განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210017002029439
N2ბ/2259-2018
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
19 დეკემბერი, 2018 წელი ქალაქ თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე - გელა ქირია
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
აპელანტი - დ----- ჯ-----–---–ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - შპს ,,თ---–---------------------–----------’’ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 18 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2018 წლის 15 მარტის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ
დავის საგანი - თანხის გადახდის დაკისრება
1. აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული სასამართლო აქტების გაუქმება, საქმის წარმოების განახლება
2. გასაჩივრებული სასამართლო აქტების დასკვნებზე მითითება
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 18 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, შპს ,,თ---–---------------------–----------ს" სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხე დ----- ჯ-----–---–ს მოსარჩელე შპს ,,თ---–---------------------–----------ს" სასარგებლოდ დაეკისრა 5 550 ლარის გადახდა.
გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიხედვით, 2017 წლის 28 ივლისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა შპს ,,თ---–---------------------–----------ს" წარმომადგენელმა გ-------------------მ მოპასუხე დ----- ჯ-----–---–ის მიმართ თანხის გადახდის დაკისრების თაობაზე.
სარჩელი დაფუძვებულია შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
შპს ,,თ---–-----------------------–-----------ს" საქმიანობის ერთ-ერთ მიმართულებას წარმოადგენს შპს ,,ჯ------–-ს" ანძების მომსახურება/შეკეთება. მითითებული სამუშაოების შესრულებაში შპს ,,თ---–---------------------–----------ს" მიერ ჩართული იქნა დ----- ჯ-----–---–ი. დაკისრებული ვალდებულების შესრულების მიზნით, დ----- ჯ-----–---–ი პერიოდულად ქირაობდა ქვეკონტრაქტორებს და მათთან აფორმებდა ხელშეკრულებებს. ქვეკონტრაქტორებისთვის თანხის გადახდა ხდებოდა შპს ,,თ---–---------------------–----------ს" ფულადი სახსრებიდან.
შპს ,,თ---–---------------------–----------ს" მიერ დ----- ჯ-----–---–ის საქმიანობის შემოწმებისას გამოირკვა, რომ რიგ შემთხვევებში დ----- ჯ-----–---–ი არ ასრულებდა სამუშაოებს, თუმცა ადგენდა დოკუმენტებს თითქოს ადგილი ქონდა ქვეკონტრაქტორების დაქირავებას და სამუშაოს შესრულებას.
2016 წლის 27 მაისს, დ----- ჯ-----–---–მა წერილობით მიმართა შპს ,,თ---–---------------------–----------ს", აღიარა მის მიმართ 5 550 ლარის ოდენობით ფულადი ვალდებულების არსებობის ფაქტი და იკისრა ვალდებულება დაებრუნებინა აღნიშნული თანხა.
მოპასუხის მიერ დარღვეული იქნა ვალდებულება და არ იქნა დაფარული მოსარჩელის მიმართ არსებული დავალიანება. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელის წარმომადგენელმა სარჩელით მოითხოვა მოპასუხისთვის 5 550 ლარის გადახდის დაკისრება.
სასამართლოს 2017 წლის 04 დეკემბრის საოქმო განჩინებით სასამართლოს მთავარი სხდომა დაინიშნა 2018 წლის 18 იანვარს 11:00 საათზე.
სასამართლოს სხდომის შესახებ მოპასუხის წარმომადგენელი გაფრთხილებული იქნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 216-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით. კერძოდ, მოპასუხე მოპასუხის წარმომადგენელი ზ----- ა-------- სასამართლოს სხდომის თარიღის შესახებ გაფრთხილებული იქნა ხელწერილით.
2018 წლის 18 იანვარს 11:00 საათზე დანიშნულ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოპასუხე დ----- ჯ-----–---–ი არ გამოცხადდა, მას არც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის შესახებ უცნობებია სასამართლოსთვის.
მოსარჩელის წარმომადგენელმა გ-------------------მ სასამართლოს სხდომაზე მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო იშუამდგომლა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის შესაბამისად, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის და სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით, და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე.
