განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210115001198134
N2ბ/5406-2017
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
19 დეკემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა
თავმჯდომარე, მომხსენებელი - გელა ქირია
მოსამართლეები - ლევან გვარამია, გოგიტა თოთოსაშვილი
სხდომის მდივანი - მ-----ე თათრიაშვილი
აპელანტი - ზ------ ა--–-ძე (მოპასუხე)
წარმომადგენელი - ო----- ხ--–-–---–ი
მოწინააღმდეგე მხარე – ერთობლივი საქმიანობის ამხანაგობა ,,ი-----------’’ (მოპასუხე)
წარმომადგენელი - თ----- მ---------–ი
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილება
დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება
1. აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილებით, ამხანაგობა ”ი----------ის” სარჩელი დაკმაყოფილდა. ზ------ ა--–-ძეს ამხანაგობა ”ი----------ის” სასარგებლოდ დაეკისრა 2 283 744 ლარის გადახდა.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
უდავოდ მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები:
2.1. სასამართლოში სარჩელის აღძვრაზე უფლებამოსილ პირს წარმოადგენს ერთობლივი საქმიანობის ამხანაგობა „ი-----------“, რომელსაც სასამართლოში წარმოადგენს მისი თავმჯდომარე მ------ შ-------ი;
2014 წლის 24 მარტს გამართულ ამხანაგობის გამგეობის სხდომაზე ამხანაგობის გამგეობამ (რომლის წევრები არიან გ----–-------------------------–--–----------------–--------), მიიღო გადაწყვეტილება, რომ გამგეობამ აღძრას სარჩელი ამხანაგობის ყოფილი თავმჯდომარის - ზ------ ა--–-ძის წინააღმდეგ, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით.
ამხანაგობის წევრთა 2015 წლის 20 იანვარის საერთო კრების ოქმით გამგეობის წევრი, გ------- ხ---–--–-ძე, საკუთარი განცხადების საფუძველზე გათავისუფლდა ამხანაგობის გამგეობის წევრობიდან და მის ნაცვლად არჩეულ იქნა გ---- ა------–-–--ლი.
ამხანაგობის წევრთა 2015 წლის 6 მარტის საერთო კრების ოქმით, გამგეობის წევრი, გ---- ა------–-–--ლი, საკუთარი განცხადების საფუძველზე გავიდა ამხანაგობის გამგეობის წევრობიდან და მის ნაცვლად არჩეულ იქნა ამხანაგობის წევრი, რ----- ქ----–-ძე.
2017 წლის 15 მარტის რწმუნებულებებით, რ----- ქ----–-ძე და გ----–- ნ------ე, როგორც ამხანაგობა „ი----------ის“ გამგეობის წევრები, ამხანაგობის თავმჯდომარეს მ------ შ-------ს ანიჭებენ მათ შორის მარწმუნებლების სახელით შეიტანოს განცხადება და/ან სარჩელი სასამართლოში;
2.2. 2005 წლის 24 აგვისტოს დაფუძნდა ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა „ი-----------“. ერთობლივი საქმიანობის „ამხანაგობის“ დაფუძნების შესახებ ხელშეკრულებით, ამხანაგობის მიზანს წარმოადგენს თბილისში, დ-----–---–------------ ში და დო---–---–---------ში მდებარე 543 და 224 კვ.მ. ნაკვეთებზე, სულ 767 კვ.მ. ნაკვეთზე არსებული საცხოვრებელი სახლების დანგრევა, მათ ნაცვლად მრავალსართულიანი მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა და მშენებლობის დასრულების შემდეგ ამ შენობის, როგორც ამხანაგობის წევრთა წილობრივი თანასაკუთრების მფლობელობა, სარგებლობა და განკარგვა.
ამხანაგობის დამფუძნებელი წევრები არიან: ზ------ ა--–-ძე, ბ---ა თ----ძე, მ------ შ-------ი, რ----- ქ----–-ძე, პ----- უ----–-ძე.
ამხანაგობაში ი----ა შ-------ისა და მ-----ა შ-------ის შენატანს წარმოადგენს კუთვნილი უძრავი ქონება, მდებარე თბილისში, დ-----–---–---------------ში, მიწის ნაკვეთი ფართობით 543 კვ.მ., შენობა-ნაგებობა ფართობით 144კვ.მ. ბ---ა თ----ძის შენატანს წარმოადგენს კუთვნილი უძრავი ქონება, მდებარე თბილისში, დ-----–---–-- ქ. №---ში, მიწის ნაკვეთის ფართობი 224 კვ.მ., შენობა-ნაგებობა ფართობით 4717 კვ.მ.
ამხანაგობის საკუთრებაში გადაცემული უძრავი ქონება, ხელშეკრულების ხელმომწერი პირების მიერ შეფასებულია 150 000 ლარად.
სხვა წევრებმა ამხანაგობაში შენატანი უნდა განახორციელონ ფულადი და/ან არაფულადი შენატანების სახით. ჯამში ამხანაგობის წევრთა შენატანი მისი დაფუძნებიდან 2006 წლის ჩათვლით შეადგენს 2 755 418 აშშ დოლარს, რაც სარჩელის აღძვრის დროისთვის შეადგენს 4 849 536 ლარს.
2.3. ამხანაგობის მართვის ორგანოებია: ა) ამხანაგობის დამფუძნებელ წევრთა კრება; ბ) ამხანაგობის წევრთა საერთო კრება: გ) გამგეობა; დ) გამგეობის თავმჯდომარე.
დამფუძნებელ წევრთა კრება არის ამხანაგობის მმართველობის უმაღლესი ორგანო და მის კომპეტენციას განეკუთვნება: ამხანაგობის ძირითადი ორგანიზაციულ-ფინანსური საკითხების გადაწყვეტა; ახალი წევრის მიღება, დამფუძნებელი წევრის სტატუსით; ჩვეულებრივ წევრთა მიღება, შენატანების ოდენობისა და კვოტების განსაზღვრა, განუთავსებელი ფართების განაწილება, წევრის გარიცხვის შესახებ გადაწყვეტილების მიღება, წევრთა შორის წილობრივი საკუთრების იდენტიფიკაცია-განსაზღვრა, ამხანაგობის გამგეობის და გამგეობის თავმჯდომარის არჩევა.
2.4. ამხანაგობის მმართველ (აღმასრულებელ) ორგანოს წარმოადგენს ამხანაგობის გამგეობა, რომელიც შედგება სამი წევრისგან - თავმჯდომარისა და ორი რიგითი წევრისგან. სხვა ფუნქციებთან ერთად გამგეობის ფუნქციებია: ამხანაგობის მიმდინარე საქმეების მართვა და ხელმძღვანელობა, ასევე ამხანაგობის საფინანსო საქმიანობის წარმართვაზე ზედამხედველობა.
