განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100118002476063
საქმე №1ბ/214-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
27 თებერვალი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე მზია ლომთათიძემ
ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ან-------ას სააპელაციო საჩივრის საფუძველზე ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:
სა---------------------ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–-----------------ს, საქართველოს მოქალაქის, პირადი #-----------, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების: ქ. თბილისი, ფ-------–-----------–---–------------, დანაშაულებისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,126-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,კ“ ქვეპუნქტით.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 19 დეკემბრის განაჩენით სა---------------------ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111.126-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,კ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.
სა---------------------ს ბრალი დაედო მასზედ, რომ ჩაიდინა:
1) ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ.
2) ძალადობა, ესე იგი სისტემატური ცემა და სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე ან 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ.
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
1) 2018 წლის 24 აპრილამდე, დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში, ქ. თბილისში, ს------–----------–-–-----------–---–------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, სა---------------------ი სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ პირს - სი-----------------ას, რაც მის ფსიქიკურ ტანჯვას იწვევდა. სისტემატური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტებს ესწრებოდნენ მათი არასრულწლოვანი შვილები 4 წლის სა----------------------ი და 3 წლის შა---–------------------ი.
2) 2018 წლის 24 აპრილის ჩათვლით, დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში, ქ. თბილისში, ს------–----------–-–-----------–---–------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, სა---------------------ი საყოფაცხოვრებო კონფლიქტის და სიტყვიერი შელაპარაკების ნიადაგზე სისტემატურად ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ პირს - სი----------------------ვს.
ფიზიკური ძალადობის ფაქტები ბოლოს განხორციელდა:
2018 წლის 22 აპრილს, დაახლოებით 15:00 საათზე, ქ. თბილისში, ს------–----------–-–-----------–---–------------ში, სა---------------------მა სი-----------------ას მიაყენა შეურაცხყოფა და სახის არეში რამოდენიმეჯერ ხელი დაარტყა. მეორე დღეს, 2018 წლის 23 აპრილის დღის საათებში, იმავე მისამართზე, სა---------------------მა სი-----------------ას, კვლავ შეურაცხყოფა მიაყენა და თავის არეში მუშტებით დაუწყო ცემა, ამავდროულად თმაში წაავლო ხელი, წააქცია და ამ მდგომარეობაში ოთახში ათრია. 2018 წლის 24 აპრილის საღამოს საათებში, სა---------------------მა მათ საცხოვრებელ ბინაში კვლავ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა - სახის და თავის არეში გაშლილი ხელებით ცემა.
სისტემატური ფიზიკური ძალადობის განხორციელება იწვევდა სი-----------------ას ფიზიკურ ტანჯვას. სისტემატური ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტებს ესწრებოდნენ მათი არასრულწლოვანი შვილები 4 წლის სა----------------------ი და 3 წლის შა---–------------------ი.
პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:
საქმეში არ მოიპოვება სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო, აშკარა, დამაჯერებელი, საკმარისი და ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაარწმუნებდა ბრალდებულ სა---------------------ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,126-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ან-------ამ, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 19 დეკემბრის გამამართლებელი განაჩენის გაუქმება და სა---------------------ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,126-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის, შემდეგ გარემოებათა გამო:
აპელანტს მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი, რადგან აღნიშნულ ბრალთან მიმართებით არსებობს გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი, რომელიც ქმნიდა გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობას და ობიექტურ პირს დაარწმუნებდა სა---------------------ის ბრალეულობაში.
სისხლის სამართლის საქმეზე დაკითხულნი იქნენ საქმისათვის მნიშვნელოვანი მოწმეები, რომელთაც აქვთ გამართლებულ სა---------------------თან ახლო ურთიერთობა და არიან მისი ახლობლები. აღნიშნულ პირთა მიერ სასამართლოში განხორციელდა არსებითად საწინააღმდეგო ინფორმაციის მიწოდება, რაც დაფიქსირებული იყო გამოძიების ეტაპზე. მოწმეთა მიერ განხორციელდა ცრუ ჩვენებების მიცემა, რაც განპირობებული იყო სა---------------------ისათვის პასუხისმგებლობისაგან თავის არიდების მიზნით.
აპელანტი აღნიშნავს, რომ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება დაიწყო უშუალოდ დაზარალებულ სი-----------------ას განცხადების საფუძველზე, რომლითაც დადასტურებულია, რომ 2018 წლის 25 აპრილს პოლიციის განყოფილებაში გამოცხადდა სი-----------------ა და განმარტა, რომ მისი მეუღლე - სა---------------------ი სისტემატურად სცემს და აყენებს მას სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას.
