განაჩენი

სისხლის სამართლის 06.03.2019
საქმის ნომერი
330100118002543082
ინსტანცია
თარიღი
06.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100118002543082

საქმე №1ბ/160-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

06 მარტი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე მზია ლომთათიძემ

 

ზაზა ჭანტურიძის მდივნობით

 

სახელმწიფო ბრალმდებელ - ნა-----------–---–ის

ადვოკატ - თა--------–----ას

გამართლებულ - რა------------ის

თარჯიმან - მა------------–--ის

მონაწილეობით

 

თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნა-----------–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე ზეპირი მოსმენით განიხილა სისხლის სამართლის საქმე:

რა------------ის მიმართ, დაბადებულის 1--- წლის 15 ნოემბერს, საქართველოს მოქალაქის, პირადი №0----------, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების მისამართზე: ქ. თ---–---------------–------------–-------------------------------, დანაშაულებისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი).

 

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 04 დეკემბრის რა------------ი უდანაშაულოდ იქნა ცნობილი და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში.

 

რა------------ს ბრალი ედებოდა მასზედ, რომ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ (ორი ეპიზოდი).

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

1) 2018 წლის 07 ივნისს, საღამოს საათებში, ქ. თ---–--–-------------–------------–----------------------–---------------------ში რა------------მა, ურთიერთშელაპარაკების დროს, არასრულწლოვანი შვილის ირ----------ის თანდასწრებით, მეუღლეს ლე--–--------ს სახის არეში მარცხენა მხარეს გაშლილი ხელი ერთხელ დაარტყა, ხოლო შემდეგ ყბის მიდამოში ხელი მოუჭირა, აღნიშნულის შედეგად ლე--–--------მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

2) 2018 წლის 09 ივნისს, ღამის საათებში, ქ. თ---–--–-------------–------------–-----------------------–---------------------ში რა------------მა, ურთიერთშელაპარაკების დროს, ეჭვიანობის ნიადაგზე, არასრულწლოვანი შვილის ირ----------ის თანდასწრებით, მეუღლე ლე--–--------ი მოქაჩა თმებიდან და თავის არეში მარჯვენა მუშტი ერთხელ დაარტყა, რა დროსაც ლე--–--------მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:

ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა რა------------ის ბრალეულობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის, ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნა-----------–---–მა, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 04 დეკემბრის გამამართლებელი განაჩენის გაუქმება და რა------------ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ორი დანაშაულის ჩადენისათვის, შემდეგ გარემოებათა გამო:

აპელანტს მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გამამართლებელი განაჩენი უკანონო და დაუსაბუთებელია, რადგან ბრალდების მხარემ სასამართლოს წარუდგინა არაერთი უტყუარი მტკიცებულება, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს რა------------ის მიერ ბრალად წარდგენილი დანაშაულების ჩადენას, კერძოდ, მოწმეების: ბე--–-----------ას, ნი---–-----------ას, ცი–-------------–---–ის, სამედიცინო ექსპერტ გუ-–--------------–---–ის, გამომძიებელ გი-------------ის სასამართლოსათვის მიცემული თანმიმდევრული და სარწმუნო ჩვენებები; სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმად ლე--–--------ს პირადი შემოწმებისას აღენიშნებოდა დაზიანება მარცხენა ქვედაყბის მიდამოში შუა მესამედში სისხლნაჟღენთის სახით. დაზიანება განვითარებულია, რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით დაზიანების განვითარება არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებებში მითითებულ თარიღს 2018 წლის 07 ივნისს. მოწმის სახით დაკითხვის დროს ბრალდებულმა რა------------მა მართალია საქმის ფაქტობრივი გარემოებები განსხვავებულად წარმოაჩინა, თუმცა დაადასტურა, რომ 2018 წლის 07 ივნისს მეუღლეს ყბის არეში მოუჭირა ხელები, რა დროსაც ლე--–--------მა დაზიანება მიიღო ყბის არეში.

გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ ლე--–--------ის მიმართ რ--------ის მხრიდან ადგილი, რომ არ ჰქონოდა ფიზიკურ შეურაცხყოფას, ეს ადამიანი ღამის საათებში ფეხშიშველი, თმაგაწეწილი მეზობელთან არ მივიდოდა, ასევე არ მიაწოდებდა გამომძიებელს ინფორმაციას მის მიმართ განხორციელებული ძალადობის შესახებ. შესაბამისად, ის ფაქტი რომ დაზარალებულმა კანონით მისთვის მინიჭებული უფლება გამოიყენა და სასამართლოში ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა, არ უნდა შეფასდეს იმგვარად, რომ რა------------ის დანაშაული არ ჩაუდენია.

საყურადღებოა, რომ ოჯახური ძალადობისა და ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული დანაშაულთა უმრავლესობა ლატენტური ხასიათისაა და ხშირ შემთხვევაში მხოლოდ მსხვერპლისა და მოძალადის ხილვადობისა და სმენის არეალში ხორციელდება, რაც რა თქმა უნდა სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებას უჩენს, რომ მსხვერპლის უფლებები ეფექტურად იქნეს დაცული. ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაში საქმეზე „ოპუზი თურქეთის წინააღმდეგ“, პირდაპირ არის მითითებული სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულებაზე, დროულად აამოქმედოს ადეკვატური სისხლისსამართლებრივი მექანიზმი ოჯახური ძალადობის ფაქტებზე მართლმსაჯულების ეფექტიანი განხორციელების მიზნით. მოცემულ საქმეში, დაზარალებულები მოძალადის მიმართ შეტანილ საჩივრებზე უარს ამბობდნენ, ხოლო თურქეთის კანონმდებლობა არ იძლეოდა მოცემულ ვითარებაში სამართალწარმოების გაგრძელების საშუალებას. ევროპულმა სასამართლომ ფაქტობრივად დაავალდებულა საქმის განმხილველი ორგანო, რომ დაზარალებულების მხრიდან ფაქტის უარყოფის შემთხვევაშიც კი მისცემოდა მსვლელობა საქმეს და მსხვერპლის ეფექტურად დაცვისთვის დამატებითი მექანიზმი აემოქმედებინა.

ოჯახური ძალადობის შესახებ დანაშაულის ფაქტებზე სახელმწიფოს მხრიდან არასათანადო რეაგირება ამცირებს საზოგადოების და აგრესიის მსხვერპლის ნდობას სამართალ მწარმოებელი სისტემის მიმართ. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების გვერდის ავლით გადაწყვეტილების მიღებისას, სასამართლო, ნაცვლად იმისა, რომ სასჯელის მიზნების მიღწევას შეუწყოს ხელი, პირიქით, ფართო ასპარეზს უტოვებს მოძალადეებს, რომელთაც ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ოჯახის წევრებზე ძალადობრივი ქმედებების შედეგად ისედაც მიაღწიეს მსხვერპლთა კონფორმიზმს და ნაცვლად იმისა, რომ შემგუებლური ხასიათის დაზარალებულებს ჰქონდეთ განცდა, რომ მათ მიმართ ძალადობის შემთხვევაში სახელმწიფო შესაბამის, ადეკვატურ კანონისმიერ ბერკეტს აამუშავებს, მათ გაუჩნდებათ სტიმული იმისა, რომ უფრო მეტად დამალონ მათ მიმართ განხორციელებული დანაშაულებრივი ქმედებები.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი ირიბი ჩვენების საფუძველზე გამატყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობა, თუმცა „საკონსტიტუციო სასამართლო არ გამორიცხავს, გამონაკლის შემთხვევებში, ირიბი ჩვენების გამოყენების მართლზომიერებას. ასეთი გამონაკლისის დაშვება შესაძლოა გამართლებული იყოს, თუ არსებობს ობიექტური მიზეზი, რის გამოც შეუძებელია იმ პირის დაკითხვა, რომლის სიტყვებსაც ემყარება ირიბი ჩვენება და როდესაც ეს აუცილებელია მართლმსაჯულების ინტერესებიდან გამომდინარე. მაგალითად, სასამართლომ შესაძლებელია განიხილოს ირიბი ჩვენების დასაშვებობის შესაძლებლობა, როდესაც მოწმე ან დაზარალებული დაშინებულია ან არსებობს მისი, როგორც მოწმის უსაფრთხოების უზრუნველყოფის აუცილებლობა. მოწმის დაშინებამ არ უნდა შეაფერხოს მართლმსაჯულების განხორციელება და გამონაკლის შემთხვევებში, სასამართლო უფლებამოსილი უნდა იყოს, შეაფასოს ირიბი ჩვენების დასაშვებობისა და მისი გამოყენების აუცილებლობა. აუცილებლობა შეიძლება წარმოიშვას სხვა შემთხვევებშიც, როდესაც ინფორმაციის ავტორი თავად ვერ ახერხებს ან არ სურს ჩვენების მიცემა და ამისთვის მნიშვნელოვანი მიზეზი არსებობს.

გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ ძალადობის ფაქტს ხშირ შემთხვევაში არ ჰყავს შემსწრე პირი და ბრალდება ეფუძნება მხოლოდ დაზარალებულის და მისი ახლო ნათესავების ჩვენებებს, ხოლო აღნიშნული პირები სარგებლობენ მათთვის კანონმდებლობით მინიჭებული უფლებით და არ აძლევენ სასამართლოს ახლო ნათესავის საწინააღმდეგო ჩვენებას. ამასთან, ოჯახში ძალადობასთან საბრძოლველად მიღებული კანონების შესრულებას აბრკოლებს საზოგადოებაში არსებული დამოკიდებულება და ღრმა ფესვგადგმული მიდგომები, რაც ძალადობის მიმართ შემწყნარებლურ დამოკიდებულებას განაპირობებს, ხოლო ოჯახში ძალადობა ქვეყნის უმეტეს ნაწილში ძალზე პირადულ და არა საჯარო საკითხად მიიჩნევა.

 

სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე სახელმწიფო ბრალმდებელმა მხარი დაუჭირა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას.

დაცვის მხარემ პირველი ინსტანციის სასამართლოს გამამართლებელი განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვა.

სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

აპელანტის პოზიციას, რომ ბრალდების მხარის მიერ სასამართლოსათვის წარდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება რა------------ის მიერ ოჯახში ძალადობის ჩადენის ფაქტი, პალატა არ იზიარებს და ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებას, რომ მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც საკმარისი იქნებოდა გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის, ვინაიდან სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით არ იქნა დადგენილი ის ფაქტობრივი გარემოებები, რომ რ------ ნ-----მა მეუღლის - ლე--–--------ის მიმართ 2018 წლის 07 ივნისს და 2018 წლის 09 ივნისს განახორციელა ძალადობა, კერძოდ:

ბრალდების მხარემ თავისი პოზიციის დასასაბუთებლად სასამართლოს წარუდგინა შემდეგი მტკიცებულებები: დაზარალებულ ლე--–--------ის გამოკითხვის ოქმი, მოწმეების: ირ----------ის, ბე--–-----------ას, ცი–-------------–---–ის და ნი---–-----------ას გამოკითხვის ოქმები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნა, მოწმეები - გამომძიებელები: გი-------------ე და უჩ------–---–ი, ექსპერტი გუ-–--------------–---–ი.

დაზარალებულმა ლე--–--------მა და მოწმე ირ----------მა სასამართლო სხდომაზე უარი განაცხადეს მეუღლის და მამის - რა------------ის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.

რა------------მა თავი არ სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განმარტა, რომ ცოლისთვის ხელი არ დაურტყამს, მხოლოდ ერთხელ, როდესაც მათ შორის სიტყვიერი კამათი მოხდა მისმა მეუღლემ ტემპერატურის საზომი ჩაიდო პირში და გადაყლაპვას აპირებდა, რა დროსაც მეუღლეს ყბის მიდამოში მოუჭირა ხელი, რათა მას პირი გაეღო. მანვე განმარტა, რომ მეუღლესთან მხოლოდ სიტყვიერი კამათი ჰქონდა ხოლმე, მასზე ფიზიკურად არასოდეს უძალადია.