2.5. ამხანაგობის გამგეობის თავმჯდომარე გამგეობის სხვა წევრებთან შეთანხმებით ახორციელებს იგივე საქმიანობას, რასაც ამხანაგობის გამგეობა. ამასთან გამგეობის თავმჯდომარეს გააჩნია ამხანაგობის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება, კერძოდ იგი უფლებამოსილია ერთპიროვნულად წარმოადგინოს ამხანაგობა ნებისმიერ მესამე პირებთან ურთიერთობაში, მათ შორის სახელმწიფო დაწესებულებებსა და ორგანიზაციებში. გამგეობის თავმჯდომარე გამგეობის სახელით ხსნის ანგარიშებს საბანკო დაწესებულებებში და უფლებამოსილია მათ განკარგვაზე. გამგეობის თავმჯდომარე ხელს აწერს ნებისმიერ გარიგებას ამხანაგობის სახელით.
2.6. იმ საკითხებთან მიმართებით, რაც განეკუთვნება დამფუძნებელ წევრთა კრების და წევრთა საერთო კრების კომპეტენციას, გამგეობის თავმჯდომარე საჭიროებს ამ ორგანოთა თანხმობას.
2.7. ამხანაგობის საფინანსო საქმიანობას ხელმძღვანელობს ამხანაგობის ხაზინადარი, რომელსაც ნიშნავს გამგეობის თავმჯდომარე გამგეობის წევრთა თანხმობით.
2.8. 2005 წლის 9 ნოემბერს გამართულ ერთობლივი საქმიანობის ამხანაგობა „ი----------ის“ გამგეობის სხდომაზე მიღებული იქნა გადაწყვეტილება და დეველოპერულ კ-------ა შპს „ვ--–------თან“ დასადებ ხელშეკრულებაზე ხელმოწერა დაევალა ამხანაგობის თავმჯდომარეს - ზ------ ა--–-ძეს.
2.9. 2006 წლის 18 მაისს, ერთობლივი საქმიანობის ამხანაგობა „ი-----------ს“ („შემკვეთი“) და შპს „ბი-------------- ვ--–------“ („მენარდე“) შორის გაფორმდა ნარდობის გენერალური ხელშეკრულება. ნარდობის ხელშეკრულება გაფორმდა ამხანაგობის მიზნის მისაღწევად - თბილისში, დ-----–---–-- ქუჩა №---ში, №------სა და №---ში შენობა-ნაგებობის ასაშენებლად.
ხელშეკრულების მე-9 პუნქტის თანახმად, შემკვეთი ვალდებულია, წინამდებარე ხელშეკრულების დადებამდე შემკვეთის მიერ ამხანაგობის წევრებთან გაფორმებული ხელშეკრულებებით ამხანაგობის წევრებისაგან მიღებული თანხა მენარდეს გადასცეს ეტაპობრივად, მხარეებს შორის დამატებით შეთანხმებული გრაფიკის შესაბამისად.
2.10. 2010 წლის 28 აპრილს ჩატარდა ერთობლივი საქმიანობის ამხანაგობის „ი----------ის“ დამფუძნებელ წევრთა კრების ოქმი - დღის წესრიგით: ამხანაგობის თავმდჯომარის უფლებამოსილების შეწყვეტა და ახალი თავმჯდომარის არჩევა. კრების გადაწყვეტილებით, შეუწდა უფლებამოსილება ამხანაგობის თავმჯდომარეს და ახალ თავმჯდომარედ არჩეულ იქნა მ------ შ-------ი.
2.11. 2011 წლის 21 მაისს ჩატარდა ამხანაგობა „ი----------ის“ წევრთა საერთო კრება და კრებაზე მიღებული №- ოქმის თანახმად, ამხანაგობის წევრთა ინიციატივით ამხანაგობიდან გაირიცხა ამხანაგობის ყოფილი თავმჯდომარე ზ------ ა--–-ძე.
2.12. შპს „ა---------------ის“ 2014 წლის დასკვნის თანახმად, თბილისში, დ-----–---–-- ქუჩის №---ში, საცხოვრებელი სახლის მშენებლობაზე გაწეულია 2 565 792,41 ლარის ღირებულების სამუშაო.
დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
2.13. სასამართლომ არ მიიჩნია დადასტურებულად, რომ ზ------ ა--–-ძის მიერ ამხანაგობის წევრების შენატანები (ამხანაგობის კუთვნილი სახსრები) გაიხარჯა ერთობლივი საქმიანობის მიზნის მისაღწევად.
მოპასუხე მიუთითებდა, რომ ამხანაგობა ჩამოყალიბდა ჯერ კიდევ 2003 წელს და სამშენებლო სამუშაოებიც 2003 წლიდან დაიწყო. გარდა ამისა, მშენებლობა მხოლოდ სამშენებლო სამუშაოების წარმოებას არ მოიცავს და სხვა ხარჯსაც გულისხმობს, კერძოდ: მიწის შესაძენად, ბანკიდან და კერძო პირებისგან მშენებლობისთვის აღებული სესხის დასაფარავად, ამხანაგობის იმჟამინდელი წევრებისთვის (სს „ს---–-----თვის“ და შპს „კ-----------ათვის“) გადახდილი თანხები წილის დათმობის, გირავნობისა და მიწის საფასურისთვის, შპს „ს-------ის“ ინვესტიციის ხარჯი, ოფისის, მენეჯმენტის ხარჯები, კომუნალური და სხვა ხარჯები.
სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დგინდებოდა, რომ სს ”ს---–-----ა” და შპს ”კ-----------ათვის”, მათი პარტნიორების მიზნებისათვის ამხანაგობის კუთვნილი თანხების განკარგვა ემსახურებოდა ამხანაგობის წევრების ერთობლივი მიზნის მიღწევას, რადგან მოპასუხის განმარტების გარდა, სხვა მტკიცებულებებით არ დგინდებოდა, რომ ეს იურიდიული პირები ერთობლივი საქმიანობის ამხანაგობის წევრებს წარმოადგენდნენ.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა „ი-----------“ დაფუძნდა 2005 წლის 24 აგვისტოს. დაფუძნება დასტურდება ერთობლივი საქმიანობის (ამხანაგობის) შესახებ 2005 წლის 25 აგვისტოს ხელშეკრულებით. აღნიშნულის საპირწონე შედავება, გამყარებული სათანადო მტკიცებულებით, მოპასუხეს არ ჰქონდა წარმოდგენილი.
