განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 130210017002180282
საქმე №2ბ/6492-18
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
14 თებერვალი, 2019 წ. ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე _ გოდერძი გიორგიშვილი
სხდომის მდივანი _ გვანცა კომბეგაშვილი
აპელანტი – შპს ,,ჩ------------------------------------------ი’’ (მოპასუხე)
წარმომადგენლები - ო-–---------–--ე, მ--------------ე
მოწინააღმდეგე მხარე – თ----- წ------–---–ი (მოსარჩელე)
წარმომადგენელი - ქ------- გ-----–--ე
დავის საგანი _ ზიანის ანაზღაურება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ ხაშურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 15 აგვისტოს გადაწყვეტილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თ----- წ------–---–მა სარჩელი აღძრა ხაშურის რაიონულ სასამართლოში შპს ,,ჩ------------------------------------------ის’’ მიმართ და მოითხოვა: ა) საცხოვრებელი სახლის დაზიანებით მიყენებული ზიანის - 16,817.77 ლარის ანაზღაურება; ბ) ექსპერტიზისთვის გადახდილი თანხა 925 ლარი, საპროექტო-ხარჯთაღრიცხვის შედგენის ხარჯი - 500 ლარი, ადვოკატის მომსახურების საფასური - 300 ლარი; გ) სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 505 ლარის დაკისრება.
2. თ----- წ------–---–ი სარჩელს შემდეგ გარემოებებზე აფუძნებდა:
ხაშურის მუნიციპალიტეტის ს------–----–----ში საკუთრების უფლებით ფლობს უძრავ ქონებას, ორსართულიან საცხოვრებელ სახლს, რომლის საკადასტრო კოდია 6-----------. მოპასუხე შპს „ჩ------------------------------------------ი" ხაშურის მუნიციპალიტეტის ს------–----–----ში აწარმოებს სარკინიგზო გვირაბების მშენებლობას, რომელიც დაკავშირებულია აფეთქებით სამუშაოებთან, რის გამოც ზიანდება შენობა-ნაგებობები. გვირაბის მშენებლობის პროცესში წარმოებულმა აფეთქებითმა სამუშაოებმა გამოიწვია მოსარჩელის საცხოვრებელი სახლის დაზიანება, სახლის კედლებზე და ჭერზე აღინიშნება სხვადასხვა მიმართულების ვერტიკალური და ჰორიზონტალური ბზარები, ეროზირებულია უკანა და ტორსული კედლები. გაჩენილია სხვადასხვა ზომის, ხასიათის და მიმართულების მნიშვნელოვანი დაზიანებები, რომლებიც თანდათან პროგრესირებს.
სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს” დასკვნით დადგინდა, რომ ეს დაზიანები გამოწვეულია მოპასუხის მიერ წარმოებული აფეთქებითი სამუშაოებით.
ინდივიდუალური მეწარმე ზ-------------–--ის მიერ მომზადებული გამაგრება- შეკეთების სამუშაოების რესურსული ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტაციის მიხედვით, მოქალაქე თ----- წ------–---–ის საცხოვრებელი სახლის დაზიანებით გამოწვეულმა ზიანმა შეადგინა - 16 372.10 ლარი.
3. მოთხოვნის გამომრიცხავი შესაგებლით შპს ,,ჩ------------------------------------------მა’’ სარჩელი არ ცნო და შემდეგ გარემოებებზე მიუთითა:
მოპასუხეს თ----- წ------–---–ის საცხოვრებელი სახლის დაზიანებაში ბრალი არ მიუძღვის. "ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს" 2----–-–--------------------------- დასკვნის შესაბამისად, სახლის დაზიანებები გამოწვეულია გვირაბის მშენებლობის პროცესით, რაც არასწორია. ექსპერტი პ------ მ-------–---–ი თავის დასკვნაში გარკვევით მიუთითებს, "იმის დასაზუსტებლად ს------–----–----ში თ----- წ------–---–ის საკუთრებაში არსებული სახლის უკანა კედლის მხარეს ფერდობის საყრდენი კედლის დაზიანებები გამოწვეულია თუ არა გვირაბის სამშენებლო სამუშაოებით, საჭიროა წარმოდგენილ იქნეს სარკინიგზო გვირაბის სამშენებლო სამუშაოების წარმოების დროს ჩატარებული აფეთქებითი სამუშაოების ტექნიკური დოკუმენტაცია და ტოპო-გეოდეზიური სქემა, სადაც მოცემული იქნება სარკინიგზო გვირაბის და თ----- წ------–---–ის საკუთრებაში არსებული სახლის ადგილმდებარეობა, რაც მოსარჩელის მხრიდან ექსპერტისათვის წარდგენილი არ ყოფილა და ექსპერტი მოკლებული იყო კატეგორიული დასკვნის გაცემის შესაძლებლობას.
ამ საკითხების გარკვევის მიზნით, ზემოხსენებულ დოკუმენტებზე დაყრდნობით მოპასუხე კომპანიამ ჩაატარა ექსპერტიზა და წარმოდგენილია ა----------------------------------------–---–----–----------–-----------------ა "ე-----------" 2----–-–---------–--ის საექსპერტო დასკვნა, რომელიც სასამართლოს დასაბუთებულად დაარწმუნებს, რომ მოსარჩელის ქონების დაზიანება გამოწვეული არ არის კომპანიის მიერ წარმოებული სამშენებლო და აფთქებითი სამუშაოებით. კომპანია "ე-----------" დასკვნით აფეთქებები მიმდინარეობდა ნორმების ფარგლებში, თ----- წ------–---–ის სახლი მდებარეობს საშიში ზონის გარეთ, კერძოდ, გვირაბის ღერძიდან დახრილი კუთხით 149 მეტრში, ხოლო ჰორიზონტალურად - 206 მეტრში, სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა სავარაუდოა და ეყრდნობა მხოლოდ სახლის მეპატრონის წ------–---–ის განმარტებას.
მოპასუხე ასევე უთითებდა, რომ საქმეზე დართული ინდ. მეწარმე ზ-------------–--ის მიერ შედგენილი ხარჯთაღრიცხვა არ გამომდინარეობდა ექსპერტიზის დასკვნიდან და ხარჯებიც მეტისმეტად იყო გაზრდილი.
4. ხაშურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 15 აგვისტოს გადაწყვეტილებით, თ----- წ------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. შპს "ჩ------------------------------------------ს" თ----- წ------–---–ის სასარგებლოდ დაეკისრა მიყენებული ზიანის 14 985 ლარის გადახდა. ასევე, ექსპერტიზის ხარჯი - 925 ლარი, ხარჯთაღრიცხვის შედგენის ხარჯი - 500 ლარი და ადვოკატის მომსახურების ხარჯი - 300 ლარი.
