განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 140100118002307232
საქმე №1ბ/55-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
22 თებერვალი, 2019 წელი ქ.თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატის მოსამართლე: გერონტი კახეთელიძემ
მარიამ ნანეიშვილის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლის: ო---------------–---–ის
ადვოკატის: ნ-----–--–-–---–ის
გამართლებულების: მ------------–---ს, ნ----------–---ს
მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, გორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ო---------------–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------) გამართლებულების - მ------------–---ს, დაბადებულის 1----–-–----------------–ს, საქართველოს მოქალაქის (პირადი #5----------), უმაღლესი განათლებით, დაოჯახებულის, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების: ქ-------–----------------–-–---–------------------ში, მიმართ, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, ნ----------–---ს, დაბადებულის 1----–-–-------------ს, საქართველოს მოქალაქის (პირადი #5----------), საშუალო განათლებით, დაოჯახებულის, ნასამართლობის მქონის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების: ქ-------–----------------–-–---–------------------ში, მიმართ, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ნ----------–---მ და მ------------–---მ ჩაიდინეს ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა ჯგუფურად, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 16 იანვარს, დაახლოებით 13 საათზე, ქ-------–----------------–-–---–------------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, შელაპარაკებისას მ--–------–----–---–ს ჯგუფურად სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს მეუღლემ - ნ----------–---მ და მეუღლის მამამ - მ------------–---მ. კერძოდ, მ------------–---მ მ--–------–----–---–ს სახის არეში ხელის გარტყმით მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რის შედეგადაც მ--–------–----–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო ტუჩზე სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად, ხოლო ნ----------–---მ მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მ--–------–----–---–ს ანთებული სიგარეტით დაზიანება მიაყენა მარცხენა თვალის ქუთუთოზე და ხელი მოუჭირა კისრის არეში, რის შედეგადაც დაზარალებულმა ასევე განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება, ჯანმრთელობის მოუშლელად.
გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 6 ნოემბრის განაჩენით:
ნ----------–--- ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
მ------------–--- ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა გორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ო---------------–---–მა. წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით სახელმწიფო ბრალმდებელი ითხოვს ნ----------–---ს და მ------------–---ს მიმართ გამოტანილი, გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 6 ნოემბრის გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას, მის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენის დადგენას, ნ----------–---ს და მ------------–---ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და მათთვის მუხლით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში სამართლიანი საპატიმრო სასჯელის დანიშვნას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა რა საქმის მასალები, გაეცნო პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ გორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ო---------------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 6 ნოემბრის გამამართლებელი განაჩენი მ------------–---ს და ნ----------–---ს მიმართ, უცვლელად უნდა იქნას დატოვებული შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მეშვიდე ნაწილის შესაბამისად, „დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, ხოლო გამამტყუნებელი განაჩენი − უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ“. საქართველოს კონსტიტუციის 62–ე მუხლის მე–5 ნაწილის შესაბამისად, „სამართალწარმოება ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე“. აღნიშნული კონსტიტუციური დებულებები წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებენ უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - ,,in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის მტკიცებულებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. გარდა აღნიშნულისა, მტკიცებულებათა უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს არა მხოლოდ საეჭვო მტკიცებულების დაუშვებლობის მითითებას, არამედ ასევე მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების წარდგენის მიზანს საქმისათვის რელევანტური ფაქტებისა და გარემოებების დადასტურება წარმოადგენს, რაც საბოლოო ჯამში პირის ბრალეულობაზე მიუთითებს.
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ყოველი ბრალდებული უდანაშაულოდ მიიჩნევა, ვიდრე მისი ბრალეულობა არ დამტკიცდება კანონის შესაბამისად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მტკიცების სტანდარტად განიხილავს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს და განმარტავს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: „ელ-მასრი ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონიის წინააღმდეგ“ (El-Masri v The Former Yugoslav Republic of Macedonia) [დიდი პალატა], №39630/09, პარაგრ. 151, 13.12.2012, „ჰასანი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ (Hassan v The UK) [დიდი პალატა], №29750/09, პარაგრ.48, 16.09.2014).
