განაჩენი

სისხლის სამართლის 20.03.2019
საქმის ნომერი
330100118002640271
ინსტანცია
თარიღი
20.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100118002640271

საქმე №1ბ/309-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

20 მარტი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე მზია ლომთათიძემ

 

ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნა-----------–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:

გო--------------ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–-------------ს, საქართველოს მოქალაქის, პირადი #-----------, არასრული საშუალო განათლებით, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების მისამართზე: თბილისი, რ-------–--–----------------------, დანაშაულებისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,118-ე მუხლის პირველი ნაწილით და სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 21 იანვრის განაჩენით გო--------------ე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,118-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში გამართლდა.

 

გო--------------ეს ბრალი დაედო მასზედ, რომ ჩაიდინა:

1) ოჯახის წევრის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, რაც სიცოცხლისათვის სახიფათო არ არის და არ გამოუწვევია საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, მაგრამ დაკავშირებულია ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლასთან.

 

2) მანვე ჩაიდინა, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

2018 წლის 05 ივნისს, საღამოს საათებში, ქ. თბილისში, ხ----–--–-----------------------------------ში გო--------------ე, ურთიერთშელაპარაკების დროს, დედას და-–-------------ეს დანის გამოყენებით დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რა დროსაც და-–-------------ეს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. აღნიშნულის გამო, და-–-------------ემ დააპირა ოთახიდან გასვლა დახმარების სათხოვნელად, რა დროსაც გო--------------ემ ხელი ჰკრა და-–-------------ეს, რომელიც დაეცა ძირს და მიიღო ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლით.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:

საქმეში არ არსებობს ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი, სანდო და ურთიერთშეჯერებული მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა ბრალდებულ გო--------------ის მიერ ბრალად შერაცხული, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,118-ე მუხლის პირველი ნაწილით და სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენას.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნა-----------–---–მა, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 21 იანვრის გამამართლებელი განაჩენის გაუქმება და გო--------------ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,118-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის, შემდეგ გარემოებათა გამო:

აპელანტს მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გამამართლებელი განაჩენი გო--------------ის მიმართ არის უკანონო და დაუსაბუთებელი, რადგან ბრალდების მხარის არაერთი მტკიცებულებით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება გო--------------ის მიერ ბრალად წარდგენილი დანაშაულების ჩადენა, კერძოდ:

ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, ექსპერტ კო------------–-----–---–ის, გამომძიებელ ამ----------–-----–---–ის და ექიმ ელ---------–----ას მიერ სასამართლოსათვის მიცემული ჩვენებებით.

ასევე გარდაცვლილ და-–-------------ის სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნებული გამოკითხვის ოქმით, რომლის თანახმადაც 2018 წლის 5 ივნისს, საღამოს საათებში, იმყოფებოდა სახლში, ნასვამ მდგომარეობაში მყოფ შვილთან გო--------------ესთან და ინ--------------ესთან ერთად, რა დროსაც გო--------------ესთან მოუვიდა კამათი, რომელიც შეეხებოდა როგორც ყოველთვის სამკვიდროს განაწილების საკითხს. აღნიშნული კამათის დროს ი--- შევიდა თავის ოთახში, ხოლო და-–-------------ე და გ---- კვლავ კამათობდნენ, თანდათან გ---- ხდებოდა აგრესიული და და-–-------------ე შეეცადა მის დამშვიდებას, მაგრამ ის უფრო აგრესიული გახდა, გავიდა ლოჯში, დანა აიღო და და-–-------------ეს უთხრა, რომ არ იყო საცოცხლებელი, რადგან ვერ გაეგო ვისთვის რა უნდა მიეცა. ამ დროს და-–-------------ემ უკან გაიწია და წავიდა ი---ს ოთახისკენ, რათა საშველად ეხმო. რა დროსაც, გ----ს ისეთი გამხეცებული სახე ჰქონდა, რომ ნამდვილად ეგონა, რომ მოკლავდა. და-–-------------ე ხმამაღლა ყვიროდა, რომ წასულიყო სახლიდან და დაენებებინა მისთვის თავი, რა დროსაც გო--------------ემ ხელი ჰკრა, რის შედეგადაც და-–-------------ე დაეცა იატაკზე და დაცემისას იგრძენო ძლიერი ფიზიკური ტკივილი. ამ დროს უკვე საშველად დაუძახა ი---ს, რომელიც გამოვიდა ოთახიდან და დაინახა იატაკზე დავარდნილი და-–-------------ე, შეეცადა აეყენებინა. და-–-------------ე სასწრაფო დახმარების მიერ გადაყვანილ იქნა საავადმყოფოში, სადაც უთხრეს, რომ მარცხენა ხელის მაჯა ჰქონდა მოტეხილი. მუქარა რომელიც გო--------------ემ და-–-------------ის მიმართ განახორციელა 2018 წლის 05 ივლისს აღიქვა რეალურად, რადგან მას ამ დროს ხელში ეჭირა დანა და შეეშინდა არ მოეკლა.

