განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 28.01.2019
საქმის ნომერი
010210018002105863
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
დაკავშირებული უძრავ ქონებაზე საკუთრებასთან
თარიღი
28.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 010210018002105863

საქმე №2/ბ-1310-18წ.

განჩინება

საქართველოს სახელით

28 იანვარი, 2019 წელი ქ. ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე- ნანა კალანდაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

აპელანტი - ნ----- ბ-------ე

მოწინააღმდეგე მხარე - ხ------- მ-------–--ე

დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილება

აღწერილობითი ნაწილი

1. აპელანტის მოთხოვნა

გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

2017 წლის 17 სექტემბერს ბ------ის საქალაქო სასამართლოში სარჩელი აღძრა ხ------- მ-------–--ემ (შემდგომში მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე) მოპასუხე ნ----- ბ-------ის (შემდგომში მოპასუხე, აპელანტი) მიმართ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვისა (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის 1-ლი ნაწილი) და ასეთზე მიღებული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის მოთხოვნით (საქართველოს ამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 1-ლი ნაწილი ე1 პუნქტი)(იხ. ს.ფ. 1-14)

 

2.1.სარჩელის საფუძვლები

 

2.1.1. მოსარჩელემ მიუთითა, რომ იგი წარმოადგენს ქ. ბ------ში, ბ-----ს ქუჩა №---ში (ს/კ 0-----------) მდებარე უძრავი ქონების მესაკუთრეს. მითითებულ ქონებას მისი ნების საწინააღმდეგოდ ფლობს მოპასუხე, რომელიც არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, ნებაყოფლობით არ ათავისუფლებს უძრავ ქონებას და განაგრძობს აღნიშნულის უკანონოდ ფლობას, რაც უხეშად არღვევს მისი, როგორ მესაკუთრის, კონსტიტუციითა და საერთაშორისო ნორმებით გარანტირებულ უფლებებს.

 

2.2.მოპასუხის პოზიცია

 

2.2.1. მოპასუხე წარდგენილი შესაგებლით ნ----- ბ-------ემ სარჩელი არ ცნო(ს.ფ. 36-45) და მიუთითა, რომ მოსარჩელე უძრავი ქონების მესაკუთრედ აღრიცხა თვალთმაქცური და მოჩვენებითი გარიგებების -ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე, რომელიც მან გააფორმა დედასთან მ---- ა------ესთან, ხოლო მ---- ა------ემ კი თავის მხრივ ეს ქონება ხელში ჩაიგო მასთან გაფორმებული ნასყიდობა-გამოსყიდვის უფლებით ხელშეკრულებიდან, მაშინ როდესაც იგი მ---- ა------ეს ყოველთვიურად უხდიდა სესხის თანხას 400 აშშ დოლარს 2014 წლის მაისის თვიდან 2017 წლის აპრილის თვის ჩათვლით.

 

2.3.გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

ბ------ის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილებით:

1. დაკმაყოფილდა მოსარჩელე ხ------- მ-------–--ის მოთხოვნა მოპასუხე ნ----- ბ-------ის მიმართ, უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვისა და ხელშეშლის აღკვეთის თაობაზე.

2. მოპასუხე ნ----- ბ-------ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი იქნა ხ------- მ-------–--ის საკუთრებაში არსებული, ქ. ბ------ში, ბ-----ს ქუჩა №---ში მდებარე უძრავი ქონება (ს/კ 0-----------) და დადგინდა, რომ აღნიშნული უძრავი ქონება (ს/კ 0-----------) გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში უნდა გადაეცეს მესაკუთრე ხ------- მ-------–--ეს.

3. მოპასუხე ნ----- ბ-------ეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 120 ლარის ოდენობით.

4. მოსარჩელე ხ------- მ-------–--ის მოთხოვნა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის შესახებ არ დაკმაყოფილდა.

