განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 30.11.2018
საქმის ნომერი
330310017001966659
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
დავები ადმინისტრაციული ორგანოს ქმედების განხორციელების ან ქმედების განხორციელებისაგან თავის შეკავები
თარიღი
30.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330310017001966659

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

საქმე №3ბ/2473-18 30 ნოემბერი, 2018 წელი

თბილისი

თბილისის სააპელაციო სასამართლო

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა

მოსამართლე - ნინო ქადაგიძე

სხდომის მდივანი- რუსუდან ანდრიაშვილი

აპელანტი - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - სპეციალური პენიტენციური სამსახური (საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს უფლებამონაცვლე);

წარმომადგენელი - ე------–-----–-ა;

მოწინააღმდეგე მხარე - ნ----–--–---–-–---–ი;

წარმომადგენელი - თა-----------–---–ი;

დავის საგანი - ქმედების განხორციელების დავალება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 19 მარტის გადაწყვეტილება

1.აპელანტის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 19 მარტის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მირებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 19 მარტის გადაწყვეტილებით ნ----–--–---–-–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდა და მოპასუხე - საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს, მოსარჩელე - ნ----–--–---–-–---–ის სასარგებლოდ დაეკისრა იძულებითი განაცდურის ანაზღაურება - 2014 წლის 8 იანვრიდან 2016 წლის 27 იანვრამდე პერიოდში, მის მიერ განთავისუფლებამდე დაკავებული თანამდებობისათვის გათვალისწინებული თანამდებობრივი სარგოს ყოველთვიური ოდენობით, 3 თვის ხელფასის გამოკლებით.

 

2.1. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს 2014 წლის 8 იანვრის №24 ბრძანებით დგინდება, რომ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციის და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის №15 დაწესებულების საექიმო-სამედიცინო პუნქტის ექიმი - ნ----–--–---–-–---–ი (პ/ნ: 0----------) გათავისუფლდა სამსახურიდან 2014 წლის 9 იანვრიდან. (ს.ფ. 12);

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 29 აპრილის კანონიერ ძალაში შესული №3-------- გადაწყვეტილებით, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2014 წლის 8 იანვრის №24 ბრძანება ნ----–--–---–-–---–ის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ და დაევალა მოპასუხეს ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ნ----–--–---–-–---–ის სამსახურში აღდგენის და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების თაობაზე. ამავე გადაწყვეტილებით მოპასუხეს დაეკისრა მოსარჩელის 2013 წლის დეკემბრის თვის მიუღებელი ხელფასის ანაზღაურება და 2013 წლის დეკემბრის თვის პრემიის ანაზღაურება საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის სასჯელაღსრულების №15 დაწესებულების თანამშრომლებისათვის გაცემული პრემიის შესაბამისად. (ს.ფ. 13-23);

 

აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მიერ, 2015 წლის 3 დეკემბერს გაცემული იქნა სააღსრულებო ფურცელი.

 

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2016 წლის 27 იანვრის M---------------- ბრძანებით, ნ----–--–---–-–---–ი აღდგენილი უნდა ყოფილიყო და დანიშნულიყო საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №15 პენიტენციური დაწესებულების საექიმო-სამედიცინო პუნქტის ექიმის თანამდებობაზე და ანაზრაურებოდა განაცდური ხელფასი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ნ----–--–---–-–---–ის თანამდებობრივი სარგო განისაზღვრა თვეში - 1 200 ლარის ოდენობით. (ს.ფ. 24);

 

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ცენტრალური აპარატის/ეკონიმიკური დეპარტამენტის 2016 წლის 4 მარტის M---------------- წერილის თანახმად, 2013 წლის დეკემბერში, ანალოგიური თანამდებობის (ექიმი) თანამშრომლებზე, დეკემბრის თვის ხელზე ასაღებმა ხელფასმა და წახალისებამ შეადგინა 1 920 ლარი (960 ლარი ხელფასი, 960 ლარი პრემია). თავად ნ----–--–---–-–---–ი საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციის და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის ბრძანებით წახალისებულ თნამშრომელთა ნუსხაში გათვალისწინებული არ იყო. (ს.ფ. 46);

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის 2016 წლის 21 აპრილის №1------- წერილის თანახმად, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ სა---------–--------------–----კში წარდგენილი საინკასო დავალების საფუძველზე, ხაზინის ერთიანი ანგარიშიდან, მიმდინარე წლის 19 აპრილს, იძულების წესით ჩამოიჭრა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დავალიანება - 1 920 ლარი. (ს.ფ. 44);

 

საქმეში წარმოდგენილი სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ცენტრალური აპარატის/ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსის 2018 წლის 8 თებერვლის M---------------- წერილის თანახმად, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2016 წლის 1 იანვრის №448 ბრძანების მე-2 პუნქტის მოთხოვნისა და 2015 წლის 3 დეკემბრის №3-------- სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, ნ----–--–---–-–---–ს დაერიცხა 3 600 ლარი განაცდური ხელფასი, საიდანაც 2 880 ლარი ჩაირიცხა ნ----–--–---–-–---–ის პირად ანგარიშზე, ხოლო 720 ლარი საშემოსავლო გადასახადი მიიმართა სახელმწიფო ბიუჯეტში. (ს.ფ. 50);

 

2.2. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი ყველას აძლევს გარანტირებულ უფლებას თავისი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად მიმართოს სასამართლოს.

 

საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტის საფუძველზე, ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების და თვითმმართველობის ორგანოთა და მოსამსახურეთაგან უკანონოდ მიყენებული ზარალის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის და ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სარჩელი შეიძლება აღიძრას ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.

 

