განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 30.11.2018
საქმის ნომერი
330210117002204504
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ნასყიდობა, გაცვლა, ჩუქება, სამოქალქო
თარიღი
30.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210117002204504

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

საქმე №2ბ/3112-18 30 ნოემბერი, 2018 წელი

 

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

მოსამართლე თამარ ზამბახიძე

სხდომის მდივანი – ოთარ ჯუგაშვილი

 

აპელანტი - შპს „ლ---“ (მოსარჩელე)

წარმომადგენელი - ჟ------------ი, ე-–-----–----ე, ლ---–----–-–---–ი (დირექტორი)

 

მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ბ----------“ (მოპასუხე)

წარმომადგენელი - გ--------------–---–ი (დირექტორი), მ---------------ე

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 27.03.2018 წ. გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა: გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

 

დავის საგანი – თანხის დაკისრება

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

მოპასუხეს დაეკისროს ნასყიდობის ფასის სახით მიღებული 855 ლარის და მიუღებელი შემოსავლის სახით 1145 ლარის ანაზღაურება.

 

მოპასუხის პოზიცია:

 

2. მოპასუხემ არ ცნო სარჩელი და განმარტა, რომ თანხა მიღებული აქვს მომსახურების ანაზღაურების სახით და არ არსებობს მისი დაბრუნების საფუძველი.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

 

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 31.10.2018წ. გადაწყვეტილებით შპს „ლ---ს“ სასარჩელო მოთხოვნა შპს „ბ----------“-ის მიმართ 2030 ლარის ანაზღაურების მოთხოვნით არ დაკმაყოფილდა.

 

3.1. მხარეები არ დავობენ, რომ შპს „ლ---ს“ და შპს „ბ----------“-ს შორის შედგა შეთანხმება მოპასუხე ორგანიზაციის მიერ მოსარჩელე საწარმოს დაკვეთით კრუასანის მანქანის კონვეირული თასმის მიწოდების შესახებ.

 

მხარეთა შეთანხმება მოიცავდა როგორც კონკრეტული მახასიათებლების ნივთის ტრანსპორტირებას, ისე მხარეთა ანაზღაურების საკითხსაც. მხარეები შეთანხმდნენ შპს ბ-----------ის ანაზღაურებაზე, რომელიც განისაზღვრა 1407 ლარით და იგი მოპასუხეს მოსარჩელისგან მიღებული აქვს სრულად. დადასტურებულია, რომ მხარეთა შორის არსებული ურთიერთობა იყო სასყიდლიანი და შპს ბ-----------ს მომსახურების გაწევის სანაცვლოდ უნდა მიეღო ანაზღაურება. დადასტურებულია, რომ ნივთის ტრანსპორტირების საბოლოო ღირებულების ფასთან დაკავშირებით შეუთანხმებლობიდან გამომდინარე მხარეებმა სახელშეკრულებო ურთიერთობები შეწყვიტეს.

 

3.2. სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 709-ე, 710-ე მუხლებზე და დაადგინა, რომ მხარეთა შორის ზეპირი ფორმით შედგენილი დავალების ხელშეკრულების შესაბამისად მოპასუხემ იკისრა ვალდებულება შპს ლ---სთვის მიეწოდებინა კრუასანის მანქანის კონვეირული თასმა. მხარეთა შეთანხმება შეიცავდა შპს ბ-----------ის მიმართ ანაზღაურების გადახდის ვალდებულებასაც. დადგენილია, რომ შპს ლ---ს ინიციატივით სახელშეკრულებო ურთიერთობა მხარეებს შორის შეწყდა.

 

სასამართლო ყურადღებას ამახვილებს სამოქალაქო კოდექსის 720-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის შინაარსით თუ ხელშეკრულება წყდება მარწმუნებლის მიერ, მაშინ ის მოვალეა აუნაზღაუროს რწმუნებულს მინდობილი მოქმედების შესრულებისას გაწეული ყველა აუცილებელი ხარჯი, ხოლო, თუ ხელშეკრულება სასყიდლიანი იყო - გადაუხადოს გასამრჯელო შესრულებული სამუშაოს კვალობაზე.