(ს.ფ. 94-104)

 

2.3.დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

2.3.1. ქ. ბ------ში, ბ-----ს ქუჩა №---ში, მდებარე უძრავი ქონება (ს/კ 0-----------) წარმოადგენდა მოპასუხე ნ----- ბ-------ის საკუთრებას. ნ----- ბ-------ესა და მ---- ა------ეს შორის 1--------- წელს გაფორმებული გამოსყიდვის უფლებით უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე უძრავი ქონების მესაკუთრედ 23.01.2014 წლიდან აღირიცხა მოსარჩელე ხ------- მ-------–--ის დედა მ---- ა------ე.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- ამონაწერები საჯარო რეესტრიდან (იხ.ს. ფ. 15, 25-26);

 

2.3.2. მ---- ა------ემ 2----–-–---------------- ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე უძრავი ქონება, მდებარე - ქ. ბ------ში, ბ-----ს ქუჩა №---ში (ს/კ 0-----------) აჩუქა ქალიშვილს ხ------- მ-------–--ეს. 2016 წლის 11 ნოემბერს ხ------- მ-------–--ე საჯარო რეესტრში აღირიცხა უძრავი ქონების (ს/კ 0-----------) მესაკუთრედ.

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან - (იხ.ს. ფ. 15);

 

2.3.3. მოსარჩელე ხ------- მ-------–--ის საკუთრებში აღრიცხულ , ქ. ბ------ში, ბ-----ს ქუჩა №---ში მდებარე უძრავ ქონებას (ს/კ 0-----------) მესაკუთრის ნების საწინააღმდეგოდ, სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობს უძრავი ქონების ყოფილი მესაკუთრე ნ----- ბ-------ე და მესაკუთრეს არ აძლევს საკუთრებაში არსებული ნივთის თავისუფალი სარგებლობის/განკარგვის უფლებას.

 

ზემოხსენებულ დასკვნამდე სასამართლო მივიდა საქმეში წარმოდგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და ასეთის სამტკიცებლად წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების საფუძველზე. სახელდობრ სასამართლომ აღნიშნა, რომ მოპასუხის რაიმე უფლება სადავო უძრავი ქონების მიმართ რეგისტრირებული არ არის. მან სარჩელის უარყოფის საფუძვლად მიუთითა, რომ მოსარჩელემ სადავო ქონებაზე საკუთრების უფლება შეიძინა მოჩვენებითი და თვალთმაქცური გარიგებების საფუძველზე, თუმცა ამ გარემოების დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია და არც სათანადო შედავება განუხორციელებია მოსარჩელე მხარის მიმართ, ხოლო მოსარჩელემ,საპროცესო ვალდებულების ფარგლებში, სასამართლოს წარმოუდგინა მტკიცებულება - საჯარო რეესტრიდან ამონაწერის სახით, რომლითაც დასტურდება უძრავი ქონების მიმართ მისი საკუთრების უფლება. ხოლო ის გარემოება, რომ უძრავ ქონებას ფაქტობრივად ფლობს მოპასუხე, რის გამოც მესაკუთრეს (მოსარჩელეს) არ ეძლევა საკუთრებით თავისუფლად სარგებლობის უფლება, მოპასუხის მხრიდან სადავო არ გამხდარა. რაც შეეხება მოპასუხეს, მას საპროცესო ვალდებულების ფარგლებში, სათანადო მტკიცებულება, რაც სასამართლოს შეუქმნიდა მოპასუხის მხრიდან უძრავი ქონების სამართლებრივი საფუძვლით ფლობის თაობაზე რწმენას, არ წარმოუდგენია.

 

2.4.გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთება

 

სასამართლომ განსახილველი დავის მოსაწესრიგებლად გამოიყენა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლი, „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის“ №1 დამატებითი ოქმის პირველი მუხლი, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 155-ე, 170-ე, 172-ე, 183-ე, 311-ე, 312-ე, 168-ე მუხლები და გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთება წარმოადგინა შემდეგი სახით:

 

2.4.1. ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება ფლობდეს ქონებას, როგორც ერთპიროვნულად, ასევე სხვებთან ერთად. იმავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, კი არავის არ უნდა ჩამოერთვას მისი ქონება თვითნებურად.