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე–5 მუხლის მე–3 ნაწილის შესაბამისად, „მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ“. ამავე კოდექსის 82–ე მუხლის მე–3 ნაწილის მიხედვით, „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“, ხოლო ამავე კოდექსის 269–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, „არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი“.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა განმარტავს, რომ საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს იმ ბრალდების ფორმულირების ფარგლებში, რაც სახელმწიფო ბრალმდებელმა გამოძიების ეტაპზე დადგენილად მიიჩნია, ხოლო სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. იმავდროულად, სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს რიგ გადაწყვეტილებებზე, რომლებშიც ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, 24/07/2003; № 37801/97; §34; ასევე Van de Hurk v. the Netherlands, №16034/90; 19/04/1994; §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, № 21522/93; 29/05/1997; §43).
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 76-77) განმარტებულია, რომ პროკურატურამ უნდა წარადგინოს საკმარისი მტკიცებულებები იმისათვის რათა პირის მსჯავრდება მოხდეს. რაიმე სადავო მტკიცებულების შემთხვევაში საკითხი ბრალდებულის სასარგებლოდ უნდა გადაიჭრას. აგრეთვე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დასკვნით (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2001 წლის 20 მარტის გადაწყვეტილება საქმეზე Telfner v.Austria, პუნქტი 15), უდანაშაულობის პრეზუმფცია დაირღვევა, თუ მტკიცების ტვირთი ბრალდების ნაცვლად დაცვას დაეკისრება.
სააპელაციო საჩივარში სახელმწიფო ბრალმდებელი არ ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ნ----------–---ს და მ------------–---ს მიმართ გამოტანილ, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში გამამართლებელ განაჩენს. სახელმწიფო ბრალმდებელი სააპელაციო საჩივარში და სააპელაციო პალატის სხდომაზე აპელირებს იმ გარემოებებზე, რომ მოცემულ საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლო არ დაეყრდნო გამოძიების პროცესში შეკრებილ მტკიცებულებებს საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად.
სასამართლო პალატა აანალიზებს რა საქმეში არსებულ, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ და პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილ მტკიცებულებებს, კერძოდ, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას, მოწმეების - ფ------–-----------ის, ბ------------–---–ის, მ-----–------–-–---–ის და ს-----------–---–ის გამოკითხვის ოქმებს, რაზეც აპელირებს სახელმწიფო ბრალმდებელი სააპელაციო საჩივარში და სააპელაციო პალატის სხდომაზე, პალატა მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ზემოხსენებული მტკიცებულებებით უტყუარად ვერ დასტურდება ბრალად შერაცხული კვალიფიკაციით ნ----------–---ს და მ------------–---ს მიერ განსახილველი დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის ფაქტი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივარში აღნიშნულ მოსაზრებებს არ იზიარებს და აცხადებს, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის (ძირითად ტერმინთა განმარტება) მე-20 და 24-ე მუხლების თანახმად, მოწმე არის პირი, რომელმაც შეიძლება იცოდეს სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა დასადგენად საჭირო მონაცემები, ხოლო მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ. ოჯახში ძალადობის საქმეზე მოწმედ შესაძლოა გამოვიდნენ ოჯახის წევრები, რომლებიც ფაქტის უშუალო თვითმხილველები შეიძლება ყოფილიყვნენ. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე კი დაზარალებულად ცნობილმა მ--–------–----–---–მა სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე მეუღლისა და მეუღლის მშობლის წინააღმდეგ. ამრიგად, ზემოთ აღნიშნული დაზარალებული არის მოცემულ საქმეზე სწორედ ის პირი, რომელსაც, შესაძლოა, სცოდნოდა სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა დასადგენად საჭირო მონაცემები, თუმცა არ არსებობს მის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა, კონკრეტულად კი მ------------–---ს და ნ----------–---ს მიერ ბრალად შერაცხული კვალიფიკაციით დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის შესახებ.