 

შპს ლ---ს მიერ დადასტურებული საგადასახადო ანგარიშფაქტურის მიხედვით მოპასუხე საწარმოს ანაზღაურება ხელშეკრულების შეწყვეტის მომენტისთვის შეადგენს 885 ლარს და ამავე მსჯელობიდან გამომდინარე, სასამართლოს დასახელებული თანხის მოპასუხისთვის დაბრუნების დაკისრება დასაბუთებულად არ მიაჩნია. ამავე მსჯელობიდან გამომდინარე, დაუსაბუთებელია მოსარჩელის მოთხოვნა მიუღებელი შემოსავლის სახით მოთხოვნილი 1145 ლარის ანაზღაურების ნაწილში.

 

აპელანტის მოთხოვნა და საფუძვლები:

 

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 27.03.2018 წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ და მოითხოვა მისი გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

 

4.1. მოსარჩელემ 15.01.2018წ. დაადასტურა წარდგენილი ანგარიშ-ფაქტურა, თუმცა ეს იყო ოპერაციულ-ტექნიკური შეცდომა ბუღალტრის მხრიდან და უსწოროა სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოება მასზედ, რომ ეს ნიშნავდა თანხმობას მომსახურების სახით 885 ლარის ანაზღაურების ნაწილში. არ არსებობს პირველადი დოკუმენტი, რის საფუძველზეც აღნიშნული ანგარიშ-ფაქტურა გამოიწერებოდა. მართალია ბუღალტერმა ანგარიშ-ფაქტურა შეცდომით დაადასტურა, თუმცა თანხა შპს „ლ---ს“ საერთო, ჯამურ შემოსავალში არ ჩაუთვლია. დასტური არ გულისხმობდა თანხის ჩათვლას, ჩათვლა ხდება იმ შემთხვევაში, როდესაც თანხა მთლიან შემოსავალს გამოაკლდება და საშემოსავლოს გადახდა მოხდება ნაკლები თანხიდან. შეცდომის გამოსასწორებლად წერილი გაეგზავნა შემოსავლების სამსახურსაც და მოწინააღმდეგე მხარესაც.

 

4.2. გადაწყვეტილების სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 709-ე, 710-ე, 720-ე მუხლები, თუმცა მხარეთა ურთიერთობის შინაარსიდან არ იკვეთება, რომ მათ შორის იყო დავალების სახელშეკრულებო ურთიერთობა.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთება

 

5. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, თუ ადგილი აქვს ამავე კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს. 394-ე მუხლის “ე” პუნქტი ადგენს, რომ გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია არ გადააგზავნოს საქმე უკან და თვითონ გადაწყვიტოს იგი.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

6. შპს “ლ---ს” (შემდგომში „მოსარჩელე“) და შპს “ბ----------”-ს (შემდგომში „მოპასუხე“) შორის შედგა შეთანხმება კრუასანის მანქანის კონვეირული თასმის ნასყიდობის შესახებ. მხარეები არ დავობენ, რომ შეთანხმება ნასყიდობასთან ერთად მოიცავდა მომსახურების სახელშეკრულებო ელემენტებსაც. კერძოდ, მხარეები შეთანხმდნენ, რომ მოპასუხეს უნდა უზრუნველეყო ადგილზე საჭირო დეტალის აზომვა, შესაბამისი ნივთის შერჩევა, მისი შეძენა და შემდგომ მისი ტრანსპორტირება, მყიდველისთვის მიწოდება (იხ.: სარჩელი, ტ.1, ს.ფ. 1-17; შესაგებელი, ტ.1, ს.ფ. 57-68; 2---------წ. სააპელაციო სასამართლოს სხდომის ოქმი, 17:16:04- 17:18:20; ინვოისი, ტ.1, ს.ფ. 22; ელექტრონული მიმოწერა, ტ.1, ს.ფ. 35, 36).