სისხლის სამართლის საქმეზე მოწმის სახით დაიკითხა გამომძიებელი გი--------------ა, რომელმაც დაადასტურა, რომ მოწმეთა გამოკითხვა განხორციელდა საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად და მათზე ზემოქმედებას ადგილი არ ჰქონია. გამომძიებელ დ-----------–---–ის ჩვენება უდავოდ ცნო დაცვის მხარემ, შესაბამისად მის მიერ ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებებში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს.
გამართლებულ სა---------------------მა და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა მა-------------ემ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის შესაგებელით პირველი ინსტანციის სასამართლოს გამამართლებელი განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვეს.
სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
აპელანტის პოზიციას, რომ ბრალდების მხარის მიერ სასამართლოსათვის წარდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება სა---------------------ის მიერ ოჯახში ძალადობის ჩადენის ფაქტი, პალატა არ იზიარებს და ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებას, რომ მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც საკმარისი იქნებოდა გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის, ვინაიდან სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით არ იქნა დადგენილი ის ფაქტობრივი გარემოებები, რომ სა---------------------ი სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ პირს - სი-----------------ას ცემდა და სხვაგვარად ძალადობდა მასზე არასრულწლოვნის თანდასწრებით, კერძოდ:
ბრალდების მხარემ თავისი პოზიციის დასასაბუთებლად სასამართლოს წარუდგინა შემდეგი მტკიცებულებები: დაზარალებულ სი-----------------ას გამოკითხვის ოქმები, მოწმეების: აგ--–------------------ის და თა---–--------------ას გამოკითხვის ოქმები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი და სხვა.
ბრალდებულმა სა---------------------მა წარდგენილ ბრალდებაში არ ცნო თავი დამნაშავედ და სასამართლოს მოახსენა, რომ სი-----------------ა მისი მეუღლეა, რომელთანაც ჰყავს ორი შვილი. ისინი ერთად მუშაობენ და ვაჭრობენ. 2018 წლის 24 აპრილს მას და მის მეუღლეს კონფლიქტი მოუვიდათ საყოფაცხოვრებო თემაზე, კერძოდ საპატრულო პოლიციის ჯარიმის გადახდასთან დაკავშირებით. კონფლიქტი გამოიხატებოდა სიტყვიერ დაპირისპირებაში, ხოლო ფიზიკურ შეურაცხყოფას ადგილი არ ჰქონია. ხსენებულ კონფლიქტს შვილები არ შესწრებიან, რადგან ერთი მათგანი სიდედრთან იმყოფებოდა, ხოლო მეორე - მეზობელთან. ზოგადად სა---------------------ს მეუღლესთან და შვილებთან ნორმალური ურთიერთობა აქვს. სი-----------------ამ სავარაუდოდ ემოციების გამო მიმართა პოლიციას, სხვა დროს ასეთ ფაქტს მათ ოჯახში ადგილი არ ჰქონია, მეუღლის მიმართ არასოდეს განუხორციელებია ძალადობრივი ქმედება.
სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას დაზარალებულმა ს-----------------ამ, მოწმეებმა: თა---–--------------ამ და აგ--–------------------მა არ დაადასტურეს გამოკითხვის ოქმებში დაფიქსირებული ფაქტობრივი გარემოებები და უარყვეს სა---------------------ის მიერ მეუღლის მიმართ რაიმე სახის ძალადობის განხორციელების ფაქტი, კერძოდ:
დაზარალებულმა სი-----------------ამ სასამართლოში განმარტა, რომ იგი არის სა---------------------ის მეუღლე. 2018 წლის აპრილის მდგომარეობით ცხოვრობდა გ-------–---–--------ზე ოჯახთან - მეუღლესთან და შვილებთან: 3 წლის შ----–----------------თან და 5 წლის ს---------------------თან ერთად. 2018 წლის აპრილის თვეში მასა და სა---------------------ს შორის არსებული კონფლიქტის მიზეზი საყოფაცხოვრებო ხასიათის იყო, რომელიც მხოლოდ სიტყვიერი შეურაცხყოფით შემოიფარგლა. კამათის დროს ფიზიკური ძალადობა არ ყოფილა. სი-----------------ამ აღნიშნა, რომ მან კამათისა და ემოციების ფონზე მიმართა პოლიციას, იმ ვარაუდით, რომ მის მეუღლეს ხელწერილისა და გაფრთხილების შემდეგ გაათავისუფლებდნენ, თუმცა მოულოდნელად სა---------------------ი დააკავეს. მისივე განმარტებით, მოცემულ ფაქტამდე სა---------------------სა და მას შორის კონფლიქტი არ ყოფილა. ოჯახს მატერიალურად სა---------------------ი არჩენდა.