სასამართლომ ასევე არ მიიჩნია დადგენილად, რომ მოპასუხის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები (20.10.2003 წლის, გადახდის განვადებით უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, ამონაწერები საბანკო ანგარიშიდან და სხვა) შემხებლობაში იყო ამხანაგობის მიზანთან და გაწეული იყო ამ მიზნის მისაღწევად.
სასამართლომ ყურადღება მიაქცია იმ გარემოებებს, რომ საქმეში წარმოდგენილი შპს „ა---------------ის“ ხარჯთაღრიცხვების თანახმად, თბილისში, დ-----–---–-- ქუჩის №---ში შპს „ა--–-ძე და კ-------ის“ და შპს „ვ--–------“ მიერ საცხოვრებელი სახლის მშენებლობაზე შესრულებული სამუშაოების ღირებულება განისაზღვრა ჯამში 2 565 792,41 ლარით.
სასამართლომ განმარტა, რომ სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი. აღნიშნული სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს.
მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან მოსარჩელე საცხოვრებელი სახლის მშენებლობაზე გაწეული სამუშაოების ღირებულებას ადასტურებდა კონკრეტული მტკიცებულებით, მტკიცების ტვირთი გადადიოდა მოპასუხეზე, რომელსაც უნდა ემტკიცებინა, რომ გაწეული ხარჯი უფრო მეტი იყო, ვიდრე წარმოდგენილ ხარჯთაღრიცხვაში მოცემულ შეფასებაში.
სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხემ ვერ შეძლო თავისი მტკიცების ტვირთის სათანადოდ რეალიზება და ვერ წარადგინა მის მიერ მითითებული გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებები. ამდენად, მოპასუხის შედავება არ უნდა ყოფილიყო გაზიარებული სასამართლოს მიერ.
2.14. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოთხოვნა ზიანის ანაზღაურების შესახებ არ იყო ხანდაზმული.
სასამართლომ აღნიშნა, რომ მოთხოვნის წარმოშობის საფუძვლად მოპასუხე მიუთითებდა ამხანაგობის 2011 წლის 21 მაისის კრების ოქმზე, რა დროსაც მოხდა ზ------ ა--–-ძის ამხანაგობიდან გარიცხვა. მოპასუხის განმარტებით, თუკი ამხანაგობისთვის აღნიშნულ კრებაზე ცნობილი იყო ზ------ ა--–-ძის მხრიდან ზიანის მიყენების ფაქტი, სახელშეკრულებო ურთიერთობისთვის გათვალისწინებული 3 წლიანი ხანდაზმულობის ვადა სარჩელის აღძვრამდე გასული იყო, სარჩელი აღძრული იყო 2014 წლის 26 ივნისს.
სასარჩელო მოთხოვნა გამომდინარეობდა დავალების ხელშეკრულებიდან და გამოყენებული უნდა ყოფილიყო სახელშეკრულებო მოთხოვნებისთვის დადგენილი ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა. სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს.
სასამართლომ განმარტა, რომ ხანდაზმულობის ვადის სწორად გამოთვლისთვის მნიშვნელოვანი იყო მისი დენის დაწყების მომენტის ზუსტად დადგენა. ხანდაზმულობის ვადის დასაწყისი შეესაბამებოდა დღეს, როდესაც წარმოიშვა მოთხოვნის უფლება, გარდა კანონით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა.
სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლზე, რომლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. სასამართლოს განმარტებით, ნორმის მითითება - „როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო“, არ შეიძლება გაგებულ იქნა იმგვარად, რომ გარემოების შეტყობა რაიმე განსაკუთრებულ ფაქტს ან მოვლენას უნდა უკავშირდებოდეს. კანონის მითითებული დანაწესი ორიენტირებულია კრედიტორის ობიექტურ აღქმაზე ვალდებულების დარღვევის მიმართ. ამასთანავე, მხოლოდ სუბიექტურ ფაქტორზე - „უნდა შეეტყო“, მხოლოდ მაშინ შეიძლება დაყრდნობა, თუ სამართლებრივი ურთიერთობის თავისებურებიდან გამომდინარე, პრაქტიკულად შეუძლებელია ობიექტური ფაქტორის განსაზღვრა.
სასამართლომ მიუთითა, რომ 2011 წლის 21 მაისის №- კრების ოქმით, ამხანაგობის წევრთა ინიციატივით განისაზღვრა შემდეგი: „ამხანაგობიდან გაირიცხოს ამხანაგობის ყოფილი თავმჯდომარე ზ------ ა--–-ძე, ასევე ამხანაგობის გამგეობას დაევალოს ამხანაგობის ყოფილი თავმჯდომარის ზ------ ა--–-ძის საქმიანობის გამოკვლევა და იმ შემთხვევაში თუ გამოირკვევა, რომ ამხანაგობას მიადგა ზარალი ზ------ ა--–-ძის საქმიანობით, აღიძრას სისხლის სამართლის საქმე მის მიმართ“.
აღნიშნული კრების ოქმით სასამართლომ არ მიიჩნია დადგენილად, რომ ამხანაგობიდან ზ------ ა--–-ძის გარიცხვის საფუძველი გახდა მის მხრიდან ამხანაგობისთვის ზიანის მიყენება. კრების ოქმიდან ირკვევა, რომ მისი გამართვის დროისთვის მოპასუხის მხრიდან ზიანის მიყენების ფაქტი ერთმნიშვნელოვნად დადასტურებული არ იყო და მისი დადასტურება, ასევე ზიანის ოდენობის განსაზღვრა შესაძლებელი გახდა შპს „ა---------------ის“ 2014 წლის ხარჯთაღრიცხვით.
ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხის მიერ მითითებული დრო მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ვერ ჩაითვლებოდა და აპელირება მოთხოვნის ხანდაზმულობაზე უსაფუძვლო იყო.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.15. სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 930-ე, 709-ე მუხლზე და
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად მიიჩნია, რომ მხარეებს შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა დავალების ვალდებულებითი ურთიერთობიდან გამომდინარე, რომლის შესაბამისად, ზ------ ა--–-ძემ, როგორც ერთობლივი საქმიანობის (ამხანაგობის) გამგეობის თავმჯდომარემ, მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში იკისრა ამხანაგობის მიზნის მისაღწევად, მისი წარმომადგენლობა.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 361.2, 712-ე, 713-ე მუხლებზე და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით მიიჩნია, რომ დავალების ხელშეკრულების ფარგლებში მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელებისას მოპასუხის მხრიდან ადგილი არ ჰქონია ვალდებულების ჯეროვან შესრულებას, ამხანაგობის დამფუძნებელ და გამგეობის წევრებთან შეთანხმებით მოქმედებას, ან შემდგომში დავალების შესრულების მიმდინარეობის შესახებ ცნობების მიწოდებას.