სასამართლომ მიუთითა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) პირველი მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, საჯარო სამსახური (შემდგომ - სამსახური) არის საქმიანობა სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო თანამდებობა არის სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოს პირველადი სტრუქტურული ერთეული, რომელიც განსაზღვრავს მოქალაქის ადგილსა და სოციალურ-შრომით როლს საჯარო სამსახურის სისტემაში, მის უფლებებსა და მასზე დაკისრებულ მოვალეობებს, ხოლო მე-4 პუნქტით სახელმწიფო თანამდებობაზე საქმიანობად ითვლება შრომითი ურთიერთობა არჩევით ან დანიშვნით თანამდებობაზე იმ დაწესებულებაში, რომელიც კანონმდებლობის საფუძველზე ახორციელებს საკანონმდებლო, აღმასრულებელ და სასამართლო ხელისუფლებას, სახელმწიფო ზედამხედველობას და კონტროლს, აგრეთვე სახელმწიფო თავდაცვას.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ნ----–--–---–-–---–ს, საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროდან გათავისუფლებამდე ეკავა საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციის და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის №15 დაწესებულების საექიმო-სამედიცინო პუნქტის ექიმის თანამდებობა. შესაბამისად იგი წარმოადგენდა საჯარო მოსამსახურეს და მასზე ვრცელდებოდა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა მოსარჩელე - ნ----–--–---–-–---–ის საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროდან გათავისუფლების დროისათვის მოქმედ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 112-ე მუხლზე, რომლის თანახმად, სამსახურიდან უკანონოდ განთავისუფლებული მოხელე უფლებამოსილია მოითხოვოს განთავისუფლების უკანონოდ ცნობა, განთავისუფლების საფუძვლის შეცვლა და თანამდებობრივი სარგო. იძულებით გაცდენილი პერიოდის შრომითი გასამრჯელო მოსამსახურეს მიეცემა არა უმეტეს 3 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით. ამავე კანონის 127-ე მუხლის მე-6 პუნქტით კი, მოხელის მიერ მოთხოვნილი განაცდური ხელფასი ამ კანონის 112-ე მუხლით დადგენილი ოდენობით ანაზღაურდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაწესებულება მოხელეს აღადგენს სამსახურში. სხვა შემთხვევაში განაცდური ხელფასი არ ანაზღაურდება.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილებით (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე თინა ბეჟიტაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ საქმის ნომერი: 2------), არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 112-ე მუხლის მე-2 წინადადება საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტთან მიმართებით, რომელიც იძულებითი განაცდურის სახით მხოლოდ 3 თვის თანამდებობრივი სარგოს ანაზღაურებას ითვალისწინებდა.

 

მითითებულ გადაწყვეტილებაში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტით, საჯარო მოხელეთათვის განსაზღვრული გარანტიის პირობებში წარმოიშობა გონივრული მოლოდინი, რომ თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში მოხელე უზრუნველყოფილია შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე ვალდებულებათა შესრულების სანაცვლო ანაზღაურებით. საკონსტიტუციო სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის პოზიცია, რომლის თანახმად, საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტი ასანაზღაურებელი ზიანის კონკრეტული ოდენობის განსაზღვრას კანონმდებელს მიანდობს. კონსტიტუციის ხსენებული დებულება იმპერატიულად ადგენს მიყენებული ზარალის სრულად ანაზღაურების ვალდებულებას. მისი მოქმედება არ შემოიფარგლება რომელიმე კონკრეტულ სფეროში მიყენებული ზარალის ანაზღაურების საკითხის მოწესრიგებით და მისი რეგულირების სფეროში ექცევა ნებისმიერი ზარალი, რომელიც გამოწვეულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკებისა და თვითმმართველი ერთეულების თანამდებობის პირთა ქმედებით. საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრული ზარალის სრული ანაზღაურების ვალდებულება გულისხმობს არა კონკრეტული სუბიექტის (თუნდაც კანონმდებლის მიერ) მიერ წინასწარ დადგენილი ზღვრული ოდენობით, არამედ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში პირისათვის რეალურად მიყენებული ზარალის სრული მოცულობით ანაზღაურების ვალდებულებას.

 

სასამართლომ მიუთითა „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-2 პუნქტზე, რომლის მიხედვით, არაკონსტიტუციურად ცნობილი სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი იურიდიულ ძალას კარგავს საკონსტიტუციო სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილების გამოქვეყნების მომენტიდან, თუ კანონით სხვა ვადა არ არის დადგენილი.

 

ამრიგად, პირველი ინსტანციის სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მითითებული გადაწყვეტილების გამოქვეყნებისთანავე - 2015 წლის აგვისტოში, ძალადაკარგულად ჩაითვალა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 112-ე მუხლის ის დანაწესი რომელიც იძულებითი განაცდურის ანაზღაურებას მხოლოდ 3 თვით ზღუდავდა.

 

სასამართლომ ასევე მიუთითა დღეს მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-3 პუნქტზე, რომლის თანახმად, ზემდგომი ორგანოს ან სასამართლოს მიერ მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევაში საჯარო დაწესებულება ვალდებულია მოხელე დაუყოვნებლივ აღადგინოს იმავე თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას – ტოლფას თანამდებობაზე იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში. ხოლო ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამსახურში აღდგენილ მოხელეს ეძლევა განაცდური თანამდებობრივი სარგო და საკლასო დანამატი, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრული წელთა ნამსახურობის დანამატი და წოდებრივი სარგო (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტებით, საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს 2014 წლის 8 იანვრის №24 ბრძანებით დგინდება, რომ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციის და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის №15 დაწესებულების საექიმო-სამედიცინო პუნქტის ექიმი - ნ----–--–---–-–---–ი (პ/ნ: 0----------) გათავისუფლდა სამსახურიდან 2014 წლის 9 იანვრიდან.

 

დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 29 აპრილის კანონიერ ძალაში შესული №3-------- გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2014 წლის 8 იანვრის №24 ბრძანება ნ----–--–---–-–---–ის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ და დაევალა მოპასუხეს ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ნ----–--–---–-–---–ის სამსახურში აღდგენის და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების თაობაზე. ამავე გადაწყვეტილებით მოპასუხეს დაეკისრა მოსარჩელის 2013 წლის დეკემბრის თვის მიუღებელი ხელფასის ანაზღაურება და 2013 წლის დეკემბრის თვის პრემიის ანაზღაურება საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის სასჯელაღსრულების №15 დაწესებულების თანამშრომლებისათვის გაცემული პრემიის შესაბამისად. ამასთან, აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მიერ 2015 წლის 3 დეკემბერს გაცემულ იქნა სააღსრულებო ფურცელი.

 

აღნიშნულის შემდგომ კი, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2016 წლის 27 იანვრის M---------------- ბრძანებით, ნ----–--–---–-–---–ი აღდგენილი იქნა და დაინიშნა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №15 პენიტენციური დაწესებულების საექიმო-სამედიცინო პუნქტის ექიმის თანამდებობაზე და აუნაზღაურდა განაცდური ხელფასი 3 თვის სარგოს ოდენობით.

 

სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხე მხარის განმარტება იმასთან დაკავშირებით, რომ მოსარჩელისათვის ასანაზღაურებელი განაცდური ხელფასი შეადგენს მხოლოდ 3 თვის ხელფასს (3 600 ლარი), რაც თითქოსდა დაკისრებული ჰქონდათ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მიერ 2015 წლის 29 აპრილს მიღებული გადაწყვეტილებით, ვინაიდან მოსარჩელის სამსახურში აღდგენის დროისათვის (2016 წლის 27 იანვარი) მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი განაცდური ხელფასი მოიცავს ხელფასს მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების დღიდან მის სამსახურში აღდგენამდე პერიოდისათვის.

