განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N190100118002425810
საქმე № 1ბ/1309-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
19 მარტი, 2019 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
თავმჯდომარე: ნინო სანდოძე
მოსამართლეები: ნათია ბარბაქაძე
მურმან ისაევი
სხდომის მდივნები ლელა ბახტაძე და სოფიკო კაპანაძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი: ლ---------–----------–-–---------–---–ი.
დაცვის მხარე:
მსჯავრდებული: გ------------ე, დაბადების თარიღი: 1----–-–----------ი, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი N1----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ბ---–---ი, დაბა კ--------ი.
ადვოკატები - ქ-----------------–---–-------------------–---–ი.
კვალიფიკაცია:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილი და ამავე მუხლის მე-3 ნაწილი.
სასჯელი:
დანაშაულთა ერთობლიობით თავისუფლების აღკვეთა 13 (ცამეტი) წლის ვადით.
სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
მხარეთა პოზიციები:
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 15 აგვისტოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა გ------------ემ. აპელანტმა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მისი უდანაშაულოდ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში, ვინაიდან მის მიერ ჩადენილი დანაშაული შეიცავს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს. ამასთან, ითხოვა მისთვის განსაზღვრული სასჯელის შემცირება. აპელანტს მიაჩნია, რომ ზემოხსნებეული განაჩენი არ ემყარება უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას, სასამართლო დაეყრდნო მოსაზრებებს და არა გამოკვლეულ მტკიცებულებებს. აპელანტმა განმარტა, რომ შემთხვევის ადგილზე მისულმა დაინახა, რომ წყაროსთან 6 მეტრის დაშორებით იდგა რ-------------ე. იგი მივიდა ამ უკანასკნელთან დასალაპარაკებლად, რა დროსაც თან ჰქონდა იარაღი, რადგან იცოდა, რომ რ-----ი სისტემატურად ატარებდა იარაღს. იმ დროს ე.წ. ბირჟაზე, რომელიც მდებარეობს წყაროდან 60 მეტრის დაშორებით არავინ ყოფილა, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი არ გაისროდა იარაღიდან. მას ავტომატი დაყენებული ჰქონდა თითო გასროლაზე და არა ავტომატურ ჯერზე. ვინაიდან რამდენიმე ხნის წინ რ-------------ე დაემუქრა მას, იგი მისდევდა უშუალოდ ამ უკანასკნელს და დამიზნებით, მიზანმიმართულად განახორციელა რამდენიმე გასროლა რ-------------ის მიმართულებით. იმ დროს რომ რ-------------ის გვერდით არავინ ყოფილა ადასტურებს ორი ძირითადი მოწმე, რომლებიც მუშაობდნენ წყაროს რეკონსტრუქციაზე. გ---------------–-–---–მა განმარტა, რომ ყ----–---–---–ების სახლთან იდგა მანქანა და იმ დროს როდესაც გ------------ემ რ-----ის მიმართ განახორციელა იარაღიდან რამდენიმე გასროლა შესვენებით, ამ დროს იქ არავინ იმყოფებოდა. ხოლო იმ მომენტში, როდესაც გაქცეულ რ-----ს იარაღიდან სროლით მისდევდა გ------------ე თავად იდგა დაახლოებით 60 მეტრის დაშორებით და მას საფრთხე არ შექმნია. ანალოგიური ჩვენება მისცა რ---------–---–---–მაც, რომელიც იმყოფებოდა გ---------------–-–---–თან ერთად. ამ მოწმეებს არ დაუდასტურებიათ გასროლის მომენტში რ-------------ის გვერდით ბ-------------–ის ყოფნა. არც სხვა მოწმეებს დაუდასტურებიათ აღნიშნული ფაქტი. თავად ბ-------------–მა კი, გამოძიებასა და სასამართლოში მისცა ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებები. სასამართლო სხდომაზე კი დაადასტურა ორივე ჩვენების ნამდვილობა. პირველი ინსტანციის სასამართლომ არ გაიზიარა დაცვის მხარის განმარტება, რომ გ------------ეს რ-------------ის მკვლელობა არ ჩაუდენია ისეთ გარემოებაში, რომ საფრთხე შეექმნა სხვისი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის. სასამართლომ აღნიშნა, რომ გ------------ის მიერ რ-------------ის მიმართ ავტომატიდან გასროლა განხორციელდა სკვერში, სადაც იმყოფებოდნენ, როგორც სკვერის აღდგენით სამუშაოებზე დასაქმებული მუშები გ---------------–-–---–ი და რ---------–---–---–ი ასევე სკვერში ე.წ. ,,ბირჟაზე“ მყოფი თ--------–---–---–ი და ბ-------------–ი. აპელანტის განმარტებით აღნიშნული სკვერი, ანუ წყარო ე.წ. ,,ბირჟიდან“ დაშორებულია დაახლოებით 60 მეტრით. გასროლის მომენტში კი რ-------------ე იმყოფებოდა გზაზე, წყაროდან დაახლოებით 6-7 მეტრის დაშორებით, ბირჟიდან 60 მეტრის დაშორებით, თუმცა სასამართლომ სკვერი და ე.წ. ,,ბირჟა“ გააიგივა ერთმანეთთან და განმარტა, რომ გ------------ემ განზრახ შეუქმნა საფრთხე სხვა პირებსაც, რაც არ დასტურდება გამოკვლეული მტკიცებულებებით და მოწმეთა ჩვენებებით. ამასთან, სასამართლომ არასწორად მიუთითა განაჩენში, რომ თითქოსდა თ--------–---–---–ი იმყოფებოდა შემთხვევის ადგილზე, რაც არ შეესაბამება სიმართლეს, ვინაიდან თავად თ--------–---–---–მა განმარტა, რომ შემთხვევის დროს იგი იმ ადგილის მახლობლად არ ყოფილა. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ სასჯელის განსაზღვრისას მოსამართლემ არ გაითვალისწინა გ------------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები, კერძოდ ის რომ იგი აღიარებს და გულწრფელად ინანიებს ჩადენილს, არ არის ნასამართლევი, ხასიათდება დადებითად, მომხდარის შესახებ თავადვე აცნობა პოლიციას, წარადგინა იარაღი, ჩაბარდა და ითანამშრომლა გამოძიებასთან. ასევე სრულად აღიარა პირველად წარდგენილი ბრალდება, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით აპელანტმა მოითხოვა მის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლზე გადაკვალიფიცირება და მისთვის განსაზღვრული სასჯელის შემცირება.
დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარზე ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი იქნა შესაგებელი, რითაც ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის განყოფილების პროკურორმა ლ---------–------ამ მხარი არ დაუჭირა წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება, იმ მოტივით რომ სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად იქნა დადასტურებული გ------------ის მიერ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას, მსჯავრდებულმა გ------------ემ და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა მხარი დაუჭირეს წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და ითხოვეს მისი დაკმაყოფილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას ბრალდების მხარემ ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.
სასამართლომ დაადგინა:
გ------------ემ ჩაიდინა განზრაზ მკვლელობა, ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას. მანვე ჩაიდინა ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა და ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარება, რაც გამოიხატა შემდეგში:
გ------------ემ გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, გამოძიებით დაუდგენელი პირისაგან შეიძინა, პირადად ინახავდა და ატარებდა ავტომატურ ცეცხლსასროლ იარაღს და საბრძოლო მასალას - ვაზნებს.