 

ანუ დაიდო შერეული სასყიდლიანი ხელშეკრულება, რომელშიც სასყიდელი მოიცავდა ნასყიდობის ფასს და გაწეული მომსახურების ღირებულებას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 340-ე მუხლის თანახმად, შერეული ხელშეკრულებების განმარტებისას მხედველობაში მიიღება ნორმები იმ ხელშეკრულებათა შესახებ, რომლებიც შესრულების არსთან ყველაზე ახლოს დგანან და მას შეესაბამებიან. ამდენად, ხელშეკრულების ცალკეული ელემენტების განმარტებისათვის აუცილებელია მთელი ხელშეკრულების შინაარსი იქნას გააზრებული, დადგინდეს მხარეთა ნება, თუ რა მიზნის მიღწევა სურდათ, რა იურიდიულ და ეკონომიკურ ინტერესს გულისხმობდნენ მხარეები ვალდებულების შესრულებაში და კონკრეტულ შემთხვევაში რომელი ვალდებულების შეუსრულებლობაზე დავობენ. მითითებული კი ნიშნავს, რომ ვალდებულების შესრულების არსი ერთ შემთხვევაში შეიძლება ეხებოდეს შერეული ხელშეკრულების ერთ-ერთ ან რამოდენიმე ელემენტს, ხოლო სხვა შემთხვევაში მთლიანობაში ხელშეკრულებით გათვალისწინებული საბოლოო მიზნის მისაღწევად მხარეთა მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულებას.

 

7. მხარეები არ დავობენ, რომ მოპასუხემ სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში გაწია გარკვეული მომსახურება. კერძოდ, განახორციელა ვიზიტი ადგილზე და აზომა საჭირო დეტალი (2---------წ. სხდომის ოქმი, 17:17:18- 17:18:15), აწარმოა მოლაპარაკებები მიმწოდებ--–--ან დეტალის შეძენის მიზნით (იხ.: სარჩელი, ტ.1, ს.ფ. 5; შესაგებელი, ტ.1, ს.ფ. 57-68).

 

8. 27.09.2017წ. მოპასუხემ მოსარჩელეს გადაუგზავნა ინვოისი (ტ.1, ს.ფ.35). 27.09.2017წ. ინვოისის თანახმად, გადასახდელი თანხა შეადგენდა 467,82 ევროს, რომელშიც გათვალისწინებული არ იყო ტრანსპორტირების და განბაჟების ხარჯები. აქვე აღნიშნა, რომ თანხა გადახდილი უნდა ყოფილიყო ლარებში გადახდის დღისათვის არსებული ეროვნული ბანკის კურსით (ტ.1, ს.ფ.22).

 

28.09.2017წ. ინვოისი ამოწერილია უკვე ეროვნულ ვალუტაში და გადასახდელი თანხის ოდენობა შეადგენს 1407 ლარს (ტ.1, ს.ფ. 23). აღნიშნული თანხა მოსარჩელის მიერ სრულად იქნა გადახდილი 28.09.2017წ. (ტ.1, ს.ფ.24).

 

9. მხარეები არ დავობენ, რომ 01.10.2017წ. მოსარჩელემ გააუქმა შეკვეთა და მოითხოვა გადახდილი თანხის უკან დაბრუნება (ტ.1, ს.ფ. 5, 59), ანუ მოხდა ხელშეკრულებიდან გასვლა, რასაც დაეთანხმა მოპასუხეც.

 

10. უდავოა, რომ მოპასუხემ მოსარჩელეს გადახდილი 1407 ლარიდან ნებაყოფლობით დაუბრუნა 522 ლარი (ტ.1, ს.ფ.5, 57-68).

 

11. მოსარჩელე ითხოვს დაუბრუნდეს მოპასუხისთვის სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში გადახდილი თანხის დანარჩენი ნაწილი, 885 ლარი (1407 – 522 =885) (ტ.1, ს.ფ. 1-17).

 

12. პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილია და სააპელაციო საჩივრით სადავოდ გამხდარი არ არის, რომ მოსარჩელის ბუღალტერმა 15.01.2018წ. დაადასტურა მოპასუხის მიერ სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში უკვე გაწეული მომსახურების ღირებულების ამსახველი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა 885 ლარზე (ტ.1, ს.ფ. 90, 102). მოსარჩელე ანგარიშ-ფაქტურის დადასტურებას უკავშირებს მექანიკურ შეცდომას (ტ.1, ს.ფ. 111), ხოლო მოპასუხე ანგარიშ-ფაქტურის დადასტურების ფაქტს მიიჩნევს მოსარჩელის თანხმობად მომსახურების ანგარიშში გადაეხადა 885 ლარი (ტ.2, ს.ფ. 8-15).

