განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №330310018002559591
საქმე N3ბ/3223-18
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
31 იანვარი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე - შოთა გეწაძე
აპელანტი (მოსარჩელე) - გ---–---- პ-----ე;
აპელანტი (მოპასუხე) – საქართველოს თავდაცვის სამინისტრო;
დავის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, ქმედების განხორციელების დავალება;
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 01 ნოემბრის გადაწყვეტილება.
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J-- პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის 2017 წლის 10 იანვრის №----------------- წერილობითი მიმართვა მოსარჩელე გ---–---- პ-----ის სამსახურიდან დათხოვნის თაობაზე ბრძანების ბათილად ცნობაზე, მისი სამსახურში აღდგენასა და განაცდური ხელფასის ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ;
1.2. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2017 წლის 28 თებერვლის №----------------- წერილობითი მიმართვა, მოსარჩელე გ---–---- პ-----ის ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის შესახებ;
1.3. დაევალოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელე გ---–---- პ-----ის საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების--- ს--------–-------------------–------------------–------ მ-----------------------------------------------------–-ს ს---------------–----–------------–-----------–-- მ------–-- თანამდებობაზე აღდგენის შესახებ;
1.4. დაევალოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსარჩელე გ---–---- პ-----ის სასარგებლოდ იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურება, მისი გათავისუფლების დღიდან აღდგენამდე, შესაბამისი თანამდებობისათვის დადგენილი ხელფასის ყოველთვიური ოდენობით.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე - საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ სარჩელი არ ცნო, მისმა წარმომადგენელმა მხარი დაუჭირა საქმეზე წარმოდგენილ შესაგებელს, განმარტა, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ არსებობს მათი ბათილად ცნობისა და სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.
3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნები:
3.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
გ---–---- პ-----ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J-- პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის 2017 წლის 10 იანვრის №----------------- წერილობითი მიმართვა მოსარჩელე გ---–---- პ-----ის სამსახურიდან დათხოვნის თაობაზე ბრძანების ბათილად ცნობაზე, მისი სამსახურში აღდგენასა და განაცდური ხელფასის ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2017 წლის 28 თებერვლის №----------------- წერილობითი მიმართვა, მოსარჩელე გ---–---- პ-----ის ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის შესახებ და დაევალა მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მითითებული, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მოსარჩელე გ---–---- პ-----ესთან მიმართებაში; სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
3.2. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები:
3.2.1. გ---–---- პ-----ე მსახურობდა საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების--- ს--------–-------------------–------------------–------ მ-----------------------------------------------------–-ს ს---------------–----–------------–-----------–-- საწევარას--------–-- თანამდებობაზე.
ხონის მაგისტრატი სასამართლოს 2015 წლის 23 დეკემბრის დადგენილებით, მოსარჩელე გ---–---- პ-----ე ცნობილი იქნა სამართალდამრღვევად საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისათვის და შეეფარდა ჯარიმა 500 ლარის ოდენობით.
სასამართლოს აღნიშნული დადგენილების საფუძველზე, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2016 წლის 11 იანვრის ბრძანებით, მოსარჩელე გ---–---- პ-----ე სამხედრო მოსამსახურის ღირსების შემლახველი საქციელისათვის გათავისუფლდა თანამდებობიდან და დათხოვნილი იქნა საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან. ამასთან, აღნიშნული ბრძანება მოსარჩელე გ---–---- პ-----ეს კანონით დადგენილ ვადაში არ გაუსაჩივრებია სასამართლოში და იგი ძალაშია შესული.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 12 თებერვლის დადგენილებით, მოსარჩელე გ---–---- პ-----ის საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა ხონის მაგისტრატი სასამართლოს 2015 წლის 23 დეკემბრის დადგენილება და საქმე ხელახლა გასახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
ხონის მაგისტრატი სასამართლოს 2016 წლის 16 ივნისის დადგენილებით, მოსარჩელე გ---–---- პ-----ე კვლავ ცნობილი იქნა სამართალდამრღვევად საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისათვის და შეეფარდა ჯარიმა 500 ლარის ოდენობით.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 13 ივლისის დადგენილებით, მოსარჩელე გ---–---- პ-----ის საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ხონის მაგისტრატი სასამართლოს 2016 წლის 16 ივნისის დადგენილება და მოსარჩელე გ---–---- პ-----ის მიმართ დაწყებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე შეწყდა სამართალდარღვევის შემთხვევის არ არსებობის გამო(ს.ფ. 16, 73-77,103-110, 121-129).
