განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 20.02.2019
საქმის ნომერი
210210017001829927
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
დაკავშირებული უძრავ ქონებაზე საკუთრებასთან
თარიღი
20.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 210210017001829927

საქმე №2ბ/3604-18

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

20 თებერვალი, 2019 წელი თბილისი

 

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობით:

 

დიანა ბერეკაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები: ქეთევან დუგლაძე, ბესარიონ ტაბაღუა

სხდომის მდივანი: მაკა ბუიღლიშვილი

 

აპელანტი - ჯ------- კ----------–---–ი

წარმომადგენელი - ვ-----------–----ე

 

მოწინააღმდეგე მხარე - ზ---- (ო----) კ----–------–---–ი

მხარდამჭერი: ნ-----–-----------–---–ი

წარმომადგენელი - ხ----------------ი

 

დავის საგანი - ნასყიდობის ხელშეკრულებების ბათლად ცნობა, მორალური ზიანის ანაზღაურება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებით ახალი გადაწყვეტილების მიღება, რომლითაც სარჩელი არ დაკმაყოფილდება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. ზ---- (ო----) კ----–------–---–სა და ჯ------- კ----------–---–ს შორის 2016 წლის 07 ნოემბრს დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულებები უძრავ ქონებებზე მდებარე, ს--------------------------–--------- საკადასტრო კოდი N5----------- და ს--------------------------–--------- საკადასტრო კოდი N5-----------.;

 

2. 2017 წლის 06 მარტს სიღნაღის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა ო---- კ----–------–---–მა მოპასუხე ჯ------- კ----------–---–ის მიმართ და ითხოვა ბათილად იქნეს ცნობილი ო---- კ----–------–---–სა და ჯ------- კ----------–---–ს შორის 2016 წლის 07 ნოემბრის ნასყიდობის ხელშეკრულებები. ჯ------- კ----------–---–ს დაეკისროს მოსარჩელე ო---- კ----–------–---–ის მიმართ მორალური ზიანის 50 000 ლარის ოდენობით ანაზღაურება.

 

3. სარჩელის საფუძვლები:

 

3.1. მოსარჩელის განმარტებით, არის დაბადებით პირველი ჯგუფის ინვალიდი, უნარშეზღუდული და მას არ შეეძლო თავისი გამოვლენილი ნების სწორად აღქმა, მას დაადებინეს ნასყიდობის ხელშეკრულება რეალურად კი მოპასუხისგან მიიღო სესხი. იგი მოატყუეს და ხელი მოაწერინეს ორ ხელშეკრულებაზე, რომლებშიც ცალ-ცალკე იყო მითითებული თანხა. რეალურად კი მან სესხის სახით მიიღო მხოლოდ ერთ ხელშეკრულებაში მითითებული თანხის ნაწილი 17 700 ლარი. ამ ხელშეკრულების დადებით მას მიადგა მორალური ზიანი, რაც გამოიხატა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებაში და ერთერთი უძრავი ქონების მესაკუთრის გარდაცვალებაში.

 

4. მოპასუხის შესაგებელი:

4.1. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ გარიგების დადების მომენტში მოსარჩელე სრულად აცნობიერებდა მის მიერ გამოვლენილი ნების არსს. სხვადასხვა დროს ქონდა დადებული არაერთი გარიგება, იყო საწარმოს დირექტორი. არც მოტყუებას და არც უნარის შეზღუდვას ადგილი არ ქონია შსაბამისად სასარჩელო მოთხოვან არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილებით მოსარჩელე ო---- კ----–------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი ო---- კ----–------–---–სა(პ/ნ 0----------) და ჯ------- კ----------–---–ს(პ/ნ 4----------) შორის 07.11.2016 წელს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებები უძრავ ქონებაზე ს/კ 5----------- და უძრავ ქონებაზე ს/კ 5-----------. მოსარჩელე ო---- კ----–------–---–ს უარი ეთქვა მორალური ზიანის ანაზღაურებაზე. მოპასუხე ჯ------- კ----------–---–ს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა მის მიერ ადვოკატის მომსახურებისთვის გადახდილი თანხის 1500 (ათას ხუთასი) ლარის ოდენობით გადახდა. მოპასუხე ჯ------- კ----------–---–ს დაეკისროს მოსარჩელის მიერ სარჩელის უზრუნველყოფისათვის გადახდილი ბაჟის 100(ასი) ლარისა და საჯარო რეესტრის მომსახურების თანხის 40(ორმოცი) ლარის ოდენობით გადახდა. მოპასუხე ჯ------- კ----------–---–ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა 1380 (ათას სამას ოთხმოცი) ლარის გადახდა. (იხ გადაწყვეტილება)

