განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100117002146858
საქმე №1/ბ-340-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
18 მარტი, 2019 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე მარინა ხოლოაშვილმა
თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის პროკურორ ლ-–----------–--ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე ი-----–-----–-----------------–---–---ს მიმართ, დაბადებულის 1----–-–------------------, საქართველოს მოქალაქის (---------------------- ნასამართლევის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების: ქ-------–--–-----------------------------------–-, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 371-ე მუხლით;
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ი-----–-------–---–--ამ ჩაიდინა მოწმის მიერ ჩვენების მიცემაზე უარის თქმა.
აღნიშნული ქმედება გამოიხატა შემდეგში:
ქ. თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის №0----------- საქმეზე, 2017 წლის 6 ივლისს, სასჯელაღსრულების №--ე პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდა ი-----–-------–---–--ას მოწმის სახით გამოკითხვა, რა დროსაც ი-----–-------–---–--ამ უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე. აღნიშნულის საფუძველზე ბრალდების მხარემ იშუამდგომლა თბილისის საქალაქო სასამართლოს წინაშე ი-----–-------–---–--ას მოსამართლის წინაშე დაკითხვის თაობაზე. თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2017 წლის 6 ივლისს, გაცემულ იქნა №11/42 განჩინება მოწმე ი-----–-------–---–--ას თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის წინაშე დაკითხვის თაობაზე. ი-----–-------–---–--ამ უარი განაცხადა სასამართლოში დაკითხვის პროცესში მონაწილეობის მიღებაზე, რის საფუძველზეც მოსამართლის მხრიდან მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მოწმის ადგილსამყოფელის მიხედვით, კერძოდ, №--ე პენიტენციურ დაწესებულებაში ი-----–-------–---–--ას დაკითხვის შესახებ.
2017 წლის 7 ივლისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ვ--------–-----ე, სასამართლო შემადგენლობით გამოცხადდა №--ე პენიტენციურ დაწესებულებაში, რათა 2017 წლის 6 ივლისს, გაცემული №11/42 განჩინების საფუძველზე მოეხდინა მოწმე ი-----–-------–---–--ას დაკითხვა, თუმცა ი-----–-------–---–--ამ უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე.
აღნიშნულის შემდგომ, 2017 წლის 26 ივლისს, ბრალდების მხარემ კვლავ მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის №0----------- საქმეზე, ი-----–-------–---–--ას მოწმის სახით სასამართლოს წინაშე დაკითხვის თაობაზე.
ზემოხსენებული შუამდგომლობა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ დაკმაყოფილდა და 2017 წლის 26 ივლისს მოსამართლის მიერ გაცემულ იქნა №11/18 განჩინება მოწმე ი-----–-------–---–--ას თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის წინაშე დაკითხვის თაობაზე. ი-----–-------–---–--ამ კვლავ უარი განაცხადა თბილისის საქალაქო სასამართლოში დაკითხვის პროცესში მონაწილეობის მიღებაზე და 2017 წლის 27 ივლისს პროკურორის შუამდგომლობის საფუძველზე მოსამართლე გ----------------–---–ის მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება მოწმე ი-----–-------–---–--ას №--ე პენიტენციურ დაწესებულებაში დაკითხვის შესახებ.
გადაწყვეტილების გამოტანიდან იმავე დღეს, სასამართლო შემადგენლობა გამოცხადდა №--ე პენიტენციურ დაწესებულებაში, რათა მომხდარიყო მოწმე ი-----–-------–---–--ას დაკითხვა. მიუხედავად იმისა, რომ მოწმე ი-----–-------–---–--ას მოსამართლის მხრიდან არაერთხელ განემარტა ჩვენების მიცემაზე უარის თქმისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ, ი-----–-------–---–--ამ უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 22 იანვრის განაჩენით:
ი-----–-------–---–--ა საქართველოს სსკ-ის 371-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 22 იანვრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის პროკურორმა ლ-–----------–--ემ. წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით სახელმწიფო ბრალმდებელი ითხოვს ი-----–-------–---–--ას მიმართ გამოტანილი ზემოაღნიშნული გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას, მის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენის დადგენას და ი-----–-------–---–--ას დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 371-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, რადგან აპელანტის აზრით ი-----–-------–---–--ას მიერ ხსენებული დანაშაულის ჩადენა უტყუარად არის დადასტურებული ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით.
პალატამ განიხილა რა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 22 იანვრის განაჩენი გამართლებულ ი-----–-------–---–--ას მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
აღნიშნული განაჩენით უტყუარადაა დადგენილი საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებებს მიცემული აქვთ სწორი სამართლებრივი შეფასება. პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას, როგორც ფაქტობრივ გარემოებებთან, ისე სამართლებრივ შეფასებასთან დაკავშირებით, რომ საქმეში არ არსებობს შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ი-----–-------–---–--ას მიერ ხსენებული დანაშაულის ჩადენას.
გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათის თანახმად, 2017 წლის 25 ივნისს, ქ.თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში დაიწყო გამოძიება სსისხლის სამართლის №0----------- საქმეზე, მოწმე ი-----–-------–---ზე ზემოქმედების განხორციელების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 372-ე მუხლით.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გამომძიებელმა ბ----------–---მა და პროკურორმა დ-----------------მ განმარტეს, რომ ი-----–-------–---–--ამ სამჯერ განაცხადა უარი ჩვენების მიცემაზე ჯანმრთელობის მდგომარეობის, ადვოკატის არყოლისა თუ ბრალდების მხარის მიმართ დაუსაბუთებელი აცილების გაცხადების მოტივით, ამასთან ი-----–-------–---–--ას ქცევა იყო პროვოკაციული და ამ უკანასკნელს ჰქონდა მცდელობა ნებისმიერი ხერხით თავი აერიდებინა ჩვენების მიცემისათვის. მოწმეებმა: ბ----------–---მა და დ-----------------მ დაადასტურეს მათ მიერ და მათი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების სისწორე, კერძოდ:
გამოკითხვის ოქმის თანახმად, 2017 წლის 6 ივლისს 13:15-13:27 საათებში, №- პენიტენციურ დაწესებულებაში, ქ.თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროს გამომძიებელს ბ----------–---ს ი-----–-------–---–--ამ უარი განუცხადა ჩვენების მიცემაზე და გამოკითხვის ოქმში გააკეთა შემდეგი შენიშვნა: „მივიჩნევ, რომ ბ----------–---ის ვიზიტი არის ზეწოლის მოხდენის მცდელობა ჩემზე, როგორც ე.წ. „ციანიდი“-ს საქმის მოწმეზე, არ ვეთანხმები არანაირ შემოთავაზებას და უარს ვაცხადებ ამის გამო, ჩვენების მიცემაზე.“
მოსამართლის წინაშე პირის მოწმედ დაკითხვის შესახებ შუამდგომლობის თანახმად, 2017 წლის 6 ივლისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა ქ.თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის პროკურორმა დ-----------------მ და ითხოვა განჩინების გაცემა ი-----–-------–---–--ას მოსამართლის წინაშე დაკითხვის თაობაზე. შუამდგომლობაში ინფორმაციის გამოთხოვის - ი-----–---------–---–---ს მოწმის სახით დაკითხვის მიზანშეწონილობა დასაბუთებულია შემდეგი გარემოებებით: ი-----–-------–--ის განცხადებით (რომელიც საფუძვლად დაედო გამოძიების დაწყებას), 2017 წლის 24 ივნისს, ტელეკომპანია „რ----------“-ის მეშვეობით გავრცელებული, მსჯავრდებულ ი-----–-------–---–--ას მიმართვა, რომლის თანახმად, ი-----–-------–--- არის საქართველოს სახელმწიფო სამსახურის საიდუმლო თანამშრომელი და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში შემუშავებული გეგმის შესაბამისად გ-------------–---ს მოუწყო პროვოკაცია, არ შეესაბამება რეალობას და მიზნად ისახავს, ი-----–-------–--ის, როგორც მოწმის დისკრედიტაციას და წარმოადგენს ჩვენების შეცვლის მიზნით, მასზე ზემოქმედების მცდელობას, რითაც ასევე შეილახა მისი ღირსება და ჯანმრთელობასაც მიადგა გარკვეული ზიანი. ი-----–-------–---მ განცხადებით მოითხოვა ი-----–-------–---–--ას მიერ გავრცელებული ინფორმაციის გადამოწმება და ცალკეული პირების დაკითხვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ვ.ლომიძის 2017 წლის 6 ივლისის განჩინებით, ზ/აღნიშნული შუამდგომლობა დაკმაყოფილდა.
სატელეფონო გასაუბრების ოქმის თანახმად, ქ.თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის პროკურორი დ-----------------, სს №0----------- საქმეზე, 2017 წლის 6 ივლისს 19:50 საათზე, მობილური ტელეფონის ნომრით 5---------- დაუკავშირდა მსჯავრდებულ ი-----–-------–---–--ას ინტერესების დამცველ ადვოკატს მ--–--------–------–---–ს მობილური ტელეფონის ნომერზე 5---------- და აცნობა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 2017 წლის 7 ივლისს 14:00 საათზე ჩანიშნულია მოწმე ი-----–-------–---–--ას დაკითხვა მაგისტრატი მოსამართლის წინაშე. აღნიშნულზე ადვოკატმა მ----–------–---–მა განაცხადა, რომ მას პოზიცია შეთანხმებული ჰქონდა დასაცავ პირთან ი-----–-------–---–--ასთან, რომლის განმარტებითაც, დაკითხვაში მონაწილეობისას ი------–---–---ს არ სჭირდებოდა ადვოკატის დახმარება.
სატელეფონო გასაუბრების ოქმის თანახმად, ქ.თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის პროკურორი დ-----------------, სს №0----------- საქმეზე, 2017 წლის 7 ივლისს 13:57 საათზე, მობილური ტელეფონის ნომრით 5---------- დაუკავშირდა მსჯავრდებულ ი-----–-------–---–--ას ინტერესების დამცველ ადვოკატს მ--–--------–------–---–ს მობილური ტელეფონის ნომერზე 5---------- და აცნობა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ვინაიდან ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ი------–---–---მ უარი განაცხადა სასამართლოში გამოცხადებაზე, მოსამართლის მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება მისი №- პენიტენციურ დაწესებულებაში დაკითხვის თაობაზე. აღნიშნულზე ადვოკატმა მ----–------–---–მა განაცხადა, რომ 2017 წლის 7 ივლისს, დილის საათებში შეხვდა მისი დაცვის ქვეშ მყოფ ი------–---–---ს და შეათანხმა პოზიცია, რომლის თანახმადაც, ი------–---–--- დაკითხვისას არ საჭიროებს ადვოკატის დახმარებას.
მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული, თბილისის საქალაქო სასამართლოს სხდომის ოქმის თანახმად, 2017 წლის 7 ივლისს 16:09 საათზე, №- პენიტენციურ დაწესებულებაში გაიხსნა გასვლითი სხდომა, რომელშიც მონაწილეობდნენ მოსამართლე ვ--–------, სხდომის მდივანი ვ----------, პროკურორი დ------------, გამომძიებელი ბ-------–---- და მოწმე ი------–---–---. აღნიშნულ სხდომაზე ი------–---–---მ უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე ორ გარემოებაზე მითითებით: 1. ოთხი დღეა შიმშილობს და ჯანმრთელობის
მდგომარეობიდან გამომდინარე არ შეუძლია დაკითხვაში მონაწილეობა (აღნიშნულის დასადასტურებლად ი------–---–--- უთითებს სამედიცინო ცნობაზე, რომლის საფუძველზეც არ მოხდა მისი ბადრაგირება სასამართლოში) და 2. დაკითხვის პროცესში საჭიროებს ადვოკატის მონაწილეობას.
აღსანიშნავია, 2017 წლის 7 ივლისის სხდომის ოქმში დაფიქსირებული ი------–---–---ს შემდეგი განმარტებები:
· „მე ვარ ცუდად, მეოთხე დღეა ვშიმშილობ, აქ ვერ ვხედავ ჩემს უფლებადამცველ ადვოკატს...“
·
პროკურორის განმარტებაზე, რომ ზუსტი ინფორმაცია, თუ რა საქმეზე უნდა დაკითხულიყო მოწმე მიაწოდეს მის ადვოკატს, ი------–---–---ს პასუხი: „მე გუშინ არ მიმიღია, არ ვიცოდი რა თემაზე უნდა დავკითხულიყავი...“
·
მოსამართლის განმარტებაზე, რომ მოწმის უარმა საგამოძიებო ორგანოს მიერ გამოკითხვაზე განაპირობა მისი მოსამართლის წინაშე დაკითხვის აუცილებლობა, ი------–---–---ს პასუხი: „ხოდა, ხომ უნდა მითხრათ, რომ მოდიხართ ბატონო მოსამართლევ, უწყება მაინც ხომ უნდა გამომიგზავნოთ, რატომ მოხვედით აქ და რატომ არ დამიბარეთ საქალაქო სასამართლოში...“ „დაგიბარეს საქალაქო სასამართლოში და მოიტანეს ცნობა, რომ თქვენი გადაადგილება შეუძლებელია“ (მოსამართლე).
·
პროკურორის მიერ 2017 წლის 6 და 7 ივლისს შედგენილ ოქმებთან დაკავშირებით, სადაც დაფიქსირებულია ადვოკატ მ--–--------–------–---–ის განმარტება, რომ მას დასაცავ პირთან ი------–---–---სთან შეთანხმებული აქვს პოზიცია და ი------–---–--- არ საჭიროებს ადვოკატის დახმარებას დაკითხვისას, ი------–---–---ს განცხადება:
„საიდან მოიტანეთ... ტყუილია აბსოლუტურად... ტყუილია, მსგავსი რამე არ ყოფილა, დღეს მქონდა კომუნიკაცია, ადვოკატი იყო დილიდან შემოსული ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით... რატომ ხართ ვალდებული ამ ცნობებს დაეყრდნოთ ვერ გავიგე, მ--–--------–------–---–ი დაკითხეთ, მაგის ხელმოწერაა ამ ოქმის ქვეშ, თუ რა არის... რა გავაკეთო, ჩავირტყა პასტა თვალში, ეგ გინდათ, რომ გავაკეთო? რომ ვეღარ დამკითხოთ, გეუბნებით ცუდადა ვარ, აზროვნების მხრივაც მიჭირს, მეოთხე დღეა არც საჭმელი მიჭამია, წყალს ვსვამ მარტო, ეს გავაკეთო გინდათ, რომ ვეღარ დამკითხოთ, ცუდად ვარ-მეთქი ...ვიღაცის მოტანილი ცნობაა, თურმე მე არ ვსაჭიროებ ადვოკატს, საიდან მოიტანეთ ეს... ჯერ რაღაცა მოიტანეს მსგავსი არაფერი ყოფილა გეუბნებით რომ არა, მე გეუბნებით, მ--–----------–------–---–- არა.... ადვოკატსაც ვსაჭიროებ და ჯანმრთელობის მდგომარეობასაც ვსაჭიროებ... მე ვითხოვ ადვოკატს, ადვოკატის გარეშე არც სამედიცინო შემოწმებას არ გავივლი, იმიტომ რომ მე მაქვს უფლება, მყავდეს ჩემი ადვოკატი, ჩემი უფლებადამცველი.“
მოსამართლის განმარტებაზე, რომ პროკურორი დაუკავშირდება მის ადვოკატს მ----–------–---–ს, ი------–---–---ს პასუხი: „ვინ არის ჩემი ადოკატი... ვ--–------–---–- არ იქნება ამ საქმეში ჩემი ადვოკატი...დამაკავშირეთ ჩემს ოჯახთან მე, ადვოკატს ვეტყვი ვინც უნდა მოვიდეს და მოვა ის ადვოკატი.“ აღნიშნულ საკითხზე მოსამართლის განმარტება - „კი ბატონო, მოგცემთ საშუალებას კომუნიკაციის, რომ ადვოკატთან დაკავშირებით ჩამოყალიბდეთ, დაურეკეთ თქვენს ოჯახს, ვისაც გნებავთ... დაუკავშირდით თქვენს ოჯახს და ჩვენ შეგვიძლია გადავდოთ შუამდგომლობის განხილვა.“
სხდომის ოქმის თანახმად, ზ/აღნიშნულის შემდეგ, 16:28 საათზე სხდომაზე გამოცხადდა შესვენება 18:06 საათამდე, ი------–---–---ს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო.
