განაჩენი

სისხლის სამართლის 11.03.2019
საქმის ნომერი
120100118002257673
ინსტანცია
თარიღი
11.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 120100118002257673

საქმე №1ბ/286-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

11 მარტი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე მზია ლომთათიძემ

 

ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორ კა--------–---–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:

 

და-----------ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–------------ს, პირადი #-----------, საქართველოს მოქალაქის, დაოჯახებულის, საშუალო განათლებით, რეგისტრირებულის მისამართზე: ქ. ახალციხე, რ---------–----------------------------------, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 24 იანვრის განაჩენით და-----------ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

 

და-----------ეს ბრალი ედებოდა მასზედ, რომ ჩაიდინა ოჯახის წევრის მიმართ ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

2017 წლის 07 ნოემბერს დილის საათებში და-----------ე მეუღლესთან მა------------სთან, ძმასთან გუ------------სთან და სხვა პირებთან ერთად სტუმრად იმყოფებოდა ახალციხის რაიონის ს------–------ში, ძმის გე-–--------ის ოჯახში, სადაც მის თანმხლებ პირებს შეკამათება მოუვიდათ გე-–--------ის მეუღლესთან, რაზედაც ოჯახში მყოფმა ბებიამ ერ------------ემ მისცა მათ შენიშვნა და შეეცადა სიტუაციის განმუხტვას, რა დროსაც და-----------ემ ბებიას ერ------------ეს ხმამაღლა უყვირა და დაარტყა ხელი ზურგის არეში, რის გამოც ერ------------ე წაიქცა ძირს და განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:

ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა და-----------ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტს.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორმა კა--------–---–---–მა, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 24 იანვრის გამამართლებელი განაჩენის გაუქმება და და-----------ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, შემდეგ გარემოებათა გამო:

აპელანტს მიჩნია, რომ სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამართლებელი განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი, რადგან სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით ბრალდების მხარემ გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურა და-----------ის ბრალეულობა, კერძოდ: მოწმე თა---–--------ემ სასამართლო სხდომაზე ცალსახად დაადასტურა, რომ 2017 წლის 07 ოქტომბერს, მათ საცხოვრებელ სახლში მისულმა და-----------ემ, ერ------------ეს ჰკრა ხელი და წააქცია. მოწმემ ასევე ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ და-----------ემ ბებიას დაარტყა ხელი, რადგან ერ------------ემ მოუწოდა შვილიშვილს დაწყნარებისაკენ. აპელანტი მიუთითებს, რომ განაჩენში და-----------ის ძალადობრივი ქმედების შეფასებისათვის მოსამართლე იშველიებს სასამართლო პროცესზე მოწმის სახით დაკითხულ მა-----------ისა და თი---------–-----ის ჩვენებებს, თითქოს და-----------ეს ბებიის - ერ------------ისათვის არ დაურტყამს. მოწმე მა------------ არის და-----------ის მეუღლე, ხოლო, მოწმე თი---------–-----ე - მისი ძმის ცოლი, რომლებთან ერთადაც იმყოფებოდა ს------–------ში. აღნიშნული მოწმეები დაინტერესებულები არიან იმით, რომ მოსალოდნელი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა აარიდონ მათი ოჯახის წევრს.

მოწმე თა---–--------ის ჩვენების იმ ნაწილის გასაბათილებლად, სადაც მოწმე აცხადებს, რომ როდესაც და-----------ემ დაარტყა ხელი ერ------------ეს, მას სხეულზე აღენიშნებოდა ჩალურჯებები და სისხლნაჟღენთები, განაჩენში მოშველიებულია სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმადაც ერ------------ეს სხეულზე დაზიანების რაიმე ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება. მოსამართლის შეფასებით მოწმე თა---–--------ეს, რომელიც არ არის მედიცინის სფეროს მუშაკი, უნდა განესაზღვრა და გაემიჯნა, სისხლნაჟღენთები, ესკორაციები და სხვა დაზიანებები. თა---–--------ემ დაკითხვისას დააფიქსირა მხოლოდ ის, რომ აღიქვა ერ------------ის სხეულზე დაზიანებები და მის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას ვერ მოვიყვანთ შესაბამისობაში სპეციალური ცოდნის მქონე პირის - ექსპერტის მიერ გაცემულ დასკვნასთან.

