განაჩენი

სისხლის სამართლის 11.03.2019
საქმის ნომერი
330100118002732668
ინსტანცია
თარიღი
11.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N330100118002732668, №1ბ/343-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

12 მარტი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობით:

 

თავმჯდომარე ნათია ბარბაქაძე

მოსამართლეები: ვეფხია ლომიძე

ნინო სანდოძე

 

სხდომის სახე - ზეპირი მოსმენის გარეშე;

 

მსჯავრდებული - მო------- ჰო----------–-----ი - დაბადებული 198--–-–-----------------ს, ირ--------–------- რესპუბლიკის მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: ირ--------–------- რესპუბლიკა, ქ. ფა----------------------------.

 

კვალიფიკაცია:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი - განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა და გასაღება.

 

სასჯელი:

 

10 (ათი) წლით თავისუფლების აღკვეთა;

 

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

მხარეთა პოზიციები:

 

დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 28 იანვრის განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის ნაწილში და მო------- ჰო----------–-----ის მიმართ სასჯელის მინიმუმის განსაზღვრა, შემდეგ გარემოებათა გამო: განაჩენი სასჯელის ნაწილში არის უსამართლო, რადგან აშკარად არ შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას, მის ოჯახურ მდგომარეობას და მის მიერ ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებას. მო-------მა აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, დაკავებისთანავე გამოთქვა მზაობა გამოძიებასთან თანამშრომლობაზე, სადავოდ არ გახადა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო სწრაფ და ეფექტურ მართლმსაჯულებას (ვრცლად იხ. სააპელაციო საჩივარი).

 

ბრალდების მხარის მიერ შესაგებელი არ წარმოდგენილა.

 

სასამართლომ დაადგინა:

 

მო------- ჰო----------–-----მა ჩაიდინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა და გასაღება, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

მო------- ჰო----------–-----მა, გამოძიებით დაუდგენელ ვითარებაში, უკანონოდ შეიძინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 81,5247 გრამი ნარკოტიკული ნივთიერება ,,ჰეროინი‘‘, საიდანაც ნაწილი - 64,0204 გრამი უკანონოდ გაასაღა ან------–- ოს------ზე, ხოლო ნაწილს - 17,5043 გრამს უკანონოდ ინახავდა სხეულში. აღნიშნული ნარკოტიკული საშუალებები 2018 წლის 9 ოქტომბერს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლების მიერ ამოღებულ იქნა თბილისში, შო--------------–--–--------------------ში მდებარე სასტუმრო ,,ს--–------------------––-‘‘ განთავსებულ №40 ოთახში, ან------–- ოს------ისგან და თბილისში, კრ–-------------ში მდებარე ,,ნ-------------–-–-‘‘, ექიმ თე---- არ----ისგან, მო------- ჰო----------–-----ის მიერ სხეულიდან გამოდევნის შემდეგ.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 28 იანვრის განაჩენით მო------- ჰო----------–-----ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლის ვადით.

 

მო------- ჰო----------–-----ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო 2018 წლის 9 ოქტომბრიდან.

 

მო------- ჰო----------–-----ს, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, 5 (ხუთი) წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; 15 (თხუთმეტი) წლით ჩამოერთვა: საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება ჩამოერთვა 20 (ოცი) წლის ვადით.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. ვინაიდან, მოცემულ საქმეზე განაჩენი გასაჩივრებულია მხოლოდ დაცვის მხარის მიერ და მხოლოდ სასჯელის ნაწილში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლოს დასკვნები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები მო------- ჰო----------–-----ის ბრალეულობასთან დაკავშირებით, მიიჩნევა დადასტურებულად.

 

ამასთან, პალატას მიაჩნია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, პრეიუდიციად მიღებული მტკიცებულებები (მო------- ჰო----------–-----ის აღიარება, მოწმეების: ზე-------------------ის, ან------–- ოს------ის, თე---- არ----ის, გი--------------ის, ელ--------–---–---ისა და ალ-----------ის გამოკითხვის ოქმები, მო------- ჰო----------–-----ის მუცლის ღრუს ქვედა ნაწილის კომპიუტერული ტომოგრაფია, 2018 წლის 9 ოქტომბრის ამოღების ოქმები, ქიმიური ექსპერტიზის №27--------------------------------/ქრ დასკვნები, ფონოსკოპიური ექსპერტიზის №2--/ფ დასკვნა, ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მასალა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები) ადასტურებენ მსჯავრდებულ მო------- ჰო----------–-----ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულის ჩადენას.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია საჩივრის დასაშვებად ცნობიდან ორი კვირის ვადაში, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილოს მხარის საჩივარი ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულთა საქმეებზე, ასევე საჩივარი მხოლოდ სასჯელის შემცირების თაობაზე. როგორც ზემოთ აღინიშნა, მოცემულ საქმეზე შემოტანილი სააპელაციო საჩივარი ეხება მხოლოდ სასჯელის შემცირებას, აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ მისი განხილვა უნდა მოხდეს ზეპირი მოსმენის გარეშე.