№- დაწესებულების მთავარი ექიმის ო----------ის 07.07.2018წ სამედიცინო ცნობის თანახმად, 07.07.2018წ დაახლოებით 16:40 საათზე, გამოძახებული იქნა ამავე დაწესებულების სასამართლო სხდომის დარბაზში, სადაც ინახულა ი------–---–---, რომელიც იქ მყოფი პირების დახმარებით ცდილობდა იატაკიდან ადგომას. ი------–---–---ს გადმოცემით, მას აღენიშნებოდა ხანმოკლე გონების კარგვა, დაახლოებით 3-5წმ, გონებაზე მოსვლის შემდეგ კი ჰქონდა ძლიერი თავის ტკივილი მარცხენა თხემის არეში. ო----------ის მიერ შეთავაზებულ სამედიცინო დახმარებაზე ი------–---–---მ განაცხადა უარი და მოითხოვა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის გამოძახება. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმმა გაუწია დახმარება და დიაგნოზის დაზუსტების მიზნით შესთავაზა სტაციონარში გადაყვანა, რაზეც ი------–---–---მ კატეგორიული უარი განაცხადა. ამჟამად პაციენტს აღენიშნება ძლიერი თავის ტკივილი, გულისრევის და პირღებინების შეგრძნება, ზოგადი საერთო სისუსტე, სამედიცინო ჩარევაზე უარს აცხადებს.
18:10 საათზე სასამართლო სხდომა დასრულდა, ვინაიდან ი------–---–---ს ჯანმრთელობის მდგომარეობა არ იძლეოდა მისი დაკითხვის შესაძლებლობას (პროკურორ დ-----------ის განმარტებით, „ვინაიდან ჯანმრთელობის მდგომარეობა ხელს არ უწყობს, რომ მისცეს ჩვენება, ჩვენ კიდევ ერთხელ მივმართავთ საქალაქო სასამართლოს და ავიღებთ შესაბამის ნებართვას, რათა მოსამართლის წინაშე მოხდეს ი-----–-------–---–--ას დაკითხვა).
მოსამართლის წინაშე პირის მოწმედ დაკითხვის შესახებ შუამდგომლობის თანახმად, 2017 წლის 26 ივლისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართ ქ.თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის პროკურორმა დ-----------------მ და ითხოვა განჩინების გაცემა ი-----–-------–---–--ას მოსამართლის წინაშე დაკითხვის თაობაზე. შუამდგომლობაში ინფორმაციის გამოთხოვის - ი-----–-------–---–--ას მოწმის სახით დაკითხვის მიზანშეწონილობა დასაბუთებულია შემდეგი გარემოებებით: ი-----–-------–--ის განცხადებით (რომელიც საფუძვლად დაედო გამოძიების დაწყებას), 2017 წლის 24 ივნისს, ტელეკომპანია „რ----------“-ის მეშვეობით გავრცელებული, მსჯავრდებულ ი-----–-------–---–--ას მიმართვა, რომლის თანახმად, ი-----–-------–--- არის საქართველოს სახელმწიფო სამსახურის საიდუმლო თანამშრომელი და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში შემუშავებული გეგმის შესაბამისად გ-------------–---ს მოუწყო პროვოკაცია, არ შეესაბამება რეალობას და მიზნად ისახავს, ი-----–-------–--ის როგორც მოწმის დისკრედიტაციას და წარმოადგენს ჩვენების შეცვლის მიზნით, მასზე ზემოქმედების მცდელობას, რითაც ასევე შეილახა მისი ღირსება და ჯანმრთელობასაც მიადგა გარკვეული ზიანი. ი-----–-------–---მ განცხადებით მოითხოვა ი-----–-------–---–--ას მიერ გავრცელებული ინფორმაციის გადამოწმება და ცალკეული პირების დაკითხვა. შუამდგომლობაში ასევე აღნიშნულია, რომ 2017 წლის 6 ივლისს ი-----–-------–---–--ამ უარი განაცხადა მოწმის სახით გამოკითხვაზე, ხოლო 7 ივლისს სასამართლო სხდომა შეწყდა მოწმის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გ---------–---–-ს 2017 წლის 26 ივლისის განჩინებით, ზ/აღნიშნული შუამდგომლობა დაკმაყოფილდა.
სატელეფონო გასაუბრების ოქმის თანახმად, ქ.თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის პროკურორი დ-----------------, სს №0----------- საქმეზე, 2017 წლის 26 ივლისს 21:14 საათზე, მობილური ტელეფონის ნომრით 5---------- დაუკავშირდა მსჯავრდებულ ი-----–-------–---–--ას ინტერესების დამცველ ადვოკატს მ--–--------–------–---–ს მობილური ტელეფონის ნომერზე 5---------- და აცნობა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 2017 წლის 27 ივლისს 12:00 საათზე ჩანიშნულია მოწმე ი-----–-------–---–--ას დაკითხვა მაგისტრატი მოსამართლის წინაშე. ადვოკატმა მ----–------–---–მა განაცხადა, რომ 2017 წლის 27 ივლისს, დილის საათებში შეხვდებოდა მის დასაცავ პირს ი-----–-------–---–--ას და დააზუსტებდა მასთან პოზიციას დაკითხვაში ადვოკატის მონაწილეობის შესახებ.
სატელეფონო გასაუბრების ოქმის თანახმად, ქ.თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის პროკურორი დ-----------------, სს №0----------- საქმეზე, 2017 წლის 27 ივლისს 11:53 საათზე, მობილური ტელეფონის ნომრით 5---------- დაუკავშირდა მსჯავრდებულ ი-----–-------–---–--ას ინტერესების დამცველ ადვოკატს მ--–--------–------–---–ს მობილური ტელეფონის ნომერზე 5---------- და აცნობა, რომ ვინაიდან ი------–---–--- უარს აცხადებდა სასამართლოში გამოცხადებაზე, მოსამართლის მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება მოწმის №- პენიტენციურ დაწესებულებაში დაკითხვის თაობაზე. აღნიშნულზე მ----–------–---–მა განაცხადა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფ ი------–---–---ს შეხვდა 2017 წლის 27 ივლისს დილის საათებში და შეათანხმა პოზიცია, რომლის თანახმადაც, ი------–---–---ს დაკითხვას №- პენიტენციურ დაწესებულებაში დაესწრება ადვოკატი ე----------–---–-.