2.16. სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394.1, 408.1, 412-ე მუხლებზე და განმარტა, რომ ხელშემკვრელი მხარე მხოლოდ იმ რისკის მატარებელი შეიძლება იყოს, რომელიც კანონზომიერად არის დაკავშირებული ხელშეკრულების შეუსრულებლობასთან და ამდენად, ხელშემკვრელი მხარისაგან შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც ხელშეკრულების დარღვევის ნორმალურ შედეგს წარმოადგენს და რომლის გათვალისწინებაც ხელშეკრულების დარღვევის შემთხვევაში, ხელშეკრულების დამრღვევ მხარეს შეეძლო ევარაუდა. სწორედ ეს აზრია გატარებული სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლის სამართლებრივ მიზანში, რომელიც მხოლოდ იმ ზიანის ანაზღაურების მოვალეობას ითვალისწინებს, რომლის მოსალოდნელობაც გონივრული წინდახედულობის ფარგლებში სავარაუდო იქნებოდა და რომლის დადგომაც ხელშეკრულების დამრღვევი მხარის მოქმედების ან უმოქმედობის პირდაპირი შედეგია.
სასამართლოს განმარტებით, ზიანის ანაზღაურების ვალდებულების დადგენისათვის, სახეზე უნდა იყოს ქმედების მართლწინააღმდეგობა, ბრალი, მიზეზობრივი კავშირი და შედეგი. განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხის მხრიდან მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება გამოიხატა იმაში, რომ მან განკარგა მოსარჩელეთა კუთვნილი ქონება (ამხანაგობის წევრთა შენატანები), ისე, რომ მისი გამოყენება არ ემსახურებოდა ამხანაგობის მიზნის განხორციელებას.
სასამართლომ აღნიშნა, რომ მოპასუხის მიერ მთლიანი ქონების განკარგვით მოსარჩელემ განიცადა ქონებრივი დანაკლისი. სასამართლომ მიუთითა, რომ მოპასუხეს სადავოდ არ გაუხდია ამხანაგობის წევრთა მიერ 2006 წლის ჩათვლით განხორციელებული შენატანების ოდენობა, რაც შეადგენს 4 849 536 ლარს, ხოლო საცხოვრებელი სახლის მშენებლობაზე გახარჯული ხარჯი - 2 565 792,41 ლარს. შესაბამისად, მიყენებული ზიანის ოდენობა განისაზღვრება სხვაობის თანხით - 2 283 744 ლარით, რადგან მოპასუხემ ვერ დაადასტურა ამ ოდენობის თანხის ერთობლივი საქმიანობის ამხანაგობის მიზნისათვის გახარჯვა.
სასამართლომ აქვე მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ ამხანაგობის წევრების მიერ შენატანის შეტანის ვალდებულების შესრულების მიუხედავად, მოპასუხე ზ------ ა--–-ძემ ამხანაგობის თავმჯდომარეობის პერიოდში ვერ უზრუნველყო მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის ბოლომდე მიყვანა და ამხანაგობის საბოლოო მიზნის მიღწევა.
სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
3.1. აპელანტის მითითებით, სასამართლომ არასწორად მიიჩნია, რომ ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა „ი-----------“ დაფუძნდა 2005 წლის 24 აგვისტოს.
აპელანტის განმარტებით, მითითებული ფაქტობრივი გარემოება სასამართლოს უნდა დაედგინა არა მხოლოდ მოპასუხე მხარის ახსნა-განმარტების საფუძველზე, არამედ, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი სალაროს შემოსავლის ორდერების საფუძველზე, რომელთაგან ნაწილი 2005 წლის ამხანაგობის დაფუძნებამდეა გაცემული, ხოლო, ამხანაგობის დაფუძნების შემდეგ არაერთი სალაროს შემოსავლის ორდერია გაცემული სს ,,კ-----------’’ მიერ. გასათვალისიწნებელია ასევე ის გარემოება, რომ მშენებლობა მიმდინარეობდა სს ,,ს---–-----’’ მიწაზე.
3.2. სასამართლომ არასწორად მიუთითა, რომ სამშენებლო სამუშაოებს ახორციელებდა ზ------ ა--–-ძე ერთპიროვნულად კოპმანია ,,ა--–-ძე და კ-------ის’’ მეშვეობით.
აპელანტის განმარტებით ასეთი კ-------ა არ არსებობს და არც არასოდეს არსებობდა.
3.3. სასამართლომ არასწორად მიიჩნია, რომ საბანკო გადარიცხვებით არ დასტურდებოდა მიზნობრივი ხარჯვა. შესაბამისად, სასამართლომ ყოველგვარი საფუძვლის გარეშე მიიჩნია, რომ ზ------ ა--–-ძის მიერ გახარჯული თანხები ხმარდებოდა ამხანაგობის ინტერესებს.
3.4. აპელანტმა ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ პროცესზე მოსარჩელის მხრიდან მოხდა აღიარება, რომ ზ------ ა--–-ძე იხდიდა მ------ შ-------ის და ბ---ა თ----ძის საცხოვრებელი სახლის ქირას, თუმცა, ამ აღიარებაზე, სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით არ უმსჯელია.
3.5. აპელანტის მითითებით, სასამართლომ არასწორად განმარტა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლი. ხანდაზმულობის ვადის დენის დაწყების მომენტად, სასამართლომ არ იმსჯელა იმ გარემოებაზე, რომ ზ------ ა--–-ძეს ამხანაგობის თავმჯდომარეობა დასაბუთების გარეშე შეუწყვიტეს 2010 წელს. ამავე წელს ჩატარდა ესპერტიზა, სადაც პრაქტიკულად იგივე რიცხვებია ასახული, რაც 2014 წელს შპს ,,ა---------------ის’’ მიერ ჩატარებულ ექსპერტიზაზე. შესაბამისად, ამხანაგობამ დარღვეული უფლების შესახებ შეიტყო 2010 წელს, და არა 2014 წელს, შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადის დენაც უნდა დაიწყოს 2010 წლიდან (როდესაც ზ------ ა--–-ძე გადაყენებული იქნა თავმჯდომარეობიდან და როდესაც პირველად ჩატარდა ექსპერტიზა).