სი-----------------ამ არ დაადასტურა 2018 წლის 25 აპრილის და 26 აპრილის გამოკითხვის ოქმებში მის მიერ სა---------------------ის წინააღმდეგ მიცემული ჩვენებები და განმარტა, რომ მას ასეთი ჩვენება არ მიუცია გამომძიებლისთვის, თუმცა ხელმოწერა მისია და არ იცის რაზე მოაწერა ხელი. გამოკითხვის ოქმებში არსებული განსხვავებული ჩვენებები სი-----------------ამ არასწორი თარგმნითა და თარჯიმანთან დაკავშირებული გაუგებრობებით ახსნა. მან კატეგორიულად უარყო სა---------------------ის მიერ მასზე ფიზიკური ძალადობის განხორციელების ფაქტი და აღნიშნა, რომ კონფლიქტს არ შესწრებია არც ერთი შვილი, რადგან ერთი ბავშვი დედამისთან იმყოფებოდა, ხოლო მეორე - მეზობელთან. მათ ოჯახში ეს სიტყვიერი შეურაცხყოფა იყო პირველი და დარწმუნებულია, რომ სამირის გათავისუფლების შემდეგ აღნიშნულიც აღარ განმეორდება.
სასამართლო სხდომაზე მოწმე თა---–--------------ამ განმარტა, რომ იგი არის სი-----------------ას დედა. სი-----------------ა ცხოვრობს ფონიჭალაში, თავის მეუღლესთან - სა---------------------თან და ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად. 2018 წლის 24 აპრილს, საღამოს საათებში, სი-----------------ა მივიდა დედამისთან და უთხრა, რომ მას სა---------------------თან საყოფაცხოვრებო საკითხებზე მოუვიდა კონფლიქტი, რის გამოც ნერვიულობდა და მეორე დღეს განცხადებით მიმართეს პოლიციას. როდესაც სი-----------------ა მასთან მივიდა, მას ტანზე სილურჯეები არ ემჩნეოდა. მოწმემ უარყო 2018 წლის 25 აპრილის გამოკითხვის ოქმში მის მიერ დაფიქსირებული ფაქტობრივი გარემოებები, რომლის მიხედვითაც იგი ადასტურებს სა---------------------ის მიერ სი-----------------ას მიმართ ფიზიკური ძალადობის ფაქტს და მის სხეულზე სილურჯეების ნახვას. თა---–--------------ას ვარაუდით, თარჯიმანმა უთარგმნა მას არასწორად გამოკითხვის ოქმში დაფიქსირებული ინფორმაცია და მან შეცდომით მოაწერა დოკუმენტს ხელი.
მოწმე აგ--–------------------მა სასამართლოს მოახსენა, რომ 2018 წლის 24 აპრილს იგი ცხოვრობდა გ-------–---–------------ში, ამ ეზოში ცხოვრობს სამი ოჯახი, მოწმემ უარყო 2018 წლის 25 აპრილის გამოკითხვის ოქმში მის მიერ სა---------------------ის წინააღმდეგ მიცემული ჩვენება იმის შესახებ, თითქოს სა---------------------მა თავის მეუღლეს - სი-----------------ას მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. აგ--–------------------ი ასეთ ფაქტს არ შესწრებია, იგი შეესწრო მხოლოდ მეუღლეთა შორის სიტყვიერ კამათს, რა დროსაც მან დაამშვიდა და დააწყნარა ისინი და შემდეგ ქუჩაში გავიდა სატაქსაოდ.
აპელანტი აპელირებს იმ გარემოებაზე, რომ დაზარალებულმა თავად მიმართა პოლიციას, და სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება დაიწყო უშუალოდ დაზარალებულ სი-----------------ას განცხადების საფუძველზე. აღნიშნულს პალატაც იზიარებს, ვინაიდან ზეპირი განცხადების მიღების შესახებ ოქმით დასტურდება, რომ 2018 წლის 25 აპრილს, პოლიციის განყოფილებაში გამოცხადდა სი-----------------ა, რომელმაც განმარტა, რომ ჰყავს მეუღლე სა---------------------ი, რომელიც სისტემატურად სცემს და აყენებს მას სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას, რის გამოც სი-----------------ამ ითხოვა პოლიციისგან კანონშესაბამისი ზომების მიღება და სათანადო რეაგირება. ამასთან, პალატა მხედველობაში იღებს, რომ დაზარალებულმა აღნიშნული არ დაადასტურა და უარყო მის მიმართ მეუღლის მხრიდან განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტი. შესაბამისად, აღნიშნულს პალატა გამამტყუნებელი განაჩენის დადგენის ერთერთ საფუძვლად ვერ გამოიყენებს.
რაც შეეხება 2018 წლის 25 აპრილის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის, აღნიშნულით დასტურდება, რომ დათვალიერდა ქ. თბილისში, ს------–-----------–-, გ-------–---–------------ში მდებარე სა---------------------ის საცხოვრებელი სახლი. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ დათვალიერების შედეგად ბინაში არეულობის კვალი შენიშნული არ ყოფილა, ასევე არ ამოღებულა საქმისათვის მნიშვნელოვანი რაიმე მტკიცებულება. აღნიშნული ოქმის კანონიერება და ოქმის ავთენტურობა კი დაადასტურა ექსპერტმა ნა-------------ემ.