5. პირველი ინსტანციის სასამართლომ სსიპ "ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს’’ 2----–-–--------------------------- და ამავე ბიუროს 2----–-–------------ №--------- დასკვნების საფუძველზე, დადგენილად მიაჩნია, რომ მოსარჩელე თ----- წ------–---–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების დაზიანება გამოწვეული იყო შპს ”ჩ-----------------------------------------ის” მიერ წარმოებული საამშენებლო სამუშაოების პროცესში განხორციელებული აფეთქებებით.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქ--–----ში მდებარე თ----- წ------–---–ის საცხოვრებელი სახლი საჭიროებდა აღდგენა-გაძლიერების სამუშაოებს, რომლის ღირებულებაც შეადგენდა 16 372.10 ლარს.
ამასთან, სასამართლომ გაიზიარა ლ. სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიხედვით, დადგენილი იყო, რომ თ----- წ------–---–ის უძრავ ქონებაზე მიყენებული დაზიანებები ძირითადად გამოწვეული იყო გვირაბის მშენებლობის დროს წარმოებული აფეთქებებით და, რომ აღნიშნული სახლის მშენებლობა არ იყო ნაწარმოები სამშენებლო ნორმების სრული დაცვით, აღნიშნულის გათვალისიწნებით, დაასკვნა, რომ ზიანის ოდენობა გარკვეულწილად უნდა შემცირებულიყო და მიყენებული ზიანის ოდენობა, გონივრული შეფასების საფუძველზე, ნაცვლად 16 372.10 ლარისა, უნდა განსაზღვრულიყო 14985 ლარით.
6. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს ,,ჩ------------------------------------------მა’’, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
7. შპს ,,ჩ------------------------------------------ის’’ სააპელაციო საჩივარი ეფუძნება შემდეგ გარემოებებს:
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ხაშურის რაიონის ს------–----–----ში მდებარე თ----- წ------–---–ის საცხოვრებელი სახლი დაზიანდა მოპასუხე შპს ”ჩ-----------------------------------------ის” მიერ წარმოებული საამშენებლო სამუშაოების პროცესში განხორციელებული აფეთქებებით. ამ გარემოების დადგენისას, სასამართლო დაეყრდნო სსიპ ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნას.
აპელანტი არ ეთანხმება სასამართლოს ზემოაღნიშნულ დასკვნას და განმარტავს, რომ ზიანის დადგომაში შპს ”ჩ-----------------------------------------ის” ბრალის არსებობის შემთხვევაშიც კი, ზიანის ოდენობა თანაბრალეულობის პრინციპის გათვალისწინებით უნდა დაანგარიშებულიყო. აპელანტის მითითებით, ლევან სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა მიუთითებს, როგორც მშენებლობის ნორმების დარღვევაზე, ასევე, უხარისხო მშენებლობაზე და ამ კუთხით განმარტავს, რომ უძრავ ქონებაზე მიყენებული დაზიანებები, ძირითადად გამოწვეული იყო გვირაბის მშენებლობის დროს წარმოებული აფეთქებებით. ამასთან, საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ ექსპერტი არ აზუსტებს, თუ დაზიანებების რა ნაწილი იყო გამოწვეული აფეთქებებით და რა ნაწილი სხვა გარემოებებით. აპელანტის მითითებით, ამ საკითხთან დაკავშირებით არსებობს პრაქტიკა, რომლის თანახმად, ასეთ შემთხვევაში ზიანი თანაბრად ნაწილდება.
მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი ექსპეტრიზის დასკვნები არ არის კატეგორიული, არის სავარაუდო და მისი კვლევითი ნაწილი ეფუძნება მხოლოდ ვიზუალური დათვალიერების შედეგებს და მობინადრეთა განმარტებებს.
ამასთან, მოპასუხე აპელირებს იმ გარემოებაზე, რომ მის მიერ სასამართლოში წარდგენილი იქნა ა----------------------------------------–---–----–----------–-----------------ა ,,ე-----------’’ მიერ გაცემული 2----–-–---------–--ის საექსპერტო დასკვნა, რომლითაც დასტურდება, რომ შპს ”ჩ-----------------------------------------ის” მიერ წარმოებული აფეთქებები მიმდინარეობდა ნორმის ფარგლებში და მათ არ შეეძლო გამოეწვია მოსარჩელის საცხოვრებლი სახლის დაზიანება, რომელიც არ მდებარეობდა რისკის ზონაში. კერძოდ, აპელანტის მითითებით, კომპანია ,,ე-----------’’ დასკვნის თანახმად, თ----- წ------–---–ის საცხოვრებელი სახლი N---, ს/კ 6-----------, მდებარეობს აფეთქება საშიში ზონის გარეთ, მშენებარე მე-9 გვირაბის აღმოსავლეთ პორტალის ჩრდილო-დასავლეთ მხარეს. დახრილი მანძილი გვირაბის ღერძის უახლოეს წერტილსა და საცხოვრებელ სახლს შორის არის 149 მ., ხოლო, ჰორიზონტალური მანძილი - 206 მ. ზემოქმედების ზონის უახლოესი წერტილიდან სახლამდე. აფეთქებები წარმოებდა ნორმის ფარგლებში და ამ სახლის მიმართ არ დაფიქსირებულა დასაშვებ ლიმიტზე მაღალი ვიბრაციის მაჩვენებელი. ამდენად, ადაპტირებული სპეციფიკაციისა და სტანდარტების გათვალისწინებით, თ----- წ------–---–ის საცხოვრებელი სახლის დაზიანებები არ არის გამოწვეული მე-9 გვირაბში წარმოებული აფეთქებების შედეგად.
აპელანტის მითითებით, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ თ----- წ------–---–ის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლის აღდგენა-გაძლიერებითი სამუშაოების ღირებულება, გონივრული შეფასების საფუძველზე, შეადგენდა არა 16372.10 ლარს, რაც გათვალისიწნებული იყო ინდ. მეწარმე ზ-------------–--ის მიერ მომზადებული ხარჯთაღრიცხვით, არამედ, 14985 ლარს.
ბუნდოვანია, თუ რის საფუძველზე მივიდა სასამართლო იმ დასკვნამდე, რომ კონკრეტულ თანხამდე უნდა შემცირებულიყო ზიანის ოდენობა. ამასთან, აპელანტის მითითებით, ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტით მეტისმეტადაა გაზრდილი ხარჯები და გათვალისიწნებულია ისეთი სამუშაოების შესრულება (მაგ: შპალერისა და ქაღალდის დემონტაჟი ..), რომელიც არ შეიძლება გამოწვეული იყოს აფეთქებებით და ეწინააღმდეგება ლ. სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნას, რომლითაც მხოლოდ საცხოვრებელი სახლის აღდგენა-გაძლიერებითი სამუშაოებია გათვალისწინებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
8. შპს „ჩ------------------------------------------ის“ მუდმივმოქმედი ფილიალი ხაშურის მუნიციპალიტეტის ს------–----–----ში აწარმოებს სარკინიგზო გვირაბის მშენებლობას; მშენებლობის პროცესში გამოიყენება მიწისქვეშა აფეთქებები. მოსარჩელე თ----- წ------–---–ის საცხოვრებელი სახლი მდებარეობს ხაშურის მუნიციპალიტეტის ს------–----–----ში.
9. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.
ზემოაღნიშნული ნორმა განსაზღვრავს იმ აუცილებელ წინაპირობებს, რომლებიც უნდა არსებობდეს დელიქტური ურთიერთობის წარმოშობისათვის, კერძოდ, უნდა დადგინდეს ზიანი, მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, ანუ მოვალის ქმედება უნდა იყოს არა მარტო ბრალეული და მართლსაწინააღმდეგო, არამედ ზიანი უნდა იყოს ამ ქმედებით გამოწვეული უშუალო შედეგი.
ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები უნდა შეესაბამებოდეს აღნიშნულ ნორმაში მითითებულ კონსტრუქციას. თუნდაც ერთ-ერთი ელემენტის არარსებობა გამორიცხავს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას. შესაბამისად, დელიქტურ ვალდებულებასთან დაკავშირებით სარჩელის აღძვრისას მოსარჩელეს ევალება, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო 102-ე მუხლით გათვალისწინებული მტკიცების სტანდარტის დაცვით, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით ამტკიცოს, რომ არსებობს სამივე ზემოაღნიშნული წინაპირობა. მოსარჩელის მიერ თავისი პოზიციის დასადასტურებლად კონკრეტული მტკიცებულებების წარდგენის შემდეგ საწინააღმდეგო გარემოებების მტკიცება მოპასუხის ვალდებულებაა, რისი შეუსრულებლობაც მხარისათვის არახელსაყრელ მატერიალურ-სამართლებრივ შედეგს გამოიწვევს (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 15.02.2018წ. განჩინებაში მოცემული მსჯელობა საქმეზე #ას-72-72-2018).
10. საქმის მასალებით დადგენილია, რომ უძრავი ნივთი, მდებარე ხაშურის რაიონი, ს------–-----–-----, 1-----------. ფართის სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი და შენობა-ნაგებობა N1, საერთო ფართით: 1---------., (საკადასტრო კოდი: 6-----------), საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში საკუთრების უფლებით აღრიცხულია თ----- წ------–---–ის სახელზე (ტ. 1, ს.ფ. 16-17).
11. სააპელაციო პალატა, საქმეში არსებული მტკიცებულებების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის საფუძველზე შეფასებით, დადგენილად მიიჩნევს, რომ მოსარჩელის კუთვნილი საცხოვრებელი სახლისა და საყრდენის კედლის დაზიანებები გამოწვეულია შპს „ჩ------------------------------------------ის“ მიერ სარკინიგზო გვირაბის მშენებლობის პროცესში განხორციელებული მრავალჯერადი აფეთქებებით წარმოქმნილი დინამიური დატვირთვებით.
12. მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2----–-–--------------------------- დასკვნის (ექსპერტიზის კვლევის საგანი იყო მოსარჩელე მხარის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლის ტექნიკური მდგომარეობა და დაზიანების გამომწვევი მიზეზები) თანახმად, ,,ზოგადად და ასევე, საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის NN57 დადგენილებით, მშენებლობის დაწყებამდე აუცილებელია მიმდებარედ არსებული შენობა-ნაგებობების ტექნიკური მდგომარეობის გამოკვლევა, არსებული დაზიანებების დაფიქსირება და მშენებლობის პროცესში ტექნიკური მდგომარეობის მონიტორინგი, რაც აღნიშნულ შემთხვევაში არ ჩატარებულა. ამდენად, შენობის ტექნიკური მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია გვირაბის მშენებლობის დაწყებამდე არ არსებობს. მობინადრის განცხადებით, ფერდობის საყრდენი კედლის დაზიანებები დაიწყო და პროგრესირება გაგრძელდა ს------–----–----ში სარკინიგზო გვირაბის მოწყობის სამშენებლო სამუშაოების დაწყების შემდეგ, კერძოდ, აფეთქებით გამოწვეული ვიბრაციული დატვირთვებით, რომელიც მიმდინარეობდა ხანგრძლივად და დიდი სიხშირით, რის გამოც როგორც მათ საცხოვრებელ სახლში, ასევე, მეზობლად მდებარე შენობებში აღინიშნებოდა საკმაოდ ძლიერი, მიწისძვრის მსგავსი ბიძგები. თ----- წ------–---–ის შენობის უკანა კედლის მხარეს ფერდობის საყრდენი კედლის დაზიანება გამოწვეულია ფერდობის მეწყრული პროცესების გააქტიურებით, რომელიც შეიძლება პროვოცირებული იყოს ძლიერი ან ხანგრძლივი ატმოსფერული ნალექების, მიწისძვრების ან სარკინიგზო გვირაბის სამშენებლო სამუშაოების წარმოების დროს, ვიბრაციული დატვირთვების ზემოქმედებით.
ამრიგად, ხაშურის რაიონის ს------–----–----ში მდებარე თ----- წ------–---–ის საკუთრებაში არსებული შენობის ტექნიკური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ხოლო უკანა კედლის მხარეს ფერდობის საყრდენი კედლის და აივნის ბეტონის კედელის ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია. აუცილებელია შენობის უკანა კედლის მხარეს გრუნტის მასივის შესაკავებლად საყრდენი კედელის შეცვლა ახალი რკინა-ბეტონის საყრდენი კედელით, რომლის კონსტრუქციაც დამუშავებული უნდა იქნეს, შესაბამისი გამოკვლევებით მიღებული საწყისი მონაცემებით ჩატარებული გაანგარიშების შემდეგ.
იმის დასაზუსტებლად ს------–----–----ში თ----- წ------–---–ის საკუთრებაში არსებული სახლის უკანა კედლის მხარეს, ფერდობის საყრდენი კედლის დაზიანებები გამოწვეულია თუ არა გვირაბის სამშენებლო სამუშაოებით, საჭიროა წარმოდგენილი იქნეს სარკინიგზო გვირაბის სამშენებლო სამუშაოების წარმოების დროს ჩატარებული აფეთქებითი სამუშაოების ტექნიკური დოკუმენტაცია და ტოპო-გეოდეზიური სქემა, სადაც მოცემული იქნება სარკინიგზო გვირაბის და თ----- წ------–---–ის საკუთრებაში არსებული სახლის მდებარეობა.
საექსპერტო კვლევა ჩატარებული აქვს ექსპერტ პ------ მ-------–---–ს - კ----------------------–-----–----------------------------------------–----------------------–--------------------------------–-----–-------------------------------------------------------------–ოს ექსპერტს, სპეციალობით მუშაობის 31 წლის სტაჟით.
13. ხაშურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 25 დეკემბრის განჩინებით, სასამართლომ მიიჩნია რა, რომ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2----–-–--------------------------- დასკვნა არ იყო სრულყოფილი, მოცემულ საქმეზე დანიშნა დამატებითი ექსპერტიზა. ექსპერტიზის ჩატარება დაევალა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს. ექსპერტიზას გადასაწყვეტად დაესვა შემდეგი კითხვები:
1. რა მანძილზე (ჰორიზონტალურად და დახრილი ვერტიკალური კუთხით) მდებარეობს ხაშურის მუნიციპალიტეტის ს------–----–----ში მშენებარე სარკინიგზო გვირაბიდან მოსარჩელე თ----- წ------–---–ის სახლი და იგი მდებარეობს თუ არა მშენებლობის (აფეთქების) ზემოქმედების - ზონაში?
2. სარკინიგზო გვირაბის მშენებლობის პერიოდში ნაწარმოები აფეთქებითი სამუშაოები ჩატარებული იყო თუ არა დადგენილი ნორმების ფარგლებში?
3. შესაძლოა თუ არა დაშვებულ ნორმებში წარმოებულ სისტემურ და ხშირ აფეთქებებს გამოეწვია ისეთი ხასიათის პროცესები, როგორიცაა ნიადაგის ჯდენითი პროცესები, რაც გამოიწვევდა თ----- წ------–---–ის საცხოვრებელ სახლისა და ფერდობის საყრდენი კედლის დაზიანებას.?
4. თ----- წ------–---–ის სახლზე და ფერდობის საყრდენ კედელზე არსებული დაზიანებები შესაძლოა თუ არა გამოეწვია ბუნებრივ მოვლენებს, კერძოდ, მიძისძვრას,მეწყრულ პროცესებს?
5. თ----- წ------–---–ის სახლი აშენებულია თუ არა სამშენებლო ნორმების დაცვით?
14. მითითებული განჩინების საფუძველზე, სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს’’ მიერ 2----–-–------------ გაცემული №--------- დასკვნის თანახმად:
„ამჟამად ზუსტი მოდელი, რომელიც უტყუარად შეაფასებს აფეთქებებით გამოწვეულ ზიანს მიმდებარედ არსებულ გარემოზე არ არის შემუშავებული. ცნობილია შემთხვევები, როდესაც აფეთქების ზონასთან უფრო ახლოს მდებარე შენობები უფრო ნაკლებად არის დაზიანებული, ვიდრე უფრო შორს მდებარე შენობები. ასევე, ცნობილია, რომ ხანგრძლივი დროის განმავლობაში და მრავალჯერადად განმეორებული ვიბრაციული დატვირთვების შედეგად ხდება თიხნარი გრუნტების გაფხვიერება, ხოლო ქვიშნარი გრუნტების ჯდენა, რაც შესაბამისად აისახება შენობა-ნაგებობების ტექნიკურ მდგომარეობაზე. გარდა ამისა, მხოლოდ თეორიული მოდელი არ არის საკმარისი საბოლოო დასკვნების გასაკეთებლად, რადგან აფეთქებებით გამოწვეული ზონის და სიმძლავრის დასადგენად აუცილებელია კომპლექსური მიდგომა. კერძოდ, აუცილებელია გეოტექნიკური და საინჟინრო ანალიზის ჩატარება და სხვა ფაქტორების გათვალისწინება. ამდენად, თეორიული მიდგომა (მათემატიკური მოდელი), რომელიც წარმოდგენილია კომპანია „ე-----------" მიერ შესრულებულ დოკუმენტში (რომელიც გამოყენებულია აფეთქებებით გამოწვეული მანძილის დასადგენად), არასრულყოფილია და ვერ ასახავს რეალურ მდგომარეობას ს------–----–----ში მდებარე შენობების აფეთქებითი სამუშაოების გავლენით შესაძლო დაზიანებების შესახებ, რადგან ამ მიდგომით თეორიულად განსაზღვრული შენობების რაოდენობა შეადგენს 9-ს, ხოლო რეალურად დაზიანებულია რამდენიმე ასეული შენობა-ნაგებობა. გარდა ამისა, 2012 წლის ივლისიდან (ქ--–----ის ტერიტორიაზე N9 სარკინიგზო გვირაბის სამშენებლო სამუშაოების დასაწყისი) 2016 წლის 06 ივნისამდე აფეთქებების შედეგად წარმოშობილი ვიბრაციების მონიტორინგი მიმდინარეობდა მხოლოდ 09.10.2012 - 13.10.2012, 01.03.2013- 16.06.2013 და 29.07.2015 - 06.06.2016 პერიოდებში (გამოტოვებული 2,3,4 და 5 დღიანი შუალედებით, ამასთან, არ არის მოწოდებული ინფორმაცია ქ--–----ის ტერიტორიაზე N9 სარკინიგზო გვირაბის სამშენებლო სამუშაოების დასასრულის შესახებ). ანუ გამოტოვებული პერიოდებში თუ რა სიხშირის და რა სიმძლავრის აფეთქებითი სამუშაოები მიმდინარეობდა მონაცემები არ არსებობს’’.
ექსპერტმა მიუთითა, რომ 1-ელ და მე-2 შეკითხვაზე პასუხის გაცემა არ შედიოდა ექსპერტის კომპენტენციაში.
მე-3 შეკითხვის (შესაძლოა თუ არა დაშვებულ ნორმებში წარმოებულ სისტემურ და ხშირ აფეთქებებს გამოეწვია ისეთი ხასიათის პროცესები, როგორიცაა ნიადაგის ჯდენითი პროცესები, რაც გამოიწვევდა თ----- წ------–---–ის საცხოვრებელ სახლისა და ფერდობის საყრდენი კედლის დაზიანებას?) პასუხად, ექსპერტმა მიუთითა, რომ ,,სისტემურ და ხშირ აფეთქებებს შესაძლოა გამოეწვია ნიადაგის ჯდენითი პროცესები, რაც გამოიწვევდა თ----- წ------–---–ის საცხოვრებელ სახლისა და ფერდობის საყრდენი კედლის დაზიანებას, რადგან ცნობილია, რომ ხანგრძლივი დროის განმავლობაში და მრავალჯერადად განმეორებული ვიბრაციული დატვირთვების შედეგად ხდება მეწყრული პროცესების გააქტიურება, თიხნარი გრუნტების გაფხვიერება, ხოლო ქვიშნარი გრუნტების ჯდენა, რაც შესაბამისად აისახება შენობა-ნაგებობების ტექნიკურ მდგომარეობაზე’’.