3.2.2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 13 ივლისის დადგენილების საფუძველზე, მოსარჩელე გ---–---- პ-----ემ, 2016 წლის 15 დეკემბერს განცხადებით მიმართა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და ითხოვა „თანამდებობიდან გათავისუფლებისა და საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნის შესახებ“ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2016 წლის 11 იანვრის №----------------- ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა და განაცდური ხელფასის ანაზღაურება.
საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J-- პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის 2017 წლის 10 იანვრის №----------------- წერილობითი მიმართვით მოსარჩელე გ---–---- პ-----ის აღნიშნული განცხადება არ დაკმაყოფილდა იმ საფუძვლით, რომ მისი სარჩელი საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2016 წლის 11 იანვრის №----------------- ბრძანების ბათილად ცნობასთან დაკავშირებით, სასამართლოს მიერ დაუშვებლად იქნა ცნობილი.
მოსარჩელე გ---–---- პ-----ემ, ადმინისტრაციული საჩივრით გაასაჩივრა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J-- პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის 2017 წლის 10 იანვრის №----------------- წერილობითი მიმართვა საქართველოს თავდაცვის სამინისტროში.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2017 წლის 28 თებერვლის წერილობითი მიმართვით, მოსარჩელე გ---–---- პ-----ეს უარი ეთქვა ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე(ს.ფ. 41-47).
3.3. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
საქალაქო სასამართლომ მიუთითა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 13 ივლისის დადგენილებაზე, რომლითაც მოსარჩელე გ---–---- პ-----ის მიმართა დაწყებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე შეწყდა სამართალდარღვევის შემთხვევის არ არსებობის გამო და აღნიშნა, რომ აღარ არსებობს ის გარემოება, რომელიც საფუძვლად დაედო მოსარჩელე გ---–---- პ-----ის სამსახურიდან დათხოვნას.
სასამართლომ ასევე მიუთითა დადგენილ გარემოებაზე, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 13 ივლისის დადგენილების საფუძველზე, მოსარჩელე გ---–---- პ-----ემ, 2016 წლის 15 დეკემბერს განცხადებით მიმართა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და ითხოვა „თანამდებობიდან გათავისუფლებისა და საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნის შესახებ“ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2016 წლის 11 იანვრის №----------------- ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა და განაცდური ხელფასის ანაზღაურება, ხოლო საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J-- პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის 2017 წლის 10 იანვრის №----------------- წერილობითი მიმართვით მოსარჩელე გ---–---- პ-----ის აღნიშნული განცხადება არ დაკმაყოფილდა იმ საფუძვლით, რომ მისი სარჩელი საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2016 წლის 11 იანვრის №----------------- ბრძანების ბათილად ცნობასთან დაკავშირებით, სასამართლოს მიერ დაუშვებლად იქნა ცნობილი. ამასთან, 2017 წლის 10 იანვრის №----------------- წერილობითი მიმართვის ბათილად ცნობის შესახებ ადმინისტრაციულ საჩივარზე, გ---–---- პ-----ეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2017 წლის 28 თებერვლის წერილობითი მიმართვით უარი ეთქვა განხილვაზე.
სასამართლომ მიიჩნია, რომ იმ პირობებში, როდესაც მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს არ უმსჯელია მის დისკრეციულ უფლებამოსილებაზე - ბათილად ცნოს მის მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი შეცვლილი ფაქტობრივი გარემოებების გამო, მან საფუძვლიანად უნდა გამოიკვლიოს და შეაფასოს გარემოებები, რომლებიც საფუძვლად დაედება მოსარჩელე გ---–---- პ-----ის განცხადების დაკმაყოფილებას ან მასზე უარის თქმას, რაც დასაბუთებული უნდა იყოს შესაბამის ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში.
პირველი ინსტანციის სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოსცა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე, ზემოთ აღნიშნული გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, რის გამოც სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნო საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J-- პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის 2017 წლის 10 იანვრის №----------------- წერილობითი მიმართვა მოსარჩელე გ---–---- პ-----ის სამსახურიდან დათხოვნის თაობაზე ბრძანების ბათილად ცნობაზე, მისი სამსახურში აღდგენასა და განაცდური ხელფასის ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2017 წლის 28 თებერვლის №----------------- წერილობითი მიმართვა, მოსარჩელე გ---–---- პ-----ის ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის შესახებ და დაავალა მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, ზემოთ აღნიშნული საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა შესწავლისა და გამოკვლევის შემდეგ, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მოსარჩელესთან მიმართებით კანონით დადგენილ ვადაში.
სასამართლომ აღნიშნა, რომ ვინაიდან სასამართლომ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე გამოცემულად მიიჩნია სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, იგი სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ცნო ბათილად და მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდგომ დაავალა ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მოსარჩელის განცხადებასთან დაკავშირებით, სასარჩელო მოთხოვნა ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის და განაცდური ხელფასის ანაზღაურების დავალების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს.
4. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა:
გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 01 ნოემბრის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებულ ნაწილში და უარი ეთქვას მოსარჩელეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
4.1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
სააპელაციო საჩივრის ავტორს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი ადმინსიტრაციულ-სამართლებრივი აქტები არ აყენებს მას პირდაპირ და უშუალო ზიანს, რადგანაც მოსარჩელის ერთადერთ ინტერესს წარმოადგენს სამსახურში აღდგენა, ხოლო მოსარჩელე სამსახურიდან გათავისუფლდა გენერალური შტაბის უფორისის 2016 წლის 11 იანვრის ბრძანებით, რომელიც მოსარჩელემ გაასაჩივრა, თუმცა საქმისწარმოება შეწყდა გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის დაუცველობის გამო. მოსარჩელე ცდილობს თავისი ინტერესების დაცვას იმ წერილების გასაჩივრების გზით, რომელიც მას არ აყენებს პირდაპირ და უშუალო ზიანს.
აპელანტს მიაჩნია, რომ სადავოდ გამხდარი წერილები არ წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, ვინაიდან მოსარჩელის მიერ განცხადებაში და ადმინისტრაციულ საჩივარში დაყენებული მოთხოვნები არ წარმოაგენს ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხზე მიღებულ გადაწყვეტილებას.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიაჩნია, რომ მას არ გააჩნდა დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენების ვალდებულება, ვინაიდან მოსარჩელის ინტერესს წარმოადგენს სამსახურში აღდგენა, რომლის სამართლებრივ საფუძვლად იგი უთითებს გათავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობას, რომლის კანონიერების საკითხის განხილვა წარმოადგენს სასამართლოს განსჯად საკითხს. კანონი ასევე იმპერატიულად განსაზღვრავს, რომ სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანების გაუქმების შემთხვევაში პირი ექვემდებარება სამსახურში აღდგენას.
5. გ---–---- პ-----ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა:
გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 01 ნოემბრის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და დაკმაყოფილდეს მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა სრულად.
5.1. გ---–---- პ-----ის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
გ---–---- პ-----ე აღნიშნავს, რომ მისი სამსახურიდან გათავისუფლება მოხდა იმ პირობებში, როდესაც სამართალდარღვევის შესახებ საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული დადგენილება ჯერ კიდევ არ იყო შესული კანონიერ ძალაში, რაც მოგვიანებით გაუქმდა და სამართალდარღვევის საქმის წარმოება შეწყდა. აპელანტს მიაჩნია, რომ მისი სამსახურიდან გათავისუფლება მოხდა უსაფუძვლოდ. მისთვის გაურკვეველია, თუ რატომ არ მიიღო საქალაქო სასამართლომ საბოლოო გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნა ადმინისტრაციულ ორგანოს ხელახლა განსახილევლად, მაშინ როდესაც სახეზეა გაუმართლებლად სამსახურიდან გათავისუფლების შემთხვევა.
6. სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ძალაში დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
6.1. სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას არ დარღვეულა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორი შეფასება მისცა საქმის მასალებს, საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია სრულყოფილად, რაც არ იძლევა გადაწყვეტილების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს.
6.2. სააპელაციო სასამართლო მიუთითებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე და სამართლებრივი შეფასების თვალსაზრისით აღნიშნავს შემდეგს:
6.2.1. დავის ძირითადი საგანია გ---–---- პ-----ის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების კანონიერება, სამსახურში აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება. სადავო აქტით შეიზღუდა მოსარჩელის - გ---–---- პ-----ის უფლება, მას უარი ეთქვა დარღვეული შრომითი უფლების აღდგენაზე. მნიშვნელოვანია დადგინდეს უფლებაში ჩარევას ჰქონდა თუ არა სათანადო გამართლება.
საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლი (მოქმედი რედაქცია, ყოფილი 30-ე მუხლი) იცავს შრომის თავისუფლებას. დასახელებული ნორმით დაცულია არამარტო უფლება, პირმა აირჩიოს სამუშაო, არამედ ასევე უფლება, განახორციელოს, შეინარჩუნოს და დათმოს ეს სამუშაო (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება N2/2-389,26.10.2007).
სქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტით, საქართველოს ყოველ მოქალაქეს აქვს უფლება დაიკავოს ნებისმიერი საჯარო თანამდებობა, თუ იგი აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. საჯარო სამსახურის პირობები განისაზღვრება კანონით, ხოლო საჯარო სამსახურში მიღების პირობები განსაზღვრულია კანონით, რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე საჯარო სამსახურში მიღებისას, თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში თუ საჯარო სამსახურიდან გათავისუფლების დროს, დაცულია რაიმე სახის არამართლზომიერი, კანონსაწინააღმდეგო ჩარევისაგან.
ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 21-ე და 23-ე მუხლების მიხედვით, ყოველ ადამიანს აქვს უფლება უშუალოდ მონაწილეობდეს თავისი ქვეყნის მართვა-გამგეობაში და თანაბარ საფუძველზე შევიდეს თავისი ქვეყნის სახელმწიფო სამსახურში აგრეთვე, ყველას აქვს შრომის სამართლიანი პირობებისა და უმუშევრობისაგან დაცვის უფლება, რაც გულისხმობს სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებას, მათ შორის არ დაუშვას პირის შრომითი პირობების იმგვარად დადგენა, რომელიც სახელმწიფო სამსახურში პირის შრომის უფლებას არამართლზომიერად შეზღუდავს.
პალატა განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო აქტებით გარანტირებული შრომის უფლება, მათ შორის გულისხმობს სახელმწიფოს ვალდებულებას, სათანადო, კანონიერი საფუძვლების გარეშე არ დაუშვას დასაქმებულთა მიმართ ისეთი ზომების გამოყენება, რაც სახელმწიფო სამსახურში პირის შრომის უფლებას არამართლზომიერად შეზღუდავს და ასევე, ხელი არ შეუშალოს პირს საკუთარი პიროვნების განვითარებაში. ამასთან, პალატა აღნიშნავს, რომ შრომის გარანტირებული უფლება არ არის აბსოლუტური და აღნიშნული უფლებით დაცული სფერო შესაძლებელია დაექვემდებაროს შეზღუდვას კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ლეგიტიმური მიზნითა და თანაზომიერების პრინციპის დაცვით. შრომის უფლების დაცვა არ გულისხმობს დამსაქმებლის აბსოლუტურ შეზღუდვას, კანონით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, დისციპლინური ზომა გამოიყენოს მის მიმართ. საქართველოს კანონმდებლობა შრომითი უფლების შეზღუდვის მკაცრად განსაზღვრულ შემთხვევებს ადგენს და შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოს მხოლოდ შესაბამის ფარგლებში, თავისი უფლებამოსილების კანონიერად, კეთილსინდისიერად განხორციელების გზით ანიჭებს ამ უფლების შეზღუდვის შესაძლებლობას. შესაბამისად, პალატამ, მოცემულ შემთხვევაში უნდა იმსჯელოს მოსარჩელე გ---–---- პ-----ის სამსახურიდან გათავისუფლებას ჰქონდა თუ არა კანონისმიერი საფუძვლები. ამგვარი საფუძვლების არარსებობის პირობებში კი მოსარჩელე ექვემდებარება უფლებებში აღდგენას სრულად.
დადგენილია, რომ გ---–---- პ-----ე საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2016 წლის 11 იანვრის ბრძანებით, სამხედრო მოსამსახურის ღირსების შემლახველი საქციელის გამო, გათავისუფლდა თანამდებობიდან და დათხოვნილ იქნა საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან. გათავისუფლების ბრძანებას საფუძვლად დაედო გ---–---- პ-----ის მიმართ დაწყებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება. კერძოდ, ხონის მაგისტრატი სასამართლოს 2015 წლის 23 დეკემბრის დადგენილებით, მოსარჩელე ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლის საფუძველზე (ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის მცირე ოდენობით უკანონო დამზადება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან/და ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარება), თუმცა აღნიშნული დადგენილება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 12 თებერვლის დადგენილებით გაუქმდა და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს. ხონის მაგისტრატი სასამართლოს 2016 წლის 16 ივნისის დადგენილებით, გ---–---- პ-----ე კვლავ ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად, თუმცა დადგენილების სააპელაციო წესით გასაჩივრების შედეგად, სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 13 ივლისის დადგენილებით გაუქმდა ხონის მაგისტრატი მოსამართლის 2016 წლის 16 ივნისის დადგენილება და გ---–---- პ-----ის მიმართ დაწყებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე შეწყდა სამართალდარღვევის შემთხვევის არარსებობის გამო. ამდენად, მოსარჩელის მიერ ჩადენილი სამართალდარღვევა არ დადასტურდა, თუმცა აღნიშნული ფაქტის დადასტურებამდე - 2016 წლის 11 იანვარს გ---–---- პ-----ე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან სამართალდარღვევის ჩადენის გამო. ამდენად, მოსარჩელის შრომითი უფლების შეზდუღვის საფუძველი გაქარწყლებულია.