 

სასჯელის დასაბუთება:

პალატა გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ მო------- ჰო----------–-----ის ინტერესების დამცველი ადვოკატის მა----- ბა---–-–---–ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილი სასამართლოებს ავალდებულებს სასჯელის დანიშვნის დროს გაითვალისწინონ დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით _ მისწრაფება, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის დისპოზიცია დასჯად ქმედებად მიიჩნევს ნარკოტიკული საშუალების შეძენას, შენახვას და გასაღებას, რომელშიც სამართლებრივად იგულისხმება ნარკოტიკული საშუალების სხვადასხვა გზით უკანონოდ მოპოვება, ამ უკანონოდ მოპოვებულისათვის ადგილსამყოფელის მიჩენა და შემდეგ სხვა პირისათვის გადაცემა. ვინაიდან, აღნიშნული ნივთიერება არ წარმოადგენს ლეგალური ბრუნვის საგანს, მისი ბრუნვაში მოქცევა ნებისმიერი გზითა და სახით, აკრძალულ და შესაბამისად დასჯად ქმედებადაა შერაცხული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის დისპოზიციით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული კი, რომლის სანქციის ფარგლებშიც დანიშნული აქვს სასჯელი მო------- ჰო----------–-----ს, სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას რვიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას.

 

მოცემულ შემთხვევაში, პალატას მიაჩნია, რომ დანაშაულის ხასიათი, რაც გულისხმობს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა - შენახვას და მით უფრო გასაღებას, წარმოადგენს საფრთხეს სხვა პირების ჯანმრთელობისთვის და სიცოცხლისთვისაც. უნდა აღინიშნოს, რომ მოვალეობათა დარღვევის ხასიათი, ზომა და ქმედების განხორციელების სახე (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა, შენახვა, გასაღება), ნარკოტიკული საშუალებების სახეობა (ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“), ოდენობა (81,5247 გრამი, როდესაც აღნიშნული ნარკოტიკული საშუალების საწყისი ოდენობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილისთვის განსაზღვრულია 1 გრამიდან), მისი შენახვის ხერხი, გასაღების საფრთხე და მართლსაწინააღმდეგო შედეგი არ იძლევა სასჯელის შემცირების საფუძველს.

 

სასჯელის დანიშვნისას პირველი ინსტანციის სასამართლომ ყურადღება მიაქცია სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. ასევე გაითვალისწინა ზოგადი პრევენციის მიზნის შესრულების საჭიროება სასჯელის პროპორციული და ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით.

 

დაცვის მხარის მიერ სააპელაციო პალატის წინაშე მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოების დამადასტურებელი რაიმე ახალი მტკიცებულება დამატებით არ ყოფილა წარმოდგენილი, რაც სასამართლოს შესაძლებლობას მისცემდა ემსჯელა მსჯავრდებულისთვის დანიშნული სასჯელის შემცირებაზე. მითითება იმ გარემოებაზე, რომ მო------- ჰო----------–-----იმ აღიარა ჩადენილი დანაშაული, სადავოდ არ გაუხდია მტკიცებულებები და ხელი შეუწყო საქმეზე სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, მხედველობაში იქნა მიღებული სასჯელის დანიშვნისას და გამოხატულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის სანქციის ფარგლებში დანიშნული მინიმუმთან მიახლოებული სასჯელით - 10 წლით თავისუფლების აღკვეთით.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ მო------- ჰო----------–-----ის მიმართ სასჯელის კიდევ უფრო შემცირების საფუძველი არ არსებობს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 28 იანვრის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით,-

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

მსჯავრდებულ მო------- ჰო----------–-----ის ინტერესების დამცველი ადვოკატის მა----- ბა---–-–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 28 იანვრის განაჩენი დარჩეს უცვლელი.

 

მო------- ჰო----------–-----ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლის ვადით.

 

მო------- ჰო----------–-----ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს 2018 წლის 9 ოქტომბრიდან.

 

მო------- ჰო----------–-----ს, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, 5 (ხუთი) წლით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; 15 (თხუთმეტი) წლით ჩამოერთვას საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება ჩამოერთვას 20 (ოცი) წლის ვადით. აღნიშნული უფლებების ჩამორთმევის შესახებ ეცნობოს შესაბამის ორგანოებს.

 

ნივთიერი მტკიცებულებები:

 

30 ცალი ასდოლარიანი კუპიურა გადაეცეს საქართველოს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტს, მო------- ჰო----------–-----ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული დანარჩენი ფულადი თანხა და პასპორტი დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს, ნარკოტიკული საშუალებები, მისი შესაფუთი მასალა და ნერწყვის ნიმუში განადგურდეს, ხოლო დისკები შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გამოტანისთანავე შევიდეს კანონიერ ძალაში.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე ნათია ბარბაქაძე

 

მოსამართლეები: ვეფხია ლომიძე

 

ნინო სანდოძე