2018 წლის 15 მარტს, ბ---–---ის რაიონის დაბა კ--------ში, რ---------–ის ქუჩაზე, დასახლებულ და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას, გ------------ემ რამდენიმე მეტრის დადევნებით, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან მრავალჯერადი გასროლით, ვალის არსებობით გამოწვეული შურისძიების მოტივით, განზრახ მოკლა ბიძაშვილი რ-------------ე.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 15 აგვისტოს განაჩენით გ------------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 13 (ცამეტი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით გ-------------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 13 (ცამეტი) წლის ვადით.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ბრალდებულმა გ------------ემ წარდგენილ ბრალდებაში თავი ნაწილობრივ ცნო დამნაშავედ, კერძოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით წარდგენილ ბრალდებაში თავი ცნო დამნაშავედ, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო და განმარტა, რომ ბიძაშვილმა - რ-------------ემ უთხრა, რომ ვითომდა აშენდებდა ცემენტის ქარხანას და მოტყუებით გამოართვა კვიპროსში გამომუშავებული გასამრჯელოდან დანაზოგი თანხა, რაც აღარ დაუბრუნა. ამასთან, ემუქრებოდა იარაღით და დასცინოდა. იგი მიხვდა, რომ ბიძაშვილი ვალს ნებაყოფლობით არ დაუბრუნებდა და მიმართა სასამართლოს. სასამართლოს გადაწყვეტილებით რ-------------ეს დაეკისრა თანხის გადახდა, თუმცა სასამართლოს გადაწყვეტილება არ აღსრულებულა. 2018 წლის 15 მარტს, დილით იგი სახლიდან გავიდა ავტომანქანით, რა დროსაც დაინახა, რომ გაჩერებული იყო რ-------------ის ავტომანქანა, თავად კი იდგა ავტომანქანიდან დაახლოებით 4-5 მეტრის მოშორებით. მან ამოიღო ავტომატი, რომელიც შემთხვევამდე რამდენიმე ხნით ადრე იპოვა თბილისში და მივიდა რ-----ის მანქანასთან. დაინახა თუ არა რ-------------ემ თქვა ,,კიდევ მოვიდა ეს ნაბიჭვარიო“ და წავიდა მისკენ. მან რ-----ს უთხრა გაჩერებულიყო, თორემ ესროდა, თუმცა რ-----ი არ შეჩერდა და განაგრძო მოძრაობა, რადგან სურდა მანქანაში ჩაჯდომა და იარაღის აღება. იგი დაედევნა რ-------------ეს და ორჯერ ესროლა ავტომატიდან. რ-----მა ცოტათი დაიჩოქა, თუმცა ისევ წამოდგა და გაიქცა. ამის შემდეგ რა მოხდა არ ახსოვს, ახსოვს მხოლოდ ის, რომ რ-------------ე ძირს ეგდო სისხლიანი. შემთხვევის დროს რ-------------ის სიახლოვეს არავინ ყოფილა, ასეთის შემთხვევაში არ ესროდა.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ საქმეზე განაჩენი გასაჩივრებულია მხოლოდ დაცვის მხარის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით მსჯავრდების ნაწილში. შესაბამისად, რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 15 აგვისტოს განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლოს დასკვნები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები გ------------ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით ბრალეულობასთან დაკავშირებით, მიიჩნევა დადასტურებულად და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა იმსჯელებს მხოლოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედების შემადგენლობის შესახებ.
პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილი იქნა შემდეგი:
მოწმე ლ------------ის ჩვენებით ირკვევა, რომ იგი არის აწ გარდაცვლილი რ-------------ის მეუღლე. მის ოჯახს კარგი ურთიერთობა ჰქონდა გ------------ესთან. დაახლოებით 7 წლის წინ მის მეუღლეს გ------------ემ სესხის სახით საბერძნეთიდან გამოუგზავნა თანხა, რომლის ნაწილიც დაუბრუნეს, ხოლო 3500 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში ჰქონდათ დასაბრუნებელი, რომლის დაბრუნებასაც ითხოვდა გ------------ე. ისინი ვერ ახერხებდნენ თანხის დაბრუნებას, რის გამოც გ------------ესთან ჰქონდათ უთანხმოება. რ-------------ე გ------------ეს ამ უკანასკნელის ძმის - ზ-------------ის მეშვეობით დაპირდა, რომ მიმდინარე წლის მაისის ბოლომდე დაამთავრებდა კ--------ის სკვერის რეკონსტრუქციას, რომელიც ტენდერით ჰქონდა მოგებული და დაუბრუნებდა ვალს. როგორც მისთვის არის ცნობილი, ამ საკითხთან დაკავშირებით მისი მეუღლე და გ------------ე ბოლო პერიოდში ერთმანეთს აღარ შეხვედრიან. 2018 წლის 15 მარტს, დილის 09 საათზე, რ-------------ე დ------------–ის ჯიპით წავიდა კ--------ის სკვერთან. დაახლოებით 9-10 საათზე ხალხი გარბოდა სკვერის მიმართულებით, ამიტომ თავადაც წავიდა და ნახა, რომ წყაროდან 5-6 მეტრში გარდაცვლილი იყო მისი მეუღლე.
მოწმე ი------------ის ჩვენებით დასტურდება, რომ რ-------------ე იყო მისი მამა, რომელსაც ჰქონდა გ------------ის ვალი და ამ უკანასკნელის მხრიდან რ-------------ის მიმართ ხორციელდებოდა მუქარა. ბოლო პერიოდში რ-------------ეს არ ჰქონდა სტაბილური შემოსავალი, თუმცა ტენდერის საფუძველზე ერთჯერადად ახორციელებდა ორი სოფლის გზაგასაყარზე მდებარე სკვერის რეაბილიტაციას. აღნიშნული სამუშაოების შესასრულებლად, რ-------------ეს ჰყავდა ორი მუშა. ეს ადგილი დაახლოებით 150 მეტრის მანძილზეა დაშორებული მათი სახლიდან და იქ მდებარეობს გაჩერება, სადაც ხალხი ელოდება ტრანსპორტს, ასევე კ--------ის ორი დასახლების დამაკავშირებელი გზაჯვარედინი და ტერიტორია მჭიდროდ არის დასახლებული. შემთხვევის დღეს, დილით, დაახლოებით ცხრიდან ათ საათამდე პერიოდში, რ-------------ე სამშენებლო მასალის ობიექტზე მისატანად გავიდა სახლიდან. გარკვეული ხნის შემდეგ, დაახლოებით 40-60 წუთის შუალედში გაიგო ორი მკვეთრი, ძლიერი ხმა, თუმცა ეს არ იყო ასაფეთქებელის ხმა. თავიდან გაიგო ორი გასროლა, შემდეგ კი მიყოლებით რამდენიმე გასროლა. მან რამდენიმე წუთში გაიხედა გარეთ და ზემოხსენებული ობიექტის მხარეს დაინახა ხალხი. თავადაც დაიძრა იმავე მიმართულებით. ადამიანები მას უყურებდნენ და ჰქონდათ არაბუნებრივი რეაქცია, იგი მიხვდა, რომ რაღაც ისეთი მოხდა, რაც მას ეხებოდა. ამიტომ აუჩქარა ფეხს და ადგილზე მისულმა ნახა, რომ თ------ ყ----–---–---–ის სახლის კართან სისხლის გუბეში იწვა მამამისი. გარშემო ეყარა ტყვიის მასრები, ღობეს, რომელიც არის ქვის ემჩნეოდა ნატყვიარები, ხოლო იმ ტერიტორიაზე, სადაც გაჩერებული იყო მამამისის მანქანა ყველგან ეყარა მასრები და იქ მცხოვრებთა სახლები იყო გადაცხრილული. გ---------------–-–---–მა უთხრა, რომ რ-------------ე მოკლა გ------------ემ. ასევე ბ-------------–მა უთხრა, რომ რ-------------ემ ობიექტზე მიიტანა ცემენეტი, რა დროსაც იგი მივიდა მის მოსაკითხად, სწორედ ამ დროს პარალელური ქუჩიდან მიდიოდა გ------------ე, რომელიც მიყოლებით ისროდა რ-------------ის მიმართულებით. რ-------------ე, გადახტა და გაიქცა სკვერის ტერიტორიიდან, თუმცა მას გასროლისას ერთი ტყვია მოხვდა ფეხში და დაკარგა ძალა, შემდეგ მოხვდა მეორე ტყვია და მას შემდეგ, რაც ძალა გამოეცალა გ------------ემ ესროლა თავში. ბ------მა ასევე უთხრა, რომ იგი ვერ შეძლებდა დახმარებას, რადგან თავადაც იყო შეშინებული.
