განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100118002457947
საქმე №1ბ/24-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
30 იანვარი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე: მზია ლომთათიძე
მოსამართლეები: მარინა ხოლოაშვილი
გერონტი კახეთელიძე
ზაზა ჭანტურიძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებელ - თა----------ას
ადვოკატ - გი-----------------ის
მსჯავრდებულ - ვა-–------------–---–ის
მონაწილეობით,ქ. თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნუ-------------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე ზეპირი მოსმენით განიხილა სისხლის სამართლის საქმე:
ვა-–------------–---–ის მიმართ, დაბადებულის 2----–-–------------ს, საქართველოს მოქალაქის, პირადი №0----------, საშუალო განათლებით, დასაოჯახებელის, რეგისტრირებულის და მცხოვრების მისამართზე: ქ. თბილისი, ქ-----------------------------------------, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 14 ნოემბრის განაჩენით ვა-–------------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, შეუმცირდა 1/4-ით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლით, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 74-ე მუხლის თანახმად ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 3 (სამი) წელი.
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 45-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და ამავე კოდექსის 75-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არასრულწლოვან ვა-–------------–---–ს დაევალა პროგრამა „ბრაზის მართვაში“ ჩართვა.
ვა-–------------–---–ს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ესე იგი სხეულის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისთვის.
კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:
2018 წლის 7 იანვარს, ღამის საათებში, ქ. თბილისში, თ------–---–-------------ში განთავსებულ ბარ „--–----- მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელეპარაკების ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტის დროს, არასრულწლოვნმა ვა-–------------–---–მა, თანნაქონი დანით, ასევე არასრულწლოვან ლუ---–----ეს თავის მიდამოში მიაყენა ნაჩხვლეტი ჭრილობა, ხოლო ბარძაყის მიდამოში მიაყენა სამი ჭრილობა - შუა, ქვემო და ზემო მესამედში, საიდანაც შუა მესამედში არსებული ჭრილობა - ბარძაყის არტერიის დაზიანებით, მიეკუთვნება სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხის, რის შემდეგაც მიიმალა შემთხვევის ადგილიდან. არასრულწლოვან დაზარალებულ ლუ---–----ეს ჩაუტარდა დროული და გადაუდებელი სამედიცინო დახმარება, რითაც შეუნარჩუნდა სიცოცხლე.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნუ-------------ემ და ითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 14 ნოემბრის განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის ნაწილში და ვა-–------------–---–ისათვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნა, შემდეგ გარემოებათა გამო:
აპელანტს მიაჩნია, რომ განაჩენი მსჯავრდებულ ვა-–------------–---–ის მიმართ არის უკანონო, უსამართლო და დაუსაბუთებელი, რადგან დანიშნული სასჯელი არ შეესაბამება დამნაშავის პიროვნებას და ჩადენილი დანაშაულის საზოგადოებრივ საშიშროებას. სასამართლომ ცალმხრივი შეფასება მისცა როგორც მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედებების შედეგს, ზიანს ჯანმრთელობის დაზიანების სახით, ასევე მსჯავრდებულის პიროვნებას და დანაშაულის გამომწვევ მიზეზს. განსახილველი დანაშაულის სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის, მოცემულ შემთხვევაში კი არასრულწლოვნის ჯანმრთელობა, რასაც შედეგად შესაძლოა მოჰყოლოდა მისი სიცოცხლის მოსპობა, ასეთ პირობებში კი ჩადენილი დანაშაულისათვის მეტისმეტად მსუბუქი სასჯელის დანიშვნა, თანაც იმ პირობებში, როდესაც მსჯავრდებულს დაზარალებულისათვის მიყენებული ზიანი დღემდე არ აქვს ანაზღაურებული და დაზარალებულს გააჩნია პრეტენზია, მისი დაუსჯელად დატოვების ტოლფასია, აღნიშნული ხასიათის დანაშაულების ჩადენისათვის დაუსჯელობის სინდრომის განცდის დატოვება, კი როგორც საზოგადოებისათვის, ასევე თავად დანაშაულის ჩამდენი პირისთვისაც, განსაკუთრებული საზოგადოებრივი საფრთხის შემცველია, ვინაიდან სწორედ დაუსჯელობის განცდა შესაძლოა გახდეს ახალი ანალოგიური ქმედებების ჩადენის მაპროვოცირებელი.
სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას სახელმწიფო ბრალმდებელმა მხარი დაუჭირა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას.
მსჯავრდებულმა და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვეს.
სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებანი და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. საქმის ფაქტობრივ გარემოებებსა და კვალიფიკაციას არც აპელანტი ხდის სადავოდ. მსჯავრდებულის მიერ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ჩადენის ფაქტი, გარდა მისი აღიარებითი ჩვენებისა დადასტურებულია საქმეში არსებული უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით, ესენია: დაზარალებულ ლუ---–----ის გამოკითხვის ოქმი, მოწმეების გამოკითხვის ოქმები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, ფოტოსურათით ამოცნობის ოქმი, ფოტოსურათით ამოცნობის ოქმი, პირის ამოცნობის ოქმები, ლუ---–----ის ტანსაცმლის ამოღების ოქმი, ლუ---–----ის ავადმყოფობის ისტორია, ბიოლოგიური ექსპერტიზის N----- დასკვნა, სამედიცინო ექსპერტიზის N--------- დასკვნა და სხვა უდავო მტკიცებულებათა ერთობლიობა.
რაც შეეხება პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის დამძიმების თაობაზე, პალატა არ ეთანხმება და განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
ამასთან, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
მოცემულ შემთხვევაში, პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის განსაზღვრის დროს მხედველობაში მიიღო, რომ მსჯავრდებულს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია. მისი პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებად გათვალისწინებული იქნა, რომ იგი აღიარებს და ინანიებს დანაშაულს.
სასამართლომ ჩათვალა, რომ კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესისა და ინდივიდუალური შეფასების ანგარიშის გათვალისწინებით, პირობითი მსჯავრი საკმარისი იქნება ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციისათვის, ამასთან, ინდივიდუალური შეფასების ანგარიშიდან გამოკვეთილი რისკ-ფაქტორების გათვალისწინებით, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 45-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და ამავე კოდექსის 75-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლომ მართებულად მიიჩნია ვა-–------------–---–ის ჩართვა პროგრამა „ბრაზის მართვაში“.
სააპელაციო სასამართლოში პალატამ მოუსმინა მსჯავრდებულს და მიაჩნია, რომ მისი აღიარება გულწრფელია, იგი რეალურად აფასებს ჩადენილ ქმედებას, მუშაობს, სურს სწავლის გაგრძელება. დანიშნული სასჯელი მისთვის არ არის წამახალისებელი, როგორც ამას აპელანტი მიუთითებს. რაც შეეხება იმ გარემოებას, რომ დაზარალებულისათვის მიყენებული ზიანი არ არის ანაზღაურებული, პალატის აზრით, პირობითი მსჯავრის შეცვლის საფუძველი არ უნდა გახდეს. პალატას მიაჩნია, რომ დანიშნული სასჯელი საკმარისი იქნება სასჯელის მიზნების მისაღწევად და მისი გამკაცრება არ არის აუცილებელი, შესაბამისად განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
ქ. თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნუ-------------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 14 ნოემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელად.
ვა-–------------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, შეუმცირდეს 1/4-ით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლით, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 74-ე მუხლის თანახმად ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 3 (სამი) წელი.
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 45-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და ამავე კოდექსის 75-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არასრულწლოვან ვა-–------------–---–ს დაევალოს პროგრამა „ბრაზის მართვაში“ ჩართვა.
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 45-ე მუხლით გამოყენებულ მოვალეობაზე კონტროლი, განახორციელოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ სსიპ - არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტომ, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
მსჯავრდებულ ვა-–------------–---–ის ყოფაქცევაზე კონტროლი განახორციელოს პრობაციის ბიურომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით – კანონმდებლობით დადგენილი წესით.
ნივთიერი მტკიცებულება: ანაწმანდები, სისხლის ნიმუშები - განადგურდეს, ტანსაცმელი დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს, ხოლო დისკი, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნას საქმის შენახვის ვადით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გამოტანისთანავე შევიდეს კანონიერ ძალაში.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
სხდომის თავმჯდომარე მ. ლომთათიძე
მოსამართლეები მ. ხოლოაშვილი
გ. კახეთელიძე