სასამართლომ დამტკიცებულად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
- შპს ,,თ---–-----------------------–-----------ს" საქმიანობის ერთ-ერთ მიმართულებას წარმოადგენს შპს ,,ჯ------–-ს" ანძების მომსახურება/შეკეთება. მითითებული სამუშაოების შესრულებაში შპს ,,თ---–---------------------–----------ს" მიერ ჩართული იქნა დ----- ჯ-----–---–ი. დაკისრებული ვალდებულების შესრულების მიზნით, დ----- ჯ-----–---–ი პერიოდულად ქირაობდა ქვეკონტრაქტორებს და მათთან აფორმებდა ხელშეკრულებებს. ქვეკონტრაქტორებისთვის თანხის გადახდა ხდებოდა შპს ,,თ---–---------------------–----------ს" ფულადი სახსრებიდან;
- შპს ,,თ---–---------------------–----------ს" მიერ დ----- ჯ-----–---–ის საქმიანობის შემოწმებისას გამოირკვა, რომ რიგ შემთხვევებში დ----- ჯ-----–---–ი არ ასრულებდა სამუშაოებს, თუმცა ადგენდა დოკუმენტებს თითქოს ადგილი ქონდა ქვეკონტრაქტორების დაქირავებას და სამუშაოს შესრულებას;
- 2016 წლის 27 მაისს, დ----- ჯ-----–---–მა წერილობით მიმართა შპს ,,თ---–---------------------–----------ს", აღიარა მის მიმართ 5 550 ლარის ოდენობით ფულადი ვალდებულების არსებობის ფაქტი და იკისრა ვალდებულება დაებრუნებინა აღნიშნული თანხა;
- მოპასუხის მიერ დარღვეული იქნა ვალდებულება და არ იქნა დაფარული მოსარჩელის მიმართ არსებული დავალიანება.
სასამართლომ სამართლებრივი თვალსაზრისით შეაფასა შპს ,,თ---–---------------------–----------ს" წარმომადგენლის მიერ სარჩელში მითითებული და დამტკიცებულად ჩათვლილი ფაქტობრივი გარემოებები და მიიჩნია, რომ ეს გარემოებები საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-317-ე, 327-ე, 341-ე, 361-ე მუხლების შესაბამისად იურიდიულად ამართლებდა მოსარჩელის მოთხოვნას.
ამდენად, ვინაიდან სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებდა სასარჩელო მოთხოვნას, სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის თანახმად სარჩელი უნდა დაკმაყოფილებულიყო. ამასთან, სასამართლო აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობდა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოებები.
2018 წლის 15 თებერვალს, მოპასუხე დ----- ჯ-----–---–ის წარმომადგენელმა ზ----- ა--------მ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში წარადგინა საჩივარი.
საჩივარი ემყარება შემდეგ გარემოებებს:
დ----- ჯ-----–---–ის წარმომადგენელი ზ----- ა-------- საადვოკატო საქმიანობის განხორციელების პარალელურად მუშაობს შპს ,,ს-----------------------–-------–----ს" მარნეულის წარმომადგენლობის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილის პოზიციაზე და ჩართულია კოლეჯის სხვადასხვა პროექტებში. 2018 წლის 17 იანვარს, საღამოს საათებში ზ----- ა--------მ კოლეჯის დირექტორისგან მიიღო დავალება 2018 წლის 18 იანვარს სამსახურებრივი მივლინებით გამგზავრებულიყო ქ. მარნეულში და განეხორციელებინა მონიტორინგი მა-------–--------------------------------–--ში, სადაც კოლეჯი სახელმწიფოს დაფინანსებით ახორციელებს პროექტს ,,სკოლის მოსწავლეებში შრომითი უნარების განვითარების ქვეპროგრამის ფარგლებში". იმის გათვალისწინებით, რომ მონიტორინგი უნდა განხორციელებულიყო 2018 წლის 18 იანვარს 10:00 საათიდან 15:00 საათამდე, ზ----- ა-------- ქ. მარნეულში გაემგზავრა 2018 წლის 18 იანვარს 09:00 საათზე. აღნიშნულის გამო, ზ----- ა-------- ვერ გამოცხადდა სასასმართლოს სხდომაზე და ვერც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის თაობაზე ინფორმაციის მიწოდების მიზნით სასამართლოსთან დაკავშირება შეძლო. აღსანიშნავია, რომ 2018 წლის 18 იანვარს, თბილისში არ იმყოფებოდა დ----- ჯ-----–---–იც, რომელიც იმყოფებოდა მესტიაში სამსახურებრივი მივლინებით. ამდენად, სასამართლოს სხდომაზე მოპასუხე მხარის გამოცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 15 მარტის განჩინებით, დ----- ჯ-----–---–ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა ამავე სასამართლოს 2018 წლის 18 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
