოპასუხემ წარადგინა არაერთი წერილობითი კორესპონდენცია, სადაც სადაზღვევო დოკუმენტების მისთვის გაუცემლობის თაობაზეა საუბარი, სარჩელს არ ერთვის სადაზღვევო ხელშეკრულებისა და პოლისის დედანი. ამასთანავე, უდავოა, რომ მოპასუხეს პირველი სადაზღვევო პრემია არ გადაუხდია, ყოველივე ზემოაღნიშნულის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ მხარეთა შორის სადაზღვევო ხელშეკრულება არ დადებულა, მაშასადამე სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, მოპასუხისთვის თანხის დაკისრების საფუძველიც არ არსებობდა. სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი დაუსაბუთებელია, იმ მტკიცების ნაკლის გამო, რომელიც აპელანტმა მხარემ ვერ გასწია, ამიტომ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების, გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების ფაქტობრივ-სამართლებრივი წინაპირობები არ არსებობს.

 

16. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

17. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სარჩელზე უარის თქმაში ასევე სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმაც იგულისხმება. შესაბამისად, აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი ბაჟი 264 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტში უნდა დარჩეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე, 386-ე, 390-ე, 55-ე, და

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. სს „ს------------------------------ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელი დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 18 მაისის გადაწყვეტილება;

 

3. სს „ს------------------------------ის“ საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

4. უცვლელი დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 01 მაისის საოქმო განჩინება საქმის მასალებიდან სს „ს------------------------------ის“ გადაზიდვის ხელშეკრულებისა და თანდართული ნოტარიულად დამოწმებული თარგმანის ამოღების შესახებ;

 

5. აპელანტის მიერ გადახდილი ბაჟი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად;

 

6. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;

 

7. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის (მოსარჩელეები – ალიმენტის გადახდევინების სარჩელებზე), ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

მოსამართლე თამარ ალანია