3.6. სასამართლომ არ იმსჯელა იმ გარემოებაზე, თუ რამდენად წარმოადგენდა ზ------ ა--–-ძე სათანადო მოპასუხეს მოცემულ საქმეში, გამომდინარე იქიდან, რომ ნარდობის ხელშეკურლებით და კრების ოქმით გათვალისიწნებული იყო ის გარემოება, რომ სამშენებლო სამუშაოებზე პასუხისმგებლობა დაეკისრებოდა შპს ,,ვ--–-------------ს’’.
3.7. აპელანტის განმარტებით, ის ვერ იქნება მოპასუხე ამხანაგობისა, რომელიც მოქმედებს ახალი რედაქციით.
აპელანტის განმარტებით, ერთობლივი საქმიანობის ხელშეკრულება არ არის იურიდული პირი, არამედ, წარმოადგენს გარიგებას, რომლითაც 2 ან მეტი ადამიანი კისრულობს საქმიანობის ერთად წარმოების ვალდებულებას დასახული მიზნის მისაღწევად. მოცემულ შემთხვევაში, ზ------ ა--–-ძის წინააღმდეგ სარჩელი აღძრეს მ------ შ-------მა, გ----–- ნ------ემ და რ----- ქ----–-ძემ, რომელთაგან, 2 არ წარმოადგენდა ამხანაგობის დამფუძნებელ წევრს ამხანაგობის ხელშეკურლების იმ რედაქციის არსებობისას, როდესაც ზ------ ა--–-ძე იყო ამხანაგობის თავმჯდომარე.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების დასაბუთება
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სააპელაციო პალატის მოსაზრებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის დასაბუთებული, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია.
გასაჩივრებული გადაწყვეტილების იურიდიული დაუსაბუთებლობა მდგომარეობს იმაში, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ, განსახილველი სარჩელის ხანდაზმულობაზე მსჯელობისას, არასწორად განმარტა სკ-ის 130-ე მუხლი, რამაც გამოიწვია დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების გამოტანა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, თუ ადგილი აქვს 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს. ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია არ გადააგზავნოს საქმე უკან და თვითონ გადაწყვიტოს იგი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე.
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
4.1. სააპელაციო პალატა წინამდებარე გადაწყვეტილების 4.2. - 4.8 პუნქტებით, ყურადღებას გაამახვილებს ერთობლივი საქმიანობის ამხანაგობა ,,ი----------ის’’ მიერ სასარჩელო განცხადების დაკმაყოფილების საფუძვლად, სარჩელში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, და ასევე ამ კუთხით, საქმის მასალებში წარმოდგენილ მტკიცებულებებზე.
4.2. ერთობლივი საქმიანობის (ამხანაგობის) დაფუძნების შესახებ 2005 წლის 24 აგვისტოს ხელშეკრულების თანახმად, 24.08.2005 წ. დაფუძნდა ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა „ი-----------“.
ამხანაგობის მიზანს წარმოადგენდა ქ. თბილისში, დ-----–---–------------ში და დო---–---–---------ში მდებარე 543 და 224 კვ.მ. ნაკვეთებზე, სულ 767 კვ.მ. ნაკვეთზე არსებული საცხოვრებელი სახლების დანგრევა, მათ ნაცვლად მრავალსართულიანი მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა და მშენებლობის დასრულების შემდეგ ამ შენობის, როგორც ამხანაგობის წევრთა წილობრივი თანასაკუთრების მფლობელობა, სარგებლობა და განკარგვა.
ამხანაგობის დამფუძნებელი წევრები იყვნენ: ზ------ ა--–-ძე, ბ---ა თ----ძე, მ------ შ-------ი, რ----- ქ----–-ძე, პ----- უ----–-ძე.
ამხანაგობაში ი----ა შ-------ისა და მ-----ა შ-------ის შენატანს წარმოადგენდა კუთვნილი უძრავი ქონება, მდებარე ქ. თბილისში, დ-----–---–---------------ში, მიწის ნაკვეთი ფართობით 543 კვ.მ., შენობა-ნაგებობა ფართობით 144კვ.მ. ბ---ა თ----ძის შენატანს - კუთვნილი უძრავი ქონება, მდებარე თბილისში, დ-----–---–-- ქ. №---ში, მიწის ნაკვეთის ფართობი 224 კვ.მ., შენობა-ნაგებობა ფართობით 4717 კვ.მ. ამხანაგობის საკუთრებაში გადაცემული უძრავი ქონება, ხელშეკრულების ხელმომწერი პირების მიერ შეფასებული იქნა 150 000 ლარად. ამასთან, დადგინდა, რომ სხვა წევრებს ამხანაგობაში შენატანი უნდა განეხორციელებინა ფულადი და/ან არაფულადი შენატანების სახით. ჯამში ამხანაგობის წევრთა შენატანი მისი დაფუძნებიდან 2006 წლის ჩათვლით შეადგენს 2 755 418 აშშ დოლარს, რაც სარჩელის აღძვრის დროისთვის შეადგენს 4 849 536 ლარს.
4.3. ერთობლივი საქმიანობის (ამხანაგობის) დაფუძნების შესახებ 24.08.2005 წ. ხელშეკრულების თანახმად, ამხანაგობის გამგეობის თავმჯდომარე გამგეობის სხვა წევრებთან შეთანხმებით ახორციელებს იგივე საქმიანობას, რასაც ამხანაგობის გამგეობა. ამასთან, გამგეობის თავმჯდომარეს გააჩნია ამხანაგობის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება, კერძოდ იგი უფლებამოსილია ერთპიროვნულად წარმოადგინოს ამხანაგობა ნებისმიერ მესამე პირებთან ურთიერთობაში, მათ შორის სახელმწიფო დაწესებულებებსა და ორგანიზაციებში. გამგეობის თავმჯდომარე გამგეობის სახელით ხსნის ანგარიშებს საბანკო დაწესებულებებში და უფლებამოსილია მათ განკარგვაზე. გამგეობის თავმჯდომარე ხელს აწერს ნებისმიერ გარიგებას ამხანაგობის სახელით. ხოლო, იმ საკითხებთან მიმართებით, რაც განეკუთვნება დამფუძნებელ წევრთა კრების და წევრთა საერთო კრების კომპეტენციას, გამგეობის თავმჯდომარე საჭიროებს ამ ორგანოთა თანხმობას;
4.4. 09.11.2005 წ. 9 ნოემბერს გამართულ ერთობლივი საქმიანობის ამხანაგობა „ი----------ის“ გამგეობის სხდომაზე (გამგეობის №- სხდომის ოქმი) მიღებული იქნა გადაწყვეტილება და დეველოპერულ კ-------ა შპს „ვ--–------თან“ დასადებ ხელშეკრულებაზე ხელმოწერა დაევალა ამხანაგობის თავმჯდომარეს - ზ------ ა--–-ძეს;
4.5. 18.05.2006 წ. ერთობლივი საქმიანობის ამხანაგობა „ი-----------ს“ („შემკვეთი“) და შპს „ბი-------------- ვ--–------“ („მენარდე“) შორის გაფორმდა ნარდობის გენერალური ხელშეკრულება. ნარდობის ხელშეკრულება გაფორმდა ამხანაგობის მიზნის მისაღწევად - თბილისში, დ-----–---–-- ქუჩა №---ში, №------სა და №---ში შენობა-ნაგებობის ასაშენებლად.