 

დადგენილია, რომ ნ----–--–---–-–---–ს დაერიცხა 3 600 ლარი განაცდური ხელფასი, საიდანაც 2 880 ლარი ჩაირიცხა ნ----–--–---–-–---–ის პირად ანგარიშზე, ხოლო 720 ლარი საშემოსავლო გადასახადი მიიმართა სახელმწიფო ბიუჯეტში. შესაბამისად, მოსარჩელეს უნდა აუნაზღაურდეს განაცდური ხელფასი მისი სამსახურში განთავისუფლების დღიდან, ანუ 2014 წლის 8 იანვრიდან მის სამსახურში აღდგენამდე, ანუ 2016 წლის 27 იანვრამდე პერიოდისათვის, 3 თვის ხელფასის გამოკლებით.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 331-ე მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე უკანონოა და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო, ამ კოდექსის 24-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს განახორციელოს ეს მოქმედება ან თავი შეიკავოს ამ მოქმედების განხორციელებისაგან.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, პირველი ინსტანციის სასამართლომ მოპასუხეს - საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს, მოსარჩელე - ნ----–--–---–-–---–ის სასარგებლოდ დააკისრა იძულებითი განაცდურის ანაზღაურება - 2014 წლის 8 იანვრიდან 2016 წლის 27 იანვრამდე პერიოდში, ამ თანამდებობისათვის გათვალისწინებული თანამდებობრივი სარგოს ყოველთვიური ოდენობით, უკვე მიღებული 3 თვის ხელფასის გამოკლებით.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

აპელანტის მითითებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ ნ----–--–---–-–---–ის სარჩელი დააკმაყოფილა და 2018 წლის 19 მარტის (საქმე N3--------- გადაწყვეტილებით სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ნ----–--–---–-–---–ის სასარგებლოდ დააკისრა იძულებითი განაცდურის ანაზღაურება 2014 წლის 8 იანვრიდან 2016 წლის 27 იანვრამდე პერიოდში, მის მიერ განთავისუფლებამდე დაკავებული თანამდებობისათვის გათვალისწინებული თანამდებობრივი სარგოს ყოველთვიური ოდენობით, სამი თვის ხელფასის გამოკლებით. სასამართლომ მიღებული გადაწყვეტილების სამართლებრივ საფუძვლად მიუთითა საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 31 ივლისის N 2------ გადაწყვეტილება, რომლითაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 112-ე მუხლის მე-2 წინადადება იქნა ამოღებული, საკონსტიტუციო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში შედიოდა გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს ანუ 2015 წლის 15 აგვისტოს.

 

სააპელაციო საჩივრის თანახმად, სასამართლო 2018 წლის 19 მარტის (საქმე N3--------- გადაწყვეტილების აღწერილობით ნაწილის პირველ პუნქტში აღნიშნავს „სასარჩელო მოთხოვნას: ხოლო 1.1. პუნქტში აღნიშნულია, რომ „მოპასუხე - საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დაევალოს იძულებითი განაცდურის ანაზღაურება მოსარჩელის განთავისუფლებიდან აღდგენამდე პერიოდში, უკვე მიუღებელი სამი თვის გამოკლებით (იხ. დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 12 მარტის სხდომის ოქმი; ს.ფ.56-60)“

 

აპელანტის მითითებით, ნ----–--–---–-–---–მა 2014 წლის ივლისში მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას და მოითხოვა „1. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2014 წლის 8 იანვრის N24 ბრძანების ბათილად ცნობა დაკავებული თანამდებობიდან განთავისუფლების შესახებ; 2. ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის გამოცემა სამსახურში აღდგენის თაობაზე; 3.სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინიტროსათვის მის სასარგებლოდ იძულებითი განაცდურის ანაზღაურების დაკისრება“.

 

აღნიშნული მოთხოვნა სასამართლომ დააკმაყოფილა 2015 წლის 29 აპრილს მიღბული გადაწყვეტილებით, როგორც ეს აღნიშნა უდავო ფაქტობრივ გარემოებში სასამართლომ 2018 წლის 19 მარტის გადაწყვეტილების 3.1.2. პუნქტში.

 

სასამართლო, როგორც უდავო ფაქტობრივი გარემოება 2018 წლის 19 მარტის (საქმე N3--------- გადაწყვეტილების 3.1.2. პუნქტში აღნიშნავს მოსარჩელის ნ----–--–---–-–---–ის პირველი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებას და უთითებს, რომ „თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 29 აპრილს კანონიერ ძალაში შესული N3/2705 გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2014 წლის 8 იანვრის N24 ბრძანება ნ----–--–---–-–---–ის სამსახურიდან განთავისუფლების შესახებ და დაევალა მოპასუხეს ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის გამოცემა ნ----–--–---–-–---–ის სამსახურში აღდგენის და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების თაობაზე. ამავე გადაწყვეტილებით მოპასუხეს დაეკისრა მოსარჩელის 2013 წლის დეკემბრის თვის მიუღებელი ხელფასის ანაზღაურება და 2013 წლის დეკემბრის თვის პრემიის ანაზღაურება საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის სასჯელაღსრულების N15 დაწესებულების თანამშრომლებისათვის გაცემული პრემიის შესაბამისად“.

 

სასამართლოს მიერ 3.1.2. პუნქტში მითითებული 2018 წლის 19 მარტის (საქმე N3--------- გადაწყვეტილებიდან უდავოა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ იმსჯელა ნ----–--–---–-–---–ის სასარჩელო მოთხოვნაზე და 2015 წლის 29 აპრილის (საქმე N3--------) გადაწყვეტილებით სარჩელი დააკმაყოფილა, ბათილად ცნო სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2014 წლის 8 იანვრის N24 ბრძანება ნ----–--–---–-–---–ის სამსახურიდან განთავისუფლების შესახებ და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დაავალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემა, ნ----–--–---–-–---–ის სამსახურში აღდგენის და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების თაობაზე და ასევე სამინისტროს დააკისრა 2013 წლის დეკემბრის თვის ხელფასის და 2013 წლის დეკემბრის თვის პრემიის ანაზღაურება. ნ----–--–---–-–---–ის მოთხოვნა სამსახურში აღდგენის, იძულებითი განაცდურის, 2013 წლის დეკემბრის თვის ხელფასის და პრემიის ანაზღაურების თაობაზე დაკმაყოფილებულია, გადაწყვეტილება აღსრულებულია სამინისტროს მიერ.

