განაჩენი

სისხლის სამართლის 11.02.2019
საქმის ნომერი
120100118002568585
ინსტანცია
თარიღი
11.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 120100118002568585

საქმე #1/ბ-1669-18 გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

7 თებერვალი, 2019 წელი თბილისი

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

მოსამართლე: ლევან თევზაძე

სხდომის მდივანი: გიორგი სვანიძე

სხდომის სახე - ღია;

ბრალდების მხარე:

პროკურორი - გრ--------------ე;

დაცვის მხარე:

ადვოკატი - ტა-----–----–-----–---–ი;

მსჯავრდებული - ირ---–---------------------–--ა, დაბადებული 1--- წლის 2----------, საქართველოს მოქალაქე, პირადი #3----------, ნასამართლობის მქონე, საშუალო განათლებით, დაოჯახებული, რეგისტრირებული: ს-------–---------------------, ფაქტობრივად მცხოვრები: ბ-------------------–---------, ამჟამად პატიმარი.

კვალიფიკაცია:

1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი (ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია);

2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი (თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია);

 

სასჯელი:

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 8 ნოემბრის განაჩენით ირ---–----------–--- ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით.

საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით საბოლოოდ ირ---–----------–---ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.

ირ---–----------–---ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2018 წლის 16 ივნისიდან.

 

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

მხარეთა პოზიციები:

 

მსჯავრდებულმა ირ---–----------–---მ (აპელანტი) მოითხოვა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 8 ნოემბრის განაჩენში ცვლილების შეტანა და საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით, დანიშნული სასჯელის ერთი მესამედის პირობით ჩათვლა, იმ საფუძვლით, რომ აღიარა და გულწრფელად მოინანია ჩადენილი დანაშაული, ითანამშრომლა გამოძიებასთან, რითაც ხელი შეუწყო საქმეზე ჭეშმარიტების დადგენას, უდავოდ ცნო ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები. პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია, წარსულში არ ყოფილა ნასამართლევი, რაც მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ არ არის მიდრეკილი დანაშაულის ჩადენისკენ და არ წარმოადგენს საზოგადოებისათვის საშიშ პიროვნებას. დაზარალებულებს არანაირი პრეტენზია არ გამოუთქვამთ, თუმცა გამოთქვამდა მზადყოფნას აენაზღაურებინა ზიანი.

 

სახელმწიფო ბრალმდებელმა მოითხოვა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 8 ნოემბრის განაჩენის უცვლელად დატოვება, ვინაიდან განაჩენი კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანია. ირ---–----------–---ს მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებების შედეგად დაზარალებულებს მიადგათ მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი, რაც დღეის მდგომარეობით არ არის ანაზღაურებული.

სასამართლომ დაადგინა:

2018 წლის 9 ივნისს ირ---–----------–--- ქ. ახალციხეში, ცენტრალური ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ სილამაზის სალონის სტილისტ ჰა-----------------ან შევიდა ნდობაში, თითქოს უნდოდა ტელეფონით დროებით სარგებლობა, მოტყუებით გამოართვა ჰა---------------ს კუთვნილი „აიფონ5-ის“ ფირმის მობილური ტელეფონი, რომელსაც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა, აღნიშნულით დაზარალებულს მიაყენა 220 ლარის ოდენობის მნიშვნელოვანი ზიანი.

2018 წლის 8 ივნისს შუადღის საათებში, ქ.ახალციხეში, პ---------------- ქუჩაზე მდებარე სასადილოში ირ---–----------–---, ფარულად მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა ნა------- მი------–-----ას კუთვნილი საფულიდან 500 (ხუთას) ლარს, ხოლო ნა-------- ხა---------ას კუთვნილი ჩანთიდან 200 (ორას) აშშ დოლარს, რითაც ნა------- მი------–-----ას მიადგა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი, ხოლო ნა-------- ხა---------ას მიადგა 200 (ორასი) აშშ დოლარის) 490,12 ლარის ოდენობით მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. ვინაიდან მოცემულ საქმეზე დაცვის მხარის მიერ გასაჩივრებულია განაჩენი მხოლოდ სასჯელის ნაწილში, ახალციხის რაიონული სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლოს დასკვნები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ირ---–----------–---ს ბრალეულობასთან დაკავშირებით მიიჩნევა დადასტურებულად.