აპელანტის აზრით, მართალია, სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა და მოწმეებმა არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელდა მათ ახლო ნათესავს - და-----------ეს, მაგრამ აღნიშნული არ ნიშნავს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში დანაშაულის ჩადენის ფაქტს არ ჰქონდა ადგილი, ვინაიდან მათ მიერ გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენებებით უდავოდ დასტურდება და-----------ის მიერ ოჯახში ძალადობის ჩადენის ფაქტი.

 

მსჯავრდებულ და-----------ის ადვოკატმა ი-----–-----------ემ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის შესაგებელით მხარი არ დაუჭირა საჩივრის მოთხოვნას და ითხოვა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 24 იანვრის გამამართლებელი განაჩენის უცვლელად დატოვება.

 

სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

აპელანტის პოზიციას, რომ ბრალდების მხარის მიერ სასამართლოსათვის წარდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება და-----------ის მიერ ოჯახში ძალადობის ჩადენის ფაქტი, პალატა არ იზიარებს და ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებას, რომ მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც საკმარისი იქნებოდა გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის, ვინაიდან სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით არ იქნა დადგენილი ის ფაქტობრივი გარემოება, რომ და-----------ემ ბებიის - ერ------------ის მიმართ, განახორციელა ძალადობა, კერძოდ:

ბრალდების მხარემ თავისი პოზიციის დასასაბუთებლად სასამართლოს წარუდგინა შემდეგი მტკიცებულებები: დაზარალებულ ერ------------ის გამოკითხვის ოქმი, მოწმეების: თა---–--------ის, გე-–--------ის, მა-----------ისა და თი---------–-----ის გამოკითხვის ოქმები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა და სხვა წერილობითი მტკიცებულებები.

დაზარალებულმა ერ------------ემ და მოწმე გე-–--------ემ სასამართლო სხდომაზე უარი განაცხადეს ახლო ნათესავის, შვილიშვილის და ძმის - და-----------ის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე, ხოლო, და-----------ემ გამოიყენა კანონით მინიჭებული დუმილის უფლება.

პალატა აღნიშნავს, რომ დაზარალებულის მიერ ჩვენების მიცემაზე უარის თქმა, რა თქმა უნდა ცალსახად არ შეიძლება გახდეს გამამართლებელი განაჩენის დადგენის საფუძველი, თუ პირის ბრალეულობა დასტურდება სასამართლოში გამოკვლეული სხვა მტკიცებულებებით, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.

აპელანტი სააპელაციო საჩივარში მიუთითებს, რომ მართალია სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა და მოწმემ არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელდა მათ ახლო ნათესავს - და-----------ეს, მაგრამ მათ მიერ გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენებებით უდავოდ დასტურდება და-----------ის მიერ ოჯახში ძალადობის ჩადენის ფაქტი.

აპელანტის პოზიციას პალატა არ იზიარებს, ვინაიდან საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია. ხოლო, საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად მოწმეს აქვს უფლება არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს. მოცემულ შემთხვევაში მოწმის გამოკითხვის ოქმის/ჩვენების გამოქვეყნების კანონით გათვალისწინებული საფუძველი არ არსებობს, შესაბამისად, პალატა ვერ დაეყრდნობა მოწმის მიერ გამოძიების ეტაპზე დაფიქსირებულ ფაქტობრივ გარემოებებს.

პალატა ასევე ითვალისწინებს, რომ „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“, სტამბოლის 2011 წლის 11 მაისის ევროპის საბჭოს კონვენციის 55-ე მუხლის პირველ ნაწილის თანახმად, ფიზიკური ძალადობის დანაშაულის გამოძიება ან სისხლისსამართლებრივი დევნა არ უნდა იყოს მთლიანად დამოკიდებული მსხვერპლის მიერ შეტანილ განცხადებაზე ან საჩივარზე და სასამართლო პროცესი უნდა გაგრძელდეს მაშინაც კი, თუ მსხვერპლი გამოიტანს განცხადებას ან საჩივარს. კონვენციის აღნიშნული დათქმის მიხედვით, როცა მსხვერპლი უხეშად ერევა მართლმსაჯულების განხორციელებაში მისი პოზიციით, არ მისცეს ჩვენება ბრალდებულის წინააღმდეგ, ამის საპირწონედ, უნდა არსებობდეს მკაფიო და წონადი მტკიცებულებები ბრალდებულის ბრალეულობის დასადასტურებლად. რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.