მოწმე გ---------------–-–---–ის ჩვენებით ირკვევა, რომ იგი რ---------–---–---–თან ერთად მუშად მუშაობდა დაბა კ--------ში მდებარე სკვერის აღდგენით სამუშაოებზე. სკვერის რეკონსტრუქციას ხელმძღვანელობდა რ-------------ე. შემთხვევის დღეს დილით, დაახლოებით 9-10 საათზე, სკვერში რ-------------ემ მიიტანა ცემენტი. ამ დროს თავად ასული იყო ხარაჩოზე, ხოლო რ---------–---–---–ი ჯიპიდან ტვირთავდა ცემენტს. მოულოდნელად შემოესმა გასროლის ხმა, რის შემდეგაც დაინახა, რომ რ-------------ე გარბოდა და მას დაახლოებით 10-15 მეტრის მოშორებით მისდევდა გ------------ე, რომელიც ისროდა ავტომატიდან. ასევე დაინახა, რომ რ-------------ემ დაიჩოქა სკვერში არსებული წყაროდან პირველ სახლთან, კერძოდ, ჩ---–-----ეების სახლთან, შემდეგ კი ზიგზაგისებურად სიარულით განაგრძო გზა. გაიარა რამდენიმე მეტრი და ისევ დაიჩოქა, თუმცა კვლავ განაგრძო გზა. ამ დროს თავად იჯდა კედელთან ხარაჩოზე და თვალს ადევნებდა ამ ყველაფერს, თუმცა დახმარებას ვერ ახერხებდა. რ-------------ე მიუახლოვდა ყ----–---–---–ების ეზოსთან გაჩერებულ ავტომანქანას, ასწია ხელები და გ------------ეს უთხრა ,,ფული უნდა მოგცეო“. მოწმემ განმარტა, რომ ამ დროს მას რ---------–---–---–მა დაუძახა ჩასულიყო ქვემოთ. იგი ჩამოვიდა ხარაჩოდან და ისინი კიბეების ქვეშ გაძრომით გადავიდნენ ერთ-ერთ ეზოში, რათა თავადაც არ მოხვედროდათ ტყვია. გაქცევისას გაიგო კიდევ ორი გასროლის ხმა. მოწმემ აჩვენა, რომ მას სროლის დაწყებამდე რ----- და გ------------ეს შორის კამათი არ გაუგია.
მოწმე რ----------–---–---–ის ჩვენებით დასტურდება, რომ დაბა კ--------ში მდებარე სკვერის რეკონსტრუქციას აწარმოებდა რ-------------ე. იგი გ---------------–-–---–თან ერთად მუშად მუშაობდა ხსენებულ ობიექტზე. შემთხვევის დღეს, რ-------------ემ ადგილზე მიიტანა ცემენტი, რომელსაც იგი ამ უკანასკნელის მითითებით ტვირთავდა ავტომანქანიდან. იქვე დაახლოებით 20-30 მეტრში არის გაჩერება. მან გაიგო გასროლის ხმა და დაინახა კაცი, რომელსაც ხელში ეკავა ავტომატი. სულ გაიგო დაახლოებით 5-6 გასროლის ხმა და დაინახა, რომ გარბოდა რ-------------ე, რომელსაც მისდევდა მამაკაცი, რომელსაც ხელში ეკავა მოკლელულიანი ავტომატი. ამ დროს გ---------------–-–---–ი ასული იყო ხარაჩოზე. მან გ---------------–-–---–ს დაუყვირა და უთხრა ,,ჩამოდი არ მოგარტყანო“. გ---------------–-–---–ი ჩამოვიდა ხარაჩოდან. იგი სროლის გამო იყო შეშინებული, ამიტომ წავიდა სახლისკენ. რ-------------ის მკვლელობის შესახებ კი შეიტყო მეორე დღეს. მოწმემ განმარტა, რომ იმ ადგილას სადაც ასრულებდნენ სამუშაოს იყვნენ სულ სამნი თავად, გ---------------–-–---–ი და რ-------------ე.
მოწმე ბ-------------–ის ჩვენებით ირკვევა, რომ გ------------ე არის მისი ძმაკაცი. შემთხვევის დღეს, დაახლოებით ათის ნახევარზე, გამოვიდა სახლიდან და მივიდა დაბა კ--------ში მდებარე წყაროსთან არსებულ ბირჟასთან, სადაც იჯდა თ--------–---–---–ი, იქვე იყო ორი მუშა, რომლებსაც მიესალმა და გაიარა. ამ დროს დაინახა, რომ დაახლოებით 30 მეტრში გაჩერდა ავტომანქანა, საიდანაც გადმოვიდა რ-------------ე, ხოლო მუშამ დაიწყო ავტომანქანიდან ცემენტის გადმოზიდვა. იგი მივიდა და ხელი ჩამოართვა რ-------------ეს, რა დროსაც გაიგო გასროლა. აღნიშნულზე რ-------------ე გაიქცა, ხოლო თავად მიტრიალადა იმ მხარეს, საიდანაც გაისროლეს და დაინახა, რომ ხსენებული პირი იყო გ------------ე, რომელმაც თანნაქონი ავტომატიდან კიდევ რამდენიმე გასროლა განახორციელა რ-------------ის მიმართულებით. მესამე გასროლაზე რ-------------ე დაეცა, თუმცა წამოდგა და განაგრძო გზა. მას შეეშინდა და გაიქცა სახლში, თუმცა ამ დროს კიდევ ესმოდა რამდენიმე გასროლა. სულ გაიგო 6 გასროლის ხმა. იმ დროს, როდესაც გ------------ემ პირველი გასროლა განახორციელა მათ შორის მანძილი იყო დაახლოებით შვიდი მეტრი. როგორც მოგვიანებით გაიგო, რ-------------ეს ჰქონია გ------------ის ვალი, რომელსაც არ უბრუნებდა და ეს ფაქტი მოხდა ამ ვალის გამო. მოწმემ ასევე განამარტა, რომ მანამდე სანამ რ-------------ესთან მივიდოდა მისასალმებლად გ------------ე და მისი ავტომანქანა არ დაუნახავს.
მოწმე თ--------–---–---–ის ჩვენებით ირკვევა, რომ შემთხვევის დღეს, დაახლოებით დილის 10 საათზე იჯდა დაბა კ--------ში მდებარე სკვერში, რა დროსაც დაახლოებით 10 მეტრში დაინახა, რომ რ----- გ------ემ მანქანით მიიტანა ცემენტი, რისი გადმოტვირთვაც დაიწყეს მუშებმა. ასევე დაინახა, რომ იქვე ავტომანქანა გააჩერა გ------------ემ და გადავიდა მანქანიდან. მის დანახვაზე რ-----ი წავიდა ფეხით. ამის შემდეგ გაიგო სროლის ხმა. გასროლამდე ხსენებულ პირებს შორის შეკამათება არ ყოფილა. სროლის შემდეგ გ------------ემ იარაღი ჩადო მანქანში, ჩაჯდა და წავიდა ისე, რომ ხმა არავისთვის გაუცია.