 

პალატას მიაჩნია, რომ აღნიშნული დადასტურება ვერ განიხილება მოსარჩელის თანხმობად მომსახურების ღირებულება განსაზღვრულიყო 885 ლარით. პალატა განმარტავს, რომ ანგარიშ-ფაქტურა საგადასახადო მიზნებისათვის შექმნილი მკაცრი აღრიცხვის ბლანკია და არ წარმოადგენს სამოქალაქოსამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე ვალდებულების წარმოშობის დამადასტურებელ კანონით გათვალისწინებულ დოკუმენტს. პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ანგარიშ-ფაქტურის დადასტურება განხორციელდა მოპასუხისთვის სადავო 885 ლარის დაკისრების მოთხოვნით სარჩელის აღძვრის შემდეგ (სარჩელი აღძრულია 07.12.2017წ.). ამასთან, როცა განსხვავებულია საწარმოს დირექტორის და ბუღალტრის მიერ გამოვლენილი ნება, პალატას მიაჩნია, რომ ნების ნამდვილობის გარკვევის დროს გადამწყვეტია ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებამოსილების მქონე პირის მიერ გამოვლენილი ნება. აღსანიშნავია ისიც, რომ ეს განსხვავება აღმოიფხვრა (შედავება მოხდა) მაშინვე. შესაბამისად, გასაზიარებელია მოსარჩელე კომპანიის განმარტება მასედ, რომ დადასტურება განხორციელდა შეცდომის საფუძველზე რაზეც წერილი გაეგზავნა როგორც შემოსავლების სამსახურს, ისე მოპასუხეს (ტ.1, ს.ფ.111).

 

13. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც,რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას. მხარეთა შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობა მოიცავს როგორც ნასყიდობის, ისე მომსახურების ხელშეკრულების ელემენტებსაც. კერძოდ, მხარეები შეთანხმდნენ, რომ მოპასუხეს უნდა უზრუნველეყო ადგილზე საჭირო დეტალის აზომვა, შეერჩია შესაბამისი ნივთი, შეეძინა იგი და შემდგომ უზრუნველეყო მისი ტრანსპორტირება და მყიდველისთვის მიწოდება.

 

14. მოცემულ შემთხვევაში, მოხდა ადგილზე საჭირო დეტალის აზომვა, შერჩევა, შეკვეთა, შემდგომ კი მოსარჩელემ უარი თქვა ხელშეკრულებაზე ისე, რომ საბოლოოდ ნივთის შესყიდვა და ტრანსპორტირება, განბაჟება საჭირო აღარ გამხდარა. საქმის მასალებით დგინდება, რომ მოსარჩელის მიერ გადახდილია ინვოისით გათვალისწინებული თანხა 1407 ლარის ოდენობით, რომელიც მოიცავდა ყველა ხარჯს, გარდა ნივთის ტრანსპორტირებისა და განბაჟებისა (ტ.1, ს.ფ.23). ამდენად, დგინდება, რომ აღნიშნულ თანხაში გარდა ნივთის ღირებულებისა, გათვალისწინებული იყო მოპასუხის მიერ გაწეული მომსახურების თანხაც.

 

შესაბამისად, მოპასუხე უფლებამოსილია დაიტოვოს უკვე გაწეული მომსახურების ღირებულება და დააბრუნოს ნასყიდობის ფასის სახით მიღებული საზღაური.

 

15. სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლით, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 352-ე მუხლის შესაბამისად, თუ ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარე 405-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების არსებობისას უარს იტყვის ხელშეკრულებაზე, მაშინ მიღებული შესრულება და სარგებელი მხარეებს უბრუნდებათ (ნატურით დაბრუნება).