სახელმწიფო ბრალმდებელი სააპელაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ მოცემული კატეგორიის საქმეებზე, რომელიც ეხება ოჯახის წევრებს შორის ძალადობას, სასამართლოს მიერ არ უნდა იქნას გაზიარებული ოჯახის წევრების მიერ ჩვენების მიცემაზე უარის თქმა, როგორც ბრალდებულის უდანაშაულობის დამადასტურებელი ფაქტი, ვინაიდან ოჯახური დანაშაული, მისი ბუნებიდან გამომდინარე, მოწმეთა სიმრავლით არ გამოირჩევა და დანაშაულის მსხვერპლი, შესაძლოა, გარკვეული მიზეზების გამო მისი ოჯახის წევრისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის თავიდან აცილებას ცდილობდეს. ამდენად, სასამართლომ ქმედება საქმეში არსებული ყველა ფაქტობრივი გარემოებისა და მტკიცებულების დეტალური ანალიზით უნდა შეაფასოს. აღნიშნულ კონტექსტში სააპელაციო პალატა, ყურადღებას მიაპყრობს „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ სტამბოლის 2011 წლის 11 მაისის ევროპის საბჭოს კონვენციას, რომლის 55-ე მუხლის პირველ ნაწილში მითითებულია, რომ ფიზიკური ძალადობის დანაშაულის გამოძიება ან სისხლისსამართლებრივი დევნა არ იყოს მთლიანად დამოკიდებული მსხვერპლის მიერ შეტანილ განცხადებაზე ან საჩივარზე და რომ სასამართლო პროცესი გაგრძელდეს მაშინაც კი, თუ მსხვერპლი გამოიტანს განცხადებას ან საჩივარს, თუმცა სააპელაციო პალატა აცხადებს, რომ ასეთ შემთხვევაში საქმეში უნდა არსებობდეს სხვა უტყუარი, ნათელი და დამაჯერებელი მტკიცებულებები დამნაშავე პირის ბრალეულობის დასადასტურებლად, რაც მოცემულ საქმეში ვერ იქნა წარმოდგენილი ბრალდების მხარის მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციით და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად ყველა კატეგორიის საქმეზე დადგენილია ერთი სტანდარტი - ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა, დამაჯერებელი და უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებს პირის ბრალეულობას წარდგენილ ბრალდებაში, რომლიდანაც გამონაკლისი არ არის დასაშვები მიუხედავად იმისა, თუ რა კატეგორიის და ბრალდების საქმე განიხილება. საკითხის იმგვარად განმარტება, რომ ოჯახური ძალადობის კატეგორიის საქმეთა სპეციფიკიდან გამომდინარე, დადგინდეს გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად დაბალი სტანდარტი (ანუ გამამტყუნებელი განაჩენი არ ეფუძნებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს), ვიდრე ამას საქართველოს კონსტიტუცია და საპროცესო კოდექსი მოითხოვს, არსებითად ეწინააღმდეგება როგორც საქართველოს კონსტიტუციითა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებით დადგენილ სტანდარტს, რითიც ირღვევა ადამიანის ერთ-ერთი მთავარი და ფუნდამენტური უფლება - სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება.
რაც შეეხება მოწმეების - ფ------–-----------ის, ბ------------–---–ის, მ-----–------–-–---–ისა და ს-----------–---–ის გამოკითხვის ოქმებს, აღნიშნული მოწმეების გამოკითხვის ოქმებში გადმოცემული ინფორმაციის შეფასებისას სააპელაციო პალატა, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის მსგავსად, მიიჩნევს, რომ მათ მიერ მიწოდებული ინფორმაცია ირიბ ჩვენებას წარმოადგენს, რომელიც ეფუძნება სხვა პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას და არ დასტურდება მ------------–---ს და ნ----------–---ს მიერ ბრალად შერაცხული კვალიფიკაციით დანაშაულის ჩადენაში მამხილებელი სხვა რაიმე პირდაპირი, უტყუარი და დამაჯერებლი მტკიცებულებით. სააპელაციო პალატა მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებაზე, რომლითაც არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით: ა) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს ამავე კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული (2013 წლის 14 ივნისის რედაქცია) მტკიცებულების - ირიბი ჩვენების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას; ბ) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 169-ე მუხლის პირველი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს ამავე კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული (2013 წლის 14 ივნისის რედაქცია) მტკიცებულების - ირიბი ჩვენების საფუძველზე პირის ბრალდებულად ცნობის შესაძლებლობას. ამრიგად, ზემოხსენებულ მოწმეთა ირიბი ჩვენებები კონსტიტუციით გარანტირებულ მტკიცებულებათა უტყუარობის სტანდარტს მოკლებულია და ვერ დაედება საფუძვლად მ------------–---ს და ნ----------–---ს მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას.