დადგენილია, რომ გ---–---- პ-----ემ 2016 წლის 15 დეკემბერს განცხადებით მიმართა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, აცნობა სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 13 ივლისის დადგენილებით სამართალდარღვევის თაობაზე საქმისწარმოების შეწყვეტის შესახებ და მოითხოვა თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ 2016 წლის 11 იანვრის ბრძნების ბათილად ცნობა, თანამდებობაზე აღდგენა და იძულებით განაცდურის ანაზღაურება. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J-- პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის 2017 წლის 10 იანვრის N------------------ წერილით გ---–---- პ-----ეს ეცნობა, რომ ვინაიდან თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 14 ნოემბრის განჩინებით მისი სარჩელი და მისგან გამომდინარე მოთხოვნები, დაუშვებლად იქნა ცნობილი, სამინისტრო მოკლებულია შესაძლებლობას დააკმაყოფილოს გ---–---- პ-----ის თხოვნა. ეს უკანასკნელი წერილი გ---–---- პ-----ემ გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის მინისტრთან. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ 2017 წლის 28 თებერვლის წერილში მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილზე და ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 127-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლებიც ითვალისწინებს შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე დავის სასამართლოში განხილვას. აღნიშნულზე დაყრდნობით ადრესატს ეცნობა, რომ თავდაცვის სამინისტრო მოკლებულია შესაძლებლობას განიხილოს წარდგენილი მოთხოვნა.
სააპელაციო პალატა აღნიშნვს, რომ განსახილველ საქმეზე მხარეთა შორის დავის საგანს ძირითადად იწვევს ის ფაქტობრივი გარემოება, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2016 წლის 11 იანვრის ბრძანება, მოსარჩელის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ, წარმოადგენს ძალაში შესულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. მოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნის შესახებ სარჩელზე დაწყებული სამართალწარმოება, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 14 ნოემბრის განჩინებით, შეწყდა დაუშვებლობის გამო, რადგან მოსარჩელის მიერ სადავო აქტი გასაჩივრებული იყო კანონით დადგენილი ვადის დარღვევით - აქტის გაცნობიდან 5 თვის გასვლის შემდეგ. აღნიშნულ პირობებში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გაუმართლებლად მიაჩნია იმსჯელოს იმ აქტის კანონიერების საკითხზე, რომელიც შესულია ძალაში და რომლის ბათილად ცნობაზეც სასამართლოს მიერ მიღებულია საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება.
პალატას მიაჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნის კანონიერებაზე არსებითად მსჯელობამდე მნიშნელოვანია განიმარტოს სადავო აქტები - საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J-- პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის 2017 წლის 10 იანვრის №----------------- წერილობითი მიმართვა მოსარჩელე გ---–---- პ-----ის სამსახურიდან დათხოვნის თაობაზე ბრძანების ბათილად ცნობაზე, მისი სამსახურში აღდგენასა და განაცდური ხელფასის ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2017 წლის 28 თებერვლის №----------------- წერილობითი მიმართვა, მოსარჩელე გ---–---- პ-----ის ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის შესახებ წარმოადგენს თუ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს და ისინი პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს თუ არა მოსარჩელეს. აღნიშნულ საკითხზე მსჯელობის აუცილებლობა განპირობებულია იმ გარემოებით, რომ აპელანტი საქართველოს თავდაცვის სამინისტრო წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარში მიუთითებს, რომ სადავოდ გამხდარი წერილები არ წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, აღნიშნული კი საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძველია (ასკ-ის 262.2 მუხლი).
პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ გ---–---- პ-----ემ განცხადებით მიმართა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მას შემდეგ, რაც მისი გათავისუფლების შესახებ ფაქტობრივი საფუძველი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მიერ მიღებული დადგენილებით გაქარწყლდა. შესაბამისად, განმცხადებელმა მიიჩნია, რომ მას წარმოეშვა ახალი სამართლებრივი ბერკეტი, რათა მომხდარიყო მისი დარღვეული შრომითი უფლების აღდგენა და სწორედ აღნიშნული მიზნითა და დასახელებული საფუძვლით მიმართა მან მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს. საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მიერ კი გ---–---- პ-----ის განცხადება/საჩივარი არსებითად არ განხილულა და აღნიშნულის შესახებ ეცნობა მოსარჩელეს. პალატას მიაჩნია, რომ მოსარჩელეს გააჩნდა კანონიერი ინტერესი შეცვლილი გარემოებების საფუძველზე მოეთხოვა დარღვეული უფლების აღდგენა, რაზეც ადმინისტრაციული ორგანოს მიღებული დოკუმენტით არ უმსჯელია. შესაბამისად, ადმინისტრაციულმა ორგანომ მიიღო გადაწყვეტილება განცხადების/საჩივრის განხილვაზე უარის თქმის შესახებ, რაც უშუალო ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებასა და ინტერესს. ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ სადავოდ გამხდარი ,,მიმართვები“ შეიცავს ზაკ-ის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემადგენლობას და წარმოადგენენ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს.