პალატა ითვალისწინებს, რომ „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“, სტამბოლის 2011 წლის 11 მაისის ევროპის საბჭოს კონვენციის 55-ე მუხლის პირველ ნაწილის თანახმად, ფიზიკური ძალადობის დანაშაულის გამოძიება ან სისხლისსამართლებრივი დევნა არ უნდა იყოს მთლიანად დამოკიდებული მსხვერპლის მიერ შეტანილ განცხადებაზე ან საჩივარზე და სასამართლო პროცესი უნდა გაგრძელდეს მაშინაც კი, თუ მსხვერპლი გამოიტანს განცხადებას ან საჩივარს. კონვენციის აღნიშნული დათქმის მიხედვით, როცა მსხვერპლი უხეშად ერევა მართლმსაჯულების განხორციელებაში მისი პოზიციით, არ მისცეს ჩვენება ბრალდებულის წინააღმდეგ, ამის საპირწონედ, უნდა არსებობდეს მკაფიო და წონადი მტკიცებულებები ბრალდებულის ბრალეულობის დასადასტურებლად. რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია, ვინაიდან სასამართლოში დაკითხულმა მოწმეებმა, ცალსახად გამორიცხეს ძალადობის ფაქტი.
რაც შეეხება ბრალდების მოწმის, გამომძიებელ გი--------------ას მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემულ ჩვენებას, /რა დროსაც დაადასტურა მის მიერ და მისი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებათა კანონიერება და ავთენტურობა/ იგი არ არის ფაქტის უშუალო შემსწრე, მის მიერ მოწოდებული ინფორმაცია დაზარალებულის და სხვა პირთა მონათხრობს ეფუძნება და ძალადობის ფაქტების მიმართ წარმოადგენს ირიბ ჩვენებას.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის დროს ირიბი ჩვენება დასაშვები მტკიცებულებაა, თუ იგი დასტურდება სხვა ისეთი მტკიცებულებით, რომელიც არ არის ირიბი ჩვენება.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილების თანახმად, მოწმის ირიბი ჩვენება ვერ აკმაყოფილებს უტყუარობის კონსტიტუციურ-სამართლებრივ სტანდარტს, რის გამოც ასეთი ჩვენება საფუძვლად არ უნდა დაედოს გამამტყუნებელ განაჩენს.
აღნიშნულ საქმეზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ ირიბი ჩვენება, ზოგადად, ნაკლებად სანდო მტკიცებულებაა, მისი გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს და, ამდენად, შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით. შესაბამისად, სასამართლომ დაადგინა, რომ სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც შესაძლებელს ხდის ირიბი ჩვენებების საფუძველზე მიღებულ იქნეს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება არ პასუხობს საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილ მტკიცებულებათა უტყუარობის მოთხოვნებს და შესაბამისად, არაკონსტიტუციურია.
პალატა ასევე ითვალისწინებს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის დაცვით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად აუცილებელია, სულ ცოტა ორი პირდაპირი, კანონიერი გზით მოპოვებული და უტყუარი მტკიცებულების ერთობლიობის არსებობა, რაც ობიექტურ დამკვირვებელს უქმნის საფუძვლიან, დამაჯერებელ რწმენას მათი სანდოობის თაობაზე და აქედან გამომდინარე, თვით სასამართლო გადაწყვეტილების სამართლიანობაზეც, იმისგან დამოუკიდებლად - მათთან ერთად მოიპოვება თუ არა ირიბი ჩვენებების სახით სხვა მტკიცებულებებიც /იხ. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება N561აპ-15 საქმეზე/.
მოცემულ შემთხვევაში კი ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარდგენილი ორი პირდაპირი უტყუარი მტკიცებულება.
ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში არ ყოფილა წარდგენილი გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც დაადასტურებდა სა---------------------ის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების და გამამართლებელი განაჩენის გაუქმების საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ან-------ას სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და საქმის არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 19 დეკემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელად.
სა---------------------ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.
სა---------------------ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111.126-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,კ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.
სა---------------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია.
საქმეზე დართული საგნები და ნივთები:
შემთხვევის ადგილის დათვალიერების ფოტომასალა 1 (ერთი) ცალ ლაზერულ დისკზე (რ-----–-–--------------------–----–-----------–---------–-–---------------------------------------------------–-------------------–---–-) - დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს მისი შენახვის ვადით.
სა---------------------ს განემარტოს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გამოტანისთანავე შევიდეს კანონიერ ძალაში.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე მ. ლომთათიძე