 

16. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში 2---------წ. გამართულ სასამართლო სხდომაზე მოპასუხე კომპანიის დირექტორმა განმარტა, რომ ინვოისით გათვალისწინებული 1407 ლარიდან ნივთის ღირებულება შეადგენდა თანხის 80%-ს, ხოლო 20% იყო მოპასუხის ანაზღაურება (2---------წ. სხდომის ოქმი, 18:01:22- 18:02:26). ამდენად, მოპასუხის განმარტებების შესაბამისად, მომსახურების ღირებულება შეადგენდა 281.4 ლარს (1407-ის 20%).

 

მოსარჩელე სადავოდ არ ხდის მხარეთა შორის სასყიდლიანი მომსახურების არსებობის ფაქტს. ამასთან, მოსარჩელეს არ მიუთითებია მოპასუხის ზემოაღნიშნული განმარტებების საწინააღმდეგო რაიმე გარემოებაზე. ამდენად, დგინდება, რომ მოპასუხის მიერ გაწეული მომსახურების ღირებულება უნდა განისაზღვროს 281.4 ლარით (1407-ის 20%).

 

გათვალისწინებით იმისა, რომ მხარეთა შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობა მოიცავს როგორც ნასყიდობის, ისე მომსახურების ხელშეკრულების ელემენტებს; მხარეთა შორის სადავო არ არის გარკვეული სასყიდლიანი მომსახურების გაწევის ფაქტი და მხარემ გამოხატა ნება ხელშეკრულებიდან გასვლაზე, რასაც მეორე მხარეც დაეთანხმა; პალატას მიაჩნია, რომ მოსარჩელე გავიდა ნასყიდობის სახელშეკრულებო ურთიერთობიდან, გააუქმა რა ნივთის შესაძენად განხორციელებული შეკვეთა და იგი უფლებამოსილია ხელშეკრულებიდან გასვლის საფუძვლით მოითხოვოს ნივთის ღირებულების უკან დაბრუნება. რაც შეეხება მომსახურების თანხას, უდავოა, რომ იგი გაწეულია და ამდენად, მოპასუხე უფლებამოსილია დაიტოვოს მომსახურების საფასური.

 

ამდენად, სარჩელი საფუძვლიანია მოპასუხისთვის 603.60 ლარის დაკისრების მოთხოვნის ნაწილში (885 ლარი - 281.40 ლარი = 603.60 ლარს).

 

17. მოსარჩელე ასევე ითხოვს მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურებას 1145 ლარის ოდენობით (ტ.1, ს.ფ. 1-17).

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისათვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისათვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლით, ვალდებულების წარმოშობისა და ზიანის ანაზღაურების აუცილებელ პირობას წარმოადგენს ზიანის რეალურად არსებობა, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. პალატას მიაჩნია, რომ მოსარჩელე ვერ ადასტურებს თუ რა კონკრეტული ზიანი მიადგა, რომ შეიძლებოდა ასეთის არსებობის შემთხვევაშიც იგი ყოფილიყო სავარაუდო მოპასუხისათვის და რომ წარმოადგენდა მოპასუხის ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.

 

ამდენად, არ არსებობს ზიანის ანაზღაურების თაობაზე მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

18. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

ვინაიდან წინამდებარე გადაწყვეტილებით სარჩელი და სააპელაციო საჩივარი კმაყოფილდება 603.6 ლარის ნაწილში, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის და ამავე კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილი „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების შესაბამისად უნდა დაეკისროს სარჩელზე და სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის ანაზღაურება 42,25 ლარის ოდენობით ( 603.6-ის 7%).

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. შპს „ლ---ს“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 27.03.2018წ. გადაწყვეტილება და მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება.

 

3. შპს „ლ---ს“ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

4. შპს „ბ----------“ -ს შპს „ლ---ს“ სასარგებლოდ დაეკისროს 603 ლარის და 60 თეთრის გადახდა.

 

5. შპს „ბ----------“ -ს შპს „ლ---ს“ სასარგებლოდ დაეკისროს სარჩელზე და სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის ანაზღაურება 42.25 ლარის ოდენობით.

 

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, გადაწყვეტილების მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე : თამარ ზამბახიძე