 

გამართლებულმა გო--------------ემ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის შესაგებელით პირველი ინსტანციის სასამართლოს გამამართლებელი განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვა.

სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

აპელანტის პოზიციას, რომ ბრალდების მხარის მიერ სასამართლოსათვის წარდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება გო--------------ის მიერ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების და სიცოცხლის მოსპობის მუქარის ჩადენის ფაქტი, პალატა არ იზიარებს და ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებას, რომ მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც საკმარისი იქნებოდა გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის, ვინაიდან სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით არ იქნა დადგენილი ის ფაქტობრივი გარემოებები, რომ გო--------------ე სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა დედას - და-–-------------ეს, კერძოდ:

ბრალდების მხარემ თავისი პოზიციის დასასაბუთებლად სასამართლოს წარუდგინა შემდეგი მტკიცებულებები: დაზარალებულ და-–-------------ის გამოკითხვის ოქმი, მოწმეების: ინ--------------ის და ელ---------–----ას გამოკითხვის ოქმები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა; ასევე მოწმეები: კო------------–-----–---–ი და ამ----------–-----–---–ი.

ბრალდებულმა გო--------------ემ თავი არ სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და უარყო და-–-------------ეზე ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების და სიცოცხლის მოსპობით დამუქრების ფაქტი.

 

სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნებულ დაზარალებულ და-–-------------ის ჩვენების თანახმად 2018 წლის 5 ივნისს, იმყოფებოდა სახლში შვილებთან ი--- და გო--------------ეებთან ერთად. გო--------------ე იმყოფებოდა ნასვამ მდგომარეობაში და მასთან საუბარი სამკვიდროს განაწილების საკითხზე გადაიზარდა კამათში. ინ--------------ე კამათის დროს იმყოფებოდა თავის ოთახში. გო--------------ე საუბრისას გახდა აგრესიული, რა დროსაც აიღო დანა და დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რადგან ვერ გაეგო მას თუ ვისთვის უნდა მიეცა ქონება. დააპირა გარიდებოდა გო--------------ეს და გასულიყო მეორე ოთახში, რა დროსაც გო--------------ემ ხელი ჰკრა ძლიერად, რის შედეგადაც დავარდა ძირს და დაცემისას იგრძნო ტკივილი. საშველად მოუხმო ინ--------------ეს, ხოლო გო--------------ე გავიდა სახლიდან, რა დროსაც ხელში ეჭირა ის დანა, რითაც ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით. ბრალდებულ გო--------------ის მხრიდან განხორციელებული მუქარა მისი მხრიდან აღქმული იქნა რეალურად.

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქ. თბილისში, რ. ხ----–--–-----------------------------------ში. დათვალიერებაში მონაწილე ინ--------------ის განმარტებით, შესასვლელში მან აღმოაჩინა ძირს დავარდნილი დედა - და-–-------------ე და მიუთითა ის ადგილი, სადაც იწვა იატაკზე დავარდნილი და-–-------------ე. ინ--------------ის განმარტებით, როდესაც მისი ძმა გო--------------ე კამათობდა და-–-------------ესთან, თვითონ იმყოფებოდა ბინაში, შესასვლელში ხელმარჯვნივ განთავსებულ საძინებელ ოთახში.

