განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 26.02.2019
საქმის ნომერი
820210116001631396
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
26.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 820210116001631396

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

საქმე №2/ბ-915-2018 29 იანვარი, 2019 წელი

ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

მოსამართლე სიმონ ჩხაიძე

 

ზეპირი მოსმენის გარეშე

 

აპელანტი - შპს ქ-------- გ-----ი

წარმომადგენელი - ე-------------ე

მოწინააღმდეგე მხარე - შპს მ--------–ი

წარმომადგენელი - პ------–----ე

 

დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა, ხელშეშლის აღკვეთა

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 13 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და 2018 წლის 17 ივლისის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ

 

1. აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილებისა და განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებით მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო შპს მ--------–ის წარმომადგენელის პაატა შავძის სარჩელი დაკმაყოფილდა. აღკვეთილი იქნა მოსარჩელის საკუთრების უკანონო ხელყოფა და გამოთხოვილი იქნა მოპასუხე შპს ქ-------- გ-----ის (ს/კ 2--------) (დირექტორი ი--------- ქ--------ი პ/ნ 6----------) უკანონო მფლობელობიდან მოსარჩელე შპს მ--------–ის (ს/კ 44-------) საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთი - იაპონური ფირმის DA---O ექსკავატორი - S---R 2------ და პირვანდელი მდგომარეობით დაუბრუნდა მოსარჩელეს. გასაჩივრებული განჩინებით შპს მ--------–ის სარჩელზე მოპასუხის შპს ქ-------- გ-----ის წარმომადგენელის ე-------------ის საჩივარი ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 13 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე არ დაკმაყოფილდა და ძალაში დარჩა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 13 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება. რაიონულმა სასამართლომ დაადგინა: დასკვნები ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით დაუსწრებელი გადაწყვეტილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლებია: 2.1. 2018 წლის 13 ივნისს საქმის განხილვის მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე მხარე შპს ქ-------- გ-----ის წარმომადგენელი ე-------------ე, რომლისთვისაც ცნობილი იყო საქმის განხილვის დროისა და ადგილის შესახებ (ეცნობა სატელეფონო შეტყობინებით 2018 წლის 28 მაისს), არ გამოცხადდა სასამართლო პროცესზე. მის მიერ 2018 წლის 13 ივნისს წარმოდგენილი იქნა განცხადება სხდომის გადადების შესახებ, ვინაიდან მიუთითა, რომ იმავე დღეს მონაწილეობას იღებდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში სისხლის სამართლის საქმზე სააპელაციო საჩივრის განხილვაში, განცხადებას ერთვოდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს უწყება, რომელიც დათარიღებული იყო 2018 წლის 12 ივნისით. 2.1.1. მოსარჩელე მხარემ იშუამდგომლა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისა და სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. 2.1.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება. ამავე მუხლის მეორე ნაწილიდან გამომდინარე თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე. 2.1.3. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხე მხარის გამოუცხადებლობა არ შეიძლება მიჩნეულიყო საპატიო მიზეზად შემდეგ გარემოებათა გამო: საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილით - ამ კანონის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. 2.1.4. მოპასუხე მხარის წარმომადგენლისთვის რამდენიმე დღით ადრე (2018 წლის 25 მაისს) ცნობილი იყო სხდომის თარიღი - 2018 წლის 13 ივნისი. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ სააპელაციო საჩივრის განხილვის შესახებ მოპასუხის წარმომადგენელს ეცნობა 2018 წლის 12 ივნისს. 2.1.5. სასამართლომ განმარტა, რომ მხარის წარმომადგენელს თავისი უფლებამოსილების განხორცილებისას არ უნდა მიენიჭებინა პრიორიტეტი კონკრეტული საქმისათვის სხვა საქმის ხარჯზე. აღნიშნული შეზღუდვა მკაცრად ყოფილიყო გათვალისწინებული მით უფრო მაშინ, როდესაც საქმე ეხებოდა მართლმსაჯულების განხორცილების პროცესს. წარმომადგენელი ვალდებული იყო წინასწარი და გონივრული გათვლა განეხორციელებინა სამუშაო დროის თაობაზე, რათა არ დაზიანებულიყო სხვა პირის ინტერესები. მხარე მოვალე იყო მონაწილეობა მიეღო იმ პროცესში, რომლის თაობაზეც მისთვის ცნობილი იყო რამდენიმე დღით ადრე. 2.1.6. სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელში მითითებული და დამტკიცებულად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე, 172-ე, თანახმად, იურიდიულად ამართლებდა სასარჩელო მოთხოვნას. ამასთან, არ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოებები, რაც გათვალისწინებული იყო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლით. დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ განჩინების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლებია:

 

2.2. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 238-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საჩივარი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გადასინჯვისა და საქმის განახლების შესახებ უნდა შეიცავდეს: გარემოებებს, რომლებიც ადასტურებს, რომ სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობა ან პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით.