ხელშეკრულების მე-9 პუნქტის თანახმად, შემკვეთი ვალდებულია, წინამდებარე ხელშეკრულების დადებამდე შემკვეთის მიერ ამხანაგობის წევრებთან გაფორმებული ხელშეკრულებებით ამხანაგობის წევრებისაგან მიღებული თანხა მენარდეს გადასცეს ეტაპობრივად, მხარეებს შორის დამატებით შეთანხმებული გრაფიკის შესაბამისად.
4.6. 28.04.2010 წ. ჩატარდა ერთობლივი საქმიანობის ამხანაგობის „ი----------ის“ დამფუძნებელ წევრთა კრების ოქმი - დღის წესრიგით: ამხანაგობის თავმდჯომარის უფლებამოსილების შეწყვეტა და ახალი თავმჯდომარის არჩევა. კრების გადაწყვეტილებით, შეუწდა უფლებამოსილება ამხანაგობის თავმჯდომარეს და ახალ თავმჯდომარედ არჩეულ იქნა მ------ შ-------ი;
4.7. 21.05.2011წ. ჩატარდა ამხანაგობა „ი----------ის“ წევრთა საერთო კრება და კრებაზე მიღებული №- ოქმის თანახმად, ამხანაგობის წევრთა ინიციატივით ამხანაგობიდან გაირიცხა ამხანაგობის ყოფილი თავმჯდომარე ზ------ ა--–-ძე;
4.8. შპს „ა---------------ის“ 2014 წლის დასკვნის თანახმად, თბილისში, დ-----–---–-- ქუჩის №---ში, საცხოვრებელი სახლის მშენებლობაზე გაწეულია 2 565 792,41 ლარის ღირებულების სამუშაო;
4.9. წინამდებარე სასარჩელო განცხადებით, ერთობლივი საქმიანოს ამხანაგობა „ისნის ს----ის“ მოთხოვნას წარმოადგენს ზ------ ა--–-ძისათვის ზიანის ანაზღაურების სახით 2 283 744 ლარის გადახდის დაკისრებას(მოსარჩელე მხარის განმარტებით, ამხანაგობის წევრთა მიერ 2006 წლის ჩათვლით განხორციელებული შენატანების ოდენობა შეადგენდა 4 849 536 ლარს, ხოლო საცხოვრებელი სახლის მშენებლობაზე გახარჯული ხარჯი - 2 565 792,41 ლარს. შესაბამისად, მიყენებული ზიანის ოდენობა განისაზღვრებოდა სხვაობის თანხით - 2 283 744 ლარით).
4.10. დადგენილია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელი არ იყო ხანდაზმული (მოცემული გადაწყვეტილების 2.14. პუნქტი), რასაც პალატა ვერ გაიზიარებს, შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა, რაც არის ვადა, რომლის განმავლობაშიც პირს, ვისი უფლებაც დაირღვა, შეუძლია მოითხოვოს თავისი უფლების იძულებით განხორციელება ან დაცვა. ხანდაზმულობის ვადის გასვლით ისპობა სასამართლოს (ან სხვა ორგანოს) მეშვეობით პირის მოთხოვნის იძულებით განხორციელების შესაძლებლობა. ამდენად, ხანდაზმულობის ვადის გაშვება უფლებამოსილ პირს ართმევს თავისი უფლების იძულებითი დაცვის შესაძლებლობას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სარჩელის საფუძვლიანობის შემოწმებამდე, შესაბამისი წინაპირობის არსებობისას (რაშიც იგულისხმება ის, რომ ამ გარემოებაზე უნდა უთითებდეს მოპასუხე), სასამართლომ უნდა შეამოწმოს მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებული ფაქტები.
მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილია და მხარეები არ დავობენ, რომ მოპასუხე იმ გარემოებასთან ერთად, რომ სასარჩელო მოთხოვნა იყო უსაფუძვლო, მიუთითებდა სარჩელის ხანდაზმულობაზეც.
პალატა აღნიშნავს, რომ ზიანის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნა გამომდინარეობს ნარდობის სამართლებრივი ურთიერთობიდან. შესაბამისად, ამ ურთიეთობის ფარგლებში წარმოშობილ მოთხოვნას, სახელშეკრულებო სამართლებრივი საფუძველი გააჩნია.
პალატა განმარტავს, რომ სახელშეკრულებო მოთხოვნათა ხანდაზმულობის ვადას არეგულირებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლი, რომლის თანახმად, 1. სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისა - ექვს წელს. 2. ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია. 3. ცალკეულ შემთხვევებში კანონით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს ხანდაზმულობის სხვა ვადებიც. რაც შეეხება ხანდაზმულობის ვადის დასაწყისს, პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად (ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ) ხანდაზმულობის ვადის დასაწყისი ეფარდება იმ დღეს, როდესაც წარმოიშვა მოთხოვნის უფლება, თუმცა, ხანდაზმულობის ვადის დასაწყისი, ზოგიერთ შემთხვევაში უშუალოდ კანონითაა განსაზღვრული.თუ კანონში ასეთი პირდაპირი მითითება არ არის, მოთხოვნის უფლება წარმოიშობა იმ დღიდან, როცა პირმა შეიტყო, ან უნდა შეეტყო დარღვეული უფლების შესახებ.
4.11. მოცემულ შემთხვევაში პალატა სადავო მოთხოვნის წარმოშობის მომენტად და აქედან გამომდინარე, ხანდაზმულობის ვადის საწყისად მიიჩნევს 2010 წლის 28 აპრილს, როდესაც, ჩატარდა ერთობლივი საქმიანობის ამხანაგობის „ი----------ის“ დამფუძნებელ წევრთა კრება და დღის წესრიგით განისზღვრა ამხანაგობის თავმდჯომარის უფლებამოსილების შეწყვეტა და ახალი თავმჯდომარის არჩევა. შესაბამისად, კრების გადაწყვეტილებით, შეუწდა უფლებამოსილება ამხანაგობის თავმჯდომარეს ზ------ ა--–-ძეს და ახალ თავმჯდომარედ არჩეულ იქნა მ------ შ-------ი.