მოწმე ნ--–-----------------–ის ჩვენებით ირკვევა, რომ რ-------------ე იყო მისი მეზობელი. შემთხვევის დღეს, დილის საათებში დაბა კ--------ში მდებარე მაღაზიიდან ბრუნდებოდა სახლში, რა დროსაც დაინახა, რომ ყ----–---–---–ების სახლთან შეკრებილი იყო ხალხი. დაინტერესდა რა ხდებოდა და მივიდა ადგილზე, სადაც ნახა, რომ იქვე გაჩერებულ ავტომანქანასთან ძირს იწვა უგონო მდგომაროებაში მყოფი რ-------------ე. მან დარეკა და გამოძახა სასწრაფო დახმარება, თუმცა მათ მისვლას არ დალოდებია.მოწმემ განმარტა, რომ მას სროლის ხმა არ გაუგია.
მოწმე ზ--------------ის ჩვენებით დასტურდება, რომ გ------------ე არის მისი ძმა, ხოლო რ-------------ე იყო ბიძაშვილი. მისთვის ცნობილია, რომ გ------------ემ რ-------------ეს ასესხა ფული, რომელსაც ეს უკანასკნელი არ უბრუნებდა, ამასთან, მუდმივად ცდილობდა მის გაღიზიანებას და იმ ადამიანებთან საუბრობდა აგდებულად, რომლებსაც შეეძლოთ გ----სთვის მიეტანათ ამბავი. იგი შემთხვევამდე ერთი კვირით ადრე მივიდა რ-------------ესთან დასალაპარაკებლად და თხოვა დაებრუნებინა მისი ძმისთვის ფული, რაზეც უპასუხა ,,მკიდია არ მივცემ ფულსო“, თუმცა შემდეგ უთხრა, რომ თანხის ნაწილს მისცემდა მაისის ბოლოს. ამის შემდეგ იგი ესაუბრა ძმას და უთხრა, რომ რ-------------ე თანხის ნაწილს მისცემდა მაისის ბოლოს, თუმცა მისი მხრიდან აგდებულ საუბარზე არაფერი უთქვამს. შემთხვევის დღეს იმყოფებოდა სამსახურში, რა დროსაც დაურეკა გ------------ემ და უთხრა ,,რ-------------ეს ვესროლე და არ ვიცი მოკვდა თუ არაო“ . ამასთან, უთხრა დაერეკა პოლიციაში და ეამბო მომხდარის შესახებ. მან დაურეკა იმ პოლიციის თანამშრომელს, რომლის ტელეფონის ნომერიც ჰქონდა და უთხრა გ------------ის ნაამბობი. მოგვიანებით პოლიციელ მ---–----ისგან შეიტყო, რომ გ------------ემ გამოუტანა იარაღი და ჩაბარდა.
მოწმე გ-----------–-----ის ჩვენებით ირკვევა, რომ გ------------ე და რ-------------ე არიან მისი ახლობლები, რომლებთანაც ჰქონდა კარგი დამოკიდებულება. მან სხვებისგან შეიტყო, რომ რ-------------ეს ჰქონდა გ------------ის ვალი. შემთხვევის დღეს, დილით იმყოფებოდა სახლში, რა დროსაც დაურეკა მეუღლემ და თხოვა დახმარებოდა შვილიშვლის სახლამდე მიყვანაში. მათი სახლიდან დაახლოებით 100 მეტრში მდებარეობს სოფლის წყარო, რომელიც არის ე.წ. ,,ბირჟა“, სადაც საღამოობით იკრიბებიან ხოლმე სასაუბროდ, ასევე იქ არის გაჩერება, საიდანაც მიყვებიან ავტობუსს. თუ ვინმე მიდის საჯარო დაწესებულებაში, ეს ადგილი უნდა გაიაროს. იგი წავიდა მეუღლის დასახმარებლად. გზად შეხვდა რ-------------ეს და ამ უკანასკნელის მამიდაშვილს ა-------ის, რომლებიც მუშაობდნენ წყაროს რეკონსტრუქციაზე და თათბირობდნენ. იგი მიესალმა მათ, თუმცა ხსენებულ პირებს არ შეუმჩნევიათ. მან და მეუღლემ დაახლოებით ათი საათისთვის მიიყვანეს შვილიშვილი სახლში, რის შემდეგაც მეუღლემ უთხრა, რომ გარეთ იყო რაღაც ხმაური, თუმცა მას ხმაური არ გაუგია. მან გაიხედა, მაგრამ ვერაფერი დაინახა. ცოტა ხანში მეუღლემ კვლავ უთხრა, რომ რაღაც ხმაური იყო, ამ შემთხვევაში თავადაც გაიგო ,,ხლაპუშკის“ გასროლის მაგვარი ხმა. მათ სახლში აქვთ მეტალოპლასტმასის ფანჯრები, ამიტომ გარედან ხმა კარგად არ აღწევს სახლში. იგი გავიდა გზაზე, სადაც იმყოფებოდა თ------ ყ----–---–---–ი, რომელმაც უთხრა, რომ მიეტანა ტელეფონი, რათა დაერეკათ სასწრაფოში. მათ დარეკეს 112-ში. მან ასევე ნახა, რომ რ-------------ე იწვა მიწაზე, თუმცა არ ეგონა, რომ გარდაცვლილი იყო. მოგვაინებით ხალხისგან შეიტყო, რომ გ------------ემ აღიარა რ-------------ის მკვლელობა და ჩაბარდა პოლიციას.
მოწმე თ---------- ყ----–---–---–ის ჩვენებით ირკვევა, რომ იგი ცხოვრობს კ--------ში, რ---------–-------------ში. მისი სახლიდან დაახლოებით 50 მეტრში მდებარეობს წყარო, რომელიც არის თავშეყრის ადგილი. ამ წყაროს რეკონსტრუქციას აკეთებდა რ-------------ე და ჰყავდა ორი მუშა, რომლებიც უშუალოდ ასრულებდნენ სამუშაოებს, რ-----ი კი იყო ხელმძღვანელი. 2018 წლის 15 მარტს, ოჯახთან ერთად იმყოფებოდა სახლში. დაახლოებით 10-11 საათისთვის, ე.წ. ,,ბირჟის“ მხრიდან გაიგო ორი გასროლის ხმა, სანამ ჩაიცვა და გავიდა გარეთ გასროლა განხორციელდა მის ეზოსთან. იგი მიხვდა, რომ ისროდნენ ავტომატიდან, რადგან თავად 16-17 წელი მუშაობდა პოლიციაში და ყველა ომში აქვს მონაწილეობა მიღებული. მან გააღო ეზოს კარი და დაინახა, რომ იქვე გაჩერებულ მისი შვილის მანაქანასთან იწვა რ-------------ე, რომელსაც მოსდიოდა სისხლი და არ იყო კონტაქტური. იმ მომენტში იქვე სხვა არავინ დაუნახავს. იგი აიტანა ემოციამ, დაავიწყდა, რომ თან ჰქონდა ტელეფონი და მეზობელ მამაკაცს თხოვა ტელეფონით დაერეკა 112-ში. მას შემდეგ, რაც მივიდა პოლიცია და სასწრაფო, იგი წავიდა ე.წ. ,,ბირჟის“ მხარეს, სადაც გ---------------–-–---–სგან შეიტყო, რომ რ-------------ეს ესროლა გ------------ემ.