 

2.2.1. სასამართლომ აღნიშნაა, რომ განსახილველი საქმე რამდენჯერმე იქნა გადადებული საჩივრის ავტორის გამოუცხადებლობის გამო, სადაც იგი მიუთითებდა, რომ იგი მონაწილეობას იღებდა სხვადასხვა საქმეების განხილვაში. საჩივრის ავტორის მიერ წარმოდგენილი იქნა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მას სასამართლო პროცესი ჰქონდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში, რომლის შესახებაც მას ეცნობა სატელეფონო შეტყობინებით 2018 წლის 15 მაისს. თუმცა სასამართლოსათვის უცნობი იყო მითითებულ პროცესზე გამოცხადდა და მიიღო თუ არა მონაწილეობა, რის შესახებაც მხარეს რაიმე მტკიცებულება არ წარუდგენია სასამართლოსათვის.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განჩინება მისი ძალაში დატოვების შესახებ გაასაჩივრა შპს ქ-------- გ-----მა: ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები 3.1. საჩივრის ავტორის მიერ წარმოდგენილი იქნა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მას სასამართლო პროცესი ჰქონდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში, რომლის შესახებაც მას ეცნობა სატელეფონო შეტყობინებით 2018 წლის 15 მაისს. 3.2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში აპელანტის წარმომადგენელი იცავდა ბრალდებულის, თურქეთის მოქალაქის ინტერესებს, რომელიც აღნიშნულ პროცესში მონაწილეობას არ იღებდა, არ ფლობდა სახელმწიფო ენას, რის გამოც დანიშნული იყო სავალდებულო დაცვა.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების დასაბუთება პალატამ დაადგინა, რომ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ: ფაქტობრივი დასაბუთება 4.1. დადგენილია, რომ შპს მ--------–იმ სარჩელი აღძრა შპს ქ-------- გ-----ის წინააღმდეგ და მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან სატრანსპორტო საშუალების გამოთხოვა მოითხოვა. 4.2. სასამართლომ სარჩელი წარმოებაში მიიღო და დანიშნა მოსამზადებელი სხდომები, რომელთა ნაწილიც, როგორც მოსარჩელე, ისე მოპასუხე მხარის შუამდგომლობის საფუძველზე რამდენჯერმე გადაიდო. 4.3. საქმეზე ბოლო მოსამზადებელი სხდომა დაინიშნა 2018 წლის 13 ივნისს 16 საათზე, რის თაობაზეც აპელანტის წარმომადგენელს სატელეფონო შეტყობინებით ეცნობა 2018 წლის 28 მაისს. 4.4. 2018 წლის 13 ივნისს, 11 საათსა და 52 წთ-ზე სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა აპელანტის წარმომადგენელმა და მოითხოვა სხდომის გადადება იმ მოტივით, რომ იმავე დღეს, 14 საათზე იგი მონაწილოებას იღებდა სისხლის სამართლის საქმის განხილვაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში. 4.4.1. შუამდგომლობას განმცხადებელმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ 2018 წლის 12 ივნისს შედგენილი უწყება დაურთო. 4.5. ამის მიუხედავად, რაიონულმა სასამართლომ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და დაუსწრებელი გადაწყვეტილება გამოიტანა. სამართლებრივი დასაბუთება 4.6. პალატას მიაჩნია, რომ რაიონული სასამართლოს 2018 წლის 13 ივნისის სხდომაზე აპელანტის წარმომადგენლის გამოუცხადებლობა საპატიო მიზეზით იყო გამოწვეული. 4.6.1. პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ამ კანონის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია... განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას... 4.6.2. როგორც აღინიშნა, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ 2018 წლის 12 ივნისს გაცემული უწყების თანახმად, აპელანტის წარმომადგენელს 2018 წლის 13 ივნისს, 14 საათზე მონაწილეობა უნდა მიეღო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში სისხლის სამართლის საქმის განხილვაში. 4.6.3. ამ ვითარებაში, იმავე დღეს, 16 საათზე ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში საქმის განხილვაში იგივე პირი მონაწილეობას, სავსებით გასაგები და ყველასათვის ცნობილი მიზეზებით, ვერანაირად მიიღებდა (შდრ. სუსგ: №ას-1047-2018, 30 ნოემბერი, 2018 წელი, პ. 16). 