 

ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის კონვენციის №1 დამატებითი ოქმის პირველი მუხლის მიხედვით ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრებით შეუფერხებელი სარგებლობის უფლება. მხოლოდ საზოგადოებრივი საჭიროებისათვის შეიძლება ჩამოერთვას ვინმეს თავისი საკუთრება კანონითა და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით გათვალისწინებულ პირობებში.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ საკუთრების უფლება ადამიანის უფლებათა ერთ-ერთი ყველაზე ძველი და ფუნდამენტური უფლებაა, რომელიც გულისხმობს პირის შესაძლებლობას საკუთარი ნების შესაბამისად და სხვათა ინტერესების შეულახავად ფლობდეს, სარგებლობდეს და განკარგავდეს თავის ქონებას. სასამართლო მიიჩნევს, რომ აუცილებელია საკუთრების, როგორც ინსტიტუტის, კონსტიტუციურ- სამართლებრივი გარანტირება, ასევე მესაკუთრისათვის, როგორც სუბიექტისათვის უფლების სამართლებრივი დაცვის საკმარისი საშუალებების მინიჭება, მისი ხელშეწყობისა და უზრუნველყოფის გარანტიების შექმნა. სწორედ ამ მიზანს ემსახურება საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტი, რომლის მიხედვით საკუთრების უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. ეს გულისხმობს არა მხოლოდ მესაკუთრისათვის უფლების დაცვის სამართლებრივი შესაძლებლობების მინიჭებას, ,,არამედ საკუთრების დაცვას ისეთი ხელყოფისაგან, რომელიც არ თავსდება ამავე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტით დადგენილ ფარგლებში’’ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 18 მაისის 2/1-370 გადაწყვეტილება).საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით იმპერატიულადაა რეგლამენტირებული, რომ „საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება". საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი ნაწილით კი, ,,ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს”.

 

2.4.2. სასამართლომ მიუთითა, რომ უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ერთ-ერთ ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს, რაც გათვალისწინებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით. ამ ნორმის მიხედვით, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. დასახელებული ნორმატიული დანაწესი გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას კი, სასამართლო თანაბრად იცავს მოდავე მხარეთა კანონიერ ინტერესებს.

 

სასამართლომ ზემოხსენებული სამართლებრივი მსჯელობის შესაბამისად შეაფასა რა საქმეში წარმოდგენილი ფაქტობრივი გარემოებები,აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე ამტკიცებს, რომ საკუთრებაში ერიცხება ქ. ბ------ში, ბ-----ს ქუჩა №---ში მდებარე უძრავი ქონება (ს/კ 0-----------) რომელსაც მისი ნების საწინააღმდეგოდ ფლობს მოპასუხე , რაც მოსარჩელეს უფლებას აძლევს მოითხოვოს მართლმსაჯულების განხორციელება და თავისი დარღვეული უფლების აღდგენა, კერძოდსასამართლოსათვის მომართვის გზით მოითხოვოს ხელშეშლის აღკვეთა უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის გზით.

 

2.4.3.სასამართლომ აპელირება გააკეთა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 311-ე მუხლის პირველ ნაწილსა და ამავე კოდექსის 312-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომელთა თანახმადაც საჯარო რეესტრი არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა, ყადაღისა და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის წარმოშობის, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, ასევე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების წარმოშობის და მასში ცვლილების შესახებ მონაცემთა ერთობლიობა. რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე. ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.

 

მითითებულ ნორმებზე დაყრდნობით, სასამართლომ აღნიშნა, რომ უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლება წარმოიშობა მისი საჯარო რეესტრში რეგისტრაციის შემდეგ. საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უფლება ითვლება ნამდვილად მანამ, სანამ არ დადგინდება მისი უზუსტობა. განსახილველ შემთხვევაში, მტკიცებულებათა ანალიზით დადგენილია, რომ სადავო უძრავი ქონება საქმის განხილვის მომენტისათვის რეგისტრირებულია მოსარჩელის საკუთრებად და საწინააღმდეგო მტკიცებულება წარმოდგენილი არ არის.