სასამართლომ აღნიშნა, რომ სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად კანონმდებელი განიხილავს განსაკუთრებულ ობიექტურ გარემოებას (მაგალითად როგორიცაა დაუძლეველი ძალა: წყალდიდობა, ზვავი და ა.შ.), რომელიც მხარისგან დამოუკიდებლად შეუძლებელს ხდის მის სასამართლო სხდომაზე გამოცხადებას, ანუ სასამართლოს სხდომაზე გამოცხადება შეუძლებელი უნდა იყოს მხარის ნების და გონივრული წინდახედულობის დაცვის მიუხედავად.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ მიუთითა, რომ 2018 წლის 18 იანვრის სასამართლოს სხდომის შესახებ მოპასუხის წარმომადგენელი ხელწერილით გაფრთხილებული იქნა 2017 წლის 04 დეკემბერს. სასამართლოს მოსაზრებით, საჩივრის ავტორის მიერ დამაჯერებლად ვერ იქნა დასაბუთებული, თუ რატომ მიანიჭა უპირატესობა სამსახურებრივ მივლინებაში წასვლას და არა სასამართლოს სხდომაზე გამოცხადებას. სასამართლოს შეკითხვაზე შეეძლო თუ არა მონიტორინგის მსვლელობისას იგი სასწავლო დაწესებულების დირექტორს შეეცვალა, ზ----- ა--------მ განმარტა, რომ - არა, რადგან მ----------------ი არ ფლობს ქართულ ენას (იხ. 2018 წლის 15 მარტის სასამართლოს სხდომის ოქმი). აღნიშნული განმარტების საწინააღმდეგოდ საჩივარზე დართული ცნობა შედგენილი იყო ქართულ ენაზე და სასწავლო დაწესებულების დირექტორის ხელმოწერაც შესრულებული იყო ქართულად. გარდა ამისა, სასამართლოს აზრით, მოპასუხის წარმომადგენელმა ვერ დაასაბუთა, რომ შესაბამისი წინდახედულობის გამოვლენის შემთხვევაში, შეუძლებელი იყო მისი სამსახურებრივი საქმიანობის იმგვარად დაგეგმვა, რომ ხელი არ შეშლოდა სასამართლოს სხდომაზე გამოცხადებაში. არ იყო დამაჯერებელი ასევე მოპასუხის წარმომადგენლის განმარტება იმის თაობაზე, თუ რატომ ვერ შეძლო სასამართლოს ინფორმირება სასამართლოს სხდომაზე გამოუცხადებლობის შესახებ.
ამდენად, სასამართლოს მოსაზრებით, მოპასუხის წარმომადგენელმა ვერ დაასაბუთა, რომ ადგილი ქონდა განსაკუთრებულ ობიექტურ გარემოებას, რამაც შეუძლებელი გახადა მისი სასამართლოს სხდომაზე გამოუცხადებლობა. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხე მხარის სასამართლოს სხდომაზე გამოუცხადებლობა არ იყო გამოწვეული საპატიო მიზეზით. გარდა ამისა, მოპასუხე მხარის მიერ არ იქნა წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულება იმის შესახებ, რომ სასამართლოს სხდომაზე გამოცხადება არ შეეძლო თავად დ----- ჯ-----–---–ს. დ----- ჯ-----–---–ის სამსახურებრივ მივლინებაში ყოფნის შესახებ ფაქტის დადასტურებისას მოპასუხის წარმომადგენელი შემოიფარგლა მხოლოდ ზეპირი განმარტებით, რაც სასამართლოს მიერ არასაკმარისად იქნა მიჩნეული.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 18 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, რის გამოც მოპასუხე დ----- ჯ-----–---–ის საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილებულიყო.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
3.1. აპელანტის წარმომადგენელმა გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და განჩინების გაუქმების საფუძვლად მიუთითა იმ გარემოებებზე, რომ სასამართლო სხდომაზე მისი გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით, კერძოდ, კი იმ გარემოებით, რომ ზ----- ა-------- იმყოფებოდა მივლინებაში (2018 წლის 18 იანვარს სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად იგი მივლინებული იქნა ქ. მარნეულში, ამავე დღეს სამსახურებრივი მივლინებით მესტიაში იმყოფებოდა მოპასუხე დ----- ჯ-----–---–იც. ზ----- ა-------- 2018 წლის 18 იანვარს 10:00 საათიდან 15:00 საათამდე სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა ქ. მარნეულში, მას ევალებოდა ,,ზ------------------–---–--------–--–--–---------------------------------------------ის" მსვლელობის მონიტორინგი).