 

6. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ჯ------- კ----------–---–მა, რომლითაც მოითხოვა სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

 

6.1. სააპელაციო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ საქმის მასალებით ნათლად არის დადგენილი, რომ მხარეებმა გამოავლინეს ნება დაედოთ უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულებები. აღნიშნული ხელშეკრულებები დადასტურებულია მათი ხელმოწერით, რომელიც არ წარმოადგენს სადავო გარემოებას. მოსარჩელე მხარის მიერ სასამართლოში არ ყოფილა წარმოდგენილი არცერთი რელევანტური მტკიცებულება, რომელიც გააბათილებდა სადავო, წერილობითი ფორმით დადებულ ნასყიდობის ხელშეკრულებებს. სადავო გარიგება ვერ იქნება მიჩნეული თვალთმაქცურად, რადგან არ არსებობს მტკიცებულება, რაც სადავო გარიგების ნების გამომვლენი სუბიექტების მიერ სხვა გარიგების დაფარვაზე მიუთითებდა. მოსარჩელე მხარეს სარწმუნოდაც არ მიუთითებია და არც შესაბამისი მტკიცებულებები წარმოუდგენია. მოსარჩელე მხარე მიუთითებს და სასამართლოც იზიარებს, რომ მხარეებს შორის არსებობდა სასესხო ურთიერთობა, რომლის უზრუნველსაყოფადაც უნდა დატვირთულიყო სადავო უძრავი ნივთები. სადაო ხელშეკრულებები დადებულია 2016 წლის 07 ნოემბერს, ხოლო სარჩელის აღძვრამდე უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე განცხადებით მხარემ სასამართლოს მიმართა 2017 წლის 22 თებერვალს. წარმოდგენილი არ არის მტკიცებულება იმის თაობაზე, რომ აღნიშნულ მონაკვეთში მოსარჩელე მხარის მიერ განხორციელდა თუნდაც ერთი გადახდა სესხის ძირითადი თანხის ან საპროცენტო სარგებლის დაფარვის მიზნით.მხარე ვერ მიუთითებს ე.წ. „სესხის ხელშეკრულების“ ვადაზე, რომლის ამოწურვის შემდეგ მსესხებელს უნდა დაებრუნებინა სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა. იპოთეკა, რომელზეც მხარე მიუთითებს, არ არის რეგისტრირებული საჯარო რეესტრში, რაც სავალდებულო ხასიათს ატარებს სამოქალაქო კოდექსის 289-ე მუხლის საფუძველზე.

 

6.2. აპელანტი აღნიშნავს, რომ სასამართლომ არ შეაფასა მოსარჩელე და მოპასუხე მხარის მიერ დასამტკიცებელი ფაქტობრივი გარემოებები. მოსარჩელის მტკიცების საგანს შეადგენდა იმ ფაქტობრივი შემადგენლობის დადასტურება, რაც თვალთმაქცური გარიგების ყველა წინაპირობას მოიცავს. ამ საკითხთან მიმართებაში მხოლოდ მოწმეთა ჩვენებით არ შეიძლება დადასტურდეს ის გარემოება, რომ მხარეთა მიერ გამოვლენილი ნება არის ნაკლის მქონე, სახელშეკრულებო ურთიერთობა ფიქტიური და შესაბამისად, გარიგება ბათილი.

სამოტივაციო ნაწილი

 

7. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილეს ნაწილობრივ, უნდა გაუქმდეს სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილების 1.1., მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტები და სარჩელი დარჩეს განუხილველი, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

 

სააპელაციო პალატა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების არსებით შემოწმებამდე თვლის, რომ იმსჯელოს რამდენად დასაშვებია სარჩელი, რომლითაც მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს ბათილად იქნეს ცნობილი ო---- კ----–------–---–სა და ჯ------- კ----------–---–ს შორის 07.11.2016 წ. დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებები უძრავ ქონებებზე: 1) ს/კ 5----------- 11 600 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთზე და 2) ს/კ 5----------- 1500 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) მიწის ნაკვეთსა და მასზედ განთავსებულ 388 კვ.მ. შენობა-ნაგებობებზე. ჯ------- კ----------–---–ს ო---- კ----–------–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს მორალური ზიანი 50 000 ლარი. ამასთან სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილებით მოსარჩელე ო---- კ----–------–---–ს უარი ეთქვა მორალური ზიანის ანაზღაურებაზე, რაც მოსარჩელის მიერ არ გასაჩივრებულა და აღნიშნულ ნაწილში გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში.