 

2.4.4.სასამართლომ აღნიშნა, რომ საკუთრების უფლება საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული უფლებაა და საქართველოს კონსტიტუცია არა მარტო აღიარებს მის ხელშეუხებლობას, არამედ ქმნის მისი დაცვის გარანტიებსაც. საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით საკუთრების უფლება მოიცავს სამ ელემენტს - მფლობელობას, სარგებლობას და განკარგვას. მფლობელობა ეს არის ნივთზე ფაქტობრივი ბატონობა, რომელიც მოიპოვება მფლობელის ნებით. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 155-ე მუხლის თანახმად, მფლობელობა წარმოიშობა ნივთზე ფაქტობრივი ბატონობის ნებითი მოპოვებით. სარგებლობა ნიშნავს მესაკუთრის უფლებას ისარგებლოს ქონებით. სასამართლომ განმარტა, რომ აქართველოს სამოქალაქო კოდექსის 70-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად მესაკუთრე თავად წყვეტს ისარგებლოს თუ არა თავისი საკუთრებით, ანუ სარგებლობის უფლება ამ მხრივ თავისუფალია. რაც შეეხება განკარგვას, იგი გულისხმობს, როგორც ქონების გასხვისებას, ასევე მის უფლებრივ დატვირთვასაც. მესაკუთრეს უფლება აქვს თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს საკუთრებაში არსებული ქონებით და არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა. არავის არ აქვს უფლება კანონიერი საფუძველის გარეშე ფლობდეს ან სარგებლობდეს სხვისი საკუთრებით.

 

2.4.5. სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170–ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას როგორც ზემოთ აღინიშნა, ქ. ბ------ში, ბ-----ს ქუჩა №---ში მდებარე უძრავი ქონება (ს/კ 0-----------) წარმოადგენს მოსარჩელის საკუთრებას. შესაბამისად, ის უფლებამოსილია თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ამ ქონებით. სხვა ნებისმიერი პირის მხრიდან ამ ქონებით სარგებლობა/დაუფლება, მისი თანხმობის გარეშე, განხილულ უნდა იქნეს მესაკუთრის ნების საწინააღმდეგოდ ქონების ფლობა/სარგებლობად. უდავოდ დადგენილია, რომ საქმის განხილვის მომენტისათვის მოსარჩელის სახელზე რეგისტრირებულ უძრავ ქონებას ფლობს მოპასუხე და ის ამ ქონებით სარგებლობენ მოსარჩელის თანხმობის გარეშე, მისი ნების საწინააღმდეგოდ.

 

2.4.6. სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხის გამოსახლების თაობაზე ემყარება საქართველოს სამოქალაქო კოდექის 172-ე მუხლის მოთხოვნას, რომლის პირველი ნაწილის თანახმად მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. ხოლო იმავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა ხდება ნივთის ამოღების ან მისი ჩამორთმევის გარეშე, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია ხელშემშლელს მოსთხოვოს ამ მოქმედების აღკვეთა. თუ ამგვარი ხელშეშლა კვლავ გაგრძელდება, მესაკუთრეს შეუძლია მოითხოვოს მოქმედების აღკვეთა სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით.

 

სასამართლომ განმარტა, რომ მოცემული ნორმის გამოყენებისათვის საჭიროა დადგენილი იქნას საკუთრების უფლების განხორციელების ხელშეშლის ფაქტი. მესაკუთრეს სხვა პირთა გამო არ უნდა შეეძლოს საკუთრებაში არსებული ნივთით თავისუფალი სარგებლობა, ფლობა და განკარგვა. ამგვარი ფაქტის დადასტურების შემთხვევაში, იარსებებს საკუთრების უფლების რეალიზებაში ხელშეშლა. სასამართლომ განმარტა, რომ უძრავი ქონებით სარგებლობის ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნისა და უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის შესახებ სარჩელის წარდგენის უფლება გააჩნია მხოლოდ მესაკუთრეს. ამასთან, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისათვის უნდა არსებობდეს აუცილებელი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე; ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი; გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება. მხოლოდ მას შემდეგ, რაც დადგინდება სამივე წინაპირობის არსებობა, შესაძლებელი გახდება მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა (ვინდიკაცია). ანუ, ვინდიკაციური სარჩელის საფუძვლიანობა მოწმდება იმ გარემოებათა შეფასებით, არსებობს თუ არა მოსარჩელის საკუთრების უფლება ნივთზე და იმყოფება თუ არა ეს ნივთი სხვა პირთა არამართლზომიერ მფლობელობაში, ხორციელდება თუ არა მფლობელობა საამისო უფლების გარეშე.