 

სააპელაციო საჩივრის თანახმად, 2018 წლის 19 მარტს სასამართლომ მიიღო ახალი გადაწყვეტილება, თუმცა უკვე არსებობდა იმავე მხარეებს შორის იმავე დავაზე, იმავე საფუძვლით მიღებული გადაწყვეტილება, მიუხედავად ამისა სასამართლომ 2018 წლის 19 მარტს (საქმე N3--------- მიღებული გადაწყვეტილების მე-2 პუნქტში აღნიშნა, რომ „მოპასუხეს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს, მოსარჩელე - ნ----–--–---–-–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს იძულებითი განაცდურის ანაზღაურება 2014 წლის 8 იანვრიდან 2016 წლის 27 იანვრამდე პერიოდში, მის მიერ განთავისუფლებამდე დაკავებული თანამდებობისათვის სარგოს ყოველთვიური ოდენობით, 3 თვის ხელფასის გამოკლებით“. ნ----–--–---–-–---–ის სასარგებლოდ 2015 წლის 29 აპრილს სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება და სჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დაეკისრა იძულებითი განაცდურის ანაზღაურება. 2018 წლის 19 მარტს, როდესაც სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება იძულებითი განაცდურის დაკისრებაზე, სამინისტროს მიერ აღსრულება განხორციელებული იყო ნ----–--–---–-–---–ის სასარგებლოდ.

 

როგორც სასამართლო აღნიშნავს, 2018 წლის 19 მარტს მიღებული გადაწყვეტილება ეხება მოსარჩელის მიერ მოთხოვნილ იძულებითი განაცდურის ანაზღაურებას, თუმცა იძულებითი განაცდურის ანაზღაურების თაობაზე მოთხოვნა არ დაუყენებია მოსარჩელეს, რადგან იძულებითი განაცდურის ანაზღაურების თაობაზე მიღებული იყო გადაწყვეტილება, ხოლო გადაწყვეტილების საფუძველზე 2016 წლის 27 იანვარს გამოცემული იყო მინისტრის N448 ბრძანება სამსახურში აღდგენისა და იძულებითი განაცდურის შესახებ, თუმცა ნ----–--–---–-–---–ის მიერ 2017 წლის 13 ივნისს სარჩელის შემოტანის დროს განაცდური ხელფასი არ იყო ანაზღაურებული, რის გამოც ნ----–--–---–-–---–მა სასამართლოს მიმართა ქმედების განხორციელებაზე, ანუ 2016 წლის 27 იანვარს გამოცემული N448 ბრძანების მე-2 პუნქტის შესრულებაზე, აღნიშნულიდან გამომდინარე სარჩელში მოსარჩელე ითხოვდა ქმედების განხორციელებას. თუმცა, რაც პაექრობის ეტაპზე სასამართლომ მოსაჩელის წარმომადგენელს შეაცვლევინა მოთხოვნა იძულებითი განაცდურის ანაზღაურებაზე, სასამართლომ იმსჯელა და გადაწყვეტილება მიიღო არა ქმედების განხორციელებაზე, არამედ იძულებითი განაცდურის ანაზღაურებაზე, რაზეც უკვე ერთხელ ნამსჯელი ჰქონდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა კოლეგიას და მოთხოვნა დაკმაყოფილებული იყო 2015 წლის 29 აპრილს მიღებულ გადაწყვეტილებით, რომელიც კანონიერ ძალაში იყო შესული.

 

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. ხოლო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლით განსაზღვრულია, რომ სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ: ბ) არსებობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან განჩინება, რომელიც გამოტანილია დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით;

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მიერ 2015 წლის 29 აპრილს მიღებული იქნა (საქმე N3--------) გადაწყვეტილება ინდივიდუალურ ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე ნ----–--–---–-–---–ის სამსახურში აღდგენის და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების თაობაზე (იხ. დან N1). პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა და ის კანონიერ ძალაშია შესული. უფრო მეტიც 2018 წლის 19 მარტს (საქმე N3--------- მიღებული გადაწყვეტილების დროს 2015 წლის 29 აპრილს მიღებული გადაწყვეტილება სრულად იყო აღსრულებული. აღნიშნულიდან გამომდინარე 2018 წლის 19 მარტს (საქმე N3--------- მიღებული გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „ბ“ პუნქტს, რადგან გადაწყვეტილება მიღებულია მაშინ, როდესაც უკვე არსებობდა სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომელიც გამოტანილია დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით.

 

აპელანტის მითითებით, ნ----–--–---–-–---–მა 2016 წლის 22 ივლისს მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე - საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს წინააღმდეგ და მოითხოვა იძულებითი განაცდური ხელფასის 23 616 ლარის ანაზღაურება.

 

2016 წლის 26 ივლისის განჩინებით ნ----–--–---–-–---–ის სარჩელი მიღებულ იქნა სასამართლო წარმოებაში და დასაშვებად იქნა ცნობილი.

 

2017 წლის 12 იანვარს გამართულ მოსამზადებელ სხდომაზე სამინისტროს წარმომადგენელმა დააყენა შუამდგომლობა საქმის წარმოების შეწყვეტაზე იმ საფუძვლით, რომ არსებობდა 2015 წლის 29 აპრილის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, სადაც მხარეებს წარმოადგენდნენ ნ--- შ--–--–-–---–ი და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო, ხოლო მოთხოვნას განაცდური ხელფასის ანაზღაურების დაკისრება, რაც ნიშნავდა იმას, რომ არსებობდა იმავე მხარეებს შორის იმავე დავის საგანზე და იმავე საფუძვლით სასამართლოს მიერ მიღებული კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება. აღნიშნულზე სამინისტროს წარმომადგენლის შუამდგომლობა სასამართლომ დააკმაყოფილა და 2017 წლის 12 იანვარს სასამართლომ მიიღო განჩინება (საქმე N3--------) საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ და ნ----–--–---–-–---–ის სარჩელზე, მოპასუხე - საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მიმართ იძულებითი განაცდურის ანაზრაურების თაობაზე საქმის წარმოება შეწყდა. (იხ. დან N2) აღნიშნული განჩინება ნ----–--–---–-–---–ს არ გაუსაჩივრებია.

 

ასევე აღსანიშნავია და საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ მოსარჩელე სარჩელში ითხოვდა ქმედების განხორციელების დავალებას კერძოდ, „გთხოვთ მოპასუხეს დაავალოთ ქმედების განხორციელება 27.01.2016 წ. ბრძანების მე-2 პუნქტის მიხედვით, ჩემთვის განაცდური ხელფასის ანაზღაურება, კანონით დადგენილი წესის შესაბამისად“. მოსარჩელე ითხოვდა აღნიშნული ბრძანების შესრულების დავალდებულებას სამინისტროსათვის და მოთხოვნაში ციტირებს 27.01. 2016წ. ბრძანების მე-2 პუნქტს, თუმცა აღნიშნული მოთხოვნა 2018 წლის 12 მარტს მთავარ სხდომაზე პაექრობის ეტაპზე მოსარჩელის წარმომადგენელმა სასამართლოს დახმარებით შეცვალა და მოითხოვა, როგორც გადაწყვეტილებაშია აღნიშნული, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დაევალოს იძულებითი განაცდურის ანაზღაურება მოსარჩელის განთავისუფლებიდან აღდგენამდე პერიოდში. აპელანტი თვლის, რომ მთავარ სხდომაზე და მითუმეტეს პაექრობის ეტაპზე მოთხოვნის შცვლა შეუძლებელი იყო, რადგან სამოქალაქო საპროცესო კოდექსით განსაზღვრულია, თუ როდის შეუძლია მოსარჩელეს მოთხოვნის შეცვლა.