მოწმე თ------------–---–ის ჩვენებით ირკვევა, რომ შემთხვევის დღეს, დაახლოებით დილის 10:00 საათისთვის იმყოფებოდა სახლში და უყურებდა ტელევიზორს, თუმცა ხმაური არ გაუგია. მისი ვაჟი იმყოფებოდა აბაზანაში, რომელმაც უთხრა, რომ ქვემოდან ისმოდა ტირილი და ხმაური. იგი გავიდა გზაზე, სადაც იმყოფებოდნენ გ-----------–-----ე და თ------ ყ----–---–---–ი. იქვე იწვა რ-------------ე და იდო ტელეფონი. ადგილზე მივიდა კ--------ის პოლიციის თანამშრომლები. მოგვიანებით გაიგო, რომ რ-------------ეს ჰქონდა გ------------ის ვალი, რის გამოც ამ უკანასკნელმა იარაღიდან ესროლა მას. იმ ადგილთან, სადაც რეკონსტრუქციას აკეთებდნენ გაჩერება არის ახლოს - რამდენიმე მეტრში, ხოლო ადგილი სადაც გარდაცვლილი იპოვეს დაახლოებით 60-70 მეტრი.
შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით ირკვევა, რომ 2018 წლის 15 მარტს 12:30-17:10 საათზე დათვალიერდა შემთხვევის ადგილი, რომელიც მდებარეობს ბ---–---ის რაიონის დაბა კ--------ში, რ---------–-------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, საცხოვრებელი სახლის ღობის სიახლოვეს. კერძოდ, საცხოვრებელი სახლის ეზოს ღობიდან დაახლოებით ერთ მეტრში და ავტომანქანა ,,suzuki-ს“ უკანა მარცხენა საბურავთან თავით მიწაზე მარცხენა გვერდით იყო მამრობითი სქესის გვამი.
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 02 ივლისის ექსპერტის N0-------- დასკვნით დასტურდება, რომ:
▪ გამოსაკვლევი იარაღი (ჩარჩოზე ნომრით ,,Я-----“) წარმოადგენს - ქარხნული წესით დამზადებულ (არსებული მარკირების მიხედვით - რუსული წარმოების, ,,იჟევის“ საიარაღო ქარხნის მიერ 1972 წ. დამზადებულ, 7.62 მმ კალიბრის ავტომატურ ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიაში შემავალ, კალაშნიკოვის კონტრაქციის 1947 წლის ნიმუშის (არანაკლებ ოთხი ერთეული) იარაღის ნაწილების გამოყენებით აწყობილ ავტომატურ იარაღს, რომელიც ვარგისია გასროლების საწარმოებლად.
▪ გამოსაკვლევი 29 (ოცდაცხრა) ცალი ვაზნა, წარმოადგენს - სტანდარტულ, ქარხნული წესით დამზადებულ, სამხედრო დანიშნულების, 1947 წ. ნიმუშის კალაშნიკოვის კონსტრუქციის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღისთვის (და მის შესაბამის კალიბრის მოდიფიკაციისთვის) განკუთვნილ, საბრძოლო მასალათა კატეგორიაში შემავალ 7.62 მმ (7.62X39მმ) კალიბრის ვაზნებს, აქედან (ექსპერიმენტში გამოყენებული) 3 ცალი ვაზნა ვარგისი აღმოჩნდა გამოყენებისათვის, დარჩენილი (19) მსგავსი ვაზნა მოცემული მდგომარეობით ვარგისი უნდა იყოს გამოყენებისათვის (სროლისთვის).
▪ შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული (FCD820665; FCD820666; FCD820667; FCD820668; FCD820672; FCD820673; FCD820675 ფუთებში და N 12 პაკეტში მოთავსებული) მასრები წარმოადგენენ - სტანდარტულ, ქარხნული წესით დამზადებულ, 7.62მმ (7.62X39მმ) კალიბრის, კალაშნიკოვის კონსტრუქციის 1947 წლის ნიმუშის და მოდელის, ასევე რიგი შესაბამისი კალიბრისა და კონსტრუქციის იარაღებისთვის განკუთვნილ, საბრძოლო მასალათა კატეგორიაში შემავალ ზემოთხსენებულ 29 ვაზნის ნიმუშის შემადგენელ კომპონენტს - მასრებს, რომლებიც ნასროლია წარმოდგენილ ავტომატურ იარაღში (ნომრით ,, Я-----“);
▪ N13; 14; 15 ქაღალდის პარკებში და FCD669767 (N2) პაკეტში მოთავსებულ ტყვიებს, ტყვიის გარსის ნაგლეჯებს და ტყვიის (რუხი ფერის ცილინდრული საგანი) მეტალის გულას ისინი ასევე წარმოადგენდნენ 7.62მმ (7.62X39მმ) კალიბრის, კალაშნიკოვის კონსტრუქციის 1947 წლის ნიმუშის და მოდელის ვაზნის შემადგენელ კომპონენტებს, რაც თავის მხრივ არ გამორიცხავს მათი ზემოთხსენებული მასრებისადმი (გასროლამდე) კუთვნილების შესაძლებლობას.
▪ N13 პაკეტში მოთავსებული ორი ძლიერი დაგრეხილი გარსის ფრაგმენტიდან ერთი (მცირე ზომის) უვარგისია იდენტიფიკაციისთვის, მეორე კი გასროლილია წარმოდგენილი იარაღიდან (ნომრით ,,Я-----“);
▪ N15 პაკეტში არსებული დაზიანებული ტყვია - გასროლილია წარმოდგენილი იარაღიდან (ნომრით ,,Я-----“), ხოლო ამავე პაკეტში მოთავსებული ტყვიის გარსი გასროლილი უნდა იყოს ხსენებული (წარმოდგენილი) იარაღიდან;
▪ რ-------------ის ტანსაცმელზე არსებული დასკვნის კვლევით ნაწილში მითითებული დაზიანებები ცეცხლნასროლი წარმოშობისაა, განვითარებულია სპილენძის შემცველი ჭურვებით და (შუალედური წინაღობის არ არსებობის შემთხვევაში) განვითარებულია არა ახლო მანძილიდან სროლების შედეგად.
ექსპერტიზის დასკვნის სისწორე და შინაარსი დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა გ---–---–----------–---–მა.