 

განსახილველი სამართლებრივი ურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმის საქმეში წარმოდგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან შეჯერებით, სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელე წარმოადგენს უძრავი ნივთის მესაკუთრეს და მისი უფლება შეზღუდული არ არის მოპასუხის მხრიდან ამ ნივთის სამართლებრივი საფუძვლით ფლობით - მოპასუხე არ არის ქონების მართლზომიერი მფლობელი, მიუხედავად ამისა, მოპასუხე დღემდე ახორციელებს უძრავი ქონების ფაქტობრივ მფლობელობას, სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, მოსარჩელის (მესაკუთრის) ნების საწინააღმდეგოდ.

 

2.4.7. სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 168-ე მუხლზე, რომლის თანახმადაც მესაკუთრის პრეტენზიის გამო ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას.

საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე,სასამართლომ დაასკვნა, რომ მოსარჩელეს აქვს სრული უფლება მოითხოვოს კუთვნილ ნივთზე მოპასუხის ფაქტობრივი მფლობელობის შეწყვეტა და თავად განკარგოს საკუთარი ნივთი, ამასთან აღნიშნა, რომ სასამართლო პატივისცემით ეკიდება მხარეების და მათ შორის მოპასუხე მხარის ინტერესებს, თუმცა მესაკუთრეს არამესაკუთრესთან შედარებით უძრავი ქონების მართვის უპირატესი უფლება აქვს და მისი საკუთრების უფლება უნდა იქნას დაცული ნებისმიერი სამართლებრივ საფუძველს მოკლებული ხელყოფისაგან.

 

2.4.8. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელი მოპასუხეთა უკანონო მფლობელობიდან უძრავი ქონების გამოთხოვის თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხეთა უკანონო მფლობელობიდან უძრავი ქონების გამოთხოვა და ქონების თავისუფალ მდგომარეობაში გადაცემა წარმოადგენს მესაკუთრე ხ------- მ-------–--ისათვის საკუთრების ხელყოფილი უფლების აღდგენის წინაპირობას.

 

3.სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

 

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების, ახალი გადაწყვეტილების მიღებისა და სარჩელის უარყოფის მოთხოვნით შემდეგ გარემოებებზე მითითებით:

 

3.1.1 სასამართლომ ისე მიიღო გადაწყვეტილება, რომ არ გამოიკვლია ფაქტობრივი გარემოებები,კერძოდ სასამართლომ არასწორად არ დააკმაყოფილა მისი შუამდგომლობა საქმის განხილვის შეჩერების თაობაზე. მათი მოთხოვნა ემყარებოდა იმ ფაქტს, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით დადებული იყო არასწორად, რადგან რეალურად არსებობდა სესხის ურთიერთობა და აღნიშნულის თაობაზე ბ------ის საქალაქო სასამართლოში შეტანილი აქვს სარჩელი ნასყიდობის ხელშეკრულების-გამოსყიდვის უფლებით და ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვნით, რომლის დაკმაყოფილებაც გამორიცხავდა ამ საქმეზე გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღებას.

 

3.3. სააპელაციო საჩივარში აპელანტის მიერ დაყენებულია შუამდგომლობა მოცემული სამოქალაქო საქმის წარმოების შეჩერების შესახებ მის მიერ ბ------ის საქალაქო სასამართლოში შეტანილ სხვა სარჩელზე, სახელდობრ მასსა და მ---- ა------ეს შორის 2014 წლის 17 იანვარს გაფორმებული გამოსყიდვის ხელშეკრულების ბათილად ცნობისა და ასევე მ---- ა------ესა და ხ------- მ-------–--ეს შორის გაფორმებული ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, იმ გარემოებაზე მითითებით, რომ აღნიშნული გამორიცხავს მოცემული სარჩელის დაკმაყოფილებას.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. აღნიშნული მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