 

სააპელაციო საჩივრის თანახმად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 83-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად „მოსარჩელეს უფლება აქვს, საქმის წინასწარი სასამართლო განხილვისათვის მომზადების დამთავრებამდე შეცვალოს სარჩელის საფუძველი ან საგანი, შეავსოს სარჩელში მითითებული გარემოებები და მტკიცებულებები, გაადიდოს ან შეამციროს სასარჩელო მოთხოვნის ოდენობა, რის შესახებაც სასამართლომ უნდა აცნობოს მოპასუხეს“.

 

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 28 პრიმა მუხლით განსაზღვრულია, რომ „სასამართლო არ არის უფლებამოსილი, გასცდეს სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებს, მაგრამ იგი არ არის შებოჭილი სასარჩელო მოთხოვნის ფორმულირებით. პროცესის დაჩქარების მიზნით, მოსამართლეს შეუძლია დაეხმაროს მხარეს მოთხოვნის ტრანსფორმირებაში.“

 

მართალია აღნიშნული მუხლის თანახმად სასამართლო არ არის უფლებამოსილი, გასცდეს სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებს, თუმცა არ არის შებოჭილი სასარჩელო მოთხოვნის ფორმულირებით და პროცესის დაჩქარების მიზნით, შეუძლია დაეხმაროს მხარეს მოთხოვნის ტრანსფორმირებაში, თუმცა ნ----–--–---–-–---–ის სასარჩელო მოთხოვნის შეცვლასთან დაკავშირებით აპელანტი განმარტავს, რომ მოსარჩელეს სასამართლომ მოთხოვნა შეაცვლევინა და სასამართლოს ქმედება სასარჩელო მოთხოვნის შეცვლასთან დაკავშირებით ყველანაირად ცდება აღნიშნული სამართლებრივი ნორმის მოთხოვნებს. აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, სასამართლო მოთხოვნის ტრანსფორმირებაში შეიძლება დაეხმაროს მოსარჩელეს მოსამზადებელ სხდომაზე, რადგან მეორე მხარეს ჰქონდეს შესაძლებლობა მოემზადოს ტრანსფორმირებულ თუნდაც შეცვლილი მოთხოვნისათვის, თუმცა ნ----–--–---–-–---–ის მოთხოვნასთან დაკავშირებით სასამართლომ მოთხოვნის ტრანსფორმირება კი არ განახორციელა, არამედ მოთხოვნა შეცვლა მთლიანად.

 

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულია, რომ „სარჩელი შეიძლება აღიძრას ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას“, ხოლო მე-2 ნაწილის თანახმად „სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს“.

 

ნ----–--–---–-–---–ის სარჩელი სასამართლომ წარმოებაში მიიღო განსახილველად იმ მოთხოვნის საფუძველზე რა მოთხოვნაც ჰქონდა მოსარჩელეს სარჩელში დაყენებული და მოსარჩელეს მოთხოვნა იყო ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის თანახად ქმედების განხორციელების დავალება.

 

სააპელაციო საჩივრის თანახმად, უდავო ფაქტობრივი გარემოებაა, რომ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს 2014 წლის 08 იანვრის N24 ბრძანების თანახმად საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის N15 დაწესებულების საექიმო სამედიცინო პუნქტის ექიმი ნ----–--–---–-–---–ი განთავისუფლდა სამსახურიდან 2014 წლის 9 იანვრიდან, დისციპლინური გადაცდომისათვის, რაც გამოიხატებოდა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენაში.

 

2013 წლის 24 დეკემბერს ქ. თბილისის ი--------------ს რაიონული პროკურატურის პროკურორის მიერ ნ----–--–---–-–---–ს წარედგინა ბრალი საქართველის სისხლისამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად.

 

ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლი სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 16 ივნისს განჩინებით ნ----–--–---–-–---–ი წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.

 

2014 წლის ივლისში ნ----–--–---–-–---–მა მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას და მოითხოვა „ 1. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2014 წლის 8 იანვრის N24 ბრძანების ბათილად ცნობა დაკავებული თანამდებობიდან განთავისუფლების შესახებ; 2. ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის გამოცემა სამსახურში აღდგენის თაობაზე; 3.სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინიტროსათვის მის სასარგებლოდ იძულებითი განაცდურის ანაზღაურების დაკისრება“.

 

ნ----–--–---–-–---–ის სარჩელი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს წინააღმდეგ დაკმაყოფილდა და 2015 წლის 29 აპრილის (საქმე N3--------) გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2014 წლის 8 იანვრის N24 ბრძანება ნ----–--–---–-–---–ის სამსახურიდან განთავისუფლების შესახებ და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დაევალა ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის გამოცემა ნ----–--–---–-–---–ის სამსახურში აღდგენის და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების თაობაზე. ამავე გადაწყვეტილებით მოპასუხეს დაეკისრა მოსარჩელის 2013 წლის დეკემბრის თვის მიუღებელი ხელფასის ანაზღაურება და 2013 წლის დეკემბრის თვის პრემიის ანაზღაურება საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის სასჯელაღსრულების N15 დაწესებულების თანამშრომლებისათვის გაცემული პრემიის შესაბამისად“

 

აღნიშნული გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა და პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში.

 

ნ----–--–---–-–---–მა 2015 წლის 03 დეკემბერს გაცემული სააღსრულებო ფურცელი თბილისის აღსრულების ეროვნლი ბიუროში წარადგინა 2015 წლის 18 დეკემბერს, ხოლო თბილისის სააღსრულებო ბიურომ 2016 წლის 21 იანვრს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გაუგზავნა N1--------------- წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ (იხ. დან N3). აღნიშნული წერილის მიღების შემდეგ 2016 წლის 27 იანვარს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ გამოსცა N448 ბრძანება ნ----–--–---–-–---–ის თანამდებობაზე აღდგენისა და განაცდური ხელფასის ანაზღაურების შესახებ. (იხ. დან N4) აღნიშნული ბრძანებით შესრულებულ იქნა 2015 წლის 29 აპრილის (საქმე N3--------) გადაწყვეტილების მე-2 ნაწილი.