 

როგორც საქმის მასალებით დგინდება და სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე თავად მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელმაც განმარტა, მისი მოთხოვნაა მხოლოდ ნასყიდობის ხელშეკრულებების ბათილად ცნობა. ამდენად, სააპელაციო პალატას მიაჩნია რომ, საპელაციო პრეტენზიათა დასაბუთებულობას შემოწმებამდე, პირველ რიგში, შესამოწმებელია აღიარებითი სარჩელის დასაშვებობა (იხ. სუსგ საქმე №ას-121-117-2016, 17 მარტი, 2016 წელი).

 

8. უპირველესად პალატა განმარტავს, რომ აღიარებითი სარჩელის დასაშვებობის, ისევე, როგორც მისი დასაბუთებულობის, საკითხის შემოწმება სამართლის საკითხია და აქედან გამომდინარე, სასამართლომ პროცესის მონაწილე მხარის პრეტენზიის არარსებობის პირობებშიც, საკუთარი ინიციატივით უნდა შეამოწმოს სარჩელის დასაშვებობა საქმისწარმოების ნებისმიერ ეტაპზე. კანონის დანაწესიდან გამომდინარე, აღიარებითი მოთხოვნა დასაშვებია, თუ იკვეთება მოსარჩელის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს, მაგალითად, მამად ცნობა, მამობის დადგენა, ქორწინების ბათილად ცნობა, ლიტერატურული ნაწარმოების ავტორად აღიარება და ა.შ. ამ სახის სარჩელების მიზანია არა სუბიექტური უფლების მიკუთვნება, არამედ უფლების სადავოობის აღმოფხვრა. ამ დროს სულაც არ არის აუცილებელი, რომ პირის უფლება დარღვეული იყოს, მაგრამ ვარაუდი იმისა, რომ მომავალში შეიძლება დაირღვეს, წარმოადგენს პირის იურიდიულ ინტერესს. ამიტომაც, ამ ტიპის სარჩელებს „უფლების დამდგენ“ სარჩელებსაც უწოდებენ. მიკუთვნებითი სარჩელებისგან განსხვავებით, აღიარებითი სარჩელის დავის საგანია თვით მატერიალურსამართლებრივი ურთიერთობა, რომელიც სუბსიდიური ხასიათის მატარებელია და იურიდიული ინტერესის არსებობა გამორიცხულია, თუ შესაძლებელია მოპასუხის მიმართ მიკუთვნებითი მოთხოვნის წარდგენა. საკასაციო სასამართლოს დიდი პალატის განმარტებით: „...გარიგებების ბათილობა ფაქტობრივ წინაპირობად უნდა იქნეს მიჩნეული და არა დამოუკიდებელ მოთხოვნად. შესაბამისად, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში სწორედ აღსრულებითი სარჩელის განხილვის შედეგი და არა კონკრეტულ გარიგებათა ბათილად ცნობა მიეთითება, რადგან თავისთავად გარიგების ბათილად ცნობა არ იწვევს რაიმე იურიდიულ შედეგს, თუკი წმინდა სამართლებრივი თვალსაზრისით აღიარებითი სარჩელი არ იხილება“ (იხ., საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 2017 წლის 2 მარტის გადაწყვეტილების /საქმე # ას-664-635-2016/ დასკვნები 231-233-ე პუნქტებში და დიდი პალატის 2016 წლის 17 მარტის /საქმე # ას-121-117-2016/ განჩინების დასკვნები 55-56-ე პუნქტებში, საქმე # ას121-117-2016; შეადარეთ ასევე, სუსგ-ებს: #ას-937-887-2015, 10.11.2015წ.; # ას-17-14-2015, 01.07.2015წ.; # ას-1069-1008-2015, 16.12.2015წ.; # ას-773-730-2015, 08.09.2015წ.; # ას-181-174-2016, 06.05.2016წ.; # ას-323-308-2016, 03.06.2016წ.; #ას-407-390-2016, 10.06.2016წ; # ას-375-359-2016, 17.06.2016წ.).