4.1. პალატა სრულად იზიარებს წინამდებარე გადაწყვეტილების 2.3.1-2.3.3 პუნქტებში მითითებულ, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ასევე ამავე განჩინების 2.4.1.-2.4.8 პუნქტებში მითითებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად, საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის შედეგად, აბსოლუტურად სწორად დაადგინა დავის საგანთან მიმართებაში არსებითი ფაქტობრივი გარემოებები, ასევე დავის გადაწყვეტისას სწორად გამოიყენა და განმარტა განსახილველი სამართალურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმები.

 

4.2. სადავო სამართალურთიერთობა ეხება მესაკუთრის პრეტენზიას მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის თაობაზე. სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა (ვინდიკაციური სარჩელი) მესაკუთრის უფლების დაცვის აღიარებული საშუალებაა. ესაა სარჩელი, რომელსაც მესაკუთრე მაშინ იყენებს, როდესაც შელახულია ნივთზე მისი მფლობელობა, სახელდობრ, როცა მესაკუთრის ქონება უკანონო მფლობელის ხელთაა. ვინდიკაციური სარჩელის არსი საკუთრების აბსოლუტური ბუნებიდან მომდინარეობს, რაც გულისხმობს მესაკუთრის თავისუფლებას, ნებისმიერ დროს დაეუფლოს კუთვნილ ნივთს ან ისარგებლოს ამ ნივთით, მათ შორის, მოითხოვოს უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა.შესაბამისად განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენს იმ საკითხის გარკვევა-შეფასება აპელანტ(მოპასუხეს) ნ----- ბ-------ეს გააჩნია თუ არა უძრავი ქონების მართლზომიერი ფლობის უფლება და არსებობს თუ არა საქმის განხილვის დროისათვის რეგისტრირებული მესაკუთრის - ხ------- მ-------–--ის ვინდიკაციური მოთხოვნის გამომრიცხავი გარემოება.

 

4.3. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სრულიად მართებულია პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დავის გადაწყვეტა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-172-ე მუხლებზე დაყრდნობით, რომელთა თანახმადაც, მესაკუთრეს შეუძლია კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო ბოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. დასახელებული ნორმების შესაბამისად, ვინდიკაციური სარჩელის საფუძვლიანობა მოწმდება იმ გარემოებათა შეფასებით, არსებობს თუ არა მოსარჩელის საკუთრების უფლება ნივთზე და იმყოფება თუ არა ეს ნივთი სხვა პირთა არამართლზომიერ მფლობელობაში, ანუ ხორციელდება, თუ არა მფლობელობა საამისო უფლების მქონე პირის გარეშე.

 

განსახილველ შემთხვევაში გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

4.3.1. ქ. ბ------ში, ბ-----ს ქუჩა №---ში, მდებარე უძრავი ქონება (ს/კ 0-----------) წარმოადგენდა მოპასუხე ნ----- ბ-------ის საკუთრებას. ნ----- ბ-------ესა და მ---- ა------ეს შორის 1--------- წელს გაფორმებული გამოსყიდვის უფლებით უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე უძრავი ქონების მესაკუთრედ 23.01.2014 წლიდან აღირიცხა მოსარჩელე ხ------- მ-------–--ის დედა მ---- ა------ე.

 

4.3.2. მ---- ა------ემ 2----–-–---------------- ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე უძრავი ქონება, მდებარე - ქ. ბ------ში, ბ-----ს ქუჩა №---ში (ს/კ 0-----------) აჩუქა ქალიშვილს ხ------- მ-------–--ეს. 2016 წლის 11 ნოემბერს ხ------- მ-------–--ე საჯარო რეესტრში აღირიცხა უძრავი ქონების (ს/კ 0-----------) მესაკუთრედ.