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 13 ივლისის ექსპერტის N0-------- დასკვნით ირკვევა, რომ:
▪ პაკეტში, წარწერით ,,...გ------------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ავტომატი, მჭიდები და ვაზნები“ მოთავსებული ავტომატისმაგვარი საგნის სასხლეტსა და დამცავ რკალზე (ობ.N3), სახელურებსა და ცევიოზე (ობ.N4) არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილი და გ------------ის (ობ. N67) გენეტიკური პროფილი იდენტურია. ამავე ავტომატისმაგვარი საგნის ქამარზე არსებული ბიო მასალის (ობ.N5) შერეული გენეტიკური პროფილის მაჟორული (ძირითადი) წილი და გ------------ის გენეტიკური პროფილი იდენტურია. ობ. N5-ის პროფილში რ-------------ის (ობ. N68) გენეტიკური თანამონაწილეობა არ ვლინდება. ამავე პაკეტში მოთავსებულ მჭიდებზე (ობ.N6) და მჭიდებში მოთავსებულ ვაზნებზე (ობ. N7,8) გენოტიპირებისათვის საკმარისი, ადამიანის ბირთვული დნმ-ის მინიმალური კონცენტრაცია არ აღმოჩნდა;
▪ პაკეტში, წარწერით: ,,...რ-------------ის ტანსაცმელი...“ მოთავსებულ შარვალზე (ობ. N19,20), პერანგზე (ობ. N21,22), ქურთუკზე (ობ. N23,24), საცვალზე (ობ. N25), მარცხენა ფეხსაცმელზე (ობ. N26), ერთ-ერთ წინდაზე (ობ.N27), ქუდზე (ობ. N28), სათვალეზე (ობ.N29) და საათზე (ობ. N30), პაკეტში წარწერით: ,,... მუქი მოწითალო ფერის ლაქა...“ მოთავსებული ჩხირის ბამბიან ბოლოზე (ობ. N31) და პაკეტში, წარწერით: ,,... მუქი მოწითალო ფერის ლაქა, ბიოლოგიურ ჩხირზე ა/მ ჟიგულის წინა მარჯვენა ფარიდან...“ მოთავსებული ჩხირის ბამბიან ბოლოზე (ობ. N32) არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის რ-------------ეს ( ობ. N68);
▪ პაკეტში, წარწერით ,,...რ----- გ------ის გვამიდან აღებული 3 ც. ანაწმენდი დოლბანდით. სახიდან, მარჯვენა და მარცხენა ხელი...“ მოთავსებულ სახიდან (ობ. N57) და მარჯვენა ხელიდან (ობ. N58) აღებულ ანაწმენდებზე არსებული ღია მოწითლო-მოყავისფრო ლაქები შეიცავს ადამიანის სისხლს, ხოლო მარცხენა ხელიდან აღებულ ანაწმენდზე არსებული მონაცრისფრო მოყავისფრო ლაქა (ობ. N59) სისხლს არ წარმოადგენს. ობ. N57,58-ის პროფილი და რ-------------ის (ობ. N68) გენეტიკური პროფილი იდენტურია.
ექსპერტიზის დასკვნის სისწორე და შინაარსი დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა შ-----------–-----ემ.
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 19 აპრილის ექსპერტის N0-------- დასკვნით ირკვევა, რომ:
▪ რ-------------ის სიკვდილის მიზეზია მწვავე სისხლნაკლებობა გამოწვეული ცეცხლსასროლი ჭრილობების შედეგად დაზიანებული შინაგანი ორგანოებიდან განვითარებული სისხლდენით. გამოკვლევის მომენტისთვის სიკვდილიდან გასულია დაახლოებით 5-6 საათი.
▪ რ-------------ის გვამზე, გამოკვლევით, აღინიშნება ექვსი (5 გამჭოლი და 1 შემხები) ცეცხლნასროლი ჭრილობა.
▪ გულ-მკერდისა და მუცლის მიდამოს ცეცხლნასროლი ჭრილობები/ჭრილობები N 4-4/ა, 5-5/ა/, ერთობლიობაში და ცალ-ცალკე მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხის და უშუალო მიზეზობრივ კავშირშია დამდგარ შედეგთან - სიკვდილთან.
▪ გვამზე არსებული ცეცხლნასროლი ჭრილობები განვითარებულია ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი ჭურვების მოქმედებით.
▪ გვამზე არსებული როგორც ცეცხლნასროლი, ასევე მკვრივი საგნით მიყენებული დაზიანებები სიცოცხლისდროინდელია და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს.
აღნიშნული დასკვნის სისწორე და შინაარსი დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა მ--------–----------ემ.
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 17 აპრილის ექსპერტის N0-------- დასკვნით დასტურდება, რომ:
▪ გ------------ე ფსიქიკურად დაავადებული არ არის. ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის დროს გ------------ე ფსიქიკურად დაავადებული არ იყო და მას შეეძლო გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი და მართლწინააღმდეგობა და ეხელმძღვანელა მისთვის (შერაცხადობა). თავისი ფსიქიკური მდგომარეობით მას შეუძლია ანგარიში გაუწიოს თავს და უხელმძღვანელოს მას, მისცეს სწორი ჩვენება და მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო და სასამართლო მოქმედებებში. იგი რაიმე ფსიქიკური აშლილობით, რომელიც ხელს შეუშლიდა სასჯელის მოხდას, დაავადებული არ არის. მას აქვს გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარი. იგი იძულებით ან არანებაყოფლობით სტაციონარულ ფსიქიატრიულ დახმარებას არ საჭიროებს. მას არ აქვს ფსიქიკური ნაკლი.
▪ ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო დანაშაულის ჩადენის დროს გ------------ე არ იმყოფებოდა ფიზიოლოგიური აფექტის მდგომარეობაში. დანაშაულის ჩადენის დროს იგი არ იმყოფებოდა სხვა არაპათოლოგიურ ემოციურ მდგომარეობაში, რომელსაც შეეძლო არსებითი გავლენა მოეხდინა მის ცნობიერებაზე და ქცევაზე.
აღნიშნული დასკვნის სისწორე და შინაარსი დაადასტურეს სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტებმა მ-------------ემ და ა------------–--ემ.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა მ---–----------–-–---–--------------------–------------------–---–------–---------–--------------------–---–------------------–---–------------–---------------------–-----------–---–-- დაადასტურეს მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების სისწორე.
დაცვის მხარის მოწმის კ-----------–ის ჩვენებით ირკვევა, რომ გ------------ე არის მისი შვილის ნათლია, რ-------------ე კი იყო მისი სოფლელი. იგი ცხოვრობს გ------------ის სახლიდან დაახლოებით 60-70 მეტრში. შემთხვევის დღეს, დაახლოებით დილის 10 საათზე იმყოფებოდა სახლში და სიგარეტის მოსაწევად იდგა ფანჯარასთან, რა დროსაც დაინახა, რომ გ------------ე სახლში მივიდა მანქანით, გადმოვიდა ავტომანქანიდან, ჩაიმუხლა კართან და შევიდა სახლში. რამდენიმე ხნის შემდეგ დაინახა, რომ მისულები იყვნენ სმართალდამცავი ორგანოს თანამშრომლები და წაიყვანეს დაკავებული გ------------ე. მოგვიანებით შეიტყო მომხდარი მკვლელობის შესახებ. მანვე განმარტა, რომ გ------------ე არის კარგი პიროვნება.
დაცვის მხარის მოწმის ა-----------------–---–ის ჩვენებით დასტურდება, რომ გ------------ე არის მისი მამიდაშვილი, ხოლო აწ გარდაცვლილი რ-------------ე იყო თანასოფლელი. იგი შემთხვევის დილას გავიდა ბირჟაზე და დაახლოებით 150 მეტრში წყაროსთან დაინახა გ------------ე, რომელიც მიდიოდა ავტომატ გადაკიდებული, ორივე ხელი მოიკიდა კისერზე და ჩაიცუცქა. მან დაუძახა, თუმცა გ----მ ყურადღება არ მიაქცია, შემდეგ გ---- ჩაჯდა მანქანაში, დაძრა და წავიდა. მან დაინახა მხოლოდ გ---- სხვა არავინ დაუნახავს და არც სროლის ხმა გაუგია. როგორც მისთვის არის ცნობილი, რ-----ს ჰქონდა გ----ს ვალი. გ---- არის მშრომელი და კარგი პიროვნება. მოგვიანებით ხალხისგან შეიტყო, რომ გ----მ მოკლა რ-----ი.
დაცვის მხარის მოწმე ნ-----–-------–--ის ჩვენებით ირკვევა, რომ იგი არის გ------------ის და. მისთვის ცნობილია, რომ ვალის აღებამდე მის ძმას და რ----- გ------ეს ჰქონდათ კარგი ურთიერთობა. მოგვიანებით, გ---- ვალის დაბრუნებას თხოვდა რ-----ს, თუმცა ეს უკანასკნელი არ უბრუნებდა, ამასთან, ლანძღავდა და დასცინოდა გ------------ეს.
საპროცესო ნორმათა დაცულობა:
სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულის ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება.