 

2016 წლის 10 მარტს თბილისის სააღსრულებო ბიურომ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გაუგზავნა N A-------- შეტყობინება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ, სადაც აღნიშნული არის, რომ 2015 წლის 03 დეკემბერს გაცემული N3-------- სააღსრულებო ფურცელის თანახმად სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დაეკისრა 1920 ლარის გადაეხადა ნ----–--–---–-–---–ის სასარგებლოდ (იხ. დან N5)

 

2016 წლის 19 აპრილს ხაზინის ერთიანი ანგარიშიდან იძულების წესით ჩამოიჭრა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დავალიანება 1920 ლარი (იხ. დან N6) ხაზინის ერთიანი ანგარიშიდან აღნიშნული თანხის ჩამოჭრით შესრულებულ იქნა 2015 წლის 29 აპრილის (საქმე N3--------) გადაწყვეტილების მე-3 ნაწილი. სამინისტროს მიერ 2017 წლის 18 ივლისს ნ--- შ--–---–-–--ლს დაერიცხა 3600.00 ლარი განაცდური ხელფასი. 2015 წლის 29 აპრილის (საქმე N3--------) გადაწყვეტილების საფუძველზე სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მიერ 2016 წლის 27 იანვარს გამოსცემული N448 ბრძანების თანახმად. (იხ. დან N7)

 

აპელანტის მითითებით, 2016 წლის 27 იანვარს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ გამოსცა N448 ბრძანება ნ----–--–---–-–---–ის თანამდებობაზე აღდგენისა და განაცდური ხელფასის ანაზღაურების შესახებ. აღნიშნული ბრძანების საფუძველზე აღდგენილ იქნა სამსახუეში ნ----–--–---–-–---–ი, თუმცა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის N448 ბრძანების მე-2 პუნქტი, რომელიც ეხებოდა განაცდური ხელფასის ანაზღაურებას აღმოჩნდა, რომ აღსრულებული არ იყო და აღნიშნული სამინისტროსთვის მაშინ გახდა ცნობილი, როდესაც ნ----–--–---–-–---–მა სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა ქმედების განხორციელება კერძოდ, 2016 წლის 27 იანვარის N448 ბრძანების მე-2 პუნქტის შესრულება, რომლითაც განსაზღვრული იყო განაცდური ხელფასის ანაზღაურება. თუმცა აღსანიშნავია ისიც, თუ რა გახდა სამინისტროს მხრიდან განაცდური ხელფასის გადაუხდელობის მიზეზი, სასამართლოსთვის ცნობილია, რომ იძულებით განაცდურის თანხის ჩამოჭრა, როგორც წესი, ყოველთვის ხდებოდა და ხდება ხაზინის ერთიანი ანგარიშიდან და სამინისტრო თვლიდა, რომ განაცდური ხელფასის ჩარიცხვა ნ--- შა-–---–-–---–-ს ანგარიშზე მოხდებოდა ხაზინის ერთიანი ანგარიშიდან, როგორც სხვებთან მიმართებაში ხდებოდა და რიოგორც ეს მოხდა დეკემბრის თვის ხელფასზე და პრემიაზე ყოველივე აღნიშნული გახდა მიზეზი განაცდური ხელფასის არ ანაზღაურების სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, ამის დასტურია ეკონომიური დეპარტამენტის 2016 წლის 20 აპრილის N3----- წერილი (იხ. დან N8)

 

სამინისტროსთვის, როდესაც ცნობილი გახდა, რომ ხაზინის ერთიანი ანგარიშიდან არ მოხდარა თანხის ჩამოჭრა და ნ----–--–---–-–---–ზე განაცდურის ანაზღაურება, 2015 წლის 29 აპრილის (საქმე N3--------) გადაწყვეტილების და 2016 წლის 27 იანვრის მინისტრის N448 ბრძანების თანახმად, 2017 წლის 18 ივლისს ნ--- შ--–---–-–--ლს დაერიცხა 3600.00 ლარი განაცდური ხელფასი სამინისტროდან.

 

2015 წლის 29 აპრილს (საქმე N3--------) გადაწყვეტილების მიღების დროს მოქმედებდა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 112-ე მუხლი, სადაც განსაზღვრული იყო, რომ „სამსახურიდან უკანონოდ განთავისუფლებული მოხელე უფლებამოსილია მოითხოვოს განთავისუფლების უკანონოდ ცნობა, განთავისუფლების საფუძვლის შეცვლა და თანამდებობრივი სარგო. იძულებითი გაცდენილი პერიოდის შრომითი გასამჯელო მოსამსახურეს მიეცემა არა უმეტეს 3 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით“. აღნიშნულიდან გამომდინარე 2015 წლის 29 აპრილის (საქმე N3--------) გადაწყვეტილება და მინისტრის 2016 წლის 27 იანვრის N448 ბრძანება სამინისტროს მიერ შესრულებულია სრულად.

 

აპელანტი მიუთითებს, რომ სასამართლო ვალდებული იყო, რომ გაეთვალისწინებინა, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც ეხებოდა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 112-ე მუხლის მე-2 წინადადების ძალადაკარგულად ცნობას, მას უკუძალა არ ჰქონდა და ის ვერ გავრცელდებოდა ძალადაკარგულად ცნობამდე წარმოშობილ ურთიერთობებზე, რადგან პირდაპირ იყო მითითებული არაკონსტიტუციური ნორმა ძალადაკარგულად იქნა ცნობილი გადაწყვეტილების გამოქვეყნების მომენტიდან, ხოლო გამოქვეყნება მოხდა 2015 წლის 15 აგვისტოს. აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლოს არ უნდა მიეღო ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც წინააღმდეგობაში მოდის იმ დროს მოქმედ კანონთან, სასამართლოს უფრო მეტად უნდა შეეძლოს განმარტება, როდესაც მოქმედი ნორმა ძალას კარგავს და ახალი ნორმა მიიღება, ახალი ნორმის გამოყენება შესაძლებელია თუ არა მანამდე წარმოშობილ ურთიერთობებზე იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ არ არის მითითებული. ასევე სასამართლო არ იყო უფლებამოსილი მოსარჩელის წარმომადგენლისათვის მიეცა უფლება პაექრობის ეტაპზე დაეზუსტებინა მოთხოვნა და შემდგომ სასამართლოს შეცვლილ მოთხოვნაზე მიეღო გადაწყვეტილება, ამით სასამართლომ დაარღვია საპროცესო სამართლის ნორმები.