სატელეფონო გასაუბრების ოქმის თანახმად, ქ.თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის პროკურორი დ-----------------, სს №0----------- საქმეზე, 2017 წლის 27 ივლისს 12:10 საათზე, მობილური ტელეფონის ნომრით 5---------- დაუკავშირდა ადვოკატ ე----------–---–ს მობილური ტელეფონის ნომერზე 5---------- და აცნობა, რომ ვინაიდან ი------–---–--- უარს აცხადებდა სასამართლოში გამოცხადებაზე, მოსამართლის მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება მოწმის №- პენიტენციურ დაწესებულებაში დაკითხვის თაობაზე. აღნიშნულზე ადვოკატმა ე----------–---–მა განაცხადა, რომ იგი დაკითხვის წარმოებისას დაიცავდა ი------–---–---ს ინტერესებს და პოზიციის შესათანხმებლად ერთი საათის განმავლობაში შევიდოდა №- პენიტენციურ დაწესებულებაში დასაცავ პირთან.
მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული, თბილისის საქალაქო სასამართლოს სხდომის ოქმის თანახმად, 2017 წლის 27 ივლისს 13:23 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიხსნა სხდომა, რომელშიც მონაწილეობდნენ მოსამართლე გ---------–---–-, სხდომის მდივანი გ--–------, პროკურორი დ------------ და გამომძიებელი ბ-------–----- ვინაიდან სამედიცინო ცნობიდან გამომდინარე, ი------–---–--- არ იქნა წარმოდგენილი სასამართლოში ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ი-----–-------–---–--ას მოწმის სახით დაკითხვის მიზნით სხდომა გაგრძელდეს №- პენიტენციურ დაწესებულებაში, რის გამოც 13:33 საათზე გამოცხადდა შესვენება.
სხდომის ოქმის ხსენებულ მონაკვეთში აღსანიშნავია შემდეგი გარემოებები:
· პროკურორმა განმარტა, რომ სხდომის თარიღი და დრო - 2017 წლის 27 ივლისი 12:00 საათი აცნობა ადვოკატ მ--–--------–------–---–ს. მოსამართლის კითხვაზე, რომ საქმეში არ მოიპოვება ხსენებული ადვოკატის ორდერი, პროკურორი პასუხობს, რომ 7 ივლისის დაკითხვასთან დაკავშირებით სატელევიზიო კომენტარები გააკეთა მ----–------–---–მა, „აქედან გამომდინარე ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ის იყო ზუსტად ის ადვოკატი, რომელიც ჩართული იყო ამ საქმეში... ჩვენ კიდევ ერთხელ დავუკავშირდით ვ--–------–---–ს დ მან განგვიმარტა, რომ ფ---–---–---ს დაკითხვაში მონაწილეობას სხვა ადვოკატი მიიღებდა თუ გადაწყდებოდა მოწმის პენიტენციურ დაწესებულებაში დაკითხვა. ამასთან დაკავშირებით, ჩვენ დავუკავშირდით იმ ადვოკატს - ე----------–---–ს და ის ახლა პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფება და ათანხმებს პოზიციას მისი დაცვის ქვეშ მყოფთან, მისცემს თუ არა ჩვენებას.“ მოსამართლის შეკითხვაზე, იქნება თუ არ მოწმე პენიტენციურ დაწესებულებაში დაკითხვის დროს უზრუნველყოფილი ადვოკატით, პროკურორი პასუხობს - „კი, რა თქმა უნდა!“
15:10 საათზე სასამართლო სხდომა გრძელდება №- პენიტენციურ დაწესებულებაში მოწმე ი-----–-------–---–--ას მონაწილეობით.
მოსამართლე მოწმე ი------–---–---ს უმარტავს, რომ პროკურორის შუამდგომლობა მისი მოწმედ დაკითხვის თაობაზე სასამართლოში შესულია 2017 წლის 26 ივლისს 17:53 საათზე, რაც დაკმაყოფილდა იმავე დღეს შესაბამისი განჩინებით. მოსამართლემ გააცნო ასევე შუამდგომლობის შინაარსი და გააფრთხილა მოწმე ჩვენების მიცემაზე უარის თქმის, ცრუ ჩვენებისა და ცრუ ინფორმაციის მიწოდებისათვის მოსალოდნელი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის თაობაზე, აგრეთვე განუმარტა უფლება არ მისცეს საკუთარი თავის და ახლო ნათესავის საწინააღმდეგო ჩვენება.
აღნიშნულ სხდომაზე ი------–---–---მ უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე ორ გარემოებაზე მითითებით: 1. უარს აცხადებს არა ზოგადად ჩვენების მიცემაზე, არამედ ჩვენების მიცემაზე კონკრეტულად პროკურორ დ-----------ისა და გამომძიებელ ბ-------–----სათვის, ვინაიდან მის მიერ ხსენებული პირები მხილებულნი არიან დანაშაულის ჩადენაში (2017 წლის 7 ივლისს №- პენიტენციურ დაწესებულებაში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით), რის თაობაზეც გენერალურ ინსპექციაში მიმდინარეობს გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე და 2. დაკითხვის პროცესში საჭიროებს ადვოკატის მონაწილეობას.