სადავო აქტების კანონიერებაზე მსჯელობის მიზნით, პალატა ყურადღებას მიაქცევს სადავო აქტებში დაფიქსირებულ პოზიციას. კერძოდ, მათში მითითებულია, რომ გ---–---- პ-----ის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გენერალური შტაბის უფროსის 2016 წლის 11 იანვრის N---------------- ბრძანების ბათილად ცნობის თაობაზე სასამართლოში წარდგენილი სარჩელი დაუშვებლად იქნა ცნობილი და სწორედ აღნიშნული გარემოება განაპირობებდა განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.
სააპელაციო პალატა არ იზიარებს ადმინისტრაციული ორგანოს ზემოაღნიშნულ მსჯელობას და მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ბათილად ცნობს მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო საჩივრის ან სარჩელის შემთხვევაში – ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო. ამავე კოდექსის 178-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ საჩივარს განიხილავს და გადაწყვეტს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, თუ იქ არსებობს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი თანამდებობის პირის ან სტრუქტურული ქვედანაყოფის ზემდგომი თანამდებობის პირი. მოცემულ ნორმებზე დაყრდნობით, პალატას მნიშვნელოვნად მიაჩნია ერთმანეთისგან გაიმიჯნოს აქტის გაუქმების სამი შემთხვევა: ა) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაუქმება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული საჩივრის საფუძველზე, ბ) აქტის გაუქმება სასამართლოში ადმინისტრაციული სარჩელის წარდგენის შედეგად, და გ) აქტის გაუქმება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საკუთარი ინიციატივით. საგულისხმოა, რომ კანონიერ ძალაში შესული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესრულება სავალდებულოა თვით მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანოსთვისაც. სასამართლო გადაწყვეტილებებისაგან განსხვავებით, ეს კანონიერი ძალა არ არის აბსოლუტური ხასიათის და კანონმდებლობა უშვებს ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან ასეთი აქტების საკუთარი ინიციატივით გაუქმების შესაძლებლობას. ეს შესაძლებლობა გამომდინარეობს მმართველობითი საქმიანობის თავისებურებებიდან. ეფექტური მმართველობა გულისხმობს მიღებული გადაწყვეტილებების შეცვლილ სამართლებრივ და ფაქტობრივ გარემოებებთან შესაბამისობაში მოყვანას, რაც აუცილებელს ხდის, ახლებურად მოწესრიგდეს კონკრეტული ურთიერთობა, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც მიღებული გადაწყვეტილების შეცვლილ გარემოებებთან შესაბამისობაში მოყვანა დადებითად აისახება დაინტერესებული პირის უფლებებზე და მის გარეშე ადგილი ექნება კანონით დაცულ უფლებათა ხელყოფას. ამდენად, ადმინისტრაციული ორგანო საკუთარი ინიციატივით უფლებამოსილია ბათილად ცნოს მის მიერ მიღებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, მათ შორის კანონიერ ძალაში შესული და შეუსაბამოს იგი შეცვლილ ფაქტობრივ გარემოებებს.
განსახილველ შემთხვევაში გ---–---- პ-----ის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების საფუძველი ამავე გადაწყვეტილების მიღების შემდგომ გაუქმდა, შესაბამისდ, სამართლებრივად აღარ არსებობს ის გარემოება, რაც მოსარჩელის თანამდებობიდან გათავისუფლების მიზეზი გახდა. ამასთან, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანება გამოსცა იმ პირობებში, როდესაც ჯერ კიდევ არ იყო უტყუარად დადასტურებული გათავისუფლების საფუძვლად მითითებული გარემოება. იგი სადავოდ იყო გამხდარი და მიმდინარეობდა სამართალწარმოება, რის შედეგადაც არ დადასტურდა მოსარჩელის ბრალეულობა. ამასთან, საგულისხმოა, რომ გათავისუფლების შესახებ ბრძანება არსებითად არ ყოფილა განხილული სასამართლოში და მისი ფორმალური და მატერიალური კანონიერება ემყარება მხოლოდ გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის გაშვების გამო, აქტის კანონიერ ძალაში შესვლას. პალატას მიაჩნია, რომ სასამართლოს განჩინება დაუშვებლობის გამო საქმისწარმოების შეწყვეტის შესახებ არ წარმოადგენს იმის დამაბრკოლებელ გარემოებას, რომ აქტის გამომცემმა ადმინისტრაციულმა ორგანომ თვითკონტროლის ფარგლებში განიხილოს გამოცემული აქტის კანონიერება, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც დაინტერესებული პირი ითხოვს ასეთი ადმინისტრაციული წარმოების დაწყებას საფუძვლიანი არგუმენტების წარდგენის გზით. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J-- პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის 2017 წლის 10 იანვრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევისა და შესწავლის გარეშე. ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა ემსჯელა მის მიერ გამოცემული აქტის კანონიერებაზე შეცვლილი გარემოებების გათვალისწინებით და მიეღო დასაბუთებული გადაწყვეტილება, რაც არ იქნა განხორციელებული.