 

აპელანტი მიუთითებს მოწმე თა---–--------ის ჩვენებაზე და აღნიშნავს, რომ მოწმის ჩვენებით დასტურდება და-----------ის მიერ ბებიის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტი.

აღნიშნულთან დაკავშირებით პალატა ითვალისწინებს შემდეგს: მოწმის სახით დაკითხვისას თა---–--------ემ ნამდვილად დაადასტურა ის ფაქტი, რომ კამათის დროს და-----------ემ მხარში ჰკრა ხელი ერ------------ეს, რომელიც წაიქცა. კერძოდ, მოწმემ სასამართლოს განუმარტა, რომ 2017 წლის 07 ნოემბერს, ს------–------ში მასთან სტუმრად მივიდა და-----------ე თანმხლებ პირებთან ერთად, სახლში ასევე იყო ერ------------ე, კამათი მიმდინარეობდა გე-–--------ის ოჯახთან. კამათის დროს და-----------ემ მხარში ჰკრა ხელი ერ------------ეს, რომელიც წაიქცა, დარტყმის მიზეზი კი ის იყო, რომ ე-------ს უნდოდა მათი დაწყნარება. მოწმის განმარტებით, დ-----ს დარტყმის შემდეგ ერ------------ეს, გუ------------ემ და თი---------–-----ემაც დაარტყეს, მათი წასვლის შემდეგ ერ------------ეს სხეულზე, სადაც დაარტყეს და მხარზე ჰქონდა ჩალურჯებები და სისხლნაჟღენთები.

 

ამასთან, პალატა მხედველობაში იღებს, რომ მოწმე თა---–--------ის ჩვენება არ დასტურდება სასამართლოში გამოკვლეული სხვა მტკიცებულებებით, დაზიანებების არსებობა არ დადასტურდა სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, ხოლო, ხელის კვრის და დაბლა დაცემის ფაქტი, არ დაადასტურეს მოწმეებმა, კერძოდ:

 

ლევან სამხარაული სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს, 2017 წლის 08 ნოემბრის N---------- სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ შემოწმების შედეგად ერ------------ეს სხეულზე გარეგნული დათვალიერებით დაზიანების რაიმე ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება. დაზარალებულმა კი უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე, შესაბამისად იმ ფაქტის დადგენა განიცადა თუ არა მან ფიზიკური ტკივილი, ძალადობის არსებობის შემთხვევაშიც კი, წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნით, არ დასტურდება.

 

სააპელაციო საჩივარში აპელანტი აღნიშნავს, რომ მოწმე თა---–--------ე არ არის მედიცინის სფეროს მუშაკი და იგი ვერ განსაზღვრავდა რა სახის დაზიანება ჰქონდა მიღებული დაზარალებულს.

აპელანტის მოსაზრებას პალატა არ იზიარებს, ვინაიდან მოწმეს სასამართლო ბუნებრივია არ ავალდებულებს დაზიანების ხარისხის განსაზღვრას, მოცემულ შემთხვევაში საუბარია, ზოგადად იმ ფაქტზე, რომ ერ------------ეს სხეულზე გარეგნული დათვალიერებით დაზიანების რაიმე ობიექტური ნიშნები საერთოდ არ აღენიშნება, მაშინ როდესაც მოწმე მიუთითებდა ჩალურჯებებსა და სისხლნაჟღენთებზე. ამასთან, მოწმემ სასამართლოში აღნიშნა, რომ დ-----ს დარტყმის შემდეგ ერ------------ეს, გუ------------ემ და თი---------–-----ემაც დაარტყეს, რაც ბუნებრივია მისი ჩვენების სანდოობას ეჭვქვეშ აყენებს.

 

ამასთან გასათვალისწინებელია, რომ მოწმე თა---–--------ის ჩვენება არ დაადასტურეს მოწმის სახით დაკითხვისას მა------------მ და თი---------–-----ემ, კერძოდ:

მოწმის სახით დაკითხვისას თი---------–-----ემ სასამართლოს განუმარტა, რომ და-----------ე არის მისი მეუღლის ძმა. 2017 წლის 06 ნოემბერს დ-----ს მეუღლე მა------------სთან და მეორე მაზლის მეუღლესთან თა---–--------ესთან მოუხდა კამათი. ეს კამათი მეორე დღესაც განახლდა, მა------------ და თი---------–-----ე მეუღლეებთან დ----- და გუ------------ებთან ერთად წავიდნენ ს------–------ში, სახლში ერ------------ეც იყო, მაგრამ მისთვის შეურაცხყოფა არ მიუყენებიათ. თი---------–-----ე შევიდა საძინებელ ოთახში, სადაც დაუწყო კამათი თ----–-ს, ე------- მოუწოდებდა მათ რომ დაწყნარებულიყვნენ. თი---------–-----ის განმარტებით ვინმე იქ მყოფთაგანს ერ------------ისთვის, რომ დაერტყა ხელი, დაინახავდა, ვინაიდან სახლში სულ ორი ოთახია გაშლილი განლაგებით და კარები იყო ღია.