 

9. აღსანიშნავია, რომ სარჩელის ინსტიტუტის საპროცესო კლასიფიკაცია შესაძლებელია სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ანალიზით და დოქტრინაში განვითარებული შეხედულებით. სარჩელთა ძირითად სახეებად გვევლინება მიკუთვნებითი, გარდაქმნითი და აღიარებითი სარჩელები. პირველი ორი ჯგუფის სარჩელების ძირითადი მახასიათებელი ნიშანი ისაა, რომ ამ ტიპის სარჩელებზე მიღებული გადაწყვეტილება რეალური, აღსრულებადი გადაწყვეტილებაა და ამიტომ მათ აღსრულებად სარჩელადაც მოიხსენიებენ. რაც შეეხება აღიარებით სარჩელს, ის ასევე დარღვეული, თუ სადავოდ ქცეული უფლების დაცვის საპროცესო საშუალებაა, თუმცა, აღიარებითი სარჩელის მიმართ საკანონმდებლო დათქმები განსხვავებულია. იურიდიული ინტერესის არსებობა განპირობებულია არა ზოგადად მხარის სუბიექტური ინტერესით, არამედ მატერიალურ-სამართლებრივი დანაწესით, რომლის შედეგის რეალიზაცია შესაძლებელია აღიარებითი სარჩელის აღძვრით. მატერიალურ-სამართლებრივი ნორმით განსაზღვრული უფლების დაცვას უნდა ემსახურებოდეს აღიარებითი სარჩელი. სსსკ-ის 180-ე მუხლი ადგენს აღიარებითი სარჩელის იურიდიული ინტერესის განმსაზღვრელ კრიტერიუმებს, კერძოდ: ა) მოსარჩელეს უნდა ედავებოდნენ უფლებაში; ბ) დავის არსებობა უნდა ქმნიდეს მოსარჩელის უფლების მომავალში დარღვევის რეალურ საშიშროებას; გ) აღიარებითი სარჩელის გადაწყვეტა დავის გადაწყვეტის საუკეთესო საშუალება უნდა იყოს, კერძოდ, გადაწყვეტილების შედეგად სრულად გარკვეული შედეგი უნდა დგებოდეს მხარისათვის, აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილება უნდა ქმნიდეს იმ უფლებისა თუ ურთიერთობის განსაზღვრულობას, რაც მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის წარმოშობილი დავის გამო ირღვევა. მოცემულ შემთხვევაში, უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა მოსარჩელის დარღვეული უფლების აღდგენის წინაპირობა ვერ გახდება, ვინაიდან, სარჩელით არ არის მოთხოვნილი რაიმეს მიკუთვნება ან შესრულება, ხოლო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, საკუთარი ინიციატივით მიაკუთვნოს მხარეს ის, რაც მას არ მოუთხოვია (სსსკ-ის 248-ე მუხლი). სარჩელის შინაარსიდან გამომდინარე, მიკუთვნებითი მოთხოვნის წარდგენა შესაძლებელი იყო. მაგალითისათვის, მოსარჩელეს შეეძლო გარიგების ბათილობის სამართლებრივი შედეგი - კონდიქციური მოთხოვნა (სსკ-ის 976-ე მუხლის 1 „ა“ ქვეპუნქტისა და ამავე კოდექსის 979-ე მუხლის პირველი ნაწილი) წაეყენებინა მოპასუხისათვის. თუმცა, სხვა საკითხია რამდენად წარმატებული იქნებოდა სარჩელი, რადგანაც ის დაკმაყოფილებადი იქნებოდა მითითებული ნორმებით გათვალისწინებული ფაქტობრივი წინაპირობების (სამართლებრივი წინაპირობების) კანონით დადგენილი თანმიმდევრობით განხორციელებისა (შესრულების) და მოთხოვნის გამომრიცხავი, შემწყვეტი ან მისი განხორციელების ხელისშემშლელი გარემოებების არარსებობის შემთხვევაში. (სუსგ ას-50-50-2018)

 