6.2.2. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J-- პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის 2017 წლის 10 იანვრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გ---–---- პ-----ემ გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტროში.
სადავო აქტის გამოცემის პერიოდში მოქმედი, ,,საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J-- პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2009 წლის 19 ივნისის N448 ბრძანების მე-3 მუხლის თანახმად, დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია საქართველოს თავდაცვის მინისტრისა და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის წინაშე. მოცემული ჩანაწერიდან გამომდინარე პალატა აღნიშნავს, რომ J-- პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის ზემდგომ ორგანოს წარმოადგენს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი, ხოლო ამ უკანასკნელის კი - თავდაცვის სამინისტრო. შესაბამისად, დეპარტამენტის უფროსის მიერ მიღებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ექვემდებარებოდა გასაჩივრებას ზემდგომ ორგანოში/თანამდებობის პირთან - შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბში/შტაბის უფროსთან. განსახილველ შემთხვევაში, დეპარტამენტის უფროსის ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტზე წარდგენილი საჩივარი განხილულ იქნა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ. აქვე პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრის ზემოაღნიშნული 2009 წლის 19 ივნისის N448 ბრძანება ძალადაკარგულად იქნა ცნობილი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2018 წლის 18 მაისის N41 ბრძანებით, ხოლო ეს უკანასკნელი კი ძალადაკარგულად იქნა ცნობილი საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებში არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე - 2018 წლის 16 დეკემებერს, საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 13 დეკემბრის №132 ბრძანების შესაბამისად. ამავე ბრძანებით დამტკიცდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის დებულება. მითითებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შინაარსის გათვალისწინებით, პალატა სადავო ურთიერთობაზე პასუხისმგებელ ზედა რგოლად მიიჩნევს სწორედ თავდაცვის სამინისტროს.
დადგენილია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2017 წლის 28 თებერვლის N------------------ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით საჩივრის ავტორს განემარტა, რომ სამინისტრო მოკლებული იყო შესაძლებლობას განეხილა წარდგენილი მოთხოვნა.
პალატა მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსსის 177-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, დაინტერესებულ მხარეს უფლება აქვს გაასაჩივროს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. პალატა მოიხმობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას, სადაც განმარტებულია, რომ ,,ადმინისტრაციულ ორგანოში საჩივრის წარდგენას არ უნდა ჰქონდეს ფორმალური ხასიათი, გასაჩივრების ადმინისტრაციული წესი არის ადმინისტრაციული ორგანოს სისტემის თვითკონტროლის საშუალება, ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის სრულყოფის მნიშვნელოვანი ფაქტორი, იგი იძლევა ადმინისტრაციული ორგანოს სისტემაში დაშვებული შეცდომის შემჭიდროვებულ ვადაში, ქმედითად გამოსწორების შესაძლებლობას, რაც თავის მხრივ უზრუნველყოფს სადავო საკითხის სწრაფ და ეფექტურ გადაწყვეტას. ამდენად, მნიშვნელოვანია ადმინისტრაციული საჩივრის განხილვისას ორგანოს მიერ საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებების სრული და ყოველმხრივი გამოკვლევა, საჩივრის ავტორის პრეტენზიების შესწავლა, მათზე დასაბუთებული პასუხების გაცემა, სრულყოფილი წარმოების ჩატარება და მხოლოდ ამის შემდგომ წარდგენილ საჩივარზე გადაწყვეტილების გამოტანა, რომელშიც აისახება ჩატარებული წარმოების შედეგები“ (სუსგ 24.05.2018წ. Nბს-743-735(კ-16)). განსახილველ შემთხვევაში, ადმინისტრაციულმა ორგანომ საჩივრის ავტორს მხოლოდ მიუთითა იმ სამართლებრივ ნორმაზე, რომელიც ითვალისწინებს გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების ერთი თვის ვადაში სასამართლოში გასაჩივრების წესს. ადმინისტრაციულმა ორგანომ არ შეაფასა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, მათ შორის სადავო აქტის გამოცემის შემდგომ შეცვლილი ფაქტობრივი გარემოებები, არ იმსჯელა რამდენად გამართლებული იყო გათავისუფლების შესახებ ბრძანების გამოცემა იმ პირობებში, როდესაც ჯერ კიდევ უტყუარად არ იყო დადასტურებული დასაქმებული პირის მიერ ჩადენილი გადაცდომა, არ შეაფასა რამდენად თანხვედრაში იყო კონსტიტუციით გარანტირებული შრომითი უფლების შეზღუდვა არსებულ ფაქტობრივ გარემოებასთან, თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძვლის არარსებობის პირობებში.