სასამართლოს აღნიშნული დასკვნა ეფუძნება წუნამდებარე გადაწყვეტილების 4.1. - 4.8. პუნქტებში მითითებულ ფაქტებს და 26.06.2014 წლის სასარჩელო განცხადებაში, ერთობლივი საქმიანობის ამხანაგობა ,,ი----------ის’’ მიერ მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს, კერძოდ, დადგენილია, რომ 26.06.2014 წელს აღძრულ სარჩელში, მოსარჩელე თავად მიუთითებს, ზ------ ა--–-ძის ამხანაგობიდან გარიცხვამდე, მის მიერ მიყენებული ზიანის არსებობის ფაქტზე, რაც გახდა მისი ამხანაგობიდან გარიცხვის საფუძველი (ტომი 1; ს/ფ 4)(ამხანაგობის ყოფილი თავმჯდომარე ზ------ ა--–-ძე, ამხანაგობიდან გაირიცხა 21.05.2011 წ. ამხანაგობა „ი----------ის“ წევრთა საერთო კრებაზე მიღებული №- ოქმის საფუძველზე). ამავე სარჩელით იკვეთება ის გარემოება, რომ 2010 წლისათვის, მოსარჩელე მხარისათვის ცნობილი იყო ამხანაგობისათვის მიყენებული ზიანის (თუნდაც დაუზუსტებელი) თაობაზე. კერძოდ, მოსარჩელე განმარტავს, რომ 2010 წელს, ამხანაგობამ მიმართა დამოუკიდებელ ექსპერტს შენობაზე ჩატარებული სამუშაოების სავარაუდო ხარჯთაღრიცხვის განსაზღვრის შესახებ, რამაც იმ მომენტისათვის შეადგინა 2 827 559.71 ლარი (ტომი 1; ს/ფ 4). (დადგენილია, რომ 2010 წელს ჩატარდა შესასრულებელი სამუშაოების სავარაუდო ხარჯთაღრიცხვა, რომლის თანახმად, მშენებლობაზე გაწეულმა ხარჯებმა, საორიენტაციოდ შეადგინა 2 827 000 ლარი; იხ. ტომი 2; ს/ფ 135-142). პალატა აღნიშნავს, რომ მოწინააღმდეგე მხარე არც სააპელაციო შესაგებლით ხდის სადავოდ იმ გარემოებას, რომ ზ------ ა--–-ძის ამხანაგობიდან გარიცხვის საფუძველი იყო მისი მხრიდან ამხანაგობისათვის ზიანის მიყენება.
პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ 2010 წელს ჩატარებული შესრულებული სამუშაოების სავარაუდო ხარჯთაღრიცხვის შედგენის შემდეგ, 2014 წელს, ჩატარდა შპს „ა---------------ის“ ხარჯთაღრიცხვა და შპს „ა---------------ის“ 2014 წლის დასკვნის თანახმად, დადგინდა, რომ ქ. თბილისში, დ-----–---–-- ქუჩის №---ში, საცხოვრებელი სახლის მშენებლობაზე გაწეულმა სამუშაოების ღირებულებამ, შეადგინა 2 565 792,41 ლარი (ტომი 2; ს/ფ 159-191), ამდენად, 2014 წელს შესრულებული სამუშაოების ღირებულება შეფასდა იმაზე ნაკლებად, ვიდრე 2010 წლის ხარჯთაღრიცხვით იყო განსაზღვრული. ამდენად, მოსარჩელე მხარისათვის, ჯერ კიდევ 2010 წლისათვის იყო ცნობილი ზიანის არსებობის შესახებ. ამასთან, პალატა აღნიშნავს, რომ ამხანაგობისათვის, როგორც 2014 წელს, ისევე, 2010 წლის 28 აპრილისათვის, როდესაც აპელანტს შეუწყდა თავმჯდომარის უფლებამოსილება და არჩეული იქნა ახალი თავმჯდომარე, ხელმისაწვდომი იყო ამხანაგობის წევრების მიერ განხორციელებული შენატანების საერთო ოდენობის თაობაზე ინფორმაცია, რასაც, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით გამოაკლდა მშენებლობის ხარჯთაღრიცხვით მიღებული თანხა და შესაბამისად, სხვაობამ შეადგინა ის ზიანი, რომლის ანაზღაურებასაც, მოითხოვს მოსარჩელე მხარე.
სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს მოწინააღმდეგე მხარის (მოპასუხის) პოზიციას, რომ ვინაიდან ზიანის ოდენობა 2014 წლამდე ერთმნიშვნელობად დადგენილი არ იყო და მისი ოდენობა განისაზღვრა მხოლოდ 2014 წელს შპს „ა---------------ის“ მიერ ჩატარებული ხარჯთაღრიცხვით, შესაბამისად, მოთხოვნის წარმოშობის მომენტად მიჩნეულ უნდა იქნეს სწორედ ეს თარიღი.
პალატა მიიჩნევს, რომ ისეთ მოცემულობაში, რომდესაც მოსარჩელე მხარისათვის ჯერ კიდევ 2010 წელს იყო ცნობილი ზიანის არსებობის შესახებ ფაქტობრივი გარემოების და სავარაუდო ხარჯთაღრიცხვის თაობაზე, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში (2014 წლამდე), მას შეეძლო ჩაეტარებინა ახალი ხარჯთაღრიცხვა, რაც არ განუხორციელებია. დადგენილია, რომ 4 წლის შემდეგ მიმართა ამხანაგობამ შპს „ა---------------ს“ ხელახალი ხარჯთაღრიცხვის შესრულების შესახებ.
4.12. რაც შეეხება ხანდაზმულობის ვადას, პალატა მიიჩნევს, რომ მხარეთა შორის არსებული ხელშეკურილებებიდან გამომდინარე სასარჩელო მოთხოვანზე, უნდა გავრცელდეს 3 წლიანი ხანდაზმულობის ვადა, რომელიც უნდა აითვალოს 2010 წლის 28 აპრილიდან. სასამართლოს დასკვნა ეფუძნება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129.1. მუხლს, რომლის თანახმად, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს.