 

აპელანტის მოსაზრებით, მსგავსი პრეცედენტები ზიანს აყენებს მთლიან სასამართლო სისტემას და ხელს უწყობს არასწორი პრაქტიკის ჩამოყალიბებას. სასამართლოს ასევე არ უმსჯელია მსგავსი ტიპის საქმეებზე რა პრინციპით უნდა მოხდეს ხანდაზმულობის გამოთვლა, თუ მსგავსი სარჩელი დასაშვებია. კომპენსაციის მოთხოვნა წარმოადგენს ადმინისტრაციული აქტის ბათილობის დროს წარმოშობილ უფლებას, რომელიც უნდა განიხილოს აუცილებლად ადმინისტრაციული აქტის კანონიერების შემოწმების პარალელურად. როდესაც უკვე სახეზეა ბათილი აქტი და პირი აღდგენილია სამსახურში და ასევე გამოცემულია ბრძანება განაცდური ხელფასის ანაზღაურებაზე, მაგრამ ბრძანება არ სრულდება ასეთ დროს კრედიტორს აქვს უფლება მოითხოვოს ქმედების განხორციელება, როგორც ნ----–--–---–-–---–მა გააკეთა მან სასამართლოში შეიტანა სარჩელი ქმედების განხორციელებაზე, რადგან სარჩელის სასამართლოში შეტანის მომენტისთვის არ იყო სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მიერ გამოცემული N448 ბრძანების მე-2 პუნქტი აღსრულებული, თუმცა სარჩელის განხილვამდე აღნიშნული ბრძანების მე-2 პუნქტი აღსრულებულ იქნა, რის გამოც სამინისტროს მხრიდან დაყენებულ იქნა შუამდგომლობა საქმის წარმოების შეწყვეტაზე, რადგან არ არსებობდა დავის საგანი, სასამართლომ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და პაექრობის ეტაპზე მოსარჩელეს მთლიანად შეაცვლევინა სასარჩელო მოთხოვნა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად: სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. აღნიშნული ნორმების თანახმად გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ: გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული; ასევე გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია; მითითებული გარემოებები კი წარმოადგენს გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტურ საფუძვლებს.

 

ამავე კოდექსის 384-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო ინსტანციის სასამართლო უფლებამოსილია შეცვალოს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მხოლოდ იმ ფარგლებში, რასაც მხარეები მოითხოვენ.

 

აპელანტის მითითებით, სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას დარღვეული იქნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლი და 394-ე მუხლის „ე“ და „ე1“ პუნქტები, რის გამოც არსებობს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 19 მარტის (საქმე N3--------- გადაწყვეტილების გაუქმების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები და მოსარჩელეს უარი უნდა ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობის გამო.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთება:

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სსკ-ის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო, ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილით სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სსკ-ის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 389-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითებას, შესაძლო ცვლილებების ან დამატებების გათვალისწინებით.

 

4.1. ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

 

სააპელაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობა-კანონიერების შემოწმებისა და საქმის სასამართლო განხილვის შედეგად მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით საქმეზე მიღებულ უნდა იქნას ახალი გადაწყვეტილება, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, თუმცა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება მიღებულია კანონის არასწორი განმარტების საფუძველზე, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის შესაბამისად ქმნის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველს.

 

ადმინისტრაციული ორგანოს სააპელაციო საჩივარი ძირითადად ეფუძნება შემდეგ მოსაზრებებს: სასამართლომ მოსარჩელეს, საპროცესო ნორმების დარღვევით, მისცა შესაძლებლობა შეეცვალა სარჩელი, კერძოდ, სარჩელი აღძრული იყო ასკ-ის 24-ე მუხლის საფუძველზე და მისი შეცვლა მოხდა სასამართლოს მთავარ სხდომაზე პაექრობის ეტაპზე; სახელფასო განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნით მოსარჩელეს ერთხელ უკვე ჰქონდა მიმართული სასამართლოსთვის, სასამართლოს გადაწყვეტილება აღნიშნულის თაობაზე შესულია კანონიერ ძალაში, რაც ქმნიდა საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძველს; საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 112-ე მუხლის მე-2 წინადადების არაკონსტიტუციურობის თაობაზე, პირველი ინსტანციის სასამართლომ მიანიჭა უკუძალა და გაავრცელა მის მიღებამდე წარმოშობილ ურთიერთობებზე, რითიც სასამართლომ დაარღვია ,,საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი.

 

სააპელაციო სასამართლო საპროცესო ნორმების დარღვევის ნაწილში არ იზიარებს აპელანტის შეფასებებს და თვლის, რომ არ არსებობს მითითებული მოტივით გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.

 

საქმეში წარმოდგენილია სასარჩელო განცხადება, რომლის საფუძველზეც მოსარჩელე ნ----–--–---–-–---–ი ითხოვს, მოპასუხე საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დაევალოს ქმედების განხორციელება, კერძოდ, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 27.01.2016 წ. ბრძანების მე-2 პუნქტის აღსრულება, რომლითაც განისაზღვრა ნ----–--–---–-–---–ისათვის იძულებითი განაცდური ხელფასის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ანაზღაურების საკითხი.

 

მოსარჩელის მოთხოვნა, რომელიც საბოლოო სახითაა ფორმულირებული, მდგომარეობს შემდეგში: მოპასუხე საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დაევალოს იძულებითი განაცდურის ანაზღაურება მოსარჩელის გათავისუფლებიდან აღდგენამდე პერიოდში, უკვე მიღებული 3 თვის განაცდურის გამოკლებით.

 

სააპელაციო სასამართლო აპელანტის ყურადღებას მიაქცევს მოთხოვნის შინაარსზე და აღნიშნავს: როგორც თავდაპირველი, ისე დაზუსტებული სარჩელი აღძრულია ასკ-ის 24-ე მუხლის საფუძველზე, მოსარჩელე ორივე შემთხვევაში ითხოვს, ადმინისტრაციულ ორგანოს დაევალოს ქმედების განხორციელება - იძულებითი განაცდურის გაცემა. ამასთან, როგორც თავდაპირველი სასარჩელი, ისე დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა ემყარება იმ საფუძველს, რომ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 27.01.2016 წ. ბრძანების არსებობის მიუხედავად, არ ხდება იძულებითი განაცდურის კანონით დადგენილი წესით ანაზღაურება. მოთხოვნის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები შეცვლილი არ არის. შესაბამისად, აპელანტის მითითება იმის თაობაზე, რომ სასამართლომ მთავარ სხდომაზე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა უგულვებელყოფით მოახდინა სარჩელის შეცვლა, საქმეში წარმოდგენილი მასალების შესწავლით არ დასტურდება და მოკლებულია შესაბამის საფუძველს.

 

სსსკ-ის 272-ე მუხლის ,,ბ“ პუნქტის ადგენს: სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ არსებობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან განჩინება, რომელიც გამოტანილია დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით;

 

სააპელაციო სასამართლო არ იზიარებს აპელანტი ადმინისტრაციული ორგანოს მოთხოვნას იმის თაობაზე, რომ სახეზეა ზემოაღნიშნული მუხლის გამოყენებისა და საქმის წარმოების შეწყვეტის კანონისმიერი საფუძველი.