სამართლებრივი შეფასება:
სააპელაციო პალატა არ იზიარებს დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულ გ------------ის ქმედების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაკვალიფიცირების შესახებ. პალატას მიაჩნია, რომ დაცვის მხარის პოზიცია არ დასტურდება გამოკვლეული მტკიცებულებებით.
პალატა აღნიშნავს, რომ ქმედების განზრახ მკვლელობად დაკვალიფიცირებისათვის აუცილებელია დადგინდეს სუბიექტის განზრახვა, კერძოდ, მისი მიზანმიმართული ქმედება დაზარალებულის სიცოცხლის მოსპობისაკენ ანდა, უკიდურეს შემთხვევაში, საჭიროა დადგინდეს დამნაშავის მიერ დაზარალებულის სიკვდილის, როგორც შედეგის შეგნებული დაშვება ან ამ უკანასკნელის დადგომისადმი გულგრილი დამოკიდებულება. ამასთან, ქმედების განზრახ დანაშაულად დაკვალიფიცირებისათვის, აუცილებელი არ არის, პირს წინასწარ, რამდენიმე დღით, ან თუნდაც რამდენიმე საათით ადრე ჩამოუყალიბდეს ადამიანის სიცოცხლის მოსპობის განზრახვა. ამასთან, ბრალად წარდგენილი ქმედების მაკვალიფიცირებელ გარემოებას წარმოადგენს, ის, რომ დანაშაული ჩადენილია ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას. კერძოდ, დამნაშავეს წინასწარ უნდა ჰქონდეს შეცნობილი, რომ იგი კლავს ადამიანს ისეთი ხერხითა და საშუალებით, რომელიც დაზარალებულის გარდა საფრთხეს უქმნის თუნდაც სხვა ერთი ადამიანის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას. მოცემულ შემთხევაში დადგენილია, რომ გ------------ემ ცეცხლსასროლი იარაღი გაისროლა დასახლებულ პუნქტში, სადაც შემთხვევის დროს იმყოფებოდნენ გ---------------–-–---–ი, რ---------–---–---–ი, ბ-------------–ი და იქვე ე.წ. ,,ბირჟაზე“ იმყოფებოდა თ------ ლ----–---–ი და ტყვია შეიძლება მოხვედროდა არა მხოლოდ რ-------------ეს, რომლის მიმართაც ისროდა გ------------ე, არამედ შემთხვევის დროს იქვე ახლოს მყოფ ზემოხსენებულ პირებს და გზაზე გამვლელ მოქალაქეებს. ამ ქვეპუნქტით ქმედების კვალიფიკაციისთვის სავალდებულო არ არის სხვა პირს რეალურად მიადგეს ფიზიკური ზიანი, რადგან მაკვალიფიცირებელ ნიშანს წარმოადგენს მისი შესრულების ხერხი და საშუალება.
მოცემულ შემთხვევაში, სადავო გარემოებას არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ რ-------------ეს წლების განმავლობაში ჰქონდა გ------------ის ვალი, რის გამოც მათ შორის არსებობდა კონფლიქტი. ასევე სადავო არ არის ის გარემოება, რომ 2018 წლის 15 მარტს, ვალის არსებობის გამო გამოწვეული შურისძიების მოტივით, ბ---–---ის რაიონის დაბა კ--------ში, რ---------–ის ქუჩაზე გ------------ემ რამდენიმე მეტრის დადევნებით, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან მრავალჯერადი გასროლით განზრახ მოკლა რ-------------ე.
დაცვის მხარე ასევე სადავოდ არ ხდის იმ გარემოებას, რომ გ------------ის მიერ რ-------------ისთვის მიყენებულმა ცეცხლნასროლმა ჭრილობებმა გამოიწვია რ-------------ის სიკვდილი, რაც ასევე დადასტურებულია პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული ექსპერტის N0-------- დასკვნით, რომლის თანახმად დადგენილია, რომ რ-------------ის სიკვდილის მიზეზია მწვავე სისხლნაკლებობა გამოწვეული ცეცხლნასროლი ჭრილობების შედეგად დაზიანებული შინაგანი ორგანოებიდან განვითარებული სისხლდენით. ამავე დასკვნით, გულ-მკერდისა და მუცლის მიდამოს ცეცხლნასროლი ჭრილობები/ჭრილობები N4-4/ა, 5-5/ა/, ერთობლიობაში და ცალ-ცალკე მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხის და უშუალო მიზეზობრივ კავშირშია დამდგარ შედეგთან - სიკვდილთან.
პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ გ------------ეს დანაშაული არ ჩაუდენია საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე და მას სხვა პირებისთვის საფრთხე არ შეუქმნია, ვინაიდან აღნიშნული წინააღმდეგობაშია სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებებთან, კერძოდ: შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ შემთხვევის ადგილი მდებარეობს ბ---–---ის რაიონის დაბა კ--------ში, რ---------–-------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, საცხოვრებელი სახლის ეზოს ღობიდან დაახლოებით ერთ მეტრში. გარდა ამისა სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა გ---------------–-–---–მა და რ---------–---–---–მა დაადასტურეს, რომ იმ დროს, როდესაც გ------------ემ პირველადი გასროლები განახორციელა რ-------------ის მიმართ, იმყოფებოდნენ შემთხვევის ადგილზე კერძოდ, გ---------------–-–---–ი იდგა ხარაჩოზე და ასრულებდა სამუშაოს, ხოლო რ---------–---–---–ი იქვე გაჩერებული რ-------------ის ავტომანქანიდან ცლიდა ცემენტს, მას შემდეგ კი რაც გ------------ე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაედევნა რ-------------ეს, მათ დატოვეს შემთხვევის ადგილი, რათა იარაღიდან გასროლით მათაც არ შექმნოდათ საფრთხე. ამასთან, სხდომაზე დაკითხულმა მოწმე ბ-------------–მა დაადასტურა მუშების ადგილზე ყოფნის ფაქტი და განმარტა, რომ როდესაც მიუახლოვდა სკვერში მყოფ რ-------------ეს, ერთ-ერთი მუშა იმ დროს ავტომანქანიდან ცლიდა ცემენეტს. იგი მიესალმა რ-------------ეს, ჩამოართვა ხელი, რა დროსაც გაიგო იარაღიდან გასროლის ხმა, რის გამოც რ-------------ე გადახტა სკვერიდან და გარბოდა, მას კი უკან დაედევნა გ------------ე, რომელიც აგრძელებდა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლას. ამ ტერიტორიის სიახლოვეს ყოფნა ასევე დაადასტურა, მოწმე თ--------–---–---–მა, რომელმაც განამრტა, რომ შემთხვევის დროს, დაახლოებით დილის 10 საათზე იჯდა დაბა კ--------ში მდებარე სკვერში ე.წ. ,,ბირჟაზე“ და დაახლოებით 10 მეტრში დაინახა, რომ რ----- გ------ემ უშუალოდ წყაროს შემოღობილთან მანქანით მიიტანა ცემენტი, რომელსაც ცლიდნენ მუშები. იქვე ავტომანქანიდან გადავიდა გ------------ეც, რომლის დანახვაზეც რ-----ი წავიდა ფეხით, შემდეგ კი გაიგო სროლის ხმა, რის შემდეგაც გ------------ემ იარაღი ჩადო მანქანაში და წავიდა. ის ადგილი, სადაც პირველადი გასროლები განახორციელა გ------------ემ, რომ წარმოადგენს დასახლებულ და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას დაადასტურა მოწმე ი------------ემ, რომელმაც განმარტა, რომ სკვერი რომელსაც რ-------------ე უტარებდა რეაბილიტაციას მდებარეობდა ორი სოფლის გზაგასაყარზე, სადაც ასევე მდებარეობს გაჩერება, რომელთანაც ხალხი ელოდება ტრანსპორტს, ასევე არის კ--------ის ორი დასახლების დამაკავშირებელი გზაჯვარედინი და ტერიტორია არის მჭიდროდ დასახლებული. ანალოგიური განმარტა მოწმე გ-----------–-----ემაც, რომლის ჩვენებითაც დადგინდა, რომ სოფლის წყაროს ტერიტორიას ეძახიან ე.წ. ,,ბირჟას“, რადგან იქ საღამოობით იკრიბებიან სასაუბროდ, ასევე იქ არის გაჩერება, საიდანაც ადამიანები მიყვებიან ავტობუსს. გარდა ამისა, თუ ვინმე მიდის საჯარო დაწესებულებაში, უნდა გაიაროს აღნიშნული ტერიტორია.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ გ------------ემ დასახლებულ და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან განახორციელა რამდენიმე გასროლა რ-------------ის მიმართ, რითაც საფრთხე შეუქმნა არა მხოლოდ რ-------------ის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, ასევე სხვა ადამიანებსაც. შესაბამისად არ არსებობს დაცვის მხარის პოზიციის გაზიარების საფუძველები.