აღსანიშნავია, 2017 წლის 27 ივლისის სხდომის ოქმში დაფიქსირებული ი------–---–---ს შემდეგი განმარტებები:
· „მოვიდნენ სხვა პროკურორები, მე პრობლემა არ გამაჩნია საერთოდ დაკითხვის, ამ ორ პიროვნებასთან არანაირი ნდობა არ გამაჩნია... გამოიცვლებიან პროკურორები, დავუკავშირდები ოჯახს, მოვა ადვოკატი, მე გამოვცხადდები საქალაქო სასამართლოში თუ დროზე მომიტანენ ხოლმე ან უწყებას ან განჩინებას და რამეს მაინც ჩამაბარებენ და მორიგე არ მეტყვის რომ ან ვიღაცამ დარეკა და რაღაც პროცესი მაქვს და არ ვიცი ვისთან ტარდება. როგორც კი ეს ყველაფერი იქნება დაცული, მზად ვარ სასამართლოს მივცე ჩვენება“
· “მე კიდევ ერთხელ, საბოლოოდ ვაფიქსირებ, ოქმისთვის ვაფიქსირებ, რომ მე არ ვაცხადებ უარს ჩვენების მიცემაზე, მე ვაცხადებ უარს პოტენციური დამნაშავეების, სისხლის სამართლის საქმის პროკურორ გ---------ის, პროკურორ კ-----–---ის კითხვებზე უარს ვაცხადებ რომ ვუპასუხო... ეს ხალხი უნდა იყოს თანამდებობიდან გადაყენებული, სანამ გამოძიება არ დამთავრდება.“
15:45 საათზე სხდომა დასრულდა მოსამართლის განმარტებით: მოწმე გაფრთხილებული იქნა პასუხისმგებლობის თაობაზე, თუმცა უარი განაცხადა ხელისმოწერასა და ფიცის დადებაზე; მანვე განაცხადა ისიც, რომ „მე არ ვაცხადებ ჩვენებაზე უარს და მივცემ ჩვენებას, მაგრამ არ მივცემ ამ პროკურორს, ამ კონკრეტულ პროკურორს და ამ კონკრეტულ გამომძიებელს ჩვენებას. იგი უარს აცხადებს დღეს ჩვენების მიცემაზე.“ საქართველოს მთავარი პროკურატურის გენერალური ინსპექციის პროკურორ გ---------ის 2017 წლის 11 აგვისტოს დადგენილებით შეწყდა გამოძიება სისხლის სამართლის №0----------- საქმეზე, სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო. აღსანიშნავია, რომ გამოძიება დაიწყო საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით, ვინაიდან ი------–---–--- მიუთითებდა, რომ 2017 წლის 7 ივლისს №- პენიტენციურ დაწესებულებაში გამართულ სასამართლო პროცესზე იგი გაურკვეველ ვითარებაში დაეცა და მიიღო სხეულის დაზიანება, მომხდართან დაკავშირებით კი აქვს ორი ვერსია: ან ფიზიკურად გაუსწორდნენ ან შიმშილობის გამო გართულებული ჯანმრთელობის მდგომარეობის ფონზე დაკარგა გონება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 1 აგვისტოს სხდომის ოქმის თანახმად, მოსამართლე ბ---------–---–ის წარმოებაში არსებულ, გ-------------–--ის ბრალდების სს საქმეზე ი-----–--------–---–--- დაიკითხა დაცვის მხარის მოწმის სახით.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გამომძიებელმა ი-----–------–-–---–მა დაადასტურა ი-----–-------–---–--ას ბრალდების სს საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების სისწორე და მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობა, მათ შორის:
· სატელეფონო გასაუბრების ოქმის თანახმად, 2017 წლის 27 სექტემბერს 13:04 საათზე, ქ.თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსი გამომძიებელი ი-----–------–-–---–ი მობილური ტელეფონის ნომრით 5---------- დაუკავშირდა ი-----–-------–---–--ას ინტერესების დამცველ ადვოკატს მ--–--------–------–---–ს მობილური ტელეფონის ნომერზე 5---------- და აცნობა, რომ 2017 წლის 27 სექტემბერს გეგმავს საპროცესო მოქმედების ჩატარებას ი-----–-------–---–--ასთან. აღნიშნულზე მ--–--------–------–---–მა განაცხადა, რომ ის ი-----–-------–---–--ას ინტერესებს იცავს მხოლოდ ე-–--------------“ საქმეზე და უარი განაცხადა ი-----–-------–---–--ასთან 2017 წლის 27 სექტემბერს ჩასატარებელ საპროცესო მოქმედებაში მონაწილეობაზე.
· პროკურორ ლ---------–--ის მიერ გამოტანილი დადგენილება პირის ბრალდების შესახებ გამომძიებელმა ი-----–-–---–მა 2017 წლის 27 სექტემბერს გააცნო ი-----–-------–---–--ას, თუმცა ამ უკანასკნელმა უარი განაცხადა ხელის მოწერაზე, რის თაობაზეც გამომძიებელმა გააკეთა შესაბამისი შენიშვნა.
· 2017 წლის 27 სექტემბერს №- პენიტენციურ დაწესებულებაში გამოცხადებულ პროკურორ ლ---------–---სა და გამომძიებელ ი-----–-–---–ს ბრალდებულმა ი-----–-------–---–--ამ უარი განუცხადა სს №0----------- საქმის მასალების ჩაბარებაზე, რის გამოც გამომძიებელმა ი-----–-–---–მა განცხადებით მიმართა №- პენიტენციური დაწესებულების დირექტორს ზ---------–---–ს და ითხოვა ბრალდებულისათვის გადაეცათ №0----------- საქმის მასალები 278 ფურცლად, 1 ცალი DVD დისკი, დადგენილება პირის ბრალდების შესახებ ოთხ ფურცლად და ოქმი შესაძლო მტკიცებულებების თაობაზე ინფორმაციის გაცვლის შესახებ ორ ფურცლად.