10. „ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის“ ევროპულ კონვენციის მე-6 მუხლით აღიარებულია სამართლიანი სასამართლოს პრინციპი. კონვენციის აღნიშნული დათქმა, ევროსასამართლოს პრეცედენტული პრაქტიკის თანახმად, ექვემდებარება ფართო განმარტებას და თავის თავში არა მხოლოდ საქმის მიუკერძოებელ განხილვას, არამედ სამართლიან გადაწყვეტასაც მოიცავს, რაც თავისთავად მიანიშნებს იმაზე, რომ მართლმსაჯულების განხორციელება არ უნდა ატარებდეს ფორმალურ ხასიათს, არამედ, სამართალწარმოების მიზანი დარღვეული უფლების ეფექტიან და რეალურ დაცვაზეა ორიენტირებული, რაც ეროვნული სასამართლოს მიერ საკითხის ამომწურავ გადაწყვეტაზე მიანიშნებს და არა ფორმალური ხასიათის სამართალწარმოებაზე, რომელსაც დავის აღმოფხვრა არ მოჰყვება შედეგად. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30). ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო დეტალურად აღარ იმსჯელებს განსახილველი სააპელაციო საჩივრის იმ პრეტენზიებზე, რომელთაც საქმის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობა არ გააჩნიათ.

 

11. პალატა განმარტავს, რომ პროცესუალური საკითხები, რომლებიც სსსკ-ით დადგენილი წესებითაა მოწესრიგებული სავალდებულოა, როგორც მხარეებისათვის, ასევე სასამართლოსათვის. შესაბამისად, საპროცესო საკითხები (მათ შორის სარჩელის განუხილველად დატოვება) ყველა შემთხვევაში უნდა საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი მოწესრიგების საფუძველზე.

 

12. პალატა მოიხმობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 21 ოქტომბრის განჩინებას საქმეზე #ას-272-259-2016, სადაც აღნიშნულია, რომ სარჩელის მოთხოვნათა მიხედვით შესაძლებელია მათი შემდეგი კლასიფიკაცია: მიკუთვნებითი, ანუ აღსრულებითი სარჩელი -მოთხოვნა გულისხმობს მოპასუხისათვის გარკვეული მოქმედების შესრულების დაკისრებას ოსარჩელის სასარგებლოდ. 2. აღიარებითი სარჩელი - რომელიც აღძრულია უფლებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენის, დოკუმენტის ნამდვილობის აღიარების ან დოკუმენტის სიყალბის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს ამის იურიდიული ინტერესი. 3. გარდაქმნითი სარჩელი - მოთხოვნა მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის შეცვლა-შეწყვეტისაკენ. იურიდიული ინტერესი არის ის ფაქტობრივი და სამართლებრივი შედეგი, რომლის მიღწევასაც ცდილობს მხარე აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილებით. აღიარებითი სარჩელის მიმართ ნამდვილი იურიდიული ინტერესის არარსებობა არათუ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, არამედ სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის საფუძველსაც კი წარმოადგენს. დავის მიმართ იურიდიული ინტერესის არსებობის შემოწმება განეკუთვნება სამართლის საკითხს, შესაბამისად, ვიდრე საქმის განმხილველი სასამართლო სარჩელის საფუძვლიანობას შეამოწმებს, მნიშვნელოვანია, შეფასდეს, აქვს თუ არა მოსარჩელეს ნამდვილი იურიდიული ინტერესი დავის მიმართ და უზრუნველყოფს თუ არა მოსარჩელის მოთხოვნა ამ ინტერესის დაკმაყოფილებას.აღიარებითი სარჩელის შემთხვევაში, იურიდიული ინტერესის არსებობა განპირობებულია არა ზოგადად მხარის ინტერესით, არამედ მატერიალურ-სამართლებრივი დანაწესით, რომლის შედეგის რეალიზაცია შესაძლებელია აღიარებითი სარჩელის აღძვრით. აღიარებითი სარჩელი უნდა ემსახურებოდეს მატერიალურ-სამართლებრივი ნორმით განსაზღვრული უფლებისდაცვას. სსსკ-ის 180-ე მუხლის განმარტების შედეგად საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილებით, მოსარჩელემ უნდა განახორციელოს კონკრეტული უფლება და ამ უფლების განხორციელება დაკავშირებული უნდა იყოს უშუალოდ აღიარებითი სარჩელით მოთხოვნილი უფლების აღიარებასთან. სხვა საკითხია იურიდიული შედეგის არსებობის ან არარსებობის დადგენის სურვილი. იურიდიული ინტერესის არსებობის დადგენისათვის უპირატესად უნდა გაირკვეს, გაუმჯობესდება თუ არა მოსარჩელის სამართლებრივი მდგომარეობა მისი აღიარებითი მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში“ (იხ. სუსგ # ას- 125-121-2016, 21.04.2016წ.; ასევე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 17.03.2016წ. გადაწყვეტილების 55-56 პუნქტები).