სასამართლო სხდომაზე მოწმე მა------------მ კი განმარტა, რომ 2017 წლის 07 ნოემბერს მან და თი---------–-----ემ გადაწყვიტეს მეუღლეებთან და-----------ესთან და გუ------------სთან ერთად ს------–------ში წასვლა თა---–--------ესთან დასალაპარაკებლად, ვინაიდან მათ შორის იყო უთანხმოება. ს------–------ში იყო ასევე მისი მეუღლის ბებია - ერ------------ე, რომელიც იმყოფებოდა მისაღებ ოთახში. კამათი მხოლოდ მათსა და თა---–--------ეს შორის მიმდინარეობდა და იქ მყოფი პირებიდან ერ------------ისათვის ფიზიკური შეურაცხყოფა არავის მიუყენებია.

 

აპელანტი სააპელაციო საჩივარში მიუთითებს, რომ მოწმე მა------------ არის და-----------ის მეუღლე, ხოლო, მოწმე თი---------–-----ე - მისი ძმის ცოლი, აღნიშნული მოწმეები დაინტერესებულები არიან იმით, რომ მოსალოდნელი სამართლებრივი პასუხისმგებლობა აარიდონ მათი ოჯახის წევრს.

აღნიშნულთან დაკავშირებით პალატა განმარტავს, რომ მოწმის სახით დაკითხვამდე მა------------ და თი---------–-----ე გაფრთხილებულნი იქნენ ცრუ ჩვენების მიცემისათვის პასუხიმგებლობის შესახებ, მათ ასევე განემარტათ რომ უფლება ჰქონდათ არ მიეცათ ჩვენება საკუთარი თავის და ახლო ნათესავის წინააღმდეგ, თუმცა მათ სასამართლოს მისცეს ჩვენება, მათი ჩვენებები თანმიმდევრულია და სასამართლოს ამ ჩვენებების არგაზიარების საფუძველი არ აქვს.

 

ამასთან, პალატა ითვალისწინებს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის დაცვით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად აუცილებელია, სულ ცოტა ორი პირდაპირი, კანონიერი გზით მოპოვებული და უტყუარი მტკიცებულების ერთობლიობის არსებობა, რაც ობიექტურ დამკვირვებელს უქმნის საფუძვლიან, დამაჯერებელ რწმენას მათი სანდოობის თაობაზე და აქედან გამომდინარე, თვით სასამართლო გადაწყვეტილების სამართლიანობაზეც, იმისგან დამოუკიდებლად - მათთან ერთად მოიპოვება თუ არა ირიბი ჩვენებების სახით სხვა მტკიცებულებებიც /იხ. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება N561აპ-15 საქმეზე/.

მოცემულ შემთხვევაში კი ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარდგენილი ორი პირდაპირი, უტყუარი მტკიცებულება.

რაც შეეხება საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ უნდა აღინიშნოს, რომ არცერთი მათგანი საქმისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციას და-----------ის ბრალეულობასთან დაკავშირებით არ შეიცავენ.

ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში არ ყოფილა წარდგენილი გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც დაადასტურებდა და-----------ის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტს.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების და გამამართლებელი განაჩენის გაუქმების საფუძველი.

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორ კა--------–---–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 24 იანვრის განაჩენი დარჩეს უცვლელად.

 

და-----------ე (პ-------------) ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

 

და-----------ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია.

ყადაღა მოეხსნას 2000 ლარის ფარგლებში გირაოს უზრუნველყოფის მიზნით დაყადაღებულ ლ--------–---–-ს საკუთრებაში რიცხულ უძრავ ქონებას, მდებარე ქ. ახალციხე, ი---------––----–--------------–--–--------------------------------------------------, (2018 წლის 11 იანვრის განჩინება N12/003-18).

 

განემარტოს გამართლებულს, რომ მას აქვს უფლება მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გამოტანისთანავე შევიდეს კანონიერ ძალაში.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე მ. ლომთათიძე