პალატა აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს ინიციატივით მის მიერ გამოცემული აქტის კანონიერების შესწავლა წარმოადგენს ამავე ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებას, თუმცა აღნიშნული მოთხოვნით წარდგენილი განცხადების განხილვის შედეგად ადმინისტრაციულ ორგანოს ეკისრება ვალდებულება საჯარო და კერძო ინტერესთა პროპორციულობის დაცვით გადაწყვიტოს საკითხი ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე და მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება. განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ წარმოდგენილი წონადი არგუმენტი, თუ რატომ არ უნდა იქნეს გათვალისწინებული კერძო ინტერესი და რა საჯარო ინტერესი უპირისპირდება მას, რატომ არ განხორციელდა განცხადების საფუძველზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყება სადავოდ გამხდარი აქტის კანონიერების შემოწმების მიზნით. შესაბამისად, პალატას წარმოდგენილი სადავო გადაწყვეტილებები მიაჩნია კანონსაწინააღმდეგო აქტებად.
6.2.3. გარდა ზემოაღნიშნული მსჯელობისა, სააპელაციო პალატა მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს მიუთითებს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, განცხადება იმ საკითხთან დაკავშირებით, რომლის თაობაზედაც არსებობს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი განცხადების, აგრეთვე საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, შეიძლება წარდგენილი იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ფაქტობრივი ან სამართლებრივი მდგომარეობა, რომელიც საფუძვლად დაედო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას, შეიცვალა დაინტერესებული პირის სასარგებლოდ, ან თუ არსებობს ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებანი (მტკიცებულებები), რომლებიც განაპირობებს განმცხადებლისათვის უფრო ხელსაყრელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას. პალატას მიაჩნია, რომ ახალი ადმინისტრაციული წარმოების პროცესში ადმინისტრაციულმა ორგანომ ასევე უნდა იმსჯელოს გ---–---- პ-----ის მიერ წარდგენილი განცხადება ხომ არ შეიცავდა ახლად აღმოჩენილ ან ახლად გამოვლენილ გარემოებას, რაც შეიძლება სადავო აქტის ბათილად ცნობის წინაპირობას წარმოადგენდეს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა იზიარებს საქალაქო სასამართლოს დასკვნას და აღნიშნავს იმ პირობებში, როდესაც მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს არ უმსჯელია მის დისკრეციულ უფლებამოსილებაზე - ბათილად ცნოს მის მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი შეცვლილი ფაქტობრივი გარემოებების გამო, მან საფუძვლიანად უნდა გამოიკვლიოს და შეაფასოს გარემოებები, რომლებიც საფუძვლად დაედება მოსარჩელე გ---–---- პ-----ის განცხადების დაკმაყოფილებას ან მასზე უარის თქმას, რაც დასაბუთებული უნდა იყოს შესაბამის ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში. ამასთან, ვინაიდან სასამართლომ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე გამოცემულად მიიჩნია სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, იგი სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ცნო ბათილად და მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდგომ დაავალა ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მოსარჩელის განცხადებასთან დაკავშირებით, სასარჩელო მოთხოვნა ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის და განაცდური ხელფასის ანაზღაურების დავალების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა დავა, აპელანტების მიერ არ ყოფილა მითითებული გარემოებებზე, რომლებიც გააბათილებდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით გაკეთებულ სამართლებრივ დასკვნებს. შესაბამისად, სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული გარემოებები, რის გათვალისწინებითაც უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილება.
7. საპროცესო ხარჯები:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე და ამ კოდექსის VII3 თავით გათვალისწინებულ საქმეებზე. ვინაიდან განსახილველი დავა გამომდინარეობს შრომით-სამართლებრივი ურთიერთობიდან, მხარეები სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლებულნი არიან.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, როდესაც ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისაგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს აანაზღაურებს სახელმწიფო.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-12, 22-ე, მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და გ---–---- პ-----ის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
2. ძალაში დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 01 ნოემბრის გადაწყვეტილება;
3. მხარეები განთავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა), მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის გადაცემის მომენტიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის გადაცემის მომენტიდან. გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად.
მოსამართლე:
შოთა გეწაძე -