მე-4 შეკითხვის (თ----- წ------–---–ის სახლზე და ფერდობის საყრდენ კედელზე არსებული დაზიანებები შესაძლოა თუ არა გამოეწვია ბუნებრივ მოვლენებს, კერძოდ, მიძისძვრას, მეწყრულ პროცესებს) პასუხად, ექსპერტმა მიუთითა, რომ ,,თეორიულად დასაშვებია, რომ თ----- წ------–---–ის საცხოვრებელ სახლზე არსებული დაზიანებები, შესაძლოა, გამოეწვია მიწისძვრას. თუმცა უნდა აღნიშნოს, რომ ზოგადად და ასევე, საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N57 დადგენილებით ახალი მშენებლობის დაწყებამდე აუცილებელია მიმდებარედ არსებული შენობა-ნაგებობების ტექნიკური მდგომარეობის გამოკვლევა. არსებული დაზიანებების დაფიქსირება და მშენებლობის პროცესში ტექნიკური მდგომარეობის მონიტორინგი, რაც აღნიშნულ შემთხვევაში არ ჩატარებულა. ამდენად, შენობის ტექნიკური მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია გვირაბის მშენებლობის დაწყებამდე არ არსებობს. მობინადრის განცხადებით, მათი საცხოვრებელი სახლის დაზიანებები გაჩნდა და პროგრესირება დაიწყო ს------–----–----ში სარკინიგზო გვირაბის მოწყობის სამშენებლო სამუშაოების დაწყების შემდეგ, კერძოდ, აფეთქებით გამოწვეული ვიბრაციული დატვირთვებით, რომელიც მიმდინარეობდა ხანგრძლივად და დიდი სიხშირით, რის გამოც როგორც მათ საცხოვრებელ სახლში, ასევე მეზობლად მდებარე შენობებში აღინიშნებოდა საკმაოდ ძლიერი მიწისძვრის მსგავსი ბიძგები. რაც შეეხება მეწყრულ პროცესებს ვიზუალური დათვალიერებით თ----- წ------–---–ის საცხოვრებელი შენობის უკანა კედლის მხარეს ფერდობის საყრდენი კედლის დაზიანება გამოწვეულია ფერდობის მეწყრული პროცესების გააქტიურებით’’.
მე-5 შეკითხვის (თ----- წ------–---–ის სახლი აშენებულია თუ არა სამშენებლო ნორმების დაცვით) პასუხად ექსპერტმა მიუთითა, რომ ,,საქართველოში ინდივიდუალური სახლების აბსოლუტური უმრავლესობა, რომლებიც აშენებულია 1990 წლამდე ვერ აკმაყოფილებს სეისმომედეგი მშენებლობის ნორმებს და წესებს, თუმცა ამ სახლების ტექნიკური მდგომარეობები მეტ-ნაკლებად დამაკმაყოფილებელია და მათი შემდგომი ექსპლუატაცია დასაშვებია. ბიუროს მიერ გაცემულ დასკვნაში აღნიშნულია, რომ თ----- წ------–---–ის საკუთრებაში არსებული შენობის ტექნიკური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ხოლო უკანა კედლის მხარეს ფერდობის საყრდენი კედლის და აივნის ბეტონის კედელის ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია. აუცილებელია შენობის უკანა კედლის მხარეს გრუნტის მასივის შესაკავებლად საყრდენი კედელის შეცვლა ახალი რკინა-ბეტონის საყრდენი კედელით, რომლის კონსტრუქციაც დამუშავებული უნდა იქნეს შესაბამისი გამოკვლევებით მიღებული საწყისი მონაცემებით ჩატარებული გაანგარიშების შემდეგ’’.
პალატა ყურადღებას გაამახვილებს მითითებული ექსპერტიზის დასკვნითი ნაწილის ბოლო აბზაცზე, რომელიც კატეგორიაული ხასიათისაა და სადაც ექსპერტი მიუთითებს, ,,თუ გავითვალისწინებთ, რომ ამ პერიოდში (2013-2017 წლებში) საქართველოს ტერიტორიაზე არ მომხდარა ისეთი სიმძლავრის მიწისძვრები, რომლებიც გამოიწვევდა ხაშურის რაიონის ს------–----–----ში არსებული შენობა-ნაგებობების მნიშვნელოვან დაზიანებებს და ს------–----–----ში მდებარე თ----- წ------–---–ის საცხოვრებელ სახლზე და უკანა კედლის მხარეს გრუნტის მასივის შესაკავებლად საყრდენი კედელის არსებული დაზიანებების სპეციფიკურ ხასიათს, შეიძლება დავასკვნათ, რომ ხაშურის მუნიციპალიტეტის ს------–----–----ში მდებარე თ----- წ------–---–ის საცხოვრებელ სახლზე და საყრდენ კედელზე არსებული დაზიანებები გამოწვეულია N9 სარკინიგზო გვირაბის მშენებლობის პროცესში წარმოებული სამუშაოების შედეგად.
საექსპერტო კვლევა ჩატარებული აქვს ექსპერტ პ------ მ-------–---–ს - კ----------------------–-----–----------------------------------------–----------------------–--------------------------------–-----–-------------------------------------------------------------–ოს ექსპერტს, სპეციალობით მუშაობის 31 წლის სტაჟით.
15. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, აშკარაა, რომ მითითებული ექსპერტიზის დასკვნა იმპერატიული ხასიათისაა. იგი მიუთითებს დაზიანებების გამომწვევ უშუალო მიზეზზე, კერძოდ, აღნიშნავს, რომ თ----- წ------–---–ის საცხოვრებელ სახლსა და საყრდენ კედელზე არსებული დაზიანებები გამოწვეულია N9 სარკინიგზო გვირაბის მშენებლობის პროცესში წარმოებული სამუშაოების შედეგად.
16. მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი ინდ. მეწარმე „ზ-------------–--ის“ მიერ შედგენილი საცხოვრებელი სახლის რეაბილიტაციის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მიხედვით, თ----- წ------–---–ის სახლის გამაგრება-შეკეთების სამუშაოების სახარჯთაღრიცხვო ღირებულება შეადგენს 16 372 ლარს და 10 თეთრს.
17. ზემოაღნიშნული მტკიცებულებების საპირწონედ მოპასუხემ რაიონულ სასამართლოში წარადგინა კომპანია ,,ე-----------“ მიერ გაცემული დასკვნა (ტ.1, ს.ფ. 71-213). მოპასუხის (აპელანტის) განმარტებით, აღნიშნული მტკიცებულებით გამოირიცხება მისი ბრალი მოსარჩელის კუთვნილი სახლის დაზიანებაში.
18. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, მოპასუხის მიერ წარმოდგენილი კომპანია ,,ე-----------“ დასკვნა ვერ აქარწყლებს სსიპ ლევან სამხარაულის ეროვნული ბიუროს მიერ მომზადებულ ზემოთ აღნიშნულ იმპერატიულ დასკვნას. კერძოდ, კომპანია ,,ე-----------“ მიერ გაცემული დასკვნა „აფეთქებადი ვიბრაციის მონცემების შეფასება ს------–----–----ში მდებარე მე-9 გვირაბის აღმოსავლეთ პორტალის სამშენებლო ობიექტისათვის“ (E-----------) ზოგადი ხასიათისაა. აღნიშნული დასკვნით შეფასდა აფეთქებების ზემოქმედების ზონა და გვირაბის აფეთქებით გამოწვეული ზიანის რისკი შენობებისათვის. საგულისხმოა ის ფაქტი, რომ აღნიშნული დასკვნით არ მომხდარა კონკრეტული შენობა-ნაგებობების კვლევა, არ შესწავლილა მოსარჩელე მხარის კუთვნილი შენობა-ნაგებობების მდგომარეობა, არ განხორციელებულა მასზე ფაქტობრივი ზემოქმედების დაკვირვება, მისი ხანგრძლივობის შესწავლა და რაც მთავარია, შენობა-ნაგებობების მდგომარეობის, კერძოდ, მათი სეისმომედეგობის გათვალისწინებით, დამდგარ ზიანთან აფეთქებების მიზეზ-შედეგობრივი კავშირის დადგენა.
19. ამასთან, მოპასუხის მიერ წარმოდგენილი ,,ე-----------“ დასკვნის შინაარსიდან ირკვევა, რომ დასკვნა შეეხება ზოგადად სარკინიგზო გვირაბის მშენებლობისას აფეთქებითი სამუშაოების მონიტორინგს, სამუშაოების წარმოების კონსულტაციას და არ არის მიღებული კონკრეტული უძრავი ნივთების გამოკვლევის შედეგად. მოპასუხის მითითება მასზედ, რომ კომპანია "ე-----------" დასკვნით აფეთქებები წარმოებდა დაშვებული ნორმების ფარგლებში, რასაც არ შეეძლო გამოეწვია სახლების დაზიანება - ვერ იქნება გაზიარებული, ვინაიდან, ეს აფეთქებები იყო მრავალჯერადი სიხშირის და არა ერთჯერადი, რაც იწვევდა ნიადაგის ჯდენითი პროცესების პროვოცირებას, შესაბამისად, დაზიანებების წარმოშობას. ამასთან, კომპანიის დასკვნის თანახმად (ტომი 1; ს.ფ. 299), თ----- წ------–---–ის სახლი, N9 გვირაბის აღმოსავლეთ პორტალის ჩრდილოეთ-ჩრდილო-დასავლეთ მხარეს, დახრილი მანძილი გვირაბის ღერძის უახლოესი წერტილსა და საცხოვრებელ სახლს შორის არის 149 მ., ხოლო, ჰორიზონტალური მანძილი არის 206 მ. ზემოქმედების ზონის უახლოესი წერტილიდან სახლამდე, რაც მიუთითებს ზემოქმედების არეალის უშუალო სიახლოვეზე. ამასთან, აღნიშნული არ აქარწყლებს კონკრეტული სახლის დათვალიერების და დაზიანებების შესწავლის საფუძველზე, შედგენილ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ცალსახა დასკვნას მასზედ, რომ შენობაზე ბზარების განვითარების ხასიათი და გავრცელების არეალი მიუთითებს მასზედ, რომ დაზიანებები გამოწვეულია სარკინიგზო გვირაბის მშენებლობის პროცესში განხორციელებული მრავალჯერადი აფეთქებებით წარმოქმნილი დინამიური დატვირთვებით.
20. „ე-----------“ დასკვნის უარსაყოფად, პალატა ყურადღებას გაამახვილებს ექსპერტ პ------ მ-------–---–ის განმარტებაზე, რომ თეორიული მიდგომა (მათემატიკური მოდელი), რომელიც წარმოდგენილია კომპანია "ე-----------" მიერ შესრულებულ დოკუმენტში (რომელიც გამოყენებულია აფეთქებებით გამოწვეული მანძილის დასადგენად), არასრულყოფილია და ვერ ასახავს რეალურ მდგომარეობას ს------–----–----ში მდებარე შენობების აფეთქებითი სამუშაოების გავლენით შესაძლო დაზიანებების შესახებ, რადგან ამ მიდგომით თეორიულად განსაზღვრული შენობების რაოდენობა შეადგენს 9-ს, ხოლო რეალურად დაზიანებულია რამდენიმე ასეული შენობა-ნაგებობა. გარდა ამისა, 2012 წლის ივლისიდან (ქ--–----ის ტერიტორიაზე N9 სარკინიგზო გვირაბის სამშენებლო სამუშაოების დასაწყისი) 2016 წლის 06 ივნისამდე აფეთქებების შედეგად წარმოშობილი ვიბრაციების მონიტორინგი მიმდინარეობდა მხოლოდ 09.10.2012 - 13.10.2012, 01.03.2013- 16.06.2013 და 29.07.2015 - 06.06.2016 პერიოდებში (გამოტოვებული 2,3,4 და 5 დღიანი შუალედებით. ამასთან, არ არის მოწოდებული ინფორმაცია ქ--–----ის ტერიტორიაზე N9 სარკინიგზო გვირაბის სამშენებლო სამუშაოების დასასრულის შესახებ). ანუ გამოტოვებული პერიოდებში თუ რა სიხშირის და რა სიმძლავრის აფეთქებითი სამუშაოები მიმდინარეობდა მონაცემები არ არსებობს.
ამასთან, მხარეები სადავოდ არ ხდიან, რომ ქ--–----ის ტერიტორიაზე N9 სარკინიგზო გვირაბის სამშენებლო სამუშაოები, მათ შორის აფეთქებები დაიწყო 2012 წლის ივლისიდან, „ე-----------“ დასკვნა კი ასახავს აფეთქებების შედეგად წარმოშობილი ვიბრაციების მონიტორინგის მიმდინარეობას მხოლოდ 09.10.2012 წლიდან. ამდენად, საქმის მასალებში არ მოიპოვება ინფორმაცია, თუ რა სიხშირის და რა სიმძლავრის აფეთქებითი სამუშაოები მიმდინარეობდა 2012 წლის ივლისიდან - 2012 წლის 09 ოქტომბრის ჩათვლით.
ასევე, საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N57 დადგენილებით ახალი მშენებლობის დაწყებამდე აუცილებელია მიმდებარედ არსებული შენობა-ნაგებობების ტექნიკური მდგომარეობის გამოკვლევა. არსებული დაზიანებების დაფიქსირება და მშენებლობის პროცესში ტექნიკური მდგომარეობის მონიტორინგი. ამდენად, მოპასუხე ორგანიზაციას, ვიდრე მსგავსი მასშტაბის მშენებლობას დაიწყებდა, უნდა გამოეკვლია რისკის ზონაში მყოფი მოქალაქეების საცხოვრებელი სახლების მდგომარეობა, რათა შემდგომ მარტივად ყოფილიყო აღქმადი, თუ რა დაზიანებები გამოიწვია წარმოებულმა მშენებლობამ, ან საერთოდ გამოიწვია, თუ არა ის, საქმის მასალებით კი მსგავსი კვლევის ჩატარება არ დასტურდება; აღნიშნული მოპასუხის მტკიცების ტვირთზე ნეგატიურ გავლენას ახდენს და წარმოდგენილი ზოგადი ხასიათის დასკვნით შევსებული ვერ იქნება.
21. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 172-ე მუხლის შესაბამისად, ექსპერტის დასკვნა სასამართლოსათვის სავალდებულო არ არის და მისი შეფასება ხდება 105-ე მუხლით დადგენილი წესით. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოსარჩელემ სარჩელის ფაქტობრივ საფუძვლად მითითებული გარემოების (მოპასუხის ქმედებით ზიანის მიყენების ფაქტი) დასადასტურებლად სასამართლოში წარადგინა შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნები, მოპასუხე მხარემ კი სათანადო მტკიცებულებებით ვერ შეძლო ამ დასკვნებით დადგენილი ფაქტების უარყოფა (სსკ-ის მე-4, 102-ე მუხლები).
22. პალატა მიუთითებს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილად მიჩნეულ იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლითაც შპს "ჩ------------------------------------------ის" მიერ თ----- წ------–---–ისათვის მიყენებული ზიანის ოდენობა 14 985 ლარით განისაზღვრა. ამ ოდენობით მოპასუხისათვის ზიანის დაკისრების ნაწილში, მოსარჩელეს შედავება არ განუხორციელებია.
23. რაც შეეხება აპელანტს, იგი სადავოდ ხდის დაკისრებული ზიანის ოდენობას და მიუთითებს მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი ხარჯთაღრიცხვის არასარწმუნოობაზე.
ამ კუთხით, პალატა აღნიშნავს, რომ 2017 წლის 08 დეკემბერს, თ----- წ------–---–ის სარჩელზე მოპასუხე შპს „ჩ------------------------------------------ის" წარმომადგენელმა წარადგინა შესაგებელი, რომელშიც მიეთითა, რომ მოპასუხე არ ცნობდა სარჩელს; ამასთან, სარჩელის ფაქტობრივ საფუძვლად მითითებული გარემოება, რომელიც შეეხებოდა მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილ ხარჯთაღრიცხვას, უარყოფილია სიტყვებით: „არ ვეთანხმები“ და მითითებულია, რომ ,,ინდ. მეწარმე ზ-------------–--ის მიერ შედგენილი ხარჯთაღრიცხვა არ გამომდინარეობს ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2----–-–-------------------------- დასკვნიდან და ხარჯები არის მეტისმეტად გაზრდილი’’.
24. პალატა მიიჩნევს, რომ შპს "ჩ------------------------------------------ის" შესაგებელი ზიანის ოდენობის ნაწილში არაკვალიფიციურია (დაუსაბუთებელია).
25. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლით აღიარებულია რა სასამართლო წესით უფლების დაცვის საყოველთაო პრინციპი, მისი კონკრეტული რეალიზაცია ასახულია საპროცესო კანონმდებლობაში. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 4.1 მუხლი ადგენს სამართალწარმოების ისეთ ფუნდამენტურ პრინციპს, როგორიცაა შეჯიბრებითობა და განსაზღვრავს, რომ სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
26. სამოქალაქო სამართალწარმოების ეტაპებს კანონმდებელი ორ ძირითად ნაწილად ყოფს, ესაა საქმის მომზადება სასამართლოს მთავარ სხდომაზე განსახილველად (იხ. სსკ-ის 203-ე მუხლი) და სასამართლოს მთავარი სხდომის სტადია (სსსკ-ის 207-ე მუხლი). იმის მიხედით, თუ საქმე განხილვის რა ეტაპზეა, განსხვავებულია მხარეთა უფლებრივი მდგომარეობაც, რომელთაგან განსახილველ შემთხვევაში უმნიშვნელოვანესია მოპასუხის უფლებები: სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლი ადგენს მოპასუხის საპროცესო თავდაცვის ძირითადი ინსტრუმენტს - შესაგებლის ინსტიტუტს და ნორმის მე-4 და მე-5 ნაწილებით განსაზღვრულია, რომ პასუხში (შესაგებელში) სრულყოფილად და თანამიმდევრობით უნდა იყოს ასახული მოპასუხის მოსაზრებები სარჩელში მითითებულ თითოეულ ფაქტობრივ გარემოებასა და მტკიცებულებასთან დაკავშირებით. თუ მოპასუხე არ ეთანხმება სარჩელში მოყვანილ რომელიმე გარემოებას, იგი ვალდებულია მიუთითოს ამის მიზეზი და დაასაბუთოს შესაბამისი არგუმენტაციით. წინააღმდეგ შემთხვევაში მას ერთმევა უფლება, შეასრულოს ასეთი მოქმედება საქმის არსებითად განხილვის დროს. მოპასუხე ვალდებულია, პასუხს დაურთოს მასში მითითებული ყველა მტკიცებულება. თუ მოპასუხეს საპატიო მიზეზით არ შეუძლია პასუხთან ერთად მტკიცებულებათა წარდგენა, იგი ვალდებულია, ამის შესახებ მიუთითოს პასუხში. წინააღმდეგ შემთხვევაში მოპასუხეს ერთმევა უფლება, შემდგომში წარადგინოს მტკიცებულებები. მოპასუხე უფლებამოსილია, მტკიცებულებათა წარდგენისათვის მოითხოვოს გონივრული ვადა. ამ საპროცესო წესის დარღვევით, ბუნებრივია, ირღვევა შეჯიბრებითობის პრინციპი, რამდენადაც ამავე კოდექსის 219-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეები შეზღუდული არიან, ახსნა-განმარტების მოსმენისას წარადგინონ ახალი მტკიცებულებები ან მიუთითონ ახალ გარემოებებზე, რომელთა შესახებაც არ ყოფილა მითითებული სარჩელსა თუ შესაგებელში ან საქმის მომზადების სტადიაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მათ შესახებ თავის დროზე საპატიო მიზეზით არ იყო განცხადებული.
27. განსახილველ შემთხვევაში, როგორც აღინიშნა, მოპასუხე სარჩელის წინააღმდეგ წარდგენილი შესაგებელით, მართალია, არ დაეთანხმა სარჩელის ფაქტობრივ საფუძვლად მითითებულ გარემობას მიყენებული ზიანის ოდენობის შესახებ, თუმცა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლის მე-4 ნაწილის იმპერატიული მოთხოვნის დარღვევით, არ აღუნიშნავს ამის მიზეზი და არ დაუსაბუთებია იგი შესაბამისი არგუმენტაციით.
28. პალატა აღნიშნავს, რომ შესაგებლის პროცესუალური მნიშვნელობის შესახებ არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის განმარტება, რომლის მიხედვით, „შეჯიბრებითობის პრინციპი მოიცავს მხარეთა საქმიანობას საქმის ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების სფეროში. მოთხოვნების თუ შესაგებლის ფაქტობრივი დასაბუთება ეკისრებათ თავად მხარეებს. მხარეებმა თვითონ უნდა განსაზღვრონ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს და რა კონკრეტულ გარემოებებს დაემყარება მათი შესაგებელი.