 

13. პალატა განმარტავს, რომ სარჩელის სახეებად დაყოფას (მიკუთვნებითი, გარდაქმნითი და აღიარებითი) პრაქტიკული მნიშვნელობა გააჩნია და უზრუნველყოფს პირის კანონით დაცული უფლებისა და ინტერესების სასამართლო წესით დაცვას. როგორც წესი, მოსარჩელის ინტერესი განსაზღვრული სამართლებრივი შედეგის მიღწევას უკავშირდება (მაგ. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება, ქონების დაბრუნება, პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა, ზიანის ანაზღაურება და ა.შ), რომელიც მხოლოდ მიკუთვნებითი სარჩელით მიიღწევა და ასეთ შემთხვევაში, აღიარებითი სარჩელის აღძვრა დაუშვებელია, რადგანაც, პროცესის ეკონომიის პრინციპიდან გამომდინარე, დარღვეული უფლების აღდგენასა და სამართლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებას პირმა ერთი და არა რამდენიმე სარჩელის აღძვრის გზით უნდა მიაღწიოს, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილებას მოსარჩელისათვის მისთვის სასარგებლო შედეგი უნდა მოჰქონდეს და მიკუთვნებითი სარჩელის აღძვრის საჭიროება აღარ უნდა არსებობდეს. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ აღძრული აღიარებითი სარჩელი არ იყო დასაშვები, რადგანაც ის არ პასუხობდა სსსკ-ის 178-ე მუხლის მოთხოვნებს. ამ ნორმის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტის თანახმად, სარჩელში უნდა ყოფილიყო აღინიშნული სსსკ-ის 180-ე მუხლით გათვალისწინებული იურიდიული ინტერესი („სსსკ-ის 180-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარეობს აღიარებითი სარჩელის იურიდიული ინტერესის განმსაზღვრელი შემდეგი კრიტერიუმები: ა) მოსარჩელეს უნდა ედავებოდნენ უფლებაში; ბ) დავის არსებობა უნდა ქმნიდეს მოსარჩელის უფლების მომავალში დარღვევის რეალურ საშიშროებას; გ) აღიარებითი სარჩელის გადაწყვეტა დავის გადაწყვეტის საუკეთესო საშუალება უნდა იყოს, კერძოდ, გადაწყვეტილების შედეგად სრულად გარკვეული შედეგი უნდა დგებოდეს მხარისათვის, აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილება უნდა ქმნიდეს იმ უფლებისა თუ ურთიერთობის განსაზღვრულობას, რაც მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის წარმოშობილი დავის გამო ირღვევა... შდრ.სუსგ # ას-838-802-2014, 19.03.2015წ.).

 

14. პალატა მიიჩნევს, რომ, მოცემულ შემთხვევაში, ბათილად იქნეს ცნობილი ო---- კ----–------–---–სა და ჯ------- კ----------–---–ს შორის 07.11.2016 წ. დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებები უძრავ ქონებებზე: 1) ს/კ 5----------- 11 600 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთზე და 2) ს/კ 5----------- 1500 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) მიწის ნაკვეთსა და მასზედ განთავსებულ 388 კვ.მ. შენობა-ნაგებობებზე. მოსარჩელე მხარის დარღვეული უფლების აღდგენის წინაპირობა ვერ გახდება, ვინაიდან, მოსარჩელის მიერ სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში არ არის მოთხოვნილი რაიმეს მიკუთვნება ან შესრულება, ხოლო სასამართლო არ არის უფლებამოსილი საკუთარი ინიციატივით მიაკუთვნოს მხარეს ის, რაც მას არ მოუთხოვია (სსსკ-ის 248-ე მუხლი). (სუსგ ას-50-50-2018)

 

15. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის და მე-4 მუხლის, თანახმად, სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ სასამართლოს უპირველესი ამოცანა სამოქალაქო უფლების მართლზომიერად განხორციელების უზრუნველყოფაში მდგომარეობს. ნებისმიერი დავის განხილვისას, როგორც წესი, სასამართლო ამოწმებს უფლების გამოყენებისა და ვალდებულების შესრულების მართლზომიერების საკითხს და მის საფუძველზე აფასებს მხარეთა მიერ სასამართლოს წინაშე დაყენებულ მოთხოვნათა მართებულობას. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლოსათვის მიმართვის უფლება თავის მნიშვნელობას კარგავს. უფლების გამოყენების მართლზომიერების შესაფასებლად კი, აუცილებელია მისი გამოყენების განმაპირობებელ გარემოებათა მართლზომიერების შეფასება. სარჩელის უფლება თავის თავში ორ კომპონენტს მოიცავს: სარჩელის აღძვრასა და სარჩელის დაკმაყოფილებას. სარჩელის აღძვრის უფლება, რომელსაც ხშირად სარჩელის პროცესუალურ უფლებას უწოდებენ, არის პირის უფლება, მოითხოვოს სასამართლოსაგან დავის განხილვა და მისი დადგენილი პროცედურის შესაბამისად გადაწყვეტა. სარჩელის შეტანის გზით პირი იცავს თავის უფლებას და შელახულ ინტერესებს, სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება კი იმავდროულად იწვევს მისი პრეტენზიის აღმოფხვრას, ვინაიდან სადავოდ მიჩნეული უფლება მოდავე პირის სასარგებლოდაა დაცული და, შესაბამისად, მხარის იურიდიული ინტერესიც დაკმაყოფილებულია. პალატა განმარტავს, რომ მოსარჩელის მოთხოვნის, ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის დაკმაყოფილების შემთხვევაშიც, მოსარჩელის ნამდვილი იურიდიული ინტერესი და მიზანი მიღწეული ვერ იქნება, მოსარჩელეს ვერ აღუდგება უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლება, ხოლო გადაწყვეტილება იქცევა აღსრულებელ გადაწყვეტილებად.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო საქმეში - აპოსტოლი საქართველოს წინააღმდეგ (განაცხადის ნომერი: 40765/02), მიუთითებს რომ სინამდვილეში, ხალხისათვის, საზოგადოებისათვის მთავარია, არა თავისთავად აღებული კანონები, სხვა იურიდიული დოკუმენტები, ამ იურიდიულ დოკუმენტებში არსებული ნორმები და არც ვალდებულებების, აკრძალვების ჯამი, არამედ ის გადამწყვეტი გარემოებები, რასაც იურიდიულად, რეალურად აძლევენ ეს ნორმები. სასამართლო შეგვახსენებს, რომ მე-6 (§1) მუხლი ნებისმიერ პირს აძლევს შესაძლებლობას, სასამართლოს წარუდგინოს თავის სამოქალაქო უფლებებთან და მოვალეობებთან დაკავშირებული საჩივარი (იხ. Golder c. Royaume-Uni , 21 février 1975, §§ 28-36, série A no 18). სასამართლოსათვის საჩივრის წარდგენის უფლება არ არის თეორიული უფლება და არ უზრუნველყოფს მხოლოდ უფლების აღიარებას საბოლოო გადაწყვეტილების მეშვეობით, არამედ ასევე შეიცავს ლეგიტიმურ მოლოდინს იმასთან დაკავშირებით, რომ გადაწყვეტილება აღსრულდება. (შესაბამისად მოხდება მოსარჩელის პრეტენზიების და იურიდიული ინტერესების დაკმაყოფილება) საქართველოს კონსტიტუციითა და ადამიანის უფლებათა კონვენციით უზრუნველყოფილია მართალმსაჯულების განხორციელებითა და სასამართლო ხელმისაწვდომობის გზით დარღვეული უფლებების აღდგენა, სადავო უფლების დადგენა და რეალიზაცია, თუმცა ამისათვის მოსარჩელემ კონკრეტულად უნდა მიუთითოს რაში მდგომარეობს ამ უფლების ხელყოფა, და ჩამოაყალიბოს სასარჩელო მოთხოვნა იმგვარად რომ საფუძვლიანობის შემთხვევაში იძლეოდეს აღსრულების ან/და მოსარჩელის რეალურ იურიდიული ინტერესის დაკმაყოფილების საშუალებას და დარღვეული/სადავო უფლებებში აღდენის შესაძლებლობას, რასაც, მოცემულ შემთხვევაში ამ სახით წარმოდგენილი სარჩელის აღძვრის შემთხვევაში ადგილი ვერ ექნება.