4.6.4. ამრიგად, აპელანტის წარმომადგენელი სხდომაზე განსაკუთრებული და ობიექტური, ე.ი. მისგან დამოუკიდებელი გარემოების გამო ვერ გამოცხადდა. 4.7. პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს საერთო სასამართლოები, რასაკვირველია, ითვალისწინებენ მხარეთა მოსაზრებებს სხდომის თარიღთან დაკავშირებით, თუმცა, საბოლოოდ, მას მაინც თავად განსაზღვრავენ. 4.7.1. ამის შესაბამისად, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ სისხლის სამართლის საქმის განხილვის თარიღად, მაინცდამაინც, 2018 წლის 13 ივნისის დადგენის გამო აპელანტის წარმომადგენელს პასუხისმგებლობა ვერ დაეკისრება. 4.8. პალატა არ იზიარებს რაიონული სასამართლოს პოზიციას საქმეთა პრიორიტეტული მნიშვნელობის თაობაზე. 4.8.1. ამასთან, ნათელი არ არის, თუ რის საფუძველზე უნდა მიენიჭებინა აპელანტის წარმომადგენელს უპირატესობა სამოქალაქო საქმისათვის სისხლის სამართლის საქმის საზიანოდ; 4.8.2. თუ აპელანტის წარმომადგენელი მონაწილეობას მიიღებდა რაიონულ სასამართლოში დანიშნული საქმის განხილვაში, იგი, ცხადია, ვერ დაესწრებოდა სააპელაციო სასამართლოს სხდომას. ამას კი, შესაძლოა, მსჯავრდებულის ინტერესების დარღვევა გამოეწვია. 4.8.3. ამგვარად, ზემოხსენებული გარემოება სხდომაზე გამოუცხადებლობის არასაპატიოდ მიჩნევის საფუძველი არ არის. 4.9. როგორც აღინიშნა, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სხდომა 2018 წლის 13 ივნისს, 16 საათზე ჩატარდა, რაიონულმა სასამართლომ კი დაუსწრებელი გადაწყვეტილება 14:33 საათზე გამოიტანა. 4.9.1. 16 საათზე სხდომაში ფაქტიურად მონაწილეობის მიღების დამადასტურებელ საბუთს მხარე სასამართლოს 14 საათზე, ე.ი. სხდომამდე ორი საათით ადრე ბუნებრივი მიზეზების გამო ვერ წარუდგენდა. 4.9.2. ამის შესაბამისად, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა ზემოხსენებული მოტივით შეუძლებელი იყო. 4.10. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის 1 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის. 4.11. როგორც აღინიშნა, სასამართლო სხდომაზე აპელანტის გამოცხადებლობა საპატიო მიზეზით იყო გამოწვეული, ამის თაობაზე მან სასამართლოს დროულად აცნობა და შესაბამისი მტკიცებულებაც წარუდგინა. 4.12. ამის გამო, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის საფუძვლები არ არსებობდა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის თანახმად, როგორც დაუსწრებელი გადაწყვეტილება, ისე განჩინება მისი ძალაში დატოვების თაობაზე უნდა გაუქმდეს. 4.13. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის 1 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას ამოწმებს. 4.13.1. პირველი ინსტანციის სასამართლოს კი საქმე არსებითად არ განუხილავს. ამ ვითარებაში, სააპელაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი სარჩელის საფუძვლიანობაზე იმსჯელოს. 4.14. ამის გამო, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის 1 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტისა და 394-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საქმე განსახილველად რაიონულ სასამართლოს უნდა დაუბრუნდეს.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს რაიონულ სასამართლოს.

 

6. საპროცესო ხარჯები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, საპროცესო ხარჯის განაწილების საკითხი უნდა გადაწყდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანის დროს.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. შპს ქ-------- გ-----ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 13 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და 2018 წლის 17 ივლისის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს;

3. საპროცესო ხარჯის განაწილების საკითხი გადაწყდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანის დროს;

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე სიმონ ჩხაიძე