 

სსიპ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრ 112-ის უმცროსმა ექიმმა ბე--–-----------ამ განმარტა, რომ ბრალდებულს არ იცნობს, დაზარალებული კი გამოძახებაზე ნახა, მეწყვილესთან ერთად. დაზარალებული მეზობელთან იმყოფებოდა, იგი აღელვებული იყო, ამბობდა, რომ მეუღლემ სცემა, წნევა ჰქონდა და ხელი ტკიოდა. მისამართზე მეზობლები და ოჯახის წევრები დახვდნენ, თავად ჩხუბს არ შესწრებია.

ანალოგიური შინაარსის ჩვენება მისცა სასამართლოს სსიპ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრ 112-ის უფროსმა ექიმმა ნი---–-----------ამ, მისი განმარტებით სათანადო დახმარების გაწევის შემდეგ დაზარალებულს შესთავაზა საავადმყოფოში გადაყვანა, რაზეც დაზარალებულმა უარი განაცხადა. ორი დღის შემდეგ იგი მეწყვილესთან ერთად გამოიძახეს პოლიციაში და გამოკითხეს.

 

მოწმე ცი–-------------–---–მა განმარტა, რომ, 9 ივნისს გაიგო ძალიან ძლიერი სიტყვიერი დაპირისპირების და ძლიერი ბრახუნის ხმა, რაღაც მძიმე საგნის დავარდნის, როდესაც კარი გააღო დაინახა, რომ ლ---–- იყო თმა გაჩეჩილი, ყბის მიდამოში ნიკაპზე აღენიშნებოდა სილურჯე, თავის სახლში შეიყვანა და დარეკა 112-ზე. მოწმეს ნ-----ების ოჯახიდან ხშირად გაუგია კონფლიქტის ხმა. ლ---–- ამბობდა, რომ ქმარმა სცემა. კონკრეტული სიტყვები არ გაურჩევია, იყო ქალბატონის და მამაკაცის ხმა. კონფლიქტს არ შესწრებია, ძალადობის შესახებ ლე--–--------ისგან და მისი შვილისგან შეიტყო.

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქ. თ---–--–-------------–------------–-------------------------------ში.

 

პალატა აღნიშნავს, რომ დაზარალებულის მიერ ჩვენების მიცემაზე უარის თქმა, რა თქმა უნდა ცალსახად არ შეიძლება გახდეს გამამართლებელი განაჩენის დადგენის საფუძველი, თუ პირის ბრალეულობა დასტურდება სასამართლოში გამოკვლეული სხვა მტკიცებულებებით, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.

ამასთან, პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენება. ხოლო, საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად მოწმეს აქვს უფლება არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს. მოცემულ შემთხვევაში მოწმის გამოკითხვის ოქმის/ჩვენების გამოქვეყნების კანონით გათვალისწინებული საფუძველი არ არსებობს, შესაბამისად, პალატა ვერ დაეყრდნობა მოწმის მიერ გამოძიების ეტაპზე დაფიქსირებულ ფაქტობრივ გარემოებებს.

პალატა ასევე ითვალისწინებს, რომ „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“, სტამბოლის 2011 წლის 11 მაისის ევროპის საბჭოს კონვენციის 55-ე მუხლის პირველ ნაწილის თანახმად, ფიზიკური ძალადობის დანაშაულის გამოძიება ან სისხლისსამართლებრივი დევნა არ უნდა იყოს მთლიანად დამოკიდებული მსხვერპლის მიერ შეტანილ განცხადებაზე ან საჩივარზე და სასამართლო პროცესი უნდა გაგრძელდეს მაშინაც კი, თუ მსხვერპლი გამოიტანს განცხადებას ან საჩივარს. კონვენციის აღნიშნული დათქმის მიხედვით, როცა მსხვერპლი უხეშად ერევა მართლმსაჯულების განხორციელებაში მისი პოზიციით, არ მისცეს ჩვენება ბრალდებულის წინააღმდეგ, ამის საპირწონედ, უნდა არსებობდეს მკაფიო და წონადი მტკიცებულებები ბრალდებულის ბრალეულობის დასადასტურებლად. რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია, კერძოდ:

 

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნის თანახმად დადგენილია, რომ 11.06.2018 მოქ. ლე--–--------ის პირადი შემოწმებისას აღინიშნებოდა დაზიანება მარცხენა ქვედაყბის მიდამოში შუა მესამედში სისხლნაჟღენთის სახით. დაზიანება განვითარებულია რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით, დაზიანების განვითარება არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს 2018 წლის 07 ივნისს.