3.2. აპელანტის მითითებით, სასამართლომ არასწორად მიიჩნია, რომ საჩივრის ავტორის მიერ დამაჯერებლად ვერ იქნა დასაბუთებული, თუ რატომ მიანიჭა უპირატესობა სამსახურებრივ მივლინებაში წასვლას და არა სასამართლო სხდომაზე გამოცხადებას. ამასთან, სასამართლოს შეკითხვაზე შეეძლო თუ არა მონიტორინგის მსვლელობისას იგი სასწავლო დაწესებულების დირექტორს შეეცვალა, ზ----- ა--------მ განმარტა, რა, რომ - არა, რადგან მ----------------ი არ ფლობდა ქართულ ენას. ამ განმარტების საწინააღმდეგოდ, სასამართლომ სრულიად უსაფუძვლოდ მიუთითა, რომ საჩივარზე დართული ცნობა შედგენილი იყო ქართულ ენაზე და სასწავლო დაწესებულების დირექტორის ხელმოწერაც შესრულებული იყო ქართულად.
აღნიშნულთან დაკავშირებით, აპელანტმა განმარტა, რომ მ----------------ი სათანადოდ ფლობდა თუ არა, ან თუ კარგად ფლობდა ქართულ ენას, ეს გარემოება მაინც ვერ მოახდენდა მისი მაგივრობის შეცვლას, ვინაიდან მონიტორინგის დროს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დამტკიცებული პროგრამების შესაბამისად, პასუხისმგებელ პირს წარმოადგენდა აპელანტის წარმომადგენსლი და სწორედ მისი მონაწილეობა იყო აუცილებელი მონიტორინგის პროცესში.
3.3. აპელანტის მითითებით, სასამართლომ არასწორად მიიჩნია, რომ მოპასუხის წარმომადგენელმა ვერ დაასაბუთა, რომ შესაბამისი წინდახედულობის გამოვლენის შემთხვევაში, შეუძლებელი იყო მისი სამსახურეობრივი საქმიანობის იმდაგვარად დაგეგმვა, რომ ხელი არ შეეშლოდა სასამართლო სხდომაზე გამოცხადება.
აღნიშნულთან დაკავშირებით, აპელანტის წარმომადგენელმა განმარტა, რომ ვინაიდან განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დამტკიცებული პროგრამით სასწავლო პროცესის მიმდინარეობაზე პასუხისმგებელ პირს წარმოადგენდა, სავალდებულო იყო განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან მოვლენილი მონიტორინგის ჯგუფს დახვედროდა სასწავლო პროცესის მიმდინარეობის ადგილას ქ. მარნეულში მ----------------------------–--–- დღის იმ მონაკვეთში როდესაც მონიტორინგის ჯგუფი იმყოფებოდა აღნიშნულ სკოლებში (10:00 - 15:00 საათებში). ვინაიდან, წარმომადგენელი ცხოვრობს ქ. თბილისში და (დავალება/ინფორმაცია მონიტორინგის შესახებ მიიღო 17 იანვარს დღის ისეთ მონაკვეთში, როდესაც შეუძლებელი იყო სასამართლოსათვის ეცნობებინა) ქ. მარნეულში წასვლა მოუწია 18 იანვარს დილის 9 საათზე, რათა დილის 10 საათისთვის მონიტორინგის ჯგუფს დახვედროდა ქ. მ--------–-----------------------–-–-, ვერ მოახერხა მიუხედავად მცდელობისა, რომ სატელეფონო შეტყობინების გზით ეცნობებინა სასამართლოსთვის გამოუცხადებლობის შესახებ.