 

4.4.პალატა იზიარებს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილ გარემოებას მასზედ, რომ მოპასუხეს არ აქვს მოსარჩელის საკუთრებაში აღრიცხული უძრავი ქონების ფართის ფლობის უფლება, რადგან საქმეში არ არის წარმოდგენილი არანაირი მტკიცებულება, რაც უძრავი ნივთის მართლზომიერი მფლობელობის საფუძვლად საქმის განხილვის დროისათვის შეიძლება განხილულიყო.

 

სააპელაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების წესზე და აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ხოლო 103-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.

 

ზემოთ მოხმობილი ნორმების ანალიზით დასტურდება, რომ სადავოდ მიჩნეული უფლების კანონიერება უნდა დამტკიცდეს. დარღვეული უფლების დაცვა მხარეს კონკრეტულ ფაქტებზე დაყრდნობით შეუძლია და ამ ფაქტების მითითება მისივე მოვალეობაა. ფაქტების დამტკიცების ტვირთი ფაქტების მიმთითებელ მხარეებს ეკისრებათ. გამონაკლისს წარმოადგენს მატერიალური სამართლით გათვალისწინებული შემთხვევა, როდესაც ფაქტების დამტკიცების ტვირთი ამა თუ იმ ნორმით განსხვავებულადაა მოწესრიგებული. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკით დადგენილია, რომ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის შესახებ სარჩელის შემთხვევაში, მტკიცების საგანში შემავალი სამი ელემენტიდან (მოსარჩელის საკუთრების უფლების არსებობა ნივთზე; ამ ნივთის მოპასუხის მფლობელობაში ყოფნა; მოპასუხის მიერ ნივთის არამართლზომიერი ფლობა) პირველი ორის დადასტურების ვალდებულება მოსარჩელეს ეკისრება, ხოლო მესამე ელემენტზე მას მითითების ვალდებულება გააჩნია. მოსარჩელემ საჯარო რეესტრის ამონაწერი წარადგინა, რომლითაც მისი საკუთრების უფლებაა გარანტირებული. რაც შეეხება მესამე ელემენტს - ნივთის ფლობას, მოპასუხის მტკიცების საგანში შედის მისი ფლობის ნამდვილი უფლების დადასტურება (მართლზომიერი მფლობელი, მესაკუთრე). საპროცესო კანონმდებლობა ადგენს მხარის სრულ უფლებას, შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის ფარგლებში (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 და მე-4 მუხლები), თავისუფლად წარადგინოს მტკიცებულებები, რომლებიც, მისი შეფასებით, მისი პოზიციის მართებულობას ადასტურებენ. განსახილველ შემთხვევაში მოპასუხის მტკიცების საგანში შემავალ გარემოებას წარმოადგენდა იმ გარემოების დადასტურება, რომ მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მას მართლზომიერად ჰქონდა დაკავებული.

 

განსახილველ შემთხვევაში, როგორც უკვე აღინიშნა, საქმეში წარმოდგენილი საჯარო რეესტრიდან ამონაწერის თანახმად უტყუარად დადგენილია, რომ უძრავი ქონება, მდებარე: ქ. ბ------ში, ბ-----ს ქუჩა №---ში (ს/კ 0-----------) საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია მოსარჩელე ხ------- მ-------–--ის სახელზე. საჯარო რეესტრის ამონაწერის მიმართ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის თანახმად, მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. მოცემული დავის სააპელაციო სასამართლოს მიერ განხილვის ეტაპზე, მოსარჩელის სახელზე რეგისტრირებული საჯარო რეესტრის ჩანაწერი გაუქმებული არ არის.შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში საჯარო რეესტრის ჩანაწერის მიმართ მოქმედებს უტყუარობის პრეზუმფცია.

 

მოპასუხეს წარდგენილ შესაგებელში სადავო ქონების ფლობის ფაქტი სადავოდ არ გაუხდია.შესაბამისად მოსარჩელე გათავისუფლდა მტკიცების ტვირთისაგან. ამდენად, მოსარჩელის მიერ დადასტურებულ იქნა მის მტკიცების საგანში შემავალი ფაქტობრივი გარემოებები.