პალატა აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლი მოითხოვს, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა სრულად, დამოუკიდებლად და სრულფასოვნად შეისწავლონ და შეაფასონ იმ მტკიცებულებების დასაშვებობა და სანდოობა, რომლებიც განსაზღვრავენ ბრალდებულის ბრალეულობის საკითხს, უდანაშაულობის პრეზუმფციის და ბრალდებულის უფლების გათვალისწინებით. ბრალდებულს უნდა ჰქონდეს საშუალება გამოიკვლიოს მისი მამხილებელი ნებისმიერი მტკიცებულება, სისხლის სამართლის სასამართლომ საქმე უნდა განიხილოს სრულად, დამოუკიდებლად და დეტალურად მოახდინოს მტკიცებულებების დასაშვებობისა და სანდოობის შეფასება. მას შემდეგ, რაც დასრულდება საქმის განხილვა, საქმის განმხილველ მოსამართლეს შეუძლია შეაფასოს გამოკვლეული მტკიცებულებების მნიშვნელობა და წონა, რომელიც განსაზღვრავს ბრალდებულის ბრალეულობის საკითხს.
სააპელაციო პალატამ თითოეული მტკიცებულება შეაფასა რა სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, ხოლო საქმეზე გამოკვლეული ყველა მტკიცებულება ერთობლიობით - დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მიაჩნია, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, გ------------ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.
პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
გ------------ეს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
სასჯელის და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
სასჯელის დანიშვნისას პალატა ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. ასევე გასათვალისწინებელია ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნის შესრულების საჭიროება სასჯელის პროპორციული და ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით.
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად ,,სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს“. პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა რა ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, მისი ასაკი, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მისი განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, წარსული ცხოვრება და დამნაშავის რესოციალიზაციისა და სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, საქმეში არსებულ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებათა გათვალისწინებით, მსჯავრდებულს განუსაზღვრა შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთის სახით. პალატა თვლის, რომ გ------------ეს პირველი ინსტანციის სასამართლომ განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი, რაც უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია, ამიტომ მისი შეცვლა პალატას მიზანშეუწონლად მიაჩნია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებულ გ------------ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 15 აგვისტოს განაჩენი, როგორც კანონიერი, დასაბუთებული და სასჯელის ნაწილში ასევე სამართლიანი, უნდა დარჩეს უცვლელი.
ნივთიერი მტკიცებულების, ყადაღის ან სხვა საკითხის გადაწყვეტა:
საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის შესაბამისად, საქმეზე არსებული ნივთიერ მტკიცებულებათა ბედი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა გადაწყდეს შემდეგნაირად:
გ------------ის ტანსაცმელი, კერძოდ: რუხი ჟილეტი, სვიტერი, ჯინსის შარვალი და სპორტული ფეხსაცმელი, ასევე რ-------------ის ტანსაცმელი: ქურთუკი, პერანგი, შარვალი, ტრუსი, წინდა, ფეხსაცმელი, საათი, სათვალე, ქუდი და ქამარი, გ------------ის ავტომანქანა „ოპელ-ვექტრა“ სახ. N-------, ავტომანქანა „მიცუბიში“, სახ. N---------, ავტომანქანის სარეგისტრაციო მოწმობა, პომპიანი თოფი, 9 ცალი ვაზნა, ავტომანქანის პლასტმასის ჩარჩო, მობილური ტელეფონი აიფონი - დაუბრუნდეთ მესაკუთრეებს, ან მათი ნდობით აღჭურვილ პირებს.
სისხლის ანაწმენდები, სისხლისფერი ლაქის ანაწმენდი, ავტომანქანიდან ამოღებული ანაწმენდები, ტყვიის გულა, ხელის ანაწმენდები, ფრჩხილის ნიმუშები, ხელის კვალის, ნერწყვის, თმის და სისხლის ნიმუშები, მეტალის დეფორმირებული ფრაგმენტები და მასრები - განადგურდეს.
გ------------ისგან ამოღებული ავტომატი, 2 მჭიდი, 8 ცალი ვაზნა, 20 ცალი ვაზნა და 1 ცალი ვაზნა - გადაეცეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურს.
საქმეზე დართული DVD დისკი - შენახული იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 22-ე მუხლის მე-5 ნაწილით, 298-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, 302-ე მუხლით 1-ლი ნაწილით
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ გ------------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 15 აგვისტოს განაჩენი დარჩეს უცვლელი.
გ------------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 13 (ცამეტი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით გ------------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 13 (ცამეტი) წლის ვადით.
გ------------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.
გ------------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 15 მარტიდან.
საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებების ბედი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გადაწყდეს შემდეგნაირად:
გ------------ის ტანსაცმელი, კერძოდ: რუხი ჟილეტი, სვიტერი, ჯინსის შარვალი და სპორტული ფეხსაცმელი, ასევე რ-------------ის ტანსაცმელი: ქურთუკი, პერანგი, შარვალი, ტრუსი, წინდა, ფეხსაცმელი, საათი, სათვალე, ქუდი და ქამარი, გ------------ის ავტომანქანა „ოპელ-ვექტრა“ სახ. N-------, ავტომანქანა „მიცუბიში“, სახ. N---------, ავტომანქანის სარეგისტრაციო მოწმობა, პომპიანი თოფი, 9 ცალი ვაზნა, ავტომანქანის პლასტმასის ჩარჩო, მობილური ტელეფონი აიფონი - დაუბრუნდეთ მესაკუთრეებს, ან მათი ნდობით აღჭურვილ პირებს.
სისხლის ანაწმენდები, სისხლისფერი ლაქის ანაწმენდი, ავტომანქანიდან ამოღებული ანაწმენდები, ტყვიის გულა, ხელის ანაწმენდები, ფრჩხილის ნიმუშები, ხელის კვალის, ნერწყვის, თმის და სისხლის ნიმუშები, მეტალის დეფორმირებული ფრაგმენტები და მასრები - განადგურდეს.
გ------------ისგან ამოღებული ავტომატი, 2 მჭიდი, 8 ცალი ვაზნა, 20 ცალი ვაზნა და 1 ცალი ვაზნა - გადაეცეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურს.
საქმეზე დართული DVD დისკი - შენახული იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
თავმჯდომარე: ნინო სანდოძე
მოსამართლეები: ნათია ბარბაქაძე
მურმან ისაევი