პალატა განმარტავს, რომ მართალია ნარდობის სამართლებრივი ურთიერთობის სპეციფიკიდან გამომდინარე კანონი ადგენს ხანდაზმულობის სპეციალურ ვადებს (1. მუხლი 655-ე - მოთხოვნა შესრულების ნაკლის გამო შემკვეთმა შეიძლება წარადგინოს ერთი წლის მანძილზე, ხოლო ისეთი მოთხოვნა, რომელიც ნაგებობას შეეხება - ხუთი წლის განმავლობაში შესრულებული სამუშაოს მიღების დღიდან; 2. მუხლი 656-ე - ხანდაზმულობის ვადის ათვლა სამუშაოს ნაწილ-ნაწილ მიღებისას - თუ ხელშეკრულების მიხედვით სამუშაო მიღებულია ნაწილ-ნაწილ, ნაკლის გამო მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა იწყება სამუშაოს მთლიანად მიღების დღიდან), თუმცა, მითითებული მუხლებით გათვალისწინებული ვადები შეეხება შესრულების ნაკლის გამო შემკვეთის უფლებას ..., რასაც კონკრეტულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს, კერძოდ, მოცემულ შემთხვევაში დავა ეხება ზიანის ანაზღაურებას, რაც მოსარჩელე მხარემ განიცადა ზ------ ა--–-ძის, როგორც ერთობლივი საქმიანობის (ამხანაგობის) გამგეობის თავმჯდომარის უფლებამოსილების /მინიჭებული უფლებამოსილების, ფარგლებში, რაც დაკავშირებული იყო 18.05.2006 წ. ერთობლივი საქმიანობის ამხანაგობა „ი-----------ს“ („შემკვეთი“) და შპს „ბი-------------- ვ--–------“ („მენარდე“) შორის გაფორმებულ ნარდობის გენერალურ ხელშეკრულებასთან. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 655-ე მუხლით გათვალისიწნებულ ხანდაზმულობის სპეციალური ვადის გამოყენების საფუძველი არ არსებობს.
4.13. სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს მოწინააღმდეგე მხარის პერეტენზიას უსაფუძვვლო გამდიდრების ნორმების გამოყენებისა, და შესაბამისად, ამ ურთიერთობაზე საერთო ხანდაზმულობის 10 წლიანი ვადის გავრცელების თაობაზე.
ამ კუთხით, პალატა მიუთითებს საკასაციო სასამართლოს განმარტებაზე (იხ. სუსგ 20.09.2018 წ. საქმე Nას-910-2018 და სუსგ 02.11.2018 წ. საქმე Nას-1367-2018), რომ მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმის მოძიება და მისადაგება სადავო სამართალურთიერთობისადმი სასამართლოს პრეროგატივაა, ამასთან, უსაფუძვლო გამდიდრება სუბსიდიური ხასიათისაა და მისი გამოყენება ხდება მხოლოდ მაშინ, როდესაც სხვა სამართლებრივი საფუძვლით მოთხოვნის დაკმაყოფილება შეუძლებელია. ამ თვალსაზრისით, საკასაციო სასამართლომ მოიხმო საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 11 ოქტომბრის Nას-774-723-2017 განჩინება, სადაც სასამართლომ განმარტა: „კონდიქციური დანაწესების (სსკ-ის 976-ე-991-ე მუხლები) გამოყენების უმთავრესი წინაპირობა მის სუბსიდიურობაში ვლინდება, რაც იმას ნიშნავს, რომ უსაფუძვლო გამდიდრების წესები მოთხოვნის დამფუძნებელ ნორმებად გვევლინება მხოლოდ მაშინ, როდესაც სასამართლო მოვლენათა დინამიკის გათვალისწინებით დაასკვნის, რომ გამორიცხულია სხვა უფრო სპეციალური ნორმის გამოყენება (მაგ: პოსესორული ან ვინდიკაციური სარჩელები (სანივთო სამართალი), სარჩელი ვალდებულების შესრულების შესახებ (როგორც პირველადი, ისე - მეორადი მოთხოვნები) და სხვა)“ - შდრ. სუსგ №ას-774-723-2017, 11.10.2017). ამდენად, უსაფუძვლო გამდიდრება სუბსიდიური ხასიათისაა და მისი გამოყენება ხდება მხოლოდ მაშინ, როდესაც სხვა სამართლებრივი საფუძვლით მოთხოვნის დაკმაყოფილება შეუძლებელია.
მოცემულ შემთხვევაში, ნარდობის სამართლებრივი ურთიერთობის ფარგლებში ზიანის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნას სახელშეკრულებო სამართლებრივი საფუძველი გააჩნია, რაზეც სპეციალური ხანდაზმულობის ვადას ადგენს სსკ-ის 129-ე მუხლის პირველი ნაწილი.
4.14. დადგენილია, რომ ერთობლივი საქმიანობის ამხანაგობა ,,ი-----------მ’’ ზ------ ა--–-ძის მიმართ ზიანის ანაზღაურების თაობაზე, სასარჩელო განცხადებით სასამართლოს მიმართა 2014 წლის 26 ივნისს, 2010 წლის 28 აპრილიდან (ამხანაგობის თავმდჯომარის უფლებამოსილების შეწყვეტის თარიღი) დაახლოებით 4 წლისა და 2 თვის შემდეგ, ნაცვლად, 3 წლისა, რაც წარმოადგენს კონკრეტული დავის მიმართ ხანდაზმულობის ვადას. შესაბამისად, პალატა ხანდაზმულად მიიჩნევს, ერთობლივი საქმიანობის ამხანაგობა ,,ი----------ის’’ მიერ აღძრულ სარჩელს.
ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი – სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობა, რის გამოც პალატა აღარ მსჯელობს სარჩელის საფუძვლიანობაზე.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
პალატას მიაჩნია, რომ ზ------ ა--–-ძის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს. უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილება და მისი შეცვლით მიღებული უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება. ერთობლივი საქმიანობის ამხანაგობა ,,ი----------ის’’ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
6. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, 1. იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა... 2. ამ მუხლში აღნიშნული წესები შეეხება აგრეთვე სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გასწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას. 3. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.
პალატა მიიჩნევს, რომ ამხანაგობა ,,ი-----------ს’’ ზ------ ა--–-ძის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 5 000 ლარის ანაზღაურება.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ზ------ ა--–-ძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილება და მისი შეცვლით მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. ერთობლივი საქმიანობის ამხანაგობა ,,ი----------ის’’ სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
4. ამხანაგობა ,,ი-----------ს’’ ზ------ ა--–-ძის სასარგებლოდ დაეკისროს სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 5 000 ლარის ანაზღაურება;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
თავმჯდომარე: გელა ქირია
მოსამართლეები: ლევან გვარამია
გოგიტა თოთოსაშვილი