განაჩენი

სისხლის სამართლის 13.03.2019
საქმის ნომერი
340100118002608280
ინსტანცია
თარიღი
13.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 340100118002608280

საქმე №1ბ/334-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

13 მარტი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე მზია ლომთათიძემ

 

გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორ ოთ-----------–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:

 

ან--------–-–----ის მიმართ, დაბადებულის 1--- წლის 23 თებერვალს, საქართველოს მოქალაქის, პირადი ნომერი: 0----------, საშუალო განათლებით, ნასამართლევის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების მისამართზე: ლ---------- რაიონი სოფელი ა---–--------, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 03 დეკემბრის განაჩენით ან--------–-–----ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ას ორმოცდაათი) საათი.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდა გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 2 სექტემბრის განაჩენით ან--------–-–----ის მიმართ დანიშნული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვე. საბოლოოდ, ან--------–-–----ეს განაჩენთა ერთობლიობით ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვე და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ას ორმოცდაათი) საათი.

 

ან--------–-–----ეს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატიური შეურაცხყოფა, შანტაჟი და დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:

2018 წლის 22 ივლისს, დაახლოებით 22:30 საათზე, ან--------–-–----ემ, ქალაქ ლაგოდეხში შ-----------------–-----------–------------------ში მდებარე თავის საცხოვრებელ ბინაში, სახის არეში გაარტყა და ყელში ძლიერად მოუჭირა ხელი მეუღლეს ალ----–-–------ას, ასევე თმებში მოქაჩა ძლიერად, რის შედეგადაც ალ----–-–------ამ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ოთ-----------–---–მა და ითხოვა გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 03 დეკემბრის განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის ნაწილში და ან--------–-–----ისათვის განაჩენთა ერთობლიობით უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნა თავისუფლების აღკვეთის სახით, შემდეგ გარემოებათა გამო:

აპელანტს მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი არის უკანონო, დაუსაბუთებელი და აშკარად ლმობიერია, რადგან სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას არ გაითვალისწინა მსჯავრდებულის პიროვნება, მისი ნასამართლობა ასევე არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მსჯავრდებულმა დანაშაული ჩაიდინა პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის განმავლობაში და განუსაზღვრა ისეთი სასჯელი, რომელიც აშკარად არ შეესაბამება მსჯავრებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილ ქმედებას, ასევე არ გამომდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობიდან. იმ გარემოების მხედველობაში მიღებით, რომ მსჯავდებული ნასამართლევი იყო განზრახი დანაშაულისთვის და სასამართლოს მიერ დადგენილი იქნა მის მიერ კვლავ განზრახი დანაშაულის ჩადენა, რომელიც წარმოადგენს დანაშაულის რეციდივს და რომლისთვისაც საქართველოს სსკ-ის 17-ე მუხლის მეხუთე ნაწილით განსაზღვრულია მკაცრი სასჯელის დანიშვნა, სასამართლოს მიერ მსჯავრდებულისთვის ყველაზე მსუბუქი სასჯელის სახის გამოყენება არამართებულია, გამოყენებული უნდა ყოფილიყო თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში. აპელანტს ასევე მიზანშეწონილად არ მიაჩნია საბოლოო სასჯელის დანიშვნისას, ნაწილობრივი შეკრების პრინციპის გამოყენება მსჯავრდებულ ან--------–-–----ის მიმართ, ვინაიდან, მსჯავრდებულს დანაშაული ჩადენილი აქვს პირობითი მსჯავრის გამოსაცდელ ვადაში, ამასთან მას არ გააჩნია, რაიმე სახის შემამსუბუქებელი გარემოება, რაც მიზანშეწონილს გახდიდა მსჯავდებულის მიმართ მსგავსი შეღავათის გამოყენებას.

 

მსჯავრდებულ ან--------–-–----ის მიერ წარმოდგენილი იქნა სააპელაციო საჩივრის შესაგებელი, სადაც იგი აღნიშნავს, რომ იგი გათავისუფლდა სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან 2019 წლის 22 იანვარს, ხოლო, 30 იანვარს ლ---------- სერვისცენტრში დაიწყო მუშაობა გამწვანების სფეროში, დაკისრებულ მოვალეობას ასრულებს პირნათლად და ითხოვს არ დაკმაყოფილდეს პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა.

სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებანი და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. საქმის ფაქტობრივ გარემოებებსა და კვალიფიკაციას არც აპელანტი ხდის სადავოდ. მსჯავრდებულის მიერ ოჯახური ძალადობის ჩადენის ფაქტი, გარდა მისი აღიარებითი ჩვენებისა დადასტურებულია სასამართლო განხილვისას გამოკვლეული დაზარალებულ ალ----–-–------ას ჩვენებით, მოწმეების: ნო--------------–ის, ზუ------------–--ის და ან---------------–---–ის ჩვენებებით, ასევე საქმეში არსებული უდავოდ ცნობილი სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით და სხვა უდავო მტკიცებულებათა ერთობლიობით.

 

რაც შეეხება პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის დამძიმების თაობაზე, პალატა არ ეთანხმება და განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

ამასთან, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

პალატა აღნიშნავს, რომ ან--------–-–----ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა ნასამართლობა, ხოლო მისი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებას წარმოადგენს ჩადენილი დანაშაულის აღიარება და გულწრფელი მონანიება. ასევე მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული, რომ მსჯავრდებული არის ოჯახის ერთადერთი მარჩენალი და დაზარალებულს მის მიართ პრეტენზია არ გააჩნია.

პალატა არ იზიარებს აპელანტის მოსაზრებას, რომ დანიშნული სასჯელი ზედმეტად ლმობიერია და ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების მიღწევას. პალატას მიაჩნია, რომ განაჩენთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელი - 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 საათის ვადით, საკმარისი იქნება ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციისათვის, სასჯელის გამკაცრება არ არის აუცილებელი და შესაბამისად განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორ ოთ-----------–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 03 დეკემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელად.

 

ან--------–-–----ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ას ორმოცდაათი) საათი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდეს გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 2 სექტემბრის განაჩენით ან--------–-–----ის მიმართ დანიშნული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვე. საბოლოოდ, ან--------–-–----ეს განაჩენთა ერთობლიობით ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვე და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ას ორმოცდაათი) საათი.

 

ან--------–-–----ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 23 ივლისის 01:55 საათიდან, მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი დღეის მდგომარეობით მოხდილია.

 

პენიტენციურ დაწესებულებაში სასჯელის მოხდის შემდეგ, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სახის განსაზღვრა დაევალოს კახეთის პრობაციის ბიუროს.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გამოტანისთანავე შევიდეს კანონიერ ძალაში.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე მ. ლომთათიძე