· 2017 წლის 26 ოქტომბერს №- პენიტენციურ დაწესებულებაში გამოცხადებულ პროკურორ ლ---------–---სა და გამომძიებელ ი-----–-–---–თან შეხვედრაზე ბრალდებულმა ი-----–-------–---–--ამ უარი განაცხადა, რის გამოც გამომძიებელმა ი-----–-–---–მა განცხადებით მიმართა №- პენიტენციური დაწესებულების დირექტორს ზ---------–---–ს და ითხოვა ბრალდებულისათვის გადაეცათ №0----------- საქმის მასალები 332 ფურცლად, 15 ცალი კომპიუტერული დისკი, ოქმი შესაძლო მტკიცებულებების თაობაზე ინფორმაციის გაცვლის შესახებ 3 ფურცლად და სასამართლოში წარსადგენი მტკიცებულებების ნუსხა 5 ფურცლად. აღნიშნულიის თაობაზე სასამართლოში წარსადგენი მტკიცებულებების ნუსხაზე გაკეთებული შენიშვნის სისწორე ასევე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა, №- პენიტენციური დაწესებულების სოციალურმა მუშაკმა ქ-----------–---მ.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა, №- პენიტენციური დაწესებულების სოციალური განყოფილების სოციალურმა მუშაკმა ქ-----------–---მ, სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების მთავარმა ინსპექტორმა გ-------------–---–მა და სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ინსპექტორ- კონტროლიორმა ა-------–----–---–მა დაადასტურეს 2017 წლის 27 სექტემბრით დათარიღებული ოქმის სისწორე, რომლის თანახმადაც, მსჯავრდებულმა ი-----–-------–---–--ამ უარი განაცხადა სს საქმის მასალების (278 ფურცლად), პირის ბრალდების შესახებ დადგენილების (4 ფურცლად), შესაძლო მტკიცებულებების თაობაზე ინფორმაციის გაცვლის შესახებ ოქმის (2 ფურცლად) და 1 ცალი კომპიუტერული დისკის ჩაბარებაზე.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გამომძიებელმა ი-----–------–-–---–მა და №- დაწესებულების თანამშრომელმა, მთავარმა ინსპექტორმა გ---------------მ დაადასტურეს 2017 წლის 28 სექტემბრის ოქმის სისწორე, რომლის თანახმად, პროკურორმა ლ---------–---მ და გამომძიებელმა ი-----–-–---–მა №- პენიტენციური დაწესებულების საგამოძიებო ოთახში სრულად გადასცეს ბრალდებულ ი-----–-------–---–--ას სს №0----------- საქმის მასალები და დატოვეს ოთახი, სადაც დარჩა ბრალდებული სს საქმის მასალებთან ერთად.
ბრალდებულ ი-----–-------–---–--ას ჩვენებით, მოწმის სახით დაკითხვაზე მისი უარი განპირობებული იყო არა მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლის ინტერესით (რასაც მისივე განმარტებით, ადასტურებს იმავე საკითხთან დაკავშირებით, გ------–--ის ბრალდების სს საქმეზე მოწმის სახით დაკითხვის ფაქტი), არამედ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებით 2017 წლის 7 ივლისს (რაც დადასტურებულია შესაბამისი სამედიცინო ცნობით), აგრეთვე მისი უფლებების დარღვევით, ვინაიდან არ მიეცა ადვოკატის მომსახურებით სარგებლობის შესაძლებლობა (არ ეცნობა სასამართლო სხდომის თარიღი კანონით დადგენილი პროცედურის დაცვით და არ მიეცა გონივრული დრო ადვოკატის ასაყვანად) და ბრალდების მხარის წარმომადგენლებისადმი (გამომძიებლისა და პროკურორის) უნდობლობით (ი------–---–---ს განმარტებით, უარი განაცხადა ჩვენება მიეცა იმ პირებისათვის, რომელთაც ამხელდა მის მიმართ სავარაუდო დანაშაულის ჩადენაში).
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 371-ე მუხლის საკანონმდებლო კონსტრუქციიდან გამომდინარე, ჩვენებაზე უარის თქმა გულისხმობს მოწმის ან დაზარალებულის აშკარად გამოხატულ ნებას, არ მისცეს ჩვენება საგამოძიებო ან სასამართლო ორგანოებს სამისათვის მნიშვენლოვან გარემოებათა შესახებ, საპატიო მიზეზის გარეშე. ხსენებული მუხლით პირის ქმედების მართლმსაჯულების განხორციელებისათვის დახმარების გაწევა საზოგადოების ყველა წევრის მოქალაქეობრივი ვალია. სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა მოწმესა და დაზარალებულს აკისრებს მოვალეობას, მისცენ საგამოძიებო და სასამართლო ორგანოებს სწორი ჩვენება, მიაწოდონ ინფორმაცია საქმესთან დაკავშირებით მათთვის ცნობილი ყველა ფაქტისა და გარემოების შესახებ და ამომწურავი პასუხი გასცენ დასმულ შეკითხვებს. იმ პირებს, რომლებიც შეგნებულად თავს არიდებენ აღნიშნული მოვალეობის შესრულებას, შეუძლიათ სერიოზულად შეუშალონ ხელი მართლმსაჯულების განხორციელებას.
ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე, პირველი ინსტანციის სასამართლოს მსგავსად სააპელაციო პალატაც მიიჩნევს, რომ ი-----–---------–---–--- მოსამართლის წინაშე მოწმედ დაკითხვის თაობაზე ინფორმირებული იქნა საქართველოს სსსკ-ის 114-ე მუხლით დადგენილი წესით; თუმცა ი-----–-------–---–--ას არ მიეცა საკმარისი დრო და შესაძლებლობა ადვოკატის მომსახურებით სარგებლობისა და დაცვის მოსამზადებლად. კერძოდ: საჯარო სამსახურში დადგენილი სამუშაო საათების გათვალისწინებით, 2017 წლის 7 ივლისს პატიმრობაში მყოფ ი-----–-------–---–--ას განკარგულებაში იყო დაახლოებით 4 საათი, ხოლო 27 ივლისს - მხოლოდ ორი საათი ადვოკატის ასაყვანად, ამასთან არ იქნა გათვალისწინებული ის ფაქტი, რომ ი-----–-------–---–--ა, როგორც სს საქმეზე მსჯავრდებული პირი სასჯელის მოხდის მიზნით მოთავსებული იყო დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში და ჩვეულებრივი მოწმისაგან (თავისუფლებაში მყოფი პირისაგან) განსხვავებით შეზღუდული ჰქონდა კომუნიკაცია გარესამყაროსთან, მას ერთი თვის განმავლობაში ჰქონდა მხოლოდ სამი სატელეფონო საუბრის უფლება, თითოეული – არა უმეტეს 15 წუთისა. მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება იმისა, ჰქონდა თუ არა 2017 წლის 7 და 27 ივლისს ი-----–-------–---–--ას შესაძლებლობა ესარგებლა სატელეფონო საუბრის უფლებით (ხომ არ ჰქონდა მას უკვე გამოყენებული სამივე სატელეფონო საუბრის უფლება) და დადებით შემთხვევაში, მისთვის განსაზღვრულ, არაგონივრულად მცირე დროში ხომ არ ჰქონდა კომუნიკაცია ოჯახის წევრებთან ან ადვოკატთან.
საგულისხმოა, რომ ი-----–-------–---–--აზე ი-----–-------–--- პირდაპირ მიუთითებდა, როგორც მასზე ზემოქმედების განმახორციელებელ და შესაბამისად, დანაშაულის ჩამდენ პირზე, გამოძიების დაწყებისა და პირველივე დაკითხვის მომენტიდან (რაც უნდა ჩაითვალოს ოფიციალური ორგანოს მიერ ოფიციალურ შეტყობინებად, რომ არსებობს ვარაუდი მის მიერ დანაშაულის ჩადენაზე) მოექცა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მოქმედების სფეროში. აღნიშნული მუხლით (აგრეთვე საქართველოს სსსკ-ის 114-ე მუხლით) გარანტირებული, არჩეული დამცველის დახმარებით სარგებლობის პრაქტიკულად აბსოლუტური უფლების შეზღუდვამ განაპირობა ი-----–-------–---–--ას მიერ ისეთი გადაწყვეტილების მიღება, რამაც უარყოფითი ზეგავლენა მოახდინა მისი, როგორც მოწმის სამართლებრივ მდგომარეობაზე (ი-----–-------–---–--ას შესძინა ბრალდებულის სტატუსი) და დაცვის უფლების საწყის ეტაპზე დაუცველობამ წარმოშვა მთლიანად სამართალწარმოების პროცესის სამართლიანობისათვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენების საფრთხე. ამდენად, სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზით, სასამართლოს მიაჩნია, რომ არ დადასტურდა ი-----–-------–---–--ას განზრახვა შეგნებულად თავი აერიდებინა ჩვენების მიცემისათვის და აღნიშნულით ხელი შეეშალა მართლმსაჯულებისათვის, არამედ სახეზეა ი-----–-------–---–--ას ლეგიტიმური მოთხოვნა საპროცესო კანონმდებლობითა და ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციით გარანტირებული უფლებების დაცვით განხორციელებულიყო მისი მოწმის სახით დაკითხვა, ი-----–-------–---–--ას ქმედებაში მართლმსაჯულების განხორციელებისათვის ხელშეშლის ინტერესისა და განზრახვის არარსებობა კი ავტომატურად გამორიცხავს მისი ქმედების საქართველოს სსკ-ის 371-ე მუხლით დაკვალიფიცირების შესაძლებლობას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა რა გასაჩივრებული განაჩენი, მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა ბრალდების მხარის მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული და კანონიერი გამამართლებელი განაჩენის გამოსატანად. პალატა მიიჩნევს, რომ არც გამოძიების და არც სასამართლო განხილვისას არ ყოფილა მოპოვებული და გამოკვლეული უტყუარი, აშკარა მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდნენ იმ ფაქტს, რომ ი-----–-------–---–--ამ პირის ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებული ქმედება ჩაიდინა. შესაბამისად, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა დაუსაბუთებელია, იგი აგებულია ეჭვებსა და ვარაუდებზე. სააპელაციო პალატის აზრით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სათანადოდ შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები.
გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY, განმარტა შემდეგი: ”წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული”.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას, ან წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში კი არავითარ ერთმანეთთან შეთანხმებულ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობასთან არა გვაქვს საქმე.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით პალატა მიიჩნევს, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 22 იანვრის განაჩენი გამართლებულ ი-----–-------–---–--ას მიმართ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის პროკურორ ლ-–----------–--ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 22 იანვრის განაჩენი ი-----–-------–---–--ას მიმართ, დარჩეს უცვლელი;
ი-----–-------–---–--ა საქართველოს სსკ-ის 371-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდეს.
ი-----–-------–---–--ას განემარტოს, რომ უფლება აქვს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი წესით მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნივთმტკიცება - 2 (ორი) ცალი CD დისკი და 4 (ოთხი) ცალი DVD დისკი (ერთვის სს საქმეს) შენახულ იქნეს სს საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მ. ხოლოაშვილი