4. გასაჩივრებული სასამართლო აქტების უცვლელად დატოვების დასაბუთება
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნის გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და განჩინების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ საქმე განიხილა არსებითი ხასიათის საპროცესო დარღვევების გარეშე, ამასთან, სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და მიუთითებს მათზე.
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
4.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით, და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე.
დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში შპს ,,თ---–---------------------–----------’’-ს სარჩელის განხილვა დანიშნული იყო 2018 წლის 18 იანვარს 11:30 საათზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 18 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, შპს ,,თ---–---------------------–----------"-ს სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხე დ----- ჯ-----–---–ს მოსარჩელე შპს ,,თ---–---------------------–----------ს" სასარგებლოდ დაეკისრა 5 550 ლარის გადახდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 15 მარტის განჩინებით, დ----- ჯ-----–---–ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა ამავე სასამართლოს 2018 წლის 18 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
თბილისის საქალაქო სასამართლომ გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და მისი ძალაში დატოვების შესახებ განჩინების დასაბუთებისას მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ საქმის მასალებით არ დასტურდებოდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოებები. ასევე, არ არსებობდა საქართველოს სსკ-ის 215.3. მუხლით გათვალისწინებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოება.
4.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ: ა) გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო ამ კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით; ბ) სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის; გ) გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები; დ) არ არსებობს სარჩელის აღძვრის წინაპირობები. ხოლო, იმ გარემოებათა ჩამონათვალს, რომლებიც შეიძლება მიჩნეულ იქნეს სასამართლო პროცესზე მხარის გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად, განსაზღვრავს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მესამე ნაწილი, რომელიც ადგენს, რომ ასეთ მიზეზად შეიძლება ჩაითვალოს მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარმოდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებულ უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.
მითითებული მუხლებიდან გამომდინარე, გამოუცხადებელ მხარეს შუძლია გააქარწყლოს ვარაუდი, რომელიც საფუძვლად უდევს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას, მოითხოვოს მისი გაუქმება და საქმის განხილვის განახლება, თუ დაამტკიცებს, რომ არ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობები.
მოცემულ შემთხვევაში, აპელანტი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ სასამართლო სხდომაზე მისი გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით.
პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული „საპატიო მიზეზის“ მტკიცების ტვირთი, ამავე კოდექსის 102–ე მუხლის შესაბამისად (1. თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. 2. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. 3. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით), ეკისრება საჩივრის ავტორს.
მოცემულ შემთხვევაში, როგორც აღინიშნა, აპელანტი სასამართლოს სხდომაზე მისი გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ მისი ადვოკატი, ზ----- ა------ძე მივლინებით იმყოფებოდა ქ. მარნეულში, ამავე დღეს სამსახურებრივი მივლინებით მესტიაში იმყოფებოდა თავად აპელანტი - დ----- ჯ-----–---–ი.
სააპელაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს აპელანტის ამ არგუმენტს, გამომდინარე იქიდან, რომ მოპასუხის წარმომადგენელმა ვერ დაასაბუთა, რომ შესაბამისი წინდახედულობის გამოვლენის შემთხვევაში, შეუძლებელი იყო მისი სამსახურებრივი საქმიანობის იმგვარად დაგეგმვა, რომ ხელი არ შეშლოდა სასამართლოს სხდომაზე გამოცხადებაში, ისევე როგორც ვერ დაადასტურა, თუ რატომ იყო უპირატესი სამსახურებრივ მივლინებაში წასვლა და არა სასამართლოს სხდომაზე გამოცხადება და რომ შეუძლებელი იყო მონიტორინგის მსვლელობისას წარმომადგენლის სასწავლო დაწესებულების დირექტორის მიერ შეცვლა იმის გათვალისიწნებით, რომ მ----------------ი ფლობდა ქართულ ენას (იხ. საჩივარზე დართული ცნობა შედგენილი ქართულ ენაზე, რომელსაც ხელს აწერს სასწავლო დაწესებულების დირექტორი ქართულად).