 

16. პალატა დამატებით განმარტავს, რომ იმ პირობებში, როდესაც აღძრულია აღიარებითი სარჩელი და შესაძლებელია მიკუთვნებითი სარჩელის აღძვრა უძრავი ქონების საკუთრებაში დაბრუნებასთან დაკავშირებით, სახეზეა სარჩელის განუხილველად დატოვების წინაპირობები.

 

17. სააპელაციო პალატა ხელმძღვანელობს სსსკ-ის 372-ე მუხლით და 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რომლის თანახმადაც, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის შესახებ მოსამართლის განჩინება ჩაჰბარდება მოსარჩელეს, რომელსაც იმავდროულად უბრუნდება მის მიერ შეტანილი დოკუმენტები. თუ სარჩელის მიღებაზე უარის თქმის საფუძველი გამოვლინდება ამ სარჩელის წარმოებაში მიღების შემდეგ, მაშინ იმის მიხედვით, თუ როგორია ეს საფუძველი, სასამართლო შეწყვეტს საქმისწარმოებას ან სარჩელს განუხილველად დატოვებს (ამ კოდექსის 272-ე და 275-ე მუხლები). მთავარი სხდომის დანიშვნამდე სარჩელის განუხილველად დატოვების შემთხვევაში, მოსარჩელეს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი, ხოლო საქმის მთავარ სხდომაზე განხილვისას სარჩელის განუხილველად დატოვების შემთხვევაში, სახელმწიფო ბაჟი მოსარჩელეს არ დაუბრუნდება. პალატა განმარტავს, რომ მოხმობილი ნორმა მითითებითი ხასიათისაა და მასში ამავე კოდექსის 275-ე მუხლის წინაპირობების შემოწმებაზეა საუბარი, თუმცა, ეს უკანასკნელი ნორმაც არ შეიცავს სარჩელის განუხილველად დატოვების ამომწურავ ჩამონათვალს, რის გამოც, დასაშვებია საპროცესო ანალოგიის პრინციპის გამოყენება (სსსკ-ის მე-7 მუხლი) იმ შემთხვევისათვის, როდესაც იკვეთება სარჩელის მიღებაზე უარის თქმის კანონით გათვალისწინებული სხვა შემთხვევა (შდრ.სუსგ Nას-302-285-2017 ; №ას-551-522-2015 ; სუსგ #ას-91-91-2018)

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატა თვლის, რომ ო---- კ----–------–---–ის სარჩელი მოპასუხე ჯ------- კ----------–---–ის მიმართ ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე, უნდა დარჩეს განუხილველი. შესაბამისად აპელანტს ჯ------- კ----------–---–ს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 1 840 ლარის 70 პროცენტის ოდენობით. (იხ. სუსგ საქმე #ას-955-2018)

 

18. სააპელაციო სასამართლო სსსკ 199 პრიმა მუხლის შესაბამისად აუქმებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოყენებულ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებას სარჩელის განუხილველად დატოვების გამო;

 

სამოქალაქო საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 187-ე, 394-ე, 414-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ჯ------- კ----------–---–ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

2. გაუქმდეს სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილება გასაჩივრებულ 1.1.; მე-2; მე-3 და მე-4 პუნქტების ნაწილში.

 

3. ზ---- (ო----) კ----–------–---–ის სარჩელი დარჩეს განუხილველი.

 

4. გაუქმდეს სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 22 თებერვლის განჩინება სარჩელის აღძვრამდე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ შუამდგომლობის ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე;

 

5. ჯ------- კ----------–---–ს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს ვ-----------–----ის მიერ 2018 წლის 01 ივნისს #1 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 1840 ლარიდან 70 პროცენტი 1288 ლარის ოდენობით.

 

6. განჩინებაზე დაიშვება კერძო საჩივრის წარდგენა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების 32), თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის (თბილისი, გრიგოლ რობაქიძის 7ა) მეშვეობით 12 დღის ვადაში.

 

თავმჯდომარე: დიანა ბერეკაშვილი

 

მოსამართლეები: ქეთევან დუგლაძე

 

ბესარიონ ტაბაღუა