 

შესაბამისად სააპელაციო პალატა მოცემულ საქმეზე წარმოდგენილი საპელაციო საჩივრის განხილვის დროისათვის დადგენილად მიიჩნევს სადავო უძრავი ქონების მოსარჩელისადმი კუთვნილებისა და მოპასუხის მხრიდან აღნიშნული ქონების მართლზომიერად ფლობის უფლების არქონის ფაქტს. ამდენად, მოსარჩელე უფლებამოსილია სრულყოფილად განახორციელოს მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე კანონით გარანტირებული უფლებები და გამოითხოვოს ნივთი მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან. შესაბამისად გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მართებულად დაკმაყოფილდა სარჩელი.

 

4.7. ზემოხსენებულთან ერთად სააპელაციო სასამართლომ განიხილა რა აპელანტ ნ----- ბარამაძის სააპელაციო საჩივარში დაყენებული შუამდგომლობა მოცემული საქმის წარმოების შეჩერების შესახებ , მიაჩნია, რომ ასეთი დაუსაბუთებულია შემდეგ გარემოებათა გამო:

აპელანტი წინამდებარე საქმის წარმოების შეჩერებას მოითხოვს იმ გარემოებაზე მითითებით, რომ მან ბ------ის საქალაქო სასამართლოში წარადგინა სარჩელი ხ------- მ-------–--ისა და მ---- ა------ის წინააღმდეგ ნასყიდობის ხელშეკრულების -გამოსყიდვის უფლებით და ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვნით, თუმცა მოცემული საქმის მასალებში ასეთის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულება წარმოდგენილი არ არის.

 

სააპელაციო სასამართლო აღნიშნულთან დაკავშირებით განმარტავს, რომ საქმის წარმოების შეჩერების საფუძვლებს ამომწურავად ადგენს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე და 280-ე მუხლები. სახელდობრ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის ,,დ“ პუნქტის თანახმად სასამართლო ვალდებულია შეაჩეროს საქმის წარმოება მხოლოდ ისეთ შემთხვევაში, თუ საქმის განხილვა შეუძლებელია სხვა საქმის გადაწყვეტამდე, რომელიც განხილულ უნდა იქნეს სამოქალაქო, ანდა ადმინისტრაციული წესით, რაც განსახილველ შემთხვევაში სახეზე არაა. ამასთან გასათვალისწინებელია ისიც, რომ ვინდიკაციური სარჩელი შემჭიდროებულ საპროცესო ვადებში განსახილველ დავათა კატეგორიას განეკუთვნება, რაც ასევე ნაკლებ შესაძლებლობას იძლევა იმგვარი საპროცესო მოქმედებების შესასრულებლად, რომლებსაც საქმის განხილვის გაჭიანურება მოყვება, მაშინ როდესაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლი ქმნის მოპასუხის(აპელანტის) უფლების დაცვის მყარ სამართლებრივ გარანტიას ისეთი შემთხვევისათვის, თუკი იგი სამომავლოდ მისაღები გადაწყვეტილებით ნ----- ბ-------ე შეძლებს სადავო უძრავ ქონებაზე მესაკუთრის სტატუსის მოპოვებას.

 

გარდა ზემოთ აღნიშნულისა, სააპელაციო სასამართლო მიუთითებს იმაზე, რომ როგორც პირველი ინსტანციის, ასევე სააპელაციო სასამართლოს მიერ არ დაკმაყოფილდა მოსარჩელე (მოწინააღმდეგე მხარე) ხ------- მ-------–--ის მოთხოვნა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის შესახებ, რაც მოცემულ შემთხვევაში ქმნის მხარეთა ინტერესების თანაზომიერად დაცვის წინაპირობასა და საფუძველს.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში არსებობდა ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობები. შესაბამისად, სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, სასამართლო ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სარჩელზე უარის თქმაში იგულისხმება ასევე სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. შესაბამისად, აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, 160 (ასსამოცი) ლარის ოდენობით უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 2591-ე, 390-ე, 391-ე, 397-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ნ----- ბ-------ის შუამდგომლობა მოცემული სამოქალაქო საქმის წარმოების შეჩერების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.

 

2. ნ----- ბ-------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელი;

 

4. აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში;

 

5.განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, განჩინების მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

6.განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ნანა კალანდაძე