განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 010141319700073860
საქმე № 1აგ/21-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
19 თებერვალი, 2019 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე: ნინო სანდოძე
მოსამართლეები: ნათია ბარბაქაძე
მურმან ისაევი
ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა მსჯავრდებულ პ---–- ა---–------ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ნ-----–-----------ას შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 23 იანვრის განაჩენით, პ---–- ა---–------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 55-ე მუხლის საფუძველზე, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 03 (სამი) წლით და 06 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა.
პ---–- ა---–------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 06 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით პ---–- ა---–------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 03 (სამი) წლით და 06 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 03 ივნისის განაჩენით და საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს ადგილობრივი საბჭოს 2013 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილებით დადგენილი პირობითი მსჯავრი 05 (ხუთი) თვე და 02 (ორი) დღე, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად შთანთქა ახლად დანიშნულმა სასჯელმა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, პ---–- ა---–------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 03 (სამი) წლით და 06 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა.
პ---–- ა---–------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2013 წლის 19 ნოემბრიდან.
პ---–- ა---–------ს, როგორც ნარკოტიკული საშუალების მომხმარებელს, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, 03 (სამი) წლის ვადით ჩამოერთვა: ა)სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, ბ)საექიმო საქმიანობის უფლება, გ)საადვოკატო საქმიანობის უფლება, დ)პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის უფლება, ე)სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, ვ)პასიური საარჩევნო უფლება, ზ)იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 01 ნოემბრის განაჩენით, მსჯავრდებულ პ---–- ა---–------ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 23 იანვრის განაჩენში შევიდა ცვლილება.
მსჯავრდებულ პ---–- ა---–------ს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 23 იანვრის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით დანიშნული სასჯელი - 06 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა, შეეცვალა ჯარიმით - 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 23 იანვრის განაჩენით, დანაშაულთა ერთობლიობით დანიშნულმა სასჯელმა 03 (სამი) წლით და 06 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთამ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, შთანთქა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 23 იანვრის განაჩენით დანიშნული და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 01 ნოემბრის განაჩენით განსაზღვრული სასჯელი - ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით განესაზღვრა 03 (სამი) წლით და 06 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 23 იანვრის განაჩენი სხვა, მათ შორის უფლებების ჩამორთმევის ნაწილში, დარჩა უცვლელი.
2019 წლის 30 იანვარს პ---–- ა---–------ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ნ-----–-----------ამ შუამდგომლობით მომართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილების საფუძველზე მოითხოვა პ---–- ა---–------ის მიმართ განაჩენის გადასინჯვა.
სააპელაციო პალატამ საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის შესაბამისად ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა პ---–- ა---–------ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ნ-----–-----------ას შუამდგომლობის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლი ადგენს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის საფუძვლებს. კერძოდ, აღნიშნული მუხლის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკოსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან მიმართებით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის სიტყვების „ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება“ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება მარიხუანას მოხმარებისთვის.
მოცემულ შემთხვევაში, როგორც საქმის მასალებით ირკვევა, პ---–- ა---–------ი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 23 იანვრის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენასთან ერთად მსჯავრდებულია ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“–ს (მარიხუანა) ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარებისათვის, ჩადენილი ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული პირის მიერ დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით და „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამოერთვა უფლებები, ხოლო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 01 ნოემბრის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით დანიშნული სასჯელი - 06 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა, შეეცვალა ჯარიმით - 1000 (ათასი) ლარის ოდენობით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად შთანთქა უფრო მკაცრმა სასჯელმა.
ვინაიდან, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით დაადგინა ექიმის დანიშნულების გარეშე ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის უკანონოდ მოხმარებისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების კონსტიტუციასთან შეეუსაბამობა, მსჯავრდებული პ---–- ა---–------ი უნდა გათავისუფლდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 23 იანვრის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 273-ე მუხლით დადგენილი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან და მასვე უნდა აღუდგეს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პ---–- ა---–------ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ნ-----–-----------ას შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, ცვლილება უნდა შევიდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 23 იანვრის და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 01 ნოემბრის განაჩენებში.
სარეზოლუციო ნაწილი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 310-314-ე მუხლებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ პ---–- ა---–------ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ნ-----–-----------ას შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 23 იანვრის და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 01 ნოემბრის განაჩენებში შევიდეს ცვლილება.
პ---–- ა---–------ი გათავისუფლდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 23 იანვრის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 273-ე მუხლით დადგენილი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან.
პ---–- ა---–------ს აღუდგეს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ამ განაჩენით ჩამორთმეული უფლებები.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 23 იანვრის და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 01 ნოემბრის განაჩენები დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი მიღებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
თავმჯდომარე: ნინო სანდოძე
მოსამართლეები: ნათია ბარბაქაძე
მურმან ისაევი