ამასთან, სასამართლოში არ იქნა წარმოდგენილი შესაბამისი წერილობითი მტკიცებულება, თავად აპელანტ დ----- ჯ-----–---–ის სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის შეუძლებლობის თაობაზე. დ----- ჯ-----–---–ის სამსახურებრივ მივლინებაში ყოფნის შესახებ ფაქტის დადასტურების მიზნით მოპასუხის წარმომადგენელის მხოლოდ ზეპირი განმარტება, არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს სადავო გარემოების დამადასტურებელ უტყუარ გარემოებად.
პალატა აღნიშნავს, რომ საქალაქო სასამართლომ მართებულად მიიჩნია არადამაჯერებლად მოპასუხის წარმომადგენლის განმარტება იმის თაობაზე, თუ რატომ ვერ შეძლო სასამართლოს ინფორმირება სასამართლოს სხდომაზე გამოუცხადებლობის შესახებ.
ამდენად, მოპასუხის წარმომადგენელმა ვერ დაასაბუთა, რომ ადგილი ქონდა განსაკუთრებულ ობიექტურ გარემოებას, რამაც შეუძლებელი გახადა მისი სასამართლოს სხდომაზე გამოუცხადებლობა. შესაბამისად, სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ მოპასუხე მხარის სასამართლოს სხდომაზე გამოუცხადებლობა არ იყო გამოწვეული საპატიო მიზეზით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით საჩივრის ავტორმა ვერ დაადასტურა ის გარემოება, რომ გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის მომენტისათვის სასამართლოში დანიშნულ სხდომაზე მოპასუხის და მისი წარმომადგენლის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით. შესაბამისად, პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოება გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 215.3. მუხლით.
4.3. როგორც აღინიშნა, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისთვის კიდევ ერთ აუცილებელ პირობას წარმოადგენს ის, რომ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად უნდა ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას.
პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად მიიჩნია დადგენილად სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და დაასკვნა, რომ დამტკიცებულად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-317-ე, 327-ე, 341-ე, 361-ე მუხლების თანახმად, იურიდიულად ამართლებდა სასარჩელო მოთხოვნას. შესაბამისად, შპს ,,თ---–---------------------–----------’’-ს სარჩელი უნდა დაკმაყოფილებულიყო.
ამდენად, მხარემ ვერ დაადასტურა ის გარემოება, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისას ადგილი ჰქონდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს, ისევე, როგორც ვერ დაადასტურა სასამართლო პროცესზე მოპასუხე მხარის გამოუცხადებლობის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლით გათვალისწინებული სხვა საპატიო მიზეზი, რისი მტკიცების ტვირთიც, ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, ეკისრებოდა თავად საჩივრის ავტორს.
4.4. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ არ არსებობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, სასამართლოს გამოაქვს განჩინება საჩივრის დაუკმაყოფილებლობისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ.
მოცემულ შემთხვევაში, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ არ არსებობდა გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სააპელაციო სასამართლო გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და განჩინების სააპელაციო საჩივრის ფარგლებში შემოწმების შედეგად ასკვნის, რომ დ----- ჯ-----–---–ის სააპელაციო საჩივრის პრეტენზია დაუსაბუთებელია, ვინაიდან სახეზე არ არის გასაჩივრებული სასამართლო აქტების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული საფუძვლები.
6. საპროცესო ხარჯები
სასამართლო ხარჯები დაეკისროს აპელანტს, რაც გადახდილია წინასწარ სახელმწიფო ბაჟის (222.00 ლარის ოდენობით) სახით;
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დ----- ჯ-----–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 18 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2018 წლის 15 მარტის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ;
3. სასამართლო ხარჯები დაეკისროს აპელანტს, რაც გადახდილია წინასწარ სახელმწიფო ბაჟის სახით;
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;
5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: გელა ქირია