 

განაჩენით დანიშნული სასჯელის უცვლელად დატოვების დასაბუთება:

პალატა გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ ირ---–----------–---ს და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის ტა-----–----–-----–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 8 ნოემბრის განაჩენი ირ---–----------–---ს მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულის ქმედების სიმძიმისა და პიროვნების შეუსაბამოდ ითვლება სასჯელი, რომელიც, თუმცა არ სცილდება კანონით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებს, მაგრამ თავისი სახითა და ზომით, მეტისმეტი სიმკაცრის ან სიმსუბუქის გამო, აშკარად უსამართლოა.

საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალიწინებული ქმედება ისჯება შინაპატიმრობით ვადით ერთიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.

 

საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალიწინებული ქმედება ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.

საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს მსჯავრდებულ ირ---–----------–---ს მოთხოვნას სასჯელის ნაწილის პირობითად ჩათვლის თაობაზე, ვინაიდან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას სასამართლო უფლებამოსილია, განაჩენით დაადგინოს სასჯელის ნაწილის მოხდა, ხოლო დანარჩენი ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლა, თუ ბრალდებული (მსჯავრდებული) აღიარებს დანაშაულს (თუ პირს არ წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე), ასახელებს დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილეებს და თანამშრომლობს გამოძიებასთან. პალატა განმარტავს, რომ სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შეღავათის გამოყენება ზემოაღნიშნულ შემთხვევებშიც სასამართლოს უფლებამოსილებაა და არა ვალდებულება.

მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო პალატა ითვალისწინებს მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულების სიმძიმეს, ხასიათს და აღნიშნავს, რომ ირ---–----------–---ს მსჯავრი დაედო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში. კერძოდ: მან ჩაიდინა ორი დამოუკიდებელი დანაშაული და ამის შედეგად მიყენებული ზიანი არ აუნაზღაურებულა. ასევე, წარმოდგენილ საქმის მასალებში არ მოიპოვება არანაირი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ მსჯავრდებულმა გადადგა ქმედითი ნაბიჯები მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად და დაზარალებულებთან შესარიგებლად. აქედან გამომდინარე, პალატას მიზანშეუწონლად მიაჩნია ირ---–----------–---ს მიმართ დანიშნულ სასჯელზე საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შეღავათის გამოყენება.

სააპელაციო პალატა ეთანხმება ახალციხის რაიონული სასამართლოს არგუმენტაციას ირ---–----------–---ს მიმართ დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით, ვინაიდან მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ კანონის მოთხოვნის შესაბამისად, განუსაზღვრა სანქციით გათვალისწინებული მინიმალური სასჯელები, რომელიც სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყოფნის პერიოდში მსჯავრდებული გააცნობიერებს ჩადენილ ქმედებას, გამოიტანს სათანადო დასკვნებს, მოახდენს საკუთარი თავის რეაბილიტაციას და ღირსეულ წევრად დაუბრუნდება საზოგადოებას.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებულ ირ---–----------–---ს და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის ტა-----–----–-----–---–ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 8 ნოემბრის განაჩენი ირ---–----------–---ს მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ ირ---–----------–---ს და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის ტა-----–----–-----–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 8 ნოემბრის განაჩენი ირ---–----------–---ს მიმართ დარჩეს უცვლელი.

ირ---–----------–--- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით.

ირ---–----------–--- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ ირ---–----------–---ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.

მსჯავრდებულ ირ---–----------–---ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 16 ივნისიდან.

მსჯავრდებულ ირ---–----------–---ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.

ნივთმტკიცება: „აიფონ-5“ მოდელის მობილური ტელეფონი, რომელიც ინახება შსს ახალციხის პოლიციის ადმინისტრაციულ შენობაში, დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს ჰა---------------ს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

თეთრი ფერის თაბახის ფურცლები და ოთხი ცალი მინის ბოთლი, რომელიც ინახება შსს ახალციხის პოლიციის ადმინისტრაციულ შენობაში, განადგურდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

თითის კვლები და დაქტილობარათის ასლი, შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით.

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.

განაჩენი საკასაციო წესით შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოტანიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: ლევან თევზაძე