 

რაც შეეხება სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას N---------, რომლის თანახმად, შპს „---------–-------- სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი N--------ის ჩანაწერის თანახმად, მოქ. და-–-------------ე 2018 წლის 5 ივნისიდან 2018 წლის 10 ივნისის ჩათვლით კლინიკაში გადიოდა სტაციონარულ მკურნალობას დიაგნოზით: მარცხენა სხივის ძვლის დისტალური ბოლოს მოტეხილობა ცდომით. გამოძიების მიერ წარდგენილი მოქ. და-–-------------ის რენტგენოკვლევის CD-ჩანაწერი შესწავლილი იქნა სპეციალისტ რადიოლოგის მიერ, რომლის დასკვნითაც: წარმოდგენილ რენტგენოგრამებზე აღინიშნება: სხივის ძვლის დისტალური მეტაფიზის მოტეხილობა. იდაყვის ძვლის სადგისისებური მორჩის ჩამოტეხვით. რენტგენოგრამაზე ასახული ცვლილება არ ეწინააღმდეგება მოქ. და-–-------------ის სტაციონარში მოთავსების თარიღს (2018 წლის 5 ივნისს). დაზიანება განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით, მიეკუთვნება ნაკლებად მძიმე ხარისხს, ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლით.

პალატა აღნიშნავს, რომ ექსპერტიზის დასკვნა არის პირდაპირი სახის მტკიცებულება, რაც ადასტურებს დაზიანებების მიყენების ფაქტს, თუმცა არ შეიცავს ინფორმაციას გო--------------ის მიერ და-–-------------ის მიმართ განხორციელებული შესაძლო ფიზიკური ძალადობის და მუქარის შესახებ.

 

რაც შეეხება ბრალდების მოწმის, გამომძიებელ ამ----------–-----–---–ის მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემულ ჩვენებას /რა დროსაც მან დაადასტურა მის მიერ და მისი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებათა კანონიერება და ავთენტურობა/, იგი არ არის ფაქტის უშუალო შემსწრე, მის მიერ მოწოდებული ინფორმაცია დაზარალებულის და სხვა პირთა მონათხრობს ეფუძნება და ძალადობის ფაქტების მიმართ წარმოადგენს ირიბ ჩვენებას, ისევე როგორც მოწმე ელ---------–----ას და ექსპერტ კო------------–-----–---–ის ჩვენებები.

ასევე ირიბია მოწმე ინ--------------ის ჩვენება, რომლის თანახმადაც 2018 წლის 5 ივნისს სახლში დედასთან - და-–-------------ესთან და ძმასთან გო--------------ესთან ერთად იმყოფებოდა. ოთახიდან გასვლისას დაინახა, რომ და-–-------------ე იყო წაქცეული, ხელს იშვერდა გო--------------ისკენ და სთხოვდა საპატრულო პოლიციის გამოძახებას. დედის თხოვნით გამოიძახა საპატრულო პოლიცია. და-–-------------ე იმ მომენტში აცხადებდა, რომ გო--------------ე ხელით შეეხო მას, თუმცა არ ადასტურებდა სიცოცხლის მოსპობით დამუქრების ფაქტს, ხოლო მას შემდეგ რაც იგი დაწყნარდა უარყო გო--------------ის მხრიდან ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტიც. მოწმის განმარტებით, და-–-------------ეს ჰქონდა ჯანმრთელობის პრობლემები, ხშირი თავბრუსხვევა, გარკვეულ მომენტებში იყო არაადეკვატური, ახასიათებდა სიტუაციის არასწორად აღქმა და იყო შემთხვევა, როდესაც ძირს წაქცეული, დავარდნის ფაქტს აბრალებდა მის გარდაცვლილ მეუღლეს. ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტს პირადად არ შესწრებია. ოთახში შესვლის დროს დაინახა მხოლოდ დავარდნილი და-–-------------ე და გო--------------ე, რომელიც გადიოდა ოთახიდან, რომელსაც ხელში რაიმე ნივთი არ ჰქონია. მოწმის განმარტებით, სახლში ყოფნის დროს მართალია შემოესმა ხმამაღალი საუბარი, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ და-–-------------ეს დაქვეითებული ჰქონდა სმენა, აღნიშნული გარემოებაზე ყურადღება არ გაუმახვილებია. გო--------------ის მხრიდან დამუქრების და სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება მას არ გაუგონია.