საქმეში არსებული, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის #0-------- დასკვნის თანახმად, 2018 წლის 16 იანვარს, 16:43 საათზე, მ--–------–----–---–ს აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთები სახისა და კისრის მიდამოში. დაზიანებები მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს. აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის შეფასებისას სააპელაციო პალატა აცხადებს, რომ მოცემულ წერილობით მტკიცებულებაში არ არის მითითებული მ--–------–----–---–ის განმარტება, თუ რა ვითარებაში მიიღო მან აღნიშნული დაზიანებები. იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დასადგენად არ არის დაკითხული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის ავტორი, რომელმაც შექმნა ეს დოკუმენტი, იმადროულად არ არსებობს პირველწყაროს, მოცემულ შემთხვევაში დაზარალებულ მ--–------–----–---–ის მიერ გადმოცემული ინფორმაცია, სააპელაციო პალატა აცხადებს, რომ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა ვერ დაედება საფუძვლად ნ----------–---ს და მ------------–---ს მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას. იგივე მიზეზებით ვერ დაედება საფუძვლად გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას საქმეში არსებული, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი.
ამრიგად, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა რა გასაჩივრებული განაჩენი, თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა ბრალდების მხარის მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული და კანონიერი გამამართლებელი განაჩენის გამოსატანად. პალატა მიიჩნევს, რომ არც გამოძიების და არც სასამართლო განხილვისას არ ყოფილა მოპოვებული და გამოკვლეული პირდაპირი, უტყუარი, აშკარა მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდნენ იმ ფაქტს, რომ ნ----------–---მ და მ------------–---მ ჯგუფურად ჩაიდინეს ოჯახის წევრის - მ--–------–----–---–ის მიმართ ფიზიკური ძალადობა. შესაბამისად, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა დაუსაბუთებელია, იგი აგებულია ეჭვებსა და ვარაუდებზე. სააპელაციო პალატის აზრით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სათანადოდ შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი სავსებით სამართლიანად გადაწყვიტა ნ----------–---ს და მ------------–---ს სასარგებლოდ, რაც საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე–7 ნაწილის და საქართველოს სსსკ-ის მე–5 მუხლის მე-3 ნაწილის იმპერატიული მოთხოვნაა. გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა ეჭვის გამომრიცხავ, შეთანხმებულ, აშკარა და პირდაპირ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მოცემულ საქმეში კი არ არსებობს უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა იმის თაობაზე, რომ ნ----------–---მ და მ------------–---მ ჩაიდინეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 6 ნოემბრის განაჩენი გამართლებულების - ნ----------–---ს და მ------------–---ს მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, –
დ ა ა დ გ ი ნ ა:
გორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ო---------------–---–ის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ითქვას უარი;
გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 6 ნოემბრის განაჩენი ნ----------–---ს და მ------------–---ს მიმართ, დარჩეს უცვლელი;
ნ----------–--- ცნობილ იქნას უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში;
მ------------–--- ცნობილ იქნას უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში;
გამართლებულებს - ნ----------–---ს და მ------------–---ს განემარტოთ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების შესახებ;
ცნობად იქნას მიღებული, რომ ნ----------–---ს და მ------------–---ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო, გაუქმებულია და განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში გირაოს შემტანს სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა;
ნივთიერი მტკიცებულებები:
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ:
ელექტრონული დისკი - შენახულ იქნას საქმის შენახვის ვადით;
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისში, ძმ. ზუბალაშვილების ქ.№32ა), მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: გ. კახეთელიძე