2007 წლის 28 დეკემბერს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში განხორციელებული ცვლილებების მიხედვით, მოპასუხის მიერ პასუხის (შესაგებლის) წარდგენა სავალდებულო ხასიათს ატარებს (საქართველოს 28.12.2007წ.-ის კანონი N5669-სსმ), რაც იმაში გამოიხატება, რომ აღნიშნული საპროცესო ვალდებულების შეუსრულებლობა მხარისათვის უარყოფით საპროცესოსამართლებრივ შედეგებს იწვევს. კერძოდ, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები ითვლება შეუდავებლად და, შესაბამისად, დამტკიცებულად. სსსკ-ის 201-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული შესაგებლის წარუდგენლობის ფაქტი თავისთავად განსაზღვრავს მტკიცების საგანს, რადგანაც მოსარჩელე თავისუფლდება სარჩელში მითითებული ფაქტების მტკიცებისაგან. აღნიშნული გარემოება დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობაცაა. საპროცესო კანონმდებლობით დადგენილია მოპასუხის მიერ კონკრეტული შესაგებლის წარდგენის ვალდებულება, კერძოდ, სსსკ-ის 201-ე მუხლის მე-4 ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, დგინდება, რომ მოპასუხე უნდა შეედავოს მოსარჩელის გამართულ, დასაბუთებულ მოთხოვნას ანუ დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემოებებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები (და არა მისი სამართლებრივი შეხედულებები) დამტკიცებულად ითვლება (საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილება, საქმე №ას-664-635-2016, 2 მარტი, 2017 წელი).
29. მოცემულ საქმეზე, როგორც აღინიშნა, შპს "ჩ------------------------------------------ის" მიერ წარდგენილი შესაგებელი (პასუხი) არ აკმაყოფილებდა კანონის მოთხოვნებს (სსკ-ის 201-ე მუხლის მეოთხე და მეხუთე ნაწილები).
ამდენად, ზიანის კონკრეტულ ოდენობასთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მთავარ სხდომასა და სააპელაციო სასამართლოში მოპასუხის (აპელანტის) წარმომადგენელების მიერ მითითებული გარემოებები, საპატიო მიზეზის არარსებობის პირობებში, ვერ იქნება მიღებული და მათზე პალატა ვერ იმსჯელებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 219.1 და 380.2 მუხლების შესაბამისად.
30. საქმის მასალებით დადგენილია, რომ სასამართლომ ზიანის ანაზღაურების ნაწილში სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა. იმის გათვალისწინებით, რომ დაუკმაყოფილებელ ნაწილში მოსარჩელეს საჩივარი არ წარმოუდგენია, პალატა მოკლებულია პროცესუალურ შესაძლებლობას, იმსჯელოს ამ ნაწილში რაიონული სასამართლოს დასკვნის დასაბუთებულობის შესახებ. რაც შეეხება მოპასუხე (აპელანტ) მხარეს, მას ზიანის ოდენობის უზუსტობის, სხვა ოდენობით გამოთვლის ან/და სხვა სახის გამაბათილებელი მტკიცებულება არ წარმოუდგენია, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი დასკვნით დაანგარიშებული ზიანის ოდენობა საქმეში არსებული სხვა სახის მტკიცებულებით გაქარწყლებული არ არის, შესაბამისად, პალატა იზიარებს და ეთანხმება დაკისრებული ზიანის ოდენობას.
31. პალატა ვერ გაიზიარებს შპს „ჩ-----------------------------------------ის” აპელირებას, რომ ზიანის ოდენობა შერეული ბრალის პრინციპის გათვალისწინებით უნდა დაანგარიშდეს და შესაბამისად, ზიანის დადგომაში მხარეების ბრალეულობა თანაბრად უნდა განისაზღვროს. გარდა იმისა, რომ ამ სამართლებრივი დასკვნის განმაპირობებელ ფაქტობრივ გარემოებებზე მოპასუხის წარმომადგენლებს შესაგებელში არ მიუთითებიათ და ამდენად, ისინი პალატის მიერ ვერ იქნება მიღებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 219.1 და 380.2 მუხლების საფუძველზე, არსებითადაც არ არსებობს ზიანის ოდენობის შემცირების ის წინაპირობა, რასაც სამოქალაქო კოდექსის 415-ე მუხლი ითვალისწინებს.
კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 415-ე მუხლის მიხედვით, 1. თუ ზიანის წარმოშობას ხელი შეუწყო დაზარალებულის მოქმედებამაც, მაშინ ზიანის ანაზღაურების ვალდებულება და ამ ანაზღაურების მოცულობა დამოკიდებულია იმაზე, თუ უფრო მეტად რომელი მხარის ბრალით არის ზიანი გამოწვეული. 2. ეს წესი გამოიყენება მაშინაც, როცა დაზარალებულის ბრალი გამოიხატება მის უმოქმედობაში - თავიდან აეცილებინა ან შეემცირებინა ზიანი.
პალატა კიდევ ერთხელ მიუთითებს ამ განჩინების მე-15 პუნქტით დადგენილად მიჩნეულ გარემოებაზე, რომ სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს’’ მიერ 2----–-–------------ გაცემული №--------- დასკვნა იმპერატიული ხასიათისაა. იგი მიუთითებს დაზიანებების გამომწვევ უშუალო მიზეზზე, კერძოდ, აღნიშნავს, რომ თ----- წ------–---–ის საცხოვრებელ სახლსა და საყრდენ კედელზე არსებული დაზიანებები გამოწვეულია N9 სარკინიგზო გვირაბის მშენებლობის პროცესში წარმოებული სამუშაოების შედეგად.
რაიმე მტკიცებულება, რაც ზიანის მიყენებაში მოსარჩელის (დაზარალებულის) ბრალს დაადასტურებდა, მოპასუხეს არ წარმოუდგენია. ამ პირობებში, აპელანტის პრეტენზია დამდგარ ზიანში პასუხისმგებლობის თანაბრალეულობის პრინციპით განსაზღვრაზე, მოკლებულია ფაქტობრივ საფუძველს და დაუსაბუთებელია.
32. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, შპს ,,ჩ------------------------------------------ის’’ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ხაშურის რაიონულმა სასამართლომ წინამდებარე საქმე განიხილა მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევების გარეშე, ამასთან, არსებითად სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არსებითად სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და მიუთითებს მათზე.
33. სააპელაციო საჩივრის იმ არგუმენტებზე, რომლებსაც საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობა ჰქონდა, პალატამ ზემოთ უკვე იმსჯელა.
ამასთან, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯ-ა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30).
34. აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი 599.40 ლარის ოდენობით წინასწარ გადახდილია.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს ,,ჩ------------------------------------------ი’’ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ხაშურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 15 აგვისტოს გადაწყვეტილება;
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, განჩინების მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;
4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე გ. გიორგიშვილი