 

საქმეში დაცულია თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015წ. 29 აპრილის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომლითაც არაკანონიერად იქნა ცნობილი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2014 წლის 8 იანვრის N24 ბრძანება ნ----–--–---–-–---–ის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე და ადმინისტრაციულ ორგანოს ნ----–--–---–-–---–ის სასარგებლოდ დაეკისრა იძულებითი განაცდურის ანაზღაურება. ამდენად, მითითებული სარჩელის საფუძველზე მოსარჩელე ითხოვდა მისი სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე გამოცემული აქტის ბათილად ცნობას და აქტის უკანონობით გამოწვეული ზიანის - იძულებითი განაცდურის ანაზღაურებას. რაც შეეხება წინამდებარე სარჩელს, აღნიშნულით მოსარჩელე ითხოვს არა იძულებითი განაცდურის დაკისრებას, არამედ ადმინისტრაციული ორგანოს დავალდებულებას, გასცეს ის იძულებითი განაცდური, რომლის ანაზღაურების გარდაუვალობა, მოსარჩელის მითითებით, აღიარებულია კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით.

 

სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, მხარეთა იდენტურობის მიუხედავად, სარჩელი აღძრულია სხვადასხვა საფუძვლით, რაც არ ქმნის სსსკ-ის 272-ე მუხლის ,,ბ“ პუნქტის შემადგენლობას და გამორიცხავს აღნიშნულ მუხლზე მითითებით საქმის წარმოების შეწყვეტის შესაძლებლობას.

 

რაც შეეხება სასარჩელო მოთხოვნას არსებითად, სააპელაციო სასამართლო სასარჩელო მოთხოვნის კანონიერებას ადასტურებს მხოლოდ ნაწილობრივ, რა მიზნითაც მიუთითებს შემდეგ გარემოებებზე: ვინაიდან მოსარჩელისათვის იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურების სამართლებრივი საფუძველი დადასტურებულია კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებით, სააპელაციო სასამართლო საჭიროდ არ მიიჩნევს წარმოადგინოს შესაბამისი მსჯეობა და დასაბუთების მიზნით არ მიუთითებს იმ შიდა თუ საერთაშორისო სამართლებრივ ნორმებზე, რომელიც ადგენს პირის უფლებას, სამსახურიდან უკანონოდ დათხოვნის პირობებში მოითხოვოს და მიიღოს სრული კომპენსაცია.

 

წინამდებარე დავის პირობებში სასამართლო მსჯელობის საგანს წარმოადგენს მხოლოდ საკითხი იმის თაობაზე, ადმინისტრაციული ორგანოს ქმედება, კერძოდ მოსარჩელისათვის მხოლოდ 3 თვის იძულებითი განაცდურის ანაზღაურება, შეესაბამება თუ არა კანონის მოთხოვნებს და არსებობს თუ არა სამსახურიდან გათავისუფლებიდან სამსახურში აღდგენამდე თანხის სრულად გაცემის ვალდებულება.

 

დადგენილია და მხარეთა შორის დავას არ იწვევს ის გარემოება, რომ მოსარჩელეს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მხრიდან ანაზღაურებული აქვს 3 თვის იძულებითი განაცდური, რაც, აპელანტის განმარტებით, ადასტურებს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების ფაქტს და გამორიცხავს მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას.

 

უნდა აღინიშნოს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილების მიღების და ძალაში შესვლის მომენტში მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 112-ე მუხლი, სამსახურიდან უკანონოდ დათხოვნილი პირის სამსახურში აღდგენის პირობებში აწესებდა მხოლოდ 3 თვის განაცდურის ანაზღაურების ვალდებულებას.

 

„საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 112-ე მუხლის მე-2 წინადადება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 31 ივლისის N2------ გადაწყვეტილებით საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტთან მიმართებით ცნობილი იქნა არაკონსტიტუციურად.

 

,,საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის მე-20 მუხლი ადგენს: „კანონის ან სხვა ნორმატიული აქტის არაკონსტიტუციურად ცნობა არ ნიშნავს ამ აქტის საფუძველზე ადრე გამოტანილი სასამართლოს განაჩენებისა და გადაწყვეტილებების გაუქმებას, იწვევს მხოლოდ მათი აღსრულების შეჩერებას საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით“. ამდენად, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას უკუძალა არ გააჩნია. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო არ იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს პოზიციას და თვლის, რომ არ არსებობს მატერიალურ-სამართლებრივი საფუძველი, რაც შესაძლებელს გახდის საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მოსარჩელე - ნ----–--–---–-–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს იძულებითი განაცდური სამსახურიდან გათავისუფლების დღიდან საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში შესვლამდე პერიოდზე.

 

სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, საკონსტიტუციო სასამართლოს ხსენებული გადაწყვეტილების გამოქვეყნებამდე არსებული რეგულაცია მოსარჩელეს არ ანიჭებდა უფლებას მიეღო 3 თვეზე მეტი ოდენობით განაცდური. აღნიშნული უფლება მოსარჩელეს წარმოეშვა საქართველოს საკონსტიტუციო სასმართლოს 2015 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილების გამოქვეყნებიდან, კერძოდ, 2015 წლის აგვისტოდან და რამდენადაც, ამ პერიოდში სასამართლო კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ჯერ კიდევ არ იყო აღსრულებული, გაჩნდა მოსარჩელის უფლება მიიღოს იძულებითი განაცდური საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან თანამდებობაზე აღდგენამდე პერიოდისათვის. სააპელაციო სასამართლო დავის გადაწყვეტის მიზნით ასევე მიუთითებს საქართველოს უზენასი სასამართლოს პრაქტიკაზე ( საქმე ბს-574-571(კ-17). 07.12.2017წ.).

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივრის ნაწილობრივი დაკმაყოფილების გზით, საქმეზე მიღებული უნდა იქნას ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ნ----–--–---–-–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდება ნაწილობრივ და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს დაეკისრება ნ----–--–---–-–---–ისათვის იძლებითი განაცდურის ანაზღაურება 2015 წლის აგვისტოდან სამსახურში აღდგენამდე, კერძოდ, 2016 წლის 27 იანვრამდე.

 

5. საპროცესო ხარჯები:

 

მხარეები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, განთავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვადლებულებისაგან.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

 

იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-12, 34-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 386-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და

 

სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1.საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - სპეციალური პენიტენციური სამსახურის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით საქმეზე მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. ნ----–--–---–-–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

4. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს დაეკისროს ნ----–--–---–-–---–ისათვის იძლებითი განაცდურის ანაზღაურება მის მიერ განთავისუფლებამდე დაკავებული თანამდებობისათვის გათვალისწინებული თანამდებობრივი სარგოს ყოველთვიური ოდენობით, 2015 წლის აგვისტოდან 2016 წლის 27 იანვრამდე პერიოდში.

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში (მდებარე ქ. თბილისი ძმ. ზუბალაშვილების ქ.N32), დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის გადაცემის მომენტიდან ოცდაერთი დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით (მდებარე თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ.N7ა).

 

მოსამართლე ნინო ქადაგიძე