აღნიშნული დასკვნის სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა გუ-–--------------–---–მა.

პალატა აღნიშნავს, რომ მართალია ექსპერტიზის დასკვნა არის პირდაპირი სახის მტკიცებულება, რაც ადასტურებს დაზიანებების მიყენების ფაქტს. თუმცა მხოლოდ აღნიშნული ვერ გახდება გამამტყუნებელი განაჩენის დადგენის საფუძველი.

 

რაც შეეხება ბრალდების მოწმეების: ცი–-------------–---–ის, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ექიმების: ბე--–-----------ას და ნ----–-----------ს, გამომძიებლების: გი-------------ის და უჩ------–---–ის ჩვენებებს, ისინი არ არიან ფაქტის უშუალო შემსწრენი, მათ მიერ მოწოდებული ინფორმაცია დაზარალებულის და სხვა პირთა მონათხრობს ეფუძნება და ძალადობის ფაქტების მიმართ წარმოადგენენ ირიბ ჩვენებებს.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის დროს ირიბი ჩვენება დასაშვები მტკიცებულებაა, თუ იგი დასტურდება სხვა ისეთი მტკიცებულებით, რომელიც არ არის ირიბი ჩვენება.

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილების თანახმად, მოწმის ირიბი ჩვენება ვერ აკმაყოფილებს უტყუარობის კონსტიტუციურ-სამართლებრივ სტანდარტს, რის გამოც ასეთი ჩვენება საფუძვლად არ უნდა დაედოს გამამტყუნებელ განაჩენს.

აღნიშნულ საქმეზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ ირიბი ჩვენება, ზოგადად, ნაკლებად სანდო მტკიცებულებაა, მისი გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს და, ამდენად, შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით. შესაბამისად, სასამართლომ დაადგინა, რომ სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც შესაძლებელს ხდის ირიბი ჩვენებების საფუძველზე მიღებულ იქნეს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება არ პასუხობს /იმ დროს მოქმედი/ საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილ მტკიცებულებათა უტყუარობის მოთხოვნებს და შესაბამისად, არაკონსტიტუციურია.

 

პალატა ასევე ითვალისწინებს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის დაცვით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად აუცილებელია, სულ ცოტა ორი პირდაპირი, კანონიერი გზით მოპოვებული და უტყუარი მტკიცებულების ერთობლიობის არსებობა, რაც ობიექტურ დამკვირვებელს უქმნის საფუძვლიან, დამაჯერებელ რწმენას მათი სანდოობის თაობაზე და აქედან გამომდინარე, თვით სასამართლო გადაწყვეტილების სამართლიანობაზეც, იმისგან დამოუკიდებლად - მათთან ერთად მოიპოვება თუ არა ირიბი ჩვენებების სახით სხვა მტკიცებულებებიც /იხ. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება N561აპ-15 საქმეზე/.

მოცემულ შემთხვევაში კი ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარდგენილი ორი პირდაპირი მტკიცებულება.

რაც შეეხება საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებს, უნდა აღინიშნოს, რომ არცერთი მათგანი საქმისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციას რა------------ის ბრალეულობასთან დაკავშირებით არ შეიცავენ.

ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში არ ყოფილა წარდგენილი გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც დაადასტურებდა რა------------ის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტს.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების და გამამართლებელი განაჩენის გაუქმების საფუძველი.

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

თბილისის, ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნა-----------–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 04 დეკემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელად.

 

რა------------ი უდანაშაულოდ იქნეს ცნობილი და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში.

 

რა------------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმებულია.

 

გამართლებულს უფლება აქვს მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

 

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნივთმტკიცებად ცნობილი მობილური ტელეფონი-დაუბრუნდეს მეპატრონეს.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გამოტანისთანავე შევიდეს კანონიერ ძალაში.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე მ. ლომთათიძე