 

ამდენად, პალატის აზრით, ბრალდების მხარემ სასამართლოში ვერ წარადგინა 2018 წლის 5 ივნისს მომხდარი ოჯახური ძალადობის და სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტის უშუალო თვითმხილველი მოწმე. აღნიშნული დასტურდება მხოლოდ დაზარალებულის გამოკითხვის ოქმით, რაც გამოქვეყნდა პირველი ინსტანციის სასამართლოში, ვინაიდან იგი გარდაიცვალა, თუმცა მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული, რომ გამოკითხვის ოქმში დაფიქსირებული გარემოებები წინააღმდეგობაში მოდის მოწმე ინ--------------ის ჩვენებასთან. ამასთან, გასათვალისწინებელია მოწმის განმარტება, რომ და-–-------------ეს ჰქონდა ჯანმრთელობის პრობლემები, ახასიათებდა სიტუაციის არასწორად აღქმა და თავბრუსხვევით გამოწვეულ ძირს დაცემას უკავშირებდა სხვა გარეშე ფაქტორებს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის დროს ირიბი ჩვენება დასაშვები მტკიცებულებაა, თუ იგი დასტურდება სხვა ისეთი მტკიცებულებით, რომელიც არ არის ირიბი ჩვენება.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილების თანახმად, მოწმის ირიბი ჩვენება ვერ აკმაყოფილებს უტყუარობის კონსტიტუციურ-სამართლებრივ სტანდარტს, რის გამოც ასეთი ჩვენება საფუძვლად არ უნდა დაედოს გამამტყუნებელ განაჩენს.

აღნიშნულ საქმეზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ ირიბი ჩვენება, ზოგადად, ნაკლებად სანდო მტკიცებულებაა, მისი გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს და, ამდენად, შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით. შესაბამისად, სასამართლომ დაადგინა, რომ სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც შესაძლებელს ხდის ირიბი ჩვენებების საფუძველზე მიღებულ იქნეს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება არ პასუხობს /იმ დროს მოქმედი/ საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილ მტკიცებულებათა უტყუარობის მოთხოვნებს და შესაბამისად, არაკონსტიტუციურია.

 

პალატა ასევე ითვალისწინებს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის დაცვით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად აუცილებელია, სულ ცოტა ორი პირდაპირი, კანონიერი გზით მოპოვებული და უტყუარი მტკიცებულების ერთობლიობის არსებობა, რაც ობიექტურ დამკვირვებელს უქმნის საფუძვლიან, დამაჯერებელ რწმენას მათი სანდოობის თაობაზე და აქედან გამომდინარე, თვით სასამართლო გადაწყვეტილების სამართლიანობაზეც, იმისგან დამოუკიდებლად - მათთან ერთად მოიპოვება თუ არა ირიბი ჩვენებების სახით სხვა მტკიცებულებებიც /იხ. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება N561აპ-15 საქმეზე/.

მოცემულ შემთხვევაში კი ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარდგენილი ორი პირდაპირი უტყუარი მტკიცებულება.

რაც შეეხება საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებს, უნდა აღინიშნოს, რომ არცერთი მათგანი საქმისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციას გო--------------ის ბრალეულობასთან დაკავშირებით არ შეიცავენ.

 

ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში არ ყოფილა წარდგენილი გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც დაადასტურებდა გო--------------ის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტს.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების და გამამართლებელი განაჩენის გაუქმების საფუძველი.

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნა-----------–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და საქმის არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 21 იანვრის განაჩენი დარჩეს უცვლელად.

 

გო--------------ე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,118-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში გამართლდეს.

გამართლებულ გო--------------ეს განემარტოს სსსკ-ის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გამოტანისთანავე შევიდეს კანონიერ ძალაში.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე მ. ლომთათიძე